– მოგცემენ, რადგან პატარა ქალბატონი გიყვარს.

   ზანგი გოგო მკვირცხლად ჩამოცოცდა დახორკლილკანიანი ხიდან და სიხარულისაგან თვალებაციმციმებული იმეორებდა.

   – ო, დიახ! დიახ! მეას ძალიან უყვარს ისიც და მძივებიც!

   სტაშმა თავზე ალერსიანად გადაუსვა ხელი, მერე თოფი აიღო, ვაზნების კოლოფი დახურა და უმალვე გაეშურა იქითკენ, სადაც ზებრები ბალახობდნენ. ნახევარ საათში ბანაკამდე სროლის ხმამ მოაღწია, ხოლო ერთი საათის შემდეგ მობრუნებულმა პატარა მონადირემ კარგი ამბავი მოიტანა – ახალგაზრდა ზებრა მოვკალიო, თან ირგვლივ უამრავი ცხოველია, უთვალავი ზებრისა და ანტილოპების ჯოგების გარდა, მდინარის შორიახლო წყლის თხებიც დავინახეო.

   ბოლოს კალი ცხენით გაგზავნა ნანადირევის მოსატანად, თავად კი გოლიათი ბაობაბის დათვალიერებას შეუდგა, ირგვლივ შემოუარა და ახორკლილ ქერქზე კონდახი რამდენიმეჯერ დაჰკრა.

   – რას აკეთებ? – ჰკითხა ნელიმ.

   – შეხედე, რამხელაა! – უპასუხა. – თხუთმეტი კაცი ვერ შემოაწვდენს ხელს ამ ხეს, რომელსაც, ვინ იცის, ფარაონების დროც კი ახსოვს. მაგრამ ამის ქვედა ნაწილი ფუტუროა და გამოფუღუროებული. ხომ ხედავ ამ ღიობს, აქედან შესასვლელია. შიგნით შეიძლება მოეწყოს უშველებელი ქოხისნაირი რაღაც, სადაც ყველანი ვიცხოვრებდით. ამ აზრმა მაშინ გამიელვა თავში, მეა რომ ტოტებს შორის დავინახე და მერეც, ზებრაზე სანადიროდ წასული, სულ ამაზე ვფიქრობდი.

   – კი, მაგრამ, ჩვენ ხომ აბისინიაში უნდა გავიქცეთ?!

   – სწორია. მაგრამ ჯერ უნდა დავისვენოთ და გუშინაც გითხარი, რომ აქ ერთი ან ორი კვირით დარჩენა გადავწყვიტე. შენ შენი სპილოს მიტოვება არ გინდა, მე კი შენ გამო მეშინია უკვე დაწყებული წვიმიანობის გამო, რომლის დროსაც ციება გარდუვალია. ხომ ხედავ, დღეს კარგი დარია, მაგრამ აგერ სულ უფრო და უფრო მუქი ღრუბლები იყრის თავს და, ვინ იცის, თავსხმა საღამომდეც კი დაიწყოს. კარავი საკმარისად ვერ დაგიფარავს და, თუ ბაობაბი ზედ წვერამდე ფუტურო არ არის, წარღვნაც კი ვერას დაგვაკლებს. თან ფუღუროში თავს უფრო უშიშრად ვიგრძნობთ, ვიდრე კარავში, თუკი ყოველ საღამოს იმ ღიობსა და შუქისთვის დატოვებულ სარკმელს ეკალ-ბარდებით ამოვქოლავთ, ხის მახლობლად რამდენსაც უნდა, იმდენმა ლომმა იღრიალოს. საგაზაფხულო წვიმიანობა თვეზე მეტხანს არ გრძელდება და, ჩემი აზრით, სჯობს აქვე გადავიწვიმოთ. ჰოდა, თუ ასეა, სხვაგან წასვლას ისევ ეს ადგილი გვირჩევნია, ისიც ამ ვეებერთელა ხის ფუღუროში, ვიდრე – კარავში.

   ნელი სტაშს ყველაფერზე ეთანხმებოდა, ჰოდა, ახლაც დაეთანხმა, მით უფრო, რომ სპილოსთან დარჩენა და ბაობაბში ცხოვრება მეტისმეტად მოეწონა. მერე იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ მოაწყობდნენ ოთახს, რა ავეჯს დადგამდნენ და როგორ დაპატიჟებდნენ ერთმანეთს ფივე ო”ცლოცკ-სა და სადილზე. ბოლოს ორივე ძალიან გამხიარულდა და ნელიმ ახალი ბინის უმალვე დათვალიერება მოისურვა, მაგრამ სტაშმა, რომელიც დღითი დღე სულ მეტ გამოცდილებას ღებულობდა და წინდახედულებას ამჟღავნებდა, გოგონას ნაჩქარევ გადაწყვეტილებაზე ხელი ააღებინა.

   – სანამ იქ დავსახლდებოდეთ, – უთხრა, – ჯერ უწინდელი ბინადრები უნდა გამოვაძევოთ, თუკი, რასაკვირველია, იქ იმყოფებიან.

   ამის შემდეგ მეას უბრძანა, ბაობაბის შიგნით რამდენიმე მხრჩოლავი ნედლი ტოტი შეეგდო.

   როგორც გაირკვა, კარგადაც მოიქცნენ, რადგან ვეებერთელა ხე დასახლებული აღმოჩნდა, თანაც ისეთი ბინადრებით, რომელთა სტუმართმოყვარეობის იმედი არ უნდა ჰქონოდათ.

 

 

კარი XXVII

 

ხვრელი ხეს ორი ჰქონდა: ერთი – უფრო განიერი, მიწიდან ნახევარ მეტრზე, მეორე – მომცრო, არც მეტი, არც ნაკლები – ქალაქური სახლების მეორე სართულის სიმაღლეზე. შეყარა თუ არა მეამ ახრჩოლებული ტოტები ქვედაში, ზემოთა ხვრელიდან უმალვე იწყეს გამოფრენა უშველებელმა ღამურებმა და, მზის შუქით დაბრმავებულები, ხის გარშემო შერყეულებივით წრიპინ-წრიპინით აბორიალდნენ. ცოტაც და ქვედა ხვრელიდან ელვასავით გამოსხლტა ხვრელის ნამდვილი ბატონ-პატრონი, ანუ ვეებერთელა ბოა, რომელიც, ალბათ, სადილის მონარჩენს ძილ-ღვიძილში ინელებდა და, როცა კვამლმა ნესტოებში შეუღიტინა, გაეღვიძა და თავის გადასარჩენად დაიძრა. აბოლებული ხის ყბებიდან საშინელი სისწრაფით გამომსხლტარი ლითონივით მოლაპლაპე სხეულის დანახვაზე სტაშმა ნელი ხელში აიტაცა და გაშლილი ჯუნგლებისაკენ გაიქცა, მაგრამ თავადვე შეშინებულ ქვეწარმავალს მათი დადევნება არც უფიქრია, ბალახებში გაიკლაკნა და გაუგონარი სისწრაფით მიაშურა ხეობას, რათა თავი კლდის ხვრელისა თუ ნაპრალებისათვის შეეფარებინა. ბავშვები გონს მოეგნენ. სტაშმა ნელი მიწაზე დასვა და თოფისათვის გავარდა, მერე უმალვე ხეობისაკენ გაქცეულ გველს გამოუდგა და ნელიც მას ფეხდაფეხ მიჰყვა, მაგრამ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ მათ თვალწინ ისეთი სანახაობა გადაიშალა, ადგილზევე გაქვავდნენ. აგერ ხეობის თავზე წამიერად გაიელვა გველის ტანმა, ჰაერში გაიკლაკნა და ისევ დაბლა დაეცა. წუთის შემდეგ იგი ისევ გამოჩნდა და ისევ ძირს დაეცა. კიდესთან მივარდნილი ბავშვების განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა – გველს მათი ახალი მეგობარი ათამაშებდა და ორი საჰაერო გასეირნების შემდეგ ახლა თავისი უზარმაზარი, მორგვისნაირი ფეხით უჩუჩქვავდა თავს. საქმეს რომ მორჩა, ჯერ კიდევ მთრთოლავი ტანი ხორთუმით ისევ აიტაცა და ამჯერად მაღლა კი არა, პირდაპირ ჩანჩქერისაკენ მოისროლა. ამის შემდეგ თავი გააქნ-გამოაქნია, ფეხები ააპარტყუნა და ნელის საჩქაროდ შეხედა, მერე ხორთუმი ისე გაუშვირა, თითქოსდა თავისი გმირული და წინდახედული საქციელისთვის ჯილდოს სთხოვსო.

   ნელი თვალისდახამხამებაში კარვისკენ გაიქცა, კაბის კალთით ველური ლეღვი მოარბენინა და ერთ ჯერზე რამდენიმე გადაუგდო, სპილო ბალახში საგულდაგულოდ ეძებდა ყოველ ნაყოფს და ერთიმეორის მიყოლებით იწყობდა პირში, ნაპრალებში ღრმად ჩაცვენილებს ისეთი ძალით ისრუტავდა, ლეღვს მუჭისხელა ქვებიც მოჰყვებოდა. ბავშვები ტაშითა და სიცილით აჯილდოებდნენ სპილოს ამგვარ ქცევას. ნელი რამდენიმეჯერ გაიქცა ახალ-ახალი მარაგისათვის, თან ყოველი ლეღვის გადაგდებაზე ირწმუნებოდა, რომ სპილო უკვე მოშინაურებული იყო და თუნდაც ახლავე შეეძლო მასთან ჩასვლა.

   – ხედავ, სტაშ, – რა დამცველი გვეყოლება!.. ამას უდაბნოში არავისი არ შეეშინდება: არც ლომის, არც გველის, არც ნიანგის. თან ძალიან კეთილია და ჩვენც ვუყვარვართ.

   – თუ მოგვეჩვევა, – უთხრა სტაშმა, – და მაგის იმედად შენს დატოვებას შევძლებდი, მაშინ გულდამშვიდებული წავიდოდი ხოლმე სანადიროდ, რადგან მთელს აფრიკაში ამაზე უკეთეს მცველს ვერ გიპოვი.

   და წუთის შემდეგ დასძინა:

   – აქაური სპილოები უფრო ველურები არიან, მაგრამ წამიკითხავს, რომ აზიურ სპილოებს ბავშვები უყვართ. ინდოეთში ერთხელაც არ მომხდარა, სპილოს ბავშვისათვის რაიმე ევნოს და, თუ სიბრაზით გაცოფდა, რაც ხანდახან ხდება, მაშინ ადგილობრივი სპილოების გამრეკები მის დასამშვიდებლად ბავშვებს გზავნიან.

   – აი, ხომ ხედავ, ხომ ხედავ!

   – ყოველ შემთხვევაში, კარგად მოიქეცი, რომ არ მომაკვლევინე.

   ამის გაგონებაზე ნელის თვალის გუგები მწვანე კოცონებივით აენთო. ფეხის წვერებზე აწეულმა სტაშს მხრებზე ხელები დააწყო. უკან თავგადაწეულმა, თვალებში შეხედა და ჰკითხა:

   – კარგად მოვიქეცი როგორც რამდენი წლისა? თქვი! როგორც რამდენი წლისა?

   – როგორც არანაკლებ სამოცდაათი წლისა.

   – სულ ხუმრობ.

   – მიდი, გაბრაზდი, გაბრაზდი! მერე სპილოს ვინ ამოიყვანს?

   ეს რომ გაიგონა, ნელი კნუტივით მიეგლასუნა.

   – შენ! – და ამისათვის მე ძალიან, ძალიან მეყვარები და სპილოც.

   – მაგაზე სულ ვფიქრობ, – უთხრა სტაშმა, – მაგრამ ძალზე ძნელი საქმეა და ახლავე კი არა, გზის გაგრძელებას რომ დავაპირებთ, მაშინ ამოვიყვან.

   – რატომ?

   – რატომ და, სანამ მოგვეჩვევა, მანამდე რომ გავათავისუფლოთ, იმ წუთსვე გაგვექცევა.

   – არა, მე არ მომცილდება.

   – გგონია, ეგეც ჩემსავით მოიქცევა? – უთხრა ოდნავ გაღიზიანებულმა ბიჭმა.

   ბავშვებს საუბარი შეაწყვეტინა კალიმ, რომელმაც მოკლული ზებრა და მისი კვიცი მოიტანა, კვიცის დაფლეთა უკვე მოესწრო ლომას. ბედი მისი, რომ კალის გაედევნა და პითონის განადგურებას არ დაესწრო, თორემ უეჭველად გაედევნებოდა, წამოწეულს გველი სალტესავით შემოეხვეოდა და, მანამ მოგუდავდა, სანამ სტაში მიშველებას მოასწრებდა. ზებრის კვიცის დაფლეთისთვის ნელიმ ყურები აუწია, რასაც მაინცდამაინც არ დაუმწუხრებია, რადგან არცკი დაუმალავს ნადირობის შემდეგ გადმოგდებული ენა.

   ამასობაში სტაშმა კალის ამცნო, რომ ხეში ბინის მოწყობას აპირებდა, თან შებოლებისას მომხდარი და სპილოს მიერ გველის გასრესის ამბავიც მოუთხრო. დაბინავება ბაობაბში, რომელიც არა მარტო წვიმის, არამედ მტაცებელი ნადირისაგანაც დაიფარავდათ, ზანგს ძალიან მოეწონა, სამაგიეროდ სპილოს საქციელი არ დაუჯდა ჭკუაში.

   – სპილო სულელია, – თქვა, – ნიოკა (გველი) აგრგვინებულ წყალში გადააგდო, მაგრამ კალიმ იცის, რომ ნიოკა კარგია, მაინც მოძებნის აგრგვინებული წყლის გაღმა და შეწვავს, რადგან კალი ჭკვიანია და დონკეი.

   – დონკეი რომ ხარ, ეგ მართალია! – უპასუხა ბიჭმა, – მაგრამ ნუთუ გველს მართლა შეჭამ?

   – ნიოკა კარგი! – გაიმეორა კალიმ.

   და მოკლული ზებრისკენ თითგაშვერილმა დასძინა:

   – ამ ნიამაზე უკეთესი.

   ამის შემდეგ ორივენი ბაობაბისაკენ გაეშურნენ და ბინის მოწყობას შეუდგნენ. კალიმ მდინარის ნაპირზე ბრტყელი, დიდი საცრისხელა ქვა იპოვა, ფუღუროში დადო და ზედ გაღვივებული ნაკვერჩხალი დაყარა, მერე თანდათან დაუმატა და დაუმატა, მაგრამ ყურადღებით იყო, რათა ფუტუროს ცეცხლი არ გასჩენოდა და მთელი ხე არ დამწვარიყო. როგორც განმარტა, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ “არაფერს ეკბინა დიდი ბატონისა და ბიბისათვის”. აღმოჩნდა, რომ მისი თადარიგიანობა ზედმეტი არ ყოფილა, რადგან, დატრიალდა თუ არა მხუთრი ხის წიაღში და მერე კვამლი გარეთ გამოვარდა, მერქნის ღრიჭოებიდან და ნაპრალებიდან გამოცოცება იწყეს უთვალავნაირმა არსებებმა: შავმა და ალუბლისფერმა ხოჭოებმა, დიდმა ქლიავისხელა ბანჯგვლიანმა ობობებმა, თითქოსდა ბეჭდებით მოვარაყებულმა მუხლუხოებმა, თითზე მსხვილმა და საზიზღარმა, თანაც შხამიანმა სკოლოპენდრებმა, რომელთა ნაკბენი, შესაძლოა, სასიკეთოდაც გამომდგარიყო. იმისდა მიხედვით, თუ რა ხდებოდა ხის ზედაპირზე, იოლად მიხვდებოდით, რამდენი ამნაირი არსება დაიღუპებოდა ნახშირის მხუთრისაგან შიგნით. მათ, რომლებიც ქერქიდან და ქვედა ტოტებიდან ბალახში ცვიოდნენ, კალი შეუბრალებლად ანადგურებდა ქვით, თანაც წამდაუწუმ შეჰყურებდა ხის ზედა და ქვედა ფუღუროს, თითქოსდა ეშინოდა, რომ რომელიმე მათგანიდან აგერ-აგერ რაღაც ახალი გამოჩნდებოდა.

   – რას უყურებ? – ჰკითხა სტაშმა, – შენი აზრით, ხეში მეორე გველი იმალება?

   – არა, კალის მზიმუსი ეშინია.

   – მზიმუ რაღაა?

   – ავი სული.

   – გინახავს ოდესმე სიცოცხლეში მზიმუ?

   – არა, მაგრამ კალის გაუგონია საშინელი ხმაური, რომელსაც ჯადოქრების სახლებში მზიმუ გამოსცემს.

   – გამოდის, თქვენს ჯადოქრებს მზიმუსი არ ეშინიათ?

   – ჯადოქრებს მისი მონუსხვა, მერე ქოხებში სიარულით და თქმა, მზიმუ ბრაზობსო, ჰოდა, ზანგებმა მისი გულის მოსალბობად ბანანი, თაფლი, პომპა, კვერცხი და ხორცი მიცემა.

   სტაშმა მხრები აიჩეჩა.

   – როგორც ჩანს, ჯადოქრობა თქვენში კარგი ხელობა ყოფილა. ეგებ, ის გველიც მზიმუ იყო?

   კალიმ თავი გადააქნია.

   – ეგრე რომ ყოფილიყო, სპილო კი არ მოკლავდა მზიმუს, მზიმუ მოკლავდა სპილოს. მზიმუ არის სიკვდილი.

   ანაზდად კალის საუბარი ხის შიგნით ატეხილმა ტკაცატკუცმა და ხმაურმა შეაწყვეტინა. ქვედა ფუღუროდან გამოვარდა საოცარი, მოწითალო მტვერი, რასაც კიდევ უფრო ძლიერი ტკაცუნი მოჰყვა.

   კალი თავლისდახამხამებაში მიწაზე დაემხო და შეშინებული აყვირდა:

   – აკა! მზიმუ! აკა! აკა! აკა!

   თავდაპირველად სტაშიც შეკრთა და უკან დაიხია, მაგრამ უმალვე გონს მოეგო და, როცა ნელიმ და მეამ მოირბინეს, მშვიდად აუხსნა, რა შეიძლებოდა მომხდარიყო.

   – როგორც ჩანს, – ამბობდა, – შიგნით თავმოყრილი ფუტურო სითბოსაგან გაფართოვდა და კედლებს მომწყდარი დაბლა, ნახშირს დაეყარა. ამას კი მზიმუ ჰგონია. მიდი, მეა, ხვრელში წყალი შეასხი, თორემ, თუ ნაკვერჩხალი არ ჩაქრა, შეიძლება ფუტუროს ცეცხლი წაეკიდოს და ხე სულ დაიწვას.

   რომ ნახა, კალი ისევ მიწაზე იწვა და განუწყვეტლივ იმეორებდა “აკა! აკა!” თოფი აიღო, ღიობში შეყო, ისროლა და ბიჭი კონდახით შეანჯღრია.

   – შენი მზიმუ მკვდარია. ნუ გეშინია!

   კალი გაიმართა, მაგრამ მაინც მუხლებზე იდგა.

   – ო, დიდო ბატონო! დიდო!.. თქვენ მზიმუსიც არ გეშინიათ?

   – აკა! აკა! – გამოაჯავრა სტაშმა ზანგს.

   და სიცილი წასკდა.

   ცოტა ხნის შემდეგ კალი დამშვიდდა და, როცა მეას მომზადებულ საჭმელს მიუჯდა, აღმოჩნდა, წამიერ შიშს მისთვის მადა არ გაეფუჭებინა, რადგან, თავისი წილი შებოლილი ხორცის გარდა, ზებრის კვიცის უმი ღვიძლიც მიირთვა, თუ არ ჩავთვლით უამრავ ველურ ლეღვს, რომელიც ახლომახლოში სოკომორებს ხვავრიელად ესხა. მერე ის და სტაში ისევ მიუბრუნდნენ ხეს, სადაც სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი იყო. ფუტუროდან ნახშირის გამოგვას, ასეულობით შეტრუსული ხოჭოს და უშველებელი ასფეხების, აგრეთვე ათეულობით დამწვარი ღამურის გარეთ გამოტანას თითქმის ორი საათი მოანდომეს. სტაშს ძალიან გაუკვირდა, როგორ ცხოვრობდნენ ღამურები გველის მეზობლად, მაგრამ ივარაუდა: უზარმაზარი პითონი ასე პაწია ფრინველს ან არ კადრულობდა, ანდა ხის შიგნით, რადგან ვერაფერს შემოეხვეოდა, უბრალოდ ვერ სწვდებოდა მათ შესაჭმელად. ნახრიშის სიმხურვალემ ფენა-ფენად დადებული ფუტურო მთლად ჩამოწმინდა და ხის შიგნითა კედლები ისე გაკრიალდა, სტაში სიხარულით აღარ იყო, დიდი ოთახისხელა სივრცე ოთხს კი არა, ათ ადამიანსაც კი დაიტევდა. ქვედა ხვრელი კარებად გამოდგა, ზედა – სარკმლად, რომლის წყალობითაც ვეებერთელა ხის შიგნით არც ბნელოდა და ჰაერიც საკმარისად ტრიალებდა. სტაშმა კარვის ტილოთი იქაურობის ორ ოთახად გატიხვრა მოიფიქრა – ერთი ნელისა და მეასთვის ივარაუდა, მეორე – თავისთვის, კალისა და ლომასთვის. ხე კენწერომდე არ იყო დაფუტუროებული, ამდენად, წვიმა არ ჩაუვიდოდათ და, სულ მთლად უზრუნველად რომ ყოფილიყვნენ, ხეზე მერქანი ისეთნაირად უნდა აეჭრათ, ხვრელებს ზემოდან გადმოფარებოდა. გადაწყვიტეს, დაბლა, მდინარის სანაპიროზე, მზისგან გამომშრალი ქვიშა მოეყარათ, ზემოდან კი მშრალი ხავსი მოეგოთ.

   სამუშაო ძალზე მძიმე გამოდგა, განსაკუთრებით კალისთვის, რომელსაც, გარდა ამისა, ხორცი უნდა შეებოლა, ცხენები დაერწყულებინა და, რაც მთავარია, წამდაუწუმ ეზრუნა მყვირალი სპილოს საჭმელზეც. მაგრამ ჭაბუკი ზანგი ბინის მოწყობას მოწადინებით, ასე განსაჯეთ, სიამოვნებითაც კი შეუდგა, რისი მიზეზიც სტაშს იმავე დღეს გაანდო.

   – როცა დიდი ბატონი და ბიბი, – თქვა დოინჯშემოყრილმა, – ხეში დასახლდებიან, კალის აღარ დასჭირდება ღამღამობით დიდი ღობის აგება და ყოველ საღამოს ვიზარმაცებ.

   – სიზარმაცე გიყვარს? – ჰკითხა სტაშმა.

   – კალი მამაკაცია, კალის უყვარს უსაქმურობა, საქმეს მხოლოდ ქალები უნდა აკეთებდნენ.

   – ხომ ხედავ, რომ მე ბიბისთვის ვმუშაობ.

   – სამაგიეროდ, ბიბი რომ გაიზრდება, დიდი ბატონისთვის ის იმუშავებს, თუ არ მოინდომებს, დიდი ბატონი მას ცემას.

   ბიბის ცემის გაფიქრებაზეც კი სტაში დამდუღრულივით წამოიჭრა და კალის მრისხანედ დაუყვირა:

   – ჩერჩეტო, იცი, ვინ არის ბიბი?

   – არ ვიცი, – უპასუხა შეშინებულმა ზანგმა.

   – ბიბი... ბიბი... კეთილი... მზიმუა!

   კალის მუხლთ მოეკვეთა და ჩაჯდა.

   სამუშაოს რომ მორჩნენ, ნელის გაუბედავად მიუახლოვდა, მის წინაშე თავქვე დაემხო და შემკრთალი კი არა, მავედრებელი ხმით შეჰღაღადა:

   – აკა! აკა! აკა!..

მაგრამ “კეთილმა მზიმუმ” თავისი მშვენიერი, ზღვისფერი თვალები ისე მიაჭყიტა, აშკარად ვერ გაიგო, რა მოხდა და რა უნდოდა კალის მისგან.

 

 

კარი XXVIII

 

ახალი სამფლობელო, რომელსაც სტაშმა “კრაკოვი” უწოდა, სამი დღის განმავლობაში მოწესრიგდა. მანამდე კი მთელი ბარგი-ბარხანა “საკაცო ოთახში” მოათავსეს და თავსხმის დროს ოთხი ახალგაზრდა ჯერაც მოუწყობელ ფუღუროში თავს შესანიშნავად გრძნობდა. ნამდვილი წვიმიანობა დაიწყო, მაგრამ ეს არ ჰგავდა ჩვენებური შემოდგომის გადაუღებელ წვიმას, როცა ცას ჯანღი და მოსაწყენი ღრუბელი ფარავს და თავმომაბეზრებელი ავდარი კვირაობით იწელება. აქ ქარი დღეში რამდენიმეჯერ გადაყრიდა ცას მოდებულ ღრუბლებს, რომლებიც მიწას ბარაქიანად რწყავდნენ, ისევ გამოანათებდა კაშკაშა, თითქოსდა ახალგანბანილი მზე და ოქროსფერ სხივებს დააფენდა კლდეებს, მდინარეს, ხეებსა და მთელ ჯუნგლებს. მცენარეულობა თვალისდახამხამებაში იზრდებოდა. ხეები ხვავრიელად იმოსებოდა ფოთლებით და, სანამ ძველი ნაყოფი ჩამოცვივდებოდა, ტოტებზე ახალი კვირტები ინასკვებოდა. წვიმის გაბმული წვეთებისაგან ჰაერი ისე გამჭვირვალე გახდა, რომ თვით შორეული საგნებიც კი ცხადად გამოჩნდა და მზერა თვალუწვდენელ შორეთს სწვდებოდა. დროდადრო ცაზე საუცხოო, შვიდფერი ცისარტყელა გადაიჭიმებოდა და ჩანჩქერი უჩვეულო სილამაზით იმოსებოდა. დილა-საღამოს მოკლე აისსა და მწუხრს ისე ცინცხალი ნათელი გადასდიოდა, მსგავსი რამ ბავშვებს თვით ლიბიის უდაბნოშიც კი არ ენახათ. სულ დაბალ, მიწასთან მოახლოებულ ღრუბლებს ალუბლისფერი გადაჰკრავდა, მაღალ, უფრო კარგად განათებულებს, ტბების მსგავსად, მეწამული და ოქროსფერი ედოთ, ხოლო სულ პაწაწინა ღრუბლის ფთილები კი ლალის, ამეთვისტოსა და ოპალისფრად ციმციმებდნენ. ღამღამობით წვიმასა და წვიმის ტალღებს შორის მთვარე ბრილიანტებად აქცევდა მიმოზისა და აკაციის ფოთლებზე ჩამოკიდებულ წვეთებს, ხოლო ზოდიაქური სინათლე კრიალა ჰაერში გარემოს უფრო მეტ შუქს ჰფენდა, ვიდრე წლის სხვა დროს.

   ჩანჩქერის ბოლოს განთხეული მდინარიდან ბაყაყების შფოთიანი და გომბეშოების ნაღვლიანი ყიყინი ისმოდა, ხოლო დიდი ცთომილი ვარსკვლავებისხელა ციცინათელები ბამბუკისა და არუმის კორომებს შორის გამოკრთოდნენ.

   მაგრამ, დაფარავდა თუ არა ღრუბლები ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას და გაწვიმდებოდა, უმალვე ბინდი მოიცავდა იქაურობას და ბაობაბში სარდაფივით ჩაკუნაპეტდებოდა. ამ საქმის მოსაგვარებლად სტაშმა მეას მოკლული ცხოველების ქონის გადადნობა უბრძანა და ქილისაგან უმალვე გამართა ჭრაქი, რომელიც ყმაწვილების მიერ სარკმლად მონათლულ ზედა ხვრელთან ჩამოკიდეს. იმ სარკმლიდან გამავალი შუქი სიბნელეში შორიდან ჩანდა და ველურ მხეცებს აფრთხობდა, სამაგიეროდ იზიდავდა ღამურებს და ფრინველებსაც კი, ასე რომ, ბოლოს კალი იძულებული გახდა, ეკალ-ბარდისგან გაეკეთებინა ისეთივე საფრები, როგორებითაც ღამ-ღამობით ქვედა ხვრელს კეტავდნენ.

   თუმცა დღისით, თუ კარგი ამინდი იდგა, ბავშვები “კრაკოვიდან” გამოდიოდნენ და უმალვე გორასა და მის შემოგარენს მოედებოდნენ. სტაში ანტილოპა – არიელსა და მდინარის ქვედა წელთან გამოჩენილ სირაქლემების ჯოგზე სანადიროდ მიდიოდა, ნელი კი თავის სპილოსთან, რომელიც ადრე მხოლოდ საჭმლისთვის ბღაოდა, ახლა კი – მაშინაც, როცა თავისი პაწია მეგობარი მოენატრებოდა. იგი ყოველთვის მხიარული გამომეტყველებით ესალმებოდა და შორიდან მისი ნაბიჯებისა და ხმის გაგონებისთანავე ყურებს წინ წამოწევდა.

   ერთხელაც, როცა სტაში სანადიროდ წავიდა, ხოლო კალი ჩანჩქერის იქით თევზაობდა, ნელიმ ხეობის ჩამკეტი კლდისაკენ წასვლა გადაწყვიტა, რათა ენახა, სტაში რას მოუხერხებდა ან საქმე უკვე ხომ არ დაეწყო. სადილის თადარიგით გართულმა მეამ მისი წასვლა ვერ შეამჩნია.

   კლდის ღრმულებში უხვად ამოზრდილ უჩვეულო ბეგონიას* ყვავილების კრეფით გართული გოგონა შეუმჩნევლად მიუახლოვდა დამრეცს, რომელზეც ადრე ხეობას ამოუყვნენ და დაბლა ჩასული კლდის წინ აღმოჩნდა. მშობლიურ კედელს მომწყდარ ვეებერთელა ლოდს ხეობის ყელი უწინდელივით ჩაეკეტა. თუმცაღა, ნელის თვალს არ გამოჰპარვია მასა და კედელს შორის ფართო გასასვლელი, რომელშიც დიდი ადამიანიც კი თავისუფლად გაეტეოდა. ერთხანს იყოყმანა, მაგრამ გაიარა და მეორე მხარეს აღმოჩნდა. მაგრამ აღმოჩნდა მოსახვევი, რომლის გავლის შემდეგ შეიძლებოდა ჩანჩქერით ჩაკეტილ განიერ შესართავთან გასვლა. ნელი შეყოყმანდა: “ცოტას კიდევ გავივლი, კლდის იქით გავიხედავ, თვალს შევავლებ სპილოს, რომელიც მაინც ვერ დამინახავს და გამოვბრუნდები”. ამ ფიქრებში გართული ნება-ნება, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ, სანამ არ მიაღწია იმ ადგილს, სადაც ანაზდად ხეობა პაწია დაბლობად გარდაიქმნებოდა და, სპილო დაინახა. მისგან ზურგშექცევით მდგარს, ჩანჩქერში ხორთუმი ჩაეყო და წყალს სვამდა: ამით გამხნევებულმა და კლდეზე აკრულმა ნელიმ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მერე კიდევ და ამასობაში ვეებერთელა ცხოველმა, რომელსაც გვერდების დასველება მოუნდა, თავი მოაბრუნა და, გოგონა დაინახა თუ არა, იმწამსვე მისკენ დაიძრა.

   ნელის ძალიან შეეშინდა, მაგრამ უკანდასახევი დრო აღარ იყო, მუხლი მუხლს მიაჭირა, სპილოს ლამაზად მიესალმა, მერე ბეგონია გაუწოდა და ოდნავ მთრთოლვარე ხმით მიმართა:

   – გამარჯობა, საყვარელო სპილო! ვიცი, რომ არაფერს დამიშავებ და ამიტომაც მოვედი მოსასალმებლად... ოღონდ მარტო ეს ყვავილები მაქვს...

   გიგანტი მიუახლოვდა, ხორთუმი გაუშვირა, პაწია ხელიდან ბეგონია გამოართვა, მაგრამ პირში ჩადებისთანავე მიწაზე დაყარა, რადგან აშკარად არ მოეწონა არც მისი ბანჯგვლიანი ფოთლები და არც ყვავილები. ახლა ნელიმ თავს ზემოთ ვეებერთელა, შავი გველისნაირი მოძრავი ხორთუმი დაინახა; სპილომ ხორთუმი ჯერ ერთ ხელზე შეახო, მერე – მეორეზე, შემდეგ ორივე მხარეზე და ბოლოს დაბლა დაუშვა და გააქან-გამოაქნია.

   – ვიცოდი, რომ არაფერს დამიშავებდი, – გაიმეორა გოგონამ, თუმცა შიში საბოლოოდ არ გაქრობოდა.

   სპილომ თავისი ზღაპრული ყურები უკან გადაწია, ხორთუმთან ერთად დახარა და მხიარულად აბუყბუყდა, როგორც ბუყბუყებდა ყოველთვის, როცა გოგონა ხეობის კიდეს მიადგებოდა ხოლმე.

   და, როგორც ერთხელ სტაში ლომის წინ, ახლაც ეს ორნი დამდგარიყვნენ ერთმანეთის პირისპირ – სპილო ვეებერთელა, სახლისა თუ კლდისოდენა – გოგონა, პაწაწკინტელა ნამცეცა, რომლის გასრესაც სიბოროტით კი არა, თუნდაც ერთი უყურადღებო გატოკებით შეეძლო.

   მაგრამ კეთილი და გონიერი ცხოველი საერთოდ არც განძრეულა, რადგან აშკარად შეეტყო, პაწია სტუმრის მისვლამ უზომოდ გაახარა.

   ნელიმ გაბედა და თვალები ნება-ნება აწია მაღლა და ბოლოს ისე შეხედა, როგორც მაღალ სახურავს. ხელი ყოყმანით გაუშვირა და ჰკითხა:

   – შეიძლება, ხორთუმზე მოგისვა?

   მართალია, სპილოს ინგლისური არ ესმოდა, მაგრამ ხელის მოძრაობაზე უმალვე მიხვდა, რასაც სთხოვდა და თავისი ორმეტრიანი ცხვირის წვერი ხელისგულში ჩაუდო.

   ნელი ხორთუმზე ჯერ ერთ ხელს უსვამდა ფრთხილად, გაუბედავად, მერე ორივეთი მიეფერა, ბოლოს კი მკლავები შემოხვია და მთელი თავისი ბალღური უშუალობით მიეკრა.

   სპილომ ფეხები მორიგეობით აამოძრავა და მხიარული ბუყბუყი ამოუშვა.

   ცოტა ხნის შემდეგ გოგონას გალეულ სხეულს ხორთუმი შემოხვია, მაღლა ასწია და მსუბუქად დაარწია მარჯვნივ და მარცხნივ.

   – კიდევ! კიდევ! – ყვიროდა გამხიარულებული ნელი.

   და გართობა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მერე გათამამებულმა გოგონამ სხვა გასართობი გამოიგონა. მიწაზე დაშვებული სპილოს წინა ფეხზე, როგორც ხეზე, აცოცებას ცდილობდა, ანდა მის ქვეშ იმალებოდა და ეკითხებოდა, აბა, თუ მიპოვიო. ამ თამაშ-თამაშისას შეამჩნია წინა და, უფრო მეტად კი უკანა ფეხებზე შერჭობილი დიდრონ-დიდრონი ეკლები, რომელთა ამოცლასაც ეს ძლიერი ცხოველი ვერ ახერხებდა ჯერ ერთი იმიტომ, რომ უკანა ფეხებს ხორთუმს ასე იოლად ვერ აწვდენდა, მეორეც იმიტომ, რომ ეშინოდა, არ გაეკაწრა ხორთუმის წვერზე წამოზრდილი თითი, ურომლისოდაც მოხერხებულობასა და სიმარჯვეს უნდა გამსოთხოვებოდა. ნელი, რასაკვირველია, აზრზეც არ იყო, რომ ინდოეთში, და მით უფრო ეკალ-ბარდებით მოფენილ აფრიკაში სპილოებისთვის ფეხში ეკლების შერჭობა დიდ უბედურებას წარმოადგენდა. გოგონას შეებრალა ეს დარბაისელი გოლიათი, ჰოდა, დაუფიქრებლად მიუცუცქდა ფეხთან და ჯერ დიდი ეკლების ამოძრობას შეუდგა ნაზად, მერე – უფრო პატარებისას, თან სპილოს ენამოუღლელად ეჟღურტულებოდა და ამშვიდებდა, ერთსაც არ ჩაგიტოვებო. მასაც შესანიშნავად ესმოდა, რასაც ეუბნებოდა, ფეხს მუხლში ღუნავდა, რითიც აჩვენებდა, რომ ტერფსა და ჩლიქებით დაფარულ თითებშუაც ჰქონდა ეკლები, რომლებიც გაუსაძლის ტკივილს იწვევდა.

   მაგრამ ამასობაში სტაში ნადირობიდან დაბრუნდა და მეას უმალვე გოგონას ადგილსამყოფელი ჰკითხა. პასუხის გაგონებისთანავე, ალბათ, ხეში იქნებაო, ბაობაბის შიგნით შეხედვა დააპირა, მაგრამ ანაზდად მოეჩვენა, რომ ხმა ხეობიდან მოესმა. საკუთარ ყურებს არ დაუჯერა, უმალვე იქით გაიქცა და დაბლა ჩახედვისთანავე გაშეშდა. გოგონა გოლიათის ფეხთან იჯდა, ის კი მშვიდად იდგა და, რომ არა ხორთუმისა და ყურების მოძრაობა, ქვისგან გამოქანდაკებული გეგონებოდათ.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი