– ამასობაში კი ბოროტი ადამიანები ამ ბავშვებს მომტაცებენ ან დამიხოცავენ.

   – ჯარისკაცები დაიცავენ ანდა, თუ ფულს მისცემ, რომელიმე მათგანი სიამოვნებით მოგიტანს სურსათ-სანოვაგეს.

   იდრისს ფულის გაცემაზე მეტად მისი მიღება სიამოვნებდა და ამგვარი რჩევა მაინცდამაინც როდი დაუჯდა ჭკუაში, მაგრამ, სანამ პასუხს მოახერხებდა, ნავები კიდეც მიადგნენ ნაპირს.

   ომდურმანი ხარტუმისაგან ბევრად განსხვავდებოდა. აქ ისევ იდგა სახლები, გუბერნატორია, სადაც გმირულად დაიღუპა გორდონი, იყო ეკლესია, ლაზარეთი, სამისიო ნაგებობანი, არსენალი, ჯარის ნაწილების ყაზარმები და ათასგვარი შესანიშნავი სუბტროპიკული მცენარეულობით სავსე დიდ-პატარა ბაღჩა-ბაღები. მაგრამ ომდურმანი მაინც ველურთა ბანაკს მოგაგონებდათ. სამხრეთ მხარეს აღმართული ფორტი გორდონის ბრძანებით დაანგრიეს. აქეთ, სადამდეც კაცს მზერა მიუწვდებოდა, ჩალის სახურავიანი კონუსისებრი ქოხები იდგა. სახლებსა და ქუჩებს ერთმანეთისგან ვიწრო ეკლიანი ღობეები ყოფდა. ალაგ-ალაგ თვალს მოჰკრავდით კარვებსაც, ალბათ ეგვიპტელებისთვის წართმეულს. სხვა ადგილს კი უბრალოდ ბამბუკის სარებზე გაჭიმული რამდენიმე პალმის ჭილოფი წარმოადგენდა მთელს საცხოვრებელს. ხალხი ჭერს თავს აფარებდა მხოლოდ წვიმისა და განსაკუთრებული სიცხეებისას, დანარჩენ დროს კი კარში ისხდნენ, იქვე ენთოთ ცეცხლი, იქვე აკეთებდეს საჭმელს, ერთი სიტყვით, ღია ცის ქვეშ ცხოვრობდნენ და კარს მომდგარ სიკვდილსაც იქვე ხვდებოდნენ. ამჯერად ქუჩებში იმდენი ხალხი ირეოდა, რომ ჯარისკაცებს ხანდახან ბრბოში გზის გაკვლევა უჭირდათ. ომდურმანი პატარა სოფლად ითვლებოდა, მაგრამ ამჟამად, ტყვეების ჩათვლით, აქ თავი მოეყარა ორასი ათასამდე ადამიანს. თავად მაჰდი და ხალიფებიც კი შეაშფოთა ამ უზარმაზარმა დუნდგომ, რომელსაც შიმშილი და სნეულება ემუქრებოდა. ამიტომ იყო, განუწყვეტლივ რომ იგზავნებოდა ჩრდილოეთისაკენ სულ ახალ-ახალი ლაშქარი ჯერაც ეგვიპტის ერთგული ქალაქებისა და სოფლების დასაპყრობად.

   თეთრკანიანი ბავშვების დანახვაზე აქაც მტრული შეძახილები გაისმოდა, მაგრამ ბრბო მათ დახოცვას ვერ ბედავდა. ამის მიზეზი ეგებ მაჰდის სიახლოვე იყო ანდა სულაც ძალიან მიაჩვიეს თვალი თეთრ ტყვეებს, რომლებიც ახლა ხარტუმიდან ომდურმანში გადმოჰყავდათ. სტაშმა და ნელიმ იმ მიდამოებში ნამდვილი ჯოჯოხეთი ნახეს. მათ თვალს არ გამოჰპარვია მათრახების ცემით დასისხლიანებული ევროპელები და ეგვიპტელები, მშიერ-მწყურვალნი ტვირთისა და წყლიანი ვედროების სიმძიმით წელში რომ წყდებოდნენ. დაინახეს თავის დროზე კარგად აღზრდილი ევროპელი ქალები და ბავშვები, ხელგაწვდილი რომ ითხოვდნენ ერთ მუჭა სორგოს ან ერთ ნაჭერ გამხმარ ხორცს – გაძვალტყავებულებს, შემოხეულ-შემოგლეჯილებს, სიდუხჭირისგან სახეგაშავებულებსა და გიჟურად მომზირალთ თვალში შიში და სასოწარკვეთილება ჩაჰყინვოდათ. თვალი მოჰკრეს, მათ დანახვაზე ველურები სიცილით რომ იჭაჭებოდნენ, დაბლა იხრებოდნენ და სცემდნენ. ყველა ქუჩასა და შუკაში იყო სანახაობა, რომელსაც ზიზღისა და საშინელების გამო თვალს არიდებდნენ. ომდურმანში დიზენტერია და ტიფი მძვინვარებდა, უპირატესად კი – ყვავილი. ჩირქოვანი მუწუკებით ტანდაფარული სნეულები ზღურბლებთან ეყარნენ და ჰაერს წამლავდნენ. ტყვეები ტილოში გახვეულ ახალ მკვდრებს ქალაქგარეთ ქვიშაში დასამარხავად მიათრევდნენ, აქ კი მათ ნამდვილ საფლავებს აფთრები უთხრიდნენ. ქალაქს თავს დასტრიალებდა ძერების უთვალავი გუნდი, რომელთა ფრთებიც ქვიშას სამგლოვიარო ჩრდილებად ეფინებოდა. ყოველივე ამის მნახველმა სტაშმა გულში გაივლო, რაც უფრო მალე დავიხოცებით მით უკეთესიო.

   მაგრამ ამ სიღატაკისა და ბოროტების ზღვაში დროდადრო აქოთებულ ჭაობში გაშლილი თეთრი ყვავილივით გამოკრთებოდა ხოლმე გულმოწყალება. ომდურმანში კიდევ დარჩენილიყვნენ მაჰდისგან შეწყალებული ბერძნები, რომლებიც თავისუფლად მიმოდიოდნენ, ვაჭრობდნენ და სხვადასხვა საქმიანობასაც ეწეოდნენ, ზოგიერთები კი, უმეტესად ისინი, ვისაც თავი ისე ეჭირა, თითქოს რწმენა შეიცვალა, წინასწარმეტყველის მოსამსახურენიც კი გამხდარიყვნენ, და ეს ველური დავრიშების თვალში მათ ღირსებას მატებდა. ერთ-ერთმა ასეთმა ბერძენმა ჯარისკაცები შეაჩერა და ბავშვებს ჰკითხა, აქ საიდან გაჩნდითო. როცა გაიგო, ახლახან ჩამოსულიყვნენ და ფაიუმში მოეტაცებინათ, შეპირდა, თქვენზე მაჰდის უეჭველად მოვახსენებ და ვიზრუნებ კიდეცო. მანამ კი ნელის შემყურემ თავი დანანებით გადააქნია და ორივეს თითო მუჭი გამხმარი ლეღვი და მარია ტერეზას გამოსახულებიანი თითო ტალერი აჩუქა. ამის შემდგომ ჯარისკაცებს უბრძანა, გოგონასთვის არაფერი ეწყენინებინათ და თავისი გზით წასულმა რამდენიმეჯერ ინგლისურად ჩაილაპარაკა: საბრალო ბარტყი.

 

 

კარი XVII

 

დაკლაკნილი ქუჩის ბოლოს, ზედ ქალაქის შუაგულში მდებარე ბაზართან გააღწიეს. გზადაგზა მრავალად ხვდებოდათ ცალხელა და ცალფეხა ადამიანები. ესენი იყვნენ დამნაშავენი, რომელთაც ნადავლი თუ ბოროტმოქმედნი გადაემალათ. წინასწარმეტყველის დაწესებული კანონების დარღვევისა თუ დაუმორჩილებლობისათვის ხალიფებისა და ემირების მიერ დადებული სასჯელი საშინელი იყო და სულ უმცირესი დანაშაულისთვის, თუნდაც თუთუნის მოწევა ავიღოთ, ადამიანებს მათრახით სულის ამოხდამდე სცემდნენ, მაგრამ თავად ხალიფები ამ კანონებს მხოლოდ გარეგნულად იცავდნენ, სახლებში კი თავს ყველაფრის უფლებას აძლევდნენ. ასე რომ, სასჯელი უნდა მოეხადათ მხოლოდ გაჭირვებულებს, რომლებიც თავიანთ სარჩო-საბადებელს წამში კარგავდნენ. მათხოვრობის გარდა, რაღა დარჩენოდათ, და, რადგან ომდურმანში საჭმლის მარაგი აღარ იყო, შიმშილით იხოცებოდნენ.

   სურსათის ფარდულებთან უამრავი მათხოვარი დაფუსფუსებდა. პირველი, რაც ბავშვებს თვალში მოხვდათ, ბაზრის შუაგულში ჩარჭობილ ბამბუკზე ჩამოცმული ადამიანის თავი იყო. სახე ერთიანად გამხმარიყო და გაშავებულიყო, სამაგიეროდ, კეფასა და ნიკაპზე ამოსული თმა რძესავით თეთრი ჩანდა. ერთ-ერთმა ჯარისკაცმა იდრისს აუხსნა, ეს გორდონის თავიაო. ამის გაგონებაზე სტაშს შურისძიების, სინანულისა და წყენის გრძნობა შემოეგზნო, მაგრამ უმალვე შიშისაგან ძარღვებში სისხლი გაეყინა. ასე დაასრულა სიცოცხლე ამ სამართლიანმა და კეთილმა, უშიშარმა და მამაცმა ადამიანმა, რომელიც თვით სუდანშიც კი უყვარდათ და პატივსა სცემდნენ. ინგლისელები კი დროულად არ მიეშველნენ, მერე კიდევ უკან დაიხიეს და მისი გვამი დაუსაფლავებლად, ურჯულოთა წასაბილწავად დატოვეს! იმ წუთას სტაშს ინგლისელების რწმენა გაუქრა. აქამდე ღრმად სჯეროდა, რომ თავისი თუნდაც ერთი მოქალაქის წყენისათვის ინგლისი, როცა არ უნდა ყოფილიყო და სადაც არ უნდა ყოფილიყო, მზად იყო მთელი ქვეყნიერებისთვის ომი გამოეცხადებინა. გულის სიღრმეში იმედს არ კარგავდა, რომ რავლისონის გოგონას დასაცავად, მარცხიანი დევნის შემდეგ, ფეხზე დადგებოდნენ ინგლისის მრისხანე რაზმები და ხარტუმამდე და იმის იქითაც წასვლას არ დაიზარებდნენ. ახლა კი დარწმუნდა, რომ ხარტუმიცა და მთელი ეს ქვეყანაც მაჰდის ხელში იყო და ეგვიპტის მთავრობა და მასთან ერთად ინგლისიც მხოლოდ ეგვიპტის დაცვაზე ფიქრობდნენ და აზრადაც არ მოსდიოდათ ევროპელ ტყვეთა განთავისუფლება.

   მიხვდა, რომ ის და ნელი ღრმა უფსკრულში ჩაცვივდნენ, საიდან ამოსვლაც შეუძლებელი იყო; ამ აზრმა და ომდურმანის ქუჩებში ნანახმა საშინელებებმა საბოლოოდ გატეხეს. მისთვის დამახასიათებელი სიყოჩაღე სადღაც გაქრა და მომავლის შიშით შეპყრობილი თითქოსდა ბედს მიენდო. ამასობაში უაზროდ უყურებდა ბაზარსა და ფარდულებს, სადაც იდრისი სურსათს ყიდულობდა. გამყიდველები, უმეტესწილად სუდანელები და ზანგის ქალები ჯიუბებს, თეთრი ტილოს ნაცვამ ხალათებს, აკაციის რეზინს, გულგამოფხეკილ გოგრას, შუშის მძივებს, გოგირდსა და ათასგვარ წვრილმანს ყიდდნენ. სურსათ-სანოვაგის ფარდულები ცოტა იყო და ყოველ მათგანთან უამრავი ხალხი ირეოდა. მაჰდისტები მეტისმეტად ძვირად ყიდულობდნენ შინაური საქონლის გამხმარი ხორცის ნაჭრებს. ფინიკის, ლეღვისა და სორგოს ჭაჭანება არსად ჩანდა. აქა-იქ ველური ფუტკრის თაფლგარეული წყალი იყიდებოდა. იდრისი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, რადგან ფატმას ნაბოძები ფულით ორ დღეს თუ გაიტანდა თავს, მერე კი სხვებივით მასაც სამათხოვროდ უნდა გაეშვირა ხელი. ამიერიდან მხოლოდ სმაინის იმედიღა ჰქონდა და ჰოი, საოცრებავ, სტაშიც მხოლოდ სმაინის იმედითღა სულდგმულობდა.

   ერთი საათის შემდეგ ხალიფა აბდულაჰთან წასული ნურ-ელ-ტადჰილიც მობრუნდა. ჩანდა, იქ რაღაც უსიამოვნება შეემთხვა, რადგან ცუდ გუნებაზე იდგა. ჰოდა, როცა იდრისმა ჰკითხა, სმაინის შესახებ ხომ არაფერი გაგიგიათო, ზიზღით მიახალა:

   – უტვინოვ, ხომ არ გგონია, მე და ხალიფას, შენი სმაინის მოძებნის გარდა, სხვა საქმე არა გვაქვს?

   – აბა, ახლა რა უნდა ვქნა?

   – რაც გინდა, ისა ჰქენი. ღამე გაგათევინე და რამდენიმე კეთილი რჩევა-დარიგება გიწყალობე. ამიერიდან შენი სახელის გაგონებაც აღარ მსურს.

   – კარგი, მაგრამ ღამე სად უნდა გავათიო?

   – სადაც გინდა, იქ გაათიე!

   ჯარისკაცები წაიყვანა და წავიდა. იდრისი შეევედრა, ბაზრისკენ გამოეგზავნა აქლემები და დანარჩენი მექარავნენი იმ არაბებთან ერთად, რომლებიც მათ ასუანსა და ვადი-ჰალფას შორის შეუერთდნენ. ამ ხალხმა ბაზრამდე შუადღის ჟამს მოაღწია და არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რა უნდა ექნათ ამიერიდან, ან რა გზას სწეოდნენ. ორმა ბედუინმა იდრისსა და გებჰრს ჩხუბი აუტეხა. რატომ მოგვატყუეთ, სად ჩამოგვიყვანეთო?! დიდი კამათისა და ბჭობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტეს ქალაქის კიდეში დოხნუს ტოტებისა და ლერწმისგან ქოხები აეგოთ, რათა ღამით თავშესაფარი მაინც ჰქონოდათ, სხვა მხრივ კი განგების იმედად უნდა ყოფილიყვნენ.

   ქოხების აგებისთანავე, რაც სუდანელებსა და ზანგებს მეტისმეტად ეიოლებათ, ყველანი, გარდა ხამისისა, რომელსაც ვახშმობის თადარიგი უნდა დაეჭირა, საერთო სალოცავი ადგილისაკენ გაეშურნენ. მიგნება არ გასჭირვებიათ, რადგან მთელი ომდურმანი იქით მიდიოდა. განიერი მოედანი ეკალ-ბარდის ღობით შემოეკავებინათ, ამჟამად კი ალაგ-ალაგ თიხის ღობეს აკრავდნენ. შუაგულში ხის შემაღლებული ალაგი აღემართათ. წინასწარმეტყველი იქ მაშინ ადიოდა, როცა ხალხის დამოძღვრა სურდა. შემაღლების წინ მაჰდის, ხალიფებისა და გამორჩეული შეიხებისთვის ცხვრის ტყავები დაეფინათ. გვერდებში, აქეთ-იქით, ვეებერთელა ყვავილებივით აჭრელებული, ქარზე აფრიალებული დროშები ჩაერჭოთ. მოედნის ოთხივ მხრივ დავრიშები ჩამდგარიყვნენ მჭიდრო მწკრივებად. ყველგან, საითაც გაიხედავდი, გაუვალ ტყედ აღმართულიყო შუბები, რომლითაც თითქმის ყოველი მეომარი აღჭურვილიყო.

   იდრისი, გებჰრი და სხვა მექარავნენი თავს ბედნიერად თვლიდნენ, რომ ემირებთან ერთად მოხვდნენ ამ თავყრილობაში და შესაძლებლობა მიეცათ წინა რიგებში დგომისა. მაჰდის გამოჩენა ხალხს უმბაის მშვენიერმა და საზეიმო ხმამ წინდაწინვე აუწყა, მაგრამ, მოედანზე შემოაბიჯა თუ არა, უმალვე ახმაურდა დოლები, საყვირები, გამომხმარ გოგრაში ჩაყრილი ქვები, სპილოს წინა კბილებისგან გაკეთებული სასტვენები, რამაც ყურისწამღები ხმები გამოსცა. ხალხი ენითუთქმელმა აღფრთოვანებამ მოიცვა. ერთნი მუხლებზე ეცემოდნენ, სხვები ყელის ჩახრენწვამდე გაჰკიოდნენ: “ო, ღვთის მოციქულო! ო, მბრძანებელო! ო, მწყალობელო!” და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ მაჰდი ამბიონზე არ ავიდა. იმავე წამს სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. მან ხელები აწია, საჩვენებელი თითები ყურებზე მიიდო და ერთხანს ასე ლოცულობდა.

   ბავშვები შორიახლო იდგნენ და კარგად ხედავდნენ: შუახნის საოცრად მსუქანი და ერთიანად შავი კაცი იყო. სტაშის მეტად მახვილ მზერას არ გამოჰპარვია, რომ მაჰდის მოსვირინგებული სახე ჰქონდა. ცალ ყურზე სპილოს ძვლის რგოლი ეკიდა. ტანზე თეთრი ჯიუბა ემოსა, თავზეც თეთრივე არახჩინი ეხურა; ფეხშიშველი იყო, რადგან ამბიონზე ასვლისას წითელი წაღები გაიხადა და იქვე, დატოვა ცხვრის ტყავთან, რომელზეც ჩამუხლულს უნდა ელოცა. მის სამოსს სიმდიდრისა ნიშანწყალიც არ ეცხო. ოღონდ დროდადრო ქარს მისგან მოჰქონდა მძაფრი სურნელი სანდალოზისა, რომელსაც მორწმუნენი ხარბად ისუნთქავდნენ და სიამოვნებისაგან თვალებს ნაბავდნენ. საერთოდ, სტაშს სულ სხვანაირ კაცად წარმოედგინა საშინელი წინასწარმეტყველი, ყაჩაღი და ათასობით კაცის მკვლელი და ახლა, ამ გაფუებულ და კეთილად მომზირალ სახეს რომ ხედავდა, მის წყლიან თვალებსა და თითქმის მუდამ ღიმილიან ბაგეებს, განცვიფრებისაგან აღარ იცოდა, რა ექნა. ეგონა, ასეთ კაცს მხრებზე უეჭველად აფთრის ანდა ნიანგის თავი უნდა ჰქონოდა დადგმული, სინამდვილეში კი მის წინ სავსე მთვარესავით პირმრგვალი კაცი იდგა.

   ამასობაში წინასწარმეტყველი ხალხის დამოძღვრას შეუდგა. მისი მკერდისმიერი და მჟღერი ხმა მთელ მოედანზე შესანიშნავად ისმოდა. ასე რომ, მორწმუნეთ მისი ყოველი სიტყვა ესმოდათ. უპირველეს ყოვლისა ილაპარაკა სასჯელზე, რომელსაც იმსახურებდნენ ისინი, ვინც მაჰდის გამოცემულ კანონებს არ ასრულებდნენ და მალავდნენ ნაალაფარს, სვამდნენ ვისკის, ქურდობდნენ, თუთუნს ეწეოდნენ და ბრძოლაში მტერს ინდობდნენ. ამ ბოროტებათა გამო ალაჰი ცოდვილებს თავს ატეხს შიმშილსა და ქოლერას, რომელიც სახეზე ნაყვავილარს ტოვებს. ამქვეყნიური ცხოვრება დაცხრილულ ტიკსა ჰგავს. სიმდიდრე და ფუფუნება უეჭველად შთაინთქმება ქვიშაში, რომელიც მიცვალებულებს ეყრება. ერთადერთი რწმენაა, მეწველ ძროხას რომ ჰგავს; მაგრამ სამოთხის კარი მხოლოდ გამარჯვებულთა წინაშე თუ გაიღება. ვინც მტერს სძლევს, ის საკუთარი სულის ხსნას მოიპოვებს. სარწმუნოებისათვის მკვდარი სამარადჟამო სასუფეველში შევა. ბედნიერნი, ასგზის ბედნიერები არიან, ვინც უკვე დაეცნენ!..

   – რწმენისთვის სიკვდილი გვინდა! – ერთხმად გაჰყვიროდა ბრბო.

   და იქაურობას წამიერად ისევ ჯოჯოხეთური გნიასი გადაუვლიდა. კვლავ გაისმოდა ყუმბარისა და დოლების ხმა. მეომრები მახვილს მახვილზე სცემდნენ და ფარებს ფარებზე. საომარი განწყობა კოცონივით აგიზგიზდებოდა ხოლმე. “რწმენა და ძლევამოსილება!” – გაიძახოდნენ ზოგიერთები; სხვები: “სიკვდილის გზით სამოთხეში!” სტაში ახლაღა მიხვდა, რატომ ვერ გაუმკლავდა ამ ველურ ურდოებს ეგვიპტის ჯარი.

   ოდნავ რომ დაცხრნენ, წინასწარმეტყველი ისევ ალაპარაკდა. შეკრებილთ უამბო თავის ხილვებსა და ღვთისაგან ბოძებულ ნიჭზე. ახლაც ალაჰს მისთვის ებრძანებინა რწმენის განწმენდა და მთელს ქვეყნიერებაზე განვრცობა. ვინც მას, მაჰდის, მომნანიებლად არ ცნობს, ის დასაღუპავადაა განწირული. სამყაროს აღსასრული მოახლოებულია, მაგრამ მორწმუნეთა ვალია, მანამდე დაიპყრონ ეგვიპტე, მექა და ყველა ის მხარე, სადაც ურწმუნონი ცხოვრობენ. ასეთია ღვთის ნება და მისი შეცვლა არავის ძალუძს. კვლავაც ბევრი სისხლი დაიღვრება, ბევრი მეომარი ვერ დაუბრუნდება საკუთარ ცოლ-შვილს, საკუთარ კარავს, მაგრამ ენით უთქმელი ბედნიერება ელოდება მათ, ვინც ბრძოლაში დაეცემიან.

   ამის შემდეგ თავშეყრილი ხალხისკენ ხელები გაიშვირა და დაასრულა:

   – ჰოდა მე, მომნანიებელი და ღვთის მსახური, ვლოცავ წმინდა ომს და გლოცავთ თქვენ, მეომრებო. ვლოცავ თქვენს შრომას, ჭრილობებს, სიკვდილს, ვლოცავ გამარჯვებას და თქვენთან ერთად ვტირი მამასავით, რომელმაც შეგიყვარათ...

   და ატირდა. ერთი ყაყანი და ღრიანცელი ატყდა, როცა ამბიონიდან დაბლა დაეშვა. მისი ტირილი საყოველთაო გოდებაში გადაიზარდა. ძირს ჩასულს ხალიფებმა – აბდულაჰმა და ალი-უდელ-ჰელუმ ხელი ჩაჰკიდეს და ასე მიიყვანს ცხვრის ტყავის ნატთან, სადაც წინასწარმეტყველმა დაიჩოქა. ამ მცირე შესვენების ჟამს იდრისმა დრო იხელთა და სტაშს გულაჩქროლებულმა ჰკითხა, ემირებს შორის სმაინი ხომ არ არისო.

   – არა! – შესძახა ბიჭმა, რომელიც ამაოდ ეძებდა ნაცნობ სახეს. – ვერსად ვხედავ. ეგებ ხარტუმის აღებისას დაიღუპა.

   ლოცვა დიდხანს გაგრძელდა. მაჰდი ლოცვისას ხელ-ფეხს ჯამბაზივით იქნევდა, ანდა თვალებს აღფრთოვანებისგან ზეაღაპყრობდა და იმეორებდა: “აგერ ისიც! აგერ, ისიც!” და როცა მზე დასავლეთისკენ გადაიწვერა, მხოლოდ მაშინ წამოდგა და სახლისაკენ გაემართა. ბავშვები ახლა თვალნათლივ დარწმუნდნენ, რა პატივისცემით ეპყრობოდნენ დავრიშები თავიანთ წინასწარმეტყველს, რადგან მის ნაკვალევს ადამიანები ჯგროდ მოსცვივდნენ და მიწა ააბდღვნეს იმ ადგილს, რომელსაც მისი ფეხი ეხებოდა. მოხდა შეხლა-შემოხლა და საქმე ცემა-ტყეპამდეც კი მივიდა, რადგან ხალხსსწამდა: ეს მიწა ჯანმრთელებს ჯანს უნარჩუნებდა, სნეულებს კი – აჯანმრთელებდა.

   სალოცავი მოედანი ნელ-ნელა დაცარიელდა. იდრისმა არ იცოდა, რა ექნა და ის ის იყო, ქოხში, ხამისთან, დაბრუნება გადაწყვიტა, რომ მოულოდნელად დილას გაცნობილი ბერძენი დაინახა.

   – თქვენზე მაჰდის ვესაუბრე, – უთხრა არაბულად, – და წინასწარმეტყველს თქვენი ნახვა სურს.

   – მადლობა ალაჰს და თქვენ, ბატონო! – შესძახა იდრისმა. – მაჰდის გვერდით სმაინს თუ ვნახავთ?

   – სმაინი ფაშოდში იმყოფება, – მიუგო ბერძენმა.

   ამის შემდეგ სტაშს ინგლისურად მიმართა:

   – შესაძლოა, წინასწარმეტყველმა მოწყალე თვალით გადმოგხედოთ, რადგან ბევრი ველაპარაკე. ვუთხარი, რომ მის გულმოწყალებაზე თეთრკანიან ხალხშიც ხმა გავარდება. აქ უამრავი საშინელება ხდება და მის დაუხმარებლად ან შიმშილითა და უსახლკარობით დაიხოცებით, ან სნეულებით, ან სულაც რომელიმე გადარეულის წირვა გახდებით. ასე რომ, როგორმე მისი გული უნდა მოიგოთ. ეს კი შენზეა დამოკიდებული.

   – როგორ უნდა მოვიქცე, ბატონო? – ჰკითხა სტაშმა.

   – უპირველესად, წარგადგენენ თუ არა, მის წინ მუხლებზე დაეცი და, თუ ხელი გამოგიწოდა, პატივისცემის ნიშნად აკოცე და შეევედრე, მფარველობა არ მოგაკლოთ. – აქ ბერძენმა სიტყვა გაწყვიტა და ჰკითხა: – ამათ ინგლისური ესმით?

   – არა. ხამისი ქოხში დარჩა, იდრისი და გებჰრი კი მხოლოდ რამდენიმე სიტყვას ახლაფორთებენ, სხვები კი ამდენსაც ვერა.

   – ძალიან კარგი. მაშ, ყური მიგდე, რადგან ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ. მაჰდი აუცილებლად გკითხავს, მზად ხარ თუ არა მიიღო მისი სარწმუნოება. უმალვე უპასუხე, რომ მზად ხარ და ისიც უთხარი, რომ მისი შემოხედვისთანავე რაღაც უცნაური ღვთიური შუქი მოგეფინა. კარგად დაიმახსოვრე “უცნაური ღვთიური შუქი”... ამით მის გულს მოიგებ და, შესაძლოა, მულაზემად, ანუ პირად მსახურადაც კი მიგიღოს. თუ ასე მოხდა, თქვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, რადგან აღარაფერი გაგიჭირდება, თავშესაფარიც გექნებათ, საჭმელ-სასმელიც და ვეღარც სნეულება დაგაკლებთ რამეს. სხვაგვარად, შენც, ეს პაწია საცოდავიც და მეც ცუდ დღეში ჩავცვივდებით. გაიგე?

   სტაშს კრიჭა შეეკრა, კრინტიც ვეღარ დაძრა, ოღონდ სახე გაუქვავდა და თვალებში გულგრილი იერი აესახა, რის გამოც ბერძენმა ისევ განაგრძო:

   – ვიცი, ჩემო ბიჭუნა, ცუდ რჩევა-დარიგებას გთავაზობ, მაგრამ სხვა გამოსავალი არაა! მათ, ვინც ხარტუმში მოწყობილ ხოცვა-ჟლეტას გადაურჩა, ყველამ მაჰდის მოძღვრება აღიარა. უარი განაცხადა მხოლოდ რამდენიმე კათოლიკე მისიონერმა და მონაზონმა, მაგრამ ეს სულ სხვა რამეა. ყურანი კრძალავს სასულიერო პირის მოკვლას და, თუმც საშინელ დღეში იმყოფებიან, ყოველ შემთხვევაში სიკვდილი მაინც არ ელით. სამაგიეროდ, საერო ხალხს თავის გადარჩენის სხვა გზა არ ჰქონდა. კიდევ ერთხელ გიმეორებ, რომ მაჰმადიანობა მიიღო ყველამ: გერმანელებმა, იტალიელებმა, ინგლისელებმა, ბერძნებმა... მათ შორის, მეც...

   და, თუმცა სტაშმა დაარწმუნა, ჩვენს ჯგუფში ინგლისური არავის ესმისო, მაინც ხმას დაუწია:

   – იმის მტკიცებას არ დავიწყებ, რომ ეს არ არის რწმენისაგან განდგომა, რწმენის ღალატი. თუმცა თავის გულში ყველა მაინც იმად დარჩა, ვინც იყო, და ღმერთი ამას ხედავს... ძალადობის წინაშე ქედი უნდა მოიხარო, თუნდაც გარეგნულად მაინც... ადამიანის ვალია, გაუფრთხილდეს სიცოცხლეს და სიგიჟე იქნებოდა, შენ წარმოიდგინე ცოდვაც კი, განსაცდელში თავის ჩაგდება. გეკითხები – რისთვის? სულ რაღაც ორიოდ სიტყვის გულისთვის, რომელთა უარყოფაც გუნებაში ყოველთვის შეგიძლია? კარგად დაიმახსოვრე, რომ შენს ხელთაა არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე, არამედ ამ შენი პაწია მეგობრისაც, და შენი ვალია, უეჭველად თვალისჩინივით გაუფრთხილდე!.. მინდა გწამდეს, რომ, თუ ღმერთი ინებებს და ამათი ხელიდან ოდესმე დაგიხსნის, არც სინდისის ქენჯნა შეგაწუხებს და არც სხვა ვინმე დაგწამებს ცილს, ისევე, როგორც ჩვენ ყველას.

   ბერძენი, ამას რომ ამბობდა, ალბათ, საკუთარი სინდისის დაშოშმინებას უფრო ცდილობდა, მაგრამ სტაშის საჩუმემაც მოატყუა და ეს შიშის ნიშნად მიუთვალა. ჰოდა, თავისი ჭკუით, ბიჭის გამხნევება გადაწყვიტა.

   – აგერ, მაჰდის სახლიც. – უთხრა. – ხარტუმში ყოფნას ომდურმანში, ამ ხის შენობაში, ცხოვრება ურჩევნია, თუმცა იქ გორდონის სასახლეში შესვლაც შეეძლო. აბა, ყოჩაღად! თავგზა არ აგებნეს! კითხვებზე გაბედულად უპასუხე; სიმამაცეს აქ დიდ პატივს მიაგებენ; არ გეგონოს, მაჰდი ლომივით ბღაოდეს. არა! ის მაშინაც კი იღიმება, როცა გუნებაში ბოროტი ზრახვა უდევს.

   ეს რომ თქვა, სახლის წინ თავშეყრილ ხალხს დაუყვირა, გზა მიეცათ წინასწარმეტყველის “სტუმრებისათვის”.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სენკევიჩი ჰენრიკ / რომანი