ეს ისე მოულოდნელად მოხდა, რომ სუდანელი უმალვე მიწაზე გაიშხლართა, სტაში ზემოდან დააწვა და ორივე მიწაზე აგორავდა. თავის ასაკთან შედარებით ბიჭი გამორჩეულად ძლიერ იყო, მაგრამ გებჰრი უმალვე მოერია ჯერ კისრიდან მოიცილა მისი ხელები, მერე სახით მიწისკენ გადააბრუნა და მხრებზე მათრახი უცხუნა.

   ატირებული ნელი ველურს ხელებზე ჩააფრინდა და სთხოვა, სტაშს აპატიეო, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ ბიჭს ახლა იდრისი გამოესარჩლა. იგი გებჰრზე უფრი ძლიერი იყო და გჰარაკ-ელ-სულთანიდან გაქცევის შემდეგ ყველა მას ემორჩილებოდა. ახლაც, თანამოძმეს მათრახი გამოსტაცა, შორს მოისროლა და შესძახა:

   – დაიკარგე, ჩერჩეტო!

   – ცემით სულს ამოვხდი ამ მორიელს! – კბილების ხრჭენით მიუგო გებჰრმა.

   ამის გაგონებაზე იდრისმა ხელი მოსასხამის გულისპირზე წაავლო, თვალებში ჩახედა და მრისხანედ, თუმცა თავშეკავებით აუხსნა:

   – კეთილშობილმა ფატმამ გვიბრძანა, ამ ბავშვებს არ აწყენინოთო.

   – სულს ამოვხდი! – გაიმეორა გებჰრმა.

   – მე კი გეუბნები, ამათ მათრახს ვერ დააკარებ. დაიმახსოვრე, ყოველ დარტყმაზე, შენ ათჯერ დაგარტყამ.

   მერე პალმის ტოტივით დაუწყო რწევა, თანაც დასძინა:

   – ეს ბავშვები სმაინის საკუთრებას წარმოადგენენ და თუ რომელიმე მათგანმა ცოცხალმა ვერ ჩააღწია, თავად მაჰდი /ღმერთი იყოს მისი შემწე/, ბრძანებს შენს ჩამოხრჩობას. მიხვდი, ჩერჩეტო!

   მაჰდის სახელის ხსენებამ მის ქვეშევრდომებზე ისეთი დიდი ზეგავლენა მოახდინა, რომ გებჰრმა ბიჭს უმალვე ხელი გაუშვა და თითქოსდა შიშით გაიმეორა:

   – ალაჰ აკბარ! ალაჰ აკბარ!

   აქლოშინებული და ნაცემი სტაში წამოდგა, მაგრამ გრძნობდა, ამ წუთას მამას რომ მისი დანახვა და მოსმენა შესძლებოდა, უეჭველად იამაყებდა; თუმცა ნაცემ ადგილებზე ცეცხლი ეკიდა, საკუთარ ტკივილს არად აგდებდა, უმალვე გოგონას დამშვიდება სცადა და ჰკითხა, ხომ არაფერი გტკივაო.

   მერე კი დასძინა:

   – რაც იყო, იყო, მაგრამ ამიერიდან ხელის ხლებასაც ვერ გაგიბედავს. ეჰ, ნეტა იარაღი მქონდეს!

    პატარა ქალუნიამ ბიჭს კისერზე შემოხვია ხელები, ცრემლით დაუსველა გულისპირი და უთხრა: ტკივილისაგან კი არა, შენი ცოდვით ვტირიო. ამის გაგონებაზე სტაშმა ბაგეები ყურზე მიადო და ჩასჩურჩულა:

   – ნელი, ჩემსას კი არა, ვფიცავ, შენს ცემას არ ვაპატიებ.

   ეს ამბავი ამაზე დასრულდა. შერიგებულმა იდრისმა და გებჰრმა ცოტა ხნის შემდეგ მიწაზე მოსასხამები გაფინეს და დაწვნენ, მალე ხამისმაც მათ მიბაძა. ბედუინებმა პირუტყვს სორგო დაუყარეს, რის შემდეგაც ორივე აქლემებზე შესხდნენ და ნილოსის მხარეს გაეშურნენ. ნელიმ მოხუც დინაჰს მუხლზე დაადო თავისი პაწია თავი და დაიძინა. კოცონი მიინავლა, აქლემები სორგოს ახრამუნებდნენ. ცაზე ანაზდად გამოიკვეთა პაწაწკინტელა ღრუბლები, რომლებიც დროდადრო მთვარეს ჩამოეფარებოდნენ, მაგრამ მაინც ნათელი ღამე იდგა. კლდეების იქით ისევ მოისმოდა ტურების შესაბრალისი წკავწკავი.

   ორიოდ საათის შემდეგ ბედუინები დაბრუნდნენ და ტიკებით წყალი მოტანეს. ცეცხლს ისევ შეუკეთეს და სავახშმოდ დასხდნენ. მათ მოსვლაზე სტაშს გაეღვიძა. ძილი გაუკრთა აგრეთვე ორ სუდანელსა და ხამისს, ძეს ხადიგისას – და კოცონთან შემდეგი საუბარი გაიმართა:

   – გზის გაგრძელება შეგვიძლია? – იკითხა იდრისმა.

   – არა, ჯერ ჩვენც და აქლემებმაც კარგად უნდა დავისვენოთ.

   – ხომ არავინ დაგინახათ?

   – არა. მდინარესთან ორ სოფელს შორის მდებარე ბილიკს ჩავუყევით. ძაღლების ყეფა შორიდან აღწევდა.

   – წყლისთვის მუდამ შუაღამისას უნდა წავიდეთ და ისიც ყოველთვის უკაცრიელ ადგილას. მთავარია, პირველ ჭორომს გავცდეთ, მერე სოფლების უფრო იშვიათია და – ხალხიც უფრი კეთილგანწყობილი. მდევარს უეჭველი გამოგზავნიან.

   ხამისი გულდაღმა დაწვა, ხელები ნიკაპქვეშ ამოიწყო და თქვა:

   – ბატონები ბავშვებს ელ-ფახენში მთელ ღამეს დაელოდებოდნენ, მერე – შემდეგ მატარებელს, მერე ელ-ფაუმში წავიდოდნენ, იქიდან კი – გჰარაკში. იქ ალბათ მიხვდებოდნენ, რაც მოხდა და უმალვე მედინეტში გაბრუნდებოდნენ, რათა სპილენძის მავთულებით გაგზავნონ მფრინავი სიტყვა. ნილოსის სანაპირო ქალაქებში აქლემებით ხალხს დაგვადევნებდნენ. ყოველივე ამას სამი დღე მაინც დასჭირდება. ამიტომ საჭირო არ არის ჩვენი და აქლემების გადაღლა; შეგვიძლია გულარხეინად ვაბოლოთ ჩიბუხები.

   ამის თქმაზე კოცონს იერიქონის ვარდის წკირი გამოაცალა და ჩიბუხს მოუკიდა, იდრისმა კი, არაბული ჩვეულებისამებრ, სიამოვნების წკლაპუნი ატეხა.

   – ეგ ყველაფერი კარგია, ხადიგის ძევ, – თქვა, – მაგრამ ჩვენ ეს სამი დღე უნდა გამოვიყენოთ და რაც შეიძლება შორს წავიდეთ სამხრეთისაკენ. მშვიდად მხოლოდ მაშინ დავისვენებ, როცა ნილოსსა და კჰარგს /ნილოსის აღმოსავლეთით მდებარე დიდი ოაზისი/ შორის მდებარე უდაბნოს გადავლახავთ. ღმერთმა ქნას და აქლემებმა გაძლონ.

   – გაძლებენ. – გამოეპასუხა ერთ-ერთი ბედუინი.

   – ხალხი ამბობს, – ჩაურთო ხამისმა, – რომ მაჰდი /დაე, ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს/ თავისი ჯარით უკვე ასუანს უახლოვდებაო.

   სტაში, რომელსაც მათი საუბრიდან სიტყვა არ გამორჩენია და ისიც კარგად დაიმახსოვრა, მანამდე რა თქვეს იდრისმა და გებჰრმა, – წამოდგა და განაცხადა:

   – მაჰდის ჯარი ხარტუმთან არის.

   – ლა! ლა! /არა! არა!/ – შეეპასუხა ხამისი.

   – მაგის სიტყვას ნუ ენდობით, – თქვა სტაშმა, – რადგან მაგას მარტო კანი კი არა, ტვინიც შავი აქვს. ხარტუმამდე, ყოველ სამ დღეში რომ ახალ-ახალი აქლემები იყიდოთ და დღევანდელივით ჭენებით ამოხადოთ სული, ერთ თვეზე ადრე ვერ მივაღწევთ. თქვენ ალბათ, არც ის იცით, რომ გზას გადაგიჭრით ჯარი, ოღონდ ეგვიპტის კი არა, ინგლისის...

   ამ სიტყვებმა გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა. ეს რომ შენიშნა, სტაშმა კვლავ განაგრძო:

   – სანამ ნილოსსა და დიდ ოაზისს შორის მიაღწევთ, უდაბნოს ყველა გზაზე მეთვალყურე ჯარის ნაწილს ჩააყენებენ. აბა! სპილენძის მავთულით სიტყვა თქვენს აქლემებზე უფრო სწრაფად მიდის! როგორღა აპირებთ გასხლტომას?

   – უდაბნო ვრცელია, – მიუგო ერთ-ერთმა ბედუინმა.

   – გინდათ თუ არა, ნილოსის შორიახლო უნდა იაროთ.

   – ნილოსზე გადასვლაც შეგვიძლია და, როცა აქეთ მხარეს დაგვიწყებენ ძებნას, ჩვენ უკვე იქით ვიქნებით.

   – სპილენძის მავთულით სიტყვა მდინარის ორივე მხარეს აღწევს.

   – მაჰდი გამოგვიგზავნის ანგელოზს, რომელიც თვალებზე თითს დააფარებს ინგლისელებსა და თურქებს /ეგვიპტელებს/, ჩვენ კი ფრთებით დაგვიფარავს.

   – იდრის – თქვა სტაშმა, – მე არ მივმართავ ხამისს, რომელსაც თავი ცარიელ გოგრას მიუგავს და არც გებჰრს, რომელიც ცბიერი ტურაა, არამედ მოგმართავ შენ. უკვე ვიცი, რომ მაჰდისთან უნდა მიგვიყვანოთ და სმაინს გადაგვცეთ. თუ ამას ფულის გულისთვის აკეთებთ, მაშინ იცოდეთ, რომ პატარა ბინტის /გოგონას/ მამა, ერთად აღებულ მთელს სუდანელებზე უფრო მდიდარია.

   – მერე რა? – შეაწყვეტინა იდრისმა.

   – მერე რა? უკანვე დაგვაბრუნეთ და არც დიდი მეჰენდი და არც მამაჩემი ფულს არ დაიშურებენ.

   – ანდა მთავრობას გადაგვცემენ, რომელიც უმალვე ჩვენი ჩამოხრჩობის ბრძანებას გასცემს.

   – არა, იდრის. თუმცა ჩამოხრჩობას ვერ აცდებით, თუ გაქცეულებს დაგიჭერენ. ამას წყალი არ გაუვა. მაგრამ თუ საკუთარი სურვილით დაგვაბრუნებთ, არავინ დაგსჯით, ეგ კი არა და, სიცოცხლის ბოლომდე უმდიდრესი ადამიანები იქნებით. შენ კარგად იცი, რომ თეთრი ევროპელები სიტყვას არ გატეხენ. ჰოდა, ორივე მეჰენდის სახელით პირობას გაძლევთ, რომ ისე იქნება, როგორც გეუბნებით.

   სტაში დარწმუნებული იყო, რომ მამამისიც და პან რავლისონიც ასწილ ამჯობინებდნენ მის მიერ მიცემული სიტყვის შესრულებას, ვიდრე ორთავეს, განსაკუთრებით კი ნელის, საშინელი მგზავრობისა და მაჰდის თავაშვებულ და ველურ ურდოთა შორის კიდევ უფრო საშინელი ცხოვრებისათვის გასწირავდნენ.

   ამიტომაც გულისფანცქალით ელოდა ფიქრებში ჩაფლული იდრისის პასუხს. სუდანელმა კარგა ხნის შემდეგ უპასუხა:

   – შენ ამბობ, რომ პატარა ბინტისა და შენი მამა ბევრ ფულს მოგვცემენ, არა?

   – დიახ, ასეა.

   – ნუთუ გგონია, რომ მათი ფული გაგვიღებს სამოთხის კარს, რომლის გასაღებადაც მაჰდის მხოლოდ ერთი დალოცვაც კი საკმარისია?

   – ბისმილაჰ! – შესძახა ორივე ბედუინმა – ხამისმა და გებჰრმა.

   სტაშს უმალვე სასო წარეკვეთა, რადგან იცოდა, რომ, მართალია, აღმოსავლელის მოსყიდვა შეიძლება, მაგრამ თუ ჭეშმარიტი მაჰმადიანი რაიმე საქმეს რწმენის სამზერიდან შეხედავს, მორჩა, ქვეყნად არ მოიძევება ისეთი საუნჯე, რომლის წყალობითაც მისი ცდუნება შეიძლებოდეს.

   შეძახილებით გამხნევებულმა იდრისმა საუბარი განაგრძო, მაგრამ არა იმდენად სტაშის პასუხად, რამდენადაც ამხანაგებს შორის მეტი რიდისა და პატივისცემის მოსაპოვებლად.

   – ჩვენ წილად გვხვდა ბედნიერება ვეკუთვნოდეთ იმ შტოს, რომელმაც შვა შესანიშნავი წინასწარმეტყველი, მაგრამ “კეთილშობილი” ფატმა შვილებითურთ მისი ნათესავია და დიდ მაჰდის ის უყვარს. თუ შენ და პატარა ბიტნს მას მიგგვრით, ფატმასა და მის ვაჟიშვილებზე გაგცვლით, ჩვენ კი დაგვლოცავს. დაიმახსოვრე, თუ წყალიც კი, რომლითაც ის ყოველ დილას ყურანის წესისამებრ განიბანება, სნეულებს ჰკურნავს და ცოდვებს განაქარვებს, მაშინ მისი დალოცვა რაღას იზამს!

   – ბისმილაჰ! – გაიმეორეს სუდანელებმა და ბედუინებმა.

   სტაშმა ერთხელ კიდევ გაიბრძოლა:

   – თუ ასეა, მე წამიყვანეთ, ბედუინებმა კი პატარა ბინტი დააბრუნონ. ჩემს თავში გაცვლიან ფატმას და მის ვაჟებს.

   – ორივეში უფრო ნაღდად გაცვლიან.

   ამის გაგონებაზე სტაში ხამისს მიუბრუნდა.

   – შენს საქციელზე მამაშენი აგებს პასუხს.

   – მამაჩემი უკვე უდაბნოშია და წინასწარმეტყველისაკენ მიეშურება.

   – ჰოდა, მას მაინც დაიჭერენ და ჩამოკიდებენ.

   ახლა იდრისმა გადაწყვიტა ამხანაგების გამხნევება.

   – ის ძერები, – თქვა, – რომლებმაც ჩვენს ძვლებს ხორცი უნდა შემოაჭამონ, შესაძლოა ჯერაც არ გამოჩეკილან. მშვენივრად ვიცით, რაც გვემუქრება, მაგრამ არც ბავშვები ვართ და უდაბნოსაც კარგა ხანია ვიცნობთ. ეს კაცები /და ბედუინებზე მიანიშნა/ უკვე მრავალჯერ ყოფილან ბერბერაში და კარგად იციან ისეთი გზები, რომლებზეც მხოლოდ გაზელები დახტიან. იქ ვერავინ გვიპოვის და ვერც ვერავინ დაგვიჭერს. ჭეშმარიტად, იძულებულნი ვიქნებით წყლისთვის ბაჰრ-ელ-იუსუფისაკენ გავუხვიოთ, მოგვიანებით კი ნილოსისაკენ, მაგრამ ამას ჩვენ ღამ-ღამობით ვიზამთ. ნუთუ გგონიათ, რომ მდინარეზე მაჰდის ფარული გულშემატკივრები არ არიან? მე გეუბნებით, რაც უფრი სამხრეთისაკენ წავალთ, ისინი მით მეტნი იქნებიან, მთელი ტომებიც კი და მათი შეიხები შესაფერის დროს ელოდებიან, რათა თავიანთი ჭეშმარტი რელიგიის დასაცავად მახვილს მოჰკიდონ ხელი. წყალს, საჭმელს, აქლემებს თავად მოგვაწვდიან და მდევარსაც კვალს აუბნევენ. მართალია, ვიცით, რომ მაჰდიმდე შორია, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ყოველი დღე მიგვაახლოებს იმ ცხვრის ტყავს, რომელზეც დაჩოქილი წინასწარმეტყველი ყოველდღე ლოცულობს.

   – ბისმილაჰ! – მესამეჯერ შეჰყვირეს ამხანაგებმა.

   იდრისის ღირსება, ჩანდა თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა. სტაში მიხვდა, რომ წააგო, მაგრამ სუდანელთა რისხვისაგან ნელის დასაცავად უკანასკნელად გაიბრძოლა:

   – ექვსი საათის ჭენების შემდეგ ნელი სულს ძლივს ითქვამს. როგორ გგონიათ, ამხელა გზას გაუძლებს? ეს რომ მოკვდეს, მეც მოვკვდები, ჰოდა, როგორღა მიხვალთ მაჰდისთან?

   ახლა იდრისმა ვეღარ მოახერხა პასუხის გაცემა, ჰოდა, სტაშმა განაგრძო:

   – როგორღა მიგიღებენ მაჰდი და სმაინი, როცა გაიგებენ, რომ თქვენი სისულელის წყალობით ფატმა და მისი შვილები სიცოცხლეს უნდა გამოასალმონ?

   მაგრამ სუდანელი გონს მოედო და უმალვე უპასუხა:

   – კარგად დავინახე, როგორ უვარჯიშებდი გებჰრს კისერს. ალაჰს ვფიცავ, სწორედ ლომის ლეკვი ხარ და არ მოკვდები, გოგონას კი...

   და მოხუცი დინაჰის მუხლებზე მიყრდნობილი ნელის პაწია თავს რომ შეხედა, რაღაცნაირად დამტკბარი ხმით დაასრულა:

   – გოგონას კი აქლემის კუზზე ჩიტის ბუდესავით ლამაზ სამყოფელს დავუწნავ, რომ დაღლა არ იგრძნოს და გზაში ისევე მშვიდად იძინოს, როგორც ახლა ძინავს.

    ეს რომ თქვა, აქლემებისკენ წავიდა და ბედუინებთან ერთად ყველაზე საუკეთესო დრომადერის ზურგზე გოგონას სამყოფელის კეთებას შეუდგა. ბევრს ლაპარაკობდნენ და კინკლაობდნენ კიდეც, მაგრამ მალე თოკების, შალებისა და ბამბუკის ჯოხების მეშვეობით შეჰკრეს როგორიღაც ღრმა, მტკიცე კალათი, რომელშიც ნელის ჯდომაც შეეძლო, წოლაც და რაც, მთავარია, გადმოვარდნის საშიშროებაც გამოირიცხა. ამ ვრცელ კალათში, რომელსაც სახურავიც გაუკეთეს, დინაჰიც თავისუფლად ჩაეტეოდა.

   – აი, ხომ ხედავ, – უთხრა იდრისმა სტაშს – ამ შალებში მწყრის კვერცხიც კი არ გატყდება. გოგონასთან მოხუცი ქალი იმგზავრებს, რომ დღისითაც ემსახუროს და ღამითაც... შენ მე შემომიჯდები, თუმცა შეგიძლია მას გაყვე უკან და იფხიზლო.

   სტაში გახარებული იყო, თუნდაც ამას რომ მიაღწია. თავიანთ მდგომარეობას რომ ჩაუფიქრდა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათ უეჭველად დაიჭერდნენ ჯერ კიდევ პირველ ჭორომამდე და ამ აზრმა მხნეობა შემატა. საშინლად ეძინებოდა და თავს აღუთქვა, რაიმე თოკით მიმაგრებოდა უნაგირს და, რადგან ნელის მზრუნველობა აღარ სჭირდებოდა, რამდენიმე საათი გამოეძინა.

   ღამე თანდათან გაფერმკრთალდა და ხეობაში ტურებმა წკავწკავი შეწყვიტეს. ის იყო ქარავანი გზას უნდა დადგომოდა, მაგრამ სუდანელებმა მოშორებით აღმართული კლდის მიღმა განთიადის ნათელს მოჰკრეს თვალი და, ყურანის წესისამებრ, განბანას შეუდგნენ, ოღონ წყლის დაზოგვის მიზნით, ქვიშა იხმარეს. მერე განთიადის პირველი ლოცვა წარმოსთქვეს. ჩამოწოლილ მდუმარებაში მათი ხმები მკვეთრად ჟღერდა: “მოწყალეო და ლმობიერო ღმერთო. იდიდოს სახელი შენი, სამყაროს მფლობელო მოწყალეო და ლმობიერო, განსჯის დღეს შენ გადიდებთ და თაყვანს გცემთ. შენ გევედრებით შველას. გვატარე იმ გეზით მათსავით, ვისთვისაც არ გენანება კეთილდღეობა და გულმოწყალება და ნუ გვატარებ ბილიკებით, რომლითაც უვლიათ ცოდვილთ და დღესაც დაეხეტებიან და ამით დაიმსახურეს შენი რისხვა. ამინ.”

   ამ სიტყვების გაგონებაზე სტაშმა თვალები ზეცას მიაპყრო და იმ მივარდნილ მხარეში, სადაც მხოლოდ ქვიშა ბატონობდა, გულმხურვალედ წარმოთქვა: “შენი შემწეობის იმედი გვაქვს დედაო ღვთისმშობელო...”

 

 

კარი VIII

 

ღამე ფერმკრთალდებოდა. ის იყო ხალხი აქლემებზე უნდა შემსხდარიყო, რომ ანაზდად თვალი მოჰკრეს უდაბნოს კუდამოძუებულ მგელს, რომელმაც ხეობაში ქარავნისაგან ასიოდ ნაბიჯის მოშორებით გაიელვა და მაღლა ასულმა უკანმოუხედავად მოუსვა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ შეშინებული რაღაცას გაურბოდა. ეგვიპტის უდაბნოში არ იყო ისეთი ველური ნადირი, რომლისაც მგელს შეეშინდებოდა; ამიტომ შეაშფოთა მისმა ქცევამ სუდანელი არაბები. რა უნდა ყოფილიყო? ნუთუ მდევარი უახლოვდებოდათ? ერთ-ერთი ბედუინი უმალვე კლდეზე აცოცდა და ის იყო, იქაურობას თვალი მოავლო, მსწრაფლვე ძირს ჩამოცოცდა.

   – ო, წინასწარმეტყველო! – შესძახა არეულმა და დამფრთხალმა – მგონო ლომი მოგვდევს და საცაა აქ გაჩნდება!

   ამის თქმა და კლდის იქიდან ბოხი “აფ, აფ” გაისმა, რის შემდეგაც სტაშმა და ნელიმ ერთხმად შესძახეს:

   – ლომა! ლომა!

   ბედუინები კიდევ უფრო დაფრთხნენ, მაგრამ ხამისმა გაიცინა და თქვა: – ვიცნობ მაგ ლომს.

   თქვა და ერთი გემრიელად დაუსტვინა თუ არა, იმავე წამს ვეებერთელა ქოფაკი აქლემებს შორის შეიჭრა. ბავშვებთან მივარდა, მისკენ ხელებგაშვერილი ნელი წააქცია, სტაშს აეტორღიალა, მერე წკმუტუნ-წკმუტუნით ორივეს გარშემოუარა, ისევ წააქცია ნელი, ისევ აეტოტა სტაშს და ბოლოს მათ ფეხებთან გაშხლართული აქლოშინდა.

   გვერდები ჩაცვენოდა, გადმოგდებული ენიდან დორბლი სდიოდა, მაინც კუდს აქიცინებდა და ნელის სიყვარულით შესცქეროდა, თითქოსდა უნდოდა ეთქვა: “მამაშენმა შენი დარაჯობა მიბრძანა და აგერ, უკვე შენთან ვარ.”

   ბავშვები აქეთ-იქიდან მიუსხდნენ და მიუალერსეს. ორი ბედუინი, რომელთაც მსგავსი არსება მანამდე არ ენახათ, განცვიფრებულნი შესცქეროდნენ და წამდაუწუმ იმეორებდნენ: “ალაჰ! რამხელა ძაღლია!” ძაღლი ერთხანს მშვიდად იწვა, მერე თავი ასწია, ვეებერთელა ცხვირით ჰაერი მოყნოსა და ფეხზე წამომხტარი კოცონთან მივარდა საჭმლის ნარჩენებისთვის.

   იმავე წამს თხისა და ცხვრის ძვლები ჩალასავით დაიფქვა ძაღლის ძლიერ კბილებშუა. შვიდი ადამიანის საჭმლის მონარჩენი ლომას ძლივს ეყო.

   სუდანელები ერთობ ჩააფიქრა ძაღლის გამოჩენამ, ორმა მეაქლემემ ხამისი გვერდზე გაიხმო და მათ შორის მღელვარე საუბარი გაიმართა:

   – რა ეშმაკმა მოიყვანა ეს ძაღლი აქ! – შესძახა გებჰრმა. – როგორ მოაგნო ბავშვებს, როცა გჰარაკში მატარებლით ჩამოვიდნენ?

   – ალბათ აქლემების კვალს გამოჰყვა. – მიუგო ხამისმა.

   – ძალიან ცუდი ამბავია. ყველა, ვინც დაინახავს, ჩვენს ქარავანს დაიმახსოვრებს და გაგვთქვამს, საითკენ წავედით. ახლავე უნდა გავაქროთ.

   – კი მაგრამ, როგორ? – ჰკითხა ხამისმა.

   – ხომ არის თოფი, აიღე და შიქ თავში დაუმიზნე.

   – თოფი კი არის, მაგრამ მე რომ სროლა არ ვიცი. თქვენ იცით?

   გაჭირვების ჟამს ხამისს შეიძლება კიდეც მოეხერხებინა სროლა, სტაშს ხომ მისი თანდასწრებით არაერთხელ გადაუხსნია იარაღი და დაუხურავს, მაგრამ გულით ეცოდებოდა ძაღლი, რომელსაც მედინეტში მეთვალყურეობდა. მშვენივრად იცოდა, ამასთანავე, რომ სუდანელებს ახალ იარაღზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ და ვერც მოიხმარდნენ.

   – თუ თქვენ არ იცით, – თქვა ეშმაკური ღიმილით, – მაშინ ძაღლის მოკვლას მოახერხებს მხოლოდ პატარა ნუზრნი /ქრისტიანი/, მაგრამ იმ თოფს შეუძლია რამდენჯერმე გაისროლოს, ამდენად, არ გირჩევთ, თოფი მის ხელში მოხვდეს.

   – ღმერთმა დაგვიფაროს. – უპასუხა იდრისმა. – მწყრებივით მიგვაწყობს ერთმანეთზე.

    – დანა ხომ გაქვს. – შენიშნა გებჰრმა.

    – მიდი, სინჯე, ოღონდ ნუ დაგავიწყდება, რომ გაქვს ყელი, რომელსაც ძაღლი უმალვე გამოგღადრავს, სანამ შენ დარტყმას მოასწრებდე.

   – აბა, რა ვქნთ?

   ხამისმა მხრები აიჩეჩა.

   – ვერ გამიგია, რატომ კლავთ მაგ ძაღლს? ქვიშაც რომ მიაყარით, ტურები მაინც ამოთხრიან, მდევარი იპოვის მის ძვლებს და მიხვდება, რომ ნილოსი გადავჭერით, რადგან იქით გვიჭირავს გეზი. წამოგვყვეს. რამდენჯერაც ბედუინები წყლის მოსატანად წავლენ, ჩვენ რომელიმე ხეობაში დავიმალებით, დარწმუნებული იყავით, ბავშვებს არ მოსცილდება. ალაჰ! კიდევ კარგი რომ უკვე დაგვეწია, თორემ მდევარს ბერბერაში მოგვაყენებდა. მაგის კვება არ დაგვჭირდება, რადგან მონარჩენებიც ეყოფა, თუ არა და ამას ტურა და აფთარი გაუმკლავდება? გეუბნებით თავი დაანებეთ და ტყულუბრალოდ ლაპარაკში დროს ნუ კარგავთ.

   – ეგებ მართალიც ხარ. – თქვა იდრისმა.

   – მართალი თუ ვარ, წყალსაც დავალევინებ ხოლმე, რათა მოწყურებული თავად არ გაიჭრას ნილოსისაკენ და სოფლებში არ გამოჩნდეს.

   ასე გადაწყდა ბედი ლომასი, რომელმაც მცირე დასვენებისა და დანაყრების შემდეგ, მთელი თასი წყალი თვალისდახამხამებაში გააქრო და ქარავანს ღონემოცემული აედევნა.

   ხებოდან გამოსულები უმალვე აღმოჩნდნენ ნაოჭ-ნაოჭ ქვიშადადებულ ტრიალ უდაბნოში. ზეცას ამჯერად მარგალიტისფერი ედო. აღმოსავლეთით თავშეყრილი თეთრი ღრუბლები ანაზდად ოქროსფრად შეიმღვრა. ჯერ ერთი სხივი გამოკრთა, მერე – მეორე და როგორც საერთოდ სჩვევია მზეს სამხრეთით, სადაც საერთოდ არ იცის შებინდება და განთიდი, კი არ ამოვიდა, ღრუბლებიდანცეცხლის ენასავით ამოიფრქვა და იქაურობა თვალისმომჭრელი შუქი მოჰფინა. ზეცას მხიარული იერი დაედო, გამხიარულდა მიწაც და ადამიანთა თვალწინ ამქვეყნიური უსასრულობა გადაიშალა.

   – უნდა ვიჩქაროთ, – თქვა იდისმა, – რადგან აქ შორიდანაც კარგად ვჩანვართ.

   დასვენებული და დარწყულებული აქლემები გაზელებივით გაიჭრნენ წინ. ლომა ჩამორჩა, მაგრამ ეჭვი არ იყო, რომ პირველივე შეჩერებისას წამოეწეოდათ. დრომადერი, რომელზეც სტაში იდრისს შემოჯდომოდა, ნელის აქლემის გვერდით გარბოდა, ასე რომ ბავშვებს თავისუფლად შეეძლოთ ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ. სუდანელების გაკეთებული დასაჯდომი, მართლაც რომ დიდებული აღმოჩნდა და ნელი იქ თავს ისე გრძნობდა, როგორც ჩიტი ბუდეში. მძინარეც კი არ გამოვარდებოდა და ჭენება არც ღამით შეაწუხებდა. დღის ნათელმა ბავშვები ცოტა მოაგუნება. სტაშს გულში იმედი ჩაუდგა, რადგან, მისი აზრით, თუ ლომამ მოაგნოთ, მდევარს რაღა დაუდგებოდა წინ. თავისი აზრი უმალვე გაუზიარა ნელის, რომელმაც მოტაცების შემდეგ პირველად გაუღიმა.

   – როდის დაგვეწევიან? – ჰკითხა ფრანგულად, რათა იდრისს არ გაეგო.

   – არ ვიცი. იქნებ დღეს, ან ხვალ, ანდა სულაც ორი-სამი დღის შემდეგ.

   – უკანაც ხომ აქლემებით არ წავალთ?

   – არა. მხოლოდ ნილოსამდე მივალთ, ნილოსიდან კი – ელ-ვასტაში.

   – რა კარგია, ვაი, რა კარგია!

   საბრალო ნელის, აქამდე სანატრელი სეირნობა, ჩანს, უკვე ყელში ამოსვლოდა.

   – ნილოსიდან... ელ–ვასტაში, იქიდან კი მამიკოსთან! – იმეორებდა ნამძინარევი ხმით.

   და რამდენადაც წინა შესვენებისას საკმარისად ვერ გამოიძინა, ახლა ჩაეძინა ისე ღრმად, როგორც ქანცგამოცლილ ადამიანს ჩაეძინება ხოლმე განთიადისას. ამასოსაში ბედუინები აქლემებს სულმოუთქმელად მიერეკებოდნენ და სტაშმა შენიშნა, რომ უდაბნოს შუაგულისაკენ მიემართებოდნენ.

   თავისი აზრის დასამტკიცებლად იდრისს გამოელაპარაკა:

   – ნილოსსა და ბაჰრ-იუსეფს სცილდებით, მაგრამ ეს ვერ გიშველით, რადგან ძებნას სანაპიროზე კი არ დაგვიწყებენ, სადაც სოფლები ერთიმეორის მიყოლებით მდებარეობს, არამედ შუაგულ უდაბნოში.

   იდრისმა ჰკითხა:

   – შენ საიდან იცი, რომ ნილოსს ვცილდებით, როცა აქედან ნაპირის დანახვა შეუძლებელია?

   – საიდან და მზე, რომელიც აღმოსავლეთით იმყოფება, ახლა ზურგში გვაცხუნებს; ეს იმას ნიშნავს რომ დასავლეთისაკნ მივდივართ.

   – ჭკვიანი ბიჭი ხარ. – აღიარა იდრისმა.

   მაგრამ წამის შემდეგ დასძინა:

   – მაგრამ ვერც მდევარი დაგვეწევა და ვერც შენ გაიქცევი.

   – არა, – უპასუხა სტაშმა, – მე არ გავიქცევი... მაგრამ თუ გავიქეცი, მხოლოდ მასთან ერთად.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი