ვთქვათ და, იარაღიანად კარში გასულმა და კლდეს ამოფარებულმა ხალხი კი არა, აქლემები რომ დახოცოს? ცოდო კი არის უდანაშაულო პირუტყვის მოკვლა – რაც მართალია, მართალია, მაგრამ რას იზამ! ადამიანები ხომ ცხოველებს სიცოცხლის გადასარჩენად კი არა, წვნიანისა და ღვიძლისთვის კლავენ. ჰოდა, ამ საქმეს წყალი არ გაუვა, ოთხი, ანდა ხუთი აქლემი რომ მოკლას, გზის გაგრძელება უკვე შეუძლებელი გახდება. ვერც ერთი მექარავნე ვერ გაბედავდა სანაპირო სოფელში ახალი აქლემების საყიდლად მისვლას. მაშინ სტაში მამამისის სახელით ყველას დაუსჯელობას აღუთქვამდა, ეგ კი არა და ფულად ჯილდოსაც შეპირდება – და... მეტი რაღა გზა ექნებათ, უკან არ დაბრუნდნენ.

   ჰო, მაგრამ ამ დაპირების წარმოთქმა რომ არ აცალონ და გაცხარებულებმა უმალვე მოკლან?

   უნდა აცალონ და მოუსმინონ, რადგან თოფით აიძულებს მათ გარკვეულ მანძილზე გაქვავებას, სანამ ყველაფერს არ იტყვის. რომ მორჩება, მიხვდებიან, რომ დამორჩილების გარდა სხვა გზა არ აქვთ. მაშინვე ჩაუდგება ქარავანს სათავეში და ნილოსის მიმართულებით, ბაჰრ-იუსეფისკენ წაუძღვება. მართალია, იქიდან საკმაოდ შორს იმყოფებიან, ერთი თუ ორი დღის სავალზე, რადგან არაბებმა, სიფრთხილის გულისთვის, უდაბნოს შუაგულისკენ შეუხვიეს. მაგრამ ეს რა სახსენებელია; რამდენიმე აქლემს ცოცხალს დატოვებს, ერთ-ერთ მათგანზე კი ნელის შესვამს. სტაში არაბებს ყურადღებით დააკვირდა. ყველას ღრმად ეძინა, როგორც საერთოდ დაღლლ კაცს ძინავს ხოლმე, მაგრამ რადგან ღამე იწურებოდა, შეიძლება უკვე გაღვიძებოდათ. სწრაფად უნდა ემოქმედა. ტყვია-წამლის ყუთის აღება დიდ სიძნელეს არ წარმოადგენდა, რადგან იქვე იდო. უფრო ძნელი იყო ხამისის მიერ მეორე მხარეს დადებული შტუცერის აღება. სტაში იმედოვნებდა, რომ მისი აღება არ გაუჭირდებოდა, მაგრამ გადაწყვიტა, ბუდიდან მხოლოდ მაშინ ამოეღო და დაეტენა, როცა ქვაბულს რამდენიმე ნაბიჯით დაცილდებოდა, რადგან ეშინოდა, რკინის რკინაზე გაჟღარუნებას ხალხი არ გაეღვიძებინა.

   ჟამმა მოაღწია. ბიჭი ხამისის თავზე რკალივით მოიღუნა, ბუდეს ღვედზე წაავლო ხელი და თავისკენ ასწია. გული საშინლად აუბაგუნდა, თვალთ დაუბნელდა, სუნთქვა შეეკრა, მაგრამ კრიჭაშეკრულმა გრძნობების დაოკება შეძლო. მაგრამ როგორც კი ბალთამ გაიწკარუნა, შუბლი ოფლის წვეთებმა დაუცვარა. ის წამი საუკუნედ მოეჩვენა. მაგრამ ხამისი არც შერხეულა. ბუდემ მის თავზე ნახევარწრე მოხაზა და ტყვია-წამლის ყუთთან შეჩერდა.

   სტაშმა ამოისუნთქა. ნახევარი საქმე გაკეთებული იყო. ახლა ქვაბულიდან უხმაუროდ გასვლა იყო საჭირო, მერე რამდენიმე ათეულ ნაბიჯით უნდა გასცლოდა ქვაბულს, ნაპრალში დამალულიყო, გაეხსნა ყუთი, დაეტენა იარაღი და ტყვიები ჯიბეში ჩაედო. ამის შემდეგ ქარავნის ბატონ-პატრონო ხდებოდა.

   გამოქვაბულის ღიობის ნათელ ფონზე სტაშის შავი სილუეტი გამოისახა. წამიც და კარში აღმოჩნდებოდა. კიდევ წუთიც და კლდის ნაპრალს ამოეფარებოდა: მაშინ კი, რომც რომელიმე ყაჩაღს გაღვიძებოდა, სანამ მიხვდებოდა, რა მოხდა, სანამ სხვებს გააღვიძებდა – უკვე გვიანი იქნებოდა. იმის შიშით, გასასვლელთან დახვავებული ქვები არ შენძრეულიყო, ბიჭმა ცალი ფეხი ფრთხილად ასწია და დასადგმელად მყარი ნიადაგის მოსინჯვას შეუდგა.

   და ის იყო, ღიობში თავი გაჰყო, უკვე სულ უნდა გასულიყო, რომ ანაზდად ისეთი რამ მოხდა, მოულოდნელობისაგან ძარღვებში სისხლი გაეყინა.

   გამეფებულ სიჩუმეში ქუხილივით გახმიანდა ლომას მხიარული ყეფა, მთელი ხეობა აავსო და შიგ ჩაძინებული ექოც გამოაღვიძა. არაბები, როგორც ერთი კაცი, უმალვე წამოხტნენ და პირველი, რაც თვალში ეცათ, თოფმომარჯვებული სტაში იყო.

    . . . . . . . . . . . . .

    ეჰ, ლომა, ლომა, ეს რა ჰქენი!!!

 

კარი X

 

საშინლად აღრიალებულები უმალვე სტაშს ეცნენ, თვალისდახამხამებაში წაგლიჯეს თოფი, ტყვია-წამალი და მიწაზე წამოაქციეს. ხელ-ფეხი თოკით გაუკრეს, ზედ შესდგნენ და მანამ ცემეს, სანამ შეშინებულმა იდრისმა არ გარეკა, აქაოდა, ბიჭი არ მოკლანო. მერე, საზარელ ამბავს გადარჩენილ ადამიანებს რომ სჩვევიათ, ისე ნაწყვეტ-ნაწყვეტ აქაქანდნენ.

   – ეს თავაშვებული სატანაა! – შესძახა შიშისა და მღელვარებისაგან სახეგაფითრებულმა იდრისმა.

   – ველური იხვებივით დაგვხოცავდა და შეგვსანსლავდა! – დაუმატა გებჰრმა.

   – ეს ძაღლი რომ არა...

   – ღმერთმა გამოგვიგზავნა.

   – თქვენ კი მოკვლა გინდოდათ! – შესძახა ხამისმა.

   – ხელსაც ვეღარავინ ახლებს.

   – ძვლები და წყალი არ მოაკლდება.

   – ალაჰ! ალაჰ! – გაიმეორა იდრისმა, რომელიც ვერა და ვერ დამშვიდდა – სიკვდილი თვალებში გვიყურებდა. უჰ!

   და მიწაზე დაგდებულ სტაშს ზიზღით დაუწყეს ყურება, თუმცა ერთგვარი განცვიფრებითაც, რომ ამდენი ხალხი ერთ პატარა ბიჭს უნდა დაემარცხებინა და დაეღუპა.

   – წინასწარმეტყველის სახელს გეფიცებით! – თქვა ერთ-ერთმა ბედუინმა. – რამე უნდა ვიღონოთ, რომ ამ ღლაპმა თავი არ წაგვაცალოს. გველის წიწილი მიგვყავს მაჰდისთან! რას ფიქრობთ, რა უნდა ვუყოთ!

   – მარჯვენა ხელის მტევანი უნდა მოვაჭრათ! – შესძახა გებჰრმა.

   ბედუინს არფერი უთქვამს, მაგრამ იდრისი არ დაეთანხმა. თავში აზრმა გაუელვა, მდევარი რომ წამოწეოდათ, ბიჭის დასახიჩრებისათვის, ყველას უმძიმესი სასჯელი არ ასცდებოდა! თანაც, თავდები ვინ იყო, რომ ამ ოპერაციის შემდეგ სტაში არ მოკვდებოდა? ასეთ შემთხვევაში, ფატმასა და მის შვილებზე გადასაცვლელად მხოლოდ ნელი დარჩებოდა.

   და როგორც კი გებჰრმა მუქარის აღსასრულებლად დანა ამოიღო, იდრისმა მაჯაზე ხელი წაავლო და შეაჩერა:

    – არა! – უთხრა. – სირცხვილი და თავის მოჭრაა მაჰდის ხუთ მეომარს ამ ღლაპი ქრისტიანის ეშინოდეს და ამისთვის მას ხელი მოაჭრან. საკმარისია ღამ-ღამობით გავთოკოთ, ხოლო იმისთვის, რის გაკეთებასაც აპირებდა, ათჯერ გადავკრათ მათრახი.

   გებჰრს იმწამსვე უნდოდა განაჩენის სისრულეში მოყვანა, მაგრამ იგი იდრისმა ისევ განზე გასწია და ერთ-ერთ ბედუინს უბრძანა გამათრახება, მაგრამ ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა, მაგრად არ დაერტყა. ხამისმა ამ საქმეში ჩარევა არ ისურვა – ეგებ სულაც ინჟინრებთან დიდი ხნის მუშაობის გამო, ჰოდა სტაში მეორე ბედუინმა გადააბრუნა ზურგაღმა და ის იყო, დასჯას უნდა შესდგომოდა, რომ ანაზდად ხელისშემშლელი წინააღმდეგობა გამოჩნდა.

   ქვაბულის ღიობში ნელი და ლომა ჩამოდგნენ. შიგნით შევარდნილი ძაღლი უკანვე ნელისთან მიიჭრა და მასთან ალერსით გართულ ნელის არაბების ყვირილი კი ესმოდა, მაგრამ ეგვიპტეში არაბებიც, ისევე როგორც ბედუინები, ყველა ამბის გარჩევისას ისეთ ღრიანცელს ატეხენ ხოლმე, იფიქრებთ, საცაა ერთმანეთს დაკლავენო, ჰოდა, მათთვის ყურადღება არ მიუქცევია. როცა სტშს გასძახა და მისგან პასუხი ვერ გაიგონა, იფიქრა, უკვე აქლემზე ხომ არ ზისო და მის დასანახად კარში გასულმა მიწაზე გაშხლართული სტაში და მათრახშემართული ბედუინი არ დაინახა! ყურისწამღები კივილი და ფეხების ბაკუნი ატეხა, მაგრამ რადგან ბედუინმა ყურადღება არ მიაქცია და ის იყო ბიჭისთვის უნდა დაერტყა, წინ გაიჭრა და ბიჭს გადაეფარა.

   ბედუინი შეყოყმანდა, რადგან გოგონას დასჯა მისთვის არავის უბრძანებია, ამასობაში მისი შიშნარევი და სასოწარკვეთილი ხმაც გაისმა:

   – ლომა! ლომა!

   ლომა უმალვე ყველაფერს მიხვდა და ერთი ნახტომით გაჩნდა ბავშვებთან. ზურგსა და კისერზე ბალანი ყალყზე დაუდგა, თვალები წითლად აულაპლაპდა და მკერდიდან ამომსკდარი ყეფა გრგვინვასავით გახმიანდა. მერე კი ვეებერთელა ლაშები ნელა-ნელა გაიფჩხნა და სისხლისფერ ხახამდე გაღებულ პირში ბასრი კბილები და გრძელი ეშვები გამოუჩნდა. უშველებელი ქოფაკი ხან მარჯვნივ შებრუნდა, ხან – მარცხნივ, იფიქრებდით სუდანელებისა და ბედუინებისათვის თავისი მრისხანე “იარაღის” ჩვენება სურსო, რათა მიეხვედრებინა: შეხეთ, აი, რით უნდა დავიცვა ბავშვებიო.

   უმალვე უკან დაიხიეს, რადგან ჯერ ერთი, ლომამ ისინი წეღან სიკვდილს გადაარჩინა, მეორეც, ცხადზე უცხადესი იყო, ვინც იმ წუთას ნელის მიუახლოვდებოდა, გამძვინვარებული ქოფაკი უმალვე ყელში ეშვებს ჩაარჭობდა. ჰოდა, უმწეოდ ხელებჩამოყრილნი ერთმანეთს გაუბედავად შეჰყურებდნენ, რადგან არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ.

   მათი ყოყმანი ისე დიდხანს გაგრძელდა, რომ ნელიმ მოხუცი დინაჰის დაძახება და სტაშისთვის თოკების შეხსნაც მოასწრო. ფეხზე წამომდგარმა სტაშმა ლომას თავზე დაადო ხელი და თავდამსხმელებს მიუბრუნდა:

   – თქვენი კი არა, აქლემების მოკვლა მინდოდა.

   მაგრამ ამ ცნობამაც არანაკლებ ააღელვა არაბები და ლომას მოლაპლაპე თვალები და კვლავაც ყალყზე მდგარი ბალანი რომ არა, სტაშს ისევ ეცემოდნენ. გებჰრმა მაინც დააპირა მისკენ გადახტომა, მაგრამ ლომას ერთმა ყრუ დაღრინებამაც ადგილს მიალურსმა.

   ჩამოწოლილ სიჩუმეში იდრისის ხმა გაისმა:

   – გზას გავუდგეთ! გზას!

 

 

კარი XI

 

გავიდა დღე, ღამე და კიდევ დღე. ისინი კი კვლავაც სამხრეთისაკენ მიიჩქაროდნენ და მხოლოდ ცოტა ხნით თუ შეისვენებდენ რომელიმე ხეობაში, რათა აქლემები მეტისმეტად არ გადაღლოდათ, არ დაესნეულებინათ რათა მათთვის ეჭმიათ და თავადაც ერთმანეთში გაენაწილებინათ სასმელ-საჭმელი. მდევრის შიშით კიდევ უფრო მეტად გადაუხვიეს დასავლეთისკენ, წყალზე კი შეეძლოთ კარგა ხანს აღარ ედარდათ. მართალია, თავსხმა მხოლოდ შვიდ საათს გრძელდებოდა, მაგრამ ისეთი წყალუხვი იყო, იფიქრებდით, ცა ჩამოიქცაო, ჰოდა, ისევე როგორც ბედუინებმა, იდრისმა და გებჰრმაც იცოდნენ, რომ ხეობების ძირში და იქ, სადაც კლდეები ბუნებრივ ჩაღრმავებებს ჰქმნის, ორ დღეს კიდევ იმდენი წყალი იქნებოდა, მათ და აქლემების დასარწყულებლად კი არა, მარაგისთვისაც იკმარებდა. დიდი წვიმის შემდეგ, როგორც საერთოდ იცის ხოლმე, მშვენიერი ამინდი დაიჭირა. უღრუბლო ზეცა მოსარკულიყო და გამჭვირვალე სივრცეში მზერა საოცრად შორს სწვდებოდა. ვარსკვლავებით მიჭედილი ცა ღამღამობით ისე ბრჭყვინავდა და ციმციმებდა, ალმასებით მორთული გეგონებოდათ. უდაბნოს ქვიშას სუსხიანი სიცივე გასჯდომოდა.

   აქლემებს კუზები დაპატარავებოდათ, მაგრამ პირუტყვს კარგად კვებავდნენ, არაბული გამოთქმისამებრ, “ძღომაზე”, რათა არ დაცვენილიყვნენ და კარგადაც ერბინათ, ჰოდა, ქარავანი თითქმის ისევე სწრაფად მიიწევდა წინ, როგორც გჰარაკ-ელ-სულთანიდან გამოსვლის პირველ დღეს. განცვიფრებულმა სტაშმა შენიშნა, რომ ხეობებში შესულნი, ამა თუ იმ გამოქვაბულში ფინიკსა და სორგოს პოულობდნენ და მიხვდა, რომ სუდანელებს საკვები წინდაწინ მოემარაგებინათ.

   ბიჭმა იფიქრა, სუდანელების მოსყიდვა ხომ არ ვცადოო, მაგრამ გაახსენდა, მაჰდის თავგადადებული თაყვანისმცემლები რომ იყვნენ და ეს შეუძლებელ საქმედ მიიჩნია. თავს აღუთქვა: ყოველდღე მათრახით რომ ამიჭრელონ გვერდები, თავის გამოხსნაზე ოცნებას მაინც არ შევწყვეტო. იმის გაფიქრებაზე, რა შეემთხვა, როგორ გამოსტაცეს თოფი და წიხლით სცემეს, ამ ყაჩაღებისადმი ზიზღი გაუათკეცდა და დაიბოღმა; ხმის ამოღება უჭირდა და ზიზღს არც მალავდა. ეს იდრისმაც შენიშნა და მიხვდა: მდევარი რომ წამოსწეოდათ, ბიჭი მის დასაცავად კრინტსაც აღარ დაძრავდა. იდრისს სიმამაცე არ აკლდა, მაგრამ წინდახედულიც იყო და უკანდასახევ გზას ყოველთვის იტოვებდა. ამიტომაც იყო, პირველივე შესვენებაზე სტაშთან გამოლაპარაკება რომ გადაწყვიტა:

   – იმის გამო, რის გაკეთებასაც აპირებდი, – უთხრა, – აუცილებლად უნდა დამესაჯე, თორემ მოკვლას ვერ გადაურჩებოდი; სამაგიეროდ, ბედუინს ვუჩურჩულე, მაგრად არ დაერტყა მათრახი.

   პასუხი რომ ვერ მიიღო, განაგრძო:

   – შენგან გამიგონია, თეთრებს სიტყვის გატეხა არ სჩვევიათო. ჰოდა, თუ დაიფიცებ შენს ღმერთსა და პატარა “ბინტის” თავს, რომ ჩვენს საწინააღმდეგოს არაფერს მოიმოქმედებ, ღამღამობით ხელ-ფეხს შეგიხსნი.

   სტაშს არც ამჯერად დაუძრავს კრინტი და მისი თვალების შემხედვარე იდრისი მიხვდა: ამაოდ ირჯებოდა.

   გებჰრისა და ბედუინების წინააღმდეგობის მიუხედავად, ბიჭი ღამით აღარ გაუთოკავთ, მაგრამ, რადგან გებჰრი არ დაცხრა, მრისხანედ შესძახა:

   – ამაღამ, ძილის ნაცვლად, ყარაულად დადგები. ამის შემდეგ სულ ასე იქნება, როცა ყველა დაიძინებს, ერთ-ერთი ჩვენგანი ყოველთვის იყარაულებს.

   მართლაც ასე მოიქცნენ. ამან ერთობ გააძნელა სტაშის ჩანაფიქრის შესრულება, რადგან ყველა გუშაგის ყურადღება მუდამ მისკენ იყო მიმართული.

   სამაგიეროდ, ბავშვები უფრო თავისუფლად იყვნენ, ერთმანეთთან მისვლა და დალაპარაკებაც შეეძლოთ. პირველივე შესვენებისას სტაში ნელის მიუჯდა, რათა დახმარებისთვის მადლობა ეთქვა.

   მართალია, მადლიერი იყო, მაგრამ ამ გრძნობის გამოსახატავად სიტყვები არ ჰყოფნიდა, ნელის ხელებში ჩააფრინდა.

   – ნელი! – უთხრა. – ძალიან კეთილი ხარ, გმადლობ და პირდაპირ გეუბნები, ნაღდი ცამეტი წლის ბავშვივით მოიქეცი.

   სტაშისაგან ეს ყველაზე დიდი შექება იყო, ჰოდა, პატარა ქალუკას გული სიხარულითა და სიამაყით აღევსო.

   ყველაფერი შესაძლებელი ეჩვენა.

   – ერთი მალე გავიზარდო, ამათ ვუჩვენებ სეირს, – და სუდანელებისაკენ მრისხანედ გაიხედა.

   ნელიმ არ იცოდა, რატომ დაესხნენ არაბები თავს, ჰოდა სტაშმა უამბო, როგორ გადაწყვიტა თოფის მოპარვა, აქლემების დახოცვა და უკან დაბრუნება.

   – ეს რომ გამეკეთებინა, – თქვა, – უკვე თავისუფალი ვიქნებოდით.

   – მაგრამ გაეღვიძათ, არა? – გულისფანცქალით ჰკითხა გოგონამ.

   – ჰო. უფრო სწორად, ისინი გამოქვაბულში შემოვარდნილმა ლომამ გააღვიძა, ისე დაიყეფა, მკვდარს გააღვიძებდა.

   – საზიზღარი ლომა! საზიზღარი! – შესძახა გოგონამ. – ერთი მოვიდეს, ხმას არ გავცემ და ვეტყვი, რომ მახინჯია.

   სამხიარულო რა ჰქონდა, მაგრამ ამაზე სტაშს გაეცინა და ჰკითხა:

   – ხმას თუ არ გასცემ, როგორღა ეტყვი, რომ მახინჯია?

   ნელიმ პაწია წარბები აძგიბა, სახეზე შეფიქრიანება დაეტყო და თქვა:

   – რომ შემომხედავს, ისედაც მიხვდება.

   – ალბათ. მაგრამ რა მისი ბრალი იყო; საიდან უნდა სცოდნოდა, რა ხდებოდა. ისიც არ დაგავიწყდეს, მერე რომ მოგვეშველა.

   ნელის გულისწყრომა ოდნავ დაცხრა, თუმცა არ უნდოდა, ლომასთვის ყველაფერი უმალვე ეპატიებინა.

   – კეთილი, – თქვა, – მაგრამ ნაღდი ჯენტლმენი მისალმებისას არ უნდა ყეფდეს.

   სტაშს ისევ გაეღიმა:

   – ნაღდი ჯენტლმენი არც გამომშვიდობებისას ყეფს, თუ ის ძაღლი არ არის. ლომა კი ძაღლია!

   წუთიც და ბიჭს თვალები დაუნაღვლიანდა, ჯერ ერთხელ ამოიოხრა, მერე – მეორედ, მასუკან წამოდგა და თქვა:

   – ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ შენი განთავისუფლება ვერ შევძელი.

   ნელიმ ფეხის წვერებზე აიწია და სტაშს კისერზე ხელები შემოხვია. უნდოდა, დაემშვიდებინა, ცხვირი ლოყაზე მიედო და მადლობის სიტყვები ჩაეჩურჩულებინა, მაგრამ სათქმელს თავი ვერ მოაბა, კიდევ უფრო მაგრად შემოეჭდო და ყურზე აკოცა. ამასობაში ლომა, რომელიც ქარავანს მუდამ ჩამორჩებოდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ აქლემებს ვერ ეწეოდა, არამედ იმიტომ, რომ გზადაგზა ტურებზე ნადირობდა და კლდეებზე ჩამომსხდარ ძერებს უყეფდა, – ჩვეულებრივი ყეფა-ყეფითა და ქშუტუნით მოვარდა. ბავშვებს საკუთარი გაჭირვება უმალვე გადაავიწყდათ და მანამ ეფერნენ და ეალერსნენ, სანამ არაბებმა არ შეაწყვეტინეს. ხამისმა ძაღლს საჭმელი და წყალი მიუტანა. ამის შემდეგ აქლემებზე შესხდნენ და სამხრეთისკენ სწრაფად გაიჭრნენ.

 

 

კარი XII  

 

ეს ყველაზე გრძელი ეტაპი იყო – თვრამეტი საათის მგზავრობისას ერთადერთხელ შეისვენეს და ისიც – მცირე ხნით. მხოლოდ კარგად დარწყულებულ ჭეშმარიტ საჯდომ აქლემს შეუძლია ამხელა გზის გაძლება. იდრისი პირუტყვს არ ზოგავდა, რადგან მდევრის მართლა ეშინოდა. ესმოდა, რომ მდევარი რა ხანია გამოსული იყო, იმასაც ვარაუდობდა, რომ მას ორივე ინჟინერი მოჰყვებოდა და დროს ტყუილუბრალოდ არ დაკარგავდნენ. საშიშროება მდინარის მხრიდან ემუქრებოდათ, რამეთუ ბავშვების გატაცებისათვის უეჭველად გაიგზავნებოდა სატელეფონო ბრძანება ყველა სანაპირო დასახლებული პუნქტისაკენ, რათა შეიხებს ნილოსის ორივე მხარეს მდებარე უდაბნოს შუაგულისკენ მოეწყოთ ლაშქრობები და დაეკავებინათ სამხრეთისაკენ მიმავალი ყველა მგზავრი. ხამისი ირწმუნებოდა, რომ ინჟინრები მათ დასაჭერად დიდ ჯილდოს დააწესებდნენ და ამის გამო უდაბნოში მდევართა მთელი ქსელი იქნება გაბმულიო. ერთადართი გამოსავალი რჩებოდათ – რაც შეიძლება მეტად უნდა გადაეხვიათ დასავლეთისკენ; მაგრამ დასავლეთით მდებარეობდა უდიდესი ოაზისი კჰარგა და დეპეშას არც იქ მიღწევა გაუჭირდებოდა, ამას გარდა, მდინარეს ძალიან რომ დაშორებოდნენ, ორიოდ დღეში უწყლოდ დარჩებოდნენ და მაშინ წყურვილით სიკვდილი ელოდათ.

   საკვებიც გასათვალისწინებელი იყო. ბავშვების მოტაცებამდე ორი კვირით ადრე ბედუინებმა სორგო, ორცხობილა და ფინიკი სამალავებში კი დაიმარაგეს, მაგრამ მხოლოდ მთიანეთიდან ოთხი დღის სავალზე. იდრისი შიშით ფიქრობდა, საჭმელი რომ გაუთავდებოდათ, საჭირო შეიქმნებოდა მარაგის საყიდლად რომელიმე სანაპირო სოფელში ხალხის გაგზავნა, იქ კი ისინი აღთქმული ჯილდოს მოსაპოვებლად შეიძლება სულ იოლად ჩაცვენილიყვნენ ადგილობრივი შეიხების ხელში და მთელი ქარავნის ადგილსამყოფელი გაეთქვათ. ძნელ, შეიძლება ითქვას, სავალალო დღეში ჩაცვივდნენ და იდრისი დღითი დღე რწმუნდებოდა, რა სულელურ ამბავში გაყო თავი.

   “ოღონდაც ასუანს გავცილდეთ! ოღონდაც ასუანს გავცილდეთ!” – გუნებაში იმეორებდა აღელვებული და სასოწარკვეთილი. არ სჯეროდა ხამისისა, რომლის მტკიცებით, მაჰდის მეომრები უკვე ასუანს უნდა მიახლოებოდნენ, მაგრამ სტაშმა ეს მტკიცება გაუქარწყლა, რადგან სჯეროდა, თეთრკანიანმა ყველა ჩვენგანზე მეტი იცისო. მაგრამ იმასაც იმედოვნებდა, რომ, გასცდებოდნენ თუ არა პირველ ჭორომს, სადაც ხალხი უფრო ველურია და სადაც ინგლისელებსა და ეგვიპტის მთავრობას ნაკლებად ემორჩილებიან, უეჭველად შეხვდებოდნენ წინასწარმეტყველის ფარულ მიმდევრებს, რომლებიც დახმარების ხელს გამოუწვდიდნენ, აშოვნინებდნენ საჭმელსა და დასვენებულ აქლემებს... მაგრამ ბედუინების გამოთვლისამებრ, ასუანამდე დაახლოებით კიდევ ხუთი დღის უდაბური სავალი რჩებოდა, უფრო და უფრო უდაბური; ყოველი გაჩერების შემდეგ კი ხალხისა და პირუტყვის საკვები თანდათან კლებულობდა.

   საბედნიეროდ, აქლემების კიდევ მეტად აჩქარება შეეძლოთ და თავგამეტებითაც მიაჭენებდნენ, რადგან სიცხეს ჯერაც არ გაეწყვიტა მათთვის ქანცი. დღისით, განსაკუთრებით შუადღის საათებში, მზე მართლაც ძალიან აცხუნებდა, მაგრამ ჰაერი კვლავაც სუფთა იყო, ღამღამობით კი გრილოდა. სტაში, იდრისის თანხმობით, ნელის აქლემზე გადაჯდა, რათა მის ჯანმრთელობაზე ეზრუნა და არ გაციებოდა.

   მისი შიში ამაო გამოდგა, რადგან დინაჰი, რომელსაც თვალები უკვე საკმაოდ მორჩენოდა, თავის პაწია ქალბატონს ზედ ევლებოდა. სტაში განცვიფრებული იყო, პაწია რომ მშვენივრად გრძნობდა თავს და ამხელა გზას მის მსგავსად უძლებდა. მოწყენილობას, შიშსა და მამის მონატრების გამო დაღვრილ ცრემლს მისი ჯანმრთელობისთვის შესამჩნევი ზიანი არ მიუყენებია. მცირედ გამხდარიყო და ქარს მისი თეთრი სახე ოდნავ გაეშავებინა, მაგრამ მგზავრობის მომდევნო დღეებში უკვე ნაკლებად გრძნობდა დაღლას, ვიდრე დასაწყისში. უნდა აღინიშნოს, რომ იდრისმა ნელის ყველაზე მსუბუქადმავალი აქლემი მისცა, თანაც უნაგირზე ისეთი ტახტრევანი მოუწყო, დაძინებაც შეეძლო. უდაბნოს სუფთა ჰაერმაც თავისი ქნა და გოგონა თავს მშვენივრად გრძნობდა.

   სტაში ნელის მიმართ საგანგებო ყურადღებასა და მზრუნველობას იჩენდა, რათა არაბები მიმხვდარიყვნენ, რა გამორჩეული, უჩვეულო ტყვე მიჰყავდათ; უნდოდა, გოგონას ყველა თვალისჩინივით გაფრთხილებოდა. იდრისი ამას ჯერ კიდევ მედინეტში მიეჩვია და აქაც წყალსა და ფინიკს არ იშურებდა მისთვის. ვერც საზიზღარი გებჰრი გაბედავდა ამიერიდან მისთვის ხელის ხლებას. საოცრად ლამაზი გოგონა ყვავილსა თუ ჩიტს ჰგავდა და მის დანახვაზე ველური და გაუნათლებელი არაბებიც კი იხიბლებოდნენ. მართლაც, საღამოობით იერიქონის ვარდისა თუ ეკალ-ბარდის კოცონთან მდგარს, ალით აფაკლულსა თუ მთვარის ვერცხლისფერი შუქით გაცისკროვნებულს თვით სუდანელებიცა და არაბებიც თვალს ვერ აშორებდნენ და, აღტაცების გამოსახატავად, თავიანთი ჩვეულებისამებრ, პირს აწკლაპუნებდნენ, ხოლო დროდადრო განცვიფრებით ჩაიბურტყუნებდნენ: ალაჰ, მაშალაჰ თუ ბისმილაჰო!

   მეორე დღეს, შუადღის ჟამს, იმ ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, ამჯერად ერთ აქლემზე მსხდარმა სტაშმა და ნელიმ საოცრად ბედნიერი წუთები განიცადეს. მზის ამოსვლისთანავე უდაბნოს თავზე გაიშალა ნათელი და გამჭვირვალე ბურუსი, რომელიც მალევე გაქრა. მერე, როცა მზე მაღლა აიწვერა, წინა დღეებზე მაგარი სიცხე ჩამოწვა. აქლემები სულის მოსათქმელად რომ შეჩერდებოდნენ, ნიავი ოდნავაც არ იძვროდა და იფიქრებდით, ჰაერიც ისევე ქვის სითბოში, სინათლესა და სიჩუმეში ჩაყურსულაო. ქარავანი ერთ თვალუწვდენელ, ერთფეროვან, ხეობებით ჩაუხრამავ დაბლობზე გავიდა და ანაზდად ბავშვების თვალწინ ზღაპრული სანახაობა გადაიშალა. ტანწვრილი პალმებისა და წიწაკის ხეების კორომები, მანდარინები, თეთრი სახლები, მაღალმინარეთიანი მომცრო მეჩეთი, ქვემოთ კი ბაღ-ბოსტნებს შემოვლებული კედლები. ყოველივე ეს ისე ცხადად და ისე ახლოს გამოჩნდა, იფიქრებდით, ნახევარი საათიც და ქარავანი იმ ხეების ჩეროში ამოყოფს თავსო.

   – ეს რა არის? – შესძახა სტაშმა. – ნელი! ნელი! შეხედე!

   ნელიმ წამოიწია და განცვიფრებისაგან ენა ჩაუვარდა, მაგრამ უმალვე გონს მოეგო და მხიარული კივილი აღმოხდა:

   – მედინეტი! მამიკოსთან მივდივარ, მამიკოსთან!

   სტაშს გაოცებისგან სახე გაუფითრდა.

   – მართლაც... იქნებ კჰარგაა... მაგრამ, არა! ნაღდად მედინეტია... მინარეთი ვიცანი, აგერ კიდევ ჭებთან წისქვილს ვხედავ.

   შორიდან მართალივით მოჩანდა მაღლა აწოწილი წისქვილის ფრთები. მწვანე ხეების ფონზე ისე ცხადად ჩანდა, რომ სტაშის მახვილმა თვალმა ფრთების კიდეების წითელი არშიაც კი გაარჩია.

   – ეს მედინეტია!..

   სტაშმა წიგნებიდანაც იცოდა და მონათხრობითაც, რომ უდაბნოში არსებობს მირაჟი, რომელსაც ფატა-მორგანას ეძახიან, რომ მგზავრებს არაერთხელ მოსჩვენებიათ ოაზისები, ქალაქები, ხეთა კორომები და ტბები, რომელნიც სხვა არაფერია, თუ არა მოჩვენება, შუქჩრდილების თამაში და ნაღდი, შორეულ საგანთა ანარეკლი. მაგრამ ამჯერად სანახაობა იმდენად ცხადი, იმდენად ხელშესახები იყო, ეჭვიც არ შეჰპარვია, რომ ნამდვილ მედინეტს ხედავდა. აგერ მუდირის სახლის კოშკურაა, იქით, ზედ მინარეთის წვერზე, დახვეული აივანი, საიდანაც მოლა ხალხს სალოცავად უხმობს ხოლმე, აგერ ნაცნობი ხეების ჯგუფი და კიდევ ის წისქვილის ფრთები! არა, არა, ეს ყოველივე ცხადზე უცხადესი უნდა ყოფილიყო. ბიჭმა ისიც კი გაიფიქრა, ჩანს, სუდანელები მიხვდნენ, რომ ვერსად გაიქცეოდნენ, ჩემთვის არაფერი გაუმხელიათ და ისევ უკან, ფაიუმისაკენ დავბრუნებულვართო, მაგრამ მათმა სიმშვიდემ, ცოტა არ იყოს და, ჩააფიქრა. ეს რომ ფაიუმი იყოს, ასე გულგრილად რად იცქირებიან? ხედავდნენ წინ გადაშლილ ხედს, ერთმანეთს თითით აჩვენებდნენ, მაგრამ სახეზე არც მღელვარება ეტყობოდათ და არც ყოყმანი. სტაშმა კიდევ მიიხედა მათკენ და სწორედ არაბთა გულგრილობამ გამოიწვია ის, რომ სანახაობა ამჯერად საოცრად გაფერმკრთალდა. ისიც გაიფიქრა, მართლა უკან რომ დაბრუნებულიყვნენ, ქარავანიც მჭიდროდ ჯგუფად შეიკვროდა და ხალხი, თუნდაც შიშის გამო, ერთად სიარულს ამჯობინებდა. ამასობაში კი იდრისის მიერ ამ დღეებში წინდაწინ გაგზავნილი ბედუინები სულაც არსად ჩანდნენ, მცველის მოვალეობის შემსრულებელი უკან ჩამდგარი ხამისი კი თვალებბრიალა ძერას ჰგავდა.

   “ფატა-მორგანა!” – თავისთვის ჩაილაპარაკა სტაშმა.

   ამასობაში იდრისი მიუახლოვდა და დაუყვირა:

   – ჰეი! აქლემს შეუძახე! ხედავ მედინეტს?

   ეტყობოდა, ხუმრობით თქვა და ხმაზეც ისეთი წინააღმდეგობრიობა ემჩნეოდა, რომ ბიჭს უკანასკნელი იმედიც გადაეწურა, რომ მართლა ნამდვილ მედინეტს ხედავდა.

   და ნელისაკენ გულისტკივილით მიბრუნებულს უნდოდა მისთვისაც ეკითხა მოჩვენებაზე, რომ ამ დროს მოხდა ერთი მოულოდნელი ამბავი, რომელმაც ყველას ყურადღება სულ სხვა რამეზე გადაიტანა.

   წინ გამოჩნდა ბედუინი, რომელიც გამალებული მოაქროლებდა აქლემს, თან შორიდან მოაქნევდა ზეაღმართულ გრძელ არაბულ თოფს, რომელიც მანამდე ქარავანში არავის ჰქონია. იდრისთან მივარდნილმა რამდენიმე სიტყვა გადაულაპარაკა თუ არა, ქარავანი მსწრაფლვე უდაბნოს შუაგულისაკენ მიტრიალდა. მხოლოდ კარგა ხნის შემდეგ გამოჩნდა მეორე ბედუინი, რომელსაც ტყავის საპალნეგადაკიდებული ჩასუქებული დედალი აქლემი მოჰყავდა. კვლავ გაიმართა ხანმოკლე საუბარი, მაგრამ სტაშმა ყური ვერაფერს მოჰკრა. ჭენებით მიმავალი ქარავანი კი კვლავ დასავლეთისკენ მიიჩქაროდა და შეჩერდა მხოლოდ მაშინ, როდესაც ახორხლილი კლდეებით, ნაპრალებითა და გამოქვაბულებით სავსე ვიწრო ხეობას წააწყდნენ. ერთი გამოქვაბული იმდენად ვრცელი იყო, რომ სუდანელებმა შიგ ხალხიც დამალეს და აქლემებიც. სტაში დაახლოებით მიხვდა, რაც მოხდა, იდრისის გვერდით წამოწვა და თავი მოიმძინარა იმ იმედით, რომ ბუდუინები, რომელთაც მომხდარზე ორიოდ წინადადება დასცდათ, ახლა გრძელ საუბარს გააბამდნენ. იმედი არ გასცრუებია, რადგან, აქლემებს საჭმელი დაუყარეს თუ არა, ბედუინები და სუდანელები ხამისთან ერთად ჩამოსხდნენ და ბჭობა გამართეს.

   – ამიერიდან ღამღამობით უნდა ვიაროთ, დღისით კი – დავიმალოთ. – დაიწყო ცალთვალა ბედუინმა. – ამ გზაზე ბევრი შეგვხვდება და თავშესაფარს ყველგან ვიპოვით.

   – დაწმუნებული ხარ, რომ ჩაფარი იყო? – ჰკითხა იდრისმა.

   – ალაჰ! ველაპარაკეთ კიდეც. ბედი ჩვენი, რომ მარტო იყო. კლდეს ამოფარებოდა და ვერ დავინახეთ, სამაგიეროდ შორიდან აქლემის ხმა გავიგონეთ. მაშინ ნაბიჯს მოვუკელით და ფეხაკრებით მიპარულები მაშინღა დაგვინახა, მასთან მისვლამდე რამდენიმე ნაბიჯიღა რომ გვაკლდა. ძალიან შეშინდა და თოფის დამიზნება დააპირა. რომ გაესროლა, მიუხედავად იმისა, მოგვახვედრებდა რომელიმეს თუ არა, სროლის ხმას სხვა ჩაფრები გაიგონებდნენ. ამიტომაც გაბედულად ვუთხარით: “სდექ! ჩვენ ორი თეთრკანიანი ბავშვის გამტაცებლებს მივდევთ და დანარჩენი მდევარიც მალე მოაღწევს”. ახალგაზრდა და ჩერჩეტი ბიჭი გამოდგა, დაგვიჯერა, ოღონდ მაინც გვითხრა, ყურანზე დაიფიცეთ, რომ სიმართლეს ამბობთო. აქლემებიდან ჩამოვხტით და დავიფიცეთ... იმედია, მაჰდი მოგვიტევებს...

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი