– აკბარ ალაჰ! – შეაწყვეტინა მაღლა ხელებაპყრობილმა იდრისმა, – არადა, დამარცხდნენ.

   – არა, – მიახალა მდევართა უფროსმა, – მაჰდიმ მათ წინააღმდეგ გაგზავნა ჯალნოს, ბარბარასა და დაჯიმის ტომები, სულ ოცდაათი ათასამდე საუკეთესო მეომარი, რომლებსაც მეთაურობდა მუსა, ჰელუს ვაჟი; აბუ-კლეისთან გაიმართა საშინელი ბრძოლა, სადაც ღმერთმა გამარჯვება ურჯულოებს მიაკუთვნა.

   – ახლა მუსა, ჰელუს ვადი დაეცა, მისი მეომრებიდან მხოლოდ ცოტა ვინმე თუ დაბრუნდა მაჰდისთან. სხვათა სულები უკვე სამოთხეში არიან, სხეულები კი მკვდრეთით აღდგენის მოლოდინში ქვიშაში წვანან. ეს ამბავი სწრაფად მოედო ნილოსს. მაშინ ვფიქრობდით, რომ ინგლისელები სამხრეთისაკენ წავიდოდნენ და ხარტუმს გაათავისუფლებდნენ. ყველა ამას გაიძახოდა: “აღსასრულია, აღსასრული!” ღმერთი კი სულ სხვაგვარად განსჯიდა.

   – როგორ, რა მოხდა? – მოუთმენლად ჰკითხა იდრისმა.

   – რა მოხდა? – გაიმეორა სახეგაბადრულმა უფროსმა. – რა და ამასობაში მაჰდიმ ხარტუმი აიღო, გორდონს კი შეტევისას თავი წააცალეს. ინგლისელებს მხოლოდ გორდონის დარდი ჰქონდათ და, მისი სიკვდილის ამბავი გაიგეს თუ არა, უმალვე ჩრდილოეთისკენ გაბრუნდნენ. ალაჰ! ისევ დავინახეთ მდინარის დინების მიმართულებით მიმავალი, ჯარისკაცებით სავსე გემები, მაგრამ ვერ მივხვდით, რას ნიშნავდა ეს. ინგლისელები მხოლოდ კარგ ამბავს ავრცელებენ ელვის უსწრაფესად, ცუდს კი – მალავენ. ჩვენებში ხმა დაირხა, მაჰდი დაიღუპაო, მაგრამ შუბი ხალთაში დაიმალება? ის მხარე ჯერაც მთავრობას ეკუთვნის. ვადი-ჰალფასა და იმის იქით, მესამე, შესაძლოა მეოთხე ჭორომამდეც კი ჯერაც ჰედივის ჯარისკაცები იმყოფებიან, მაგრამ ახლაც, ინგლისელების მობრუნების შემდეგაც, ღრმად გვწამს, რომ მაჰდი მხოლოდ ნუბიასა და ეგვიპტეს კი არა, მხოლოდ მექასა და მედინას კი არა, მთელს ქვეყნიერებასაც დაიპყრობს. ამიტომაცაა, რომ დაჭერის ნაცვლად გვერდში ამოგიდექით და ახლა წინასწარმეტყველთან ერთად მივდივართ.

   – არა, მართლა მიიღეთ ჩვენი დაჭერის ბრძანება?

   – ყველა სოფელმა, ყველა შეიხმა, ყველა ჯარის ნაწილმა მიიღო. სადაც კაიროდან მომავალი ბრძანებების გადასაცემი სპილენძის მავთული არ მისწვდა, იქ ზაბტიები (ჟანდარმები) მიდიოდნენ იმის მოსახსენებლად, რომ, ვინც თქვენ დაგიჭერდათ, ჯილდოდ ათას ფუნტს მიიღებდა. მაშალაჰ... ეს უდიდესი სიმდიდრეა... უდიდესი...

   იდრისმა მოსაუბრეს ეჭვიანად გადახედა:

   – მაგრამ თქვენ მაჰდის ლოცვა-კურთხევას ამჯობინებთ?

   – ასეა. მაგრამ იმასაც გეტყვი, რომ ხარტუმში მან იმდენი ნადავლი და ოქრო ჩაიგდო ხელში, რომ ეგვიპტურ ფუნტებს თავის ერთგულ მებრძოლებს საპალნეობით ურიგებს...

   – თუკი, როგორც შენ ამბობ, ეგვიპტელი ჯარისკაცები ისევ ვადი-ჰალფაში იმყოფებიან, ხომ შეუძლიათ, გზაში დაგვიჭირონ?

   – არა. უნდა ვიჩქაროთ, სანამ გონს მოსვლას მოასწრებდნენ. ინგლისელების უკანდახევის გამო თავგზა აებნათ როგორც მთავრობის ერთგულ შეიხებს, ასევე ჯარისკაცებსა და ჟანდარმებს. ყველას ჰგონია, რომ მაჰდის მოსვლა ყოველ წამსაა შესაძლებელი და ისინი, რომლებიც გუნებაში მას უჭერდნენ მხარს, ახლა დაუფარავად მიდიან მასთან და ვერც ვერავინ აჩერებთ, რადგან არეულ-დარეულობისას არც ბრძანების გამცემი ჩანს და არც შემსრულებელი.

   – ჰო, მასეა. – უთხრა იდრისმა. – მაგრამ, შენი თქმისა არ იყოს, უნდა ვიჩქაროთ, სანამ გონს მოსულან, თორემ ხარტუმამდე კიდევ შორი გზაა...

   ამის გამგონე სტაშს გულში იმედის სხივი აუკიაფდა: თუ ეგვიპტელი ჯარისკაცები აქამდე ნუბიის სანაპირო ადგილებში იყვნენ მიმოფანტული, ეს იმიტომ, რომ ინგლისელებმა ყველა გემი წაიყვანეს და იძულებული გახდნენ, ხმელეთზე ბრძოლა წაეგოთ მაჰდის ურდოებთან. ამ შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია, რომ ქარავანი რომელიმე უკანდახეულ ნაწილს შეეფეთოს და ხელში ჩაუვარდეს. სტაშმა ისიც გამოიანგარიშა, რომ, სანამ ხარტუმის აღების ამბავი ვადი-ჰალფას ჩრდილოეთით მცხოვრებ არაბ ტომებამდე მიაღწევდა, საკმაოდ დიდი დრო გავიდოდა, მით უფრო, რომ ეგვიპტის მთავრობა და ინგლისელები ამასა მალავდნენ – იმასაც ვარაუდობდა, რომ ამით გამოწვეული გაწბილება ეგვიპტელებს უკვე გაუვლით, მაგრამ გამოუცდელ ყმაწვილს თავში აზრადაც არ მოსვლია, რომ ყოველ შემთხვევაში ხარტუმის აღება და გორდონის სიკვდილი ხალხს თავგზას აუბნევდა და მთავრობის ერთგულ შეიხებსა და ეგვიპტის ადგილობრივ ხელისუფლებას ახლა ორი თეთრკანიანი ბავშვის გადარჩენაზე ფიქრის დრო და მოცალეობა არ ექნებოდა.

   თუმცაღა ქარავანს მიკედლებულ არაბებს მდევრისა მაინც ეშინოდათ. ამიტომ მართლა სწრაფად მიდიოდნენ და არც აქლემებს ზოგავდნენ, მაგრამ მაინც ნილოსის შორიახლო სიარულს ამჯობინებდნენ, საღამოობით მდინარესთან ჩადიოდნენ პირუტყვის დასარწყულებლად და ტიკების წყლით ასავსებად. დროდადრო, სოფლებში დღისით შესვლასაც არ ერიდებოდნენ. სიფრთხილისთვის წინდაწინ გზავნიდნენ რამდენიმე მზვერავს, რომლებიც საჭმლის ყიდვის მომიზეზებით დაწვრილებით გამოიკითხავდნენ, რა ხდებოდა, ახლომახლოებში ეგვიპტის ჯარი ხომ არ იდგა და იქაურები “თურქების” ერთგულები ხომ არ იყვნენ. როცა მაჰდის ფარულად ერთგულ ხალხს წააწყდებოდნენ, მთელი ქარავანი უშიშრად შედიოდა სოფელში და ხშირად ხდებოდა, რომ იქიდან უფრო მეტნი გამოდიოდნენ, რადგან მათ რიგებს უერთდებოდნენ მაჰდისთან წასვლის მოსურნე ახალგაზრდა არაბები.

   იდრისმა ისიც გაიგო, რომ ეგვიპტის ჯარების უდიდესი ნაწილი ნუბიის უდაბნოში, ზუსტად კი ნილოსის მარჯვენა აღმოსავლეთ მხარეს იდგა. მათთან შეხვედრის თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო მხოლოდ მარცხენა სანაპიროზე სიარული და მოზრდილი დასახლებებისა და გარნიზონებისთვის გვერდის ავლა. მართალია, ეს გზას აგრძელებდა, რადგან, ვადი-ჰალფადან მოყოლებული, მდინარე ქმნიდა უშველებელ რკალს, რომელიც შორს, სამხრეთისაკენ ეშვებოდა და მერე ისევ ჩრდილოეთისაკენ იწევდა, თვით აბუ-ჰამედამდე, სადაც უკვე სრულიად გარკვეულად იღებდა სამხრეთის მიმართულებას, მაგრამ, სამაგიეროდ, ის მარცხენა მხარე, უმეტესწილად სელიმის ოაზისიდან მოყოლებული, სრულიად გაუმაგრებელი იყო და სუდანელებს, უკვე მრავალრიცხოვან მოქარავნეებს მხიარული, საჭმელ-სასმლით უხვი გზა ედოთ წინ.

   მესამე ჭორომს გასცდნენ თუ არა, სიჩქარესაც უკლეს – და მხოლოდ ღამღამობით მიდიოდნენ, დღისით კი თავს აფარებდნენ ბორცვებსა და ხეობებს, რომლებითაც დასერილი იყო მთელი უდაბნო. მათ თავზე გადმომხობილი სრულიად უღრუბლო თვალსაწიერშენაცრისფრებული ზეცა ახლა მშვიდ და წყნარ გუმბათს წააგავდა. იმის მიხედვით, რაც უფრო სამხრეთისაკენ მიიწევდნენ, სიცხე თანდათან გაუსაძლისი ხდებოდა თვით ხეობასა და ჩრდილშიც კი როგორც ადამიანების, ასევე პირუტყვისათვის. სამაგიეროდ, ღამღამობით ციოდა და თითქოსდა დიდ და პატარ-პატარა ფარებად გამოფენილი ვარსკვლავები იქაურობას აბრჭყვიალებდა.

   სტაშმა შენიშნა, რომ აქ უკვე აღარ იყო ის თანავარსკვლავედები, რომლებიც ღამღამობით პორტ-საიდს ანათებდნენ. მაშინ არაერთხელ უნატრია, ოდესმე მაინც ენახა სამხრეთის ჯვარი და ახლა, როგორც იქნა, დაინახა ელ-ორდის მახლობლად, მაგრამ ამჟამად მისი შუქი მხოლოდ უბედურებას აუწყებდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველღამ უნათებდა აგრეთვე მკრთალი, გაფანტული და ნაღვლიანი ზოდიაქური სინათლე, რომელიც ღამეული ვარსკვლავების გაქრობის შემდეგ გვიანობამდე ავერცხლისფრებდა ზეცის დასავლეთ მხარეს.

 

 

 

კარი XV

 

ვადი-ჰალფას მიდამოებიდან გამოსვლის ორი კვირის თავზე ქარავანი მაჰდის მიერ დაპყრობილ მხარეში შევიდა. სულმოუთქმელად გადაიარეს გეზირის ბორცვებიანი უდაბნო და ხენდის მახლობლად, სადაც ადრე ინგლისელებმა მუსა-უდოედ-ჰელის გაავლეს მუსრი, სრულიად უცნაურ ადგილს მიადგნენ. ქვიშისა და ნაშალის ჭაჭანება არსად ჩანდა. სადამდეც თვალი მიუწვდებოდათ, ტრამალი გადაჭიმულიყო – აქა-იქ მწვანე ბალახი მოჩანდა, ორგან ჯუნგლისმაგვარ ადგილებში, ტევრებად დაჯგუფებულიყო ეკლიანი აკაციები, რომლისგანაც ცნობილ სუდანურ რეზინს აკეთებენ, აქა-იქ კი ცალ-ცალკე მიმოფანტულიყო ნაბაკუს ვეებერთელა ხეები, რომელთა გაფოფრილ ვარჯებქვეშ ბარე ასიოდ ადამიანს შეეძლო სიცხეში თავშეფარება. დროდადრო ქარავანი გვერდს უვლიდა მაღალ, სვეტებივით აღმართულ თერმიტებს ანუ თერმიტერიებს, რომლითაც მოფენილა მთელი სუბტროპიკული აფრიკა. ერთფეროვანი, მწირი, ქვიშნარი უდაბნოს შემდეგ, საძოვრისა და აკაციის ტევრთა სიმწვანე თვალს სასიამოვნოდ ხიბლავდა.

   ალაგ-ალაგ, სადაც სტეპს მდელო ცვლიდა, მაჰდის შეიარაღებულ მეომართაგან მომწყემსული აქლემების ჯოგები ხვდებოდათ. ქარავნის გამოჩენისთანავე მტაცებელი ფრინველებივით წამოიშლებოდნენ, უმალვე გარშემოერტყმოდნენ, შუბებს იქნევდნენ და ხაფი ხმით აყვირებულნი კითხულობდნენ: ვინ იყვნენ, საიდან, რისთვის მოემართებოდნენ ჩრდილოეთიდან ან საით მიდიოდნენ. ხანდახან ისე გაავებულნი ხვდებოდნენ, რომ იდრისი იძულებული იყო, თავდასხმის ასაცილებლად სულმოუთქმელად ეპასუხა მათ შეკითხვებზე.

   სტაში, რომლის წარმოდგენითაც სუდანის მცხოვრებნი ეგვიპტის დანარჩენ არაბთაგან მხოლოდ იმით განსხვავდებოდნენ, რომ მაჰდის სცემდნენ თაყვანს და არ უნდოდათ ჰედივის მთავრობის ცნობა, მიხვდა, რომ დიდად ცდებოდა. მათ, ვინც ახლა ქარავანს წამდაუწუმ აჩერებდნენ, სხეულის უმეტეს ნაწილზე კანი იდრისსა და გებჰრზე უფრო შავი ჰქონდათ, ორ ბედუინთან შედარებით ხომ – შავზე-შავი. მათ ძარღვებში მჩქეფარე ზანგური სისხლი სჯობნიდა არაბულს. სახე და მკერდი მოსვირინგებული ჰქონდათ სხვადასხვა ნახატით ან ყურანიდან ამორიდებული ფრაზებით. ზოგიერთები თითქმის შიშვლები იყვნენ, სხვებს ჯიუბები, ანუ ფერად-ფერადი ნაჭრებისგან შეკერილი მოსასხამები უფარავდა სიშიშვლეს. ბევრს ნესტოებში, ტუჩებსა და ყურებში მარჯნის ან სპილოს ძვლის ნაკეთობანი გაერჭო. ბელადებს თავზე მოსასხამის ნაჭრისავე კუბასტი ეხურათ, დანარჩენი მეომრები თავშიშველი იყვნენ, ოღონდ ეგვიპტეში მცხოვრები არაბებივით თავგადახოტრილები კი არ იყვნენ, პირიქით, ვეებერთელა კულულები დაეწნათ და წითელი კირით შეეღეებათ, რასაც მწერების მოსაგერიებლად ისვამდნენ. უპირველეს იარაღს მათ ხელში საშინელებადქცეული ჯიდები წარმოადგენდა, მაგრამ არც ხარტუმის აღებისას და ეგვიპტის ჯართან გამართულ ბრძოლაში ნაალაფარი რემინგტონის კარაბინები აკლდათ. საშინელი სანახავები იყვნენ და საშინლადაც ეპყრობოდნენ მოქარავნეებს, რადგან გამოჩენისთანავე მათ მიიჩნევდნენ ეგვიპტელ ვაჭრებად, რომელთაც მაჰდიმ გამარჯვების შემდეგ სუდანში შესვლა აუკრძალა.

   ქარავანს გარშემორტყმულნი ველურ ყიჟინას დასცემდნენ და ხალხს წვერწამახულ შუბებს მკერდზე აბჯენდნენ ან კარაბინებს უმიზნებდნენ. მაშინ იდრისი ყვირილს იწყებდა, რომ ის და მისი ძმა ეკუთვნოდნენ იმავე დანგალთა ტომს, რომელსაც ეკუთვნოდა მაჰდი და რომ სწორედ მასთან მიჰყავდათ თეთრკანიანი ტყვე ბავშვები. მხოლოდ ეგ ერთადერთი რამ აჩერებდა შუბების შემდგომ მოძრაობას. ამ საზიზღარ სინამდვილესთან პირისპირ შეჯეხებულ სტაშს გული ეყინებოდა იმის წარმოდგენაზე, თუ რა ელოდათ შემდგომ დღეებში, იდრისს კი, რომელსაც მრავალი წელი ეცხოვრა ცივილიზირებულ ქვეყანაში, მსგავსი რამ ვერც კი წარმოედგინა. ჰოდა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ერთ საღამოს ქარავანს ემირი ნურ-ელ-ტადჰილი გარშემოერტყა და ხარტუმამდე მიაცილა.

   ნურ-ელ-ტადჰილი, მაჰდისთან გაქცევამდე ჰედივის ზანგური პოლკის ეგვიპტელი ოფიცერი, სხვა მაჰდისტებივით ველური არ იყო და იდრისს მასთან გამოლაპარაკება არ გასჭირვებია, თუმცაღა გაწბილება ელოდა. ასე ეგონა, მაჰდის ბანაკში თეთრკანიანი ბავშვების მიყვანით ყველას გააკვირვებდა და ამიტომაც სიძნელითა და საშიშროებებით აღსავსე უგრძესი გზის გამოვლას არად აგდებდა. იმასაც მოელოდა, რომ მაჰდისტები სიხარულით მიიღებდნენ, გულში ჩაიკრავდნენ და წინასწარმეტყველს საზეიმოდ წარუდგენდნენ, ის კი, როგორც მის ნათესავ ფატმასთვის თავდადებულ ადამიანს, ოქროსა და ქება-დიდებას არ დააკლებდა. სინამდვილეში მაჰდისტებმა მოქარავნეებს მკერდზე შუბები მიაბჯინეს, ხოლო ნურ-ელ-ტადჰილი საკმაოდ გულგრილად ისმენდა მგზავრობის წვრილმანებს; ბოლოს, როცა იდრისმა ჰკითხა, ფატმას ქმარს, სმაინს, თუ იცნობო, უპასუხა:

   – არა, ომუდურმანსა და ხარტუმში ასი ათას მეომარზე მეტია. აქ ყველასთან შეხვედრა ძნელია და ყველა ოფიცერი როდი იცნობს ერთმანეთს. წინასწარმეტყველის სამფლობელო უზარმაზარია, ამიტომ განაპირა ქალაქებს სენაჟს, კორდოფანსა და დარფურს, აგრეთვე ფაშოდის მიდამოებს ემირები მართავენ. ამიტომაც ის სმაინი, რომელსაც შენ კითხულობ, შეიძლება წინასწარმეტყველთან სულაც არ იმყოფებოდესო.

   იდრისს გულზე ავად მოხვდა ნურის მიერ აგდებული კილოთი ნახსენები “ის სმაინი” და მოუთმენლად მიახალა:

   – სმაინს ცოლად ჰყავს მაჰდის დისწული, ჰოდა სმაინის ბავშვები წინასწარმეტყველის სისხლით ნათესავები არიან.

  ნურ-ელ-ტადჰილმა მხრები აიჩეჩა.

   – მაჰდის უთვალავი ნათესავი ჰყავს და ყველას ვერ დაიმახსოვრებს.

   ერთხანს მდუმარედ მიდიოდნენ, მერე იდრისმა კვლავ ჰკითხა:

   – ხარტუმში როდის ჩავალთ?

   – შუაღამემდე, – მიუგო ტადჰილმა და ცაზე გამოჩენილ ვარსკვლავებს ახედა.

   – მერე და ასე გვიან ვიშოვი ხალხისა და პირუტყვის საჭმელს? შუადღის შესვენების შემდეგ არაფერი გვიჭამია...

   – ამაღამ ჩემს სახლში გაგათევინებთ და კიდეც გაჭმევთ, ხვალ კი ომდურმანში თავად უნდა იზრუნო საჭმელ-სასმელზე და იცოდე, ახლავე გაფრთხილებ, ძალიან გაგიჭირდება.

   – რატომ?

   – ომია და იმიტომ. ხალხს რამდენიმე წელია, არაფერი დაუთესავს და მხოლოდ ხორცით იკვებებოდნენ, მაგრამ ხორცი გამოილია თუ არა, შიმშილობაც დაიწყო. შიმშილია გამეფებული მთელ სუდანში და ტომარა სორგო ერთ ტყვეზე მეტი ღირს.

   – ალაჰ აკბარ! – შესძახა განცვიფრებულმა იდრისმა. – კი მაგრამ, ტრამალზე ხომ აქლემები და საქონელი შევნიშნეთ!

   – ისინი წინასწარმეტყველის, კეთილშობილებისა*  და კალიფებისანი არიან... დიახ... დანგალთა ტომს, ვისაც მაჰდი ეკუთვნის და ბაგაროვებს, რომელთა ბელადიც არის კალიფი აბდულაჰი, ჯერაც მრავალრიცხოვანი ჯოგები ჰყავთ, მაგრამ სხვა ტომებს უფრო და უფრო უჭირთ თავის გატანა.

   ნურ-ელ-ტადჰილმა ხელი მუცელზე დაიტყაპუნა და თქვა:

   – წინასწარმეტყველის სამსახურში უფრო მაღალი წოდება, დიდი გული და უმაღლესი უფლება მაქვს, თუმცაღა, ჰედივის სამსახურში უფრო დიდი მუცელი მქონდა.

   მერე კი, მიხვდა თუ არა, ზედმეტი წამომცდაო, დინჯად დასძინა:

   – ეს ყველაფერი ჩაივლის, როცა ჭეშმარიტი რწმენა გაიმარჯვებს.

   ამის გაგონებაზე იდრისიც ჩაფიქრდა და უნებლიეთ გაახსენდა, რომ ფაიუმში, ინგლისელებთან მუშაობისას, შიმშილი საერთოდ არ განუცდია და ჯამაგირიც გვარიანი ჰქონდა. გულიანად ამოიხვნეშა.

   ამის შემდეგ ისევ ჰკითხა:

   – ხვალ ხომ წაგვიყვანთ ომდურმანში?

   – დიახ. წინასწარმეტყველის ბრძანებით, ხარტუმი უნდა დაიცალოს და ახლა იქ ცოტა ვინმე თუ ცხოვრობს. სახლებს ანგრევენ და აგური სხვა ნადავლთან ერთად ომდურმანში მიაქვთ. წინასწარმეტყველს ურჯულოთა მიერ გადამწვარ ქალაქში ცხოვრება არ სურს.

   – ხვალ თაყვანს ვცემ, ის კი ბრძანებას გასცემს, რომ სურსათ-სანოვაგით მოგვამარაგონ.

   – ჰა! თუ მართლა დანგალთა ტომს ეკუთვნი, შესაძლოა მისი პირისპირ ნახვის ნებაც დაგრთონ. მაგრამ ესეც იცოდე: მის სახლს დღედაღამ კბილებამდე შეიარაღებული ასი კაცი იცავს და ისინი ცემით ამოხდიან სულს იმას, ვინც მაჰდისთან უნებართვოდ შესვლას მოიწადინებს. სხვაგვარად ხალხი ერთ წუთსაც არ მოასვენებდა იმ წმინდა კაცს... ალაჰ! მე მათრახით ბეჭებაჭრელებული დანგალებიც მინახავს.

   იდრისს თანდათან ეტყობოდა გაწბილება.

   – აბა, ერთგულები წინასწარმეტყველს ვერ ნახულობენ? – ჰკითხა.

   – ერთგულები ყოველდღე ნახულობენ ლოცვისას, როდესაც ცხვრის ტყავზე ჩაიმუხლებენ და ხელებს ღმერთისკენ აღაპყრობენ, ანდა, როცა ხალხს ასწავლის და უნერგავს ჭეშმარიტ რწმენას, ოღონდ მასთან პირისპირ შეყრა და საუბარი ძალიან ძნელია და, თუ ამ ბედნიერებას ეღირსა ვინმე, მისი ყველას შურს, რადგან მას ღმერთი სწყალობს და უწინდელ ცოდვებს მიუტევებს.

   შუაღამემ მოაწია და მსუსხავი სიცივეც მოიყოლა. ცხენები აჭიხვინდნენ, პაპანაქება სიცხით გახვითქულ ზურგებზე ყინვის დადგომისთანავე ბოლი აუვიდათ და ნაწილი ნისლში დაინთქა. იდრისის უკან მჯდარი სტაში ნელისკენ გადაიხარა და ჰკითხა:

   – ხომ არ გცივა?

   – არა, – მიუგო გოგონამ. – მაგრამ... ამის შემდეგ ვეღარავინ დაგვიცავს...

   და ცრემლმა სათქმელი გაუწყვიტა.

   სტაშმა მის დასამშვიდებლად კრინტიც ვეღარ დაძრა, რადგან თავადაც დარწმუნებული იყო, რომ გადარჩენის ოდნავი იმედიც აღარ ჰქონდათ. აგერ, უკვე ფეხი შედგეს მხარეში, სადაც გაჭირვება, შიმშილი, სისასტიკე და სისხლი ბატონობდა. ქარიშხლისაგან აფარფატებულ ორ საცოდავ ფოთოლსა ჰგავდნენ, იმ ქარიშხლისა, რომელსაც სიკვდილი და უბედურება მოაქვს არა მხოლოდ ცალკეული ადამიანებისათვის, არამედ მთელი ჯგუფებისა და ტომებისათვის. რა ძალას შეეძლო მისი მსახვრალი ხელისაგან ორი პაწია, უმწეო ბავშვის დახსნა და გადარჩენა?!

   მთვარე მაღლა აიწია და მიმოზებისა და აკაციების ტოტები როგორღაც ვერცხლისფერ ფრთებად აქცია. გაუვალ ჯუნგლებში აქა-იქ გაისმა საშინელი, იმავდროულად თითქოსდა მხიარული სიცილი აფთრებისა, რომლებიც იმ სისხლიან მხარეში ადამიანთა უამრავ გვამს პოულობდნენ. ქარავნის თანმხლები ნაწილი გზადაგზა სხვა პატრულებს გადაეყრებოდა და მეწინავენი ერთმანეთს პაროლს ეუბნებოდნენ. ბოლოს, როგორც იქნა, მთაგორიანი სანაპირო გაიარეს და ხეობაზე გავლით ნილოსს მიაღწიეს. ცხენები და აქლემები ფართო და ბრტყელ გემზე ავიდნენ და მალე მძიმე ნიჩბების თანაზომიერი მოსმით აშხეფებული წყალი მთვარის შუქზე ალმასებრ აბრჭყვიალდა.

   ნახევარი საათის შემდეგ სამხრეთით, საითკენაც გემები მიცურავდნენ, აქა-იქ ანაზდად აციმციმდა შუქი, რომლებიც, გემების მიახლოების კვალობაზე, წყლის ზედაპირზე დაფენილ წითელი შუქის კონებად იქცეოდა. ნურ-ელ-ტადჰილმა იდრისი შეარხია, მერე ხელი წინ გაიშვირა და წარმოთქვა – ხარტუმი!

 

 

   კარი XVI

 

გარეუბანში შეჩერდნენ, ქალაქის იერიშისას მოკლული მდიდარი იტალიელი ვაჭრის ნაქონ სახლში, რომელიც ნადავლის გაყოფისას ტადჰილს ერგო წილად. ემირის ცოლები საკმაოდ ადამიანურად მოეპყრნენ დაღლილობისგან არაქათგამოცლილ ნელის და, თუმც მთელ ხარტუმში საჭმლის ნაკლებობა იგრძნობოდა, პატარა ჯანას* ცოტაოდენი გამხმარი ფინიკით, აგრეთვე თაფლიანი ბრინჯით გაუმასპინძლდნენ და უმალ დასაძინებლად დააწვინეს. ეზოში აქლემებსა და ცხენებს შორის ღამის გასათევად დატოვებული სტაში ორცხობილას დასჯერდა, სამაგიეროდ, წყალი არ მოჰკლებია, რადგან ბაღში შადრევანი სასწაულად გადარჩენოდა დანგრევას. დაღლილობის მიუხედავად დაძინება დიდხანს ვერ შეძლო, რადგან, ჯერ ერთი, ქეჩაზე, რომელზეც იწვა, მორიელები დაღოღავდნენ, მეორეც, სიკვდილივით ეშინოდა, რომ ნელის დააშორებდნენ და ვეღარ უპატრონებდა. მის მოუსვენრობას, ეტყობა, ლომაც იზიარებდა, რადგან იქვე წრიალებდა და ხანდახან ისე დაიყმუვლებდა, ჯარისკაცებს შიშის ზარსა სცემდა. სტაში შეძლებისდაგვარად ამშვიდებდა, რათა მისთვის არავის არაფერი დაეშავებინა. საბედნიეროდ, ვეებერთელა ქოფაკმა თავად ემირი და დავრიშები ისე მოხიბლა, რომ მისთვის ხელის ხლება არავის დაუპირებია.

   არც იდრისს ეძინა. გუშინდელს აქეთ თავს შეუძლოდ გრძნობდა, ამის გარდა, ნურ-ელ-ტადჰისთან საუბრის შემდეგ თითქოსდა გაწბილებული დარჩა და მომავალს უკვე უიმედოდ შეჰყურებდა. ის კი უხაროდა, რომ ხვალ თეთრი ნილოსით გამოყოფილ ომდურმანში მიიყვანდნენ, სჯეროდა, რომ სმაინს იპოვნიდა, მაგრამ მერე? მგზავრობისას ყველაფერი ცხადად და შესანიშნავად ეჩვენებოდა. წინასწარმეტყველისა მთელი არსებით სჯეროდა და უფრო კიდევ იმიტომ მოუწევდა მისკენ გული, რომ თავადაც მისი ტომის შვილი იყო, მაგრამ როგორც ყველა არაბი, ისიც ამაყი და ხარბი იყო; ოცნებობდა, როგორ აავსებდნენ ოქროთი და სულ მცირე – ემირობას მაინც უბოძებდნენ. ოცნებობდა “თურქების” წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაზე, ხელში ჩაგდებულ ქალაქებსა და ალაფზე, მაგრამ ტადჰილთან საუბრის შემდეგ, გულში ეჭვი ჩაუძვრა, მთელი მისი შრომა და გარჯა ამაო და ზღვას შერთული წვიმის წვეთივით უჩინარი არ გამომდგარიყო. “ვინ იცის, – ფიქრობდა დანანებით, – რაც ჩავიდინე, ეგებ, ამას ყურადღებაც არავინ მიაქციოს, თავად სმაინს კი არც გაუხარდეს ამ ბავშვების ჩამოყვანა”. ერთი სიტყვით, ეჭვი გულს უღრღნიდა. ხვალინდელ დღეს უნდა დაედასტურებინა ან გაექარწყლებინა ეს ეჭვი, ჰოდა, მოუთმენლად ელოდა გათენებას.

   დილის ექვს საათზე მზე ამოიწვერა თუ არა, აიშალნენ. მალე ტადჰილიც გამოჩნდა და ბრძანა, სამგზავროდ გამზადებულიყვნენ. ამასთანავე, ხალხი გააფრთხილა: მის ცხენს ფეხით გაჰყოლოდნენ. სტაშის გულის გასახარად მოხუცმა დინაჰმა ზემო სართულიდან ნელი ჩამოიყვანა და ქალაქი ფეხით გადაჭრეს, მგზავრთა გადასაყვან ნავებამდე. ცხენზე ამხედრებული ტადჰილი წინ მიუძღოდათ. სტაშს ხელჩაკიდებული ნელი მიჰყავდა, მათ უკან მიდიოდნენ იდრისი, გებჰრი, ხამისი და მოხუცი დინაჰი, რომელთაც ლომა და ოცდაათი მეომარი მიაცილებდათ. დანარჩენი მოქარავნენი ხარტუმში დარჩნენ.

   სტაში ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებდა და ვერაფრით მიხვდა, როგორ დაეცა ასე კარგად გამაგრებული, თეთრი და ცისფერი ნილოსის შესართავში მდებარე, სამმხრივ წყლით გარშემორტყმული ქალაქი, რომელსაც მხოლოდ სამხრეთიდან ჰქონდა მისადგომი. მოგვიანებით ქრისტიან ტყვეთაგან შეიტყო, რომ იმხანად მდინარე დამშრალიყო და ქვიშრობადქცეულმა კალაპოტმა მტერს მიწაყრილებთან მისვლა გაუადვილა. შიმშილით გამოფიტულმა და მაშველის მოლოდინში იმედდაკარგულმა გარნიზონმა გამძვინვარებულ ველურთა იერიშის მოგერიება ვერ შეძლო და ქალაქი დაეცა, რის შემდეგაც გაიმართა მოქალაქეთა ულმობელი ხოცვა-ჟლეტა. მართალია, იერიშის შემდეგ უკვე თვე გასულიყო, მაგრამ მაინც ყველგან ჩანდა ბრძოლის კვალი: უშნოდ აჩონჩხილიყო სახლების ნანგრევები, ყველგან ეყარა გვამები, რომელთა დამარხვას არც არავინ ფიქრობდა. გადასასვლელამდე სტაშმა ოთხასი გვამი დათვალა. ჰაერში სიმყრალის სუნი უკვე აღარ ტრიალებდა, რადგან მცხუნვარე სუდანურ მზეს ისინი გამოეხმო და მუმიებად ექცია, ყველა მათგანს ერთნაირი, ნაცრისფერი პერგამენტის ფერი დასდებოდა, ასე რომ, ევროპელების, ეგვიპტელებისა და ზანგების ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელი გამხდარიყო. გვამებს შორის დაძვრებოდნენ პაწაწინა ხვლიკები, რომლებიც ფეხის ხმის გაგონებისთანავე სამალავებში, იმავე გვამების პირის ღრუსა თუ გამხმარ ნეკნებს შორის გაჩენილ ხვრელებში მიძვრებოდნენ.

   სტაშს ნელი ისე მიჰყავდა, რომ იმ საშინელ სანახაობას თავად ეფარებოდა და მათთან მიახლოებისთანავე სხვაგან, ქალაქისაკენ გაახედებდა, მაგრამ ქალაქის მხარეზეც ისეთი რამ ხდებოდა, გოგონას ზაფრისაგან გული უსკდებოდა. ტყვედაყვანილი “ინგლისელი” ბავშვებისა და ლომას დანახვაზე გამვლელები ჩერდებოდნენ, გარს ეხვეოდნენ, აღარ სცილდებოდნენ, პირიქით, გზადაგზა ადევნებული კაცებისა და ქალების ამბოხი მატულობდა და მატულობდა. ბოლოს საზარლად მოსვირინგებულმა იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, იძულებული გახდნენ, შემდგარიყვნენ. ყოველის მხრიდან მრისხანე შეძახილები გაისმოდა. საზარლად მოსვირინგებული სახეები იხრებოდა სტაშისა და ნელისაკენ. მათ დანახვაზე ზოგიერთ ველურს უცებ სიცილი წასკდებოდა და სიხარულის გამოსახატავად ხელებს თეძოებზე იტყაპუნებდნენ, სხვები ლანძღავდნენ, ზოგიერთები ველური მხეცებივით ბღაოდნენ, თეთრ კბილებს აკრაჭუნებდნენ, ბავშვებს თვალის ბრიალით დანებს უღერებდნენ. თითქმის გულშეღონებული ნელი სტაშს ეკვროდა, ისიც, როგორც შეეძლო, კი ეფარებოდა, მაგრამ უკვე აღარც ეეჭვებოდა, რომ მათი აღსასრული თანდათან ახლოვდებოდა. საბედნიეროდ, ბრბოს ღრიანცელი, ბოლოს და ბოლოს, ტადჰილსაც მობეზრდა. მისი ბრძანებით რამდენიმე ჯარისკაცი ბავშვებს გარშემოერტყა, დანარჩენები აღმუვლებულ ბრბოს მათრახებით დაერივნენ. წინანი დაიქსაქსნენ, სხვები ჯარისკაცებს შემოეხვივნენ და ველური ყიჟინით მიჰყვნენ ზედ ნავებამდე.

   მდინარეზე გადასვლისას ყმაწვილებმა შვებით ამოისუნთქეს. სტაში ნელის ამშვიდებდა: დავრიშები ჩვენს სახეებს შეეჩვევიან, მუქარასაც შეწყვეტენო და არწმუნებდა, სმაინი ორივეს, განსაკუთრებით კი შენ, გაგიფრთხილდება და დაგიცავს, რადგან, ჩვენ თუ რაიმე ცუდი შეგვემთხვა, თავის მემკვიდრეებს ვეღარავისზე გადაცვლისო. სტაში მართალს ამბობდა, მაგრამ გოგონა ისე შეაშინა წეღანდელმა შემოტევებმა, რომ ბიჭს წამითაც აღარ გაუშვა ხელი და ციებცხელებიანივით წამდაუწუმ იმეორებდა: “მეშინია! მეშინია!” ჭაბუკი სულითა და გულით ნატრობდა, რაც შეიძლება სწრაფად მოხვედრილიყვნენ სმაინის ხელში, რადგან იგი ბავშვებს კარგა ხანია, რაც იცნობდა, კერძოდ, ჯერ კიდევ პორტ-საიდიდან და მათდამი კეთილად იყო განწყობილი, ყოველ შემთხვევაში, თავი ასე ეჭირა. სხვა სუდანელი დანგალებივით ველური არ იყო და მის სახლში ტყვეობა, ალბათ, არც ისე ძნელადგადასატანი იქნებოდა...

   საკითხავი მხოლოდ ის იყო, იპოვნიდნენ თუ ვერა მას ომდურმანში. სწორედ ამაზე ესაუბრა იდრისი ნურ-ელ-ტადჰილს, რომელმაც, როგორც იქნა, გაიხსენა, რომ ამ ერთი წლის წინათ კალიფ აბდულაჰის დავალებით ხარტუმიდან შორს, კორდოფანში ყოფნისას, გაეგონა ვიღაც სმაინზე, რომელიც დავრიშებს ეგვიპტელებისთვის წართმეული ზარბაზნებიდან სროლას ასწავლიდა, მერე კი ტყვეებზე დიდი მონადირის სახელი მოეხვეჭა. ნურმა სმაინს ემირის საპოვნელად აი, რა ხერხი ასწავლა:

   – ნაშუადღევს უმბაის*  ხმას რომ გაიგონებ, იმწამსვე ბავშვებიანად გაჩნდი სალოცავ მოედანზე, სადაც წინასწარმეტყველი ყოველდღე მიდის, რათა ერთგულებს საკუთარი მაგალითისამებრ გაუღვივოს და განუმტკიცოს რელიგიის რწმენა. იქ, მაჰდის წმინდა პიროვნების გარდა, ნახავ ყველა “კეთილშობილს”, აგრეთვე სამ ხალიფას, ფაშებსა და ემირებს. სწორედ ემირებს შორის მონახავ სმაინს.

   – მერე შუადღის ლოცვამდე რა ვქნა და სად წავიდე?

   – ჩემს ჯარისკაცებთან ერთად დარჩები.

   – ნურ-ელ-ტადჰილ! უნდა მიგვატოვო?

   – მე ხალიფ აბდულაჰის ბრძანების შესასრულებლად მივდივარ.

   – ეგაა ყველაზე უფროსი ხალიფა? შორიდან მოვდივარ და ბელადების სახელებში ჯერ ვერ გავრკვეულვარ, ისევ შენ თუ ამიხსნი.

   – ჩემი ბელადი, აბდულაჰი, მაჰდის მახვილია.

   – დაე, ალაჰი იყოს მისი მფარველი.

   ნავებში ერთხანს სიჩუმე გამეფდა. მხოლოდ მათ კიდეზე ნიჩბების რახუნი და დროდადრო წყალზე ნიანგების კუდის დგაფუნი ისმოდა. ეს საშინელი არსებანი სამხრეთიდან მრავლად მოაწყდნენ, თვით არუმამდე, სადაც საკბილო უხვად დახვდათ, მდინარე ხომ სავსე იყო ჯერ ქალაქის იერიშისას დაღუპულთა გვამებით და მერე კიდევ მაჰდისტებსა და უფრო მეტად კი მათ ტყვეებს შორის მოდებული სენით დაღუპულებით. ხალიფების ბრძანებით წყლის “წაბილწვა” იკრძალებოდა, მაგრამ ამას ვინ რად აგდებდა და ნიანგების მიერ შეუჭმელი გვამები მდინარეს მეექვსე ჭორომამდე და უფრო იქითაც, თვით ბერბერამდე, ჩაეტანა.

   მაგრამ იდრისი სულ სხვა რამეზე ფიქრობდა და მოგვიანებით ეს იკითხა:

   – დღეს დილას არაფერი გვიჭამია. გაგვიჭირდება ლოცვამდე მოთმენა; ნეტავი, მერე ვინ დაგვაპურებს?

   – ტყვე ხომ არა ხარ. შეგიძლია ბაზარში წახვიდე და იყიდო რამე. – ურჩია ტადჰილმა. – იქ გამხმარი ხორცისა და ფეტვის ყიდვა შეგიძლია. ოღონდ ძვირი დაგიჯდება, რადგან, როგორც გითხარი, ომადურმანში შიმშილობაა.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი