სერებრიაკოვა მადი

 

დასასრული, ანუ რა უნდა გავაკეთოთ ორგიის შემდეგ

 

 

 

“წარმავალი ადამიანის წარმავალი ისტორია” – ასე განსაზღვრავს მაქს ვორკვაიმერი მისი თანადროული ერთი კონკრეტული პერიოდის და, ზოგადად მეოცე საუკუნის კულტურულ-ისტორიულ კონიუნქტურას. თავის ნაშრომში „გონების დაბნელება“ იგი მსჯელობს იმ პარადოქსულ სიტუაციაზე, სადაც კულმინაციას აღწევს

თვითებისა და ბუნების დამანგრეველი ანტაგონიზმი, რომელშიც მთელი ჩვენი ცივილიზაციის ისტორიაა კონცენტრირებული (ჩვენ მოწმენი ვართ იმისა, რომ ბუნების დამორჩილების ტოტალიტარულმა სწრაფვამ ეგო, ადამიანის სუბიექტი რეპრესიის იარაღის მარტივ ფუნქციამდე დაიყვანა). მეორეს მხრივ კი, ფილოსოფიური აზროვნება ამ ანტოგონიზმის უარყოფამდე მივიდა, ან საერთოდ დაივიწყა მისი არსებობა.

გრეგორ ზამზას (ზაზა ბურჭულაძე) რომანზე – სულთათანა-ზე მუშაობისას (არცთუ შემთხვევით), პირველად სწორედ ეს სენტენცია გამახსენდა. არცთუ შემთხვევით – იმიტომ, რომ დღეს, როცა თვით სამეცნიერო წრეებშიც სერიოზულად მსჯელობენ აპოკალიფსურ დროზე, რომანში აღბეჭდილი ფანტასტიური სიტუაცია, ვფიქრობ, ძალზედ არაზღაპრულად ციტირებს თანამედროვე კონზუმირებულად წოდებული ტრაგი-კომიკური საზოგადოების სახეს. მთელი რომანი გამსჭვალულია თითქმის ლოზუნგის ჟღერადობამდე უტრირებული კივილით, თუ გნებავთ, გინზბერგისეული ღმუილით ჩვენი ცივილიზაციის მკვდარი ღმერთების მისამართით.

სულთათანას კითხვისას, პირველ რიგში, ერთი თავისებურება გჭრის თვალს: კერძოდ ის, რომ რომანი მუდმივ გრადაციას განიცდის მონოლოგიდან მესამე პირის ნაამბობისკენ. თუმცა, პრინციპული სხვაობა მთხრობელსა და, ერთი შეხედვით, მენტალურად შერყეული ჯიმის (მთავარი პირსონაჟი) ნაამბობს შორის არ არსებობს: რჩება შთაბეჭდილება, რომ ან თვითონ ჯიმია სულთათანას ავტორი, ანდა პირიქით. თუმცა ეს ხარვეზი კი არა – ემოციურად ძლიერ გამართლებული მომენტია და მკითხველსაც ერთგვარად თანამონაწილის პოზიციაში აყენებს.

მიუხედავად ამისა, ამ შემთხვევაში ჩემი ძირითადი ინტერესის სფეროს წარმოადგენს არა ნაწარმოების ლიტერატურული ღირსებები (რასაც ვფიქრობ ჩემი კონსტატირება ისედაც არ სჭირდება), არამედ ის ფსევდო-ფანტასტიკური ველი, სადაც იშლება სიუჟეტი (პირობითად) და მისი ფსევდო-ფანტასტიკური გმირი. ფსევდო – იმიტომ, რომ, ცნობიერების ყველაზე უღრმესი უფსკრულიდან წამოსული არტე-ფაქტები, ყველაზე შეულამაზებლად გამოხატავენ მასზე კრიმინალისტი ფოტორეპორტიორის ობიექტივის სიცივეში ჩაყინულ მასალასავით მოუთვინიერებელ ყოფიერებას.

ჯიმის კრებით სახეს ავტორი საკმაოდ პირდაპირ უკავშირებს ვიპური მოძრაობის მითოლოგიურ გმირს – ჯიმ მორისონს. თუმცა ეს საკმაოდ მარტივი პარალელიც ჩემთვის სრულიად მისაღებია, თუნდაც იმის გამო, რომ 50-60-იანი წლების ახალგაზრდული მოძრაობა და მასთან დაკავშირებული ძვრები საზოგადოებრივ და კულტურულ სფეროში, ჩვენს ყირაზე დამდგარ საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროტესტი იყო კონზუმერიზმისა და რობოტიზაციის (როგორც ამას მოფერებით ეძახიან – გლობალიზაციის) გზაზე შემდგარი ცივილიზაციის წინააღმდეგ.

შემთხვევითი არ არის, რომ სულთათანა ჯიმ მორისონის ლექსით – დასასრულით მთავრდება. ნაწარმოების სიუჟეტი თითქმის ზუსტად იმეორებს ლექსის შინაარსს, ნაცნობია ის პათოსიც, რითაც ლექსია განმსჭვალული. მეც ზუსტად იმით დავიწყებ – რითაც ლექსი იწყება:

ეს დასარულია

მშვენიერო მეგობარო

ეს დასასრულია

ჩემო ერთადერთო მეგობარო, დასასრული

ჩვენი ნალოლიავები გეგმების, დასასრული

ყველაფრის რაც დგას

დასასრული

არცთუ შემთხვევითი დამთხვევის გამო, ათასწლეულის ბოლოს შექმნილი

სულთათანა და მისი პირველწყარო – ჯიმ მორისონის დასასრული ძლიერ ადექვატურიად ეხმიანებიან დასავლეთის ინტელექტუალურ წრეებში დამკვიდრებულ ზემოხსენებულ მოდურ აპოკალიფსურ განწყობილებას. თუმცა, დიდი უსამართლობა იქნებოდა ეს თემა მხოლოდ მოდის დროებით შიკად შემერაცხა და ანგარიში არ გამეწია იმ ბექგრაუნდისთვის, რამაც ობიექტური საფუძველი მისცა აღნიშნული თემის პოპულარობას. ყოველ შემთხვევაში, დემონებთან შეთამაშება არც ამ საუკუნეში და არც თუნდაც ამ ათაწლეულში არ დაწყებულა.

შეიძლება ეს თამაში იმ მითოლოგიურ ეპოქაში დაიწყო, როცა თითქმის ყველა უძველესი ერების რელიგიურ თქმულებებში თითქმის ერთდროულად გაჩნდა მითები დაცემულ ანგელოზებზე, სამყაროში სიკვდილის შემოსვლასა და კაცობრიობის ღვთაებრივი შესაძლებლობების ადამიანურ ჩარჩოებზე.

თუმცა, თამაშის წესების ჩამოყალიბებასაც თავისი ისტორია აქვს: აღორძინების ეპოქიდან მოყოლებული, ჩამოყალიბდა გარკვეული იდეალი პიროვნებისა, რომლისთვისაც არაფერი ადამიანური არ არის უცხო. მის სამყაროს ღმერთი განაგებს, შესაბამისად, იქმნება იდეებისა და ცოდნის გარკვეული სისტემა და გარკვეული ტიპი კულტურისა – ვუმანიტარული კულტურა. ვითარება კარდინალურად შეიცვალა მეოცე საუკუნეში, როცა მსოფლიო ომების, ღრმა სოციალური კატაკლიზმების, სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციების შედეგად, დაგროვდა კოლოსალური ინფორმაცია, რომელიც ვეღარ დაეტია ერთი რომელიმე სისტემის ფარგლებში, კაცობრიობის გონი სექტანტურად დანაწილდა მანამდე არსებულ მიმდინარეობებზე ბევრად უფრო ღრმა, უფრო რადიკალურ დაპირისპირებაში. ეს ტვირთი მეტად მძიმე აღმოჩნდა ჩვეულებრივი ადამიანის მხრებისთვის: ადამიანს ადამიანური ჩარჩოების გარღვევა უკვე დაუოკებელ მოთხოვნილებად ექცა.

საკუთარ თავზე ამაღლებისა (ქრისტოფერ მარლოუ) და ბედის სამძღვრის გადალახვის (ნ. ბარათაშვილი) ისტორია ღმერთის სიკვდილის (ან მიძინების) აღიარებით დამთავდა:

როცა კი დამჭირვებია – ამბობს ჯიმი, – რაც თავი მახსოვს, უფალს სულ მუდამ მკვდარივით ეძინა... ხოლო მისი ამონასუნთქი ისევე თეთრად და ქოთქოთით იფრქვეოდა მოწმენდილსა და გადალურჯებულ ცაზე, როგორც თბილი დანაორთქლი დაბრეცილი სარკის ზედაპირზე.

ადამიანებისთვის მკვდარი ღმერთი (ანდა პირიქით) პირველად ნიცშემ შეამჩნია. ცოდნის ხის სიმძიმით შეწუხებული ზარატუსტრა ერთ-ერთი პირველი გაექცა ადამიანური ყოფიერების ვიწრო ჩარჩოებს. აქამდეც და ამის შემდეგაც, ლიტერატურას დაუგროვდა უთვალავი მაგალითი რომანტიული სენტიმენტებით აღტკინებული მწერლებისა, რომლებიც ფაფარაშლილი რაშებით მიაჭენებდნენ საკუთარ შემოქმედებითი გენიით გასხივოსნებულ ავადმყოფობას (თ. მანი). ეს მომენტი თავისებურად სუბლიმირდება თანამედროვე ლიტერატურაში. არ შევუდგები გაუქმებული რწმენის მაგალითების ჩამოთვლას თუნდაც იმ მარტივი მიზეზი გამო, რომ თავად მოვესწარი იმ ტრაგი-კომიკურ სიტუაციას, როცა ყოფილ ეკლესიაში ჯერ სკოლას ხსნიან, მერე კანტორას... და ა.შ..

ბრძოლის უფრო დახვეწილი მეთოდებით ებრძვიან მას დემოკრატიულ დასავლეთშიც, სადაც ტრადიციულ რწმენას უამრავი შემცვლელი მოუგონეს სხვადასხვა რელიგიის, მაგიის კოქტეილებით, არადანიშნულებისამებრ გამოყენებული ფსიქოტროპული საშუალებების და სხვათა სახით.

რწმენის საკმაოდ არაორაზროვანი სიმბოლო – ტაძრის მეტაფორა ფიგურირებს სულთათანაშიც. ნიშნად იმისა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არაფრის არ სწამს – თუნდაც საკუთარი ურწმუნოების – ზამზას ავისმომასწავებლად დადუმებული ტაძარი უხილავი საცეცებით მაინც ჯიუტად იზიდავდა თავისკენ. მხოლოდ ახლოს მისული თუ შეამჩნევდა, რომ მას უამრავი, ერთმანეთში ჩახვეული, ჩაგრაგნილი, უშნოდ აფუტფუტებული მოთეთრო-მოვერცხლისფრო ხვლიკი დასეოდა. დაცარიელებულ ტაძარს შესეული უწმინდურის მეტაფორა – საკმაოდ ერთმნიშვნელოვანი სიმბოლო სულიერი დაცარიელებისა – კიდევ ერთი ორიგინალურ სახეს მახსენებს, ისევ ნიცშედან. ეს უკანასკნელი, გველების გორგალს, რომელიც თანდათან იხსნება, მიცოცავს სხვადასხვა მხარეს და ნადავლს დაეძებს – ადამიანთა ბრბოს ადარებს, რომელიც ყველგან აღწევს და ყოველივეს წარწყმედს თავისი ბინძური შეხებით.

დავუბრუნდები კვლავ ჯიმის (გმირს თუ პროტოტიპს): სიძულვილს, შიშს, თუ კიდევ რაღაც უფრო მეტს, რაც მას ჩვეულებრივ ადამიანებს განაშორებს, აფრთხობს, ფესვები არამხოლოდ მის პირად წარსულში აქვს გადგმული. უტყუარი ლოგიკის მიხედვით, მშობიარობას გადაყოლილ დედას და საკუთარი სიზმრის ურჩხულზე დაციკლულულ შეშლილ მამას თავისი დაღი უნდა დაესვა ჯიმისათვის, მაგრამ აქ მხოლოდ ეს ლოგიკა არ ამართლებს. ეს შიში უფრო თაობის შიშს ვგავს, რომელმაც წარსულთან ბრძოლას კი გაუძლო, მაგრამ მომავალში სიკვდილისაკენ მიმავალი გზის მეტს ვერაფერს ხედავს – ღმერთი ხომ მკვდარია, ღმერთს იქით კი სიკვდილის მეტი რაღა უნდა იყოს. არადა, ცხოვრება ხომ მათაც სულ სხვანაირად წარმოედგინათ – მეგონა, თიხის ქოთანს გამოვაცხობ, ლამაზ ყვავილს ჩავრგავ და მოწყურებულ მცენარეს საღამოხანს ჩაიდნიდან წყალს დავუსხამ-მეთქი...

 მაგრამ მომავალთან წაგებულმა ბრძოლამ – როცა მხოლოდ ძველი დაინგრა და მის ადგილას ფრაგმენტირებული, მყვირალა და უიმედო ანტი-მომავალი გამოჩნდა, სადაც მკვდარი პოეტები

 (აზრი რატომღაც ბარტის მკვდარი ავტორებისკენ მიმაქანებს) ფუძიამას ძირში დაბანაკებული ქარავნისაკენ მიიჩქარიან.

ერთი წუთით გადავხედოთ მკვდარი პოეტების ეტიმოლოგიას. მათ ადგილსამყოფელამდე, რომლის ლოკაციაც გრეგორ ზამზამ ფუძიამას ძირში განსაზღვრა, რამოდენიმე გზით შეიძლება მივიდეთ. შეიძლება კომპასის ფუნქცია აქ თაობათა შორის დაპირისპირების ყბადაღებულმა თემამ იკისროს, ანდა გზის გამკვლევად ხელოვნების დასასრულის შესახებ გავრცელებული მითოლოგია გამოგვადგეს. ნებისმიერ შემთხვევაში ერთსა და იმავე ფატალურ წინააღმდეგობამდე, უარამდე, პროტესტამდე მივდივართ, რომელშიც ერთიანად გაითქვიფა სუბიექტი, ინდივიდუალობა, საკუთრებისა და საკუთარ ნამოქმედარზე პასუხისმგებლობის ღირებულებები: ჩემი ცხვირსახოცი, ჩემი ვალსტუხი, ჩემი ცოლი – სასაცოლოა, ამ წვრილბურჟუაზიული ხაფანგიდან დიდი ხანია გამოვძვერი – ამბობს რობერ მერლის რომანის შუშის მიღმას გმირი. სამშობლო, დედა, ცოლი, შვილები – უკვე აღარ ის, რაც ადრე თავდავებითა და გაგიჟებით უნდა დაგეცვა და შეგენარჩუნება. ჯიმი კი დაეძებს მკვდარ თუ დაკარგულ დედას, მაგრამ მათ შორის კავშირი იოდიპური კავშირის ბუნდოვან ანარეკლს იძლევა; ჯიმის მხოლოდ ის სურს, რაც თავიდანვე ეკუთვნოდა: რამოდენიმე წვეთი რძე და ის გაუთავებელი პატიება, რომელიც თურმე ყველა დედამ უშურველად უნდა გაიღოს:ჯიმის პირადი მიზნები უფრო ამოძრავებდა, ვიდრე სხვა რამ. მას შვილი უნდოდა, და მისთვის სულერთი იყო, ვინ გაუჩენდა. თუნდაც დედას გაეჩინა, ამას აღარ დაეძებდა. თანაც იცოდა, დედა აპატიებდა მსგავს ახირებას. დედაშვილობა ხომ ისედაც მარადიული პატიებაა... შვილი თითქოს ერთგვარი დაზღვევა კია იმისგან მარტო რომ არ დარჩეს კაცი სახტად, უფრო ზუსტად, საბუთი დააჩნდეს თავის გასამართლებლად, მარტო მე კი არა, აგერ ბატონო მთელი ქვეყანა სახტად არის დარჩენილიო.

შესაძლოა მაშინ არავინ ფიქრობდა იმაზე, თუ რა შერჩებოდა საბოლოოდ ყველაფრისაგან განთავისუფლებულ, დე-ეგოიზირებულ ადამიანს: ნოლლი მე ტანგერე! (ნუ შემეხები!)... რას წარმოვიდგენდი, თუკი ამ წარწერით ვუპირისპირდებოდი ქვეითად მოსიარულეებს... (სულთათანა).

მაინც რას უპირისპირდებოდნენ ასე ჯიუტად და თავდადებით: კონტრკულტურისთვის ამოსავალ წერტილს ბურჟუაზიული საზოგადოებისა და მისი ღირებულებების: ოჯახის, კარიერის, რელიგიის კერპების დამხობა იყო: დაანგრიე ოჯახი, ნაცია, ეკლესია, ქალაქი, მეურნეობა, დაწვი ფული, შენ ხომ იცი, რომ ცხოვრება სიზმარია და ეს ყველაფერი ადამიანის მიერ შეთითხნილი ილუზია (ვიპების ერთ-ერთი პროკლამაციიდან). ზამზას კონზუმერიზებული საზოგადოების სიმბოლოდ პენსიონერთა კასტა გამოყავს, რომელნიც მუდამ მზად არიან წინ გადაეღობონ ჯიმის, როგორ საზოგადოებაში ყოვლად უადგილო არსებას: მათთვის შეურიგებელი მტერი, მოუთვინიერებელი არსება, ურჩხული ვიყავი. იმიტომ რომ, მე ტრამვა მქონდა მიღებული, სხეულის უნივერსალური დამწვრობა, მათგან ჩემი მთავარზე უმთავრესი განმასხვავებელი ნიშანი... ყველაფერი ეს სხვა არა იყო რა, თუ არა ერთმანეთთან დაუკავშირებელი კულტურებისა და ცივილიზაციების შეჯახება.

რა იყო ასეთი შეუთავსებელი ამ კულტურებში: ალბათ ერთის მხრივ საუკუნეების გამოცდილებით დამძიმებული მხრები და როგორც იქნა მოპოვებული კეთილდღეობა და ძალაუფლება, რომელსაც სისხლის მდინარეების და ოსვენციმების ფასადაც კბილებით დაიცავდნენ და მეორეს მხრივ, აუტსაიდერის მდგომარეობაში დარჩენილი, ზღვა ენერგიით გადაპილპილებული, მყიფე ფესვებზე შემდგარი თაობა, რომელთაც არ აქვთ სტატუსი, როლი და არაფერი აქვთ დასაკარგი საკუთარი სხეულის გარდა. ისტებლიშმენტმა ისინი გომბეშოებით გარშემორტყმული ბუზანკლის პოზიციაში მოათავსა: ბუზანკლის, რომელიც მოგონილი არხეინობით აკვირდება მის თვალწინ გარინდებულ ხორკლიან გომბეშოებს, ვითომც არ აღელვებდეს ისინი, მაგრამ საკმარისია სივრცეში ანავარდება სცადოს, მაშინვე გადაკეცილ ენას დააწევენ თავნება მწერს.

აჯანყებამ კი იფეთქა და მოსალოდნელ მასშტაბებსაც გადააჭარბა, მაგრამ სჩანს მის დაწყებამდეც ვიღაცამ იზრუნა მოსალოდნელი შედეგების ფალსიფიცირებისთვის (ავი ენები ამბობენ, რომ კონტრკულტურული მოძრაობის ლიდერი ვერბერთ მარკუზე სინამდვილეში სახელმწიფო სპეცსამსახურების დაკვეთას ასრულებდა). სიმბოლურია, რომ ვეით-ეშ-ბერი, სადაც ძმობა, სიყვარული, მშვიდობის ლოზუნგით გაერთიანებულ ახალგაზრდებს პატარა სამოთხე ვქონდათ მოწყობილი, ბოლოს ძალადობისა და ნარკომანიის ბუდედ გადაიქცა.

მოკლედ, გაქცევა ვერ განხორციელდა, ანდა უბრალოდ, ისინი ამას არ ელოდნენ: თუ არ ჩავთვლით მოდას აყოლილი გრძელთმიანი ყმაწვილების მომრავლებას ქუჩებში, ყველაფერი ძველებურად დარჩა (ჯონ ლენონი). სწორედ ასევე, ჯიმისაც ეგონა გავრბივარო: თვითონ ფიქრობდა, მივრბივარო, თორემ მის მოუხეშავსა და უღონო მოძრაობებს მაყურებელი როგორც შენელებულ კადრს, ასე აღიქვამდა – როგორც ღია კოსმოსში გასულისა და უწონადობაში უხერხულად დაკიდულის უმწეო ფრენას

P. S. თავიდან ღმერთი მოკვდა, შემდეგ ომი საკუთრებას, ძალაუფლებას, სახელმწიფოს და მამაკაცთა დომინაციას გამოუცხადეს. უკვე არავისთვის ახალი ამბავი არ არის, რომ მიმდინარე გლობალიზაციის პროცესში მსოფლიო მექანიზმმა უკუღმა დაიწყო მუშაობა. დღეს კი უკვე ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ ადამიანის სიკვდილის შესახებ. ალბათ, დროა ვაღიაროთ, რომ ჩვენ თვითონ, მთელი ძალისხმევის დაძაბვით ვიპოვნეთ ის სიტყვა-საგზური, ფუძიამას ძირში დაბანაკებული მკვდრების საუფლოსაკენ რომ გაგვიხსნიდა გზას.

ეს თვითმკვლელობა არც ისეთი ადვილია, როგორც ვთქვათ აბაზანაში ჩაწვე და მაჯა გაიხსნა. ადამიანის სიკვდილი ეტაპ-ეტაპ განხორციელდა, ისევე როგორც ჯიმის თვითმკვლელობაც, აბაზანაში ჩაწოლამდე მას რიგ-რიგობით მოუკვდა თვალები, გული, მუხლები, ნებისმიერ მსურველს შეეძლო მისი სხეულის ნაწილები სურვილის მიხედვით, ხელს გაეყოლებინა. ადამიანებმაც რიგ-რიგობით, უსარგებლო სამოსელივით განიძარცვეს სიცოცხლისა და ადამიანურობის ნიშან-წყალი: გაითქვიფა სქესი, რასა, ჩვენთვის საკუთარ სახეზე უარის თქმა – უბრალო ყოველდღიურობაა (პლასტიკურ ქირურგიაში, მაგალითად), კიბერნეტიკულმა რევოლუციამ გონებისა და კომპიუტერის ამბივალენტურობა დაამტკიცა, კლონირების ექსპერიმენტებით კი გამრვლებისა და თვითდამკვიდრების უძლიერეს ინსტიქტსაც დავამარცხებთ: ვინ ვარ მე? ადამიანი თუ მანქანა... ადამიანი თუ კლონი.. ქალი თუ მამაკაცი... (ჟან ბოდრიარი), ან უბრალოდ, რა ვაკეთოთ ორგიის შემდეგ.

სულთათანაში ერთი ძალიან ლამაზი სახე მეორდებოდა წამდაუწუმ: ოქროსფრად მბზინავი მტვრის ბულულები,.. რომლებიც ნიავდაკრულები უმისამართოდ იკარგებოდნენ თვალუწვდენელსა და დაუბოლოვებელ სივრცეში.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სერებრიაკოვა მადი / დასასრული, ანუ რა უნდა გავაკეთოთ ორგიის შემდეგ