სოლომანაშვილი ბესო

 

ზ ა მ ო რ ა

 

 

 

(ს ნ ა ი პ ე რ ა)

 

 1 ძველი სახლის სხვენის მოჩვენებები - I.…

 ბოლოს სნაიპერაზე მამაჩემის დინჯ და კეთილი ცინიზმით გაჟღენთილ მეგობრებს მოვუყევი, - აი, ერთი ჩვენი ამბავიც ნახეთ-მეთქი და ვერაფრით შევანგრიე მათი თბილი გულგრილობის კედელი - მშვიდად მიღიმოდნენ და ამ სიმშვიდით კიდევ უფრო მიფორიაქებდნენ ყმაწვილურად ადუღებულ სისხლს. ეეეჰო, ხელი გადამხვია მამაჩემის ყველაზე ასაკოვანმა მეგობარმა, ალექსანდრემ, ყველაზე მეტად მას უხდებოდა გაჭაღარავებული წვერი. კაი ბიჭი ხარ შენ, არ გმართებს გაცხარება, ეტყობა, ძალიან გიყვარდა ეგ სნაიპერა. წამო ერთი არტაშას დუქანში ჩავიდეთ, კარგად მომიყევი, რა ხდება, მეც ხომ ძველი სამხედრო ვარ, თან შორიდან ვიცნობდი მაგის ოჯახს და იქნებ რამე გირჩიოო. თან შევამჩნიე, როგორ გახედა ირონიულად მოღიმარ მეგობრებს და თვალიც ჩაუკრა.

ძალიან გავბრაზდი, ყველაზე მეტად მამაჩემზე გავცხარდი. ერთი პირობა ვიფიქრე, არ წავალ-მეთქი, მაგრამ მერე მომერიდა და გავყევი.

 ალექსანდრემ ტაქსი გააჩერა, მძღოლს ჩუმად უთხრა რაღაც და წავედით. სასაფლაოზე მიმიყვანა.

 კაი გამოგონებაა ეს საძმო სასაფლაო. შეცდომების გასწორებას ჰგავს, არა?

 მერე არტაშასთან წავედით. არტაშა ერთი დუქნის პატრონია ძველ უბანში. ღამ-ღამობით ლექსებს წერს, დილას კი ხევს.

ამბობენ, კუდუსუნში ამპულა აქვს ჩაკერებული და ერთი ყლუპიც რომ მოსვას, საიქიოსკენ თან გაჰყვება იმ ყლუპსო.

 ჰოდა, ამ არტაშამ კაი სუფრა გაგვიშალა. თავზე ხელიც გადამისვა, ახალი კლიენტი ხარ, აქედან ვეღარც გახვალ, ჩაგითრია არა ამ ბებერმაო და მაგიდაზე მინის დოქით ღვინო ჩამოდგა.

 უცნაურად მეჩვენება მამაჩემის თაობა. ალბათ მამების და შვილების გაუთავებელი ჩხუბის გამო მეუცნაურება. სულ მგონია, რომ ყველაფერს სხვა რამეს აბრალებენ: დროს, ომს, სახელმწიფოს, თითქოს ყველაფერი ჩვენივე მოგონილი არ იყოს. სხედან ეს შემელოტებულ-გაჭაღარავებული ბებრები, მოუშვიათ დიდად პატივსაცემი წვერ-ულვაში, თითქოს თავიდანვე ჭაღარა ამოსვლოდეთ. თითო ბოთლ ღვინოს დალევენ და სოლიდური დარდიმანდობით დასტირიან თავის ცხოვრებას, გაფუჭებულ საქმეებს, დაკარგულ დროს, ჩამქრალ სიყვარულს, გაფლანგულ ფულს.

იხსენებენ წარსულის ამბებს და ირონიულად შემომცქერიან ჩემი მოყოლილი ამბების და ჩემი ლაწირაკული სიბრძნეების გამო. ისე უმალავენ ერთმანეთს, სხვებს და განსაკუთრებით საკუთარ თავს რაღაცას, თითქოს პატარა ბავშვებივით პაროლობანას თამაშობდნენ. ოღონდ უკვე ცხოვრების წესად ჰქცევიათ ეს თამაში. ძველი სახლის სხვენს მაგონებს მათი ტვინები, - გამოუსადეგარ საგნებს რომ ინახავ, ვერც აგდებ და ვერც სხვის დასანახად ტოვებ სახლში. იმიტომ, რომ ეს საგნები შენს ამბებს ატარებენ, ამბებს, რომლებიც ერთადერთ ფასეულობადღა შერჩენია შენს ცხოვრებას. პატარა ბავშვებს ეს სხვენები ხომ მოჩვენებებით სავსე ჰგონიათ.

 

 ***

 ომს რომ მთლად გასართობი დანიშნულება არ ჰქონდა, ძალზე და ძალზე გვიან მივხვდი, დაახლოებით მაშინ, ჰერმაფროდიტი ლოკოკინას საცეცებზე წამოსკუპებული თვალების გაკვირვებულ მზერას, რომ წავაწყდი, - რას მერჩოდიო.

 

არადა, ჯერ კიდევ მაშინ უნდა მივმხვდარიყავი, თავისი ცხოვრების შემყურე მამაჩემი რომ მეუბნებოდა, მისმინე, შვილოო... თქვენს ასაკში რომ ვიყავიო... უუ, გონება მიბნელდებოდა ამის გამგონეს. გულში მშობელ მამას მშობელ დედას მოვუკითხავდი ხოლმე და ამ გაფურჩქნულ ქვეყანაში პირველად რომ ტყვია გავარდა... არა, არა, მანამდეც გავარდნილა ტყვია, მაგრამ ადრე თუ ერთის გავარდნას დანაშაული ერქვა, ახლა ომის სახელით ტყვიის გავარდნა სათუთად მოსაყოლ ამბადაც კი მოჩანდა. ომისგან დატოვებული გვამი ხომ სხვაა, უომრად გვამს კი ბევრად ნაკლები ფასი აქვს. ბატონებო, სულმნათი ბელადი ხომ ამბობდა, ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიააო, ბევრისა - სტატისტიკაო.

თუმცა ბელადებს რას გაუგებ, შეიძლება, სხვანაირად ფიქრობდა, მაგრამ ასე წამოსცდა და მერე აღარ გადათქვა. ჰოდა, იმას ვამბობდი, ომის სახელით ამ გაფურჩქნულ ქვეყანაში პირველად რომ გავარდა სათუთად ნასროლი ტყვია, გახარებული ვეახელი მამაჩემს. გახარებული კი არა, სიხარულისგან ჭკუადაკარგულიც კი ვეკვეთე: - ენდე! - ვუთხარი, - ეხლა ნახეთ-მეთქი თქვენა, - და გულში დიდი ხნის ჩუმად ნაგროვები მშობელი მამის მშობლის საოცნებო მოკითხვა ხმამაღლა ამომსკდა, ისე, როგორც გაზაფხულის პირას მზემონატრებული ატმის ხის ყვავილები ამოსკდება ხოლმე ტოტებზე და გამოუცდელობისგან ყოყოჩად იწონებენ თავს - მოვედით და ნახეთ, რა ლამაზები ვართო, სანამ გაზაფხულის დაგვიანებული ყინვა, ხანდახან მაისშიც რომ დაერევა ბუნებას, არ მოუკლავს პრანჭვა-გრეხის სურვილს, მერე კი...

 

 2 დათვალე მჭიდში ვაზნები, ანუ დასავლეთისა და აღმოსავლეთის საზღვარზე აღზრდის მეთოდები I

 ...მერე კი მიხვდა, რომ სამმა პაპამ გამოუცდელობის გამო გაახარა. მაშინ კი, პირველი, რაც აზრად მოუვიდა, ის იყო, ახალ ფეხსაცმელებს ვიყიდიო და უკვე მერამდენედ გაკერილ მოკასინებს დახედა პატარა ზამორამ. სამი დღის ადრე ეს ფეხსაცმელები მეწაღემ უკან გადმოუყარა, არა, ძმაო, ამას მე ხელს არ მოვკიდებ, მერე იტყვი, შენ გააფუჭე, შენი გადასახდელიაო. ადგა და თვითონ დააკერა.

გულიც კი აუჩქარდა, იმაზეც კი დაფიქრდა, ნეტა იმ მამაჩემის მეგობარმა რომელ ქალაქში იყიდაო.

 სამ პაპას მზერა მოაცილა. თავი რომ ასწია, პირდაპირ, ხელებში, სამი ტუზი დაინახა.

 როგორ უნდოდა მოგება! მაინც წააგო. აკი რაც ძალიან გინდა, აუცილებლად აგისრულდებაო?!

 

 ***

 ქალი არ დაჯდა. სახეზე ხან ზიზღნარევი გამომეტყველება გადაურბენდა, ხან წუხილის.

 - ბავშვს აშინებენ, წააგე და მოიტანეო... ჩემი თვალით და ყურით...

 საყელოზე ღილი შეიხსნა, დასცხა.

ვარსკვლავამოტვიფრულ ღილზე პატარა ათინათმა გაიბრწყინა. კიტელზე მომდევნო ღილიც შეიხსნა.

 - და რა იცი, რომ ისინი არიან, ტყუილად ცოდვა არ ჩამადენინო.

 - შენ მე რა ცოდვაზე მელაპარაკები? - კბილებში გამოცრა ქალმა.

 - გაჩერდი, გაჩერდი-მეთქი! - იყვირა, წამოხტა, იმავე წამს დამშვიდდა, უნიათოდ გაეღიმა, თითქოს დაიმორცხვა კიდეც, - ჰო, კაი, კაი, წადი... წადი-მეთქი, დავიჭერ, აბა რას ვიზამ, დავიჭერ...

 - შენ მე ნუ მიყვირი, მე არ ვიცი, რას იზამ და როგორ, ბავშვს შეეშვან და...

 ჩაფიქრდა, სკამზე დაეშვა, თეძოსთან გაჭედილი იარაღის ბუდე გაისწორა, ქალს ახედა, თვალები მოჭუტა.

 - ელენე, ალექსანდრესთან ხო გაქვს ურთიერთობა, ელენე?!

 - იშვიათად, - შეცბა ქალი. მსხვერპლს ჩასაფრებულ კატისებრთა ჯიშის მტაცებელს დაემსგავსა, - რაც ჩამოვიდა, ერთი-ორჯერ ვნახე.

რაა მერე? - ჩაეკითხა.

 - მერე ის, რო, თუ მიგესვლება, მიდი.

სადმე თავის სიახლოვეს ჯარში გაუშვას ცოტა ხნით. ბავშვი დაცული იქნება. უკეთესს გეტყვი: იქნებ დენისას დაუკავშირდეს. ბიჭი ცოტა ხანს ქალაქიდან გავა, რუსეთის ჯარი, დისციპლინა, რუსის კარგი გოგოები, დაკაცდება, თან რამესაც ისწავლის, - ჩაეცინა.

 - რა გოგოები, - გაწიწმატდა ქალი, - თექვსმეტისაა...

 - მერე რა, ჩვენც მაგხელები ვიყავით... თითქმის.

 - გრიშააა! - კბილები არ მოუცილებია ერთმანეთისათვის, ისე თქვა ქალმა. ყბებზე პატარა კუნთები დაეძაბა, - მე თვითონ ვიცი, ვის რას ვთხოვ.

შენ შენს საზრუნავს მიხედე, ბიჭი არ დაიღუპოს, თორემ, ხო იცი, მე დასაკარგი არაფერი მაქ... ბევრი დავკარგე უკვე... მაგას რომ რამე მოუვიდეს...

 - არც მე მაქვს დასაკარგი.

 - შეენ?.. - გაეცინა ქალს. კარი გაიჯახუნა და გავიდა.

 თავი უკან, სავარძლის საზურგეზე გადადო. ასეთ დროს თავისდა უნებურად ბუდიდან პისტოლეტს ამოიღებდა, მჭიდს გამოაცლიდა, ვაზნებს ამოყრიდა და თვლას იწყებდა.

 ყოველთვის ასე იქცეოდა, როცა ნერვიულობდა. თითქოს უნდოდა უფრო ახლოს

 შეხებოდა სიკვდილს. თავისას თუ სხვისას, ამაზე არასოდეს უფიქრია.

 ზემოდან ბელადის სურათი დასცქეროდა.

 ბელადის სურათის პირდაპირ, კედელზე ძალიან ცნობილი მხატვრის ნატურმორტი ეკიდა: სამი საუკუნის წინ ხის დაფაზე დახატული ვერცხლისფერი ჯამი, ჯამში - მოსხმარტალე თევზები, ნანადირევი: მწყერი და კურდღელი. ოქროსფერი თავთავების შეკვრა და კიდევ რამდენიმე უცნობი ნაყოფი. ნატურმორტი ბუნებაში სეირნობის, ჰაერის ღრმად ჩასუნთქვის, ნადირობის, თევზაობის, ხმამაღლა, მთელი ძალით ყვირილის - აი ისე, მთები გუგუნით რომ გაძლევენ ბანს - სურვილს უჩენდა მილიციის უფროსს, მაგრამ ვერასოდეს ვერ მისცა თავს უფლება, ბოლომდე აეხდინა ეს სურვილი. სურვილის ასრულებაში ხელს ხომ სწორედ ის უშლიდა, რითაც მოიპოვა გენიალური ჰოლანდიელის სამი საუკუნის წინ დახატული ნატურმორტი.

 ნახატს მოპირდაპირე მხრიდან გამჭოლი მზერით ბელადი შესცქეროდა.

 

 ***

 სამი წლის შემდეგ ციმბირში, ტყეში, ავტომატის კონდახი არ

 მოხვედრია ისე მწარედ, როგორც ახლა ეს მუშტები, სადარბაზოში რომ დააყარეს მილიციაში გაჟვეპილმა ბიჭებმა.

 - ბოზებს ესე მოსდით, - მიუგდეს ეს სამი სიტყვა, ტყისმჭრელის სოლივით რომ ჰქონდა მერე მთელი ცხოვრება ტვინში ჩარჭობილი პატარა ზამორას. აბა ვინ დაუჯერებდა, რომ წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ მიიტანა მილიციაში წაგებული ფულის ამბავი. ნელა აითრია ტანი. შარვალზე მტვრის ჩამობერტყვისას სისხლის წვეთი დაეტყეპა გადაგლეჯილი მოკასინის წვერზე და პატარა მზედ დააჩნდა. თავი უკან გადასწია და რადგან მოკასინები მამამისის ბოლო საჩუქარი იყო, გული კიდევ ერთხელ დასწყდა - თექვსმეტი წლისას ხომ გული ყოველთვის უფრო ძლიერ გწყდება, ვიდრე, მაგალითად, ექვსისას ან, დავუშვათ, ოცდათექვსმეტისას.

 

 ***

 - პატივცემულო უფროსო კომისარო...

 

ისა, ამხანაგო ალექსანდრე, ჯარში მინდა წასვლა.

 - ოოოჰ! საად ცხოვრობ, შვილო, შენ... ვისი ხარ? წელში გასწორდი!

 - ისა... ჯარში მინდა წასვლა.

 - რამდენი წლისა ხარ, შვილო, წელში გასწორდი-მეთქი! - ქვემოდან ახედა შესულს.

 - ისა... თექვსმეტის... არ შეიძლება?

 - და ჩემთან რატო მოხვედი? “ვაიმე, პატარა ზამორა”, - გაიფიქრა, - “ან ძალიან გაავს” - გააგრძელა ფიქრი და დასცხა.

 - გვარი? თავი ასწიე!

 - ზამმმორა, - რატომღაც “მ” გაწელა ბიჭმა, -…დედაჩემმა მითხრა, რო,…ისაო...…

 - ჰა!... ზამორაა? თავიიი! დედაშენმა? სად არის თვითონ... – გულისცემა სუულ ოდნავ აუჩქარდა.

 - აქ არ არის...

- ფანჯრისკენ გაიხედა ბიჭმა, - ...ჯარში მინდა!

 - უუუჰ! რა დრო გასულა... არა, შენ არა... მოდი, დაჯექი...უუჰ! - კიდე უფრო დასცხა, ცხვირსახოცი ამოიღო და ოფლი მოიწმინდა.

 - აი, ისა, უფროსო... ისა, ხო არ დავუძახო...

 - არრრა!... რამდენი წლისა ხარ?... ხო, თექვსმეტის... საამი წელი, არა ოთხი...

 

გამოცვლილხარ.

 - არ ვიცი... ჯარში გამიშვებთ?

 - მე არ გახსოვარ? სულ არა? მე და მამაშენი, ბიჭო... ენრიკო მეგობარი იყო ჩემი. არ გახსოვს, სუ ფორთოხალი მომქონდა ხოლმე... მე... ისა... მოკლედ...

კარგი...

 - მახსოვს, - დაკითხვაზე მყოფი დამნაშავესავით დაუქნია ბიჭმა თავი და უნდოდა ეკითხა, რომელ ქალაქში უყიდა ამხანაგმა ალექსანდრემ მამამისს მოკასინები, რომელიც მამის სიკვდილის შემდეგ დედამ გულმოდგინედ გაწმინდა, გააპრიალა, ცრემლიანი თვალებით შეხედა და უთხრა: - ჩაიცვი! უნდოდა პატარა ზამორას მამის მეგობრისთვის ეკითხა, მაგრამ გადაიფიქრა და სულ სხვა რამე თქვა:

 - ... ჯარში მინდა, ამხანაგო ალექსანდრე... - კიდევ ერთხელ გაუკვირდა, რატომ უნდა დაუძახო “ამხანაგი” შენზე უფროს ადამიანს, მით უმეტეს, რომ ის მამაშენის მეგობარია, ან მეგობრები ერთმანეთს “ამხანაგოთი” რატომ მიმართავენო. ერთხელ ჰკითხა კიდეც დედას, მან კი ისე დატუქსა ამ კითხვისთვის, რომ ხანდახან გაფიქრებაც კი აშინებდა.

 კომისარმა თავზე ხელი გადაუსვა, თითქმის მის სიმაღლე ბიჭს და მისი ახლად გადახეთქილი ტუჩისკენ გაექცა მზერა. ეტყობა, უხორცდებოდა, შიგნიდან ექავებოდა და ბიჭიც ენით იწვალებდა ტუჩს.

 - გიჩხუბია... დახმარება ხო არ გინდა?

 - არაა! - თითქმის იყვირა ბიჭმა.

 - ჰოო, კარგი, კარგი, - კომისარმა მოიწყინა. გულში კვლავ იგრძნო ყრუ ტკივილი, - ეგ არაფერია, უარესები გადაგვიტანია - გაიმართლა თავი და გაუხარდა, რომ თავის ნაიარევ ტუჩს ულვაშები უფარავდა.

ულვაშებზე ხელი გაისვა, კედელზე დაკიდებულ ბელადის სურათს ახედა, თითქოს მას მოაწონა თავი. გასვლის წინ კომისარმა ბიჭის ფეხსაცმელები შეამჩნია. დაგლეჯილიყო მოკასინები.

 “ჩამოვუტან... დავაბარებ... გამოვაგზავნინებ...”, გაუელვა თავში და კიდევ ერთხელ შერცხვა.

 ბიჭმა წასვლა დააპირა.

 - სად მიდიხარ! - უყვირა კომისარმა, - სად არის დედაშენი?

 - აქ არ არის, - ბიჭს ისევ ფანჯრისკენ გაექცა თვალი. კომისარი ფანჯარასთან მივიდა და გადაიხედა.

ეზოში ქალი იდგა. კომისარმა ფანჯარა გააღო.

 - არ გრცხვენია?! - დაიძახა.

 ქალმა ვერ გაიგო.

 – ელენე! - დაიძახა უფრო ხმამაღლა.

 ***

 - რიადავოი ზამორა, შააგ ვპერიოოდ!!

 სუსტი ნიავი ქროდა, ოღონდ სუსხიანი. გადაპარსულ თავზე წამოსკუპებული “პილოტკა” კეფას ვერ უფარავდა და სუსხიც სწორედ კეფიდან მიძვრებოდა მთელ ტანში. სიცივეში მგონი მართლა იყინება ტვინი, თუმცა ხანდახან ესეც კარგია, მაგალითად, მაშინ, როცა გენერალი მთელი პოლკის გასაგონად შენს გვარს დაიღრიალებს და შენ ერთხელაც არ გაგიოფლიანდება ხელები, ისე გადადგამ წინ ნაბიჯს, მუხლებიც არ აგიკანკალდება.

გენერალი კი აგრძელებს გმირულ ღმუილს: -პერედდდ ვაამი სინ ღეროიჩესკოღო ისპანსკოღო ნაროდააა.

ატცა, ტოჟე სინა ღეროიჩესკოღო ისპანსკოღო ნაროდააა, კოტოროღო ნასტიგლა პულია ვრაგა ნაშეღო ი ისპანსკოღო ნაროდა. პაჩტენიე იმუუ... რიადავოიიი ზამორაა, ზა მნოიიიი!

 გენერლის კაბინეტში ძალიან თბილოდა. მოითენთა. გენერალი ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა. მას კი ნახევარიც არ ესმოდა.

რა ქნან, უყვართ გენერლებს საგმირო საქმეთა მოყოლა. მათ ზურგს უკან დაკიდებული დიდი ბელადის დიდი პორტრეტი, ახლა გაყინული მზერით რომ დასცქეროდა კედელზე მიკიდებული სამოქალაქო კოსტიუმის ქვეშ იატაკზე აკურატულად დალაგებულ გაპრიალებულ მოკასინებს, შვილებისაგან მსხვერპლს მოითხოვდა.

 - დაა, ტვოი ატეც ტოჟე ლიუბილ ტაკიე ნასიტ, ალექსეი... ალექსანდრ პასტაიანნა პაკუპალ ემუ, - დაიჭირა გენერალმა რიგითის მზერა. მერე მოჰყვა, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ის, ენრიკო ზამორა და კიდევ ორი ქართველი უპატრონო ბავშვების სამხედრო სასწავლებელში, როგორი იყო მათი ყმაწვილობა, რომ ომშიც ერთად მოუწიათ ყოფნა, როგორ ანადგურებდნენ მტრის ბატალიონებს, როგორ აოცებდნენ ყველას და როგორ დააცილა ისინი დრომ. ენრიკო ზამორას შეიძლება აქაც ეცხოვრა, მაგრამ გულმა იქით გაუწია, სადაც მისი სამშობლოს მსგავსად ფორთოხალი ხარობდა და... და საიდანაც მისი გულის რჩეული იყო. ძალიან წუხდა, რომ ახლაღა გაიცნო მისი შვილი, რომ აუცილებლად გამოასწორებს შეცდომას, ახლა მაინც გააცნობს თავის ოჯახს ადამიანს, რომელიც მისი და მისი მეგობრების გმირობის სიმბოლოა.

სწორედ ასე თქვა - სიმბოლოაო, - სიმვოლ ნაშეი სილი, ნაშეი არმიი, ვაინი ღეროიჩესკოი, ეტო ია ღავარიუ, ღენერალ დენის დენისოვიჩ, ღეროი ვაინი ოტეჩესტვენნოი, - იღრიალა ბოლოს. უკვე გვარიანად ნასვამი იყო გენერალი. სამხედრო პერანგის ზედა ღილი შეეხსნა, ხაკისფერი ჰალსტუხი მოეშვა. ბოლო სამი დასხმა აღარც დაუსხამს სტუმრისთვის:

 - ტი, მალენკი ეშჩიო, სლუჟიტ ნადა. მი ჟე ატ ღორია პიომ, ოტ პოტერიანოი ლიუბვი... ა, კაკ ტვაია მატ? - ჰკითხა ბოლოს და პასუხს არ დალოდებია.

 - კრუგოოომ!! - იყვირა, - ნა პლაააც!!

 3 “რიადავოი ზამმორა...

სტო ვისტრელლოვ ბეზ პერედიშკიიი!!...”

 ინჟინერი ბაკაროვი სულ რაღაც ოცდაათი წლისა იყო. ერთ საღამოს მეზობელმა კარზე მიუკაკუნა და საქმე შესთავაზა. არ უყვარდა ბაკაროვს ეს კაცი, ეშინოდა კიდეც, მაგრამ ძალზე მცირე ხელფასი ჰქონდა, რომელიც არც მას, არც მის ლამაზ ცოლს, არც პატარა შვილს არ ჰყოფნიდათ და წინადადებაზე დათანხმდა. დაშლილი, დაძველებული პისტოლეტი გამო¬ართვა, გაზომა, დახარა, ლულიდან გახედა, მიხაზ-მოხაზა, გაჩარხა, რაღაც ნა¬წილს ზომა შეუცვალა, მოარგო, ააწყო და მეზობელს დაუბრუნა, რომელმაც იმავე საღამოს თითქმის ნახევარი წლის ხელფასისოდენა ფული გადა¬უხადა. ზუსტად ორი კვირის და სამი დღის შემდეგ, ღამის სამ საათ¬ზე ტყავისქურთუკიანებმა ინჟინერი ბაკაროვი თავისი სახლიდან მანქანით ნახევარი საათის სავალზე წაიყვანეს, ბნელ ოთახში შეიყ¬ვანეს და თვალებში ღამის ნათურა მიანათეს. მეზობლის შესახებ დაუსვეს კითხვები და ის ღამე ცივ უფანჯრო ერთნარიან ოთახში გაატარებინეს. ორი დღე და ღამე იჯდა ნარზე, რომელ¬ზეც თხელი ლეიბი ეგდო.

გადასაფარებელს შმორის სუნი უდიოდა. ერთხელაც არ მოუხუჭავს თვალი ინჟინერ ბაკაროვს, ერთხელაც არ წამოწოლილა ნარზე, ერთხელაც არ უგემია წყალწყალა წვნიანი და შავი პური, დღეში სამჯერ რომ აწვდიდნენ. მეოთხე დღეს, დილით მასთან მაღალი, მოხდენილი მამაკაცი შევიდა, სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა. პატივისცემით ესაუბრა. შემდეგ, თხელი ტყავის ჩანთიდან ფურცლები ამოიღო. ბაკაროვს თავისი ნახაზები ეცნო და შიშისგან კინაღამ გული გაუსკდა. თქვენიაო, ჰკითხა კაცმა.

ინჟინერმა დაუდასტურა. ერთი საათის შემდეგ ბაკაროვს პატარა, მაგრამ კეთილმოწყობილი კაბინეტი და ორი ინჟინერ-კონსტრუქტორი ჩააბარეს და გამაოგნებლად დიდი ჯამაგირი დაუნიშნეს. ერთი კვირის თავზე მაიორის ჩინიც მიანიჭეს. ერთი რამ აწუხებდა მაიორ ბაკაროვს: მთელი ცხოვრება შურიანი ადამიანების ნაჭორავები ესმოდა, “პისტოლეტ ბაკაროვა” შორ მანძილზე მიზნიდან მარჯვნივ ახვედრებს ტყვიასო... თანაც საყვარელ ცოლ-შვილს კვირაში ერთხელღა თუ ნახულობდა. ეჭვი უღრღნიდა გულს, რომ მის ლამაზ ცოლს ვიღაც უფრო ყურადღებიანი უვსებდა უქმროდ გატარებულ ღამეებს. დარდობდა მაიორი ბაკაროვი, მუშაობისას ციფრებსა და ნახაზებში უცებ ცოლის სახე ჩაეჭედებოდა ხოლმე, ბურთი გულიდან - ყელში, ყელიდან ტვინში აუგორდებოდა და სირცხვილის გრძნობა ალმურს ჰკიდებდა სახეზე, რადგან გრძნობდა, ჰა და ჰა, იტირებდა.

 იქნებ... არა, სწორედ ამის გამო შეეშალა ნახაზში ის ერთი ციფრი, რის გამოც სულ ორი-სამი სანტიმეტრით მარჯვნივ მიჰქონდა მის პისტოლეტს ტყვია. აბა ამას სად იტყოდა, შემეშალაო და ისიც ხომ იცოდა, რომ შურიანები მართლები იყვნენ. მაიორ ბაკაროვის ეს შეცდომა რიგითი ზამორას მეტსახელის მიზეზი გახდა: - სლუშაიტე, გენერალ, ონ დაჟე ს ბაკაროვა ვ დესიატკუ პაპადაეტ... - უთხრა ერთხელ მამას, კმაყოფილმა გაიღიმა და მერე რიგითს გახედა, - ნუ სნაიპერ, ნუ ტი დაიოშ... სნააიპერ! სულ რაღაც ოთხი წლით იყო უფროსი რიგითზე და უკვე ლეიტენანტი იყო, მაგრამ წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ მის ცოლს, უკვე დიდი ხანი იყო, თვალი დაედგა შავგვრემანი, ცისფერთვალება, თხელ-თხელი, სამხრეთელი რიგითისათვის. აბა რა ექნა ქალს - ქმარი და მამამთილი ისე იყვნენ ომის ხელოვნებით გატაცებულნი, რომ მთელ ღამეებს ბრძოლათა ისტორიის შესწავლას უთმობდნენ, თანაც არყის თანხლებით.

სასმელით გახელებულნი ცხარედ კამათობდნენ და დილისკენ დაქანცულნი მიიძინებდნენ ხოლმე. ძალიან უნდოდა მამას, შვილიც სახელოვანი ჯარისკაცი გამოსულიყო. სახელებიც კი ერთნაირი ერქვათ,- გენერალი დენის დენისის ძე და ლეიტენანტი დენის დენისის ძე. ხშირად მთელი კვირით პოლი¬გონზე რჩებოდნენ და უძლეველი არმიის უძლეველ სამხედრო ტექნიკას ეფერებოდნენ. ასაკოვანი გენერლისგან მეტს არც არავინ მოითხოვდა, მით უმეტეს, რომ მის სასიყვარულო თავგადასავლებზე მეუღლე მოგონილი სიბრაზით და სიამაყითაც კი ყვებოდა, ოღონდ, უკვე როგორც წასულ და ლეგენდებად ქცეულ ისტორიებზე. სამაგიეროდ, მისი ოციოდე წლის რძალი ვერაფრით ერეოდა თავის ვნებიან ტუჩებს და ჩითის კაბაში გაზაფხულის მზით გალანდულ აშოლტილ ბარძაყებს, სულის შეხუთვამდე რომ უჩქრო¬ლებდა გულს რიგით ზამორას.

 ასე მოსდით ხოლმე დასავლეთისა და აღმოსავლეთის საზღვარზე გაზრდილ, ჩრდილოეთში წასულ სამხრეთელ ბიჭებს, ჯერ ერთი ყმაწვილური კოცნაც რომ არ განუცდე¬ვინებია ბედისწერას და უკვე სხვისი ცოლის ფეხებშუა მოქცეულნი თავდაუზოგავად აწყდებიან კაცობრიობის ყველაზე უძირო და მხურვალე ჯოჯოხეთურ სამოთხეს და ერთხელაც არ დაფიქრდებიან, რომ სამხედრო სტრატეგიაზე შეყვარებულ ლეიტენანტს შეიძლება გულიც დასწყდეს.

 - ნუუ, რიადავოი ზამმორა! პოლნოე აბმუნდირავანიე...

დესიტ კილამეტროვ ბეგოომ!

 - ნუუუ, სნაიპერ! ვ ტუალეტ ს შვაბროი, ბეგოომ! - ღრიალებდა ლეიტენანტი და სიმწრისგან გული უსკდე¬ბოდა, რომ არ კვდებოდა ეს სამხრეთელი ლაწირაკი.

 - ნუუ! რიადავოი ზამმორა...

სტო ვისტრელლოვ ბეზ პერედიშკიიი! - და თუ ათიოდე ტყვიაც არ მოხვდებოდა მიზანში, ისევ ბღაოდა:

 - სნაიპერ ხუიოვიი! ნა გაუპტვახტუ დესიტ სუუტოოკ!! - ღამე კი თვრებოდა, რიგითს ჰაუპტვახტში აკითხავდა და სასტიკად სცემდა. იქნებ ჯობდა, ეს ენერგია ცოლის ბარძაყებს შორის დაეხარჯა, მაგრამ რას გაუგებ ბედისწერას. ლეიტენანტი სისხლიანი თვალებით დასცქეროდა ჰაუპტ¬ვახტის ბეტონის იატაკზე პატარა მზეებად დაწვეთებულ სამხრეთული სისხლის ლაქებს. რიგითი კი ითმენდა, არც ითმენდა, რადგან ჯოჯოხეთი და სამოთხე ერთად ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ჯოჯოხეთი ან სამოთხე ცალ-ცალკე.

 ერთ მშვენიერ დღეს გენერალმა დენის დენისის ძემ თავის დაბადების დღეზე ფრონტის მეგობრის შვილი, რა თქმა უნდა, დაპატიჟა. აბა, რა იცოდა, რას იმზადებდა. და მაშინ, როდესაც მისმა ცოლმა, უკვე მერამდენედ მოყოლილი მისი სასიყვარულო ამბები ჩაამთავრა და ქმარს მოგონილი სიბრაზით მოუღერა მუშტი, გენერალმა გენერლურად შესძახა:

 - ნუ, ჟენაა! პრინესი ეშჩო ბუტილკუ.

 სწორედ ამ დროს ლეიტენანტმა დენის დენისის ძემ ცოლის მზერას თავისი სიმთვრალისგან არეული მზერა გააყოლა და რიგითის თვალებთან შეჩერდა:

 - უ ტებია პლახოი სნაიპერსკი ვზგლიად! - იღრიალა, შეიგინა და რიგით ზამორას გაშლილი ხელი ჩაარტყა სახეში. გენერალი გაშრა.

ქალი ფეხზე წამოხტა. სუფრას სამხრეთული სისხლის წვეთი პატარა მზედ დაეტყეპა.

 მამამისის, ენრიკოს მონაყოლი და ბაბუამისი, მანუელ ზამორა გაახსენდა რიგით ზამორას, როცა ლეიტენანტის გაშლილი ხელი მოხვდა სახეში. ამის მერე აიღო ცარიელი არყის ბოთლი, გადაამტვრია მაგიდის პირზე და ლეიტენანტს მთელი ძალით ჩაარტყა ყელში, ოღონდ ვერაფრით იხსენებდა და ვერც ვერასოდეს გაიხსენა, ეს როგორ მოხდა. იხსენებდა მხოლოდ იმას, რაც დაინახა - ლეიტენანტის სისხლით გადაწითლებულ სახეს. მისი ხრიალი აღარ გაუგია. ჭრილობიდან წითელი ბუშტი ამოიზარდა და გასკდა.

 ყელში გამოსმულ, გადალეწილ ბოთლზე სინათლის პატარა ათინათები ბრწყინავდა.

 

 4 ბაა!!

 - ბაბუაშენი მანუელი კარგი ტორერო იყო.

სანამ ფრანკო მოვიდოდა, ასჯერ მაინც მაქვს ხარის ყვერების მწვადი ნაჭამი. ბაბუაშენი ამბობდა, რაც უფრო გახელებულზე კვდება ხარი, მით უფრო გემრიელია ყვერების მწვადი, მთელი სისხლი ტვინში აქვს და იმიტომო,- უყვებოდა ენრიკო ზამორა შვილს და მიუხედავად იმისა, რომ შვილს მამის სახელი დაარქვა, ეს ვერაფერი საშველი აღმოჩნდა - მაინც უჭირდათ ერთმანეთის გაგება მამა-შვილს. აწუხებდა ენრიკოს ნაშიერთან სიშორე. რა ექნა, თვითონ სხვა ქვეყანაში იყო გაზრდილი, შვილი კი სხვაგან იზრდებოდა.

 ენრიკო წარმოშობით კი არ იყო ესპანელი, ნამდვილი ესპანელი იყო და მთელი ყმაწვილკაცობა ჟინიან კორიდას უცქერდა. მამამისს, მანუელ ზამორას, ღირსეულ ტორეადორად იცნობდა მთელი ქვეყანა. სისხლი და იარა ჩვეულებრივი რამ იყო ენრიკოსათვის, რადგან ბასრი რქებით დატოვებული უამრავი ჭრილობა ენახა მამის სხეულზე.

სისხლისაგან დაცლილი ხარის ხილვა სიხარულს ჰგვრიდა, რადგან ეს მამამისის სიცოცხლეს ნიშნავდა. ასე შეამხანაგებოდნენ მამა-შვილი სიკვდილს. სიკვდილთან თამაში ხომ ცოტათი თავისუფლების სიყვარულსაც ჰგავს და როცა ფრანკომ დიქტატორის მუშტი სამუშაო მაგიდას დაარტყა, მამამ, მანუელ ზამორამ, მხარზე ხელი მოუთათუნა კაცობაში ფეხშებიჯებულ ენრიკოს და ტუჩებზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა. 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სოლომანაშვილი ბესო / ზ ა მ ო რ ა