ცეცხლი ჩამუქდა. ტყუილუბრალოდ აყრიდა კალი დასტა-დასტა ფიჩხს. სველმა ტოტებმა ბოლი აუშვა, ძირს, შიგნით კი ნახშირი აშიშინდა და ცეცხლი ხან აინთებოდა, ხან მინავლდებოდა.

   – როცა თავსხმა კოცონს ჩააქრობს, მაშინ ზერიბა დაგვიცავს. – ნელის დასამშვიდებლად ამოღერღა სტაშმა.

   ამის შემდეგ გოგონა კარავში შეიყვანა და შალი შემოახვია, მაგრამ თავად უმალვე კარში გავიდა, რადგან მოკლე, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ღრიალი კვლავ განმეორდა. ღრიალი ამჯერად საგრძნობლად ახლოდან გაისმა და მასში თითქოსდა სიხარული კრთოდა.

   თავსხმა თანდათან მატულობდა. წვიმა ნაბაკოს ხეშეშ ფოთლებზე ტკაპუნებდა და თქრიალებდა. კოცონი რომ ხის ვარჯქვეშ არ დაენთოთ, მყისვე ჩაქრებოდა; მაგრამ ამჯერად მის თავზე მხოლოდ კვამლი ხრჩოლავდა და ამ ბურუსში დროდადრო ალის წვრილ-წვრილი, ცისფერი ენები კრთოდა ხოლმე. კალიმ საქმე წაგებულად ჩათვალა და ფიჩხის დამატებას მოეშვა. სამაგიეროდ, ხეზე თოკი ისროლა, ტოტს ჩამოაბა და ელვისუსწრაფესად აცოცდა.

   – რას აკეთებ? – ასძახა სტაშმა.

   – კალი ხეზე ადის.

   – რისთვის? – იყვირა ზანგის თვითნებობით გაბრაზებულმა ბიჭმა.

   თვალისმომჭრელმა, საზარელმა ელვამ გაკვეთა სიბნელე, კალის პასუხი კი შთანთქა უეცარმა ქუხილმა, რომელმაც ცა და ჯუნგლები შეაზანზარა. იმავდროულად ამოჭრილმა გრიგალმა ხეთა ვარჯები მიდრიკ-მოდრიკა, თვალისდახამხამებაში ეძგერა კოცონს, ჯერაც ღადარში მბჟუტავი ნაკვერჩხლები ზეაიტაცა და ჩინჩხლებსა და ნაპერწკლებთან ერთად ჯუნგლებს ზედ გაადააყარა.

   კუნაპეტმა ღამემ შთანთქმა ბანაკი. საზარელი ტროპიკული ქარიშხალი დაატყდა ცასა და მიწას. ქუხილი ქუხილს მოსდევდა, ელვა კი – ელვას. ჭექის სისხლისფერი ზიგზაგები სერავდა კუპრისფერ ზეცას. მახლობელ კლდეზე აისახა უცნაური ცისფერი ბადრო, რომელიც ერთხანს ხეობის გასწვრივ დაგორავდა, მერე ირგვლივეთს თვალისმომჭრელი ცეცხლის ენები ესროლა და საშინელი ზათქით გასკდა, გეგონებოდათ კლდეები საფანტივით დაფშვნაო.

   მერე ისევ სიბნელემ დაისადგურა.

   სტაშს ნელის შიში შეექმნა და ხელისცეცებით შევიდა კარავში. ბორცვაკსა და ვეებერთელა ხის ტანს შორის მოქცეული კარავი ჯერ კიდევ იდგა, მაგრამ ქარიშხალს პირველ დაქროლვაზევე შეეძლო თოკების დაგლეჯა და მისი გაურკვეველი მიმართულებით წაღება. ქარიშხალი კი ხან ჩადგებოდა, ხანაც ჯოჯოხეთური ძალით ამოიჭრებოდა და თან მოჰქონდა მახლობელ ტყეში მილეწ-მოლეწილი ტოტებისა და ფოთლების დასტები. სტაში სასოწარკვეთილებამ მოიცვა. აღარ იცოდა, ნელის კარავში დატოვება სჯობდა თუ გამოყვანა. თუ დატოვებდა, შესაძლოა თოკებში გახლართულიყო და ქარიშხალს კარავთან ერთად წაეღო, გარეთ გამოყვანისას დასველება და ისევ ქარისაგან მოტაცება ემუქრებოდა, რამეთუ მასთან შედარებით ძლიერი სტაშიც კი ფეხზე გაჭირვებით იდგა.

   საქმე ისევ ქარიშხალმა გადაწყვიტა, რადგან კარავს წამში წააცალა სახურავი. ტილოს კედლები თავშესაფრად აღარ ვარგოდა. სხვა გზა არ იყო, ქარიშხლის ჩადგომას უნდა დალოდებოდნენ სიბნელეში, სადაც ორი ლომი მოუსვენრად წრიალებდა.

   სტაში ვარაუდობდა, რომ ამ დელგმაში ისინი მახლობელ ტყეს შეაფარებდნენ თავს, მაგრამ დარწმუნებული იყო, ოდნავ გადაიკარებდა თუ არა, ისევ დაბრუნდებოდნენ. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ქარმა ზერიბა პირწმინდად აღგავა.

   დაღუპა გარდუვალი ჩანდა. სტაშის თოფი ახლა აღარაფრის მაქნისი იყო. ასევე – მისი ძალ-ღონეც. ქარიშხლის, ჭექა-ქუხილის, ქარბორბალას, დელგმის, სიბნელისა და ლომების წინაშე, რომლებიც, შესაძლოა, სულ ორიოდ ნაბიჯის დაშორებით მიმალულიყვნენ, სრულიად უმწეო, უსუსური იყო. ქარიშხლისგან კალთებაწეწილ კარავში წყალი ყოველი მხრიდან ასხამდა, ამიტომაც სტაშმა გულში ჩახუტებული ნელი კარვიდან გამოიყვანა, ორივენი ნაბაკოს ხეს მიეკვრნენ და ასე ელოდნენ სიკვდილსა თუ ღვთის წყალობას.

   ამასობაში ქარის დაქროლვასა და დაქროლვას შორის წვიმის შხაპუნში ძლივს მოკრეს ყური კალის ხმას:

   – დიდო ბატონო, ხეზე! ხეზე!

   და იმავდროულად ბიჭს მხარზე მაღლიდან ჩამოშვებული თოკის ბოლო შეეხო.

   – ბიბის გამობმა, კალი კი აწევა! – ყვიროდა ზანგი.

   სტაშს წამითაც აღარ დაუხანებია. თოკს სხეული რომ არ დაეზიანებინა, ნელი ქეჩაში გაახვია, მერე ბაწარი ქამარივით შემოუჭირა, ხელში აიყვანა და დაიძახა:

   – აწიე!

   ხის პირველი ტოტები საკმაოდ დაბლა გამოზრდილიყო, ამგვარად, ნელის საჰაერო მოგზაურობა დიდხანს არ გაგრძელებულა. კალიმ სწრაფად წაავლო თავისი ძლიერი ხელები, მოხერხებულად დასვა ხის ტანსა და მსხვილ ტოტს შორის, სადაც სულ იოლად მოთავსდებოდა თუნდაც თორმეტი მისნაირი პაწაწინა არსება. იქიდან მას ვერავითარი ქარი ვერ გადმოაგდებდა, თანაც, მართალია, მთელ ხეს წყალი ღვარ-ღვარად ჩასდიოდა, ცერად წამოსული წვიმის ახალ-ახალი თქეშებისაგან მოხერხებულად იფარავდა ხის უმსხვილესი ტანი.

   პაწია ბიბი რომ სამშვიდობო ალაგას დაიგულვა, ზანგმა თოკი ახლა სტაშს გადმოუგდო, მაგრამ ჩასაძირავად განწირული გემის კაპიტანივით გაისარჯა და ხეზე ასვლა მან ჯერ მეას შესთავაზა.

   კალის თოკის აწევა არ დასჭირვებია, რადგან მეა თვალისდახამხამებაში ისე მარჯვედ და მოხერხებულად აცოცდა, იფიქრებდით, შიმპანზეს ღვიძლი და არისო.

   სტაშს უფრო გაუჭირდა, თუმცა ისიც კარგი ტანმოვარჯიშე გახლდათ, მაგრამ მისი სხეულის სიმძიმეს ემატებოდა თოფისა და ვაზნებით ამოტენილი ჯიბის სიმძიმე.

   ასე და ამგვარად ოთხივენი ხეზე აღმოჩნდნენ.

   სტაში ისე მიეჩვია გამუდმებით ნელიზე ფიქრს, რომ ახლაც უმალვე იმის შემოწმებას შეუდგა, დაბლა ჩავარდნის საშიშროება ხომ არ ემუქრებოდა, ადგილი საკმარისი იყო თუ არა ან უფრო მოხერხებულად თუ შეიძლებოდა მისი დასმა. ამ მხრივ საკმაოდ დამშვიდებული, ტვინს ახლა იმაზე ფიქრით იჭყლეტდა, როგორ დაეცვა იგი წვიმისაგან. მაგრამ ამჯერად უმწეო აღმოჩნდა. დღისით პაწაწკინტელა სახურავის მოწყობა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ახლა ისეთი უკუნი სიბნელე იდგა, თვალთან მიტანილ თითს ვერ დაინახავდით. ეს ქარიშხალი რომ ჩამდგარიყო და ცეცხლის დანთება მოეხერხებინათ, ნელის სამოსს მაინც გაუშრობდნენ! სტაში სასოწარკვეთილი ფიქრობდა, რომ თავით ფეხებამდე გალუმპულ გოგონას მომდევნო დღესვე დაეწყებოდა ციებ-ცხელების პირველი შეტევა.

   იმისიც ეშინოდა, რომ განთიადისას, ქარიშხლის ჩადგომისთანავე, წინა ღამის მსგავსად აცივდებოდა. აქამდე ცხელი ქარები ქროდა და წვიმის წვეთები თითქოსდა თბილი იყო. ოღონდ სტაშს მისი დაჟინებულობა უკვირდა, რადგან გაეგონა: ტროპიკული ქარიშხალი რაც უფრო გაგიჟებით ქრის, მით უფრო მალე ჩადგება ხოლმეო.

   კარგა ხნის შემდეგ ჭექა-ქუხილი მინელდა და ქარსაც ძალა გამოელია, სამაგიეროდ წვიმა ისევ გრძელდებოდა და თუმცა წეღანდელივით თავსხმა აღარ იყო, თქიშინით მომავალ მსხვილ-მსხვილ წვეთებს ნაბაკოს ფოთლები აშკარად ვეღარ უმკლავდებოდა და თავშესაფრადაც დიდად ვეღარაფრად ვარგოდა. დაბლა კი წყალი ისე ხმაურობდა, იფიქრებდით, მთელი ჯუნგლები ტბად იქცაო. ხეობაში გარდუვალი სიკვდილი გველოდაო, – გაიფიქრა სტაშმა. ლომაზეც დიდი გულისტკივილით ფიქრობდა, მაგრამ ნელისთან მასზე ლაპარაკს ვერ ბედავდა. თუმცა იმედი ჰქონდა, რომ საზრიანი ნაგაზი ხეობის თავზე კლდის შვერილებს შორის საიმედო თავშესაფარს იპოვიდა. სამწუხაროდ, მიშველების სულ მცირე შესაძლებლობასაც კი ვერ ხედავდა.

   ჰოდა, ისხდნენ ოთხივენი ერთმანეთს მიტყუპებულნი ხის მსხვილ ტოტებს შორის, სველდებოდნენ და გათენებას ელოდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ აცივდა და, როგორც იქნა, წვიმამაც გადაიღო. წყალმაც, ეტყობა, დაბლა-დაბლა გზა გამონახა და წავიდა, რადგან ქვემოდან შხაპუნი აღარ ისმოდა. წინა დღეებში სტაშმა შენიშნა, რომ კალის სველი ტოტებითაც შეეძლო კოცონის დანთება, ჰოდა, თავში გაუელვა: ზანგი დაბლა ჩაეშვა, რათა კოცონის გაჩაღება ამჯერადაც ეცადა. მაგრამ ის-ის იყო, მისკენ მიბრუნდა, რომ ამ დროს ისეთი რამ მოხდა, რის გამოც ყველა იქ მყოფს ძარღვებში სისხლი გაეყინა.

   ჩადედებული ღამეული მდუმარება ანაზდად გაკვეთა ცხენის საშინელმა, შემზარავმა ჭიხვინმა, რომელიც სავსე იყო ტკივილით, შფოთით და გაუსაძლისი შიშით. სიბნელეში რაღაც აგორდა, გაისმა ხანმოკლე ხროტინი, მერე ყრუ კვნესა, ხრიალი, სხვა ცხენის ჭიხვინი, კიდევ უფრო გულშემზარავი, რის შემდეგაც ყველაფერი დადუმდა.

   – ლომები, დიდო ბატონო. ლომები ცხენები დაფლეთა! – წაიჩურჩულა კალიმ.

   ამ ღამეულ თავდასხმაში, ამ საზიზღარ ძალადობასა და უმწეო პირუტყვის ანაზდეულ მკვლელობაში იყო რაღაც საშინელი და საზარელი, რამაც სტაში წამიერად გააშტერა და თოფის არსებობა დაავიწყა. თუმცა ამ უკუნეთში გასროლას რა აზრი ჰქონდა? შესაძლოა, უარესიც ყოფილიყო, თუკი იმ სისხლისმსმელებს ცეცხლის ალი და გასროლის ხმა დააფრთხობდა, დახოცილ ცხენებს მიატოვებდნენ და უმალვე გამოუდგებოდნენ დანარჩენ ცხენებს, რომლებიც თავიანთი დაპალვანდებული ფეხებით ბანაკიდან, ალბათ, შორს ვერც წავიდოდნენ.

   სტაშს ჟრუანტელმა დაუარა იმის გაფიქრებაზე, რა დაემართებოდათ, დაბლა რომ დარჩენილიყვნენ. მის სხეულს მიხუტებული ნელი ისე თრთოდა, იფიქრებდით, ციებ-ცხელება დაეწყოო, მაგრამ ხემ ისინი მხეცების თავდასხმისაგან მაინც დაიცვა. არც მეტი, არც ნაკლები, კალიმ ბავშვები სიკვდილს გადაარჩინა.

   მოკლედ, ეს საშინელი ღამე იყო მთელი მოგზაურობის გამოვლილ ღამეთაგან ყველაზე საშინელი.

   სმენადქცეულნი, ტოტებზე შემომსხდარ გაწუწულ ჩიტებსა ჰგავდნენ. დაბლა, ერთხანს, სამარისებური მდუმარება გამეფდა, მაგრამ სულ მალე ღრენასა და თითქოსდა სვლეპის ხმასაც მოჰკრეს ყური და აგლეჯილი ხორცის ნაჭრების თქვლეფა და ნადირის ხრინწიანი სუნთქვა-ბურდღუნიც გაიგონეს.

   უმი ხორცისა და სისხლის სუნმა ხემდე უწია, რადგან ლომები ღობიდან სულ რაღაც ოციოდ ნაბიჯის დაშორებით ნადიმობდნენ.

   და ისე დიდხანს ნადიმობდნენ, სტაში კინაღამ ბოღმამ დაახრჩო. თოფს ხელი წამოავლო და იმ ხმებისაკენ გაისროლა.

   მაგრამ პასუხად მხოლოდ ნაწყვეტ-ნაწყვეტი, მრისხანე ღრიალი მოესმა, მერე კი ძლიერ ყბებში მოქცეული ძვლების ტკაცატკუციც გაიგონა. ტყის სიღრმეში ცისფრად და წითლად ენთო თავისი რიგის მომლოდინე ტურებისა და აფთრების თვალები.

   ასე გაიჭიმა გრძელი ღამეული საათები.

 

 

კარი XXV

 

როგორც იქნა მზე ამოვიდა და გაანათა ჯუნგლები, ხეთა კორომები, ტყის ტევრები. ლომები მანამდე გაუჩინარდნენ, სანამ თვალსაწიერზე პირველი სხივი აელვარდებოდა. სტაშმა კალის კოცონის დანთება უბრძანა, მეას კი – ტყავის ტომსიკაში გამოკრული ნელის ნივთების ამოღება, გაშრობა და გოგონასთვის სამოსის რაც შეიძლება სწრაფად გამოცვლა. თავად თოფს წამოავლო ხელი და მყისვე შეუდგა ბანაკის დათვალიერებას, რათა ენახა ქარიშხლისა და ორი ღამეული მკვლელობისგან მიყენებული ზარალი.

   ზედ ზერიბასთან, რომლისაგანაც პალოებიღა დარჩენილიყო, თითქმის სანახევროდ შეჭმული ცხენი ეგდო, ასიოდ ნაბიჯზე მეორე – ახალდაწყებული. იქვე, მის გვერდით კი – მუცელგამოფატრული და შუბლშენგრეული მესამე. საშინელი სანახავები იყვნენ, ღიად დარჩენილ თვალებში შიში ჩაჰყინვოდათ. მიწა აჩიჩქნილი იყო, ღრმულებში სისხლის ტბორები იდგა. სტაში ისეთმა სიბრაზემ მოიცვა, ინატრა, ნეტა ახლა რომელიმემ ღამეული ქეიფით დამძიმებული სისხლისმსმელი აბურძგნილი თავი გამოყოს, რომ ზედ ტყვია მივაჭედოო. მაგრამ იძულებული იყო, შურისძიება სამერმისოდ გადაედო, რადგან ახლა სხვა საქმეები უნდა მოეგვარებინა. დანარჩენი ცხენები უნდა ეპოვნა და დაეჭირა.

   ბიჭის ვარაუდით, ისინი მახლობელ ტევრში უნდა მიმალულიყვნენ ლომასავით, რომლის გვამიც არსად ჩანდა. იმის რწმენამ, რომ მათი უბედურების თანაზიარი ღამეული მტაცებლების მსხვერპლი არ გამხდარა, სტაში ისე გაახარა, რომ ხასიათი გამოუკეთდა, მოგვიანებით მისი სიხარული ვირის პოვნამ გააორკეცა. ჭკვიან ყურებპანტურას თურმე შორს წასვლით თავი არ შეუწუხებია. ზერიბას შიგნით ბორცვაკსა და ხეს შორის ვიწრო კუთხეში მშვიდად მიკუნჭულიყო და ელოდა, როდის დასჭირდებოდა თავისი გმირული ტლინკების გამოყენება, მაგრამ, როგორცა ჩანს, ლომებს იგი საერთოდ არ შეუნიშნავთ, ჰოდა, მზე რომ ამოვიდა და საშიშროებამაც გაიარა, საჭიროდ ჩათვალა, დაწოლილიყო და ღამეული დრამატული განცდების შემდეგ დაესვენა.

   სტაში ბანაკის ირგვლივ წრიალებდა და მალე სველ მიწაზე ცხენების ფლოქვების ნაკვალევიც შეამჩნია. კვალი ტყისაკენ მიდიოდა, მერე კი ხეობისაკენ უხვევდა. ბედმა გაუღიმა, რადგან ხეობაში ცხენების დაჭერა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა. რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ თვალი მოჰკრა ბალახში დაგდებულ პალგვანდს, რომელიც გაქცევისას ერთ-ერთ ცხენს წასძრობოდა. ის ალბათ ისე შორს იქნებოდა წასული, შეიძლებოდა დაკარგულადაც ჩაეთვალა. სამაგიეროდ ორი დანარჩენი სტაშმა მალე დაინახა დაბალი კლდის უკან, არა შიგ ხრამში, არამედ მის კიდეზე. ერთი იწვა, მეორე კი ხასხასა მწვანე ბალახს წიწკნიდა. ისეთი დაღლილები ჩანდნენ, თითქოს გრძელი გზა გამოევლოთ. მაგრამ დღის შუქმა შიში და მლღელვარება მათი გულიდან წაშალა, რამდენადაც სტაშს ხანმოკლე, მეგობრული ჭიხვინი შეაგებეს. წამოწოლილი ცხენი უმალვე ფეხზე წამოიჭრა და სტაშმა შენიშნა, რომ პალვანდი მასაც წაეძრო, მაგრამ, საბედნიეროდ, უგზო-უკვლოდ გაქცევას ისევ ამხანაგთან დარჩენა ემჯობინებინა.

   სტაშმა ორივენი კლდის ქვეშ დატოვა, თავად კი ხრამის კიდეს გაჰყვა იმის დასაზვერავად, გზის გაგრძელება შეიძლებოდა თუ არა. მართლაც, ნახა, რომ დიდი დაქანების წყალობით წყალი მთლიანად ჩაწრეტილიყო და ხეობის ძირი მშრალი იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ მისი ყურადღება მიიპყრო მოპირდაპირე კლდისპირა ლიანებში გახლართულმა მოთეთრო საგანმა. იგი მალე მიამსგავსა კარვის სახურავს, რომელიც ქარიშხალს აქ წამოეღო და ბუჩქებში ისე მაგრად გაეხლართა, რომ მისი გაგლეჯა წყალსაც ვერ მოეხერხებინა. რაც არ უნდა იყოს, ნელის თავშესაფრად კარავი ბევრად სჯობდა ტოტებისაგან სახელდახელოდ შეკოწიწებულ ხუხულას, ჰოდა, მისი პოვნა სტაშს მართლა ძალიან გაუხარდა.

   მაგრამ მისი სიხარული მაშინ გენახათ, როცა ოდნავ ქვემოთ, ლიანებს შორის დაფარული კლდის შვერილიდან ანაზდად კბილებში რაღაც მხეცმოგდებული ლომა გამოხტა; მხეცს თავი და კუდი ჩამოკონწიალებოდა. უშველებელი ნაგაზი თვალისდახამხამებაში ახოხდა ზემოთ და სტაშს წინ დაუდო ხერხემალგადამტვრეული და ფეხმოტეხილი ზოლიანი აფთარი, მერე კუდის ქიცინსა და მხიარულ ყეფას მოჰყვა, თითქოს ამბობდა: “ვაღიარებ, რომ ლომებისა შემეშინდა, მაგრამ, თუ სიმართლეა, სიმართლე იყოს, თქვენც ჩიტებივით ისხედით ხეზე. მაგრამ ხომ ხედავთ, ღამე უქმად მაინც არ გამიტარებია”.

   და თავი ისე ამაყად ეჭირა, სტაშმა ძლივს მოახერხა მისი დარწმუნება, აქოთებული მხეცი იქვე დაეტოვებინა და ნელისთვის საჩუქრად არ მიერთმია.

   უკან რომ დაბრუნდნენ, ბანაკში კოცონი გაეჩაღებინათ, ქვაბებში უკვე თუხთუხებდა წყალი, რომლებშიც სორგო, ორი პენტარეკი და დამარილებული გნუს ხორცი იხარშებოდა. ნელის სველი სამოსი უკვე გამოეცვალა და მშრალები ჩაეცვა, მაგრამ ისეთი ფერმკრთალი და გალეული ჩანდა, სტაშს შიშისაგან გული კინაღამ შეუღონდა, უმალვე ხელი გაუსინჯა, სიცხე ხომ არ აქვსო და ჰკითხა:

   – ნელი, რა დაგემართა?

   – არაფერი, სტაშ, ოღონდ ძალიან მეძინება.

   – მჯერა! ასეთი ღამის შემდეგ! მადლობა ღმერთს, ხელები ცივი გაქვს. ოჰ! მაინც რა ღამე იყო! რა თქმა უნდა, გეძინება. მეც მეძინება, აბა, დაფიქრდი, ავად ხომ არა ხარ?

   – ცოტათი თავი მტკივა.

   სტაშმა შუბლზე ხელისგული დაადო. თავი ხელებივით ცივი ჰქონდა, რაც მაგარი დაძაბულობისა და სისუსტის ნიშანი იყო, ჰოდა, ბიჭმა ამოიოხრა და უთხრა:

   – ჯერ თბილი რამ შეჭამე, მერე კი უმალვე დაწექი და საღამომდე იძინე. დღეს, ყოველ შემთხვევაში, ამინდია და გუშინდელივით აღარ გაგიჭირდება.

   ნელიმ შიშნარევი მზერა ესროლა.

   – ღამეს აქ ხომ არ გავათევთ?

   – აქ არა, რადგან დაგლეჯილი ცხენები ყრია, სხვა ხეს ავირჩევთ ანდა სულაც ხეობაში ჩავალთ და იმგვარ ზერიბას ავაგებთ, ქვეყნად რომ არავის უნახავს. ისე დაიძინებ, როგორც პორტ-საიდში გეძინა ხოლმე.

   გოგონამ ხელები შეატყუპა და ცრემლმომდგარი შეევედრა, გზა განვაგრძოთ, რადგან ამ საშინელ ადგილას თვალსაც ვერ მოვხუჭავ და აუცილებლად ავად გავხდებიო. “რაო, სტაშ? – კარგი?” – ისე ემუდარებოდა, ისეთი ვედრებით შეჰყურებდა თვალებში, რომ ყველაფერზე დათანხმდა.

   – კარგი, ხეობაში ვიაროთ, – უთხრა, – რადგან იქ ჩრდილია. ოღონდ აღმითქვი, როცა ძალა გამოგელევა, ან სუსტად შეიქნები, იმ წამსვე მეტყვი.

   – არ გამომელევა, არ გამომელევა! უნაგირზე დამაბი და გზაშიც კარგად დავიძინებ.

   – არა. ერთ ცხენზე დავსხდეთ და მე დაგიჭერ, კალი და მეა მეორე ცხენით წამოვლენ, ვირი კი კარავს წამოიღებს.

   – კარგი! კარგი!

   – როგორც კი ისაუზმებ, ცოტა გამოიძინე. შუადღემდე წასვლას მაინც ვერ შევძლებთ, რადგან ბევრი საქმე გვაქვს. ჯერ ცხენები უნდა დავიჭიროთ, კარავი დავკეცოთ, ფუთები სხვანაირად უნდა შევკრათ. ნივთების ნაწილს აქ დავტოვებთ, რადგან სულ ორი ცხენიღა გვყავს. ამაზე რამდენიმე საათი დაგვეხარჯება, შენ კი, ამასობაში გამოიძინებ და მოღონიერდები. დღეს მაგარი სიცხე იქნება, მაგრამ ხის ძირას ჩრდილი არ მოგაკლდება.

   – მერე შენ და მეა და კალი? როგორ მწყინს, რომ მარტო მე უნდა დავიძინო, თქვენ კი უნდა იმუშაოთ...

   – ჩვენც გამოვნახავთ სამაგისო დროს. ჩემი დარდი ნუ გაქვს. პორტ-საიდში გამოცდების დროს ხშირად მთელი ღამეები არ მძინებია, მაგრამ მამაჩემი ვერაფერს ხვდებოდა: არც ჩემს ამხანაგებს ეძინათ, თუმცა სად კაცი და სად შენნაირი პაწაწინა ბუზი. აზრზეც არა ხარ, დღეს როგორ გამოიყურები... კაცს გამჭვირვალე ეგონები. შენგან მხოლოდ თვალები და ქოჩორიღა დარჩა, სახე კი თითქოს გაქრაო!

   ამას ხუმრობით ამბობდა, მაგრამ გულს შიში უღრღნიდა, რადგან დღის კაშკაშა შუქზე ნელის სახეს აშკარა ავადმყოფური იერი დაჰკრავდა და სტაში ახლა პირველად მიხვდა, რომ საქმე თუ ამგვარად წარიმართებოდა, საბრალო ბავშვი არამცთუ შეიძლებოდა მომკვდარიყო, არამედ აუცილებლად მოკვდებოდა. ამის გაფიქრებაზე მუხლები მოეკვეთა, რადგან ანაზდად მიხვდა, ნელი თუ მოკვდებოდა, არც სიცოცხლესა და არც პორტ-საიდში დაბრუნებას მისთვის აზრი არ ექნებოდა.

   “აბა, მაშინ რაღა უნდა ვაკეთო?” – გაიფიქრა.

   უმალვე განზე მიბრუნდა, რათა ნელის მის თვალებში სევდა და შიში არ დაენახა, მერე ხის ძირას დაწყობილ ბარგთან მივიდა, ტყვია-წამლის კოლოფს ქეჩა გადააძრო, გააღო და რაღაცის ძებნას შეუდგა.

   იქ, პაწია შუშის ბოთლში უკანასკნელი ფხვნილიღა ჰქონდა ქინაქინისა, რომელსაც თვალისჩინივით უფრთხილდებოდა “შავი დღისათვის”, ანუ იმ დროისათვის, თუკი ნელის ციება შეეყრებოდა. ამჯერად აშკარად დარწმუნდა, რომ წუხანდელი ღამისთევის შემდეგ პირველი შეტევა გარდუვალი იქნებოდა და საფრთხის თავიდან აცილება გადაწყვიტა. მაგრამ გულდამძიმებული იმასაც ფიქრობდა, რა უნდა ეღონა შემდეგ და, რომ არა იმის შეგრძნება, რომ მამაკაცს და ისიც ქარავნის წინამძღოლს ტირილი არ ეკადრებოდა, ამ ბოლო ფხვნილს უეჭველად ცრემლებს დააფრქვევდა.

   მღელვარების დასაფარავად სახე მოღუშა და გოგონას მიუბრუნდა:

   – ნელი, ჭამის წინ დარჩენილი ქინაქინა დალიე.

   გოგონამ ჰკითხა:

   – მერე, ციება შენ რომ შეგეყაროს?

   – ვიდგები და ვიკანკალებ. გეუბნები, დალიე!

   ისე დალია, სტაშისთვის წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, რადგან მას შემდეგ, რაც სუდანელები დახოცა, მისი ცოტა-ცოტა ეშინოდა, მიუხედავად მისდამი გაწეული მზრუნველობისა და სიკეთისა. მერე სასაუზმოდ დასხდნენ და ღამეული დაღლილობის შემდეგ პენტარეკების ცხელი წვნიანი განსაკუთრებით ეგემრიელათ. ჭამა თუ არა, ნელის უმალვე ჩაეძინა და რამდენიმე საათი ეძინა. ამასობაში სტაშმა, კალიმ და მეამ ქარავანი მოაწესრიგეს, ხეობიდან კარვის სახურავი ამოიტანეს, ცხენები შეკაზმეს, ტვირთი აჰკიდეს ვირსაც და ნაბაკოს ძირში ჩამარხეს ის ნივთები, რის წაღებასაც ვერ ახერხებდნენ. დაღლილობისგან კისერი სწყდებოდათ, მაგრამ იმის შიშით, რომ მერე გზაში არ ჩასძინებოდა, სტაშმა თავს მხოლოდ ჩათვლემის ნება დართო.

   იქნებოდა დღის ორი საათი, როცა კვლავ გზას გაუდგნენ. სტაშმა ნელი წინ დაისვა, კალი და მეა მეორე ცხენით მიდიოდნენ. ხრამში უმალვე არ ჩასულან. თავდაპირველად ტყისპირსა და ხრამის კიდეს მიუყვებოდნენ. ამ ერთი წვიმიანი ღამის შემდეგ ახალამონაყარი ჯუნგლები შესამჩნევად წამოზრდილიყო, თუმცა მიწა ხეების ძირში შავი იყო და ცეცხლის ნაკვალევი აშკარად ეტყობოდა. ადვილი მისახვედრი იყო, რომ აქ ან სმაინს გაევლო თავის რაზმიანად, ანდა ცეცხლი შორიდან მოეტანა ქარიშხალს, გადმოევლო გამომშრალი ჯუნგლები და აქ ძირძველ ჯუნგლებში მოღწეულს ვრცელი ქობა შემოეხაზა მასა და ხეობას შორის და კვლავ თავისი გზა განეგრძო. სტაშს უნდოდა შეემოწმებინა, ამ ქობას სმაინის ბანაკის ან ცხენის ფლოქვების რაიმე ნაკვალევი ხომ არ ეტყობოდა და სიამოვნებით დარწმუნდა, რომ მსგავსიც არაფერი ჩანდა. ამნაირების დიდოსტატი კალი ირწმუნებოდა, ცეცხლი ქარის მოტანილია და მას შემდეგ უკვე რამდენიმე დღეა გასულიო.

   – ეს მოწმობს, – შენიშნა სტაშმა, – რომ სმაინი თავისი მაჰდისტებიანად ცხრა მთას იქითაა და ხელში არასდროს ჩაუვარდებით.

   ამის შემდეგ ის და ნელი ყურადღებით დააკვირდნენ მცენარეულობას, რადგან ტროპიკულ ტყესთან ასე ახლოს სხვა დროს არ ყოფილან. ზედ ტყისპირას მიდიოდნენ, რათა თავი ჩრდილისთვის შეეფარებინათ. ნესტიანი და რბილი მიწა მუქმწვანე ბალახს, ხავსსა და გვიმრას დაეფარა. აქა-იქ მიმოყრილ ფუტურო კუნძებს ხალიჩასავით დაფენოდა პეპელასმაგვარ ფურცლებიანი ჭრელაჭრულა ჯადვარი. მიწაზე ოქროსფრად ღაღანებდა სხვა საოცარი ჯადვარები, უფრო მომცრონი და ყვითლები, რომლებზეც ერთი ფურცლის აქეთ-იქით, გვერდებზე ზეაწეული ყვავილის ორი ფურცელი დიდრონ, წაწვეტებულყურიანი  რომელიღაც მხეცუნების თავებს მოგაგონებდათ. ზოგ ადგილას ტყეს არშიად დაუყვებოდა ველური ჟასმინის ვარდისფერი ყვავილებით მოჩითული ჩირგვნარები. მომცრო თხრილების ღრმულებში ერთმანეთს ჩაწნულ-ჩახლართული გვიმრები გაუვალ ტევრებსა ჰქმნიდნენ. ზოგი დაბლები იყო და გაფოფრილები, ზოგიც – მაღლები, ღეროზე თითქოსდა ძენძშემოხვეულნი, თითქმის ხეთა ქვედა ტოტებამდე აყალყულები და მათ ქვეშ ლამაზ, მწვანე არშიად გარშემოვლებულნი. ტყის სიღრმეში ერთნაირ ხეებს ვერ დაინახავდით. აქ იყო: ფინიკი, რაფია, მარაოსებრი პალმები, სიკომორი, პურის ხე, ეუფორბია, აკაცია, მუქ და პრიალა, ვერცხლისფერ და აგრეთვე სისხლისფერფოთლებიანი ხეები ერთიმეორის გვერდით, ერთმანეთში ტოტებჩახლართულები, სანთლებისდარი წითელ-ყვითელი ყვავილებით მორთულ-მოკაზმულნი... უღრანის ზოგიერთ ადგილას ხეები საერთოდ არ ჩანდა, რადგან მიწიდან ზედ კენწეროებამდე ყველაფერი შთაენთქა ხვიარა მცენარეებს, რომლებიც თითქოსდა ლათინური დიდი ასოების W-სა და M-ის მსგავსად ფარდებად და გირლიანდებად ჩამოშვებულიყვნენ. კაუჩუკის  ლიანები ხომ უთვალავი გველების მსგავსად დახვეოდნენ ხეებს და პირამიდებად ქცეულებისთვის თეთრი ყვავილი თოვლივით დაეყარათ. დიდრონი ლიანების გარშემო კიდევ უფრო წვრილები ჩახვეულიყვნენ და ისეთი ენითუთქმელი არეულდარეულობა შექმნილიყო, რომ ალაგ-ალაგ კედელივით აღმართული ტყის გავლა არც კაცს შეეძლო და არც რაიმე მხეცს. ზოგან, სადაც ოდესმე გაევლოთ სპილოებს, რომელთაც საერთოდ წინ ვერაფერი დაუდგება, ტევრებში თითქოსდა ღრმა, დაკლაკნილი დერეფნები გადიოდა.

   ფრთოსანთა ჭიკჭიკს, რაც ასე ძალზე ალამაზებს ევროპის ტყეებს, საერთოდ ვერ გაიგონებდით. სამაგიეროდ, ხეთა კენწროებს შორის გაისმოდა უცნაურზე უცნაური გადაძახილები, რაც ხან ხერხის ხმას მოგაგონებდათ, ხან ქვაბზე კაკუნს, ხან წეროების ყიპყიპს, ხან ძველი ალაყაფის ჭრიალს, ხან ტაშისცემას, ხან კატების კნავილს, ხანაც ადამიანების ხმამაღალ ყაყანს. ხანდახან ხეების თავზე გამოჩნდებოდა ნაცრისფერი, მწვანე და თეთრი თუთიყუშების გუნდი, ანდა ნელა, ტალღა-ტალღად დარწეული ჭრელა-ჭრულაბუმბულიანი ტუკანების გროვა. კაუჩუკის ლიანების თოვლისფერ ფონზე დროდადრო ტყის სულებივით გაიელვებდნენ მგლოვიარე მაიმუნები, თავითბოლომდე შავებს მხოლოდ კუდები რომ ჰქონდათ თეთრი და გვერდებზეც თეთრი ზოლები დაუყვებოდათ.

   ბავშვები განცვიფრებული შესცქეროდნენ ამ პირველყოფილ ტყეს, რომლისთვისაც, შესაძლოა, თეთრკანიან ადამიანს ჯერ თვალიც არ მოეკრა. ლომა წამდაუწუმ თავს შეყოფდა ტევრში, საიდანაც მისი მხიარული ყეფა ისმოდა ხოლმე. პაწია ნელი ქინაქინამ, საუზმემ და დასვენებამ მოაღონიერა. სახე გამოუცოცხლდა და წამოუყირმიზდა, თვალებშიც მხიარული ცეცხლი აუკიაფდა. სტაშს წამი-წამ ეკითხებოდა ხეებისა და ჩიტების სახელებს, ის კი შეძლებისდაგვარად პასუხობდა. ბოლოს ცხენიდან ჩამოხტომა და ბევრი ყვავილის მოკრეფა მოიწადინა.

   მაგრამ ბიჭს გაეღიმა და მიუგო:

   – მიწაზე ფეხს დადგამ თუ არა, სიაფები შეგჭამენ.

   – სიაფი რაღაა, ლომზე უარესია?

   – არის და არც არის. მაგარი კბენია ჭიანჭველები არიან. ტოტებზე დაცოცავენ და ადამიანებს მხრებზე ცეცხლის წვიმასავით ეცემიან. თუმცა მიწაზეც ბევრი არიან. აბა, ერთი ცხენიდან ჩამოსვლა და ტყე-ტყე გავლა სცადე, უმალვე მაიმუნივით დაიწყებ ხტუნვასა და წივილს. ლომისგან თავის დაცვა უფრო ადვილია. ხანდახან ფართო მწკრივებად დაწყობილი მოდიან და მაშინ მათ ყველა სულდგმული გზას უთმობს.

   – შენ მათ გაუმკლავდებოდი?

   – მე? მაგას კითხვა უნდა?!

   – როგორ?

   – ცეცხლითა და კამით.

   – შენ გამოსავალს ყოველთვის იპოვნი. – თქვა თავდაჯერებით.

   სტაშს ნათქვამი ესიამოვნა და ამაყად, თან მხიარულად უპასუხა:

   – შენ ჯანმრთელად იყავი და დანარჩენი ჩემს კისერზე იყოს.

   – თავიც კი აღარ მტკივა.

   – მადლობა ღმერთს, მადლობა ღმერთს!

   ამ საუბრით გასცდნენ ტყეს, რომლის მხოლოდ ერთი მხარე მიდიოდა ხრამის კიდემდე. მზე კიდევ უფრო მაღლა აიწია და ძლიერ ჩამოცხა, რადგან შესანიშნავი ამინდი დაიჭირა და ცაზე ღრუბლის ნაფლეთიც აღარ ჩანდა. ცხენები გაიხვითქნენ და სიცხემ ნელიც შეაწუხა. ამის გამო სტაშმა თვალი მოჰკრა თუ არა მოსახერხებელ ადგილს, უმალვე ჩაუხვია ხეობისაკენ, სადაც დასავლეთის კედელი იქაურობას ღრმა ჩრდილს ჰფენდა. იქ საკმაოდ გრილოდა და გუშინდელი თავსხმის შემდეგ ღრმულებში ჩარჩენილი წყალიც შედარებით ცივი დარჩენილიყო. პატარა მოგზაურების თავზე ხრამის ერთი კიდიდან მეორეზე წამდაუწუმ დაფრინავდნენ ტუკანები, რომელთაც თავები ცეცხლისფერი ჰქონდათ, გულები – ცისფერი, ფრთები კი – ყვითელი. სტაშმა ნელის მათ შესახებ წიგნში ამოკითხული ერთი ამბავი მოუთხრო.

   – იცი, – უთხრა, – არიან ისეთი ტუკანები, რომლებიც გამოჩეკის ჟამს ხის ფუღუროს მოძებნიან, იქ დედალი კვერცხებს დადებს და ზედ დააჯდება, მამალი კი ფუღუროს თიხით ამოქოლავს ისე, რომ დედალს თავიღა უჩანს და მხოლოდ ბარტყის გამოჩეკის შემდეგ ანგრევს თიხას თავისი ვეება ნისკარტით და დედალს გარეთ უშვებს.

   – მერე იმდენ ხანს რასა ჭამს?

   – მამალი აჭმევს. სულ თავს დასტრიალებს და ნაირნაირ კენკრეულს უზიდავს.

   – დაძინების ნებას თუ აძლევს? – ჰკითხა ძილმორეული ხმით.

   სტაშს გაეღიმა.

   – თუ პანი ტუკანოვასაც შენნაირად ეძინება, ნებას რთავს.

   გრილ ხეობაში ნელის ძილმა მოსწყვიტა თავი, რადგან დილიდან შეუდღემდე ხეირიანად დასვენება ვერ მოახერხა. სტაშიც სიამოვნებით მიბაძავდა, მაგრამ არ შეეძლო, რადგან ეშინოდა, ცხენიდან არ გადავარდნოდა და ამიტომაც მკლავებით მაგრად ეჭირა, ამასთანავე, ძალზე მოუხერხებლად იჯდა ქალურ, ბრტყელ და განიერ უნაგირზე, რომელიც მოუწყვეს ნელის ჰატიმმა და სეკი-ტამალამ. განძრევას ვერ ბედავდა, რათა არ გაეღვიძებინა და ცხენიც დინჯად მიჰყავდა.

   ამასობაში უკან გადახრილ გოგონას გემრიელად ჩაეძინა.

   ისე მშვიდად და თანაბარზომიერად სუნთქავდა, რომ სტაში უკანასკნელ ქინაქინაზე დარდს შეეშვა. მის სუნთქვას მიყურადებულმა იგრძნო, რომ ციებ-ცხელების საშიშროება ამჯერად მოგერიებულ იქნა და უკვე სულ სხვა ფიქრი წამოეძალა:

   “ხეობა სულ უფრო და უფრო მაღლა მიდის, შეიძლება ითქვას, ციცაბოზეც კი. რაც უფრო ზევით ავდივართ, მხარე მით უფრო მშრალია. საჭიროა მოიძებნოს ერთი მაღალი ადგილი, ყოველის მხრივ საიმედოდ დაცული, სადმე სწრაფი დინების მახლობლად, გაჩაღდეს მეურნეობა, რათა ორიოდ კვირა, ან თუნდაც მთელი წვიმიანი ამინდების ჟამიც კი, პაწიამ დაისვენოს. ბევრი ვერ გაუძლებდა ასეთ ტანჯვა-წამებას, ამიტომაც დასვენება აუცილებელია! ასეთი ღამის შემდეგ სხვა იმწამსვე ციებას აიკიდებდა, ამას კი – ნახე, რა მშვიდად სძინავს! მადლობა ღმერთს!”

   ამ ფიქრებისგან მშვენიერ ხასიათზე დადგა, ჰოდა მკერდზე მიყრდნობილ ნელის თავს ზემოდან რომ დასცქეროდა, მხიარულად, მაგრამ ოდნავ განცვიფრებული ეუბნებოდა საკუთარ თავს:

   “საკვირველი ამბავია პირდაპირ, რატომ მიყვარს ეს პაწაწკინტელა ბუზი! მართალია, ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ახლა უფრო მეტად მიყვარს!”

   და, რადგან არ იცოდა, როგორ განემარტა საკუთარი თავისთვის ეს განსაკუთრებული მოვლენა, შემდგომ განსჯას დასჯერდა:

   “ალბათ, იმიტომ, რომ ამდენი გზა ერთად გამოვიარეთ და თან მე ვზრუნავ მასზე”.

   ამასობაში “პაწია ბუზის” ქამრისთვის ფრთხილად ჩაევლო მარჯვენა ხელი, რათა უნაგირიდან არ გადავარდნილიყო და პაწაწინა ცხვირი არ გაეტეხა. მდუმარენი ტაატით მიიწევდნენ წინ, მხოლოდ კალი დუდღუნებდა თავისთვის სტაშის ხოტბას:

   – დიდმა ბატონმა მოკლა გებჰრი, დახოცა ლომი და კამეჩი! უაჰ! დიდმა ბატონმა კიდევ მოკლა ბევრი ლომი! უაჰ! ბევრი ხორცი! ბევრი ხორცი! უაჰ! უაჰ!..

   – კალი, – წყნარად ჰკითხა სტაშმა, – ვა-ჰიმა ლომებზე ნადირობს?

   – ვა-ჰიმა შიში ლომების, მაგრამ ვა-ჰიმა თხრა ღრმა ორმოები და თუ ღამით ლომი შიგ ჩავარდა, მაშინ ვა-ჰიმა სიცილი.

   – მერე რას შვრებით?

   – ვა-ჰიმა ბევრი შუბების სროლა და ლომი ზღარბის მსგავსი. მაშინ ის ამოღება ზევით და ჭამა. ლომი კარგია.

   და ხელი ჩვეულებისამებრ დაისვა მუცელზე.

   სტაშს მაინცდაიმაინც არ მოეწონა ნადირობის ამგვარი ხერხი, მაგრამ მაინც გამოჰკითხა, კიდევ რა ნადირი არსებობდა ვა-ჰიმას ქვეყანაში და ანტილოპებზე, სირაქლემებზე, ჟირაფებსა და მარტორქებზე მანამ საუბრობდნენ, სანამ მათ სმენამდე ჩანჩქერის ხმაურმა არ მოაღწია.

   – ეს რაღაა? – შესძახა სტაშმა, – ჩვენ წინ მდინარე და ჩანჩქერია?

   კალიმ თავი დაუქნია, ალბათ, ასეაო.

   ერთხანს ფეხაჩქარებით მიდიოდნენ, თან ყურს უგდებდნენ ხმაურს, რომელიც თანდათან მკვეთრი ხდებოდა.

   – ჩანჩქერი! – გაიმეორა გულისხმაში ჩავარდნილმა სტაშმა.

   მაგრამ ის-ის იყო, პირველ და მერე მეორე მოსახვევს გასცდნენ, რომ ანაზდად გადააწყდნენ ხერგილს, რომელიც გზის გაგრძელების საშუალებას არ იძლეოდა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი