და მძინარე ნელიზე ანიშნა.

   შუადღემდე შეუსვენებლად მიაჭენებდნენ, მაგრამ როგორც კი მზემ მაღლა აიწია და დააცხუნა, აქლემებს, რომლებიც საერთოდ იშვიათად ოფლიანდებიან, ამჯერად ოფლი წყალივით გასწურწურებდათ და ვეღარც წეღანდელივით გარბოდნენ. ქარავანს ისევ კლდეები და ნაშალი შემოეჯარა. ხეობები, რომლებიც წვიმიანობისას ნაკადულების კალაპოტად იქცევიან, ახლა წამდაუწუმ ხვდებოდათ. ბედუინები მთლად კლდეში ჩაკარგულ ერთ-ერთ ასეთ ხეობაში შეჩერდნენ. მაგრამ აქლემებიდან ჩამოხტომაც ვერ მოასწრეს, რომ უმალვე ისევ წინ გაიჭრნენ, თან გამოშვერილ კლდის ქიმებს თავს არიდებდნენ. სტაშმა აქლემიდან ჩამოხტომა ვერც კი მოახერხა, რომ ანაზდად თვალწინ ასეთი სურათი გადაეშალა: ხეობის ძირში მოფენილ გადამხმარ ბუჩქებს შორის უზარმაზარი გველი გამოძვრა და ელვის უსწრაფესად გასრიალდა კლდის ნაშალისაკენ, თავის ერთ-ერთ ხვრელში ჩასაძრომად. გამძვინვარებული ბედუინები უკან დაედევნენ, მათ საშველად გავარდა დანამომარჯვებული გაბჰრიც. ოღროჩოღრო ადგილმდემარეობის გამო ვარც ქვის მორტყმა მოახერხეს და ვერც დანისა, ჰოდა შეშინებულებმა ისევ უკან დაბრუნება ამჯობინეს.

   და გაისმა არაბებისათვის დამახასიათებელი შეძახილები:

   – ალაჰ!

   – ბისმილაჰ!

   – მაშალაჰ!

   ამის შემდგომ ორივე სუდანელმა სტაშს რაღაც განცვიფრებული და გამომცდელი მზერა მიაპყრო, ის კი ვერაფერს მიხვდა.

   ამასობაში ნელიც ჩამოსვეს აქლემიდან და რადგან ახლა ნაკლებად დაღლილიყო, ვიდრე წინა ღამეს, სტაშმა ჩრდილში ქეჩა გაუშალა, როგორც იტყვიან, მუხლის გასაშლელად. არაბებმა სადილობის თადარიგი დაიჭირეს. ჩამორიგდა ორცხობილა, ფინიკი და ყლუპი წყალი. აქლემებისთვის წყალი არ მიუციათ, რადგან ღამით დაარწყულეს. იდრისს, გებჰრს და ბედუინებს შეფიქრიანება ეტყობოდათ და ყველანი მდუმარედ ილუკმებოდნენ. ბოლოს იდრისმა სტაში განზე გაიხმო და იდუმალი, ამასთანავე მღელვარე სახით ჰკითხა:

   – გველი თუ დაინახე?

   – დავინახე.

   – შენ ხომ არ შეულოცე, რომ წინ დაგვხვედროდა?

   – არა.

   – რაღაც უბედურება შეგვემთხვევა, რადგან იმ ჩერჩეტებმა მისი მოკვლა ვერ მოასწრეს.

   – სახრჩობელა გელოდებათ.

   – ხმა გაკმინდე. მამაშენი ჯადოქარი ხომ არ არის?

   – არის. – უყოყმანოდ მიუგო სტაშმა, რადგან უმალვე მიხვდა, რომ ეს ველური და ცრუმორწმუნე ადამიანები ქვეწარმავლის დანახვას ცუდის მომასწავებელ ნიშნად მიიჩნევდნენ.

   – მაშ ეს განსაცდელი მამაშენმა მოგვივლინა? – თქვა იდრისმა – მაგრამ უნდა სცოდნოდა, რომ მისი ჯადოქრობოსთვის შენზე ვიძიებთ შურს.

   – ვერაფერსაც ვერ მიზამთ, რადგან მერე ფატმას ვაჟიშვილს აგებინებენ პასუხს.

   – მაგას უკვე მიხვდი? მაგრამ ისიც ნუ დაგავიწყდება, მე რომ არა, გებჰრი მათრახის ცემით ამოგხდიდა სულს.

   – მხოლოდ შენ დაგიდგები თავდებად, გებჰრი კი ყულფში გაჰყოფს თავს.

   ამის გამგონე იდრისს გაოცებისაგან ერთხანს ენა ჩაუვარდა, მერე კი უთხრა:

   – ჯერჯერობით ჩვენი სიცოცხლე შენს ხელთ არაა, შენ კი უკვე ბატონივით გველაპარაკები...

   და მერე დასძინა:

   – საოცარი ბიჭი ხარ და შენნაირი ვერ არავინ მინახავს. აქამდე კეთილად გეპყრობოდით, ჰოდა, თავი შეიკავე და მუქარას მოეშვი.

   – ღმერთი ღალატს არავის აპატიებს. – მიუგო სტაშმა.

   აშკარად იგრძნობოდა, რომ ბიჭის თავდაჯერებულმა საუბარმა და გველის გაქცევამ იდრისი მეტისმეტად ჩააფიქრა. უკვე აქლემზე შემჯდარმა რამდენჯერმე გაიმეორა: “მე თქვენთვის არაფერი დამიშავებია,” თითქოსდა ყოველი შემთხვევისთვის სტაშს თავისი კეთლიმყოფლობა წინდაწინ გონებაში უნდა ჩაუბეჭდოსო, მერე კი კაკლის ნაჭუჭისაგან გაკეთებული კრიალოსანი ჩამომარცვლა და ლოცვას შეუდგა.

   ნაშუადღევის ორი საათის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იდგა, აუტანელი სიცხე ჩამოწვა. ცაზე ერთი ღრუბელიც არ ჩანდა, მაგრამ ჰორიზონტი რატომღაც შეიმღვრა. ქარავანს თავს დასტრიალებდა რამდენიმე ძერა, რომელთა ფართოდ გაშლილი ფრთები ქვიშაზე ჩრდილებს ჰფენდა. გახურებულ ჰაერში მხუთრის სუნი ტრიალებდა. აქლემები ძველებურად მიქროდნენ, მაგრამ მალე უცნაური ხვიხვინი აუტყდათ. ერთ-ერთი ბედუინი იდრისს მიუახლოვდა.

   – რაღაც ცუდი გვიახლოვდება. – უთხრა.

   – რას გულისხმობ? – ჰკითხა სუდანელმა.

   – ავმა სულებმა გააღვიძეს უდაბნოს დასავლეთით მძინარი ქარი, ჰოდა ქვიშიდან წამომდგარი ახლა ჩვენსკენ მოიჩქარის.

   იდრისი უნაგირზე წამოიმართა, შორს გაიხედა და მიუგო:

   – ეგრეა. დასავლეთიდან და სამხრეთიდან მიემართება, მაგრამ ეგ კჰმასინივით* მძვინვარე არ არის.

   – სამი წლის წინ აბუ-ჰამელის მახლობლად მთელი ქარავანი ჩამარხა და მხოლოდ შარშან ზამთარს გადააცალა ქვიშა. იალაჰ! ნეტა ძალა მოგვცა, აქლემებს ნესტოები ამოვუგმანოთ და ტიკებში წყალი დავაშროთ.

   – უნდა ვიჩქაროთ, რომ მხოლოდ ცალი ფრთით შეEგვეხოს.

   – პირდაპირ მისკენ მივქრივართ და მხარის აქცევას ვერ შევძლებთ.

   – რაც უფრო სწრაფად მოგვიახლოვდება, მით სწრაფადვე ჩაგვიქროლებს.

   ამის თქმაზე იდრისმა აქლემს მათრახი მოუქნია, სხვებმაც მას მიჰბაძეს. ერთხანს ტაშისცემასავით გაისმოდა მათრახების ტკაცატკუცი და შეძახილები: იალა!.. სამხრეთ-დასავლეთით მანამდე მოთეთრო ჰორიზონტი ჩაშავდა. ისევ ხვატი იდგა და მიმავალთ თავი უხურდათ. ძერები, ეტყობა, ძალზე მაღლა აფრინდნენ, რადგან მათი ფრთათა ჩრდილები თანდათან დაპატარავდა და ბოლოს სულაც გაქრა.

   სულის მოთქმა გაჭირდა.

   არაბები აქლემებს მანამდე უყვიროდნენ, სანამ ყელი არ გაუშრათ, რის შემდეგაც დადუმდნენ და იქაურობა ანაზდად მოიცვა სამარისებურმა სიჩუმემ, რასაც დროდადრო ნადირთა ბღავილი არღვევდა. ქარავანს ორმა პაწაწინა, მაგრამ დიდყურა მელამ ჩაურბინა და მოწინააღმდეგე მხარეს გაუჩინარდა.

   იმავე ბედუინმა, რომელიც წეღან იდრისს ესაუბრა, ცოტა ხნის შემდეგ ისევ დაილაპარაკა, მაგრამ ამჯერად ხმა საგრძნობლად შეცვლოდა.

   – ეს ჩვეულებრივი ქარი არ იქნება. ბოროტი ჯადო მოგვდევს. ყველაფერი გველის ბრალია.

   – ვიცი. – მიუგო იდრისმა.

   – შეხე, ჰაერი თრთის. ზამთარში ასეთი რამ არ იცის.

   მართლაც, გახურებული ჰაერი ათრთოლდა და თვალაჭრელებულ მგზავრებს მოეჩვენათ, თითქოს ქვიშაც ათრთოლდა. ბედუინმა ოფლით დასველებული თავსაბურავი მოიხსნა და თქვა:

   – უდაბნოს გული მღელვარებისგან თრთის.

   მეორე, აქლემების მეგზურად წინმიმავალი ბედუინი, შემობრუნდა და დაიძახა:

   – უკვე მოდის! მოდის!

   და მართლაც, ქარი უახლოვდებოდათ. შორიდან გამოჩნდა რაღაც შავი ღრუბელი, რომელსაც თანდათან ემატებოდა სიმაღლე და ქარავნისაკენ მოიწევდა. ირგვლივ ჰაერის ტალღები ამოძრავდა და უცაბედმა დაქროლვამ ქვიშა დაახვია. აქა-იქ ძაბრები გაჩნდა, თითქოსდა ვიღაც უჩინარი ჯოხებზე ახვევდა უდაბნოს სივრცეს. ალაგ-ალაგ სწრაფმა გრიგალმა ჩამოიქროლა, მაგრამ ეს ყოველივე წამისუსწრაფესად ჩამთავრდა. აქლემების მეგზურის მიერ დანახული ღრუბელი ენითუთქმელი სისწრაფით მოვარდა. ხალხსა და პირუტყვს თითქოსდა რაღაც უზარმაზარმა ფრინველმა შემოჰკრა ფრთა. მგზავრებს თვალები და პირი უმალვე მტვრით აევსო. მტვრისავე ნისლმა დაფარა ზეცა, დააბნელა მზე და დედამიწის წყვდიადში გაეხვია. ხალხი თვალსა და ხელს შუა გაქრა, აქლემები უმწეოდ აბარბაცდნენ. შრიალი კი არა, უდაბნოში ხომ ხეები არ არის, ქარიშხლის გუგუნი ახშობდა მეწინავის ყვირილსა და პირუტყვის ბღავილს. ჰაერში მხუთრის სუნი დატრიალდა. აქლემებმა მიწას ფეხები მიაბჯინეს და გრძელი კისრები ისე დახარეს, ნესტოებით თითქმის ქვიშას ეხებოდნენ.

   სუდანელები შეჩერებაზე არ თანხმდებოდნენ, რადგან ქარიშხლის დროს დამდგარი ქარავანი ხშირად ქვიშაში იმარხებოდა. მსგავს შემთხვევაში ყველაზე კარგია ქარიშხლის მიმართულებით სწრაფი ჭენება, მაგრამ იდრისს და გებჰრს არც ეს უნდოდათ, რამეთუ, ამგვარად ისევ დაბრუნდებოდნენ ფაიუმში, საიდანაც მდევარს მოელოდნენ. ჰოდა, რადგან პირველი დარტყმა უკვე გადაიტანეს, აქლემები ისევ წინ გაიჭრნენ.

   წამიერი სიჩუმე ჩამოწვა, მაგრამ წყვდიადი მეტისმეტად ნელა იფანტებოდა, ამგვარად ჰაერში ჩამოფარებულ სქელ ნისლში არც მზე ჩანდა. ქვიშის წვიმა წამოვიდა. ქვიშა ავსებდა უნაგირებისა და ტანსაცმლის ყველა ღრიჭოსა და ნაოჭს. ადამიანები და პირუტყვი წამიწამ ისუნთქავდნენ მტვერს, რაც ფილტვებს საშინლად აღიზიანებდა და კბილებშიც ხრჭიალებდა.

   შესაძლებელია გრიგალი ისევ ამოვარდნილიყო და მთელი სამყარო დაებნელებინა. სტაშს ანაზდად თავში გაუელვა, ერთი ასეთი ჩამობნელების ჟამს, ნელისთან ერთად აქლემზე რომ მჯდარიყო, შეეძლო უკან შემობრუნება და ქარდაქარ ჩრდილოეთისაკენ გაქცევა. ვინ იცის, წყვდიადში ეგებ ვერც შეემჩნიათ მათი გაუჩინარება, ნილოსზე ბაჰრ-იუსეფთან მდებარე რომელიმე სოფლამდე მიღწევას თუ მოახერხებდნენ, გადარჩენილნი იყვნენ – იდრისი და გებჰრი გამოდგომას ვერ გაბედავდნენ, რადგან უმალვე ადგილობრივ ზაბტივებს ჩაუვარდებოდნენ ხელში.

   ყველაფერი რომ აწონ-დაწონა, სტაშმა იდრისს მხარზე ხელი წაჰკრა:

   – წყალი მომეცი.

   იდრისს უარი არ უთქვამს და თუმცა მდინარეს კარგა მანძილით დაშორდნენ, წყალი მაინც ბლომად ჰქონდათ. ამას გარდა, როგორც უდაბნოს კარგად მცოდნემ, იცოდა, რომ გრიგალს, ჩვეულებისამებრ, წვიმა მოჰყვება და დამშრალი ხევები უმალვე ნაკადულებად იქცევა ხოლმე.

   სტაშს მართლაც წყუროდა და ხარბადაც დალია; ჭურჭელი რომ დაუბრუნა, იდრისს, ისევ მხარზე წაჰკრა ხელი.

   – ქარავანი გააჩერე.

   – რატომ? – ჰკითხა სუდანელმა.

   – რატომ და პატარა ბინტის აქლემზე უნდა გადავჯდე და წყალი დავალევინო.

   – დინაჰს ჩემზე მეტი წყალი აქვს.

   – დინაჰი ღორმუცელაა და შეიძლება სულ დალია. თან თქვენს გაკეთებულ კალათივით უნაგირს ბევრი ქვიშა დაეყრებოდა. დინაჰი მის გაწმენდას ვერ მოახერხებს.

   – საცაა ქარი ისევ ამოვარდება და ყველაფერს ქვიშით აავსებს.

   – ჰოდა პატარა ბინტს მით უფრო ენდომება შველა.

   იდრისმა აქლემებს მათრახი გადაჰკრა და ერთხანს მდუმარედ მიდიოდნენ.

   – რატომ არ მპასუხობ? – ჰკითხა სტაშმა.

   – რატომ და იმას ვფიქრობ, უნაგირზე მიგაბა თუ ხელები შეგიკრა.

   – გაგიჟდი?

   – არა. მაგრამ შენს ჩანაფიქრს მივხვდი.

   – მდევარი მაინც დაგვეწევა, ასე რომ, მაგას მაინც არ ვიზამ.

   – უდაბნო ღვთის ხელშია.

   ისევ დადუმდნენ. მსხვილი ქვიშა მთლიანად ჩამოიცალა; ჰაერში დარჩა მხოლოდ წვრილი, რაღაც ჭირხლისმაგვარი წითელი მტვერი, რომლის მიღმაც მზე გავარვარებული ღუმლის ფილასავით მოჩანდა, მაგრამ უკვე შეიძლებოდა შორ მანძილზე გახედვა. ქარავნის წინ ახლა ვრცელი დაბლობი გადაშლილიყო, მაგრამ ამ დაბლობის თითქმის ბოლოში არაბთა მახვილმა მზერამ უკვე შენიშნა ახალი ღრუბელი. იგი წინაზე უფრო მაღალი იყო, ამას გარდა ღრუბელი თითქოსდა გავარვარებულ სვეტებს და ვეებერთელა ქვებს ისროდა. ამის დანახვაზე არაბებსა და ბედუინებს გული აუთრთოლდა, რამეთუ იცნეს ქვიშის ვეებერთელა გრიგალი. იდრისმა ხელები ზეაღმართა, ხელისგულები ყურებისკენ მიიმარჯვა და მოახლოებულ გრიგალს თაყვანი სცა. ერთადერთი ღმერთის რწმენა, ჩანს, ხელს არ უშლიდა თაყვანი და პატივი ეცა სხვისთვისაც, რადგან სტაშმა გარკვევით გაიგონა:

   – ბატონო! ჩვენ შენი შვილები ვართ და ნუ ინებებ ჩვენს შეჭმას!

   “ბატონი” კი უკვე მოვარდა და აქლემებს ისეთი საშინელი ძალით ეძგერა, კინაღამ მიწაზე დაყარა. პირუტყვი მჭიდროდ მიეკრა ერთმანეთს და წრის შიგნით მოქცეული თვალები დაბლა დახარა. თითქოსდა მთელმა ქვიშამ ფეხი აიდგაო. ქარავანი უწინდლზე ბნელმა წყვდიადმა შთანთქა, იმ წყვდიდში კი მგზავრებს გვერდით ჩაუქროლა კიდევ უფრო შავმა, უჩვეულო საგნებმა, ვეებერთელა ფრინველებმა თუ იმავე გრიგალის მიერ საიდანღაც Gწამოღებულმა აქლემებმა; შიშმა შეიპყრო არაბები, რომელთაც ეს ყველაფერი ქვიშაში დაღუპული ცხოველებისა და ადამიანების სულები ეგონათ. ქარიშხლის ამ გრიალსა და გუგუნში დროდადრო უცნაური, ქვითინისა თუ სიცილის მსგავსი ხმები მოისმოდა, ხანაც თითქოს ვიღაც შველას ითხოვდა. მაგრამ ეს მოჩვენება იყო. ქარავანს ასგზის საშინელი განსაცდელი ელოდა. სუდანელებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ თუ გრიგალი მათ პირდაპირ დაეტაკებოდა, მხედრებიან-აქლემებიანად მოცელავდა და აიტაცებდა, მაგრამ თუ გატყდებოდა და დაეცემოდათ, თვალისდახამხამებაში მოუწყობდათ უზარმაზარ ქვიშის სამარხს, სადაც უნდა დალოდებოდნენ მომავალ გრიგალს, რომელიც მათ ჩონჩხებს ქვიშას გადააცლიდა.

   სტაშს თავბრუ ესხმოდა, სუნთქვა უჭირდა და ქვიშამ თითქმის დააბრმავა. მაგრამ ხანდახან ეჩვენებოდა, რომ ნელის ტირილი და ძახილი ესმოდა. ჰოდა, მხოლოდ მასზე ფიქრობდა. რადგან აქლემები ერთად შეჯგუფებულიყვნენ და იდრისი მას ყურადღებას ვეღარ აქცევდა, შემთხვევით ისარგებლა და გადაწყვიტა, აქლემიდან შეუმჩნევლად გადასულიყო ნელისთან, მაგრამ უკვე არა გასაქცევად, არამედ მისაშველებლად და გასამხნევებლად. მაგრამ ის იყო ფეხი მაღლა ასწია და ხელი წაიღო ნელის უნაგირზე მოსაჭიდებლად, ანაზდად იდრისის უშველებელი მუშტი მოხვდა. სუდანელმა ბუმბულივით აიტაცა, წინ დაისვა და პალმის წკეპლა უცხუნა, მერე ხელები გაუკრა და უნაგირზე გადაკიდა. სტაში კბილებს აკრაჭუნებდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უძალიანდებოდა, მაგრამ – ამაოდ. ხახაგამშრალსა და ქვიშით პირგავსებულს არც შეეძლო და არც უნდოდა იდრისი დაერწმინებინა, რომ გოგონას მიხმარება სურდა და არა გაქცევა.

   მცირე ხნის შემდეგ, როცა იგრძნო, რომ იხრჩობოდა, მოგუდული ხმით აყვირდა:

   – პატარა ბინტს უშველეთ!.. პატარა ბინტს უშველეთ!

   მაგრამ არაბებს საკუთარ სიცოცხლეზე ფიქრი ერჩიათ. ისეთი სიძლიერის ქარი დააცხრათ, ვერც აქლემებზე თავშეკავებას ახერხებდნენ და ვერც აქლემები იდგნენ ფეხზე. ორი ბედუინი, ხამისი და გებჰრი ჩამოქვეითდნენ, რათა ერთმანეთზე გადბმული აქლემები ღვედით დაეჭირათ. იდრისმა სტაში უნაგირის უკან გადაჰკიდა და თავადაც ამხანაგებს მიბაძა. პირუტყვს ფეხები განზე გაეჩაჩხა გამძვინვარებულ გრიგალთან გასამკლავებლად, მაგრამ ღონე აღარ ჰქონდათ და ქვიშით ნაჩხვლეტმა, ხრეშის შოლტებით ნაცემმა ქარავანმა, ნება-ნება იწყო განგან გაწევა და უკანდახევა. დროდადრო, გრიგალი ფეხქვეშ საყრდენს აცლიდათ, ხან კი იმდენ ხრეშს და ქვიშას მიაყრიდათ, მუხლებამდე ეფლობოდნენ. ასე მისდევდა საათი საათს. კიდევ უარესი საშიშროება წინ ელოდებოდათ. ბოლოს, იდრისი მიხვდა, ერთადერთი ხსნა აქლემებზე ამხედრება და გრიგალს დამორჩილება იქნებოდა. მაგრამ ეს ნიშნავდა დაბრუნებას ისევ ფაიუმში, სადაც ეგვიპტის მართლმსაჯულება და სახრჩობელა ელოდათ.

   “ჰა! ძნელია – გაიფიქრა იდრისმა. – გრიგალმა შეაჩერა მდევარიც და როგორც კი ჩაცხრება, ისევ სამხრეთისაკენ მოვუსვამთ.”

   და ყვირილი მორთო, აქლემებზე შესხედითო.

   მაგრამ ამ დროს მოხდა ისეთი რამ, რამც მდგომარეობა შეცვალა.

   ანაზდად ქვიშის ქურუხი, თითქმის შავი ღრუბლები მოლურჯო შუქმა გაჰკვეთა. ამჯერად კიდევ უფრო ჩამობნელდა, თითქმის ჩამოლუსკუმდა, მაგრამ იმავდროულად ზეცაში მიყუჩებულმა და გრიგალისაგან გაღვიძებულმა ქუხილმა თავი აიშვა და არაბეთისა და ლიბიის უდაბნოთა შორის ერთი ვაი-უშველებელი ატეხა – ძლიერი, მრისხანე, გაბოროტებული ჭექა-ქუხილი თითქოსდა ზესკნელიდან მთებსა და კლდეებს ისროდა და იქაურობას განადგურებას უპირებდა. ყურისწამღები გრუხუნი ძლიერდებოდა, იზრდებოდა, ქვეყანას აზანზარებდა, ალაგ-ალაგ ისეთი ძალით იჭექებდა, იფიქრებდით, ზეცა გასკდა და საცაა დედამიწას დაემხობაო; მერე ისევ გადაივლიდა ყრუ გუგუნი, ისევ იფეთქებდა, იმტვრეოდა, ელვის ენებით იქაურობას აბრმავებდა, მეხი წამდაუწუმ სკდებოდა, ხან დაბლა, ხანაც მაღლა, გრგვინავდა და აღარ მთავრდებოდა.

   ქარი, თითქოსდა რაღაცამ შეაშინაო, ანაზდად ჩაცხრა და როცა კარგა ხნის შემდეგ – სადღაც საოცრად შორს, საშინელი ქუხილის შემდეგ ზეცა შეირყა – სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა.

   და ამ სიჩუმეში, მცირე ხნის შემდეგ, მეწინავე ბედუინის ხმა გაისმა:

   – ღმერთი მართავს გრიგალს და ქარიშხალს! გადავრჩით!

   დაიძრნენ. მაგრამ ისეთი უკუნი იდგა, რომ მართალია აქლემებს ახლო-ახლო მიაჭენებდნენ, ადამიანები ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ და იძულებული იყვნენ, ერთმანეთს წამდაუწუმ ხმამაღლა შეხმიანებოდნენ, რათა არ დაკარგულიყვნენ. დროდადრო, ქვიშიან სივრცეში, ლურჯი თუ წითელი თვალისმომჭრელი ელვა ანათებდა, რის შედეგადაც ისეთი სქელი უკუნი ჩამოწვებოდა, იფიქრებდით, ხელით შეხება შეიძლებაო. მეწინავე სუდანელის მიერ ჩანერგილი სიმხნევის მიუხედავად, მათ გულებს მღელვარება არ სცილდებოდა თუნდაც იმიტომ, რომ წინ ალალბედზე მიიწევდნენ და კარგად არც კი იცოდნენ, საით მიიჩქაროდნენ - ერთ ადგილზე ტრიალებდნენ თუ სულაც ჩრდილოეთისაკენ ბრუნდებოდნენ. აქლემებს წამდაუწუმ ფეხები ებლანდებოდათ და სწრაფი ჭენება უჭირდათ, ამასთანავე ისე უცნაურად და ხრინწიანად სუნთქავდნენ, რომ მხედრებს ეჩვენებოდათ, მთელი უდაბნო მღელვარედ ქშინავსო. ბოლოს, როგორც იქნა, წამოვიდა დიდრონ-დიდრონი წვეთები წვიმისა, რომელიც მუდამ თან სდევს გრიგალს და იმავდროულად სიბნელეში წინ წასული მეწინავის ხმაც გაისმა:

    – ხეობა!..

    მართლაც, ხეობის თავზე იდგნენ. კლდიან ქიმთან შემდგარი აქლემები ნება-ნება დაეშვნენ დაბლა.

 

 

კარი IX

 

ქვებით ძირმოფენილი, განიერი ხეობა იყო. ქვებს შორის ჯუჯა ეკალბარდები იზრდებოდა. სამხრეთის კედელი შეჭრილ-შემოჭრილ, ნაპრალებიან კლდეს წარმოადგენდა. არაბებმა ყოველივე ეს ოდნავ დამშვიდებული, თუმცა უფრო მოხშირებული გაელვებისას დაათვალიერეს. მალე კლდოვან კედელზე შენიშნეს ერთი არცთუ ღრმა გამოქვაბული, უფრო სწორად კი ვრცელი გამოღრმავებული ადგილი, სადაც ადამიანებს თავისუფლად შეეძლოთ თუნდაც საშინელ ღვართქაფში თავის შეფარება. აქლემებიც იქვე, ოდნავ მომაღლო ადგილას მოხერხებულად დააბინავეს. ბედუინებმა და ორმა სუდანელმა აქლემებს ტვირთი და უნაგირები ჩამოხსნეს, რათა კარგად დაესვენათ, ხამისი კი, შვილი ხადაგისა, კოცონოს დასანთებად, უმალვე ხმელი ეკალბარდის შეგროვებას შეუდგა. წვიმის მსხვილი, იშვიათი წვეთები განუწყვეტლივ მოდიოდა, მაგრამ თავსხმა მხოლოდ მაშინ დაიწყო, როგორც კი ხალხი დასაძინებლად დაწვა. თავდაპირველად ეს თითქოს წყლის თასმებს მიაგავდა, მერე ღვედებს, ბოლოს კი, იფიქრებდით, უხილავი ღრუბლებიდან დედამიწას უთვალავი მდინარე ჩამოასკდაო. ასეთი წვიმა, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ იცის, ზამთარშიც კი ადიდებს წყალს არხებსა და ნილოსში, ხოლო ადენში პირთამდე ავსებს ვეებერთელა ავზებს, ურომლისოდაც ქალაქის არსებობა, უბრალოდ, შეუძლებელია. სტაშს სიცოცხლეში მსგავსი არაფერი ენახა. ხეობის ძირში ნიაღვარი ახმაურდა, ქვაბულის გასასვლელში თითქოსდა წყლის ფარდა ჩამოეშვა. ირგვლის მხოლოდ ჩხრიალი და ჩუხჩუხი ისმოდა. აქლემები შემაღლებულზე იდგნენ და დიდი-დიდი დასველებულიყვნენ, მაგრამ არაბები წამდაუწუმ მათკენ გარბოდნენ, რაიმე საშიშროება არ ემუქრებოდეთო. სამაგიეროდ, ადამიანები მისხდომოდნენ უშიშრად კოცონს. სახეზე ყველას სიხარული ეწერა. იდრისმა სტაშს დაბანაკებისთანავე გაუხსნა ხელები, რათა ჭამაც შესძლებოდა და ახლა ბიჭს ამაყად და დამცინავად მიუბრუნდა:

   – მაჰდი ყველა თეთრ ჯადოქარზე ძლიერია. სწორედ მან შეაჩერა გრიგალი და წვიმაც გამოგვიგზავნა.

   სტაშს არაფერი უპასუხია, რადგან ძლივსღა მღაფავ ნელის დასტრიალებდა. თავდაპირველად თმიდან ქვიშა ჩამოუფერთხა, მოხუც დინაჰს შეხვეული ტანსაცმლის ამოღება დაავალა, პირსახოცი გაშალა, დაასველა და გოგონას პირისახე და თვალები მოუწმინდა. დინაჰს ამის გაკეთება არ შეეძლო, რადგან ისედაც მხედველობასუსტს ახლა სულ მოთავებოდა ხელი. მას ვერც თვალების ამობანამ მოუტანა შვება. მოღვენთილი ნელი სტაშს უხმოდ ემორჩილებოდა და მხოლოდ დაღლილ-დაქანცული ჩიტივით შეჰყურებდა – და როცა ქვიშის გამოსაყრელად ბათინკები გახადა და ქეჩა გაუფინა, ბიჭს კისერზე ხელები შემოხვია.

   ბიჭს კი გული თანაგრძნობით აევსო. თავი მეურვედ, უფროს ძმად და იმავდროულად ამ წუთებში ნელის ერთადერთ დამცველად იგრძნო და იმასაც მიხვდა, რომ ეს პაწია დაიკო ძალიან უყვარდა, იმაზე მეტად, ვიდრე მანამდე უყვარდა. მართალია იგი პორტ-საიდშიც უყვარდა, მაგრამ “ბუთხუზად” მიიჩნევდა, და აზრადაც არასოდეს მოსვლია ღამემშვიდობისას თქმისას ხელზე ეკოცნა. ვინმეს რომ მისთვის ასეთი აზრი შეეთავაზებინა, ეტყოდა, ცამეტი წლის ყმაწვილის ღირსებას ეს არ შეფერისო. მაგრამ ახლა, ერთად გადატანილმა განსაცდელმა მასში მიძინებული სინაზე გააღვიძა და ერთი კი არა, გოგონას ორივე ხელი დაუკოცნა.

   დაწოლილი ისევ ნელიზე ფიქრობდა და გადაწყვიტა, მის გადასარჩენად უჩვეულო რამ ჩაედინა. ყველაფრისთვს მზად იყო, თუნდაც დაეჭრათ ან მოეკლათ, ოღონდაც გულიგულში იმედოვნებდა, რომ ჭრილობა ძალიან არ ეტკინებოდა და არც სიკვდილი იქნებოდა ნაღდი, თორემ როგორღა უნდა დაენახა განთავისუფლებული ნელის გაცისკროვნებული სახე! ამის შემდგომ ფიქრი დაიწყო განთავისუფლების ყველა გმირულ ხერხზე, მაგრამ აზრები აერ-დაერია. წუთიც და მოეჩვენა, თითქოს ზედ დაეყარა ქვიშის ზვინები, მერე თითქოსდა ყველა აქლემი თავზე დააწვა და ჩაეძინა.

   გრიგალთან ბრძოლისაგან დაღლილ-დაქანცულ არაბებს, მორჩნენ თუ არა აქლემების მოვლას, მკვდრებივით ჩაეძინათ. კოცონი მიინავლა; ქვაბულში წყვდიადი გამეფდა. ცოტა ხნის შემდეგ მხოლოდ ხვრინვა და ხეობის ძირში აქაფებული ნიაღვრის ქვებზე ხეთქების ხმა ისმოდა. ასე გადიოდა ეს ღამე.

   განთიადის ჟამს სტაში სიცივის შეგრძნებამ გააღვიძა. ნაპრალებიდან შემოღწეული წვიმის წვეთები ბიჭს ზედ თავზე ეცემოდა. ქეჩაზე წამოჯდა და კარგა ხანს ვერ მიხვდა, სად იყო და რა ხდებოდა.

   წუთიც და გონს მოეგო.

   “ჰოო! – გაიფიქრა, – გუშინ გრიგალი იყო, ჩვენ კი მოტაცებულები ვართ და წვიმისგან თავშესაფარებლად რომელიღაც ქვაბულში ვიმყოფებით.

   ირგვლივ მიმოიხედა. ყველაზე პირველად, განცვიფრებულმა, ის შენიშნა, რომ წვიმას გადაეღო, ქვაბულში კი გვარიანად ებნელებოდა, რომ არა დასავლეთისაკენ გადასული მთვარე, რომლის შუქზეც არცთუ ღრმა გამოქვაბულის ყოველი კუნჭული კარგად ჩანდა. სტაშმა მალე გაარჩია მის გვერდით მწოლარე არაბები, მოპირდაპირე კედელთან კი დინაჰის გვერდით მძინარე ნელის თეთრი კაბა დაინახა.

   და ისევ აუჩუყდა გული.

   “იძინე ნელი... იძინე – ამბობდა თავისთვის. – მე კი არ მძინავს... ვალდებული ვარ გადაგარჩინო.”

   ამის შემდეგ, არაბებისაკენ მომზირალმა, გულში დასძინა:

   “ოჰ, როგორ მინდა ამ არამზადებს...”

   და ანაზდად შეკრთა.

   თვალი მოკრა ტყავის ბუდეს, რომელშიც საახალწლოდ ნაჩუქარი მისი შტუცერი იდო და მას და ხამისს შორის ჩადებულ ტყვია-წამლის ყუთს, რომლის ასაღებად ერთი ხელის გაშვერა კმაროდა.

   გული გამალებით უძგერდა. იარაღსა და ტყვია-წამალს რომ მისწვდენოდა, იქაურობის ბატონ-პატრონი გახდებოდა. საკმარისი იყო, კარში შეუმჩნევლად გასულიყო, რომელიმე ნაპრალს მოფარებოდა და იქიდან ემეთვალყურა გამოსასვლელისთვის.

   “სუდანელები და ბედუინები რომ გაიღვიძებენ, – ფიქრობდა – და ჩემს არყოფნას შენიშნავენ, გამოქვაბულიდან ერთად გამოცვივდებიან, მე კი პირველ ორს ორი გასროლით იქვე მივაწვენ, სანამ შემდეგი ორი გამოვარდება, თოფის ხელახლა გატენას მოვასწრებ. დარჩება ხამისი, რომელსაც იოლად მოველაპარაკები.”

   ამის გაფიქრებაზე ანაზდად თვალწინ დაუდგა სისხლში მოცურავე ოთხი ცხედარი და შიშისა და ელდისაგან კინაღამ გული გაუსკდა. ოთხი ადამიანის მოკვლა! მართალია, არამზადები არიან, მაგრამ კაცის მოკვლას ეხუმრები? გაახსენდა, ერთხელ პორტ-საიდში დაინახა მუშა – ფელახი, რომელიც მიწის სათხრელი მანქანის ტარს დაეფლითა და ცუდად გახდა სისხლში მოფართხალე სხეულის დანახვაზე. ამის გახსენებაზეც კი შეკრთა. ახლა კი თავად ოთხი უნდა... ცოდვა არის და საშინელებაც!.. არა, არა! ამას ვერასოდეს ვიზამო, გაივლო გუნებაში.

   თავი აზრებმა აუფორიაქა. საკუთარი სიცოცხლის გულისთვის ამას არ იზამდა! არასოდეს! მაგრამ საქმე ხომ ნელის ეხება, მის დაცვას, გადარჩენას და მის სიცოცხლეს, რადგან ამას ყოველივეს მისი ჯანმრთელობა ვერ გაუძლებს და უეჭველად მოკვდება ან გზაში, ან არადა ველური და გაშმაგებული დავრიშების ურდოებს შორის. რას წარმოადგენს ამ ვიგინდრების სისხლი ნელის სიცოცხლესთან შედარებით და ნუთუ მსგავს შემთხვევაში ყოყმანი დასაშვებია?

   – ნელისთვის! ნელისთვის!

   ანაზდად სტაშის გონებას გრიგალივით დაეძგერა აზრი, რომლისგანაც თმა ყალყზე დაუდგა. რა მოხდება, რომ რომელიმე ყაჩაღთაგანმა ნელის მკერდზე დანა მიადოს და დასჭყივლოს, მოვკლავ, თუ სტაში არ დაგვნებდება და იარაღს არ დაგვიბრუნებსო. ჰო, მერე?

   – მერე – საკუთარ თავს უპასუხა სტაშმა. – უმალვე დავუბრუნებ.

   და საკუთარი უმწეობის შეგრძნების გამო ისევ ქეჩაზე დაეშვა.

   გამოქვაბულის ღიობში მთვარე ამჯერად ცერადღა იხედებოდა და შიგნით თითქმის ჩამობნელდა. არაბები ისევ ხვრინავდნენ. სტაში ერთხანს წყნარად იწვა, მაგრამ მალე თავში ახალი აზრი შეუძვრა. 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი