გამოღვიძებულმა ნელიმ ანაზდად თვალები ჭყიტა.

   – უკვე ღამის გასათევად შევჩერდით? – იკითხა.

   – არა, აბა შეხედე! – მიუგო სტაშმა. – ხეობა კლდეს ჩაუკეტავს.

   – რაღა უნდა ვქნათ?

   – აქ გაძრომა შეუძლებელია, რადგან ძალიან ვიწროა, ამიტომ ცოტათი უკან უნდა გავბრუნდეთ, მთაზე ავიდეთ და წინააღმდეგობას გვერდი ავუაროთ, მაგრამ საღამომდე კიდევ ორი საათია, ასე რომ, დრო კიდევ გვაქვს. ცხენებმაც დაისვენონ. გესმის ჩანჩქერის ხმა?

   – მესმის.

   – ჰოდა, ღამეს მის ნაპირას გავათევთ.

   რის შემდეგაც კალის მიუბრუნდა, თხრილის კიდეზე აცოცებულიყო და დაეთვალიერებინა, ხეობის ძირში კიდევ ხომ არ იყო მსგავსი ხერგილები, თავად კი ყურადღებით დააკვირდა კლდეს და წუთის შემდეგ შესძახა.

   – ეს ახლახან მომწყდარა და ჩამოვარდნილა. ნელი, ხედავ ამ ნამსხვრევებს, სულ ახლებია. არც ხავსი აქვს სადმე და არც რაიმე ბალახი. მესმის, უკვე მესმის!

   და გოგონას ხელით ანიშნა ხეობის კიდეზე აღმართული ბაობაბისკენ, რომლის ვეებერთელა ფესვი კლდის ჩამონატეხ კედელზე გადმოკიდებულიყო.

   – აი, სწორედ ეს ფესვი ჩაზრდილა კედელსა და კლდეს შორის ნაპრალში და, როცა გაიზარდა, ჩანს, ბოლოს კლდე გახეთქა. ეს ძალიან განსაკუთრებული ამბავია და, თუმცა ქვა ხეზე მაგარია, გამიგონია, რომ მთაში ასეთი რამ ხდება. რაღაც შეარხევს კლდეს, რომელიც თავს ძლივსღა იჭერს, და მოსწყდება ხოლმე.

   – კი მაგრამ, რას უნდა შეერხია?

   – ძნელი სათქმელია... შესაძლოა წინანდელ ქარიშხალს, შეიძლება გუშინწინდელს.

   ამ დროს ქარავანს ჩამორჩენილი ლომა მოიჭრა, თითქოსდა უკნიდან კუდზე მოქაჩესო, ისე მოწყვეტით შეჩერდა, რაღაც იგრძნო, კედელსა და მოწყვეტილ კლდეს შორის დარჩენილ ვიწრო ხვრელში თავი შეჰყო, მაგრამ ბალანაშლილმა უმალვე უკან ისკუპა.

   სტაში ცხენიდან ჩამოხტა იმის დასანახად, თუ რას უნდა შეეშინებინა ძაღლი.

   – სტაშ, ნუ მიხვალ, – შეეხვეწა ნელი, – შეიძლება იქ ლომი იყოს.

   სტაში, ცოტა არ იყოს, ბაქიაც იყო და ლომებზე წუხანდელი გაბრაზებულიც, ჰოდა, დაუდევრად შესძახა:

   – დიდი ამბავი ლომი და ისიც დღისით!

   და სანამ ხვრელს მიუახლოვდებოდა, ზემოდან კალის ხმა გაისმა:

   – ბვანა კუბვა! ბვანა კუბვა!

   – რა იყო? – ჰკითხა სტაშმა.

   ზანგი თვალის დახამხამებაში ხვიარაზე ჩამოსრიალდა. სახეზე ეტყობოდა, რაღაც მნიშვნელოვანი რომ შეეტყო.

   – სპილო! – შესძახა.

   – სპილო?

   – ჰო, – ხელების ქნევით მიუგო ახალგაზრდა ზანგმა. – იქ მქუხარე წყალია, აქ კი – კლდე. სპილოს ვერ გამოსვლა. დიდი ბატონი სპილო მოკვლა, კალი კი ჭამა, ჭამა, ოჰ, ჭამა!

   და ამის გაფიქრებაზე ისეთმა სიხარულმა მოიცვა, რომ ხტუნვას მოჰყვა, ხელებს მუხლებზე იტყაპუნებდა და გიჟურად იცინოდა, თან თვალებს ატრიალებდა, თეთრ კბილებს აელვებდა.

   სტაში უცებ ვერ მიხვდა, რატომ თქვა კალიმ, სპილოს ხეობიდან გასვლა არ შეუძლიაო, და საკუთარი თვალით რომ ენახა, რა ხდებოდა, ცხენზე შეჯდა, ნელი მეას ჩააბარა, რათა ხელები თავისუფლოად ჩაეჭიდებინა თოფისთვის. კალი ცხენზე შემოისვა, ყველა უკან დაბრუნდა და მაღლა ასასვლელს დაუწყეს ძებნა. გზადაგზა სტაში კალის ეკითხებოდა, როგორ უნდა მოხვედრილიყო სპილო იქ, სადაც მან ნახა და მისი პასუხიდან ასე თუ ისე, რაღაცას მიხვდა.

   ჯუნგლებში ხანძრიანობის ჟამს სპილო, ეტყობა, ხეობაში გაიქცა; ერთგან კლდის შვერილს დააწვა, ის კი ჩამოიქცა და გზა ჩაეკეტა. მერე თხრილის ბოლომდე ირბინა და უცებ აღმოჩნდა უფსკრულის პირას, სადაც მდინარე ეშვებოდა და ამგვარად ჩაიკეტა.

   კარგა ხნის შემდეგ ახალგაზრდა მოგზაურებმა იპოვეს ამოსასვლელი, მაგრამ ერთობ დამრეცი, ასე რომ, ცხენებიდან ჩამოსვლა მოუხდათ. ზანგის თქმით, მდინარემდე სულ ახლო იყო და ფეხით წასვლა გადაწყვიტეს. როგორც იქნა, მთის თხემზე ავიდნენ. იქ ერთ მხარეს მდინარე მიედინებოდა, მეორე მხარეს კი ხრამი იყო. სწორედ იმ ხრამის ძირში დაინახეს სპილო.

   უზარმაზარი ცხოველი მუცელზე იწვა და სტაშის განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, რადგან მათ დანახვაზე არც კი შერხეულა, ოღონდ როცა ლომა ხრამის კიდეს მიაწყდა და იქაურობა ყეფით აიკლო, ვეებერთელა ყურები ერთი შეარხია და ხორთუმი აწია, მაგრამ უმალვე ისევ ძირს დაუშვა.

   ხელიხელჩაკიდებული ბავშვები დიდხანს დასცქეროდნენ მდუმარედ, ეს მდუმარება კალის ხმამ დაარღვია.

   – შიმშილით სიკვდილი! – შესძახა.

მართლაც სპილო ისე გამხდარიყო, ხერხემალი სავარცხელს მიუგავდა. ფერდები ჩაცვენოდა, კანქვეშ, თუმცა იგი საკმაოდ უხეში ჰქონდა, გარკვევით იხატებოდა ნეკნები და ადვილი მისახვედრი იყო, რომ უძლურების გამო ვეღარ დგებოდა.

   კლდის ვერტიკალურ კედლებს ხრამი სწორედ ამ ადგილას ექცია თითქმის ღრმა ორმოდ, რომლის ძირშიაც რამდენიმე ხე იზრდებოდა. დამტვრეულ ხეებს აღარც კანი შერჩენოდა და აღარც ფოთოლი. კლდეზე ჩაშვებული ხვიარა მცენარეებიც დაფლეთილ-შეჭმული იყო, ბალახიც ერთიანად გადაწიწკნილი.

   შექმნილ მდგომარეობას დაწვრილებით გაცნობილ სტაშს თავისი დაკვირვების ნელისთვის გაზიარება მოუნდა, მაგრამ ვეებერთელა ცხოველის უცილობელი სიკვდილით გულშეძრული ნელ ხმაზე ალაპარაკდა, თითქოსდა ეშინოდა, სიცოცხლის ბოლო წუთები არ მოვუშხამოო.

   – მართლაც შიმშილით კვდება. აქ ალბათ ორ კვირაზე მეტხანს წევს, ე. ი. იმ დროდიდან, როცა ხანძარმა ძველი ჯუნგლები გადაწვა. რაც შესაჭმელი იყო – შეჭამა. ახლა კი მხოლოდ იტანჯება, მით უფრო, რომ ზემოთ პურისა და აკაციის ხეებს ხედავს და ვერ სწვდება.

   ერთხანს ისევ მდუმარედ უცქერდნენ, სპილოც წამიწამ შემოჰყურებდათ თავისი პაწია, მიმქრალი თვალებით და ყელიდან რაღაც ბუყბუყისნაირ ბგერებს გამოსცემდა.

   – მართლაც, – ხმა ამოიღო ბიჭმა, – უმჯობესი იქნება, ტანჯვას თუ შევუმოკლებ.

   ეს რომ თქვა, თოფი სახესთან მიიტანა, მაგრამ ნელი ქურთუკზე ჩააფრინდა და ფეხებზე მტკიცედ დაყრდნობილმა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხრამის კიდიდან გამოქაჩა.

   – სტაშ, ნუ იზამ მაგას! სტაშ, საჭმელი ჩავუყაროთ! ხომ ხედავ, რა საცოდავია! მე არ მინდა, რომ მოკლა, არ მინდა! არ მინდა!

   და ფეხებაბაკუნებული ისე ებღაუჭებოდა, საგონებელში ჩავარდნილმა ბიჭმა განცვიფრებული მზერა ესროლა და მისი ცრემლჩამდგარი თვალების დანახვაზე ესღა ამოღერღა:

   – კი, მაგრამ, ნელი!..

   – არ მინდა! მოკვლას არ დაგანებებ! შენ თუ მაგას მოკლავ, იცოდე, ციება შემეყრება...

   სტაშისთვის სრულიად საკმარისი იყო ეს მუქარა, რომ უარი ეთქვა მკვლელობის განზრახვაზე, თუნდაც მათ წინ წამოწოლილი სპილო ყოფილიყო ეს და თუნდაც სულ სხვა რამ სულიერი – ერთხანს დუმდა, რადგან არ იცოდა, პაწიასთვის რა ეპასუხა, მერე კი თქვა:

   – ჰო, კარგი! კარგი!.. გეუბნები, კარგი-მეთქი! ხელი გამიშვი, ნელი.

   ნელი უმალვე მოეხვია და ნამტირალევი თვალები ღიმილმა გაუნათა. ახლა იმასღა ფიქრობდა, რაც შეიძლება ჩქარა ეჭმია სპილოსთვის. კალისა და მეას განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შეიტყვეს, რომ ბვანა კუბვა სპილოს არათუ არ მოკლავდა, პირიქით, მათ დაავალებდა, უმალვე დაეკრიფათ იმდენი პურის ხის ნაყოფი, იმდენი აკაციის ტოტები და იმდენი ყოველნაირი ბალახეული, რამდენსაც მოერეოდნენ. გებჰრის სუდანური ორლესული მახვილი კალის ამ საქმეში ერთობ გამოადგა და ის რომ არა, ძალიან გაუჭირდებოდა. ნელი საქმის დამთავრებას არ დაელოდა და, მოწყდა თუ არა პურის ხეს პირველივე ნაყოფი, ორივე ხელი დაავლო, ხრამისკენ გაიქცა, თითქოს მის წაღებაში სხვა ვინმე ეცილებაო და წამდაუწუმ იმეორებდა:

   – მე! მე! მე!

   სტაში არც აპირებდა მისთვის ამ სიამოვნების მოკლებას, ოღონდ იმის შიშით, ნესვისხელა ნაყოფს ამ სიჩქარეში თავადაც არ გადაჰყოლოდა, წელში ხელი წაავლო და შესძახა:

   – ისროლე!

   ვეებერთელა ნაყოფი დამრეც ფერდობზე ჩაგორდა და ზედ სპილოს ფეხებთან დაეცა. მან კი თვალისდახამხამებაში გამოყო ხორთუმი, შიგ მოიგდო და ისე სწრაფად ჩაუძახა პირში, ბავშვებმა თვალიც ვერ მოჰკრეს.

   – შეჭამა! – შესძახა გახარებულმა ნელიმ.

   – ასეც ვიცოდი! – სიცილით მიუგო სტაშმა.

   სპილომ კი ხორთუმი მათკენ აიშვირა, თითქოს კიდევ სთხოვთ საჭმელსო და ძლიერი ხმა ამოუშვა:

   – ჰრუუმფ!

   – კიდევ უნდა!

   – ასეც ვიცოდი! – გაიმეორა სტაშმა.

   პირველ ნაყოფს მეორე მიჰყვა და ისიც ისევე გაუჩინარდა, მერე მესამე, მეოთხე, მეათე; მათ აკაციის ტოტები და ყოველგვარი ბალახი და ფოთლები მიჰყვა და მიჰყვა. ნელი პირველობას არავის უთმობდა და, როცა პაწია ხელები დაეღალა, ფეხებით ყრიდა ახალ-ახალ მარაგს, სპილო კი ჭამდა, დროდადრო ხორთუმს აწევდა და მქუხარე “ჰრუმუმფ”-ს დაუძახებდა ნიშნად იმისა, რომ სულ უფრო მეტი და მეტი სურდა, ნელის მტკიცებით კი, ასე მადლობას იხდიდა.

   ბოლოს კალი და მეა დაიქანცნენ; გაცხარებით იმიტომ მუშაობდნენ, ეგონათ, ბვანა კუბვა სპილოს ჯერ გაასუქებს და მერე მოკლავსო. როგორც იქნა, ბვანა კუბვამ მუშაობის შეწყვეტის ნება დართო, რადგან მზე უკვე გადაიწვერა დასავლეთისკენ და დრო იყო, ზერიბას აგებას შესდგომოდნენ. საბედნიეროდ, ეს ძნელი საქმე არ გამოდგა, რადგან სამკუთხა გორაკის ორი გვერდი სრულიად მიუდგომელი იყო, ასე რომ, მხოლოდ მესამე გვერდი უნდა ამოეყვანათ. არც გრძელეკლიანი აკაციის ტოტების შოვნა ჭირდა.

   ნელი ხრამს ნაბიჯითაც არ სცილდებოდა და კიდესთან ჩაცუცქებული სტაშს შორიდან ამცნობდა, რას აკეთებდა სპილო და დროდადრო მისი წვრილი ხმა გაისმოდა:

   – თავის ხორთუმს ეძებს!

   ან:

   – ყურებს არხევს. უშველებული ყურები აქვს!

   და ბოლოს:

   – სტაშ! სტაშ, დგება! ოი!

   სტაში სწრაფად მიუახლოვდა და ნელის ხელი წაავლო. მართლაც, სპილო წამოდგა და ბავშვებმა ახლაღა შეძლეს მისი მთლიანად დანახვა. ადრეც რამდენიმეჯერ ენახათ დიდი სპილოები, რომლებიც სუეცის არხზე გადაჰყავდათ გემებით ინდოეთიდან ევროპაში, მაგრამ სიდიდით ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრებოდა ამ გოლიათს, ოთხ ფეხზე მოსიარულე ვეებერთელა კლდისხელა არსებას. გარდა ამისა, უზარმაზარი ეშვებითა და, როგორც ნელიმ შენიშნა, ზღაპრული ყურებითაც გამოირჩეოდა. ძალზე მაღალი, მაგრამ შედარებით წვრილი წინა ფეხები ჰქონდა, რისი მიზეზიც, ალბათ, მრავალდღიანი მარხვა იყო.

   – ესეც შენი ჯუჯა! – შესძახა სტაშმა. – რომ გაეზმორა და ხორთუმი მაღლა ამოეშვირა, ფეხშიც ჩაგავლებდა.

   მაგრამ გოლიათი არც გაზმორებას აპირებდა და არც არავისთვის ხორთუმის ჩავლებას. ბარბაცით მიუახლოვდა ხრამის პირს, ერთხანს დაკვირვებით უყურა უფსკრულს, რომლის ძირშიც წყალი ბობოქრობდა, მერე ჩანჩქერის გვერდითა კედელს მიადგა, ხორთუმი გადაიშვირა და წყლის სმას შეუდგა.

   – მისი ბედი, – თქვა სტაშმა, – რომ ხორთუმით წყალსა წვდება, თორემ აქამდე გაჭიმავდა ფეხს.

   სპილო იმდენ ხანს სვამდა, რომ გოგონა მოუთმენლობამ შეიპყრო.

   – სტაშ, ხომ არ აწყენს? – ჰკითხა.

   – არ ვიცი, – მიუგო სიცილით, – მაგრამ, თუ მაგისი მეურვეობა იკისრე, ბოლომდე უნდა მოუარო.

   ნელი კიდეზე გადაიხარა და ჩასძახა:

   – გეყოფა, საყვარელო სპილოვ, გეყოფა!

   საყვარელმა სპილომ თითქოს გაიგოო, უმალვე შეწყვიტა წყლის სმა, სამაგიეროდ წუწაობას მოჰყვა: წყალი ჯერ ფეხებზე შეისხა, მერე – ზურგზე და ბოლოს – ფერდებზე.

   ამასობაში ჩამობნელდა კიდეც და ვაჟმა გოგონა ზერიბას შიგნით შეიყვანა. იქ უკვე ვახშამი ელოდათ.

   ორივენი შესანიშნავ ხასიათზე იდგნენ: ნელი იმად, რომ სპილოს სიცოცხლე შეუნარჩუნა, სტაში კი იმიტომ, რომ სიამით შესცქეროდა სიხარულისაგან ვარსკვლავივით გაბრწყინებულ მის თვალებსა და ხალისიან, ჯანსაღ პაწაწინა სახეს. ბიჭის გასახარად შესანიშნავი, მშვიდი ღამე დგებოდა. ორი მხრიდან მიუვალი გორაკი თავდასხმის საშიშროებას გამორიცხავდა, მესამე მხარეს კი კალიმ და მეამ აკაციის ტოტებისა და ეკალ-ბარდებისაგან იმსიმაღლე კედელი აღმართეს, რომ ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო, რომელიმე მტაცებელ ნადირს მისი გადაქელვა მოეხერხებინა. ამასთანავე, დიდებული ამინდი დაიჭირა და მზის ჩასვლისთანავე ცა ვარსკვლავებით მოიჭედა.

   “არ შეეყრება ამ მღილს ციება!” – სიხარულით ფიქრობდა სტაში.

   მერე სპილოზე დაიწყეს საუბარი, რადგან ნელის სხვა რამეზე ლაპარაკი ახლა წარმოუდგენლად ეჩვენებოდა და სულ მის დიდ ტანს, ხორთუმსა და მართლაც ვეებერთელა ეშვებს აქებდა და ადიდებდა. ბოლოს იკითხა:

   – სტაშ, ხომ მართლა ჭკვიანია?

   – სოლომონ ბრძენივით, – მიუგო ყმაწვილკაცმა. – მაინც როგორ დაასკვენი?

   – როგორ და, ვთხოვე თუ არა, მეტი აღარ დალიო-თქო, უმალვე დამიჯერა.

   – თუ აქამდე ინგლისურის გაკვეთილები არ მოუსმენია და ეს ენა მაინც ესმის, მართლაც დაუჯერებელი ამბავია.

   ნელი მიხვდა, რომ ვაჟი დასცინოდა, კნუტივით წაიქშუტუნა და უთხრა:

   – რაც გინდა, ის თქვი, მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ჭკვიანია და მალე მოგვეჩვევა.

   – მაგისი რა გითხრა, მაგრამ მისი მოჩვევა შეიძლება. აფრიკული სპილოები აზიურებზე ბევრად ველურები არიან, მაგრამ მაინც მგონია, ჰანიბალი აფრიკულებს იყენებდა.

   – ჰანიბალი ვინღაა?

   სტაშმა გოგონას ამაყად, ამასთანავე, თანაგრძნობით გადახედა.

   – რასაკვირველია, – უთხრა, – შენი ხნის ადამიანს ასეთი რამის ცოდნა არ მოეთხოვება. ჰანიბალი იყო დიდი კართაგენელი ბელადი, რომელიც რომაელების წინააღმდეგ საბრძოლველად სპილოებს იყენებდა და, რამდენადაც კართაგენი აფრიკაში მდებარეობდა, სწორედ აფრიკულებს გამოიყენებდა...

   მათი საუბარი დანაყრებულ-დარწყულებული სპილოს ძლიერმა საყვირისებურმა ხმამ შეწყვიტა, ოღონდ ვერ გაიგეს, რა აყვირებდა, – სიხარული თუ დაკარგული თავისუფლების მონატრება. ლომა წამოხტა და ყეფას მოჰყვა, – სტაშმა კი თქვა:

   – ეგეც შენ! ახლა ამხანაგებს მოაგროვებს. კაი სანახავები ვიქნებით, აქ რომ მთელი ჯოგი მოგვადგეს.

   – სხვებს იმიტომ ეძახის, რომ გააგებინოს, რა სიკეთეც ვუყავით! – საჩქაროდ მიუგო გოგონამ.

   სტაშმა, რომელიც მართლა კი არ შეშინებულა, რადგან თვლიდა, ჯოგი კიდევაც რომ მოსულიყო, ცეცხლი დააფრთხობდა, ჯიუტად გაიღიმა და თქვა:

   – კარგი, კარგი! მაგრამ, სპილოები თუ მართლა გამოჩნდნენ, დარწმუნებული ვარ შიშისაგან კი არ ატირდები, არა! – თვალები გაგიოფლიანდება, როგორც ორჯერ უკვე დაგემართა.

   და გამოაჯავრა:

   – კი არ ვტირი, თვალები გამიოფლიანდა!

   მისი მხიარული სახის დანახვაზე ნელი მიხვდა, რომ არავითარი საშიშროება არ ემუქრებოდათ.

   – როცა მოვიჩვევთ, – თქვა, – ათმა ლომმაც რომ დაიღრიალოს, თვალები აღარ გამიოფლიანდება.

   – რატომ?

   – რატომ და ეს დაგვიცავს.

   სტაშმა ძლივს დააწყნარა ლომა, რომელიც გამეტებით უყეფდა სპილოს, მერე გულისხმაში ჩავარდნილმა ასე დაიწყო:

   – ერთი რამ არ გაგითვალისწინებია, ნელი. ჩვენ აქ სამუდამოდ როდი დავრჩებით, როცა იქნება, გზა ხომ უნდა განვაგრძოთ. არც ახლავე წასვლას ვაპირებ, მაგრამ... მოკლედ, კარგი და ჯანმრთელი ადგილია, ჰოდა, გადავწყვიტე, აქ დავრჩეთ... შესაძლოა ერთ ან ორ კვირას, შენც და ჩვენ ყველას დასვენება გვესაჭიროება, ჰო, კარგი! სანამ აქ ვიქნებით, სპილოს საჭმელს არ მოვაკლებთ, თუმცა ეს ყველას მძიმე ტვირთად დაგვაწვება, მაგრამ ხომ იცი, ჩაკეტილია და მის წაყვანას მაინც ვერ შევძლებთ. მაშასადამე, რა მოელის? ჩვენ წავალთ, ის კი აქ დარჩება და ისევ შიმშილი და ტანჯვა მოელის, სანამ სული არ გასძვრება. მაშინ ხომ უფრო შეგვეცოდება...

   ნელი ძალზე დანაღვლიანდა და ერთხანს გატრუნული იჯდა, რადგან ამ სწორ შენიშვნაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა, მაგრამ მოგვიანებით თავი აწია, თვალებზე ჩამოშლილი თმის კულულები შეისწორა და ბიჭს ნდობით აღსასე მზერა ესროლა:

   – ვიცი, – უთხრა, – შენ თუ მოიწადინე, აუცილებლად ამოიყვან ხრამიდან.

   – მე?

   გოგონამ თითუნიები გაიწვდინა, სტაშის ხელს შეახო და გაიმეორა:

   – შენ.

   პაწია, ეშმაკი ქალუნია მიხვდა, რომ ყმაწვილს შექება ეამებოდა და იმ წუთიდანვე დაიწყებდა ზრუნვას სპილოს გასათავისუფლებლად.

 

 

 

კარი XXVI

 

ღამემ მშვიდად ჩაიარა, და თუმცა სამხრეთით ცა ჯანღი ღრუბლით დაიფარა, დილა მზიანი გათენდა. სტაშის ბრძანებისამებრ, კალი და მეა ნასაუზმევსვე შეუდგნენ სპილოსათვის პურის ნაყოფის, აკაციის ტოტების, ქორფა ფოთლებისა და ბალახბულახის შეგროვებას და ყველაფერ ამას ხრამის პირას უყრიდნენ თავს, რადგანაც ნელის საკუთარი ხელით სურდა სპილოს დაპურება. სტაშმა ახალგაზრდა გაბორჯღლილი ლეღვის ხის ტოტი ფიწალივით გამოთალა, რათა გოგოს მარაგი ხრამში იოლად ჩაეყარა. სპილო დილიდანვე ბღაოდა, რაც, ალბათ, იმის მაუწყებელი იყო, რომ საჭმელს ითხოვდა და, როცა კიდესთან თვალი მოჰკრა იმავე პაწია თეთრ არსებას, რომელმაც გუშინ აჭამა, მხიარული ბუყბუყით მიესალმა და მისკენ უმალვე ხორთუმი ამოიშვირა.

   დილის შუქზე ბავშვებს იგი გუშინდელზე ბევრად უფრო დიდი მოეჩვენათ. ერთობ გამხდარი იყო, მაგრამ უკვე მაძღარს ჰგავდა და ნელის თავისი პაწია, ცქაფი თვალებით უკვე მხიარულად შესცქეროდა. ნელის აზრით, წინა ფეხები ერთ ღამეში შევსებოდა და საჭმელს ისე გამალებით ეძგერა, სტაში იძულებული შეიქმნა, გოგონა დაევიწყებინა და ბოლოს, აქოშინებულს, თავად შენაცვლებოდა მუშაობაში. ორივე დიდებულად გაერთო, განსაკუთრებით სპილოს “მანჭვაზე”. თავდაპირველად სიამოვნებით ჭამდა ყველაფერს, რაც მის ფეხებთან დაეცემოდა, მაგრამ შიმშილის გრძნობა რომ დაიკმაყოფილა, არჩევა დაიწყო. რომელიც ძალიან არ ეგემრიელებოდა, იმ ბალახს წინა ფეხით გაწეწავდა და მერე ხორთუმით მაღლა ისროდა. ბოლოს, სიამოვნების ნიშნად თავისი ვეებერთელა ყურების პარტყუნს მოყვა.

   – დარწმუნებული ვარ, – ამბობდა ნელი, – ახლა მასთან რომ ჩავიდეთ, არას დაგვიშავებს. – და სპილოს ჩასძახა:

   – სპილოვ, საყვარელო სპილოვ, ხომ მართლა არაფერს დაგვიშავებ?

   და, როცა სპილომ პასუხად ხორთუმი დაიქნია, ბიჭს მიუბრუნდა:

   – ხედავ, გვითხრა, ჰოო!

   – შესაძლებელია. – მიუგო სტაშმა. – ესენი ძალზე გონიერი ცხოველები არიან და უეჭველად მიხვდა, რომ ორივენი ვჭირდებით. ვინ იცის, ეგების ჩვენდამი მადლიერების მცირე გრძნობაც კი გაუჩნდა, მაგრამ ჯერჯერობით მაინც თავის შეკავება გვმართებს, განსაკუთრებით კი ლომას, რადგან მაგას აუცილებლად მოკლავს, მაგრამ, შესაძლებელია, დროთა განმავლობაში ეგენიც დამეგობრდნენ.

   სპილოთი შემდგომი აღფრთოვანება მათ შეაწყვეტინა კალიმ, რომელიც მიხვდა, გოლიათის გამოსაკვებად ყოველდღე რომ უნდა ეშრომა, სტაშს გამამხნევებელი ღიმილით მიუახლოვდა და უთხრა:

   – დიდი ბატონი სპილოს მოკვლა, კალი ბალახისა და ტოტების შეგროვების ნაცვლად მისი შეჭმა.

   მაგრამ “დიდ ბატონს” აზრადაც არ მოსვლია ცხოველის მოკვლა და პასუხის მომლოდინე კალის მკვირცხლად მიახალა:

   – ვირი ხარ!

   საუბედუროდ, ვერ გაიხსენა კი–სვაჰილის ენაზე ვირი როგორ ითქმოდა და ინგლისურად წარმოთქვა “დონკეყ”. რამდენადაც ინგლისურისა კალის ინჩიბინჩი არ გაეგებოდა, სტაშის ნათქვამი ქათინაურად თუ შექებად მიიჩნია, რადგან მოგვიანებით ბავშვებმა ყური მოჰკრეს, მეას ტრაბახით რომ ეუბნებოდა:

   – მეას აქვს შავი კანი და შავი ტვინი, კალი კი არის “დონკეი”, – და მერე ამაყად დასძინა:

   – დიდმა ბატონმა თქვა, კალი “დონკეი” არისო.

   ამასობაში სტაშმა ორივეს უბრძანა, პაწია ქალბატონს თვალისჩინივით გაფრთხილებოდნენ და თუ ოდნავ საეჭვო რაიმეს შენიშნავდნენ, უმალვე დაეძახებინათ, თოფი აიღო და ხეობის ჩამკეტი მოწყვეტილი კლდისაკენ გაეშურა. ადგილზე მისულმა იქაურობა საგულდაგულოდ მიჩხრიკ-მოჩხრიკა, ნაპრალები დაათვალიერა, ჯოხი კლდის ქვედა მხარეს გაჩენილ ხვრელში შეყო, სიღრმე დაკვირვებით გაზომა, მერე ბანაკს დინჯი ნაბიჯით მიაშურა, ვაზნების კოლოფი გახსნა და თვლას შეუდგა.

   ის-ის იყო, სამასამდე დათვალა, რომ კარვიდან ორმოცდაათიოდ ნაბიჯზე აღმართულ ბაობაბზე ასული მეას ხმა მოესმა.

   – ბატონო, ბატონო!

   სტაში უმალვე მიუახლოვდა ვეებერთელა ხეს, რომლის ფუღუროიანი ტანი კოშკს მიაგავდა და ჰკითხა:

   – რა გინდა?

   – სულ ახლოს ბევრი ზებრა ჩანს, იმათ იქით კი ანტილოპები ბალახებზე.

   – კარგი. თოფს ავიღებ და წავალ, რადგან შებოლილი ხორცია საჭირო. კი, მაგრამ, ხეზე რისთვის ასულხარ ან მანდ რას აკეთებ?

   გოგონამ ამაზე ნაღვლიანი და მჟღერი ხმით მიუგო:

   – მეამ ხეზე ნაცრისფერი თუთიყუშების ბუდე დანახვა და პატარა ქალბატონისთვის უნდა მიყვანა, მაგრამ ბუდე ცარიელი და მეას მძივებს აღარ მისცემენ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი