– და დაგლოცავთ კიდეც. – უთხრა იდრისმა. – განაგრძეთ, მერე რა ქენით?

   – რა და, – განაგრძო ბედუინმა, – ჩვენ რომ დავიფიცეთ, ბიჭს იქით შევუტიე: – ვინ დაგიდგება თავდებად, რომ შენ თავად არ ეკუთვნი იმ თეთრკანიანი ბავშვების გამტაცებელ ბანდას და აქ მდევრის შესაჩერებლად არ ხარ დატოვებული? ჰოდა, ვუთხარი, შენც დაიფიცე, რომ არ გვატყუებ – მეთქი! დაგვეთანხმა და ამის შემდეგ ჩვენს სიმართლეში ეჭვიც აღარ შეჰპარვია. გამოკითხვა დავუწყეთ, ალუმინის მავთულებით შეიხებს ბრძანება თუ მოუვიდათ და უდაბნოში ყარაულები თუ იდგნენ. გვითხრა, ეგრეა, თან ძალიან დიდ ჯილდოს შეგვპირდნენ და მდინარიდან ორი დღის სავალზე მდებარე ყველა ხეობაში ყარაული დგას, თავად მდინარეზე კი გამუდმებით დაცურავენ ინგლისელებითა და ჯარისკაცებით სავსე ბაბურები (გემები)...

   – ალაჰისა და წინასწარმეტყველის წინაშე გემებიც უძლურია და ჯარიც...

   – ღმერთმა კარგი ყურით გისმინოს!

   – ახლა ისა თქვი, იმ ბიჭს რაღა უყავით?

   ცალთვალა ბედუინმა თითი ამხანაგისაკენ გაიშვირა.

   – აბუ-ანგამ ჰკითხა კიდევ, – თქვა, – ახლომახლო სხვა ჩაფარი თუ არისო, პასუხად მოისმინა თუ არა, არააო, კისრის ქვეშ დანა ისე სწრაფად ჩაარტყა, ბედკრულმა ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო. ღრმა ნაპრალში ჩავაგდეთ და ქვები და ეკალ-ბარდები მივაყარეთ. სოფელში იფიქრებენ, რომ მაჰდისთან გაიქცა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვითხრა, ასე უნდა ვქნაო.

   – ღმერთმა ყველა გაქცეული ისე დალოცოს, როგორც თქვენ დაგლოცათ. – თქვა იდრისმა.

   – ჰო, ჰო! დაგვლოცა, – წამოიძახა აბუ-ანგამ, – რადგან უკვე ვიცით, რომ ამიერიდან მდინარისგან სამი დღის სავალზე უნდა ვიყოთ, ამის გარდა, ვიშოვეთ თოფი, რომელიც ნამდვილად გვაკლდა და მეწველი აქლემი.

   – ტიკები, – დასძინა ცალთვალამ, – წყლითაა სავსე და თოფრაკები – ქერით, ოღონდ დენთია ცოტა.

   – ხომ გვაქვს თეთრი ბიჭის თოფის ტყვიები. მართალია, იმის სროლა არ ვიცით, მაგრამ დენთი დენთია და ჩვენსასაც მიუდგება.

   ამის თქმაზე იდრისი ჩაფიქრდა და შავი სახე მძიმე ნაღველმა შეუჭმუხნა, რადგანაც მიხვდა, რახან ერთი გვამი უკვე იყო მათ კისერზე, ეგვიპტის მთავრობის ხელში ჩავარდნის შემთხვევაში სტაშის გამოქომაგებაც უკვე ვეღარას უშველიდათ.

   სტაში ამას ყველაფერს გულაჩქროლებული და დაძაბული ისმენდა. იყო ამ საუბარში დამამშვიდებელი ამბავიც, კერძოდ ის, რომ მდევარი უკვე გამოეგზავნათ, ჯილდოც აღეთქვათ და სანაპირო ტომების შეიხებსაც უკვე მიეღოთ სამხრეთისაკენ მიმავალი ყველა ქარავნის დაკავების ბრძანება. ბიჭი იმანაც დაამშვიდა, რომ მდინარეზე მოცურავე გემები სავსე იყო ინგლისელებით. მაჰდის დავრიშები შესაძლოა ეგვიპტის არმიას შებრძოლებოდნენ და დაემარცხებინათ კიდეც, მაგრამ ინგლისელებთან შებმა სულ სხვა რამ იყო და იოტისოდენი ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ პირველივე ბრძოლა ველური ბრბოების სასტიკი დამარცხებით დამთავრდებოდა. გამხნევებული იმას ნატრობდა, ნეტა მაჰდისთან მიგვიყვანონ და ისე მოხდეს, ჩვენი იქ მისვლისთვის აღარც მაჰდი იყოს და აღარც მისი დავრიშებიო, მაგრამ ეს ნუგეში უმალვე მოუშხამა ფიქრმა იმაზე, რომ ასეთი დასასრულის შემთხვევაში კიდევ მთელი კვირის მგზავრობა მიუწევდათ, რაც ნელის ალბათ, ქანცს გაუწყვეტდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში კი ისევ ამ არამზადებსა და მკვლელებთან ერთად მოუწევდათ ყოფნა. ბედუინების მიერ ცხვარივით დაკლული ყმაწვილი არაბის გახსენებაზე სტაში შიშისა და სინანულის გრძნობამ შეიპყრო. გადაწყვიტა, ამაზე კრინტი არ დაეძრა ნელისთან, რათა კიდევ არ გაემძაფრებინა ფაიუმის ოაზისისა და ქალაქ მედინეტის მოჩვენებითი ხილვით გამოწვეული მისი ნაღველი. ხეობაში შემოსვლისას თვალი მოჰკრა, რა ღაპაღუპით სდიოდა გოგონას ცრემლი; ერთი სიტყვით, მოისმინა თუ არა ბედუინთაგან ის, რისი გაგებაც სურდა, თავი ისე დაიჭირა, თითქოს და ახლა გაეღვიძოს და ნელისთან გადაჯდა. იგი დინაჰთან ერთად კუთხეში მიმჯდარიყო და ცრემლებით დასველებულ ფინიკს ღეჭავდა. მაგრამ სტაშის დანახვისთანავე გაახსენდა, რომ მისი ამასწინანდელი მოქმედება ცამეტი წლის გოგონას ნამოქმედარს შეადარა და, ისევ ბავშვად რომ არ მოსჩვენებოდა, სლუკუნის შესაკავებლად, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ფინიკს კბილები დააჭირა.

   – ნელი, – უთხრა ბიჭმა. – მედინეტი მოჩვენება იყო, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ მოგვდევენ; ჰოდა, ნუ დარდობ, ნუ ტირი!

   ამაზე გოგონამ ცრემლჩამდგარი თვალებით შეხედა და ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქვა:

   – არა, სტაშ... ტირილი სულაც არ მინდა... ოღონდ, რაღაც... თვალები გამეოფლა.

   მაგრამ იმავე წამს პაწია ნიკაპი აუთრთოლდა, შეწებებულ წამწამებს შორის უშველებელი კურცხლები ჩამოუგორდა და ქვითინი წასკდა.

   სირცხვილისა და შიშისაგან, სტაში დამტუქსავსო, აღარ იცოდა, რა ექნა, ჰოდა, ბიჭს თავი მკერდზე მიადო და ხალათი ცრემლით დაუსველა.

   რაღა უნდა ექნა, სტაში მის დამშვიდებას შეუდგა.

   – ნელი, შადრევანი ხომ არა ხარ? დაინახე, ვიღაც არაბს თოფი და აქლემი რომ წაართვეს? იცი, ეს რას ნიშნავს? ეს იმას ნიშნავს, რომ უდაბნო ჩაფრებითაა სავსე. თუ ამ არამზადებმა ჩაფრის ხელში ჩაგდება მოახერხეს, რა გგონია, ჩაფრები ამათ დაჭერას ვერ მოახერხებენ? ნილოსზეც უამრავი გემი მიდი-მოდის... აბა, რა გგონია! დავბრუნდებით, ნელი, დავბრუნდებით – იმ გემით დავბრუნდებით. ნუ გეშინია!..

   და კიდევ დიდხანს დაამშვიდებდა ასე და ამგვარად, რომ გარედან ქვიშიანი აჩრდილებიდან შემოსულ უცნაურ ხმას არ მიეპყრო მისი ყურადღება. ეს ხმა ლერწმის სასტვენლის ლითონისებურ წვრილ ხმას ჰგავდა. სტაშმა საუბარი შეწყვიტა და სმენად იქცა. წუთიც და ისეთივე წვრილი და ნაღვლიანი ხმები ერთდროულად ყოველი მხრიდან გაისმა. ბიჭს თავში გაუელვა აზრმა, ეგებ არაბი ჩაფრები ხეობას გარს ერტყმიან და ერთმანეთს სასტვენებით უხმობენო. გულმა ბაგაბუგი დაუწყო. მალიმალ გადახედავდა სუდანელებს იმ იმედით, ეგებ სახეზე რომელიმეს მღელვარება შევამჩნიოო, მაგრამ არაფერიც! იდრისი, გებჰრი და ორი ბედუინი მშვიდად ღრღნიდნენ ორცხობილას, მხოლოდ ხამისს ეტყობოდა განცვიფრება. ის ხმები კი არ წყდებოდა. მოგვიანებით იდრისი წამოდგა და გამოქვაბულიდან გარეთ გაიხედა, მერე უკან მობრუნებული ბავშვებთან შედგა და თქვა:

   – ქვიშა იწყებს სიმღერას. სტაში ისეთმა ცნობისწადილმა შეიპყრო, რომ იმ წუთას კიდეც დაავიწყდა საკუთარი გადაწყვეტილება, იდრისს სიცოცხლეში ხმას აღარ გავცემო და ჰკითხა:

   – ქვიშა? ეგ რას ნიშნავს?

   – როცა ასე ხდება, ეს იმას მოასწავებს, რომ დიდხანს აღარ იწვიმებს. მაგრამ სიცხე არ შეგვაწუხებს, რადგან ასუანამდე მხოლოდ ღამღამობით ვივლით.

   მეტი მისგან, ვერაფერი შეიტყვეს. სტაში და ნელი დიდხანს უსმენდნენ იმ იშვიათ წკრიალს, რომელიც ცხადად ისმოდა, ვიდრე მზე დასავლეთისაკენ არ გადაიწვერა. ამის შემდეგ, დაღამებისთანავე, ქარავანმა გზა განაგრძო.

 

 

 

კარი XIII

 

დღისით კლდეებსა და ნაპრალებს შორის მოფარებულ და ძნელადმისაწვდომ ადგილებში იმალებოდნენ, ღამღამობით კი სულმოუთქმელად მიქროდნენ, სანამ პირველ ჭორომს არ გასცდნენ. ბოლოს, როდესაც ბედუინებმა ხეობების მდგომარეობისა და აღნაგობის მიხედვით შეამჩნიეს, რომ ასუანი უკან ჩამოიტოვეს. იდრისმა შვებით ამოისუნთქა. რაკიღა უკვე წყლის ნაკლებობას განიცდიდნენ, მდინარეს ამჯერად ნახევარი დღის სავალზე მიუახლოვდნენ. მომდევნო ღამეს, იდრისმა ქარავანი რომ დამალა, ბედუინებს ყველა აქლემი გააყოლა ნილოსზე, რათა გრძელი გზის გასავლელად კარგად დაერწყულებინათ. ასუანის შემდეგ ნილოსის გამყოლი მოსავლიანი ზოლი საგრძნობლად ვიწროვდებოდა. ზოგ-ზოგ ადგილს უდაბნო ზედ მდინარეს მიბჯენოდა. სოფლებს შორის აქ დიდი მანძილი იყო. ბედუინები გახარებული დაბრუნდნენ, რადგან ისინი ვერავის შეენიშნა და თანაც წყალი ბლომად მოემარაგებინათ. ახლა მხოლოდ საკვებზე უნდა ეზრუნათ, რადგან პირუტყვს უკვე ცოტას აჭმევდნენ და ერთ კვირაში საგრძნობლად გახდნენ. კისრები დაუგრძელდათ, კუზები მოეფლაშათ, ფეხები კი დაუსუსტდათ. სორგო და ხალხის საჭმელი დიდი-დიდი ორ დღეს ეყოფოდათ. მაგრამ იდრისი იმედოვნებდა, რომ ორი დღის შემდეგ, დღისით თუ არა ღამით მაინც მიუახლოვდებოდნენ სანაპირო საძოვარს და შეიძლება რომელიმე სოფელში ორცხობილა და ფინიკიც ეყიდათ.

   ლომას უკვე აღარ აჭმევდნენ და აღარც წყალს ასმევდნენ, მხოლოდ ბავშვები თუ გადაუნახავდნენ ორიოდ ლუკმას, მაგრამ ძაღლი ახერხებდა თავის გატანას და ბანაკში ხშირად ლაშებდასისხლიანებული ბრუნდებოდა, თუმცა ხანდახან კისერსა და მკერდზე ნაკბენებიც ეტყობოდა. ამ ბრძოლების ნადავლი ტურები იყვნენ თუ ჰიენები, ქვიშრობის მელიები თუ ძაღლები – არავინ იცის, ის კი აშკარა იყო, რომ ძაღლი დიდად დამშეული არ ჩანდა. დროდადრო, თითქოსდა წყალი დალიაო, შავი დრუნჩი სველი ჰქონდა. ბედუინები მიხვდნენ, რომ ხეობის ძირში ღრმა ორმოებს თხრიდა წყლისთვის, რასაც ის ყნოსვით პოულობდა. ამგვარად თხრიან ხოლმე ორმოებს გზააბნეული მგზავრები და, თუ წყალს ხშირად ვერ პოულობენ, ქვიშის ტენიან ფენამდე მაინც ჩადიან და წყურვილის მოსაკლავად ტენს გამოწოვენ ხოლმე.

   თუმცა, ცვლილება ლომასაც დაეტყო: ყელ-კისერი და მკერდი ისევ ისე ძლიერი ჰქონდა, მაგრამ ფერდები კი ჩაუცვივდა, რის გამოც კიდევ უფრო მაღალი გამოჩნდა. თვალების თეთრი გარსი ჩასისხლიანებოდა და შიგ რაღაც მრისხანე თუ ველური გამომეტყველება ჩაბუდებოდა. ნელისა და სტაშს ძველებური სიყვარულით ეპყრობოდა და, რაც მოეპრიანებოდათ, მათ ყველაფრის ნებას აძლევდა. ხამისს თუ დაუქიცინებდა ხანდახან კუდს, ბედუინებსა და სუდანელებს კი ან ყრუდ უღრენდა, ანდა თავის საშინელ ეშვებს ელვასავით აკვესებდა. იდრისსა და გებჰრს თანდათანობით მისი შიში შეეპარათ და, უწინდელი დამსახურების მიუხედავად, ისეთნაირად შეეზიზღათ, მზად იყვნენ, ნაალაფარი თოფით სული გაეფრთხობინებინათ, რომ არა სმაინთან თავმოსაწონებლად განსაკუთრებული ცხოველის მიყვანის სურვილი და კიდევ ის, რომ უკვე ასუანს გასცდნენ.

   ასუანს გასცდნენ! სტაში გამუდმებით ამაზე ფიქრობდა და თანდათანობით მდევრის წამოწევის შიშმა შეიპყრო. კარგად იცოდა, რომ არა მარტო თავად ეგვიპტე, რომელიც ვადი-ჰალფასთან, ანუ მეორე ჭორომთან, მთავრდებოდა, არამედ მთელი ნუბიაც ეგვიპტის მთავრობის ხელში იყო, მაგრამ ესმოდა, რომ ასუანის, ანუ ვადი-ჰალფას, შემდეგ დევნა ძალზე ძნელი იქნებოდა და ბრძანებას უგულისყუროდ მოეკიდებოდნენ. იმის იმედიღა ასულდგმულებდა, რომ მდევრის გაგზავნის შემდეგ მამამისი, პან რავლისონთან ერთად ფაიუმიდან თავადაც ვადი-ჰალფასაკენ წავიდოდნენ გემით და იქ, მთავრობისგან ჯარისკაცებსა და აქლემებს მიიღებდნენ თუ არა, თავადვე ეცდებოდნენ სამხრეთისაკენ მიმავალი ქარავნებისთვის გზის გადაჭრას. ბიჭმა თავისთვის გაიანგარიშა, რომ მათ ადგილას თავადაც ასე მოიქცეოდა და ამიტომაც თვლიდა თავის ვარაუდს უტყუარად.

   მაგრამ არც გაქცევის საკუთარ გეგმაზე უთქვამს უარი. სუდანელებს ნაალაფარი თოფისთვის დენთი მოუნდათ და გადაწყვიტეს, შტუცერის რამდენიმე ტყვია გაეხსნათ, მაგრამ ბიჭმა განუცხადა, მაგის გაკეთებას ჩემს მეტი ვერავინ მოახერხებს, რადგან, შესაძლოა, გახსნისას ტყვია რომელიმეს პირდაპირ ხელში აუფეთქდეს და წააწყვიტოსო. იდრისს, საერთოდ, ძალიან ეშინოდა უცნობი საგნებისა და ინგლისელთა გამოგონებებისა და გადაწყვიტა, ეს საქმე ბიჭისთვის მიენდო. სტაში სიამოვნებით შეუდგა საქმეს იმ იმედით, რომ ძლიერი ინგლისური დენთი პირველსავე გასროლაზე გახლეჩდა ძველ არაბულ თოფს, მეორეც, შესაძლებლობა ექნებოდა, ცოტაოდენი დენთი გადაემალა. ყველაფერი იმაზე იოლად მოახერხა, ვიდრე ეგონა. მუშაობისას ჯერ მეთვალყურეობდნენ, შემდეგ ლაპარაკი გააბეს და ბოლოს თვალთვალი სულაც გადაავიწყდათ. სწორედ ამ ლაქლაქისადმი მათმა გადამეტებულმა სიყვარულმა და ჩვეულმა დაუდევრობამ სტაშს საშუალება მისცა, შვიდი ტყვია გადაემალა. ახლა შტუცერის ხელში ჩაგდებაღა იყო საჭირო.

   ბიჭი ფიქრობდა, რომ ვადი-ჰალფას, ანუ მეორე ჭორომის შემდეგ ეს არ გაუჭირდებოდა, რადგან გრძნობდა, რაც უფრო ახლო იქნებოდნენ მიზანთან, არაბები ყურადღებას მით უფრო მოადუნებდნენ. ის აზრი, რომ იძულებული გახდებოდა, სუდანელები და არაბები დაეხოცა და, შესაძლოა, ხამისიც ზედ მიეყოლებინა, გულს უძმარავდა, მაგრამ ბედუინების მიერ არაბის მოკვლის შემდეგ საჭოჭმანო აღარაფერი იყო. თავს არწმუნებდა, რომ საქმე ეხებოდა თავდაცვას, ნელის თავისუფლებასა და სიცოცხლეს და ამის გამო მოწინააღმდეგის სიცოცხლე რა ბედენა იყო, მით უფრო, თუ არ დანებდებოდნენ და მათთან შებრძოლება მოუწევდა.

   ოღონდ ჯერ შტუცერი უნდა მოეპოვებინა. გადაწყვიტა, ეშმაკობით ჩაეგდო ხელში და, თუ ამას მოახერხებდა, ვადი-ჰალფამდე აღარ დაეცადა და საქმე რაც შეიძლება სწრაფად მოეგვარებინა.

   მართლაც, მოქმედებას შეუდგა.

   ასუანს გასცდნენ თუ არა, იდრისმა მესამე დღეს განთიადისთანავე გაგზავნა ბედუინები საჭმლის მარაგის მოსაპოვებლად. მტრის ბანაკის შეთხელებისთანავე სტაშმა საკუთარ თავს უთხრა: “ან ახლა, ან არასოდეს” და უმალვე სუდანელს მიუბრუნდა, ჰკითხა:

   – იდრის, იცი თუ არა, ვადი-ჰალფას შემდეგ რომ ნუბია იწყება?

   – ვიცი. მე თხუთმეტი წლისა ვიყავი, გებჰრი კი – რვისა, როდესაც მამამ სუდანიდან ფაიუმში ჩამოგვიყვანა და მახსოვს, რომ მაშინ მთელი ნუბია აქლემებით გამოვიარეთ. მაგრამ ეს მხარე ჯერაც თურქებს (ეგვიპტელებს) ეკუთვნის.

   – დიახ, მაჰდი ჯერ კიდევ ხარტუმთან იმყოფება, ხომ მიხვდი, რა სისულელეს ამბობდა ხამისი. დერვიშთა ჯარი უკვე ასუანს მოადგაო, მაგრამ მე სულ სხვა რამეს გეკითხები. წიგნებში წამიკითხავს, რომ ნუბიაში ბევრი მძვინვარე მხეცი და ყაჩაღია, რომლებიც არც არავის ემორჩილებიან და ერთნაირად ესხმიან თავს როგორც ეგვიპტელებს, ასევე მაჰდის ერთგულ ხალხს. რითი აპირებთ თავდაცვას, გამძვინვარებული მხეცი ან ყაჩაღები რომ დაგესხან თავს?

   გამძვინვარებულ მხეცებს განგებ ახსენებდა, სამაგიეროდ ყაჩაღობა ამ მხარეში ისედაც ხშირი იყო და ამ ომიანობისას ხომ ყოველგვარ საზღვარს გადააჭარბა.

   იდრისი ღრმად ჩააფიქრა ახალმა საშიშროებამ, რაც მანამდე საერთოდ არ გახსენებია.

   – დანები და თოფები ხომ გვაქვს.

   – ეგ თოფი გამოუსადეგარია.

   – ვიცი. შენი სჯობს, მაგრამ ხმარება არ ვიცით, შენ კი ხელში ვერ ჩაგიგდებთ.

   – გაუტენავსაც?

   – ჰო, რა ვიცი, ეგებ მოჯადოებულია!

   სტაშმა მხრები აიჩეჩა.

   – იდრის, ეგ რომ გებჰრს ეთქვა, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ შენ უფრო ჭკვიანი მეგონე. გაუტენავი თოფით თვით თქვენი მაჰდიც ვერ ახერხებს სროლას.

   – კრინტი! – მკაცრად შეაწყვეტინა იდრისმა. – მაჰდი თითითაც კი გაისვრის.

   – მაშინ შენც ისროლე.

   სუდანელმა ბიჭს თვალებში ჩახედა.

   – რისთვის გინდა, თოფი რომ მოგცე?

   – მინდა, სროლა გასწავლო.

   – რაში გენაღვლება, ვისწავლი თუ არა?

   – ძალიანაც მაგრად მენაღვლება: ყაჩაღები რომ დაგვეცნენ, ყველას ერთიანად ამოგვჟუჟავენ, მაგრამ შენ თუ თოფისა გეშინია, წასულია ჩვენი საქმე და ეგაა.

   იდრისი დადუმდა. მართლა ეშინოდა, მაგრამ გამხელა არ სურდა. ისე კი ძალიან უნდოდა ესწავლა სროლა, რაც მაჰდისტების ბანაკში მის სახელს ერთიორად გაზრდიდა, თანაც, თავდასხმის შემთხვევაში, თავის დაცვას უფრო იოლად შეძლებდა.

   ჰოდა მცირე ყოყმანის შემდეგ თქვა კიდეც:

   – კეთილი. მოგაწოდოს ხამისმა.

   ხამისმა ბრძანება გულგრილად შეასრულა. კიდევ კარგი, გებჰრი იმჟამად აქლემებთან იყო და წინააღმდეგობას ვერ გასწევდა. სტაშს ხელი ოდნავ აუთრთოლდა, როცა ჩახმახი გამოწია, მერე ლულა და იდრისს მიაწოდა.

   – აი, ჩახედე, ცარიელია, – უთხრა.

   იდრისმა ლულა გამოართვა, მაღლა აწია და ჩახედა.

   – მართალია, შიგ არაფერია.

   – ახლა უყურე, – უთხრა სტაშმა, – აი, თოფი ასე იწყობა (ამას რომ ამბობდა, ჩახმახი და ლულა ააწყო), ასე კი იშლება. ხედავ ახლა ისევ დავშლი, და შენ ააწყვე...

   სუდანელი სტაშის მოძრაობას გაფაციცებით ადევნებდა თვალს და მერე თვითონაც მოსინჯა. მთლად იოლად არ გამოსვლია, მაგრამ, რამდენადაც არაბები საერთოდ დიდი მოხერხებულობით გამოირჩევიან, თოფი სულ მალე ააწყო.

   – გახსენი! – ბრძანება გასცა სტაშმა.

   იდრისმა შტუცერი სწრაფად გახსნა.

   – დახურე.

   კიდევ უფრო იოლად დახურა.

   – ახლა ორი ცარიელი მასრა მომაწოდე. გასწავლი, დენთით როგორ უნდა დატენო. არაბებს დაცარიელებული მასრები შეენახათ და, იდრისმა სტაშს ორი ცალი მიაწოდა თუ არა, სწავლება უმალვე განახლდა.

   სუდანელი თავდაპირველად, ცოტა არ იყოს, დააფრთხო ფალიაზე ჩახმახის ტკაცანმა, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ ცარიელი მასრითა და ცარიელი ლულით გასროლას ვერავინ შეძლებდა. სტაშის ნდობა იმიტომაც დაუბრუნდა, რომ იარაღს წამდაუწუმ ხელში აჩეჩებდა.

   – ასე, – უთხრა სტაშმა, – უკვე იცი შტუცერის აწყობა, იცი გახსნა, დახურვა, სახესთან მიტანა და ჩახმახის გამოკვრა, მაგრამ ასევე საჭიროა დამიზნება. ეს ყველაზე ძნელი საქმეა. აიღე ცარიელი ტიკი და ასი ნაბიჯის დაშორებით დადე... აგერ, იმ ქვებზე, მერე ჩემთან მოდი და გაჩვენებ, როგორ უნდა დაუმიზნო.

   იდრისმა ტიკს დაუფიქრებლად წამოავლო ხელი და ნაჩვენები ქვებისაკენ წავიდა. სანამ იქამდე მივიდოდა, სტაშმა თოფიდან ცარიელი მასრა ამოიღო და შიგ დამუხტული ჩადო. მარტო გული კი არა, საფეთქლებიც ისეთი ძალით აუტოკდა, ეგონა, საცაა თავი გამისკდებაო. დადგა გადამწყვეტი ჟამი – მისი და ნელის თავისუფლების ჟამი, ჟამი გამარჯვებისა, ერთდროულად საშინელი და სანუკვარი ჟამი.

   აჰა! იდრისის სიცოცხლე მის ხელთაა! ჩახმახზე თითის გამოკვრა და ეს მოღალატე, ნელის გამტაცებელი, უსულოდ გაერთხმის მიწაზე, მაგრამ სტაში, რომლის ძარღვებშიც პოლონური და ფრანგული სისხლი ჩქეფდა, ანაზდად მიხვდა, რომ ზურგით მდგარ ადამიანს თავის სიცოცხლეში არ ესროდა. შემობრუნდეს მაინც და სიკვდილს პირდაპირ ჩახედოს თვალებში. მერე? მერე გებჰრი გამოვარდება და ათი ნაბიჯის გადმოდგმასაც ვერ მოასწრებს, თავადაც უსულოდ გაიშოტება. დარჩება ხამისი. ხამისი დაიბნევა, რომც არ დაიბნეს, მაინც მოასწრებს ლულაში ახალი მასრის ჩადებას. ბედუინები რომ მობრუნდებიან, სამ გვამს ნახავენ და თავადაც იმას მიიღებენ, რაც დაიმსახურეს. მერე კი საკმარისი იქნება აქლემების მდინარისაკენ წასხმა.

   ამ აზრებმა ელვის უსწრაფესად გაუელვა სტაშს თავში. გრძნობდა, რაც ამ წუთას უნდა მომხდარიყო, გარდუვალიც იყო და საშინელიც. გამარჯვების სიამაყე და იმავე გამარჯვებისადმი ზიზღის გრძნობა გულზე ლოდივით დააწვა. იყო წამი, როცა შეყოყმანდა, მაგრამ გაახსენდა თეთრკანიანი ტყვეების ტანჯვა, მამა, პან რავლისონი, ნელი, გებჰრი, რომელმაც გოგონას მათრახი გადააწნა და ზიზღმა ახალი ძალით იფეთქა. “საჭიროა! საჭიროა!” – შეუძახა თავს და სახეზე მტკიცე გადაწყვეტილება აღებეჭდა. ამასობაში იდრისმა ტიკი ნაჩვენებ ქვაზე დადო, უკან შემობრუნდა და სტაშმა აშკარად დაინახა მისი მომღიმარე სახე და ქვიშნარ დაბლობზე ზეაღმართული ტანი. უკანასკნელად გაუელვა აზრმა, რომ ეს ცოცხალი ადამიანი წამის შემდეგ ძირს დაენარცხება და უკანასკნელ კრუნჩხვებში ჩავარდნილი თითებით ქვიშას დაუწყებს ფხოჭნას, მაგრამ ბიჭი ყოყმანს მორჩა და, როდესაც იდრისი ორმოცდაათიოდ ნაბიჯზე მოუახლოვდა, ნება-ნება იწყო თოფის თვალთან მიტანა.

   მაგრამ, სანამ ჩახმახს თითს გამოჰკრავდა, რამდენიმე ასეული ნაბიჯით დაშორებული ქვაყრილიდან ხმამაღალი ყიჟინა შემოესმა და იმავე წუთს დაბლობზე ოციოდე ცხენოსანი და აქლემოსანი მხედარი გამოიჭრა. მათ დანახვაზე იდრისი გახევდა. არც სტაში განცვიფრებულა ნაკლებად, მაგრამ მისი განცვიფრება უმალვე გიჟურმა სიხარულმა შეცვალა. აჰა, ესეც ნანინანატრი მდევარი! დიახ! მაშ, სხვა ვინ უნდა იყოს! ჩანს, სოფელში ბედუინები შეიპყრეს და მათ გათქვეს დანარჩენ მოქარავნეთა ადგილსამყოფელი! ამას მიხვდა იდრისიც, რომელიც შიშისაგან სახედამანჭული მიეჭრა სტაშს, დაუჩოქა და აქლოშინებული შეევედრა:

   – ჩემო ბატონო, მე ხომ კეთილად გეპყრობოდით! პატარა ბინტსაც კეთილად ვეპყრობოდი – იცოდე, გახსოვდეს ეს!..

   სტაშმა ლულიდან თავისდაუნებლიეთ გამოიღო მასრა და ისევ წინ გაიხედა. მხედრები თავდაუზოგავად მიაჭენებდნენ ცხენებს და აქლემებს, მხიარულად გაჰკიოდნენ და ჰაერში აგდებდნენ გრძელლულიან არაბულ თოფებს, რომლებსაც ჰაერშივე მოხერხებულად იჭერდნენ. სუფთა, კრიალა სივრცეში შესანიშნავად ჩანდა მათი სახეები. მათ წინ მიუძღოდათ ბედუინები და შერყეულებივით აქნევდნენ ხელებსა და მოსასხამებს.

   რამდენიმე წუთის შემდეგ მთელი ბანდა ქარავანს მოადგა. მხედარი უმალვე ჩამოქვეითდა, სხვები უნაგირებზევე დარჩნენ, მაგრამ მთელი ხმით გაჰკიოდნენ. მათ შეძახილებში ორად ორი სიტყვის გარჩევა შეიძლებოდა:

   – ხარტუმი! გორდონი! გორდონი! ხარტუმი.

   ბოლოს, ერთ-ერთი ბედუინი, ის, რომელსაც ამხანაგი აბუ-ანგას ეძახდა, სტაშის ფეხებთან მოკუნტულ იდრისთან მივარდა და ყვირილით უთხრა:

   – ხარტუმი აღებულია! გორდონი მოკლეს! მაჰდი გამარჯვებულია!

   იდრისი გასწორდა, მაგრამ საკუთარი ყურებისა არ სჯეროდა.

   – ეს ხალხი ვინღაა? – იკითხა ტუჩებათრთოლებულმა.

   – ამ ხალხს ჩვენ უნდა დავეჭირეთ, მაგრამ ახლა ჩვენთან ერთად მოდიან წინასწარმეტყველთან.

   სტაშს თვალთ დაუბნელდა.

 

 

კარი XIV

 

და, მართლაც, გაქცევის უკანასკნელი იმედიც ჩაქრა. სტაში ცხადად მიხვდა, რომ ამიერიდან აღარც მის ჩანაფიქრს ექნებოდა აზრი და ვეღარც მდევარი დაეწეოდათ და, თუ გზის სიძნელეს გაუძლებდნენ და მაჰდიმდე მიაღწევდნენ, უეჭველად სმაინის ხელში აღმოჩნდებოდნენ. ერთადერთი დამაიმედებელი აზრი ის იყო, რომ სმაინის შვილებში გასაცვლელად მოიტაცეს. მაგრამ როდის მოხდება ეს და მანამდე კიდევ რა შეემთხვევათ? რა საშინელი ბედი ელით სისხლისმსმელ ველურ ურდოებს შორის? გაუძლებს ნელი ამდენ სიძნელესა და გაჭირვებას? ვინ გასცემდა ამაზე პასუხს. ერთი რამ აშკარა იყო – მაჰდისა და მის დავრიშებს ქრისტიანები და, საერთოდ, ევროპელები ეზიზღებოდათ; ბიჭს გულს უღრღნიდა ეჭვი, საკმარისი იქნებოდა თუ არა სმაინის ზეგავლენა, დაეცვა ბავშვი მაჰდის ერთგულთა შეურაცხყოფის, მძვინვარებისა და სისასტიკისაგან მაშინ როდესაც ისინი თვით მაჰმადის რჯულის ხალხსაც კი არ ინდობდნენ? მოტაცების შემდეგ ახლაღა შეიპყრო სტაში ღრმა სასოწარკვეთილებამ და იმავდროულად მწარე განცდამ იმისა, რომ ბედი არა და არ სწყალობდათ. თუნდაც ფაიუმადან მათი მოტაცება და ხარტუმში წაყვანა, უბრალოდ, სიგიჟე იყო, რომლის ჩადენაც შეეძლოთ იდრისისა და გებჰრისნაირ ველურ და ყეყეჩ ადამიანებს და რომლებსაც არც კი ესმოდათ, რას ნიშნავდა ეგვიპტის ხელისუფლების, უფრო სწორად კი ინგლისელთა ქვეშევრდომ ქვეყანაში ათასობით კილომეტრის გავლა. საქმე რომ კეთილად წარმართულიყო, ისინი მეორე დღესვე უნდა დაეჭირათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ისე აეწყო, საცაა მეორე ჭორომს მიუახლოვდებოდნენ, ვერც ერთი წინა მდევარი ვერ წამოეწიათ, ეს კი, რომელსაც მათი შეჩერება შეეძლო, ადგა და სულაც მათ შეუერთდა და ამიერიდან მათვე ამოუდგება მხარში. სტაშის სასოწარკვეთილებას და პაწია ნელის ბედზე შიშის განცდას თან დაერთო განცდა დამცირებისა, რომ ამიერიდან ვეღარას გააწყობდა და, რაც მთავარია, ვერც ვერაფერს მოიფიქრებდა, ეგ კი არა, ახლავე თოფი და ტყვია-წამალი რომ მიეცათ მისთვის, იმდენ მექარავნესთან აბა, რას გააწყობდა!

   და ეს აზრები მით უფრო ტანჯავდა, რომ ხსნა ისე ახლო იყო. ხარტუმი რომ არ დაცემულიყო, ანდა დაცემულიყო რამდენიმე დღის შემდეგ, ეს ხალხი, ვინც ახლა მაჰდის მხარეს გადავიდა, ამათ დაიჭერდნენ და მთავრობას გადასცემდნენ. აქლემზე იდრისის უკან მჯდარი სტაში მათი საუბრის მოსმენის შემდეგ დარწმუნდა, რომ არც მთლად გულარხეინად იყვნენ. გზის გაგრძელებისთანავე მდევართა მეთაურმა იდრისს უამბო, რამ გადააწყვეტინათ ჰედივის ღალატი. წინდაწინ იცოდნენ, რომ უდიდესი ჯარი – ოღონდ არა ეგვიპტის, არამედ ინგლისის, გენერალ ვოლსელეის მეთაურობით სამხრეთისაკენ დაიძრა დავრიშთა წინააღმდეგ. უთვალავ გემს მიჰყავდა ინგლისის მრისხანე ჯარისკაცები ასუანიდან ვადი-ჰალფასაკენ, სადაც მათთვის აბუ-ჰამედამდე რკინიგზა გაჰყავდათ. დიდი ხნის განმავლობაში მთელი სანაპირო ზოლის შეიხები – ისინიც, ვინც მთავრობის ერთგულნი დარჩნენ და ისინიც, ვინც გულის სიღრმეში მაჰდის უთანაგრძნობდა, დარწმუნებული იყვნენ, რომ დავრიშთა და მათი წინასწარმეტყველის აღსასრული გარდუვალი იყო, რადგან ინგლისელთა დამმარცხებელი მათ არავინ ეგულებოდათ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი