ცოტა ხნის შემდეგ უკვე შეგრილებული თაფლიანი წყალი მისცა დასალევად. ამჯერად წყალს გულიანად დაეწაფა და რამდენჯერაც სტაშმა ხელი თავისკენ გამოწია, ნელიმ იმდენჯერ დაუკავა. გრილმა სასმელმა თითქოსდა დაამშვიდა.

   სიჩუმე ჩამოვარდა, მაგრამ ნახევარი საათის შემდეგ ნელი ისევ წამოჯდა, გაფართოებულ თვალებში საზარელი შიში ჩასდგომოდა.

   – სტაშ!

   – რა გინდა, საყვარელო!

   – რატომ დადიან, – ჰკითხა ნაწყვეტ-ნაწყვეტ, – გებჰრი და ხამისი ხის ირგვლივ და რატომ მიყურებენ?

   სტაშს მოეჩვენა, რომ ტანში ათასმა ჭიანჭველამ დაურბინა.

   – რას ამბობ? – უთხრა. – აქ არავინ არის! მხოლოდ კალი დადის ხის ირგვლივ.

   მაგრამ ხვრელისკენ მომზირალმა ნელიმ კბილების კაწკაწით წარმოთქვა:

   – ბედუინებიც არიან! რატომ დახოცე ისინი?

   სტაშმა მკლავები შემოხვია და გულში ჩაიკრა:

   – ხომ იცი, რისთვისაც დავხოცე! იქით ნუ იხედები! ნურც ფიქრობ მაგაზე, ეგ ხომ წინათ იყო.

   – დღეს! დღეს!

   – არა, ნელი, ადრე!..

   მართალია, ეს დიდი ხნის წინათ იყო, მაგრამ ნაპირს მომწყდარ ტალღასავით უკან დაბრუნდა და ისევ შიშით აავსო ავადმყოფი ნორჩის გონება.

   ყველა დამამშვიდებელი სიტყვა ამაო გამოდგა. ნელის თვალები სულ უფრო და უფრო უფართოვდებოდა. გული ისე გამალებით უცემდა, იფიქრებდით, სადაცაა, გაუსკდებაო. მერე ნაპირზე ამოგდებული თევზივით აფართხალდა და ასე გაგრძელდა თითქმის დილამდე. განთიადისას კი ძალაგამოცლილს თავი ბალიშზე დაუვარდა.

   – ცუდად ვარ! ცუდად! – იმეორებდა. – სტაშ, სადღაც დაბლა ვვარდები.

   თქვა და თვალები დახუჭა.

   პირველ წუთებში სტაში საშინელმა შიშმა შეიპყრო, რადგან ეგონა, რომ მოკვდა. მაგრამ ეს იყო დასასრული “მომაკვდინებლად” წოდებული ამ საშინელი აფრიკული ციებ-ცხელების პირველი შეტევისა, რომლის ორ შეტევას მხოლოდ მაგარი და ჯანმრთელი ადამიანები თუ უძლებენ; მესამისთვის კი დღემდე არავის გაუძლია. მოგზაურები ამის თაობაზე ხშირად ლაპარაკობდნენ პორტ-საიდში, პან რავლისონის სახლში, უფრო ხშირად კი ევროპისაკენ მიმავალი კათოლიკეები, რომლებსაც პან ტარკოვსკი თავის სახლში გულღია მასპინძლობას უწევდა. მეორე შეტევა ავადმყოფს ეწყებოდა რამდენიმე ან რამდენიმე ათეული დღის შემდეგ, მესამე კი, თუ ორი კვირის შემდეგ არ დაეწყებოდა, სასიკვდილო არ იყო, რადგან იგი უკვე ითვლებოდა, როგორც პირველი ავადმყოფობის მეორედ შებრუნებული ვარიანტი. სტაშმა იცოდა, რომ ერთადერთი წამალი, რომელსაც შეეძლო შეტევის შეწყვეტა ანდა თავიდან აშორება, ქინაქინას დიდი დოზები იყო, მაგრამ ამჯერად მისი მისხალიც კი აღარ ჰქონდა.

   სტაშმა რომ შენიშნა, ნელი სუნთქავსო, ცოტათი დამშვიდდა და მისთვის ლოცვა დაიწყო. ამასობაში, კლდის იქითა მხრიდან მზე ამოგორდა და დღეც გათენდა. სპილომ მათ საუზმე შეახსენა, ხოლო მდინარის განთხეული სანაპიროდან წყლის ფრინველების ხმობამ მოაღწია. ნელისთვის წვნიანის მოსახარშავად სტაშმა ორიოდ პენტარეკის მოკვლა გადაწყვიტა, თოფს ხელი წამოავლო და მდინარის სანაპიროს გაუყვა მაღალი ბუჩქნარებისაკენ, სადაც ფრთოსნები ღამ-ღამობით სხდებოდნენ ხოლმე. მაგრამ ისეთი გამოუძინებელი იყო და მისი ფიქრებიც ისე იყო გოგონას ავადმყოფობით დაკავებული, რომ პენტარეკების მთელმა გუნდმა გვერდით ჩაუარა გოგმან-გოგმანით, ერთიმეორის მიყოლებით, – ალბათ, დასარწყულებლად მიდიოდნენ მდინარისაკენ, მან კი ისინი საერთოდაც ვერ შეამჩნია. ეს იმიტომაც დაემართა, რომ განუწყვეტლივ ლოცულობდა. თან გებჰრის, ხამისისა და ბედუინების მკვლელობაზე ფიქრობდა და ზეცისაკენ თვალებმიპყრობილს ცრემლები ახრჩობდა: ეს ნელის გულისთვის ჩავიდინე, უფალო, ნელის გულისთვის! – რადგან სხვაგვარად მისი დახსნა არ შემეძლო, მაგრამ, თუ ეს ცოდვაა, მე დამსაჯე, ის კი გამომჯობინდეს!..

   გზად სტაში შეხვდა კალის, რომელიც ტყეში მიდიოდა, რათა ენახა, ბოროტმა მზიმუმ გუშინ ხორცი თუ შეჭამაო. ახალგაზრდა ზანგსაც უყვარდა ბიბი და მისთვის ლოცულობდა, მაგრამ ლოცულობდა სულ სხვანაირად. მან ბოროტ მზიმუს მიმართა: თუ ბიბი გამომჯობინდა, ყოველდღე მოგიტან ხორცის ნაჭერს, მაგრამ, თუ მოკვდა, ხომ ძალიან მეშინია შენი და ვიცი, რომ მერე მაინც მოვკვდები, ისე მიგბერტყავ, შენს სიცოცხლეში არ დაგავიწყდესო. სიხარულით ცას ეწია, როცა წინა დღეს დადებული ხორცი იქ აღარ დახვდა. მისი წაღება, რასაკვირველია, ტურასაც შეეძლო, მაგრამ ასევე შეეძლო ტურად ქცეულ მზიმუსაც.

   კალიმ ეს სასიხარულო ამბავი უმალვე ამცნო სტაშს, მაგრამ მან ისე შეხედა, თითქოს მისი ნათქვამი ვერც გაეგოს და გზა განაგრძო. გვერდი ჩაუარა ატეხილ ბუჩქნარს, სადაც ფრინველის ნასახიც კი არ ჩანდა. მდინარეს მიუახლოვდა. მისი სანაპირო დაფარული იყო ტანმაღალი ხეებით, რომლებზეც გრძელი წინდების მოყვანილობის ბუდეები ეკიდა. ერთ ადგილას ფართოდ გაშლილი მდინარე პაპირუსებით დაბურულ რამდენიმე ტოტს ქმნიდა და სავსე იყო წყლის ფრინველებით. იყვნენ ყარყატებიც, ჩვენებური ევროპული ყარყატებისნაირი და დიდ, უხეშ მოკაუჭებულნისკარტიანი ყარყატები და შავი ხავერდისფერი და სისხლივით წითელფეხება ფრინველები – აგრეთვე ფლამინგოები და იბისები, გვირგვინიანი წეროები და ჩალის ღეროებისმაგვარი წვრილი ფეხებით აქეთ-იქით სწრაფად მოცუხცუხე უამრავი თაგვისხელა, ჭრელაჭრულა და ნაცრისფერი ჩიტი.

   სტაშმა ორი მოზრდილი ყავისფერი იხვი მოკლა და ათასობით თეთრი პეპლით მოფენილ ნაპირზე გაალაჯა, თან წინ დაკვირვებით იყურებოდა, თავთხელში ნიანგები არ იყვნენო, რის შემდეგაც წყალში გავიდა და ნანადირევი აკრიფა. გასროლის ხმამ, რასაკვირველია, ფრინველები დააფრთხო; რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით წყალში დარჩა ჩაფიქრებით მდგარი მხრებში თავჩარგული ორი მტრედი, ბერიკაცის მსგავსი ორი ბარაბუ. ისინი არც შერხეულან. ბიჭმა ერთხანს მდუმარედ უყურა მკერდზე ჩამოკიდებულ მათ ხორცის ტოპრაკებს, მაგრამ შეამჩნია თუ არა, რომ ბზიკები მომრავლდნენ და მის გარშემო იწყეს ბზუილი, უმალვე ბანაკში დაბრუნდა.

   ნელის კიდევ ეძინა და გადასცა თუ არა მეას იხვები, ქეჩაზე მიწვა და უმალვე მკვდარივით ჩაეძინა. ნაშუადღევს გაეღვიძათ – მას ცოტა ადრე, ნელის – ცოტა მოგვიანებით. გოგონა მოღონიერებლი ჩანდა, ხოლო სქელმა და სურნელოვანმა წვნიანმა კიდევ უფრო მოამჯობინა, ბოლოს ადგა და კინგისა და მზისათვის თვალის შესავლებად ხიდან კარში გავიდა.

   მხოლოდ ახლა, დღის შუქზე, შეიძლებოდა იმის აშკარად დანახვა, ერთი ღამის სიცხეს გოგონა როგორ გაენადგურებინა. კანი გაყვითლებოდა და გაცრეცოდა, ტუჩები ჩაშავებოდა, თვალებზე შავი არშიები გარშემორტყმოდა და სახე თითქოს მობერებოდა. თვალის გუგები კი ჩვეულებრივზე მეტად გაუფერულებოდა. მიუხედავად იმისა, რომ სტაშს არწმუნებდა, თავს უკეთ ვგრძნობო და გაღვიძებისთანავე ბლომად შეხვრეპა წვნიანი, ძლივს მიაღწია ხეობის კიდემდე. სტაში სასოწარკვეთილი ფიქრობდა მეორე შეტევაზე და იმაზე, რომ მის შესაჩერებლად არც წამალი ჰქონდა და არც სხვა რამ საშუალება.

   წვიმა დღეში რამდენიმეჯერ მოდიოდა და ჰაერს ტენით აჯერებდა.

 

 

კარი XXXI

 

დადგა მძიმე და შიშით აღსავსე მოლოდინის დღეები. მეორე შეტევა ერთი კვირის შემდეგ დაიწყო. თუმცა იგი პირველივით ძლიერი არ გამოდგა. ნელიმ თავი კიდევ უფრო სუსტად იგრძნო. ისე გახდა და გაილია, გოგონას კი არა, გოგონას აჩრდილსღა დაემსგავსა. მისი სიცოცხლის ალი ისე მკრთალად კიაფობდა, იფიქრებდით, ერთი სულის შებერვა და ჩაქრებაო. სტაშს ესმოდა, რომ მის წასაყვანად სიკვდილს შეეძლო მესამე შეტევისთვის აღარ დაეცადა და მას ყოველდღე, ყოველ საათის ელოდა.

   თავადაც გახდა და გაშავდა, რადგან ეს უბედურება მის ძალ-ღონეს აღემატებოდა. გოგონას ცვილისფერ, გალეულ სახეს რომ უყურებდა, საკუთარ თავს ყოველდღე ეკითხებოდა: “ნუთუ იმისთვის ვუფრთხილდებოდი თვალისჩინივით, რომ აქ, ჯუნგლებში დამესაფლავებინა?” – და ვერაფრით გაეგო, რატომ უნდა მომხდარიყო ასე. ხანდახან თავს საყვედურობდა, ალბათ, ჯეროვნად ვერ ვუვლიდი, საკმაოდ კეთილად ვერ ვეპყრობოდიო და ამ დროს გულზე ისეთი სევდა შემოაწვებოდა, ლამის იყო, საკუთარი თითები დაეღრღნა. ერთი სიტყვით, უბედურებას საზღვარი არ უჩანდა.

   ნელის ახლა თითქმის მთელი დღე ეძინა და შესაძლოა, ამის წყალობითღა ედგა სული. სტაში დღეში რამდენიმეჯერ აღვიძებდა საჭმელად. თუ არ წვიმდა, ჰაერზე გაყვანას სთხოვდა, რადგან ფეხზე დგომა უკვე აღარ შეეძლო. ხანდახან ისეც ხდებოდა, მის მკლავზეც კი ეძინებოდა. იცოდა, რომ ძალიან ავად იყო და შეიძლებოდა დღეს თუ არა, ხვალ მომკვდარიყო. დიდი გამოცოცხლების ჟამს სტაშთან ამაზე ყოველთვის ტირილით საუბრობდა, რადგან სიკვდილისა ეშინოდა.

   – მამიკოსთან ვეღარ დავბრუნდები. – ამბობდა ერთხელ. – მაგრამ შენ უთხარი მამიკოს, რომ ძალიან დამწყდა გული და სთხოვე, აქ ჩამოვიდეს და მნახოს...

   – დაბრუნდები. – მიუგო სტაშმა.

   მეტის თქმა ვერ მოახერხა, რადგან ლამის იყო, აბღავლდა. ნელიმ კი ძლივს გასაგონი, ნამძინარევი ხმით განაგრძო.

   – მამიკო ჩამოვა და ოდესმე შენც ჩამოხვალ... ხომ მართალია?

   ამის გაფიქრებაზე ღიმილმა გაუნათა გაუბედურებული სახე, მერე წამიერი დუმილის შემდეგ კიდევ უფრო ხმადაბლა თქვა:

   – მაგრამ გული ისე მწყდება, ისე, რომ...

   ამის თქმაზე თავი დაადო მხარზე და ატირდა, ბიჭმა კი საკუთარი ტკივილი ჩაიკლა, მკერდში ჩაიხუტა და მკვირცხლად უთხრა:

   – ნელი, უშენოდ არ დავბრუნდები და... და საერთოდ, არ ვიცი, ამ ქვეყნად უშენოდ რა უნდა ვქნა.

   სიჩუმე ჩამოვარდა და ნელის ისევ ჩაეძინა. სტაშმა იგი ხეში შეიყვანა, მაგრამ კარში გამოვიდა თუ არა, ბორცვაკის წვერიდან შემკრთალმა კალიმ ჩამოირბინა და აღგზნებულმა ხელების ქნევით შესძახა:

   – დიდო ბატონო! დიდო ბატონო!

   – რა გინდა? – ჰკითხა სტაშმა.

   ზანგმა ხელი სამხრეთისაკენ გაიშვირა და უთხრა:

   – კვამლი!

   სტაშმა თვალები ხელისგულებით მოიჩრდილა და ნაჩვენები მიმართულებით მზერადაძაბულმა, უკვე გადაწვერილი მზის მეწამულ შუქზე შორს, ჯუნგლებში, კიდევ უფრო შორეულ, საკმაოდ მაღალ ორ მთას შორის აკლაკნილი კვამლი დაინახა.

   კალი ერთიანად თრთოდა, რადგან ძალიან კარგად ახსოვდა დავრიშებთან საშინელი ტყვეობა და სწამდა, რომ მათი ბანაკი იყო. სტაშის აზრითაც იქ სმაინის გარდა სხვა არავინ იქნებოდა და პირველ ხანებში მასაც საშინლად შეეშინდა. ესღა აკლდათ თუ ნელის უიმედო მდგომარეობას კიდევ დავრიშები დაემატა! ისევ ტყვეობა, ისევ ფაშოდსა თუ ხარტუმში დაბრუნება და მაჰდის ხელში თუ აბდულაჰის მათრახქვეშ მოხვედრა. თუ დაიჭირეს, ნელი პირველ დღესვე მოკვდება, თავად კი მთელი სიცოცხლე ტყვეობაში უნდა გაატაროს, რომც მოახერხოს და ოდესმე გაიქცეს, რად უნდა ან სიცოცხლე, ან თავისუფლება, თუ ნელი არ ეყოლა? როგორღა შეხედოს თვალებში ან მამას, ანდა პან რავლისონს, თუკი დავრიშები მკვდარს აფთრებს გადაუგდებენ, მას კი იმის თქმაც არ შეეძლება, სად არის გოგონას საფლავი?

   ამ აზრმა გაუელვა სტაშს თავში. ანაზდად ნელის დანახვის გაუსაძლისი სურვილი შემოენთო და ხისაკენ გაემართა. კალის უბრძანა, ცეცხლი ჩაექრო და არც ღამით აენთო. ხეში შევიდა.

   ნელის არ ეძინა, თავს უკეთ გრძნობდა, რაც სტაშს უმალვე მიახარა. ლომა გვერდით მისწოლოდა და თავისი ვეებერთელა სხეულით ათბობდა. ის კი თავზე მსუბუქად ეალერსებოდა და ღიმილით შეჰყურებდა, ხეში შემოღწეული ჩამავალი მზის სხივებზე მობორიალე ფუტუროს ნამცეცებს როგორ იჭერდა პირით. ეტყობოდა, კარგ გუნებაზე რომ იყო, რადგან ცოტა ხნის შემდეგ სტაშს მიუბრუნდა და საკმაოდ მხნედ ჰკითხა:

   – იქნებ, არ მოვკვდე, ჰა?

   – რა თქმა უნდა, არ მოკვდები, – უპასუხა სტაშმა. – რაკიღა მეორე შეტევის შემდეგ თავს უკეთ გრძნობ, მესამე საერთოდ არ დაგემართება.

   რაღაცაზე ჩაფიქრებულმა ნელიმ თვალები აახამხამა და თქვა:

   – ისეთი მწარე წამალი რომ გვქონდეს, ლომებიან ღამეს რომ კარგად გავხდი, გახსოვს? სიკვდილზე ცოტას, ერთ ბეწოსაც კი არ ვიფიქრებდი!

   – ოჰ! – ამოიოხრა სტაშმა. – არ ვიცი, რას არ მივცემდი ქინაქინაში.

   ოცნებას აყოლილმა გუნებაში გაივლო, საკმაოდ რომ მქონდეს, ნელის ერთ ჯერზე ორ ფხვნილსაც კი დავალევინებდი, მერე პლედში გავახვევდი, ცხენზე წინ დავისვამდი და უმალვე გავემართებოდი დავრიშების ბანაკის მოპირდაპირე მხარეს.

   ამასობაში მზე ჩავიდა და ჯუნგლები უმალვე სიბნელეში ჩაიძირა.

   გოგონა, კიდევ ნახევარ საათს გაერთო და მერე ჩაეძინა, სტაში კი ისევ დავრიშებსა და ქინაქინაზე ფიქრობდა. დარდით სავსე, მაგრამ საოცრად საზრიანი მისი გონება გამალებით მუშაობდა და ერთიმეორეზე უფრო თამამ და გაბედულ გეგმებს ადგენდა. ჯერ იმის განსჯას შეუდგა, სამხრეთის მხარეს დანახული კვამლი მართლა სმაინის ბანაკს ეკუთვნოდა თუ არა. შეიძლებოდა, მართლა დავრიშები იყვნენ, მაგრამ შეიძლება ოკეანისპირელი არაბებიც ყოფილიყვნენ, სპილოს ძვლისა და ტყვეებისთვის კონტინენტის სიღრმეში დიდ ლაშქრობებს რომ აწყობდნენ ხოლმე. მათ საერთო არაფერი ჰქონდათ დავრიშებთან, რომლებიც ვაჭრობის საქმეს უფუჭებდნენ. შეიძლება აბისინიელთა სადგომიც იყო ანდა ზანგების რომელიღაც მთის სოფელიც, რომლისთვისაც მაძებრებს ჯერ კიდევ ვერ მიეკვლიათ. არ ღირდა ამ საქმის გარკვევა?

   ბაგომოიოს, ვიტისა და მომბასის მხრის ზანზიბარელი არაბები, განსაკუთრებით კი ოკეანისპირელები, იყო ის ხალხი, რომლებიც ხშირად ხვდებოდნენ თეთრკანიანებს, ჰოდა, ვინ იცის, ეგებ დიდი ჯილდოს ფასად რომელიმე უახლოეს პორტამდე მათ მიყვანას დასთანხმებოდა. სტაშმა შესანიშნავად იცოდა, რომ შეეძლო ასეთი ჯილდო აღეთქვა და დაუჯერებდნენ კიდეც. ამის შემდეგ თავში სხვა აზრმა გაუელვა, რომელმაც გულის სიღრმემდე შეძრა. იცოდა, რომ ხარტუმში ბევრი დავრიში, განსაკურებით კი ნუბიელები, თეთრკანიანების მსგავსად ავადდებოდნენ ციებ-ცხელებით და წამლობდნენ მხოლოდ ქინაქინით, რომელსაც ევროპელებს ართმევდნენ ანდა, თუ მალავდნენ, ბერძნებისა და კოპტებისაგან ყიდულობდნენ ოქროზე. ჰოდა, მოსალოდნელი იყო, რომ ოკეანისპირელ არაბებს წამალი ჰქონოდათ.

“წავალ, – თავისთვის ჩაილაპარაკა სტაშმა, – ნელის გულისათვის წავალ”.

და, თავის მდგომარეობაზე უფრო ღრმად ჩაფიქრებული, ბოლოს იმ აზრამდე მივიდა, რომ ის თუნდაც სმაინის რაზმი ყოფილიყო, წასვლა მაინც საჭირო იყო. თავს შეახსენა, რომ ეგვიპტესა და სუდანს შორის ურთიერთობის საბოლოოდ გაწყვეტის გამოისობით ფაიუმიდან მათი მოტაცების შესახებ, ალბათ, სრულებით არაფერი ეცოდინებოდათ. ფატმა მასთან დაკავშირებას ვერ შეძლებდა, ამიტომაც მხოლოდ მისი საკუთარი ჩანაფიქრი იყო ბავშვების გატაცება, რომელშიც მონაწილეობდნენ ხადიგის შვილი ხამისი, აგრეთვე იდრისი, გებჰრი და ორი ბედუინი. ის ხალხი კიდევ სმაინს არაფრად უღირდა, თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ მათგან მხოლოდ ხამისს იცნობდა, დანარჩენებზე კი თავის სიცოცხლეში არაფერი სმენოდა. მისთვის მთავარი საკუთარი შვილები და ფატმა იყვნენ, მაგრამ, შესაძლოა, ცოლ-შვილი მოენატრა უკვე და სიხარულით დაბრუნდებოდა მათთან, თუ, რასაკვირველია, მაჰდისთან სამსახური უკვე მობეზრდა. მასთან, ჩანდა, დიდ წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან ძლიერი ჯარის მეთაურობის ან რომელიმე დიდი მხარის გამგებლობის ნაცვლად, ღმერთმა უწყის, ფაშოდიდან რა შორს დაეხეტებოდა ტყვეების დასაჭერად. “მივალ და ასე ვეტყვი: – ფიქრობდა სტაში, – თუ ინდოეთის ოკეანის რომელიმე პორტამდე მიგვიყვან და ეგვიპტეში დაგვაბრუნებ, ხელისუფლება ყველა დანაშაულს გაპატიებს, შეუერთდები ფატმასა და ბავშვებს, ამას გარდა, პან რავლისონის წყალობით გამდიდრდები; თუ არა და ბავშვებს და ფატმას შენს სიცოცხლეში ვერასოდეს ნახავ”.

 და დარწმუნებული იყო, სმაინი ღრმად ჩაფიქრდებოდა, სანამ ამგვარ წინადადებაზე უარს იტყოდა.

   რასაკვირველია, გეგმა უხიფათო არ იყო, შესაძლებელია, დამღუპველიც აღმოჩენილიყო, მაგრამ ისიც შეიძლებოდა, აფრიკის სიღრმიდან გაღწევის საშუალებადაც გამომდგარიყო. სტაშს ბოლოს გაუკვირდა კიდეც, რატომ აშინებდა სმაინთან შეხვედრა და, რამდენადაც საქმე ნელის გადარჩენას ეხებოდა, ღამითვე წასვლა გადაწყვიტა.

   მაგრამ ამის თქმა უფრო ადვილი იყო, ვიდრე შესრულება. სულ სხვაა, ღამით ჯუნგლებში ეკალ-ბარდებით შემოღობილ ბრიალა კოცონთან ჯდომა და სულ სხვა – სიარული კუნაპეტ ღამეში, თანაც ყელამდე ბალახში, სადაც სწორედ ამ დროს ნადირობენ ლომი, პანტერა და ლეოპარდი, რომ აღარაფერი ვთქვათ აფთარსა და ტურაზე. მაგრამ ბიჭს ანაზდად გაახსენდა ნათქვამი ახალგაზრდა ზანგისა, რომელიც იმ ღამეს ლომას საძებრად იყო წასული და დაბრუნებულმა უთხრა: “კალის შიში, მაგრამ მაინც წავა”. და თავადაც იგივე გაიმეორა:

   “მეშინია, მაგრამ მაინც წავალ”.

   მთვარის ამოსვლას დაელოდა, რადგან უჩვეულოდ ბნელი ღამე იყო და, როგორც კი მისი შუქისგან ჯუნგლები გადავერცხლისფრდა, კალის დაუძახა და უთხრა:

   – კალი, შეიყვანე ლომა ხეში, შესასვლელი ეკალ-ბარდებით ამოგმანე, პაწია ქალბატონს შენ და მეა თვალისჩინივით გაუფრთხილდით, მე კი წავალ და ვნახავ, რა ხალხია იმ ბანაკში.

– დიდმა ბატონმა წაიყვანოს კალი და თოფი, რომელიც მოკლავს ველურ მხეცებს. კალი არ დარჩება!

 – დარჩები, – მტკიცედ უთხრა სტაშმა – და გიკრძალავ უკან გამოყოლას!

ამის შემდეგ დადუმდა, მერე კი ყრუ ხმით მიმართა:

   – კალი, ვიცი, რომ ერთგული და საზრიანი ხარ, ამიტომაც მჯერა, რომ, რასაც გეტყვი, შეასრულებ. რომ ვერ დავბრუნდე და პაწია ქალბატონი მოკვდეს, ხეში დატოვე, ხის ირგვლივ კი დიდი ღობე გააკეთე, ქერქზე კი ასეთი ნიშანი ამოკვეთე.

და ხელში აღებული ორი ბამბუკისგან ჯვარი გამოსახა.

რის შემდეგაც ლაპარაკი განაგრძო:

– მაგრამ, თუ ბიბი არ მოკვდა, და მე ვერ დავბრუნდი, პატივი ეცი და ერთგულად ემსახურე, მერე კი შენს ხალხთან მიიყვანე და უთხარი ვა-ჰიმას ხალხს, რომ იარონ სულ აღმოსავლეთისაკენ ზედ უზარმაზარ ზღვამდე. იქ იპოვნი თეთრ ხალხს, რომლებიც მოგცემენ ბევრ თოფს, ტყვია-წამალს, მძივებს, ზონრებსა და იმდენ ტილოს, რამდენის წამოღებასაც შეძლებ. გასაგებია?

მაგრამ ახალგაზრდა ზანგი მის წინაშე მუხლებზე დაეცა, ფეხებზე შემოეხვია და შესაბრალისი ხმით დაიწყო:

– ო ბვანა კუბვა! დაბრუნება, დაბრუნება, დაბრუნება!

 სტაშს გული აუჩუყა ბიჭის ერთგულებამ, დაიხარა, ხელი თავზე დაადო და უთხრა:

   – შედი, ხეში, კალი და... ღმერთი იყოს შენი შემწე!

   მარტო დარჩენილი ერთხანს იმაზე ფიქრობდა, ვირი ხომ არ წაეყვანა. ეს უფრო უხიფათო იყო, რადგან აფრიკაში ლომები, ისევე როგორც ვეფხვები ინდოეთში, ცხენით არ ვირით მიმავალ ადამიანთან შეხვედრისას ყოველთვის ცხოველს ესხმიან თავს და არა ადამიანს, მაგრამ თავს უმალვე დაუსვა კითხვა, ვინ ზიდავს ნელის კარავს, ანდა თვითონ გოგონა როგორ იმგზავრებს? ამ მიზეზის გამო ვირის წაყვანა გადაიფიქრა და ჯუნგლებში ფეხით წავიდა.

   მთვარე ცაზე მაღლა აწეულიყო და ირგვლივ ყველაფერი საკმაოდ კარგად ჩანდა. მაგრამ სიძნელემ უმალვე იჩინა თავი, შეაბიჯა თუ არა ბიჭმა მაღალ ბალახებში, რომლებიც ისე გაზრდილიყო, ცხენიანი კაციც რომ სულ იოლად დაიმალებოდა. იქ დღისითაც კი ორ ნაბიჯზე არაფერი ჩანდა, რომ აღარაფერი ვთქვათ ღამეზე, როცა მთვარე მხოლოდ ბალახის წვეროებს ანათებდა, დაბლა კი ყველაფერი უკუნეთში ჩანთქმულიყო. ასეთ პირობებში სულ იოლია გზის დაკარგვა და ირგვლივ წრეზე სიარული, ნაცვლად წინ წასვლისა; სტაშს ყოველ წამს სიმამაცეს მატებდა ფიქრი იმაზე, რომ ბანაკი, საითკენაც მიდიოდა, ბორცვაკიდან სამი თუ ოთხი ინგლისური მილის სიშორეზე მდებარეობდა, მეორეც ის, რომ კვამლი მოჩანდა ორ მთას შორის და, თუ მზერას იმ მთებს არ მოაცილებდა, არც გზა აებნეოდა, მაგრამ მცენარეულობა, მიმოზები და აკაციები ყველაფერს ფარავდა. საბედნიეროდ, ყოველ რამდენიმე ათეულ ნაბიჯზე აღმართული იყო მაღალ-მაღალი ტერმიტების ბორცვაკები. სტაში ყოველი მათგანის ძირში ფრთხილად მიაყუდებდა თოფს, მერე წვეროზე მიცოცავდა – და, დაინახავდა თუ არა ზეცის ფონზე შავად მოხაზულ მთებს, დაბლა ჩამოდიოდა და გზას განაგრძობდა.

შიში ზაფრავდა იმის გაფიქრებაზე, ღრუბლებს არ დაეფარა მთვარე და ზეცა, რადგან მაშინ უფსკრულში ჩავარდნილს დაემსგავსებოდა. თუმცა ეს არ ყოფილა ერთადერთი ხიფათი. ღამეული ჯუნგლები, როცა გამეფებულ სიჩუმეში ბალახებს შორის მორიალე მწერების ყოველი გაფაჩუნებაც კი ისმის, უბრალოდ შემაძრწუნებელია. შიში და ელდა დასტრიალებს იქაურობას. სტაშს ყველაფერზე უნდა ეფიქრა, მიეყურადებინა, ეგრძნო, მზერადაძაბულს უნდა მოევლო თვალი ირგვლივეთისთვის, თავი ხრახნებზე დამაგრებულივით უნდა ჰქონოდა, თოფი კი – ყოველწამს გასასროლად გამზადებული. წამდაუწუმ ეჩვენებოდა, რომ რაღაც უახლოვდებოდა, ეპარებოდა, უსაფრდებოდა. დროდადრო ისევ ესმოდა ბალახის შარიშური და გაქცეული მხეცების სწრაფი თქარათქური. უმალვე ხვდებოდა, რომ დააფრთხო ანტილოპები, რომლებიც, ჩაყენებული გუშაგების მიუხედავად, ძილში მაინც ფხიზლობენ, რადგან იციან, რომ არაერთი და ორი საშინელი ჩალისფერბალნიანი მტაცებელი ნადირობს იმ დროს სიბნელეში. აგერ რაღაც დიდი ილანდება კიდეც ქოლგისმაგვარი აკაციის ქვეშ. შეიძლება კლდეა, შეიძლება – მარტორქა ან კამეჩი, რომელიც, იკრავს თუ არა ადამიანის სუნს, ძილღვიძილიდან გამორკვეული უმალვე შეტევაზე გადადის. აგრე იქით, ისევ მუქი ბუჩქის უკან, ორი მბრწყინავი წერტილი მოჩანს. აბა, ჰე! თოფი სახესთან! ლომია! არა!.. ამაო განგაშია! ციცინათელები არიან, რადგან ერთი ციმციმა წერტილი მაღლა ადის და ბალახების თავზე მოწყვეტილი ვარსკვლავივით ირიბად მიფრინავს. სტაში ტერმიტერიებზე ყოველთვის გზის დასანახვაად კი არ მიცოცავდა, არამედ იმიტომაც, რომ ცივი ოფლით დაცვარული შუბლი მოეწმინდა, დაესვენა და დალოდებოდა, როდის დაუდინჯდებოდა გულის მომეტებული ძგერა. ამასთანავე, ისეთი დაღლილი იყო, ფეხზე ძლივს იდგა.

   მაგრამ წინ მიდიოდა იმ ფიქრით, რომ ასე იყო საჭირო ნელის გადასარჩენად. ორი საათის შემდეგ, როგორც იქნა, გააღწია ქვა-ღორღით მოფენილ ნიადაგზე. უფრო დაბალი ბალახი და უკეთესი ხილვადობა იყო. ორი მაღალი მთა უწინდელივით შორს მოჩანდა; სამაგიეროდ უკვე იქვე იწყებოდა კლდოვანი ზოლი, რომლის უკანაც მეორე, უფრო მაღალი აღმართულიყო, და, როგორც ჩანდა, ორივე შემორკალვოდა რაღაც მდელოს თუ იმისმაგვარ ვიწრობს, როგორშიც კინგი იყო ჩაკეტილი.

   ანაზდად მარჯვნივ, სამას-ოთხასი მეტრის სიშორეზე, კლდოვან კედელზე ცეცხლის ვარდისფერ ანარეკლს მოჰკრა თვალი.

   და შედგა. გული კვლავ ისე გამალებით უბათქუნებდა, ღამის სიჩუმეში ლამის თავად გაეგონა. ვის დაინახავს იქ, ქვემოთ? აღმოსავლეთ სანაპიროდან მოსულ არაბებს? სმაინის დავრიშებს თუ საკუთარი პაწია სოფლიდან აყრილ და ამ უდაბურ ტევრში დავრიშების თვალთახედვისათვის დამალულ ველურ ზანგებს? სიკვდილს პოვებს იქ თუ ტყვეობას, თუ სულაც ნელის შველას?

   საჭირო იყო, კარგად დარწმუნებულიყო. უკან დახევა აღარც შეეძლო და არც უნდოდა. ცოტა ხნის შემდეგ კოცონისაკენ მიპარვით გაცოცდა, თანაც სუნთქვის შეკავებას ცდილობდა. ასიოდ ნაბიჯის შემდეგ მოულოდნელად ჯუნგლების მხრიდან ცხენების ფრუტუნი გაიგონა და ისევ შედგა. მთვარის შუქზე ხუთი დათვალა. დავრიშებისთვის ეცოტავა, მაგრამ დაუშვა, რომ დანარჩენები შეიძლება მაღალ ბალახებში ყოფილიყვნენ ჩამალულნი. ოღონდ იმან გააკვირვა, რომ არსად ჩანდნენ არც გუშაგები და არც მტაცებელი ნადირის დასაფრთხობად მთაზე დანთებული კოცონები. თუმცაღა ღმერთს მადლობას სწირავდა, ასე რომ იყო, რადგან შეუმჩნევლად შეეძლო წინ წასვლა.

   კლდეზე ანარეკლი თანდათან მკვეთრდებოდა. თხუთმეტიოდ წუთიც და სტაში მიუახლოვდა ადგილს, საიდანაც მოპირდაპირე კლდე ყველაზე განათებული მოჩანდა, რაც იმის მაუწყებელი იყო, რომ დაბლა, მის ფერხთით, კოცონი ენთო.

ნება-ნება მიცოცდა კიდესთან და ძირს ჩაიხედა.

   პირველი, რაც თვალში მოხვდა, უშველებელი კარავი იყო; კარვის წინ იდგა საველე ტილოს საწოლი, რომელზეც თეთრ ევროპულ სამოსში გამოწყობილი კაცი იწვა.

   პატარა, ასე თორმეტიოდ წლის, ზანგის ბიჭი ფიჩხს ამატებდა კოცონს, რომელიც ანათებდა კლდის კედელს და მის ძირში, კარვის ირგვლივ, რიგ-რიგად შემოწყობილ მძინარე ზანგებს.

   სტაში თვალისდახამხამებაში ხრამის ფსკერზე ჩასრიალდა.

  

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი