– ნელი! – იყვირა სტაშმა.

   საქმით გართულმა გოგონამ კი მხიარულად უპასუხა.

   – ახლავე, ახლავე.

   ამაზე ბიჭმა, რომელსაც საფრთხის წინაშე ყოყმანი არ სჩვეოდა, ცალი ხელით თოფი აწია, მეორე ქერქგაცლილი ლიანას ღეროს ჩაავლო, ფეხზე დაიხვია და თვალისდახამხამებაში ხეობის ფსკერზე ჩაეშვა.

   სპილომ ყურები მოუსვენრად შეარხია, მაგრამ ამ დროს ნელი ადგა და ხორთუმზე ხელშემოხვეულმა სწრაფად შესძახა.

   – ნუ გეშინია, სპილოვ, ეს სტაშია.

   სტაში უმალვე მიხვდა, რომ გოგონას საფრთხე არ ემუქრებოდა, მაგრამ მუხლების კანკალი ჯერაც ვერაფრით დაიოკა, გული გამალებით უცემდა და, სანამ გონს საბოლოოდ მოეგებოდა, შიშისა და სიბრაზისაგან მოგუდული ხმით დაიწყო:

   – ნელი, ნელი, ეს რა ქენი?

   გოგონამ აუხსნა: ცუდი არაფერი მიქნია, სპილო კეთილია და უკვე საბოლოოდ მოთვინიერებული; მარტო ერთხელ მინდოდა შემეხედა და გამობრუნებას ვაპირებდი, მაგრამ გამაჩერა და თამაში დამიწყო, სულ, სულ ფრთხილად მაქანავა და, თუ გინდა, შენც გაქანავებსო.

   ამას რომ ამბობდა, ერთი ხელი ხორთუმის წვერზე ჩაავლო და სტაშს მიუახლოვდა, მერე რამდენიმეჯერ გააქნია მარჯვნივ და მარცხნივ, თან იმავდროულად სპილოს ეუბნებოდა.

 – სპილოვ, სტაშიც აქანავე!

   ჭკვიანი ცხოველი მისი მოძრაობით ამჯერადაც მიხვდა, რა უნდოდათ მისგან და წელზე ხორთუმშემოხვეული სტაში უმალვე ჰაერში აღმოჩნდა. ამასთანავე, ისეთი უცნაური და თანაც თავშესაქცევი სხვაობა იყო მის ჯერაც ბრაზიან სახესა და ჰაერში ქანაობას შორის, რომ პატარა მზიმუს სიცილი წასკდა, ტაში შემოჰკრა და წეღანდელივით აყვირდა:

   – კიდევ, კიდევ!

   და, რამდენადაც შეუძლებელია სათანადო ღირსების შენარჩუნება და მორალის კითხვა მაშინ, როცა სპილოს ხორთუმზე გამობმული კაცი ჰაერში ჰკიდია და უნებლიეთ საქანელას მოძრაობებს ასრულებს, ბოლოს და ბოლოს, ბიჭიც ახარხარდა. მაგრამ კარგა ხნის შემდეგ მიხვდა, რომ ხორთუმის რწევა ნელდებოდა და სპილო მიწაზე დასმას უპირებდა, თავში ახალმა აზრმა გაუელვა. ზუსტად იმ დროს, როცა უზარმაზარი ყურის მახლობლად აღმოჩნდა, წამით ისარგებლა, ორივე ხელი ჩაავლო, ზედ ააცოცდა და თვალის დახამხამებაში სპილოს კისერზე მოევლო.

   – აბა, – ჩამოსძახა ნელის ზემოდან, – მიხვდეს, რომ მე უნდა დამემორჩილოს.

   და ბატონ-პატრონის გამომეტყველებით მოუტყაპუნა თავზე ხელი.

   – კი მაგრამ, – შესძახა ქვემოდან ნელიმ, – მანდედან როგორღა ჩამოხვალ?

   – მაგაზე იოლი რაღაა, – მიუგო სტაშმა. ფეხები შუბლზე გადააწყო, სპილოს ხორთუმზე შემოაჭდო და როგორც ხიდან, ისე ჩამოცოცდა.

   – აი, როგორ ჩამოვალ!..

   ამის შემდეგ სპილოს ფეხებზე დარჩენილი ეკლების ამოძრობას შეუდგნენ, რაზეც ცხოველი უჩვეულო მოთმინებას იჩენდა.

   ამასობაში წვიმის პირველი წვეთები წამოვიდა, ჰოდა, სტაშმა უმალვე ნელის “კრაკოვში” წაყვანა დააპირა, მაგრამ ამ დროს ერთ წინააღმდეგობას წააწყდა. სპილოს არაფრის დიდებით არ სურდა ნელისთან განშორება და რამდენჯერაც წასვლა დააპირა, ხორთუმით იმდენჯერვე უკან დააბრუნა და თავისკენ მიიზიდა. მდგომარეობა გართულდა და მხიარული გართობა ცხოველის სიჯიუტის გამო შეიძლება ცუდად დამთავრებულიყო. ბიჭმა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, რადგან წვიმამ თანდათან იმატა და შესაძლოა, თავსხმაშიც გადაზრდილიყო. ორივენი ნება-ნება, თითქმის შეუმჩნევლად მიიწევდნენ გასასვლელისკენ, მაგრამ სპილოც მათ მიჰყვებოდა.

   ბოლოს, სტაში მასა და ნელის შორის ჩადგა, თვალებში მსუსხავი მზერა მიანათა, იმავდროულად ნელის ხმადაბლა უთხრა:

 – არ გაიქცე, მაგრამ უკან-უკან დაიხიე ვიწრო გასასვლელისკენ.

   – მერე შენ? – ჰკითხა გოგონამ.

   – დაიხიე-მეთქი, – გაუმეორა დაჟინებით, – თორემ იძულებული გავხდები, სპილოს ვესროლო.

   ამ მუქარას გოგონა უსიტყვოდ დაემორჩილა, თუმცა სპილოს იმედი კი ჰქონდა და სჯეროდა, რომ იგი სტაშს არას დაუშავებდა.

   ბიჭი სპილოს წინ ოთხიოდ ნაბიჯზე იდგა და თვალს არ აცილებდა.

   ასე გავიდა რამდენიმე წუთი. მდგომარეობა საშინლად დაიძაბა. სპილომ ყურები რამდენჯერმე შეარხია, პაწია თვალები რაღაც უცნაურად გაუბრწყინდა და ხორთუმი უცებ მაღლა აწია.

   სტაშმა იგრძნო, რომ გაფითრდა.

   “სიკვდილი!” – გაიფიქრა.

   მაგრამ გოლიათი მოულოდნელად შებრუნდა თხრილის კიდისაკენ, სადაც ჩვეულებისამებრ ხედავდა ხოლმე ნელის და ისე საბრალოდ აბღავლდა, როგორც არასდროს.

   სტაში მშვიდად წავიდა გასასვლელისკენ და კლდის უკან შეხვდა ნელის, რომელსაც უმისოდ იქიდან ფეხიც არ მოუცვლია.

   ბიჭმა თავი ძლივს შეიკავა, რომ არ ეთქვა: “ხედავ, რა ქენი? შენს გამო კინაღამ დავიღუპე!” მაგრამ საყვედურების დრო აღარ იყო, რადგან წვიმა ნამდვილ თავსხმაში გადაიზარდა და, რაც შეიძლება, სწრაფად უნდა დაბრუნებულიყვნენ. ნელი თავიდან ფეხებამდე გაილუმპა, თუმცა სტაშმა თავისი ტანსაცმელი შემოახვია.

   ხეში შესულმა ზანგ გოგოს უბრძანა, ნელისთვის უმალვე ტანსაცმელი გამოეცვალა – თავად კი საკაცო ოთახში წინდაწინ დაბმული ლომა აუშვა (ლომას იმიტომ აბამდა, სანადიროდ არ გაჰყოლოდა კვალდაკვალ და ნადირი არ დაეფრთხო), მერე ტანსაცმლისა და შეკრულების ჩხრეკას მოჰყვა იმ იმედით, ეგებ მივიწყებული ქინაქინას მწიკვი მაინც ვიპოვოო.

   მაგრამ ვერაფერი იპოვა. მხოლოდ ხარტუმელი მისიონერის მიერ მიცემული შუშის ქილის ფსკერზე იყო იმდენად მცირეოდენი ფხვნილი, მხოლოდ თითის წვერს თუ მოათეთრებდა. მაინც გადაწყვიტა, ქილაში მდუღარე წყალი ჩაესხა და ნელისთვის დაელევინებინა.

   მერე, რომ გადაიკარა და ისევ მზემ გამოანათა, ხიდან გამოვიდა კალის მოტანილი თევზების სანახავად. კალის წვრილი ტოტისგან გაკეთებული ანკესით რამდენიმე თევზი დაეჭირა, უმეტესწილად პატარები, მაგრამ სამი ცალი, მტკაველისხელა, ვერცხლისფრად დაწინწკლული და საოცრად მსუბუქი იყო. ცისფერი ნილოსის სანაპიროზე გაზრდილ მეას თევზის ავ-კარგი ესმოდა და თქვა, ესენი საჭმელად ვარგისები არიან და საღამოხანს წყალში მაღლა-მაღლა ხტიანო. მათი გამოშიგვნისას აღმოჩნდა, რომ მსუბუქები იყვნენ იმიტომ, რომ ვეებერთელა ბუშტები ჰქონდათ. სტაშმა ერთი ვაშლისხელა ბუშტი აიღო და ნელის აჩვენა.

   – შეხე, – უთხრა, – ეს თევზში ზის. რამდენიმე ასეთი ბუშტით ჩვენს სარკმელს შუშას ჩავუსვამდი.

   და თითი ხის ზედა ხვრელისაკენ გაიშვირა.

   მაგრამ ერთხანს ჩაფიქრებულმა მოგვიანებით დასძინა:

   – და კიდევ სხვა რამესაც გავაკეთებდი.

   – რას? – ჰკითხა გულისხმაში ჩავარდნილმა ნელიმ.

   – ფრანს.

   – პორტ-საიდში რომ უშვებდი, ისეთს? ო, რა კარგია! გააკეთე!

   – გავაკეთებ. გახლეჩილი, წვრილი ბამბუკისაგან ჩარჩოებს შევკრავ, ამ ბუშტებს კი ქაღალდის მაგივრად ვიხმარ. ნახე, ქაღალდს თუ არ აჯობოს, რადგან უფრო მსუბუქია, წვიმაც ვერ დაასველებს. ასეთი ფრანი ძალიან მაღლა აფრინდება.

   ამ დროს უცებ შუბლზე ხელი შემოირტყა:

   – რაღაც მოვიფიქრე.

   – რა?

   – ნახავ. კარგად რომ მოვიფიქრებ, მერე გეტყვი. ეს სპილო კიდევ ისე ბღავის, ლაპარაკიც არ შეიძლება...

   სპილოს, ალბათ, ნელი ან შეიძლება ორივე ბავშვი მოენატრა და ისე ბღაოდა, მთელი ხეობა და ახლო-მახლო ხეები თრთოდა.

   – უნდა ვეჩვენოთ, – თქვა ნელიმ, – და დამშვიდდება.

   და ხეობისაკენ წავიდნენ. მაგრამ ფიქრებში გართული სტაში ჩურჩულს მოჰყვა.

   “ფაშოდელი დავრიშების ტყვეობიდან თავდახსნილი პორტ-საიდელი ნელი რავლისონი და სტანისლავ ტარკოვსკი იმყოფებიან...”

   და შეჩერებულმა იკითხა:

   – როგორ აღვნიშნო, სად?

   – რა, სტაშ?

   – არაფერი, არაფერი. უკვე ვიცი: იმყოფებიან თეთრი ნილოსიდან აღმოსავლეთით ერთი თვის სავალზე – და სასწრაფოდ დახმარებას ითხოვენ...” როცა ქარი ჩრდილოეთისა ან აღმოსავლეთისკენ დაუბერავს, ოც, ოცდაათ, ას ამგვარ ფრანს გავუშვებ, შემდეგ ხომ მომეხმარები მათ დაწებებაში?

   – ფრანების?

   – ჰოდა, გამოგიტყდები, რომ მაგ ფრანებს უფრო მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლია, ვიდრე ათ სპილოს.

   ამასობაში კიდეც მიუახლოვდნენ და დაიწყო გოლიათის წარმოდგენა: ფეხების მონაცვლეობით ბარტყუნი, თავის კანტური, ყურების ქნევა, ბუყბუყი და ისევ ნაღვლიანი ბღავილი, როცა თუნდაც ოდნავ მოსცილდებოდა. ბოლოს, გოგონა იძულებული გახდა, “საყვარელი სპილოსთვის” აეხსნა, რომ არ შეეძლო სულ მის გვერდით ჯდომა, რომ ხანდახან უნდა ეჭამა, დაეძინა, კარავში “ემუშავა” და ედიასახლისა კიდეც. მაგრამ სპილო მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა ფიწლით კალის მიერ მოგროვებული საჭმელი ჩაუყარა, თუმცა საღამოს ისევ მოითხოვა მასთან შეხვედრა.

   ბავშვებმა სპილოს იმავე საღამოს “კინგი” დაარქვეს, რადგან ნელი ირწმუნებოდა, ამ ხეობაში მოხვედრამდე იგი უეჭველად მთელი აფრიკული სპილოების მეფე იყოო.

 

 

კარი XXIX

 

მომდევნო დღეებში, თუკი არ წვიმდა, ნელი მთელ დროს დაუზარებლად ატარებდა კინგთან, რომელიც მასთან განშორებაზე უარს აღარ ამბობდა, რადგან მიხვდა, გოგონა დღეში რამდენიმეჯერ ისევ ბრუნდებოდა. კალის სპილოებისა საერთოდ ძალიან ეშინოდა და მათ ურთიერთობას განცვიფრებული უყურებდა, მაგრამ მერე დარწმუნდა, რომ ძლიერმა კეთილმა “მზიმუმ” იგი მოაჯადოვა და თავადაც დაიწყო მასთან ჩასვლა. კინგი მასაც და მეასაც კეთილად ეპყრობოდა, მაგრამ მხოლოდ ნელის აძლევდა ყველაფრის უფლებას და კვირის თავზე გოგონამ მასთან ლომას მიყვანაც გაბედა. სტაშმა შვებით ამოისუნქთა, რადგან გულდამშვიდებით შეეძლო მის იმედად, უფრო სწორად კი, როგორც თავად ამბობდა, სპილოს ხორთუმის იმედად ნელის დატოვება და სანადიროდ უშიშრად წასვლა, თანაც ხანდახან კალის წაყვანაც. იმისიც სჯეროდა, რომ კეთილშობილი ცხოველი ამიერიდან მათ აღარ მიატოვებდა და ფიქრს შეუდგა, როგორ გაეთავისუფლებინა გამომწყვდეული.

   თუმცა, უნდა ითქვას, ამის საშუალებას დიდი ხანია, მიაგნო, მაგრამ იგი მეტად დიდ მსხვერპლს მოითხოვდა და ამიტომაც გადაჰქონდა დღითი დღე უკან, რადგან გულისნადებს ვერავის უმჟღავნებდა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, ჩანაფიქრი ნელისთვის გაენდო, თუმცა ამ საქმისათვის იგი მეტისმეტად პატარა ეჩვენებოდა.

   – კლდის აფეთქება დენთით შეიძლება, – თქვა, – მაგრამ ამისათვის უამრავი ვაზნა უნდა გაფუჭდეს, ანუ იქიდან ჯერ ტყვია უნდა გამოვიღოთ, გამოვყაროთ საფანტი და მისგან ერთი დიდი ვაზნა გავაკეთოთ. იმ ვაზნას ჩავდებ კლდის ყველაზე ღრმა ნაპრალში, მაგრად ჩავჭედ და ავაფეთქებ. კლდე დაიშლება, დაიფშვნება და კინგის გამოყვანაც მოხერხდება.

 – დიდი ქუხილი რომ იქნება, ხომ არ შეეშინდება?

 – შეეშინდება და შეეშინდეს! – მკვირცხლად მიუგო სტაშმა. – მაგი სულ არ მედარდება. შენთან ლაპარკს აზრი არა აქვს.

   მაგრამ ლაპარაკი, უფრო სწორად კი ხმამაღლა ფიქრი, მაინც განაგრძო:

   – ცოტა ვაზნა რომ ვიხმარო, კლდე არ გასკდება და ვაზნები ტყუილუბრალოდ გაფუჭდება. საჭირო რაოდენობის დახარჯვით კი ცოტაღა დაგვრჩება. მგზავრობის დასასრულს რომ დაგვაკლდეს, სიკვდილი გვემუქრება. რადგან რიღათი ვინადირო ან რაიმე თავდასხმის შემთხვევაში, რით დაგიცვა? შენც კარგად იცი, ეს თოფი და ვაზნები რომ არა, უკვე რა ხანია დახოცილნი ვიქნებოდით ან გებჰრის ხელით, ანდა შიმშილით. ნამდვილი ბედნიერებაა ისიც, რომ ცხენები გვყავს, თორემ ამდენ ბარგი-ბარხანასა და ტყვია-წამალს ჩვენ ვერ ვზიდავდით.

   ამაზე ნელიმ თითი მაღლა აწია და თავდაჯერებით წარმოთქვა:

   – მე თუ ვეტყვი, კინგი ყველაფერს წაგვიღებს.

   – ტყვია-წამალს როგორღა წაგვიღებს, თუ ცოტა დაგვრჩა?

   – სამაგიეროდ დაგვიცავს...

   – მერე თავისი ხორთუმით ნადირს ისე ხომ ვერ ესვრის, როგორც მე – თოფით.

   – მაშინ ლეღვს შევჭამთ და იმ დიდ ნესვებს, ხე რომ ისხამს, კალი კიდევ თევზებს დაგვიჭერს.

   – სანამ მდინარესთან ვიქნებით, კი. წვიმის სეზონი აქ უნდა გავატაროთ, რადგან ამდენ თავსხმაში ციება აუცილებლად დაგემართება. ამიტომაც გახსოვდეს, მერე გზას გავაგრძელებთ და უდაბნოში გავალთ.

   – საჰარასნაირ უდაბნოში? – შიშნეულად იკითხა ნელიმ.

   – არა, ისეთში, სადაც, მართალია, არც მდინარეებია და არც ხეები, მაგრამ დაბალი აკაციები და მიმოზები მაინც იზრდება. იქ თავს გავიტანთ იმით, რასაც მოვინადირებ. კინგი იქ თავისთვის ბალახს იპოვის, მე კი – ანტილოპებს, მაგრამ, თუ ტყვიები არ მექნა, კინგი მათ ვერ დაიჭერს.

   საფიქრალი სტაშს მართლა ჰქონდა, რადგან ახლა, როცა სპილო უკვე მოთვინიერდა და მათთან უკვე გულითადი მეგობრობა გააბა, უხერხული იყო მისი მიტოვება და შიმშილით სასიკვდილოდ გაწირვა; მისი გათავისუფლების შემთხვევაში ამუნიციის უმეტეს ნაწილს უნდა გამოსთხოვებოდნენ და საკუთარი თავი გაეწირათ დასაღუპავად.

   ამიტომაც იყო, სტაშმა სამუშაო რომ გადადო და გადადო, სამაგიეროდ ყოველ საღამოს გულში იმეორებდა:

 “ეგების, ხვალ რაიმე სხვა საშუალება გამოვნახო”.

   ამასობაში ამ საფიქრალს კიდევ ახლები დაემატა. ჯერ მდინარის მახლობელ ჭალაში კალი საშინლად დაკბინეს ფუტკრებმა, რომელთა სკას მიაგნებინა აფრიკაში საკმაოდ ცნობილმა მონაცრისფრო-მომწვანო მეფუტკრიად ხმობილმა ჩიტმა. ზანგის ბიჭს დაეზარა სკაში საკმარისად შეხრჩოლება და მართალია თაფლი კი მოიტანა, მაგრამ ისე იყო დაკბენილ-დაჯიჯგნილი, რომ მოგვიანებით გრძნობა დაკარგა. კეთილი “მზიმუ” და მეა გვიან საღამომდე აცლიდნენ ნესტრებს და ზედ ადებდნენ მიწას, რომელზეც მერე სტაში წყალს ასხამდა. მიუხედავად ამისა, განთიადისას ისე ცუდად შეიქნა, იფიქრებდით, საბრალო ზანგი კვდებაო. საბედნიეროდ, მზრუნველობისა და ძლიერი ორგანიზმის წყალობით სიკვდილს კი გადაურჩა, მაგრამ ჯანმრთელობა ათი დღის შემდეგ, ძლივს აღიდგინა.

   მეორე ხიფათი ცხენებს შეემთხვა. სტაშმა, ისინი კალის ავადმყოფობის გამო რომ უნდა დაებორკა და წყალზე ეტარებინა, შენიშნა, რომ საშინელი სიგამხდრე დაეწყოთ. შეუძლებელი იყო ამის ახსნა ბალახის ნაკლებობით, რადგან წვიმის წყალობით ბალახი საოცრად აბიბინდა და ყელამდე იყო. მაგრამ ცხენები თვალსა და ხელს შუა დნებოდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ბალანი გაექუცათ, თვალები ჩაუქრათ და ნესტოებიდან სქელი ქაფი წამოუვიდათ. ბოლოს, ჭამა სულ შეწყვიტეს, სამაგიეროდ წყალს ისე ხარბად ეწაფებოდნენ, იფიქრებდით, გულ-გვამში ცეცხლი უკიდიათო. კალი რომ გამომჯობინდა, მათგან ორი ჩონჩხიღა დარჩენილიყო. მაგრამ, შეხედა თუ არა, უცებ მიხვდა, რაც დამართნოდათ.

   – ცე-ცე! – თქვა სტაშისაკენ მიბრუნებულმა. – ესენი მალე დაიხოცებიან.

   ამას სტაშიც მიხვდა, ჯერ კიდევ პორტ-საიდში გაეგონა რამდენიმეჯერ ცე-ცედ წოდებულ აფრიკულ ბუზზე, რომელიც საშინელ განსაცდელში აგდებდა ზოგიერთ მხარეს, რომ იქ, სადაც ის გამუდმებით სახლობდა, ზანგებს საქონელი საერთოდ არ ჰყავდათ, ხოლო იქ, სადაც შემთხვევის წყალობით მოულოდნელად გაჩნდებოდა, საქონელი იღუპებოდა. ცე-ცეს დაკბენილ ცხენს, ხარს თუ ვირს ღონე ეცლება და რამდენიმე დღეში კვდება. ადგილობრივ მცხოვრებთ კარგად ესმით, რას უქადით ეს საფრთხე და ისეც ხდება, დასარწყულებლად ჩასული ხარების ჯოგი იგრძნობს თუ არა საშიშროებას, გიჟური შიშით შეპყრობილი ხარები უმალვე აქეთ-იქით გარბიან.

   სტაშის ცხენები დაკბენილები იყვნენ; ცხენებს და მათთან ერთად ვირს კალიმ სადღაც ჯუნგლებში ნაპოვნი ხახვივით მყრალი ბალახი წაუსვა. ამბობდა, ეს სუნი ცე-ცეს დააფრთხობსო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხენები სულ დამჭლევდნენ. სტაში შიშით ფიქრობდა იმაზე, რა ეშველებოდათ, ცხოველები რომ დახოცილიყვნენ. როგორ წაეღოთ ნივთები, ქეჩები, კარავი, ვაზნები და ჭურჭელი? მართალია, ამ ყველაფრის წაღებას კინგიც მოახერხებდა, მაგრამ მის გასათავისუფლებლად ვაზნების ორ მესამედს უნდა გამოსთხოვებოდნენ.

   სტაშს სულ უფრო და უფრო ბევრი საზრუნავი უჩნდებოდა იმ ღრუბლებისდაგვარად, რომლებიც არა და არ ცხრებოდნენ ჯუნგლების წვიმის წყალობით გასაჯერებლად. მაგრამ ბოლოს კარს მოადგა ისეთი მარცხი, რომელთან შედარებითაც ყველაფერი არარაობად ჩანდა – ეს იყო ციება!

 

 

 

კარი XXX

 

ერთ დღეს, ვახშმობისას, ნელიმ პირთან მიტანილი შებოლილი ხორცის ნაჭერი ანაზდად განზე გაწია და ზიზღნარევი ხმით თქვა:

   – დღეს ჭამა არ შემიძლია.

   სტაში, რომელმაც ამას წინათ კალისგან გაიგო ფუტკრების ადგილსამყოფელი, ახლა ყოველდღე პარავდა მათ თაფლს და დარწმუნებული იყო, რომ გოგონამ დღის განმავლობაში ბევრი თაფლი ჭამა და ამიტომაც არ მიაქცია ყურადღება მის უმადობას. მაგრამ ნელი წუთის შემდეგ ფეხზე წამოხტა და კოცონის ირგვლივ სიარულს მოჰყვა, ბოლოს წრე თანდათან გააფართოვა.

   – ძალიან შორს ნუ გადიხარ! – შეუძახა ბიჭმა – არაფერმა მოგიტაცოს.

   სინამდვილეში არაფრისა ეშინოდა, რადგან სპილოს არსებობა, რასაც მტაცებელი მხეცები გრძნობდნენ და მისი საყვირივით ხმა, რაც მათ ფრთხილ სმენამდე აღწევდა, აიძულებდათ საკმაო მანძილის დაცვას. ამიტომაც იყვნენ უშიშრად ადამიანებიცა და ცხენებიც, რამეთუ ჯუნგლების ყველაზე საშინელი ბინადრებიც კი, როგორიცაა: ლომი, პანტერა და ლეოპარდი სპილოსთან საქმის დაჭერას და მის ხორთუმსა და ეშვებთან მიახლოებას ყოველთვის თავს არიდებდნენ.

   მაგრამ, რადგან გოგონამ ირგვლივ სიარულისას ფეხს აუჩქარა, მიუახლოვდა და ჰკითხა:

   – რაო, ფარვანავ! ცეცხლს რად დასტრიალებ?

   ჯერ მხიარულად ჰკითხა, მაგრამ მალე შეკრთა, ხოლო მისი შეკრთომა კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა ნელიმ უპასუხა:

   – არ ვიცი. ერთ ადგილზე ჯდომა არ შემიძლია.

   – რა დაგემართა?

   – რაღაც მოწყენილი ვარ და თან უცნაური რაღაც...

   ანაზდად თავი მკერდზე ჩამოუვარდა და თითქოსდა საკუთარ დანაშაულს გრძნობსო, მორჩილი, ცრემლნარევი ხმით წარმოთქვა:

   – სტაშ, მგონი, ავადა ვარ.

   – ნელი!

   და უმალვე ხელი მშრალ და ამასთანავე ყინულივით ცივ შუბლზე დაადო. ანაზდად ხელში აიტაცა და კოცონისკენ წაიყვანა.

   – გცივა? – ჰკითხა გზაში.

   – კიდეც მცივა, კიდეც მცხელა, მაგრამ უფრო მცივა...

   კბილს კბილზე აცემინებდა და სხეული უთრთოდა. სტაშს ოდნავადაც არ ეეჭვებოდა: ნელის ციება შეჰყროდა.

   მეას უბრძანა, ახლავე ხეში შეეყვანა, გაეხადა და ჩაეწვინა, მერე კი, რასაც იპოვიდა, ყველაფერი ზედ დაეხურა, რადგან ხარტუმიდან და ფაშოდიდან იცოდა, რომ ციებიან ავადმყოფს ცხვრის ტყავებს ახურავდნენ ოფლის მოსადენად. გადაწყვიტა, მთელი ღამე ნელის გვერდით მჯდარიყო და თაფლიანი ცხელი წყალი ხშირ-ხშირად დაელევინებინა. თავდაპირველად წყლის დალევა არ უნდოდა. ხის შიგნით ჩამოკიდებული ჭრაქის შუქზე სტაშმა მის აპარპალებულ თვალებს ჰკიდა მზერა. მალე სიცხემ შეაწუხა, იმავდროულად ქეჩებსა და შალებში სხეული აუთრთოლდა. ხელები და შუბლი კი ისევ ცივი ჰქონდა. სტაშს რომ ციებ-ცხელებისა რაიმე სცოდნოდა, ნელის საოცრად აჩქარებულ მოძრაობაზე მიხვდებოდა, რომ საშინლად მაღალი სიცხე ჰქონდა. შემკრთალმა შენიშნა, რომ, როცა მეას ცხელი წყალი შემოჰქონდა ხოლმე, გოგონა რაღაცნაირად გაკვირვებული უყურებდა, თითქმის შეშინებულიც კი, მგონი, ვერც ცნობდა, სტაშს კი ჩვეულებრივ ელაპარაკებოდა. წოლა არ შემიძლიაო და სთხოვდა, ნება დამრთე, ავდგე და ვირბინოო, ხან ეკითხებოდა, ხომ არ მიბრაზდები, ავად რომ ვარო და, როცა ვაჟმა დაარწმუნა, არაო, წამწამებით იკავებდა თვალზე მომდგარ ცრემლებს და პირობას აძლევდა, ხვალ სრულიად ჯანმრთელი ვიქნებიო.

   იმ საღამოს, უფრო სწორად, იმ ღამეს სპილო რაღაც საოცარ მოუსვენრობას შეეპყრო და განუწყვეტლივ ღრიალებდა, რაზედაც ლომა ყეფით აძლევდა პასუხს. სტაშმა შეამჩნია, რომ ავადმყოფს ეს აწუხებდა და მათ დასაწყნარებლად გარეთ გავიდა. ლომას დამშვიდება არ გასჭირვებია, მაგრამ სპილოს ვერაფერი გააგებინა. ადგა და, სულ ცოტა ხანს მაინც რომ გაეჩუმებინა, საჭმელი ჩაუყარა. უკან მიბრუნებულმა კოცონის ალზე თვალი მოჰკრა კალის, რომელსაც მხარზე მოგდებული შებოლილი ხორცის ნაჭრები მდინარის დინების მიმართულებით მიჰქონდა.

   – მანდ რას აკეთებ და საით მიდიხარ? – ჰკითხა ზანგს.

   შავი ბიჭი შეჩერდა და მიახლოებულ სტაშს იდუმალი გამომეტყველებით უთხრა:

   – კალიმ მეორე ხეში ბოროტ მზიმუს ხორცი უნდა დაუდოს.

   – რისთვის?

   – იმისთვის, რომ ბოროტმა მზიმუმ კეთილი მზიმუ არ მოკლას.

   სტაშს ეწადა რაღაც ეპასუხა, მაგრამ ანაზდეული დარდი გულზე ლოდივით დააწვა და კრიჭაშეკრული უხმოდ გასცილდა.

   ხეში რომ შებრუნდა, ნელი თვალდახუჭული დახვდა. ქეჩაზე დაწყობილი ხელები ძლიერ უთრთოდა, მაგრამ ეტყობოდა, იძინებდა. სტაში გვერდით ჩამოუჯდა და იმის შიშით, არ გავაღვიძოო, დიდხანს არ განძრეულა. მეორე მხარეს მჯდარი მეა თვლემისგან თავდასაღწევად წამდაუწუმ ისწორებდა ყურებში გაჩრილ სპილოს ძვლის ნაჭრებს. სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ მდინარის მხრიდან აღწევდა ბაყაყებისა და გომბეშოების ყიყინი.

   ანაზდად ნელი საწოლზე წამოჯდა.

   – სტაშ!

   – აგერ ვარ, ნელი!

   ქარში მთრთოლავ ფოთოლს დამსგავსებულმა გოგონამ მის ხელს დაუწყო ძებნა და რამდენჯერმე სწრაფ-სწრაფად გაიმეორა:

   – მეშინია, მეშინია! მომეცი ხელი!

   – ნუ გეშინია, აგერ ვარ.

   და მის ხელს ხელი ჩაავლო, რომელიც ისე ცხელი ჰქონდა, იფიქრებდით, ცეცხლი უკიდიაო; აზრზე არ იყო, რა უნდა ექნა და უმწეობისგან მის გასაცოდავებულ, გაწლობილ ხელს კოცნა დაუწყო.

   – ნუ გეშინია, ნელი, ნუ გეშინია!

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი