პატარა სადგური, საიდანაც, საერთოდ, ინგლისელები გასართობად ვადი-რაიანისაკენ მიემგზავრებოდნენ ხოლმე, თითქმის უკაცრიელი ჩანდა. მოშორებით თვალი მოჰკრეს სახეზე ჩადრჩამოფარებულ რამდენიმე ქალს, რომლებსაც მანდარინით სავსე კალათები მიჰქონდათ და ორ უცნობ მეაქლემე-ბედუინს. აქვე იყვნენ იდრისი და გებჰრი თავიანთი შვიდი აქლემით, რომელთაგან ერთ-ერთი მეტისმეტად დაეტვირთათ. სამაგიეროდ პან ტარკოვსკი და პან რავლისონო არსად ჩანდენენ.

   იდრისმა მათი იქ არყოფნა ასე ახსნა:

   – უფროსი ბატონები უდაბნოში წავიდნენ ეტსაჰიდან ჩამოტანილი კარვების გასაშლელად, ჩვენ კი თქვენთან გამოგვგზავნეს.

   – მერე მთებს შორის მათ როგორღა ვიპოვით? – იკითხა სტაშმა.

   – წინამძღოლები გამოგვიგზავნეს და ესენი წაგვიყვანენ.

   ამის თქმაზე ხელი ბედუინებისაკენ გაიშვირა. მათგან უფროსმა თავი დახარა, თვალზე თითი გადაისვა და თქვა:

   – ჩვენი აქლემები მსუქნები არ არიან, მაგრამ სისწრაფით თქვენებს არ ჩამოუვარდებიან. ერთ საათში ადგილზე ვიქნებით.

   სტაშს გაუხარდა, ღამეს უდაბნოში გავათევთო, სამაგიეროდ ნელი დარჩა გაწბილებული, რადგან ეგონა გჰარაკში მამას შეხვდებოდა.

   ამასობაში უსაქმურობისაგან მოწყენილი და თვლემამორეული, წითელფესიანი და შავსათვალიანი სადგურის უფროსი ევროპელ ბავშვებს მიაშტერდა.

    – ესენი ინგლისელების ბავშვები არიან, დილაუთენია უდაბნოში სანადიროდ რომ წავიდნენ. – აუხსნა იდრისმა, როცა ნელის უნაგირზე სვამდა.

    სტაშმა შტუცერი ხამისს მიაწოდა და თავად ნელის შემოუჯდა, რადგან უნაგირი განიერი ტახტრევნის ფორმისა იყო, ოღონდ უსახურაო. დინაჰი ხამისს შემოუსვეს, სხვები ცალ-ცალკე დასხდნენ აქლემებზე და გზას გაუდგნენ.

   სადგურის უფროსს უფრო დიდხანს რომ გაეყოლებინა თვალი, ეგებ ძალიან გაჰკვირვებოდა, რადგან ის ინგლისელები, ვინც წეღან იდრისმა ახსენა, პირდაპირ სამხრეთით მდებარე ნანგრევებისკენ წავიდნენ, ამათ კი თავიდანვე ნანგრევების მოპირდაპირე მხარეს, ტალეისკენ გაუხვიეს. მაგრამ სადგურის უფროსი ადრევე შებრუნდა სახლში, რადგანაც იმ დღეს გჰარაკში სხვა მატარებელს არ მოელოდა.

   ნაშუადღევის მეხუთე საათი იქნებოდა. შესანიშნავი ამინდი იდგა. მზე უკვე ნილოსის იქით გადაწვერილიყო და უდაბნოსაკენ დახრილი, დასავლეთით ანთებულ ოქროსა და ალისფერ დაფიონში ჩაფლულიყო. ვარდისფრით გაჯერებულ ჰაერს თვალს ვერ გაუსწორებდი. მინდვრებს სოსანისფერი გადაჰკრავდა. სამაგიეროდ, დაფიონის ფონზე მკვეთრად მოხატულ შორიახლო ბორცვებს კამკამა ლურჯი ფერი დასდებოდა. სამყარო რეალურობის ნიშან-თვისებებს კარგავდა და არაამქვეყნიური ელფერით იმოსებოდა.

   სანამ ამ მწვანედაფენილ და დასახლებულ ადგილებს მიუყვებოდნენ, მეგზურ-ბედუინს ქარავანი დინჯი ნაბიჯით მიჰყავდა, მაგრამ იგრძნეს თუ არა აქლემებმა მოშრიალე ქვიშის სიმყარე, მყისვე ყველაფერი გადასხვაფერდა.

   – იალა! იალა! – გაისმა ანაზდად ველური ყიჟინა.

   იმავდროულად მათრახებიც აზუზუნდა და ჩორთიდან ოთხზე გადასული აქლემები ქარიშხალივით გაიჭრნენ წინ და ქვიშა და უდაბნოს ხრეში ააბუქეს.

   – იალა! იალა!

   ჩორთით მიმავალი აქლემები უფრო გარყევს, ოთხით კი – რასაც იშვიათად იყენებენ, უფრო გარწევს, ჰოდა, ბავშვებს თავდაპირველად ერთობ მოეწონათ ასე გიჟური ჭენება. მაგრამ ვისაც საქანელაზე დიდხანს უქანავია, მიხვდება, რომ ეს საქმიანობა ბოლოს თავბრუსხვევით მთავრდება. კარგა ხნის შემდეგ, ქროლვა რომ არა და აღარ შეწყდა, ნელის თავბრუ დაეხვა და თვალები მილულა.

   – სტაშ, ასე რად მივქრივართ? – ყვირილით მიმართა ამხანაგს.

   – მე მგონი, აქლემები ძაან მიუშვეს და გაჩერებას ვეღარ ახერხებენ. – უპასუხა სტაშმა.

   მაგრამ შენიშნა თუ არა, გოგონამ ფერი დაჰკარგაო, წინ წასულ ბედუინს გასძახა, ნაბიჯი შეანელეთო. მის ძახილს შედეგად ის მოჰყვა, რომ კვლავ გაიმა: – იალა! – და პირუტყვი კიდევ უფრო სწრაფად გააჭენეს.

   ბიჭს ჯერ ეგონა, ბედუინმა ჩემი ხმა ვერ გაიგონაო, მაგრამ როცა არც მეორე დაძახებას მოჰყვა შედეგი და უკან მომავალი გებჰრი მის და ნელის აქლემს წამდაუწუმ მათრახს უზუზუნებდა, მიხვდა, რომ აქლემები კი არ მიჰქროდნენ, მათ ადმიანები მიაჭენებდნენ მისთვის გაუგებარი მიზეზის გამო.

   მერე თავში გაუელვა, ეგებ გზა აებნათ და დაგვიანებისათვის ბატონებს რომ არ ეყვირათ, ახლა დროის მოსაგებად აქლემებს იმიტომ მიაქროლებენ ასე თავგამოდებითო. მაგრამ უმალვე მიხვდა, რომ პან რავლისონი ნელის გადაღლისათვის უფრო გაუბრაზდებოდათ. მაშ, რაღას ნიშნავს ყოველივე ეს? ან მის ბრძანებას რატომ არაფრად აგდებენ? ბიჭს გული თანდათან ბოღმით და ნელის დარდით აევსო.

   – სდექ! – შესძახა მთელი ხმით და გებჰრისაკენ შებრუნდა.

   – კრინტი! – დაუღრიალა პასუხად სუდანელმა.

   და კვლავ ჭენება განაგრძეს.

   ექვსი საათისათვის ეგიპტეში ღამე ჩამოწვა, დაფიონი მალევე გაქრა, გარკვეული დროის შემდეგ ცაზე უშველებელი, ვარსკვლავების შუქით შეალისფერებული მთვარე ამოგორდა და უდაბნოს მშვიდი ნათელი მოჰფინა.

   სიჩუმეში მხოლოდ აქლემების ქოშინი და ქვიშაზე მათი ფლოქვების ყრუ, სწრაფი თქარათქური ისმოდა, დროდადრო კი – მათრახების სტვენა გაჰკვეთდა ჰაერს. ნელი ისე დაიქანცა, სტაში იძულებული იყო უნაგირზე ხელით დაემაგრებინა. წამდაუწუმ კითხულობდა, მალე თუ მივალთო და ჩანს, გულს მხოლოდ მამასთან მალე შეხვედრის ხათრით იმაგრებდა. მაგრამ თვალებს ამაოდ აცეცებდა. გავიდა საათი, მერე მეორეც მიიწურა, მაგრამ არც კარვები ჩანდა სადმე და არც ცეცხლი.

   მიხვდა თუ არა სტაში, გაგვიტაცესო, თმა ყალყზე დაუდგა.

 

 

კარი VI

 

პან რავლისონი და პან ტარკოვსკი, რასაკვირველია, ბავშვებს ელოდნენ, მაგარამ არა ვადი-რაიანის ქვიშიან მთებს შორის, სადაც ყოფნის არც სურვილი ჰქონდათ და არც მიზეზი, არამედ სრულიად სხვა მხარეში, ქალაქ ელ-ფახენში, ამავე სახელწოდების არხთან, სადაც წლის ბოლოს წარმოებულ სამუშაოებს ათვალირებდნენ. მედინეტიდან ელ-ფახენამდე პირდაპირი გზა ორმოცდახუთ კილომეტრამდე აღწევს. მაგრამ რადგანაც პირდაპირი კავშირი არ არსებობს და ელ-ვასტამდე წასვლაა საჭირო, ეს გზას თითქმის აორმაგებს და სარკინიგზო განრიგზე თავდახრილი პან რავლისონი შემდეგნაირ გამოთვლას აწარმოებდა:

   – ხამისი გუშინწინ საღამოს წავიდა, – ეუბნებოდა პან ტარკოვსკის, – ელ-ვასტაში კაიროს მატარებელს მიუსწრებდა და მედინეტში გუშინ დილით ჩავიდოდა. ბავშვები ერთ საათში მოემზადებოდნენ. ასე თუ ისე, შუადღისას წამოვიდოდნენ და ნილოსის გასწვრივ მომავალ ღამის მატარებელს დაელოდებოდნენ, მაგრამ რამდენადაც ნელის ღამით მგზავრობას ვუკრძალავ, მხოლოდ დღეს დილით დაიძროდნენ და აქ მხოლოდ მზის ჩასვლის ჟამს ჩამოაღწევენ.

   – დიახ, – მიუგო პან ტარკოვსკიმ, – ხამისს ცოტა ხომ უნდა დაესვენა. სტაშს, მართალია, თავში უქრის, მაგრამ როცა საქმე ნელის ჯანმრთელობას ეხება, მისი იმედი ყოველთვის გქონდეთ. ამასთანავე, წერილიც გავუგზავნე და ვთხოვე, ღამით არ წამოსულიყვენენ.

   – ყოჩაღი ბიჭია და ვენდობი კიდეც. – თქვა პან რავლისონმა.

    – რაც მართალია, მართალია, მეც ვენდობი. ბევრ უარყოფით თვისებასთან ერთად სტაშს სამართლიანობის გრძნობა არ აკლია და არც არასოდეს ცრუობს, უფრო სწორად, მამაცია და ცოტას ცრუობს. არც ძალ-ღონე აკლია და თუ, დროთა განმავლობაში, დინჯ განსჯას მიეჩვია, ცხოვრება არ გაუჭირდება.

   – ნამდვილად. რაც შეეხება დინჯ განსჯას, მის ასაკში შენ განა დინჯი იყავი?

   – უნდა გამოვტყდე და არა, – სიცილით მიუგო პან ტარკოვსკიმ, – მაგრამ არც მასავით ღრმად ვიყავი საკუთარ თავში დარწმუნებული.

   – ეგ გაუვლის. ისე, უნდა გიხაროდეს, ასეთი ბიჭი რომ გყავს.

   – შენ კი შენი ტკბილი და საყვარელი ნელით უნდა ამაყობდე.

   – ღმერთმა კარგად მიმყოფოს. – ჩაილაპარაკა გულაჩუყებულმა რავლისონმა.

   მეგობრებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, მერე სამუშაოს ჩაუსხდნენ და საღამომდე არც ერთს თავი მაღლა არ აუწევია.

   ექვსი საათისთვის, ჩამობნელდა თუ არა, სადგურზე გავიდნენ და ბაქანზე სეირნობისას კვლავ თავიანთ შვილებზე ჩამოაგდეს სიტყვა.

   – მშვენიერი ამინდია, ოღონდ ცივა. – წარმოთქვა პან რავლისონმა. – ნეტა, ნელიმ თბილი ტანსაცმელი თუ წამოიღო?

   – ეგ არც სტაშს დაავიწყდებოდა და არც დინაჰს.

   – ახლა ვნანობ, აქ გამოძახების ნაცვლად, რატომ თავად არ წავედით მედინეტში.

   – აბა, გაიხსენე, მეც ხომ მაგას გეუბნებოდი.

   – ვიცი, მაგრამ აქედან სამხრეთისაკენ წასვლა რომ არ გვიხდებოდეს, უეჭველად დაგეთანხმებოდი. ჩემი გამოთვლის თანახმად, გზა ბევრ დროს გვართმევდა და ბავშვებთან ცოტა ხანს გვიწევდა ყოფნა. მაგრამ უნდა გამოგიტყდე და სწორედ ხამისმა წამოაყენა მათი აქ ჩამოყვანის აზრი. მითხრა, ძალიან მომენატრნენ და ბედნიერი ვიქნები, თუ მათ ჩამოსაყვანად გამგზავნითო. არც მიკვირს, რადგან ბავშვებს ძალიან მიეჩვია...

   საუბარი მოახლოებული მატარებლის სიგნალმა შეაწყვეტინათ. წუთიც და სიბნელეში ორთქლმავალის ცეცხლოვანი თვალები გამოჩნდა და იმავდროულად ქშენა და სტვენა მისწვდა მათ ყურთასმენას.

   განათებული ვაგონების მწკრივი ბაქნის გასწვრივ გაიწელა და დადგა.

   – ვერც ერთ ვაგონში ვერ მოვკარი ბავშვებს თვალი. – თქვა პან რავლისონმა.

   – ეგებ სიღრმეში იყვნენ და ახლავე გამოვლენ.

   მგზავრები ჩამოსხდნენ; უმეტესწილად არაბები იყვნენ, რადგან ელ-ფახენში, პალმისა და აკაციის მშვენიერი ჭალების გარდა, დასათვალიერებელი არც არაფერია. ბავშვები არ ჩამოსულან.

   – ხამისმა ან ვერ მიუსწრო ელ-ვასტას მატარებელს, – თქვა ნირწამხდარმა პან ტარკოვსკიმ – ან კიდევ ღამით ნამგზავრს ჩაეძინა და მხოლოდ ხვალ დილით ჩამოვლენ.

   – შესაძლოა, ეგრეც იყოს – მიუგო აღელვებულმა პან რავლისონმა. – მაგრამ ისიც შესაძლებელია, რომ რომელიმე ავად გახდა.

   – მაშინ, სტაში უეჭველად დეპეშას გამოგვიგზავნიდა.

   – ვინ იცის, ეგებ დეპეშა უკვე სასტუმროშია.

   – წავედით.

   მაგრამ სასტუმროში არავითარი დეპეშა არ დახვედრიათ. პან რავლოსონს მღელვარება მოეძალა.

   – იცი, კიდევ რა შეიძლება მომხდარიყო? – თქვა პან ტარკოვსკიმ. – ვთქვათ და ხამისს ჩაეძინა, ეს მან ბავშვებს არ გაუმხილა, მათთან ალბათ დღეს მივიდა და უთხრა, ხვალ მივემგზავრებითო. ჩვენთან კი თავს იმით იმართლებს, თითქოსდა ბრძანება ვერ გაიგო. ყოველ შემთხვევაში, სტაშს დეპეშას გავუგზავნი.

   – მე კი – გუბერნატორ ფაუმს.

   ცოტა ხანიც და ორი დეპეშა გაგზავნეს. ჯერ კიდევ არ ჰქონდათ მღელვარების მიზეზი, მაგრამ პასუხის მოლოდინში ღამე მოუსვენრად გაატარეს და განთიადს უკვე ფეხზე ამდგარნი შეხვდნენ.

   გუბერნატორისაგან პასუხი ათი საათისათვის მიიღეს:

   “შევამოწმეთ სადგურზე. ბავშვები გუშინ გაემგზავრნენ გჰარაკ-ელ-სულთანში”.

   ადვილი წარმოსადგენია ამ მოულოდნელი ცნობის გაგებაზე მამები რა განცვიფრებამ და მრისხანებამ შეიპყრო. ერთხანს ერთმანეთს შეჰყურებდნენ, თითქოს დეპეშის აზრი ვერ გაიგესო, მერე კი, უფრო ფიცხმა პან ტარკოვსკიმ მაგიდას ხელი დაარტყა და შესძახა:

   – ეს სულ სტაშის ოინებია, მაგრამ, თუ კაცი ვარ, ვასწავლი ჭკუას.

   – ასეთ რამეს სტაშისგან არ მოველოდი. – თქვა ნელის მამამ.

   მაგრამ უმალვე დასძინა:

   – მაშ, ხამისი რაღა იქნა?

   – ან ვერ მიუსწრო და აზრზე არ არის, რა იღონოს, ანდა მათ გამოუდგა.

   – მეც ასე ვფიქრობ.

   საათიც არ გასულა, რომ მედინეტისაკენ გაემგზავრნენ. კარვებში შეიტყვეს, რომ აღაც მეაქლემენი ჩანდნენ, სადგურზე კი დაუდასტურეს, რომ ელ-გჰარაკში ხამისიც ბავშვებთან ერთად წავიდა. საქმე თანდათან ბნელმა მოიცვა და მისი ახსნა მხოლოდ ელ-გჰარაკში შეიძლებოდა;

   მართლაც, ამ სადგურზე საშინელ სიმართლეს ოდნავ აეხადა ფარდა.

   სადგურის უფროსმა, იმავე შავსათვალიანმა და წითელფესიანმა, ნამძინარევმა ეგვიპტელმა, ინჟინრებს უპასუხა, რომ დაინახა თოთხმეტიოდე წლის ბიჭი და რვა წლის გოგონა, თანმხლები ხნიერი ზანგი ქალითურთ, რომლებიც უდაბნოსკენ წავიდნენ. აღარ ახსოვდა, აქლემი რვა იყო თუ ცხრა, მაგრამ ის კი შენიშნა, რომ ერთ-ერთი მათგანი თითქოსდა შორი გზისთვის იყი დატვირთული, ორ ბედუინს კი მოზრდილი საპალნეები გადაეკიდებინა უნაგირზე. ისიც გაიხსენა, ქარავანს რომ დავაკვირდი, ერთ-ერთმა ბედუინმა, სუდანელმა, მითხრა, ესენი ვადი-რაიანში წინდაწინ წასული ინგლისელების შვილები არიანო.

   – ის ინგლისელები უკან თუ დაბრუნდნენ? – ჰკითხა პან ტარკოვსკიმ.

   – ეგრეა. ჯერ კიდვ გუშინ დაბრუნდნენ და ორი მოკლული მგელიც მოუჩანდათ. – მიუგო სადგურის უფროსმა. – ისე, კი გამიკვირდა, ბავშვები რომ ვერ დავინახე, მაგრამ რადგან მე არ მეხებოდა, არც არაფერი მიკითხავს.

   ესა თქვა და თავის საქმეს მიუბრუნდა.

   ამის გაგონებაზე პან რავლისონს სახეზე მიტკლისფერი დაედო. მეგობარს ამღვრეული თვალებით გადახედა, ქუდი მოიხადა, ხელი გაოფლილი შუბლისაკენ წაიღო და ისე შებარბაცდა, ჰა და ჰა, წაიქცეოდა.

   – გამაგრდი, რავლისონ! – შესძახა პან ტარკოვსკიმ. – ჩვენი ბავშვები მოტაცებული არიან. უნდა გადავარჩინოთ.

   – ნელი! ნელი! – იმეორებდა უბედური ინგლისელი. – ნელი და სტაშ! სტაშს ბრალი არ მიუძღვის. ორივე მოატყუეს და მოიტაცეს. ვინ იცის – რა მიზნით. ეგებ გამოსასყიდის გულისთვის. ხამისიც იმათ შორისაა. იდრისი და გებჰრიც.

   ახლა გაახსენდა ფატმას ნათქვამი, ორივე სუდანელი დანგალთა ტომის წარმომადგენელია, როგორც თავად მაჰდი და იმავე ტომს ეკუთვნის ხამისის მამა ხადიგიცო. ამის გახსენებაზე კინაღამ გული გაუსკდა, რადგან მიხვდა: ბავშვები გამოსასყიდის გულისთვის კი არა, სმაინის ოჯახზე გასაცვლელად მოეტაცებინათ.

   მაგრამ როგორ მოეპყრობოდნენ მათ ავბედითი წანასწარმეტყველის თანატომელები? უდაბნოში თუ ნილოსის სანაპიროზე თავის შეფარება გაუჭირდებოდათ, რადგან უდაბნოში შიმშილისა და წყურვილისაგან დაიხოცებოდნენ, ნილოსის შორიახლო კი მათ უეჭველად დაიჭერდნენ. სხვა შემთხვევაში ბავშვებიანად პირდაპირ მაჰდისკენ მოუსვამდნენ.

   ამის გაფიქრებაზე პან ტარკოვსკი შიშმა შეიპყრო, მაგრამ მხნე ექს-ჯარისკაცი უმალვე გონს მოეგო, მომხდარი გუნებაში აწონ-დაწონა და ხსნის გზას დაუწყო ძებნა.

   “ფატმას, – განსჯიდა თავისთვის, – არც ჩვენი და არც ბავშვების შურისძიების მიზეზი არ გააჩნია და თუ ისინი მოიტაცეს, ალბათ მხოლოდ იმისთვის, რომ სმაინს გადასცენ. სიკვდილი ნამდვილად არ ემუქრებათ. და ამ უბედურებაში ერთადერთი სასიხარულო სწორედ ესაა; სამაგიეროდ, წინ ელოდებათ უსაშინლესი გზა, რომელიც, შესაძლოა, მათთვის საბედისწეროც გამოდგეს”.

   თავისი აზრები უმალვე მეგობარს გაუზიარა:

   – იდრისმა და გებჰრმა, ამ ველურმა და უჭკუო ადამიანებმა წარმოიდგინეს, რომ მაჰდის რაზმები უკვე ახლოს არიან, მაშინ, როცა ხარტუმი, სადამდეც მათ მიაღწიეს, აქედან ორიათასი კილომეტრის სიშორეს მდებარეობს; ეს გზა მათ ნილოსის გასწვრივ უნდა გაიარონ, რადგან სხვაგვარად, აქლემებიცა და ხალხიც წყურვილით დაიხოცებიან. ახლავე წადი კაიროში და ჰედივს მოსთხოვე, ყველა საგუშაგოზე გაგზავნოს დეპეშა და მდინარის ორივე მხარეს გაუშვას მდევარი. სანაპიროს შეიხებს დიდძალი თანხა აღუთქვი საჩუქრად. სოფლებში გააჩერონ ყველა, ვინც წყალს მიუახლოვდება. მხოლოდ ასე თუ ჩაუვარდებიან იდრისი და გებჰრი მთავრობას ხელში, ჩვენ კი ჩვენს შვილებს დავიბრუნებთ.

   პან რავლისონი უკვე გონს მოეგო.

   – მივდივარ, – თქვა. – იმ ბედოვლათებს დაავიწყდათ, რომ უოლსლეის ინგლისური ჯარი უკვე მიისწრაფის გორდონის დასახმარებლად და მაჰდის კუდით ქვას ასროლინებს. ვერ გაგვისხლტებიან. არ უნდა გაგვისხლტნენ. ამ წუთას, ჯერ ჩვენს მინისტრს გავუგზავნი დეპეშას და მერე წავალ. შენ რაღას აპირებ?

   – დეპეშით შვებულებას მოვითხოვ და პასუხს არც დაველოდები, უმალვე მათ გავუდგები კვალდაკვალ, ნილოსის მხარეს, ნუბიისაკენ, რათა დევნას ვუმეთვალყურო.

   – ჰოდა, ერთმანეთს კიდეც შევხვდებით, რადგან კაიროდან მეც მაგ გზას უნდა გავუდგე.

   – კეთილი! ახლა კი საქმეს მივხედოთ.

   – ღვთის შეწევნით! – მიუგო პან რავლისონმა.

 

 

კარი VII

 

აქლემები კი, ამასობაში, ქარიშხალივით მიქროდნენ მთვარისგან ვერცხლისფრად დაფერილ ქვიშაზე. შუაღამემ მოაღწია. მთვარე, თავდაპირველად, დიდრონ, წითელ რგოლს რომ გავდა, ახლა მაღლა აიწია და გაფერმკრთალდა. უდაბნოს შორეული მთები ვერცხლისფერი ნისლის აბლაბუდაში გაეხვია. დროდადრო, კლდეებიდან, ტურების შესაბრალისი წკმუტუნი ისმოდა.

   კიდევ გავიდა საათი. სტაშმა ნელის მკლავები შემოხვია და ცდილობდა, უნაგირიდან არ გადავარდნოდა. გოგონა წამდაუწუმ ეკითხებოდა, ასე სწრაფად რატომ მივაჭენებთ და რატომ არსად ჩანან არც კარვები და არც მამიკოებიო. სტაშმა, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, მეგობრისათვის გაემხილა სიმართლე, რაც ადრე თუ გვიან, მაინც გამჟღავნდებოდა.

   – ნელი, – უთხრა – ხელთათმანი წაიძრე და შეუმჩნევლად გადააგდე.

   – რატომ, სტაშ?

   სტაშმა გოგონა მკერდში ჩაიკრა და რაღაც უჩვეულო სინაზით უთხრა:

   – როგორც გეუბნები, ისე მოიქეცი.

   ნელის ცალი ხელი სტაშისთვის ჩაებღუჯა და გაშვებისა შეეშინდა, მაგრამ ხელთათმანი თითებზე კბილებით წაიძრო და მიწაზე გადააგდო.

   – ცოტა ხნის შემდეგ მეორეც გადააგდე. – კვლავ უთხრა სტაშმა. – მე ჩემები უკვე გადავყარე, მაგრამ შენი უფრო გამოჩნდება, რადგან უფრო ფერადია.

   გოგონას ცნობისმოყვარე მზერა რომ შენიშნა, სტაშმა განაგრძო:

   – ნუ გეშინია, ნელი... მარგამ, როგორც ხედავ... შესაძლოა, ვერც შენს მამიკოს შევხვდეთ, ვერც ჩემსას... ჩვენ, მგონი, ამ საძაგელმა კაცებმა მოგვიტაცეს. მაგრამ ნუ გეშინია... თუ ეს მართლა ასეა, მდევარს დაგვადევნებენ, დაგვეწევიან და ამათ ჩვენს თავს წაართმევენ. ხელთათმანების გადაყრაც ამიტომ გითხარი, მდევარმა რომ კვალს მოაგნოს... მეტის გაკეთება ახლა არ შეგვიძლია. მაგრამ მოგვიანებით რაიმეს მოვიფიქრებ... ნამდვილად რაიმეს მოვიფიქრებ, ოღონდ შენ ნუ გეშინია და ჩემი იმედი გქონდეს...

   გაიგო თუ არა, მამას ვერ ვნახავ და სადღაც შორს, უდაბნოში მივქრივართო, შიშისა და ტირილისაგან ათრთოლებული ნელი სტაშს ჩაეკრა და ზლუქუნ-ზლუქუნით ეკითხებოდა, რატომ მოგვიტაცეს და საითკენ მივყავართო. ბიჭმა ნელი შეძლებისდაგვარად დაამშვიდა. ჩვენი მამები ისედაც დაგვედევნებიან, თან ნილოსის სანაპიროზე ყველა საგუშაგოს გააფრთხილებენო. ბოლოს, მტკიცედ დასძინა, რაც არ უნდა მოხდეს, არასოდეს მიგატოვებ და ყველგან დაგიცავო.

   მაგრამ მამის მონატრება შიშზე იმდენად ძლიერი იყო, რომ ტირილი კიდევ კარგა ხანს არ შეუწყვეტია – და ნაღGველმორეულები მიქროდნენ ნათელი ღამის ფონზე უდაბნოს გაფერმკრთალებულ ქვიშაზე.

   მაგრამ სტაშს გული არა მხოლოდ ნაღველისა და შიშის, არამედ სირცხვილის გამოც ემდუღრებოდა. მართალია, მომხდარში თავად დანაშაული არ მიუძღოდა, მაგრამ ახლა მოაგონდა თავისი უწინდელი ბაქიაობა, რის გამოც მამას ხშირად დაუტუქსავს. ადრე დარწმუნებული იყო, რომ არ არსებობდა ისეთი რთული ამბავი, გამოსავალი რომ არ ეპოვა. თავი რაღაც უჩვეულო ძალის ჭაბუკად წარმოედგინა და მზად იყო, მთელ სამყაროს შეჭიდებოდა. ახლა კი მიხვდა, რომ ერთი პატარა, იოლად ხელწამოსაკრავი ბიჭი იყო, რადგან აგერ, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მიაჭენებს აქლემს, მხოლოდ იმიტომ, რომ მას უკან მომავალი ველური სუდანელი მიეკარება. თავს სასტიკად დამცირებულად გრძნობდა, მაგრამ გამოსავალს ვერ ხედავდა. უჭირდა საკუთარი თავისთვის გაემხილა, რომ ეშინოდა – ეშინოდა ამ ხალხის, უდაბნოსი და იმისიც, რაც აწი მას და ნელის შეიძლებოდა დამართნოდა. მარტო გოგონას კი არა, საკუთარ თავსაც მტკიცედ აღუთქვა, რომ გაუფრთხილდებოდა და დაიცავდა, სიცოცხლის ფასადაც რომ დასჯდომოდა.

   ტირილისა და ექვსსაათიანი გიჟური ჭენებისაგან ქანცგაწყვეტილ ნელის თვლემა მოერია და დროდადრო ჩაეძინეოდა კიდეც. სტაშმა იცოდა, გაჭენებული აქლემიდან გადმოვარდნა სიკვდილის ტოლფასი რომ იქნებოდა და გოგონა თოკით მიიბა; გარკვეული დროის შემდეგ მოეჩვენა, თითქოს ჭენება ოდნავ მიყუჩდა, თუმცაღა ისევ ისე მიქროდნენ უდაბნოს გადასარკულ და რბილ ქვიშაზე. შორს ბუნდოვნად ილანდებოდა მთა, ვაკეზე კი უდაბნოსათვის ჩვეული ღამეული მოჩვენებანი აბორიალდა. ცაზე მთვარე თანდათან მკრთალად ანათებდა; დაბლა კი შუქჩრდილების უცნაური, ვარდისფერი, გამჭვირვალე შუქით ნაქსოვი ღრუბლები აპრიალდა. ვინ იცის, რისთვის შექმნილთ, თითქოსდა ნიავი მიერეკებოდა წინ. სტაში ხედავდა, იმ განათებულ სივრცეში შესული ბედუინების მოსასხამები და აქლემები რა ანაზდად ვარდისფრდებოდა და მალე მთელი ქარავანი ნაზ, ვარდისფერ ათინათში ეხვეოდა. დროდადრო, მთებამდე გაწელილ ღრუბლებს, ცისფერი მოედებოდა.

   მთებთან მიახლოებისას აქლემებმა სრბოლას უკლეს. ირგვლივ ქვიშიან ბორცვებს შორის გამოჩრილი უშნოდ აჩონჩხილი კლდეები მოეძალა. მიწა თანდათან ქვიანი გახდა. თანმიმდევრობით განვლეს დამშრალი მდინარის კალაპოტისმაგვარი ჩახრამული, ქვაღორღიანი ადგილი. დროდადრო გზას უღობავდათ ხეობები და იძულებული იყვნენ მათთვის გარს შემოევლოთ. პირუტყვი ფეხს ახლა ფრთხილად ადგამდა, რამდენიმემ კიდეც წაიბორძიკა და აშკარა გახდა, რომ აქლემები უნდა დაესვნებინათ.

   მართლაც, ბედუინები ერთ ღრმა ხეობაში გაჩერდნენ და უნაგირებიდან ჩამომხტარნი საპალნეებს მიუბრუნდნენ. იდრისმა და გებჰრმაც მათ მიბაძეს. ჯერ აქლემებს ახედ-დახედეს, მოსართავები მოუშვეს, საგზლის მარაგი ჩამოხსნეს და ცეცხლის დასანთებად ბრტყელი ქვის ძებნას შეუდგნენ. ფიჩხზე ან გამხმარ ნაკელზე, რასაც არაბები საწვავად ხმარობენ, ლაპარაკის კი ზედმეტი იყო, ამიტომაც ხამისმა, ხადიგის ძემ, იერიქონის ვარდის ბარდები მოკრიფა, ერთ ადგილას დააბულულა და ცეცხლი აანთო. ანაზდად, სანამ სუდანელები აქლემებს დასტრიალებდნენ, სტაში, ნელი და მისი გადია დინაჰი, ერთად მოგროვდნენ. დინაჰი ბავშვებზე მეტად შეშინებულიყო და ენას ვერ აბრუნებდა. ისღა მოახერხა, რომ ნელის თბილი შალი მოახვია და მასთან ერთად მიწაზე ჩამჯდარმა ხელებზე დაუწყო კოცნა. სტაშმა ხამისს პირდაპირ ჰკითხა, რას ნიშნავდა ყოველივე ეს, რა მოხდაო, მან კი გაიცინა, ქათქათა კბილები გამოაჩინა და ისევ იერიქონის ვარდების შესაგროვებლად გაბრუნდა. შემდეგ იდრისს ჰკითხა, რაზედაც ერთადერთი სიტყვა გაიგონა: “ნახავ” – და მუქარის ნიშნად თითი დაუქნია. როცა ვარდების ცეცხლი ავარდა, უფრო სწორად კი, როცა ვარდები ახრჩოლდა, მას ყველა გარს შემოეხვია, გარდა გებჰრისა, რომელის ჯერაც აქლემებს დასტრიალებდა და სიმინდის კვერების, ცხვრისა და თხის გამხმარი ხორცის ჭამას შეუდგნენ. გრძელი გზით დამშეული ბავშვებიც ჭამდნენ, თუმცა ძილმორეულ ნელის თვალები ეხუჭებოდა. მაგრამ ამ დროს, კოცონის მკრთალი შუქის ფონზე, შავკაბიანი გებჰრი გამოჩნდა, თვალებალაპლაპებულმა ორი პაწია ხელთათმანი ასწია და იკითხა:

   – ეს ვისია?

   – ჩემი – ნამძინარევი და გატანჯული ხმით მიუგო ნელიმ.

   – შენია, გველის წიწილო? – წაისისინა სუდანელმა. – შენ ამით გზას ასწავლიდი მამას, რომ დაგვეწიოს?

   ამის თქმა და ნელის საშინელი, არაბული მათრახი გადაუჭირა. თუმცა გოგონა სქელ შალში იყო გახვეული, შიშისა და ტკივილისაგან შეჰყვირა, მაგრამ გებჰრმა მეორედ დარტყმა ვეღარ მოასწრო, რადგან იმწამსვე ფოცხვერივით წამოწხტარმა სტაშმა მკერდზე თავი დაარტყა და ხელები კისერზე წაავლო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი