კარი IV

 

პაწია ნელის უსაზღვროდ მოსიყვარულე პან ტარკოვსკი და ^პან რავლისონი შვილების ჩასვლამ მეტისმეტად გაახარა. ბავშვებიც სიხარულით მიესალმნენ თავიანთ მამებს და მსწრაფლვე შეუდგნენ უკვე გაშლილი და ძვირფასი სტუმრების მისაღებად გამზადებული კარვების დათვალიერებას. შესანიშნავ ორფა კარვებს შიდაპირი ცისფერი და წითელი ფლანელისა ჰქონდა, იატაკი – ქეჩისა, ასე რომ, შიგნით ნამდვილი ოთახის შთაბეჭდილება იქმნებოდა. კომპანიას, რომელსაც არხის საზოგადოების მაღალი თანამდებობის პირთა მომსახურება ჰქონდა დავალებული, ძალ-ღონე არ დაუზოგავს, რათა ყველაფერი კარგად და მოხერხებულად მოეწყო. პან რავლისონს თავდაპირველად გული ეთანაღრებოდა, შესაძლოა, კარავში დიდხანს ყოფნამ ნელის ჯანმრთელობას ავნოსო და თუ დათანხმდა, მხოლოდ იმიტომ, რომ უამინდობის შემთხვევაში ყოველთვის შეეძლო სასტუმროში გადასვლა. მაგრამ ახლა, როცა ყოველივე საკუთარი თვალით ნახა და აწონ-დაწონა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სუფთა ჰაერზე გატარებული დღეები და ღამეები, მისი ერთას ჯანმთელობისათვის ასწილ სასარგებლო იქნებოდა, ვიდრე ადგილობრივი პაწია სასტუმროების დამყაყებული ჰაერი. დიდებული ამინდიც ხომ ხელს უწყობდათ. ლიბიის უდაბნოს ქვიშიანი ბორცვებით შემოზღუდულ მედინეტს, ანუ ელ-მედინეტს, სადაც კაიროზე ბევრად უკეთესი ჰავაა, ტყუილუბრალოდ არ ეძახდნენ “ვარდების მხარეს”. დამცველი ზღუდისა და მოჭარბებული ტენიანობის გამო, ღამით არც ისე ცივა, როგორც ეგვიპტის სხვა მხარეებში. აქ ზამთარიც შესანიშნავი იცის. მცენარეულობა ნოემბრიდან იწყებს ზრდა-განვითარებას. ფინიკის პალმა, ზეთისხილი, რომელიც ეგვიპტეში, საერთოდ ცოტაა, ლეღვი, ფორთოხალი, მანდარინი, ბროწეული, უზარმაზარი აბუსალათინი და უამრავი სამხრეთული ხე ამ თვალწარმტაც ოაზისში ერთ მთლიან, გაფოფრილ ტყეს ჰქმნიან. ბაღ-ბოსტნებში ტალღა-ტალღად ირწევა აკაცია, იასამანი, ვარდი, ასე რომ, ღამ-ღამობით, ნიავის ყოველ დაქროლვას მათი დამათრობელი სურნელი მოაქვს. გული სიამით გევსება და, როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ ხოლმე, აქ “სიკვდილიც აღარ მოგინდება”.

   ასეთივე ჰავა არის ნილოსის მეორე მხარეს, ოღონდ ბევრად სამხრეთით მდებარე ჰელუანში, თუცა იქ ამდენნაირი მცენარეულობა არ ხარობს.

   ჰელუანთან პან რავლისონს ნაღვლიანი მოგონება აკავშირებდა, რადგან სწორედ იქ გარდაიცვალა ნელის დედა. ამიტომაც ამჯობინა მედინეტში წასვლა და ახლა, გოგონას გაბადრული სახის შემხედვარე, გულში ფიცს დებდა, უახლოეს ხანებში აქ მიწა ეყიდა, დაედგა კოხტა ინგლისური სახლი და ამ დალოცვილ მხარეში გაეტარებინა ყველა შვებულება, ხოლო არხზე სამსახურის დასრულების შემდეგ, საერთოდაც, აქ დასახლებულიყო.

   თუმცა, ეს შორეული მომავლის გეგმები იყო და არც მთლად ჩამოყალიბებული. ამასობაში კი, ბავშვები, ჩამოსვლის პირველივე წუთებიდანვე, ბუზებივით ყველგან ტრიალებდნენ და სადილობამდე სურდათ ცოოკის მიერ ადგილზევე დაქირავებული ყველა ვირისა და აქლემის, აგრეთვე ყველა კარვის ნახვა. აღმოჩნდა, რომ პირუტყვი შორეულ საძოვარზე იყო გადენილი და მათი ნახვა მხოლოდ მეორე დღეს შეიძლებოდა. სამაგიეროდ, პან რავლისონის კარვის წინ ნელიმ და სტაშმა თვალი მოკრეს თავიანთ პორტ-საიდელ კეთილ ნაცნობს – ხადიგის ვაჟიშვილს, ხამისს. ხამისი ცოოკის მსახურთა სიაში არ ირიცხებოდა და პან რავლისონს ელ-მედინეტში მისი დანახვა, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კიდეც, მაგრამ რადგან ადრე იარაღის მტვირთავად ამუშავებდა, ახლაც შიკრიკად და სხვადასხვა წვრილმანი საქმის მოსაგვარებლად დაიტოვა.

   სამხარი შესანიშნავი აღმოჩნდა, რადგან ცოოკის კომპანიის ნაცად მზარეულს, ბებერ კოპტს, საკუთარი ხელობით თავმოწონება გადაეწყვიტა. ბავშვები გზაში გაცნობილ ორ ოფიცერზე ლაპარაკობდნენ, რამაც პან რავლისონის ყურადღება მიიპყრო – მისი ძმა რიშარდი, რომელსაც კლარის და ჰყავდა ცოლად, ძალიან დიდხანს ცხოვრობდა ინდოეთში. ისინი უშვილონი იყვნენ, ამიტომაც ბიძას გამორჩეულად უყვარდა თავისი პაწია ძმისწული, რომელსაც მხოლოდ სურათებით იცნობდა და ყოველ წერილში დაწვრილებით კითხულობდა მის ამბავს. ორივე მამა გაართო კაპიტან გლენის მიერ მომბასაში სტაშის მიპატიჟებამ. ბიჭს კი ეს ტვინში ღრმად ჩაბეჭდოდა და თავს გამუდმებით აღუთქვამდა, უეჭველად სწვეოდა თავის ახალ მეგობარს ეკვატორს მიღმა. ბოლოს, პან ტარკოვსკი იძულებული გახდა შვილისთვის აეხსნა: ინგლისელი მოხელენი, აფრიკის მომაკვდინებელი ჰავის გამო, ერთ ადგილას დიდხანს სამუშაოდ არასოდეს რჩებიან და, სანამ შენ გაიზრდები, კაპიტანი გლენი ათიოდ ადგილს მაინც გამოიცვლის, თუკი, სართოდაც, მანამდე ცოცხალი დარჩა.

   ნასამხრევს უკლებლივ ყველა გავიდა კარვის წინ, სადაც მსახურებს გასაშლელი დაწნული სავარძლები დაედგათ, უფროსებისთვის კი სოდიანი წყლით სავსე სიფონები და ბრენდი მოემზადებინათ. უკვე ღამე იყო, თუმცა ერთობ თბილოდა, თანაც იქაურობა სავსე მთვარეს დღესავით გაებრდღვიალებინა. მოპირდაპირე მხარეს ქალაქის ნაგებობათა თეთრი კედლები მოჩანდა, ცაზე ვარსკვლავები ციმციმებდა, ჰაერში კი ვარდის, აკაციისა და ჰელიოტროპის სურნელი ტრიალებდა. ქალაქს უკვე ეძინა. ღამის სიჩუმეში, დროდადრო, ნილოსის სანაპიროდან კაროუნის ტბისაკენ მიმფრენი წეროების, ყარყატებისა და ფლამინგოების ხამამაღალი ყიპყიპი აღწევდა. ანაზდად გაისმა ძაღლის ბოხი, ხრინწიანი ყეფა, რამაც სტაში და ნელი ერთობ გააკვირვა; ჩანდა, ხმა მოდიოდა სწორედ იმ კარვიდან, რომლის დათვალიერებაც მათ ვერ მოასწრეს და რომელიც განკუთვნილი იყო უნაგირების, ჭურჭლისა და სხვა სამგზავრო რამე-რუმეების შესანახად.

   – უშველებელი ძაღლი უნდა იყოს, წამო, ვნახოთ. – თქვა სტაშმა.

   პან ტარკოვსკის სიცილი წასკდა, პან რავლისონმა სიგარას ფერფლი ჩამოაცალა და მანაც სიცილით თქვა:

   – მისი ჩაკეტით ვითომ რამეს გავხდით?

   ამის შემდეგ კი ბავშვებს მიუბრუნდა:

   – მისმინეთ: ხვალ შობის წინადღეა და ის ძაღლი პან ტარკოვსკის მოულოდნელი საჩუქარი უნდა ყოფილიყო ნელისთვის, მაგრამ, რადგან ამ მოულოდნელობამ ყეფა დაიწყო, იძულებულია, დღესვე მოგიძღვნას.

   ამის თქმა და ნელი პან ტარკოვსკის უმალვე მუხლებზე ააცოცდა, მოეხვია, მერე მამისაკენ ისკუპა და შესძახა:

   – მამიკო, რა ბედნიერი ვარ! რა ბედნიერი!

   ხვევნა-კოცნას საზღვარი აღარ ჰქონდა; ბოლოს, საკუთარ ორ ფეხზე დამდგარმა ნელიმ პან ტარკოვსკის თვალებში ჩახედა:

   – მისტერ ტარკოვსკი...

   – რა იყო ნელი?

   – რადგან მაინც უკვე ვიცი, რომ ის იქაა, შემიძლია დღესვე ვნახო?

   – ხომ ვიცოდი, – ვითომდა ბრაზიანად შესძახა პან რავლისონმა, – რომ ეს პაწია მღილი მხოლოდ ნათქვამს არ დასჯერდებოდა.

   ამასობაში პან ტარკოვსკი ხადიგის ვაჟს მიუბრუნდა და უთხრა:

   – ხამის, ძაღლი მოიყვანე.

   ახალგაზრდა სუდანელი სამზარეულო-კარავს მიეფარა და წუთის შემდეგ საყელურიანი უშველებელი ნადირი მოიყვანა.

   ნელიმ უკან დაიხია.

   – ვაი! – შესძახა და მამას ხელი წაავლო.

   სამაგიეროდ სტაში აღფრთოვანდა.

   – ეს ხომ ლომია და არა ძაღლი.

   – ჰოდა, ლომაც სწორედ მაგიტომ ჰქვია – მიუგო პან ტარკოვსკიმ. – ამ ჯიშის ძაღლები ქვეყნად ყველაზე დიდები არიან. ეს მხოლოდ ორი წლისაა და უკვე ამხელაა. ნუU გეშინია, ნელი, სამაგიეროდ, ცხვარივით თვინიერია. ოღონდ გაბედულად მიდი. აუშვი, ხამის.

   ხამისმა ხელი გაუშვა სახელურს, რომლითაც ქოფაკი ეჭირა. მიხვდა თუ არა, თავისუფლად მიმიშვესო, ძაღლი კუდის ქიცინსა და მხიარულ ყეფას მოჰყვა, თან ადრე გაცნობილ ^პან ტარკოვსკის მიელაქუცა.

   ბავშვები მთვარის შუქზე გაოცებულნი შეჰყურებდნენ მის ძლიერ, მომრგვალებულ შუბლს, ჩამოფლაშულ ლაშებს, ვეება ტორებს, მართლაცდა ლომისებურ სხეულს. სიცოცხლეში ამის მსგავსი არაფერი ენახათ.

   – ასეთ ძაღლთან ერთად მთელი აფრიკის გავლა უშიშრად შეიძლება. – შესძახა სტაშმა.

   – ჰკითხე ერთი, მარტორქას თუ მოერევა? – უთხრა პან ტარკოვსკიმ.

   მართალია, ლომას ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეეძლო, სამაგიეროდ, კუდი უფრო მხიარულად ააქიცინა და ადამიანებს ისე გულიანად მიესიყვარულა, რომ ნელის შიში უმალვე გაუქრა და თავზე ხელი გადაუსვა.

   – ლომა, ძვირფასო, საყვარელო ლომა.

   პან რავლისონი ძაღლისკენ დაიხარა, შუბლი აუწია, გოგონასაკენ მიახედა და უთხრა:

   – ლომა, კარგად დააკვირდი ამ გოგონას. ეს არის ახლა შენი პატრონი! ამას უნდა უდარაჯო და გაუგონო, გასაგებია?

   – უჰ! – მიუგო პასუხად ლომამ, თითქოს ნათქვამი გაიგოო.

   თუმცა, რაღა თითქოს, ეტყობა, მართლა გაიგო, რადგან გოგონას ცხვირი და ლოყები თავისი უშველებელი ენით აულოკა.

   ამან საყოველთაო სიცილი გამოიწვია. ნელი კარავში შევარდა ცხვირ-პირის მოსაბანად. თხუთმეტიოდ წუთის შემდეგ კარში გამოსულმა, სტაშის მხრებზე თათებდაწყობილი ლომა დაინახა. ბიჭი ძაღლის სიმძიმისგან მოხრილიყო. დასვენების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ პაწიამ სათამაშოდ კიდევ ნახევარი საათი ითხოვა, რათა თავის ახალ მეგობარს უფრო კარგად გაცნობოდა. ეს ახლო გაცნობა ისე იოლად მოახერხა, რომ სულ მალე პან ტარკოვსკიმ გოგონა ძაღლის ზურგზე შესვა, ხელი ჩასჭიდა, არ გადმოვარდესო, თან სტაშს საყელურზე წაავლებინა ხელი. რამდენიმე ნაბიჯი რომ გაიარეს, სტაშმა თავადაც მოიწადინა ძაღლით გასეირნება და გავაზე მოაჯდა, მაგრამ უმალვე ქვიშაზე დაეპერტყა.

   ის იყო, ბავშვები დასაძინებლად უნდა წასულიყვნენ, რომ მთვარის შუქით განათებულ მოედანზე კარვებისაკენ მომავალი ორი ადამიანი გამოჩნდა.

   აქამდე თვინიერი ლომა ყრუდ და მრისხანედ აყეფდა, ასე რომ, პან რავლისონის ბრძანებისამებრ, ხამისმა ისევ საყელურზე წაავლო ხელი. ამასობაში, თეთრბურნუსიანი კაცები კარვებთან შედგნენ.

   – ვინ ხართ? – იკითხა პან ტარკოვსკიმ.

   – აქლემების მეგზურები – პასუხი მიაგება ერთ-ერთმა მოსულთაგანმა.

   – ოჰ, იდრისი და გებრჰი ხართ? რა გინდათ?

   – საკითხავად მოვედით: ხვალ ან ზეგ ხომ არ დაგჭირდებით?

   – არა. ხვალ და ზეგ დიდი დღესასწაულია და ექსკურსიაზე ვერ წავალთ. მასზეგ დილით მოდით.

   – გმადლობთ, ეფენდი.

   – კარგი აქლემები თუ გყავთ? – ჰკითხა პან რავლისონმა.

   – ბისმილაჰ! – მიუგო იდრისმა – ნამდვილი საჯდომი – სქელკუზიანი და ცხვარივით თვინიერი აქლემები გვყავს. სხვაგვარად ცოოკი არ დაგვიქირავებდა.

   – ძალიან ხომ არ ირწევიან?

   – რომლის კუზზედაც გნებავთ, დააწყვეთ ერთი მუჭა ლობიო და რაგინდ სწრაფადაც უნდა ირბინონ, მარცვალიც არ გადმოვარდება.

   – გადაჭარბება თუ არის, არაბული უნდა იყოს. – სიცილით თქვა პან ტარკოვსკიმ.

   – ანდა, სუდანური. – დასძინა პან რავლისონმა.

   ამ ხნის განმავლობაში თეთრი ქანდაკებებივით მდგარი იდრისი და გებჰრი ხარბად შესცქეროდნენ სტაშსა და ნელის. მთვარის შუქით განათებული მათი ჩაკუნაპეტებული სახეები ბრინჯაოსაგან ნაქანდაკები გეგონებოდათ. ჩალმებქვეშიდან გამომზირალი თვალების თეთრი გარსი ორთავეს მწვანედ ულაპლაპებდა.

   – ღამე მშვიდობისა! – თქვა პან რავლისონმა.

   – ალაჰი იყოს, ეფენდი, თქვენი მფარველი დღისით და ღამით.

   ეს რომ თქვეს, იქ მყოფთ თავი დაუკრეს და გაუჩინარდნენ. მათ თან გაჰყვა შორეული ქუხილის მსგავსი ყრუ ღრენა ლომასი, რომელსაც, ჩანდა, ეს ორი სუდანელი, მაინცდამაინც თვალში არ მოუვიდა.

 

 

კარი V

 

მომდევნო დღეებში ექსკურსიაზე არ წასულან. სამაგიეროდ, შობის წინა დღეს, როცა ცაზე პირველი ვარსკვლავი გამოჩნდა, პან რავლისონის კარავში, ნელისთვის განკუთვნილ ხეზე, ასობით სანთელი აციმციმდა. ნაძვის ხის მაგივრობას სწევდა ელ-მედინეტის ერთ-ერთ ბაღში მოჭრილი ტუია, რომლის ტოტებს შორისაც იპოვა ნელიმ უამრავი სასუსნავი და მამამისის მიერ კაიროდან ჩამოტანილი მშვენიერი თოჯინა, სტაშმა კი – თავისი ნანატრი ინგლისური შტუცერი. მან მამამისისაგან საჩუქრად მიიღო აგრეთვე თოფისწამალი, სხვადასხვა იარაღი და ცხენის უნაგირი. ნელი სიხარულს ვერ მალავდა, სტაში კი, თუმცა თვლიდა, რომ ინგლისური შტუცერის პატრონს სიხარულის დაფარვა უნდა შესძლებოდა და შესაბამისი ღირსებაც ჰქონოდა, მაგრამ მაინც ვერ მოითმინა, შეარჩია ისეთი დრო, როცა ახლომახლო არავინ ჭაჭანებდა და კარავს ყირაზე მდგარმა გარშემოუარა. პორტ-საიდში მტკიცედ ფეხმოკიდებულ ამ ხელობას ზედმიწევნით ოსტატურად ფლობდა და ბევრჯერაც განუცვიფრებია ნელი, რომელსაც სტაშის სიმარჯვე გულით შურდა.

   შობის წინადღე და თავად დღესასწაულიც ბავშვებმა ნაწილობრივ ლოცვას, ნაწილობრივ კი მიღებული საჩუქრების თვალიერებასა და ლომას წვრთნას მოანდომეს. ახალი მეგობრის საზრიანობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. პორველ დღესვე ისწავლა თათის გაშვერა, ცხვირსახოცის მიწოდება, თუმცაღა იგი მაინცდამაინც იოლად არ ეთმობოდა და მიხვდა, რომ ნელისთვის ცხვირ-პირის ენით ალოკვა ჯენტლმენ-ძაღლს არამც და არამც არ ეკადრებოდა. პაჭუა ცხვირზე თითმიდებული ნელი სხვადასხვა სიბრძნეს ასწავლიდა, ის კი კუდის ქიცინით უმტკიცებდა, რომ ყურადღებით უსმენდა და მის ყოველ შეგონებას გულისფიცარზე იწერდა. ქალაქის ქვიშიან მოედანზე გასეირნებისას ლომას დიდება მედინეტში წუთიწუთ იზრდებოდა, მაგრამ როგორც საერთოდ დიდებას სჩვევია, ამას უარყოფითი მხარეც გააჩნდა, კერძოდ, ძაღლს არაბი ბავშვები გუნდ-გუნდად დასდევდნენ. თავდაპირველად შორს მიჰყვებოდნენ, შემდეგ კი, “საფრთხობელას” ლმობიერებით გულმოცემულნი, თანდათან უახლოვდებოდნენ და ბოლოს კარვებს ისე მჭიდროდ გარშემოერტყნენ, თავისუფლად ნაბიჯის გადადგმაც კი ჭირდა. ამას გარდა, რადგან ყველა არაბი ბავშვი დილიდან დაღამებამდე შაქრის ლარწამს ღეჭავდა, ამდენად ბავშვებს თან სდევდა ლეგიონები ბუზებისა, რომლებიც ჯერ ისე, თავისთავად, მომაბეზრებელნი, საშიშნიც არიან, რადგან თვალის ანთების ეგვიპტურ მიკრობს ავრცელებენ. ამის თავიდან ასაცილებლად მსახურები ბავშვების გარეკას ცდილობდნენ, მაგრამ მათ ნელი იცავდა, მეტიც, უმცროსებს აუცილებლად ტკბილეულს ჩამოურიგებდა ხოლმე.

   სამი დღის შემდეგ დაიწყო გაერთიანებული ექსკურსიები ჯერ ვიწროლიანდაგიანი გზებით, რომლებიც ინგლისელებს მედინეტ-ელ-ფაუმში გაეყვანათ, შემდგომ – ვირებით, დროდადრო კი – აქლემებითაც. აღმოჩნდა, რომ ეს პირუტყვი იდრისს გადაჭარბებული მონდომებით შეექო, რადგან ლობიო კი არა, ადამიანს უჭირდა უნაგირზე გაჩერება, თუმცა ნათქვამში სიმართლეც ერია. ეს აქლემები საჯდომი ჯიშისანი იყვნენ და უამრავ სორგოს (ადგილობრივ თუ სირიულ სიმინდს) აჭმევდნენ, ამდენად კუზები სქელი ჰქონდათ და ისე ხალისიანად გარბოდნენ, ხანდახან მათი ძალად გაჩერებაც კი უხდებოდათ. სუდანელმა იდრისმა და გებჰრმა, მიუხედავად თვალების ველური ბრიალისა, მეგობრების გული მოიგეს, უმეტესწილად იმით, რომ ნელის მზრუნველად დასტრიალებდნენ და ცივ ნიავს არ აკარებდნენ. გებჰრს სახეზე მუდამ მკაცრი და ოდნავ სასტიკი გამომეტყველება დასთამაშებდა, სამაგიეროდ იდრისი უმალვე მიხვდა, რომ ეს პაწია იყო ამ ხალხის თვალისჩინი და ყოველ შესაფერის ჟამს ხმამაღლა აცხადებდა, მეც “საკუთარ სულზე” მეტად მიღირსო. პან რავლისონს ეგონა, რომ იდრისს, ნელის მეშვეობით, ჩემს ქისაში ხელის ფათური მონდობებიაო, მაგრამ ამ აზრს უმალვე უკუაგდებდა ხოლმე, რადგან სწამდა, რომ არ მოიძებნებოდა ქვეყნად ადამიანი, რომელიც მის ერთას არ შეიყვარებდა, ჰოდა, მადლიერი იყო და არც “გასამრჯელოზე” ძუნწობდა.

   ხუთი დღის განმავლობაში საზოგადოებამ მოინახულა ქალაქის მახლობლად მდებარე უძველესი ნიანგოპოლისი, სადაც, ოდესღაც, ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ სებაკად წოდებულ თავის ღმერთს, რომელსაც ტანი ადამიანისა ჰქონდა, თავი კი – ნიანგისა. შემდგომ უგრძეს ექსკურსიაზე და ისიც სულ აქლემებით, ჰანარის პირამიდისა და ლაბირინთის ნაშთის სანახავად, ზედ კაროუნის ტბისაკენ უნდა წასულიყვნენ. მისი ჩრდილოეთ სანაპირო იყო ერთი გაშლილი უდაბნო, სადაც, ეგვიპტის უძველეს ქალაქთა ნანგრევების გარდა, სიცოცხლის სხვა რამ ნიშანწყალი არ ჩანდა. სამაგიეროდ, სამხრეთით დუღდა და გადმოდუღდა სიცოცხლე – მანანითა და ლერწმით დაბურულ სანაპიროზე უთვალავი ვარხვი, ფლამინგო, გარეული იხვი და ბატი ირეოდა. აი, სწორედ აქ გამოიჩინა სტაშმა თვალის სიმარჯვე. როგორც ჩვეულებრივი თოფით, ასევე შტუცერით ისე მარჯვედ ისროდა, რომ იდრისი და მენიჩბე არაბები განცვიფრებისაგან სულ პირს აწკლაპუნებდნენ, წყალში ჩაცვივნულ ფრინველებს კი თან მიჰყვებოდა შეძახილები: “ბისმილაჰ! მაშალაჰ!”

   არაბები ირწმუნებოდნენ, რომ “უდაბნოს” მოპირდაპირე სანაპიროზე უამრავი მგელი და აფთარი იყო და თუ ნაშალზე ცხვრის მძორს დააგდებდნენ, სანადიროდ გასვლას ნამდვილად ჰქონდა აზრი. ამ შეგონების შემდეგ პან ტარკოვსკიმ და სტაშმა უდაბნოში, დინას ნანგრევებს შორის ორი ღამე გაატარეს. მაგრამ პირველი ცხვარი მონადირეების გასვლისთანავე, ბედუინებმა აწაპნეს, მეორემ კი მიიტყუა მხოლოდ კოჭლი ტურა, რომელიც სტაშმა გააგორა. ამის შემდეგ ნადირობა გადადეს, რადგან მედინეტის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ელ-ლაჰუმის მახლობლად, ბაჰრ-იუსეფთან მიმდინარე საწყალოსნო სამუშაოების შესამოწმებლად ინჟინრების წასვლის დრომაც მოაღწია.

   პან რავლისონი პანი ოლივერის ჩამოსვლასღა ელოდა. სამწუხაროდ, მის ნაცვლად მიიღეს მხოლოდ ექიმის წერილი, რომლითაც იუწყებოდა, რომ ოდინდელი წითელი ქარი კბენის შემდეგ სახეზე განახლებოდა და ავადმყოფი კარგა ხანს ვერ შესძლებდა პორტ-საიდიდან გასვლას. ერთობ საჩოთირო მდგომარეობა შეიქმნა. ბავშვების, მოხუცი დინაჰისა და მსახურების თან წაყვანა შეუძლებელი იყო, თუნდაც იმ უბრალო მიზეზის გამო, ინჟინრები დღეს აქ რომ იყვნენ, ხვალ სულ სხვაგან უწევდათ წასვლა და შესაძლოა, თვით იბრაჰიმის უდიდეს არხამდეც მიეღწიათ. ამის გამო მცირე ბჭობა გამართეს და პან რავლსონმა გადაწყვიტა, პაწია ნელი მოხუცი დინაჰისა და სტაშისათვის, აგრეთვე საკონსულოს იტალიელი აგენტისა და ამას წინათ გაცნობილი ადგილობრივი მუდირის (გუბერნატორის) მზრუნველობის იმედად დაეტოვებინა. ამასთანავე, ნელის, რომელსაც მამასთან გაყრა მეტისმეტად ეძნელებოდა, აღუთქვა, უახლოესი ადგილებიდან, პან ტარკოვსკისთან ერთად, უეჭველად შეივლიდნენ მედინეტში და თუ დასათვალიერებლად რაიმე საინტერესო ადგილს ნახავდნენ, ბავშვებს თავისთანაც დაიბარებდნენ.

   – ხამისიც თან მიგვყავს – ამბობდა – და თქვენთან ამას გამოვაგზავნით ხოლმე. დინაჰი ნელის ყველგან გაჰყვეს, მაგრამ რაც მოესურვება, ნელიმ ის აკეთოს, ოღონდ, შენ, ჩემო სტაშ, ორივეს უნდა უპატრონო.

   – გწამდეთ, – მიუგო სტაშმა, – რომ ნელის საკუთარი დასავით გავუფრთხილდები. მას ლომა ჰყავს, მე შტუცერი მაქვს, ჰოდა, ვინ რას გაგვიბედავს...

   – მთავარი ეგ არ არის, – უთხრა პან რავლისონმა. – ლომა და შტუცერი, ალბათ, არ დაგჭირდებათ. გამოიჩინე გულისხმიერება, რომ ნელი არ გადაიღალოს და, ამასთანავე არ გაცივდეს. კონსულს ვთხოვე, ოდნავი უგუნებობაც რომ შეატყოთ, კაიროდან უმალვე ექიმი გამოიძახეთ-მეთქი. ამბის გასაგებად ხამისს ხშირ-ხშირად გამოვგზავნით. მუდირიც მოგინახულებთ. თან იმის იმედიც მაქვს, რომ დიდხანს არ მოგვიწევს სხვაგან ყოფნა.

   შვილი პან ტარკოვსკიმაც გააფრთხილა. ნელის იარაღით დაცვა არ დასჭირდება, რადგან მედინეტსა და ელ-ფაუმის მთელს პროვინციაში არც ველური ხალხია და არც ნადირი. ამგვარ რამეზე ფიქრი სასაცილოც კია ბიჭისთვის, რომელიც მალე თოთხმეტი წლისა უნდა გახდეს. მხოლოდ ზრუნვას და ყურადღებას ნუ მოაკლებ, საკუთარი თავის იმედად ნურსად წახვალ, ისიც ნელისთან ერთად და რაც მთავარია, აქლემებით, რომლებითაც სეირნობა, რაც არ უნდა იყოს, მაინც დამქანცველია.

   ამის გაგონებაზე ნელის სახე ისეთი ნაღვლიანი იერი დაედო, რომ პან ტარკოვსკი იძულებული გახდა, დაემშვიდებინა.

   – რასაკვირველია, – უთხრა და თმაზე ხელი გადაუსვა, – აქლემებით ისეირნებთ, მაგრამ მხოლოდ ჩვენთან ერთად, ანდა ჩვენსკენ წამოსვლისას, როცა თქვენს წამოსაყვანად ხამისს გამოვგზავნით.

   – ჩვენ თვითონ სულ პატარაზე, პაწაწკინტელაზე გასეირნებაც არ შეგვიძლია? – ჰკითხა გოგონამ.

   და პაწია თითებით აჩვენა, როგორ გასეირნებასაც გულისხმობდა. ბოლოს, მამიკოებმა შვილებს პირობა წაუყენეს, რომ ისეირნებდნენ ვირებით და არა აქლემებით, ოღონდ არა ნანგრევებამდე, სადაც სულ იოლად შეიძლებოდა სადმე ნაპრალში ჩაჩეხა, არამედ მინდვრისა და ქალაქგარეთა ბაღების მომიჯნავე გზებზე. თარჯიმანი და ცოოკის სხვა მსახურები ბავშვებს გამუდმებით თან უნდა ხლებოდნენ.

   ამის შემდგომ უფროსები გაემგზავრნენ, მაგრამ სულ ახლო მანძილზე, ჰამარეთ-ელ-მაკტაში ისე, რომ ათი საათის შემდეგ ღამის გასათევად ისევ მედინეტში დაბრუნდნენ. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე, სანამ ყველა ახლომახლო სამუშაო არ მოინახულეს. მერე კი, როცა შორ და კიდევ უფრო დაშორებულ ადგილებში უნდა წასულიყვნენ, ღამ-ღამობით ხამისს აბრუნებდნენ უკან და როცა მამებს შვილებისათვის რაიმე საინტერესო ადგილის ჩვენება უნდოდათ, ნელი და სტაშიც თან მიჰყავდა. დღის უმეტეს ნაწილს ბავშვები მამებთან ატარებდნენ, მზის ჩასვლის ჟამს კი ისევ მედინეტში, კარვებში ბრუნდებოდნენ. თუმცა, იყო დღეები, როცა ხამისი არ მოდიოდა და მაშინ ნელი, მიუხედავად სტაშისა და ლომას მეგობრობისა, ნაღვლიანად გაჰყურებდა შიკრიკის გზას. ასე განვლო დრომ გრძნეულთა დღესასწაულამდე, რომელზეც ორივე ინჟინერი კვლავ მედინეტში დაბრუნდა.

   ორი დღის შემდგომ ისევ წავიდნენ და ყველანი გააფრთხილეს, ამჯერად თვით ბენი-სუეფამდე ვივლით, იქიდან კი წასვლა მოგვიწევს ელ-ფახენისაკენ, სადაც იწყება ამავე სახელწოდების არხი, რომელიც სამხრეთით ნილოსის გასწვრივ მიემართებაო.

   უნდა გენახათ ბავშვების განცვიფრება, როცა მესამე დღეს, დაახლოებით დილის თერთმეტი საათისათვის მედინეტში ხამისი გამოჩნდა. მას საძოვარზე გაშვებული აქლემების სამწყემსად გასული სტაში შეხვდა. ხამისი იდრისს ესაუბრებოდა და სტაშს მხოლოდ ის აუწყა, შენი და ნელის წასაყვანად მოვედიო, კარავში მალე შემოვალ და აგიხსნით, უფროსი ბატონების დავალებით, საითაც უნდა წაგიყვანოთო. კეთილი ამბის სათქმელად ბიჭი თავპირისმტვრევით გაიჭრა ნელისაკენ, რომელიც კარვის წინ ლომას ეთამაშებოდა.

   – იცი, რა მოხდა? ხამისი მოვიდა! – შესძახა შორიდანვე.

   ნელი სიხარულისაგან აკუნტრუშდა.

   – წავალთ! წავალთ!

   – წავალთ და თან იცი, რა შორს!

   – საით? – ჰკითხა და ჩამოშლილი თმა ხელით შეისწორა.

   – არ ვიცი. ხამისმა მითხრა, ახლავე მოვალ და ყველაფერს აგიხსნითო.

   – აბა, საიდან იცი, რომ შორს წავალთ?

   – საიდან და ყური მოვკარი, იდრისმა რომ უთხრა, მე და გებჰრი ახლავე დავიძვრით აქლემებითო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მატარებლით წავალთ და აქლემებს შევხვდებით იქ, სადაც ჩვენი მამები არიან, იქიდან კი სადმე ექსკურსიაზე წავალთ.

   განუწყვეტელი ხტუნაობისგან ნელის თმა ისევ ჩამოეშალა.

   თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ხამისიც გამოჩნდა და ბავშვებს თავი დაუკრა.

   – ბატონიშვილო, – მიმართა სტაშს, – სამი საათის შემდეგ მივყვებით პირველივე მატარებელს.

   – საით?

   – ელ-ჰარაკ-სულთანისკენ, იქიდან კი, უფროს ბატონებთან ერთად, აქლემებით წავალთ ვადი-რაიანში.

   სტაშს სიხარულისაგან გული აუთრთოლდა, მაგრამ იმავდროულად, ხამისის სიტყვებმა გააკვირვა კიდეც. იცოდა, რომ ვადი-რაიანი ლიბიის უდაბნოს ჩრდილოეთითა და მედინეტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობდა, მაშინ, როდესაც პან ტარკოვსკიმ და პან რავლისონმა წასვლისას დაიბარეს, რომ სრულიად საწინააღმდეგო მხარეს, ნილოსის მიმართულებით მიემგზავრებოდნენ.

   – რა მოხდა? – ჰკითხა სტაშმა. – მამაჩემი და პან რავლისონი ბენი-სუეფის ნაცვლად ელ-გჰარაკში არიან?

   – ასე მოხდა. – მიუგო ხამისმა.

   – კი მაგრამ, მათ ხომ ელ-ფახენში დაგვიბარეს წერილის გაგზავნა.

   – უფროსი ეფენდი სწორედ წერილში გწერთ, როგორ მოხვდნენ ელ-გჰარაკში.

   წერილი ერთხანს ეძება, მერე კი შესძახა:

   – ო, ნაბი /წინასწარმეტყველო/, წერილი აქლემზე გადაკიდებულ ჩანთაში დამრჩა. ახლავე გავიქცევი და მოგიტანთ, სანამ იდრისი და გებჰრი გამასწრებენ.

   და აქლემებისაკენ გაიქცა, ბავშვები კი მგზავრობის სამზადისს შეუდგნენ. რადგან ხანგრძლივი გასეირნება ელოდათ, დინაჰმა რამდენიმე კაბა, ცოტაოდენი თეთრეული და ნელის ყველაზე თბილი ტანსაცმელი ჩაალაგა. სტაშმა საკუთარ თავზე იზრუნა, რაც მთავარია, შტუცერი და ტყვია-წამალი არ დავიწყებია, რადგან იმედი ჰქონდა, ვადი-რაიანის გორაკებს შორის მგლებსა და აფთრებს შეხვდებოდა.

   ხამისი მხოლოდ ერთი საათის შემდეგ მობრუნდა, მაგრამ ისეთი ოფლიანი და აქლოშინებული, კარგა ხანს სული ვერ მოითქვა.

   – აქლემოსნებს ვეღარ მივუსწარი – თქვა – და გამოვუდექი, მაგრამ, ამაოდ: თუმცა რა უშავს, წერილსაც და თავად ეფენდიებსაც ელ-გჰარაკში ვნახავთ. დინაჰიც მოდის?

   – აბა, არ უნდა წამოვიდეს?

   – ხომ არ აჯობებს, რომ დარჩეს? ბატონებს მაგაზე არაფერი უთქვამთ.

   – წასვლის წინ გვითხრეს, დინაჰი პაწიას არ მოშორდესო, ჰოდა, ახლაც წამოვა.

   ხამისმა თავი დახარა, ხელი გულზე მიიდო და თქვა:

   – იჩქარეთ, თორემ კატრი /მატარებელი/ გაგვასწრებს.

   ბარგი მზად ჰქონდათ და ერთ საათში უკვე სადგურზე იყვნენ. მედინეტიდან გჰარაკემდე ოცდაათიოდ კილომეტრი თუ იქნებოდა, მაგრამ ამ გზაზე მატარებელი მეტისმეტად ნელა დადიოდა, თან ხშირად ჩერდებოდა. სტაში რომ მარტო ყოფილიყო, იცოცხლე, მატარებლით ჩაქჩაქს აქლემს ამჯობინებდა, რადგან მატარებელზე ორი საათით ადრე წასული იდრისი და გებჰრი ელ-გჰარაკში მათზე ადრე ჩავიდოდნენ. სამაგიეროდ, ნელისთვის იქნებოდა ეს გზა უგრძესი, ჰოდა, პატარა მეურვეს, რომელიც მამების თხოვნას გულმოდგინედ ასრულებდა, არ სურდა გოგონა ზედმეტად გაეწვალებინა. თუმცა, დრომ ორივესთვის სწრაფად გაირბინა და სანამ მიხედ-მოხედვას მოასწრებდნენ, უკვე გჰარაკში იყვნენ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი