სოლომანაშვილი ბესო

 

დრუჟბა”

 

 

 

ქვემითმოყვანილი ისტორიული, ბიოგრაფიული, ქრონოლოგიური ფაქტებიდან ნურც ერთს ნუ დაიჯერებთ და ნამდვილ ამბადაც ნუ მოუყვებით ნურავის, გამოგონილია.

ავტორმა ყველაფერიშეგნებულად დაამახინჯა; ვითომ, რო მხატვრულ ღირებულებას წაადგებაო და გთხოვთ დიდსულოვნად მიუტევოთ.

  დიდი ხნისთ ადრე, სანამ მე დავიბადებოდი, ბიძაჩემებიდან ყველაზე უფროსი, კასპიდან მცხეთამდე ცურვით ჩაყვა მტკვარს, რათა ბიძაჩემებიდან ყველაზე უმცროსი, სამი დღის დამხრჩვალი ძმა ეპოვნა. უცურია, უცურია, მცხეთასთან მართლაც უპოვნია; ამოუყვანია მდინარიდან და რომ დაუხედავს ძმის, წყლისაგან გადაგლესილი სახისთვის, დავარდნილა და პირიდან ქაფი გადმოსვლია.

მერე ერთხელ კიდევ დამართნია ასე, და მერე კიდევ და კიდევ. სოფლელ ქალებს ბნედააო – უთქვამთ. ამ თავისმა შეძრულმა სულმა

გადაიყოლა ბიძაჩემი, დაახლოვებით მაშინ, მე რომ სამი თუ ოთხი წლის ვიყავი.

მანმადე კი ყოველ შემოდგომას, ჩემი საგვარეულოს ყველა წევრი, დიდი თუ პატარა, მთელი სანათესაო, ქართული სოფლის, ერთ დიდ, ძველ სახლში ვიკრიბებოდით და რთველს ვმასპინძლობდით. სახლი გარედან კირით იყო შებათქაშებული და ერთ კედელს შენალესი ჩამოსცვენოდა, იქიდან კი ზოლებად, ჯერ მარჯვნივ დახრით დალაგებული რიყის ქვა იცქირებოდა, მერე სიბრტყით დალაგებული, მერე ისევ დახრით, ოღონდ უკვე მარცხნივ და სულ მეგონა, რომ სახლიც ისე იყო დაწნული, როგორც უშველებელი, მსხვილი წნელით დაწნული გიდორი, რომელშიც ჩამსვამდა ხოლმე ბიძაჩემებიდან ყველაზე უფროსი და ყველაზე ღონიერი და აქეთ-იქით დამარბენინებდა. გოდრის კედლები ჩემზე მაღალი იყო, ამიტიმ ქვეყნიერებას წნულებს შორის ღრეჩოებიდან გავყურებდი. ვხედავდი: როგორ იცილებდა მამაჩემი აბეზარ ბუზანკალს, ბიძაჩემის დაძარღვულ კისერს, თეთრი პერანგის გადმობრუნებულ საყელოს, რომელზედაც წითელი, წაგრძელებულ წარწერიანი იარლიყი ეკრა შორიდან კი დედაჩემის სიცილნარევი ძახილი ისმოდა: – “დასვი, დასვი, თეთრი გაცვია, დაგესვრება“ – და ეს ხმა ყოველთვის მაგონებდა გაზაფხულზე ახლად გამოყლორტილ ფოთლების ფერს, ვენახში, დამწვარი წალმის გამჭვირვალე კუამლის იქით რომ ჩანს ხოლმე. ზუსტად ოცდარვა წლის შემდეგ, მამაჩემის ძველმანებით სავეს სკივრის ქექვისას ის წაგრძელებული წარწერა აღმივაჩინე; თეთრი, ჩინური პერანგის საყელოს, თეთრ იარლიყზე, ირიბად, წითელი ასოებით, რუსულად ეწერა:”დრუჟბა”.

რადგან იმ დროს, როცა ამ პერანგს იცვამდნენ, რუსეთის დიდი იმპერია, წითელ კომუნისტებს რომ ჩაეგდოთ ხელში, ყვითელ ჩინეთთან მეტისმრტად მეგობრობდნენ.

  ბიძაჩემებიდან ყველაზე უფროსი, ყველაზე გონიერი და მისი ასაკისთვის. შეუფერებლად, ყველაზე მეოცნებე (თუკი შესაძლებელია ოცნებას ასაკი ჰქონდეს) ბიძაჩემის უცნაურ ახირებაზე: ”აქ, სადღაც საგვარეულო მარანია, გავთხაროთ ხალხო. ჩვენმა მამა-პაპამ ხმალ-იარაღი ჩამალა, იქნებ ჩაჟანგებას გადავარჩინოთო. ის კი არა, გვარის ზედაშე მანდ უნდა იყოს, რომ წავბილწოთ, მერე რა ვქნათო!” – უმცროსი ძმები იღიმებოდნენ.

  იმ რთველზე თუ არა, შემდეგზე მაინც, ან შესაძლებელია უფრო ადრეც გადაღლილ-დამძიმებული სულის გამო, ქართული, ძველი სახლის ერთი ოთახის თეთრი კარის უკან მიმალეს ბიძაჩემი. ამ კარს შიშისგან გაფართოებული თვალებით შევხედეთ მე და ჩემმა ბიძაშვილებმა და ალბათ ისიც შევამჩნიეთ, რომ მასში გაკეთებული ცერის სიმსხო ნახვრეტი დაკუჭული გაზეთით ამოეტენათ. ამის შემდეგ დიდი ხანი აღარ ჩაუყვანივართ სოფელში და ჩემს ქართულ პასტორალსაც კაი ხნით აღარ ეწერა გამეორება.

  ზემელზე მელიქ კაზარიანცის სახლს ნათალი ქვით მოკირწყლული ქუჩა მიუყვებოდა; ეს ქუჩა რესტორან “ყაზბეგით” იუო ცნობილი, მე რომ ახალგაზრდობაში “გადიუშნიკს”ვეძახდი, სადაც თრობის პირველი გემო და ეშხი ვიგრძენი. “ყაზბეგი” ზემელელებისთვის ბაბილონის გოდოლი იყო, თითქოს მთელ აღმოსავლეთს იქ მოეყარა თავი და ქართულსაც ისევე იშვიათად გაიგებდი, როგოეც ვთქვად ჩინურს; ის კი არა, ჩინელებთან კარგი მეგობრობის გამო, ალბად ჩინური უფრო ჩაგესმოდა, მჟავე ღვინოში ჩამხჩვალი კლიენტებისგან, ხინკლის ოხშივარსა და პაპიროსის მწარე კვამლში რომ ლივლივებდნენ ამსუბუქებული სხეულებით.

  მელიქ კაზარიანცს თავის დროსაც ჰქონდა აქ დუქანი; მაშინ რა ერქვა ის კი არ ვიცი, მაგრამ იმის ეჭვი კი არსებობს, რომ სწორედ ამ დუქნიდან დაიწყო ერთი ქაქიჭამია რევოლუციონერის სიკვდილის თავშესაქცევი ისტორია, როცა რევოლუციური ცეცხლითა და ღვინით გულახურებულმა, დუქნის წინ ფაეტონი გააჩერა და მეეტლეს მჭახედ შეუძახა, გააჭენეო!

  ბებიაჩემი მიყვებიდა, სულ პატარა რომ ყოფილა, ისეთი პატარა თვითონც რომ არ ახსოვდა, ლაპარაკს და სიარულს რომ იწყებდნენ იმ ასაკში, მამამისი რევოლუციური იდეების გამო ქაქიჭამიასთან ერთად მოხვედრილა სატუსაღოში,

ორი პალტო მქონიაო, ერთი თეთრი, ერთი წითელი.

თუ მამასთან წითელი პალტოთი შემაგზავნიდნენ, ესეიგი პალტოს სარჩული პროკლამაციებით მქონდა გამოტენილიო. ცუდი სანახავი ყოფილა ქაქიჭამია, გაბურძგნული და შავ-შავი, თურმე სულ ვტიროდიო, – ბებიაჩემმა.

  მერე გაყიფილა ქაქიჭამიასა და ბებიაჩემის მამის გზები, იდეები ვეღარ გაუყვიათ. ქაქიჭამია ნამეტანი მგზნებარე აღმიჩენილა, არა მარტო რევოლუციისთვის.საიდანღაც ათაშანგი შეჰყრია ცეცხლოვან გზებზე მოხეტიალეს და ჭორად დადის, რევოლუციის სულ მთავარი მეორე ბელადის დავალებით, რევოლუციის სულ მთავარი პირველი ბელადის ცოლს გაარშიყებიაო, იმას კი თავისი ბელადი ქმრისთვის იდეების სანაცვლოდ დაავადება გადაუდია. ის ბელადი ამ დაავადებამ იმსხვერპლა, არსად წამოსცდენოდა ეს ამბავი. ჩვენი ქუჩის უსაშველო თავდაღმართზე თვალი მოსწყვეტია ფაეტონს და ცხენიან, მეეტლეიან, რევილუციონერიანად ღვინის ძველისძველ ქარხნის გალავანს შეხეთქებია. ის მჟავე ღვინოც, ჩემს ყმაწვილკაცობაში “ყაზბეგში” რომ სვამდნენ და ალბათ ის კარგი ღვინოც, ქაქიჭამიამ უკანასკნელად რომ იგემა მელიქ კაზარიანცის სახლის დუქანში, ამ ქარხნიდან იყო.

  აუჰ! უტკეციათ შუბლში ხელი საქმეში ჩაუხედავ წითლებს და მეტი რომ არ დაღუპვოდათ მგზნებარე ქაქიჭამიები, აუყრიათ ქუჩა, მიუსწორ-მოუსწორებიათ, როგორც შესძლებიათ ამოუვსიათ და ჩემი სახლი, სადაც ჩემები ვერის უბნიდან გადმოსულან, მესამე სართულიდან პირდაპირ სარდაფში აღმოჩენილა. მე უკვე ის დრო მახსოვს, როცა ჩემი სახლის ერთი მხარე მესამე სართულიდან გადაჰყურებდა მტკვარს, მეორე მხრიდან კი, ქაქიჭამიას გამო, ათი მრუმე საფეხურით პირდაპირ და ცხრა საფეხურით მარცხნივ გვიწევდა ჩასვლა, კიბეს მუდამ მორყეული მოაჯირი ჰქონდა და მბჟუტავი ნათურით, რომელზედაც ობობას ქსელი ციმციმებდა, გაჭირვებით ნათდებოდა, ამიტომ მთვრალი ბიძაჩემი კედელ-კედელ მოუყვებოდა და თუ თეთრი სამოსი ეცვა, გაშავებული მოჰქოვდა, ხოლო თუ შავი, პირიქით-გათეთრებული, სახლამდე მშვიდად, უმარცხოდ მოსულს.

  შემოსასვლელი კარის პირდაპირ ოთახი იყო, დიდი ანტიკუარული კომოდი გვედგა, კუთხეში კი-ტახტი; და სამშობიაროდან გამოყვანილი ჩემი ძმაც პირველად ამ ტახტზე დააწვინა დედამ.

წინ მარცხენა კუთხეში, ტახტის მწვანე გადასაფარებელზე, ბავშვის წითელი და თეთრი საფენები გადაშალა. ფანჯრიდან შუქი შემოდიოდა და ფანჯარაზე მდგომ რაღაც მინის ჭურჭელზე ბრდღვიალით ირეკლებოდა. ჩემი ძმა საოცრად უყვარდა ბნელი, ლაბირინთივით დერეფნის იქით, სამ უშველებელ ოთახში მცხოვრებ მეზობელ “ბარისოვნას”. კაი ხნის მერე, როცა უკვე გაზრდილი მერქვა, მაშინ მივხვდი, რომ “ბარისოვნა” ცხოვრების წესის აღმნიშვნელი სახელი კი არ იყო, ბორისის ასულს ნიშნავდა რუსულის მიხედვით. მანმადე კი, თუ სადმე “ყარრაყულის” გაქუცული ქურქით ვინმეს დავინახავდი, ყველა “ბარისოვნა“ მეგონა. “ბარისოვნას” სავივე ოთახი ანტიკვარებით, შარდისა და კატების სუნით იყო გაჯერებული. ოციოდე კატა დაბორიალობდა მის ოთახებში კნუტებს რა თქმა უნდა არ ყრიდა და ჩუქებაც ენანებოდა, გაზაფხულზე მთელი სახლის ბინადართ უძილობა აწუხებდა მათი, მარტში ჩვეული, აღვირახსნილობის გამო.

  ყველა ოთახს თავისი აღმნიშვნელი ნივთი ჰქონდა.

პირველში, მაგალითად, ნახევრად დამწვარ ჩარჩოზე, ზემოდან ჭიკარტებით დაკრული ზღვისტალღებიანი ნახატი ეკრა კედელზე, მე ახლაც მჯერა, რომ ის ნახატი მართლაც აივაზოვსკის ორიგინალი იყო. მეორე ოთახში”ყარრაყულის” (კრაველის) დიდი, გაქუცული ქურქი ეგდო, უძვირფასესი იქნებოდა თავის დროზეო, ამბობდა ბებიაჩემი. იქ ეძინა „ბარისოვნას”, შიგნით იდგა დიდი სარკე; ნიკელის მოსართავებიან საწოლზე გაშლილი, ყვითელი ლაქებით გაპოხილი მაქმანებიანი, კატების ბეწვით სავსე ლოგინი; კედლებზე ახალგაზრდა”ბარისოვნას” და სლავური გარეგნობის, თეთრწვერა ჭარმაგი, კეთილშობილი ოფიცრის გაყვითლებული ფოტოები ეკიდა – დიდ ჩარჩოებში; ოვალურად ამოჭროლ პასპარტუებში; გაბზარული, ბუზების ნასაქმით დაწინწკლული, მინებით.

  “მოი მიხაილ პეტროვიჩ”თუ “პიოტრ მიხაელოვიჩ” – ამბობდა “ბარისოვნა”, რადგან ჭარმაგი ოფიცერი, ფოტოგამოსახულებაზე ჩიბუხი რომ ეკავა ხელში, ამ სახლის პატრონი, შრეული ნაოსნობის კაპიტანი, ადმირალი, თვით იმპერიის ბოლო იმპერატორის ახალო მეგობარი, მისი ქმარი იყო.

  პირადად იმპერატორის თხოვნით თუ მოთხოვნით, სამხრეთის ფლოტის სამსახურაში შემდგარა კეთილშობილი ოფიცერი და დაქორწინების მეორე დღესვე გადმოსახლებულა სამხრეთში თავის ახალგაზრდა ქალბტონთან ერთად, რომელიც თურმე, სულაც არ ყოფილა კეთილშობილი, რადგან ახალი დროების ნიავს, ჭარმაგი ზღვის ლომისთვისაც შეუღიტინებია და მდაბიო მოუყვანია ცოლად.

  ოთხ თვეში ერთხელ სახლის ჭიშკართან სამცხენიანი კარეტა ჩერდებოდა. ცხენები დაღმართზე ძლივს იკავებდნენ თავს, ფრუტუნებდნენ და ახლად დანალული ჩლიქის დანარტყამით ქვაფენილიდან აყრილი ნაპერწკლები, იმპერატორის სადიდებლად დაცემული შედლუხის ელვარებას ჰგავდა. ფლოტის ადმირალს სადარბაზოდან გასვლა არ უყვარდა. დინჯი ნაბიჯით ხვეულ კიბეს ჩაუყვებოდა, მთელს ეზოს გამოუვლიდა ხოლმე, სადაც ხშირად ნადიმს მართავდა. ეამაყებოდა, როცა, ეზოს თუ უშველებელი აივნის ლითონის მოაჯირს დაყრდნობილი, მისი უდიდებულესობა იმპერატორის ნაცვალი მთელი ქალაქის ხედით ტკბებოდა და გემოვნებას უქებდა.

გამგზავრების წინ თვითონაც შეჩერდებოდა მოაჯირთან, ჩიბუხიდან კვამლს ღრმად ჩაისუნთქავდა და გრძელი დერეფნით ჭიშკრისაკენ მიდიოდა. უკან მოახლე-მოსამსახურეები მიჰყვებოდნენ ბარგი-ბარხანით; გვერდით კი – ახალგაზრდა, ლამაზი, მაგრამ მდაბიო, ოღონდ ძალზე ალერსიანი ცოლი. ხშირ, ჭაღარა, ნიკაპამდე ჩამოზრდილ ბაკენბარდების ბოლოსთან, სადღაც ნიკაპსა და ქვედა ტუჩს შორის სამჯერ ჰკოცნიდა ქალი; ამ დროს სახიდან შორს იჭერდა მხრჩოლავ ჩიბუხს ადმირალი. სერტუკის შიგნით, ჟილეტში; გულთან შეუცურებდა ხოლმე ცოლი ხელს და ისე ემშვიდობებოდა, უკვე შებერებულ სხეულში სითბოს გრძნობდა ღირსეული ოფიცერი. კმაყოფილი ჯდებოდა კარეტაში, დიდი ხანი არ ხურავდა კარს და სანამ მოახლე-მოსამსახურეები ბარგს საბარგულში ტვირთავდნენ, ცოლს შესცქეროდა; იგი კი მაქმანებიანი ცხვირსახოცით, რომელზეც ინიციალები და გერბი იყო ამოქარგული, შეუმჩნეველ ცრემლს იწმენდდა და ქვედა ტუჩს იკვნეტდა. ასაკის გამო სენტიმენტალური გამხდარიყო ადმირალი; ამ მომენტისტვის საგანგებოდ, ჩუმად ნაყიდ ერთ ცალ ვარდს გამოაჩენდა, ცოლს გაუწვდიდა, კარს მიიხურავდა და მოოქროვოლ ტროსტს კარეტის კედელს მიარტყამდა, მეეტლისთვის ნიშნად –დავიძარითო.

  ახალგაზრდა, ლამაზი, მაგრამ მდაბიო, ოღონდ ძალზე ალერსიანი ცოლი, ვარდს გულსი იხუტებდა. ელოდა, სანამ კარეტა თვალს მიეფარებოდა; თუ რომელიმე მოახლე-მოსამსახურე კიდევ იდგა და ბრიყვულად ტკბებოდა მათი ცქერით, ვარდს ნაზად აუქნევდა და თავის ბუდუარს მიაკითხავდა.

ყვავილს, ქალაქის გუბერნატორის მეუღლის ნაჩუქარ, აღმოსავლურ ლარნაკში მოათავსებდა, ისე გაასწორებდა, რომ მაქმანებიან ლოგინში ჩაფლულსაც ეცქირა და მშვიდად უცდიდა ჩაკირულ, ცხელი პურივით ცხელსა და გემრიელ,ახალგაზრდა, მხარბეჭიან ხაბაზ ბიჭს, სახლის განაპირას, თონეში, მხოლოდ ადმირალისთვის რომ აცხობდა ლავაშებს. ბიჭი ისე ამტვრევდა თავის მკლავებში და იმხელა სიმხურვალეს უტოვებდა უქმრო ოთხი თვის განმავლობაში, რომ ქმრიანი ოთხი თვე მიჰყვებოდა და ჰყოფნიდა, მერე კი ისევ.

  ვერაფრით ვერ გაიგო, როგორ მივიდა ქმრის ყურამდე ეს ამბავი, ან იქნებ არც მისულა, მაგრამ ერთხელ ადმირალმა, კოცნისას,აღარ მოარიდა მხრჩოლავი ჩიბუხი, ვარდიც აღარ მიაწოდა,ზღვისკენაც არ წასულა, რკინიგზით იმპერიის მთავარ ქალაქში ჩავიდა და იმპერატორს გადადგომა სთხოვა.ამბობენ ამ შეხვედრისას, რევოლუციის სულ მთავარი პირველი ბელადისთვის სიტყვაც კი შეუწევნია, – იმპერატირს ჩამოხრჩობა გადასახლებით რომ შეეცვალაო, – ალბათ, სევდიანი სენტიმენტებით დამძიმებული რომ იყო, იმის გამო.

  ამის შემდეგ ცოტა ხანს კიდევ იდარდა ადმირალმა და გული გაუსკდა.

  მერე დადგა რევოლუციების, გადასახლებების , კედლებზე მისხმული ტვინების დრო,იმპერიის კალენდარი კომუნისტებმა გააგრძელეს. ადმირალის სახლი ჯერ მოახლე მოსამსახურეებმა დაიკავეს, ისინიც მიმოიფანტნენ. დრომ ცოტა ხანში სულ სხვა ხალხი მოიყვანა.ახალგაზრდა ხაბაზი, მგონი რევოლუციის ქარცეცხლმა გაიტაცა. ძლიერი კუნთები ჰქონდა, რევოლუციას ხომ ძალა სჭირდებოდა და მოერგო დროს. ვინც ვერ მოერგო, ის წაიყვანეს ერთ ღამეს, ამ სახლიდან, ერთი დიდებული მწერალი წაიყვანეს ტყავის ლაბადიანმა და მაუზერიანმა ჩეკისტებმა. თურმე მწერალს არც პირველი, არც მეორე და არც არანაირი ბელადი არ ეხატებოდა გულზე, ის კი არა, თვით რევოლციასაც მეტისმეტი ეჭვით უცქერდა და აბა რა იქნებოდა?!

  იქ შემდეგ შაილამოვები ცხოვრობდნენ.

ჩვენი სახლის გვერდით შაილამოვებს გადასაყრელად დასანანებელი, მაგრამ უკუე გამოუსადეგარი საგნების საკუჭნაო ჰქონდათ და თავისი შვილების სათამაშოებს ინახავდნენ ისრაელიდან თუ ამერიკიდან რომ უგზავნიდნენ ნათესავები. ახლა შვილები დიდები იყვნენ. ერთს, უფროსს, – მშვიდი, მათ წარმომავლობას რომ შეეფერებოდა, ისეთი გულმოდგინებით ამზადებდნენ ისრაელში, ალბათ სამუდამოთ გასამგზავრებლად. მათ გულმოდგინებას ვერაფერს ვერ აკლებდა ჩუმ-ჩუმი ჭორები: აღდგომას ქრისტიანის სისხლით გაპოხილ მაცას აცხობენ და მიირთმევენო; დროს და სივრცეში უსასრულო იმპერიის, საიდუმლო სამსახურის ყოჩაღმა პოლიციელებმა თვითმფრინავში, გასამგზავრებლად გამზადებული, მოშე და სარა(გვარს რა თქმა უნდა ვერავინ იხსენებდა) დაკავეს პატარა მკვდარი ბავშვით, რომლის გაფატრული მუცლითაც ბრილიანტები მიჰქონდათო.

  შაილამოვები გემრიელ მაცას აცხობდნენ და როცა დადგა ჟამი ქვების შეგროვებისა, იმ წელს ბოლოს ვჭამე მათი მაცა და დღემდე მახსოვს მისი გემო.

  შაილამოვების ქვემოთ, ეზოს პირას, რომელიც ერთი დიდი აივანი იყო, არღუნიკა ბაბო ცხოვრობდა, თავისი სალუქი შვილიშვილი არტუშათი. არღუნიკა სომეხი, სქელი, ჟღალთმიანი ქალი იყო და ხალათზე დიდი თეთრი ღილები ეკერა. მეორე სიძე კანადელი სომეხი ჰყავდა, ამ სიძეს ყურებში თმები და დაგრეხილი ფეხები ჰქონდა, თანაც ფართოზოლიანი კოსტუმი ეცვა. მან მთელი ოჯახი რუხი ფერის “პობედაში” ჩასვა და კანადაში წაიყვანა.

მანქანაში ჩაჯდომის წინ, არღუნიკა ბაბო დიდი ხანი ეხვეოდა ლაღიძეების ვერა ბებიას, ნამტირალევი თვალებით შემოგვცქეროდა და გამომშვიდობების წინ ეზოს ბავშვებს ბურთი გვაჩუქა.

  მანამდე კი, მთელი ათი წელის განმავლობაში, დიდი ავიან-ეზოს თავსა და ბოლოში დატანებული ხვეული კიბეების პირველი საფეხურები საფეხბურთო კარს წარმოადგენდა. ვთამაშობდით სამი-სამზე, იმიტომ რომ ექვსნი ვიყავით. მოგეხსენებათ როგორი თამაშია ფეხბურთი, ბურთს ვერ უბრძანებ იქით გაფრინდი, აქეთ არაო და ეზოს პირა სახლის ფანჯრების ბედიც არაა ძნელი წარმოსადგენი. არღუნიკა ბაბოც, დაახლოებით კვირაში ერთხელ, გაცხარებულ გულზე, ჯერ ნაკუწებათ აქცევდა ჩვენს ბურთს და მერე შუშის ნამტვრევების მოგვას იწყწბდა. თუკი ბურთი, საწინააღმდეგო მხარეს, ავიან-ეზოს ლითონის მოაჯირს არ გადაუფრენდა და სულ ქვემით, სახლის საძირკუელთან, “კულაკის”სახლის უკანა ეზოში არ მოადენდა ზღართანს, თუ მოვასწრებდით ქუჩის შემოვლას, წვრილი, საცალფეხო ბილიკებით და კიბეებით “კულაკს” ჩავასწრებდით, მესერზე ჩუმად გადავძვრებოდით და “კულაკის” სახლის გაბინძურებულ, თუნუქის ყავისფერ, აყროლებულ სახურავზე ფრთხილად გადავიდოდით, ხომ დავიბრუნებდით ბურთს, თუ არა და იქ “კულაკის” საკბილო ხდებოდა. “კულაკი” ამ სახლის ბინადარს იმიტომ ერქვა, რომ მისი სახლის წინა ეზოს მესერი დროდადრო საერთო ეზოს სიღრმეში მიიწევდა. აი ასე –საღამოს აქეთ იყო, უცებ, დილით მესერი ერთი მეტრით წაწეული აღმოჩნდებოდა ხოლმე.

“კულაკს” მუდამ ყავისფერ და ყვითელზოლიანი ღამის პიჟამო და შავი ვილვეტის, ქუსლჩაკეცილი ფეხსაცმელი ეცვა და სულ “ბარისოვნას”გამო იგინებოდა, რადგან “ბარისოვნა”დღეში ერთხელ გადიოდა თავის აივანზე და სამი დრე-ღამის ნაგროვებ, სიბინძურით სავეს ღამის ქოთანს პირდაპირ ქვემოთ, “კულაკის” სახლის სახურავზე ცლიდა. ზამთარ-ზაფხულ უსაშველოდ ყარდა „კულაკის” სახლი. რა აღარ იღონა, – მილიცია, სახლმართველობა, მაგრამ ვერაფერი გააწყო. “ბარისოვნა” სიცოცხლის ბოლომდე, სამ დღეში ერთხელ ჯიუტად გადიოდა აივანზე. ხოლო სამჯერ დღეში ჩვენთან შემოდიოდა და გვეკითხებოდა: “კიპიტოკ იმეეტსა?” ერთ დღეს კა არ გამოჩნდა, არც მეორე დღეს, მესამე დღეს კარზე დააკაკუნეს ჩემებმა, მერე დაუბრახუნეს, უფრო ძლიერად და ძლიერად, რომ არავინ გააღო, ექიმებს და მილიციასგამოუძახეს, მოვიდნენ. მათ სახლმართველობის ჩინოვნიკები მოჰყვნენ. ჩინოვნიკებმა მილიციელები, ბნელ, ლაბირინთით დერეფნის ყველაზე ბნელ კუთხეში გაიწვიეს და რაღაც უთხრეს.

  – “უუჰ, მართლაო!” – თქვეს მილიციელებმა, უკვე მოგროვილ მეზობლებს შორის გაიარეს და გაიძურწნენ.

ექიმებიც სადღაც გამქრალიყვნენ.

  “ბარისოვნას” სახლი, თავის ანტიკვარებიანათ, სამუდამოდ ჩაიკეტა. დროდადრო, სახლის, სადარბაზოს მხრიდან შავად მბზინავი, ნიკელის მოსართავებით ალიცლიცებული “ვოლგა” მოადგებოდა ხოლმე. გამხდარი, გრძელცხვირა, დერმატინის გაქუცულქურთუკიანი მძღოლი, ზონზროხა კაცი და ქალი ათიოდე წუთით შედიოდნენ და ისევ სადღაც ქრებოდნენ.

  აღდგომას, ბებიაჩემს კუკიის სასაფლაოზე სახლმართველი შეხვდა. “თქვენ რომ კარებზე აბრახუნებდით, ზეწარში გახვეული “ბარისოვნა“ ორი დღის დამარხული იყო, აი, აგერ აქო, –უთხრა – მეტი არაფერი მკითხო, ისედაც ღამღამიბით მესიზმრებაო”.

  მანმადე “ბარისოვნას” თავისი ახალგაზრდობა და წარსული ერთად-ერთხელ შეახსენა გერმა. იგი იმპერიის იმ მთავარ ქალაქიდან ჩამოვიდა, რომელიც უკვე აღარ იყო მთავარი ქალაქი, მაგრამ ყოფილ დიდებას უფრო მეტად ატარებდა, როგორც დაძველებული ღვინო, ან ახალი დროებისთვის გამოუსადეგარი ანტიკვარი, თავისი ისტორიის გამო, ყოველთვის, – დიდებულთა და მდაბიოთათვისაც, ღირსების დასტური რომაა. ღირსება ხომ მარადიულია და დროის კანონებს არ ემორჩილება.

  გერი “ბარისოვნაზე” ხუთი წლით უმცროსი თუ იქნებოდა. ჭაბუკობაში ბალერონი რომ იყო, ასეთ ჭარმაგ ასაკშიც ეტყობოდა მის ხმელ-ხმელ სხეულს და დახვეწილ, წელში გამართულ სიარულს.

სულ ერთი კვირა დარჩა, სასტუმროში ცხოვრობდა. პიჯაკზე, ხალსტუხზე, პერანგზე ერთი და იგივე ინიციალები “მ.პ.მ.” თუ “პ.მ.პ.” და გერბი ჰქონდა ამოქარგული. ტანში სიცივემ დამიარა, თავზე რომ ხელი გადამისვა და რა გქვიაო, მკითხა. ქვემოდან ავხედე, ძალზე მაღალი მეჩვენა, მისი ცისფერი თვალები-ძალზე ცისფერი, სახის კანი კი – გამჭვირვალე. “ლურჯწვერა” – გავიფიქრე. ხელები გამიოფლიანდა და ბიძაჩემს მაჯაში ჩავაფრინდი.

  ცოტა ხნით ადრე კი, ერთ ღამეს, სიზმარში დიდი შავი დოგი გამომეკიდა, ეს დოგი რამოდენიმე წელი დამდევდა და საშინლად შეშინებული ვიღვიძებდი, ოფლში გაწურული.

  “ლურჯწვერა” გერმა რაღაცა სთხოვა ბებიას.

  შაილამოვებს თავისი საკუჭნაო გაეღოთ, იქ ვერა ბებია და არღუნიკა ბაბო დაგვხვდნენ “ლურჯწვერა”გერმა დაგორგლილი ფურცელი გახსნა, ფურცლის ბოლოში დაბეჭდილი ინიციალები და გერბი ვიცანი. რუსულად ჩაიკითხა ფურცელი.

ბნელ, ლაბირინთივით დერეფნის ბოლის, მბჟუტავი ნათურით განათებულ საკუჭნაოსთან მოხუცები გარინდულიყვნენ. საკუჭნაოს კუთხეში მდგარ, გადასაყრელად დასანანებელი, მაგრამ უკვე გამოუსადეგარი ნივთებით

სავეს, უშველებელ მუყაოს ყუთში მზერით ჩაძრომას ვლამობდი. 

  კაცმა შაილამოვმა ხელები გაშალა. “პაჟალსტა” – თქვა. “ლურჯწვერამ” მუყაოს ყუთი გამოწია, ჩაიმუხლა და როცა წელში გაიმართა, ხელში დამტვრეული ხის ყუთი ეკავა, თეთრი პერანგი მაჯებზე და მხრებზე აბლაბუდებით ზოლებად დასვროდა. ხის ყუთი მუყაოს ყუთზე ჩამოდო, ხელის მტევნის ზურგით გამჭვირვალე სახიდან მტვერი მოიცილა. ოღონდ შესამჩნევმა ღიმილმა გადაურბინა წვრილ ტუჩებზე.

“ლურჯწვეა” – მეორედ გამიელვა თავში. გერმა ხის ყუთის სახურავს ხელი გადაუსვა და ახადა. მტვრის ზოლებში ინიციალები და გერბი გამოჩნდა, ოღონდ ყირამალა. “ლურჯწვერამ” მკვეთრი მოძრაობით შემოაბრუნა ყუთი და იქვე მყოფთ აჩვენა. “ოი” – თქვა ქალმა შაილამოვამ. ბებია ამბობდა: “ბევრი ფოტოები, ის ხის ყუთი და ნახევრადდამწვარ ჩარჩოზე, ჭიკარტებით მიკრული ზღვის ტალღებიანი ნახატი წაიღო მხოლოდ, “ბარისოვნასთვის” ერთი სიტყვა, სულ ერთი სიტყვაც არ უთქვამსო”.

  როცა გერი საკუჭნაოდან გავიდა, ქალები შაილამოვებს მიაშტერდნენ. მათ ხმა არ ამოუღიათ.

ქალ შაილამოვას ნიკაპი უკანკალებდა; კაცმა შაილამოვმა მე შემამჩნია, დიდ მუყაოს ყუთში ხელი მოაფათურა და ძალიან ლამაზი სათამაშო ავტომატი მაჩუქა, რომელსაც ყვითლად რაღაც ეწერა. რომ გააქნევდი, ჩატეხილი ნაწილი ბრაკუნებდა შიგნით და მე ჩემი აივნიდან, მეზობელ სახლში მცხოვრებ ვირაც უცნობ ბიჭს დავანახე, – “აი, რა მაქ მეთქი”. ის სახლში შბრუნდა, ცოტა ხნის შემდეგ რაღაც გამოიტანა და მაჩვენა. მეც შევედი სახლში და პაპაჩემის ფრონტის მედლები მივიბნიე და ვაჩვენე, მან კიდევ რაღაც მაჩვენა, მეც ვაჩვენე რაღაც, მერე ის გამოვიდა და ინდიელებს რომ აცვიათ კინოებში, ისეთი ყვითელფოჩებიანი, ლურჯი შარვალი გადმოფინა. მშვილდისრიანი ინდიელები ხომ ყოველთვის ამარცხებდნენ კოლტებიან ამერიკელ კოვბოებს, იქ სადაც არღუნიკა ბაბოს სიძე და შაილამოვების ნათესავები ცხოვრობდნენ. შარვალს ნიავმა დაუბერა და ფოჩები სურის აღმძვრელად ააფრიალა. დავმარცხდი.

მერე დედა აივანზე გამოვიდა, ხელი მომკიდა, სახლსი შემიყვანა, სასწრაფოდ ჩამაცვა და რამოდენიმე საათში უკვე სოფელში ვიყავი.

  ძალიან დიდი, დიდი ხნის შემდეგ მე ისევ სიფელში ვიყავი.

  კედელს უფრო მეტად ჩამოსცვენოდა ბათქაში და რიყის ქვების, ხან მარცხნივ, ხან მარჯვნივ დახრილი სართულები გაქვავებულ ბიბლიოთეკას ჰგავდა. თეთრი კარები უკუვე გაეღოთ და ცერის სიმსხო ნახვრეტში ჩაკუჭული გაზეთი შავი ჭუჭყით გადაგლესილიყო.

  მამა ეზოში საქმიანობდა.

  “მოდი, ნახე!... მართალი ყოფილა,... მართლა ყოფილა!” – უჩვეულოდ ხმამაღლა დაუძახა დედას.

  სახლის გვერდით, თხრილსა და ჯერ კიდევ ტენიან მიწაყრილთან, ნიადაგი ჩაწოლილიყო. შმორის სუნი ტრიალებდა. ჩალეწილი თავხე ქვიშასავით იფშვნებოდა და ხელზე იგლისებიდა, ქვემოთ კი ხის კოჭები და კრამიტები ერთმანეთში არეულიყო.

  მამამ ქვევრები იპოვა.

  ერთ ქვევრში ღვინო იყო ჩარჩენილი; სქელი სითხე ლეღვის მურაბის წვენი მეგონა.

– “არა, არ დალიო, რამე არ დაგემართოს” – სთხოვა დედამ ყოფილა…მამას. მამამ კიდევ:

– “მართლა, მართლა ყოფილა...

მამაჩემი მიყვებოდა, ოცდაერთში აქედან ამილახვარი და მაღალაშვილები თურქეთში გაიქცნენ.. პაპაჩემიც მიჰყავდათ.. არ გაჰყოლია – მე რა დავუშავე, გლეხი ვარ, ბატონი ხო არა,.. თანაც ვშრომობ, სარჩო მომყავს, მაგათთვის უკეთესი არ არიო?!... მამაჩემი ამბობდა, აი ის მიწები სუ ჩვენი იყოო.. კულაკი ხარო, თავისივე გაზრდილი მოსამსახურე მოადგა თურმე პაპაჩემს. მიწები ჩამოართვეს, თან გიორგობას,..

მოსავალი, რომ მოძალებოდა მაშინ,.. გული გაუსკდა, იმ დროს ინფარქტიას, აბა რა იცოდნენ,.. ის კი არა, მოიცა..”…მამა მარნის კუთხეში დადგა, სამი ნაბიჯი გადათვალა. “მარჯვნივ” – ჩაიბურდღუნა, მიწა გაქექა, – “აგე..” – თქვა, ხმა უკანკალებდა. ერთი დიდი სიპი გვერდზე გადააგდო, შმორის სუნმა ყელი დამიწვა, მორგში მიგრძვნია ყელის ასეთი წვა, სხვაგან არსად. ხელი მიწის სიღრმეში, მხრამდე ჩაყო. ნელ-ნელა, ერთმანეთის მიყოლებით, ჟანგისგან უკვე დაშლილი ლითონი ამოჰქონდა, ყველაფერი ფორმას კარგავდა და მოწითალო-მოყავისფრო გროვებად რჩებოდა.

“აი თოფია...” – ამბობდა მამა, – “ესეც, ეს მაუზერია, ისევ თოფი...”-მაჯები იდაყვამდე ყავისფრად გაეგლისა, სველი ჰქონდა, – ეტყობა გაქცევის წინ აქ ისხდნენ, მამაჩემი შუაღამისას გაეგზავნათ, ვიღაცას ჩვრებში გახვეული, ღორის თიმთიმა ლორი გამოეტანებინა, მამაშენს მიუტანე, თავადებთან ერთად სვამს, ღვინოს მიატანენო... ლორი შუაზე გაუჭრიათ, ოქროს თუმნიანებმა გაიბზინეს ჭრაქის შუქზეო: მამაჩემს ეს ამბავი იმ მოსამსახურესთან წამისცდენია, თოტხმეტი წლის ბიჭი ყოფილა მაშინ, რა იცოდა,” – დაგუდული ხმით ყვებოდა მამა. ჟნგით გაგლესილი ხელები ტანსაცმელზე შეიწმინდა, მოზრდილ ხანჯალს დასწვდა, ძვლის ვადა ხელში ჩაეფშვნა, ქარქაში მთლიანად დალპობოდა.

– “ესღა ვარგა, ვნახოთ იქნებ აღვადგინო, გაწმენდა სჭირდება,.. წაიღე, სარდაფში დადე”– გამომიწოდა, მერე გადაიფიქრა: – “არა, ჯერ საამისოდ პატარა ხარო” – და ჩანგრეული მარნიდან ასვლისას კრამიტებსა და კოჭებს შორის ფეხი ჩაეჩეხა, ძლივს ამოაძრო, შენც დროზე ამოდიო, მომაძახა და ხანჯალი გაიყოლა. კიდევ ცოტა ხანი ვიქექებოდი ჟანგსა და მიწის გროვაში, სანამ მეც იდაყვებამდე არ ამომეგლისა ხელები. ზემოთ ავედი. ეზოში დიდი გოდორი დავინახე, მივედი და შიგნით ჩავძვერი, გოდორზე მაღალი ვიყავი უკვე, ფსკერზე ფეხმორთხმული ჩავიცუცქე.

გოდრის წნულის ღრეჩოებიდან, ვენახის სიღრმეში მიმავალი ბილიკი ჩანდა, ბილიკის გვერდით ყთელი ფოთლების გროვას ცეცხლი ეკიდა. სიღრმიდან მამაჩემი მოდიოდა. ვხედავდი მხოლოდ მის ფეხებს და ხელის მტევნებს. მამამ კოცონს შემოუარა, მომიახლოვდა, ჩამოიხედა გოდორში: ”აბა, როგორ შეიძლება, შე მამაძაღლო”, – მითხრა, ამომიყვანა, მოიკიდა გოდორი და წავიდა.

  ზუსტად ოცდასამი წლის შემდეგ, როცა მამაჩემის ძველმანებით სავსე სკივრის ქექვას მივრჩი, თეთრი ჩინური პერანგი მოვირგე და ობისგან დაფშხალულ სარკეში ჩავიხედე, რაღაცა გამახსენდა. გარეთ გავვარდი, ჭრიალა კიბეებზე ჩავირბინე, ის იყო სარდაფში უნდა ჩავსულიყავი, რომ დედაჩემის ხმა მომესმა: ”თეთრი გაცვია, დაგესვრება... გამოიცვალე” – ვენახის ბოლოში, აალებული წალმის კვამლს იქით, ახლად ამწვანებულ ვაზებს შორის, ასაკშეპარული დედაჩემი და მამაცემი ზამთარგამოვლილი, ყვითლად ჩამჭკნარი ბალახისგან ასუფთავებდნენ მიწას.

მამაჩემი აბეზარ ბუზანკალს იცილებდა ხელით.

  თეთრი პერანგი გამოვეცვალე და ასანთი ავიღე.

  სარდაფში, მსხვილ, გამოფიტულ ბოძებზე გადებულ თაროებზე, რომელთა ქვემოთაც, ფქვილივით ნახერხის პაწაწინა გროვები დაეყენებინათ ხის ჭიებს, ფრთხილად ავძვერი.

ყველაფერი ირწეოდა და ჭრიალებდა, უჭირდათ დიდი ხნის წინ გადავიწყებული სიმძიმის ატანა. ბოლო თაროზე გავწექი, ხის ობისაგან შავად გავიგლისე, ძლივს ვსუნთქავდი. ჯიბიდან ასანთი ამოვიღე, ავანთე, გოგირდის სუნმა ცხვირი ამიწვა; ნესტში მორიელი იცის, გოგირდი უნდა დაუბოლოო, გამახსენდა. მეორე ღერიც ავანთე, სიბნელე მაინც ვერ გავარღვიე. მხოლოდ ხელი გავწიე წინ და მოვაფათურე, თითებზე ლითონის სიცივე წამომედო და მაჯაში დამირბინა, ფრთხილად მოვსინჯე სიბნელე. ხელის მტევანი ლითონის დაჟანგულ, ხაოიან ზედაპირს ავაყოლე, ხანჯალი იყო...

 

 

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სოლომანაშვილი ბესო / “დრუჟბა”