გენერალი ტრიბუნაზე იჯდა და დიქტატორის სავარძლიდან გასცქეროდა თეთრი ხარის სისხლით წითლად აჭრელებულ ზურგს. თვალმოჭუტული აკვირდებოდა ამაყ ტორეადორს, უკანასკნელი მახვილი რომ ჩასცა ხარს. ტორეადორი მხრებში გაიმართა, აიზიდა, წითელი ნაჭერი თეთრი ხარისკენ გააფრიალა, ერთი კი გახედა დიქტატორს, მერე ზურგი შეაქცია და თავის საყვარელ ცოლს და შვილს მიუძღვნა უკანასკნელი და ალბათ ყველაზე ღირსეული გამარჯვება მათ შორის, რაც თვითონ მოეპოვებინა და მრავალბრძოლანანახი ქალაქისთვისაც კი საამაყო იყო. აღრიალებული ტრიბუნები წამით ჩაყუჩდნენ.

სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ხალხი ნელ-ნელა ისევ აყაყანდა, მაგრამ ნირი წახდომოდათ და უნიათოდ ხმაურობდნენ. სწორედ ახლა და სწორედ მანუელ ზამორასგან ელოდა ფრანკო ბაამონდე პატივს, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში გრძნობდა, რომ ტორეადორი დასცინებდა და დასცინა კიდეც. “არ დაივიწყა”, ჩაეცინა დიქტატორს, მაგრამ მეორე წამში გაიაზრა, რა აკადრეს. გააფთრდა ფრანკო ბაამონდე, “ოო, მანუელ ზამმორა, იცი, იცი, რომ ძალით არ ჩამიდენია, იცი, მაგრამ... ხომ დამსაჯე მაშინვე, ახლა რაღა გინდა?” - დატუქსული ბავშვივით დასწყდა გული. ოცდახუთი წლის წინანდელმა ალიყურმა ისე აუწვა ლოყა, ხელიც კი მოისვა და კიდევ უფრო გააფთრდა.

 მანუელ ზამორამ შვილს და მეუღლეს ხელი დაუქნია.

მერე ვითომ ხარს გახედა, ოდნავ შეაბრუნა თავი და დიქტატორისკენ გააპარა მზერა. ტუჩებზე ირონიული ღიმილი დასთამაშებდა, თავში კი: “აა, ფრანსისკო ბაამონდე, ჩემო ბაა, როგორ იყო? კარგია ზურგის შექცევა? ყოჩაღი ბიჭი კი ხარ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ახლა მეც შენს გვერდზე მებრძოლა? ხომ უფრო ძლიერი იქნებოდი, ბაა, შეიძლებოდა მეც გენერალი გავმხდარიყავი, შენ რომ...” - და ყველას ეგონა, რომ მანუელ ზამორას სიცილი თეთრ ხარზე გამარჯვების სიცილი იყო. მხოლოდ ფრანსისკო ბაამონდეს თვალებში იდგა შეციებული სამხედრო კურსანტებით გაჭედილი, სამხედრო სასწავლებლის გრძელი, ბნელი დერეფანი, რომელშიც პატარა ფანჯრებიდან ძლივს აღწევდა ზამთრის მზე და თვითონ, მანო და დერეფნის ბოლოში გამოჩენილი ჭროღათვალებიანი, პოლკონიკი ხესუს მარია ხიმენესი, მუდამ მოჭუტული თვალებით რომ იმზირებოდა. იცოდა დიქტატორმა, გენერალმა ფრანკომ, რომ ტორეადორი სამხედრო აკადემიიდან გაძევებას ვერ აპატიებდა სიყრმის მეგობარს, ან უკვე რაღა მეგობარს.

 ტორეადორის ლამაზი ცოლი და მისი თოთხმეტი წლის ბიჭი ენრიკო ვერაფრით მიხვდნენ, რატომ აღარ დაბრუნდა ერთი კვირის შემდეგ მამა სახლში, ჩვეულებისამებრ რატომ აღარ შემოაგორა ერთი ფორთოხალი, რატომ გადაკარგეს მამის მეგობრებმა ისინი აჯანყებულთა მხარეში, რატომ ჩასვეს ერთ ღამეს წითელვარსკვლავიან თვითმფრინავში და რატომ აღმოჩნდნენ ცივ, თოვლიან ქვეყანაში, სადაც არავინ ლაპარაკობდა მათ ენაზე. ვერც იმას მიხვდნენ, რატომ ექცეოდნენ ამ ქვეყანაში გადამეტებული, ხშირად მომაბეზრებელი პატივით.

 ...და როგორც მამა მანო ზამორა უფრიალებდა ხარს წითელ ნაჭერს, ისე უფრიალებდნენ მის ცოლსა და შვილს წითელ დროშებს... და როგორც ბაბუა მანო ზამორამ შეღება თავისი ბოლო ხარის თეთრი ზურგი წითელი სისხლით, ისე მისმა შვილიშვილმა შეღება მამის მეგობრის დაბადების დღე სისხლით.

 5 დათვალე მჭიდში ვაზნები, ანუ დასავლეთისა და აღმოსავლეთის საზღვარზე

 აღზრდის შედეგები II

 ქალაქის საუკეთესო კლინიკაში მიიყვანა გენერალმა დენის დენისის ძემ ყელგადაღადრული შვილი, ლეიტენანტი დენის დენისის ძე.

მთავარი არტერია აქვს გადაჭრილიო, უთხრეს, ძალიან ბევრი სისხლი დაკარგაო. გენერალი იარაღით ემუქრებოდა ექიმებს, ყველას დაგხოცავთ, თუ არ გადაარჩენთო. რამდენჯერმე გაისროლა კიდეც, გაურბოდნენ დამფრთხალი ექიმები. ბოლოს ფრონტის მეგობარმა, სამხედრო ქირურგმა შეჰბედა, ისიც იმის იმედით, თავის დროზე სიკვდილისგან გადაერჩინა და ალბათ, არ მესვრისო, ფიქრობდა. კიდე კარგად გაძლოო, უთხრა, ძლიერი ორგანიზმი ჰქონია, სამ დღეს თუ გასტანა, კარგი იქნებაო.

 დაწყევლა გენერალმა თავის დაბადების დღე. იმ ქუჩაზე გავიდა, რომლითაც რიგითი ზამორა ჰაუპტვახტიდან ციხეში უნდა გადაეყვანა ბადრაგს.

ქუჩის თავში დადგა და შორი დამიზნებით “პისტოლეტ ბაკაროვადან” ესროლა. ერთი ტყვია აღმოჩნდა მჭიდში - საავადმყოფოშო ექიმების შესაშინებლად სროლისას დაეცალა.

 რიგითს მარცხენა ყურთან ჩაუზუზუნა იმ ერთადერთმა ტყვიამ. ბადრაგი რამდენიმე წამს გაქვავებული იდგა. ზოგი ვერც მიხვდა, რა მოხდა. ალბათ, რიგით ზამორას პირველად მაშინ გაუთეთრდა რამდენიმე ღერი თმა. მერე კი ციხეში სულ რაღაც ორ წელიწადში მთლიანად გაჭაღარავდა, ძალიან ახალგაზრდა იყო ასეთი ჭაღარისთვის, მაგრამ უხდებოდა.

 გენერალს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ “პისტოლეტ ბაკაროვადან” ნასროლი, სამიზნეს მარჯვნივ აცდენილი ტყვიის მიზეზი თვითონ იყო.

სამაგიეროდ, მიბრჯნით ნასროლი არც რძლისთვის და არც საკუთარი საფეთქლისთვის არ აუცილებია. არაფერი გასაკვირი არ იყო ამ ამბავში. ამ წუთებშიც კი გაახსენდა გენერალს, რომ ეს ისტორია ისე დამთავრდა პისტოლეტიდან გასროლით, როგორც 21 წლის წინ დაიწყო. მაშინ ჯერ უბრალო ოფიცერიც არ იყო გენერალი დენის დენისის-ძე, როცა მწვანეთვალება სამხრეთელი სანიტარი გოგონას გაცნობა ძალიან მოუნდა და გაეპრანჭა.

 - კაკ ვას ზავუტ? - ჰკითხა სანიტარს და ქალის მწვანე თვალებმა თვალი მოსჭრა.

 - ელენე! - უპასუხა ქალმა.

 - ლენა?

 - ნიეტ, ელენე! - გაუღიმა ქალმა.

 - ხატიტე, ნაუჩუ იზ პისტოლეტა სტრელიატ? - გაიჭიმა კაცი.

 ნიჭიერი აღმოჩნდა ქალი, ორ-სამ დღეში სამი გასროლიდან ორს ათიანში თუ არა, ცხრიანში არტყამდა.

 მერე თავის მეგობრებსაც გაეკეკლუცა დენის დენისის-ძე - აი, რა გოგო გავიცანიო.

 6 ცხოვრება თეატრია, ძმაო! - I

 - აი, ყველას რა გონია, იცი, - ჩახრინწული ხმით მიყვებოდა სნაიპერა და თან გაუთავებლად იქავებდა ოპიუმით გაღიზიანებულ სხეულს, - ყველას გონია, რო ციმბირის ტყეებში სულ ორმეტრიანი თოვლია. თოვლი კი არა, მიწაა გაყინული და მეტი არაფერი.

პირდაპირ სისხლს გიყინავს. იმ ჩემისამ მაგრა მავარჯიშა. ერთ დღეში აი, აქედანა და საზღვრამდე მანძილი გავირბინე, ისე გავიყინე, კინაღამ გავაფრინე, - საფეთქელზე საჩვენებელი თითი მიიკაკუნა, - რაღაცეები მეჩვენებოდა, თან ხო არ გგონია, გაჩერდები. გაჩერდები და კვდები. მეგონა, გავასწრებდი. რას გაასწრებ. მერე ისე ცუდად გავხდი, დამიჭირონ-მეთქი, ვნატრობდი, მაგრამ მაგარი გაძლება მასწავლა იმ უბედურმა...

რო დამიღრიალებდა: “რიადავოიი ზამმმორა!”, თუ არ შევასრულებდი, ჰაუპტვახტში მსვამდა, ღამე კი ერთი ათი კაცი მოდიოდა და მირტყამდა... გავუძლებდი აბა რა იქნებოდა. გარშემო არც სოფელი, არც სახლი, არც ნადირი, რო შეგჭამოს მაინც... არაფერი, თითქოს ღმერთმა ჩამიწყო... არაა, არ უნდა გაწირო კაცი მოსაკლავად... შენ რა, ეს ომი გგონია? ომი ის იყო, ერთკაციანი. ერთი კაცი ეომები ქვეყანას.

იმ ომმა მასწავლა და აქ იმიტო ვქაჩავ. უუჰ, - ახლა კისერს შეუტია ქავილით სნაიპერამ, - მაპატიე რა, ტაბლეტებს ვერ ვშოულობ და სულ ასე მაგლეჯინებს... ჰოდა, უცებ, ბიჭო, ქოხი. შუქი ანთია. ვინ დამხვდება, ფეხებზე მკიდია... თურმე ჩემნაირებისთვის არის ეს ქოხი. ამ ტყეების გარშემო ხო ეს სამხედრო ნაწილებია.

გამოიქცევა ვინმე დაღლილი, დაინახავს ქოხს, შიგნით ხვდება თავისნაირი უბედური, ცოტას დაალევინებს და გაათბობს, მოდი დაგამშვიდოო, მაშინ ვინ იცოდა წამალი, გაგიკეთებს... ერთი დღე, მეორე, მესამე, უკვე ზიხარ და იქაც მოგაკითხავენ. ეხლაც მახსოვს, კონდახი სულ კეფაში მირტყეს. რას მცემდნენ, რამის თავი მქონოდა... მინდოდა თუ არ მინდოდა, ბალანდასთან ერთად დღეში სამჯერ წამალი შემოჰქონდათ კამერაში. ერთი თვის მერე სასამართლო მოაწყეს. მანამდე...

ციხიდან რო გადავყავდი... ერთ წამში მოხდა. ეგრე არასდროს შემშინებია, ვიღაცამ ჩემი ან განთავისუფლება სცადა, ან მოკვლა. ერთიც და მეორეც მამაჩემის რომელიმე ძმაკაცი უნდა ყოფილიყო. ან მე მესროლეს, ან დაცვას. ორივეს აგვცდა... წამში ყურთან გამიწუილა.

ხო იცი, თუ ტყვიის ხმა გესმის, ესე იგი, აგცდა, თუ არა, ვინმე ჩემნაირმა დაგასვა რა. ეხლა კი მეცინება, მაშინ მაგრა ჩავისვარე, პატარა ვიყავი - ჩვიდმეტი... არა, თვრამეტი წლის.

 სასამართლოზე გაყვანის წინ ისეთი დოზა გამიკეთეს, ენა გამისივდა. სიტყვას ვერ ვამბობდი. ხმა არ ამომიღია. ოცი წელიო, სადღაც შორიდან გავიგე...

ტკივილი რომ დაგეწყება, რასაც გინდა, იმას გაგაკეთებინებენ და გათქმევინებენ, ოღონდ გაგიკეთონ... ერთი წამი არ დამაკლეს ამ ბოზებმა... სულ ბოლომდე გამათავებინეს. დედაჩემი რომ მოკვდა, ისიც კი არ ვიცოდი... ერთი კია, არავისთვის არაფერი დამიშავებია ის ოცი წელი... ის კი არა, ერთი ძაან ცნობილია რა, იმას ვუშველე, გადარჩენილიც მყავს... ვერ დამაბოზებინეს...

ვიცი რა, ბოზებს რა მოსდით ცხოვრებაში... ციხის მერე პირველად, თეატრში რო ვმუშაობდი, მაშინ შევხვდი, გამოვეცნაურე. ეგრევე მიცნო. მაგარი კაცია. ესეც იმან მაჩუქა. ნახე, რა იარაღია, ჩაიხედე რა, თვითონ უმიზნებს, სპეციალური, მარტო სნაიპერების იარაღისთვის არის ეს ლინზები, ხო იცი. ძაან მაგარია.

 

 ***

 თეატრი უცნაური და იდუმალი სამყაროა. ერთ პატარა ამაღლებულ ადგილზე ადამიანები გაუთავებლად იტყუებიან, შენ კი დარბაზში ზიხარ და ისე გინდა დაიჯერო, რომ იჯერებ. აი, მაგალითად, როგორ მოკლა ბიძაშენმა მამაშენი, როგორ შეირთო დედაშენი ცოლად და შენ კი, მთელ საქალეთზე გამწარებული, შენს საცოლეს ფეხებზე დაიკიდებ და მერე ყველანი ერთმანეთს ამოხოცავენ. აბა, ერთი ვინმე არ მოკვდეს, ერთი თვალზე ცრემლი არ მოგერიოს, აბა, ვინმემ ისე არ მოგატყუოს, რომ არ დაუჯერო, მეორედ ფეხს არ შეადგამ...

უყვარს ხალხს სისხლი, უყვარს და რა ქნას. სნაიპერასაც უყვარდა სისხლი და ცრემლები. დეკორაციების თრევისგან გადაღლილი დგებოდა კულისებში და გასცქეროდა უსისხლო სისხლს, უცრემლო ცრემლს, სპექტაკლის ბოლოს კი თავს ჩაღუნავდა და თავისთვის ორ სიტყვას ჩაიბურდღუნებდა ხოლმე: “ცხოვრება თეატრია”.

მერე სცენიდან სისხლი ქალაქში რომ გადავიდა და უკან დროშებად და მუშტების მკერდზე ბრაგუნად შემობრუნდა, თეატრს ერთი პატივცემული გვამი ეწვია. ვინ უყურებდა სცენას. იდგა დროშებით გარშემორტყმული ეს პატივნაცემი გვამი და უკრავდნენ ტაშს დარბაზიდან, სცენიდან, კულისებიდან. ნამდვილად არ იცოდა სნაიპერამ, რა ატირებდა, მაგრამ ღვარღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი. „უნდა მივიდე, გამოვეცნაურო რა... ბოლო-ბოლო ჩემი გადარჩენილია რა. იქნებ მიცნოს...”, ფიქრობდა.

და ცრემლებს იწმენდდა.

 ...და მალე დაიწყო ომი.

 ***

 სნაიპერას შაშხანა გაჰფუჭებოდა და ქალაქში ჩამოსულიყო. რომ ვესტუმრე, აივანზე იყო გასული. რაღაც მილი ეჭირა, მიაგდო და ხელი მაგრად ჩამომართვა. ლამაზი სიცილი ჰქონდა და რატომღაც საღი კბილები. არც ისე პატარა იყო, ორჯერ დიდი მაინც იქნებოდა ჩემზე. მოხდენილად შეჭაღარავებულს, ნაოჭებიც უხდებოდა ლოყებზე და შუბლზე. ხმელ-ხმელი იყო.

ესეთებს საშუალო ასაკი უხდებათ - სადღაც ორმოცდახუთსა და ორმოცდათხუთმეტს შორის არ იცვლებიან.

 შაშხანის შეკეთებას ელოდებოდა - უკან უნდა მივბრუნდეო. აღარ ღირს-მეთქი, ავუხსენი, ძალიან შემოგვიტიეს, შეიძლება ჩვენი პოზიციები უკვე აღებულიც აქვთ-მეთქი.

 თვალები მოჭუტა და ასე მიყურა კაი ხანს. სიჩუმე უხერხული რომ გახდა, მითხრა:

 - იცი რა, აქეთ რომ მოვდიოდი, აეროპორტში ბავშვთა სახლის ბავშვებს წავაწყდი. ამ საცოდავების შენობა დაბომბვაში მოყოლილიყო და აქეთ გადმოჰყავდათ. ერთ პატარა გოგოს მოვეფერე. კანფეტი მივეცი. უცებ “მამაო”, - დამიძახა.

არც გაკეთებული მქონდა და გავგიჟდი... აი, მაშინ ვიფიქრე, რომ უკან აღარ მივბრუნებუ¬ლიყავი. სახლის დირექტორთან მივედი, მე ვიშვილებ-მეთქი, ვუთხარი. გამომატანა. ოღონდ ვინმეს პატრონი გამოსჩენოდა და... წამოვიყვანე. ბიჭო, ეს დედანატირები, ამ წამალს ვერ მოვერიე რა! მეთქი, იქნებ ბავშვმა გადამაგ¬დებინოს.

არა, ძაან ძლიერია რა. არ დავღუპო-თქო. თან ისეთი საწყალი იყო, თავის უბედურება არ ყოფნიდა, მე რო მივმატებოდი კიდე?! გავიკითხე ბავშვთა სახლები. ერთში მივიყვანე. დირექტორს მივაბარე. რომ მოვდიოდი, ერთი კი გამომხედა. დიდი მწვანე თვალები ჰქონდა, რაღაცნაირი შეშინებული...

 ვიღაცა კაცი იყო, მომვლელი თუ ყარაული, ხელი მოჰკიდა წასაყვანად და იმასაც “მამაო”, - დაუძახა. ეგეთ რამეს მეორედ როგორ ვიზამ. ჩემი ადგილი აქ აღარ არის. მე, ეტყობა, ამ ცხოვრებისთვის აღარ ვარსებობ, თორე ამ ბოლო შანსს ღმერთი როგორ წამართმევდა. ჩემი ადგილი იქ არი, იქ... უნდა დავბრუნდე...

 სნაიპერამ ისევ შეუტია ოპიუმით გაღიზიანებულ სხეულს. სუფთად იყო გაპარსული, ძვირფასი ოდეკოლონი ესხა.

გაუშტერდა ცისფერი თვალები, მერე იქვე მიგდებული მილი აიღო და იქიდან გახედა ქალაქს, შორს რაღაცას დაუწყო თვალიერება. მომხედა, - ბიჭო, სხვანაირად ვეღარაფერს ვეღარ აღვიქვამო, - მითხრა.

 სამ დღეში სნაიპერას შაშხანა შეაკეთეს და ისევ ომში დაბრუნდა.

 

 ***

 - ის ამერიკელი, თუ ისა, ნორვეგიელი, ხო? ის რო არ ყოფილიყო, თქვენც მიგახვრიტავდნენ, თან ტყვეების გაცვლის ამბავში რო იყავით, კიდე იმიტო... ხო გახსოვს, შენ რო დაგადო იარაღი... რუსი ოფიცერი... ისე ძაან ვაჟკაცურად კი დაუდექი... აი ეგ იყო რა, სნაიპერას რო...

კაი მოხეული კი იყო ის ახვარი არა? საშინლად მახსოვს ეგ სნაიპერა. ნამდვილი სახელი არც ვიცი. ჩვენ ალყაში აგვიყვანეს და კამერაში რო შეგვყარეს, იქ დაგვხვდა. ერთი, თუ გახსოვს, მკლავში დაჭრილი რო იყო ჩვენთან, ხელი რო ჰქონდა დაჩირქებული, რო მოაჭრეს, იმან იცნო სნაიპერა, ერთ ნაწილში ყოფილან ომის დაწყების დროს და... ნამდვილი სახელი არც იმან იცოდა... გვარი მერე გავიგეთ, აი მკვდრების გაცვლის სიებს რო კითხულობდნენ... მოიცა, რაღაც მაგარი გვარი ჰქონდა, არა? იტალიური თუ, არა...

ჰო, ესპანური. მაგარია. მოკუნტული ეგდო კამერის კუთხეში, ტკივილებისგან იყო გათიშული. ჩვენი აყვანის მეორე საღამოს ის რუსი შემოვიდა... ოფიცერი, შენ რო იარაღი დაგადო. ორმოცდაათს გადაცილებული კი იყო, მაგრამ, ხო გახსოვს, რა ჯანზე იყო. შემოვიდა.

მომადგა: - ფამილია, - მკითხა. ვუთხარი. შემაგინა და თავი დამანება. მერე მეორეს მიადგა, მესამეს, თავი დაგვანება. ბოლოს ის დაინახა, კუთხეში მოკუნტული, გადმოაბრუნა, თმებში მოკიდა და თავი ააწევინა. თვალებში ჩააშტერდა და გავიდა. ცოტა ხანში შემობრუნდა, ხელში წამლიანი შპრიცი ეჭირა: - ხოჩეშ, სუკა? - ჰკითხა, ცხვირწინ აუტრიალა და წავიდა.

დღეში სამჯერ აკითხავდა, აჩვენებდა წამალს, გადიოდა. აწამებდა. სნაიპერას ყველა იცნობდა. ქუჩებში დიდი განცხადებები ჰქონდათ გამოკრული. ზედ მთლიანად მაგისი ფოტო იყო და წითლად “სნაიპერ” და ათი ათასი ეწერა. მგონი, მართლა ეგრე უღირდათ,…აი, ამერიკულ ფილმებშია როა, ისე. მეც მაქ ნანახი.

ჩვენ მხარესაც კი აკრავდნენ. იმის იმედი ჰქონდათ, ვინმე ფულს დახარბდებოდა... რა, ვერ იპოვიდნენ ვინმეს თუ რაა?! წარმოიდგინე რა, შუა ბრძოლებში იმათ ზურგში გადადიოდა და ჩასასაფრებელ ბუნაგებს იწყობდა ხეებზე. საათობით კი არა, რამდენიმე დღე გაუნძრევლად შეეძლო ჯდომა... ხელი არ აუკანკალდებოდა, ოღონდ თუ წამალი ჰქონდა. ხო იცი, აი... ვისი ახლობელი იყო.

სნაიპერას ციხეში გადაურჩენია თავის დროზე... იმან აჩუქა ის თოფიც და წამალსაც იმის ბრძანებით აძლევდნენ ჰოსპიტალში. ყოველი კვირის დასაწყისში მივიდოდა, აიღებდა წამალს და გადიოდა სანადიროდ. ჰოდა, ის რუსი ოფიცერი შემოდიოდა და სხვას კი არაფერს აკეთებდა, ჩვენსკენ ერთხელაც არ გამოუხედავს. ჩვენგან ვიღაცამ უთხრა, ან მოკალი, ან ნუ აწვალებო. მოგვიტრიალდა. სახეზე ზიზღი ეტყობოდა.

შემოგვღრინა: ზა ეტოი სუკოი სტოლკა ტრუპოვ, ი ნა ვას ხვატიტო.

 ერთი ხუთი დღე აკეთა ესე. ბოლოს ეს უბედური ტკივილებისგან სიკვდილის პირას რომ მივიდა, ყარაულს ვთხოვეთ, ექიმი მოეყვანა. ექიმს ის რუსი ოფიცერი მოჰყვა. ეხვეწებოდა, არ მოკვდესო. ბიჭო, სანამ ექიმი წვალობს, ვუყურებთ, იმ დამპალს არ გაუხდია წელზევით? ამან რო ცოტა თვალი გაახილა, თმებში სწვდა. ჯერ ვერ გავიგეთ, რას აკეთებდა.

გვეგონა, გულში იხუტებდა, ისე მიიტანა კისერთან სნაიპერას თავი და დაჰკიოდა: – პასმატრი, პასმატრი უზნაიოშო, - ყელს აჩვენებს. დავაკვირდით, ბიჭო, ცერის სიმსხო შრამი აქ ყბიდან ყელის ძირამდე ნახანჯლარ-გადანაგლეჯი. მერე იარაღი ამოიღო, ერთხელ ჩაარტყა კეფაში ამ მომაკვდავს, მეორედ, აღარ ჩერდება.

მგონი, რაღაც სხვაში იყო საქმე... სულ დაკარგა ჭკუა. ვეცით. ხუთი წუთის ამბავი იყო რა, და თქვენც მოხვედით, რომ არ მოსულიყავით, ალბათ ყველას დაგვხვრეტდნენ - მანამდე იმას მოვკლავდით.

ისე, სნაიპერა ალბათ უკვე მკვდარი იყო, რო მოხვედით. ერთი სამი დარტყმის მერე თვალები გაეყინა... ბევრში გაცვალეს ხო? ძვირად უღირდათ, მა რა იქნებოდა... ტყვეების გაცვლის ამბავში რო არ ყოფილიყავით, ნამდვილად დაგვხვრეტავდნენ. ეს უბედური, რო შემოგვიტიეს, წასული იყო. აღარ უნდა დაბრუნებულიყო. რომ ჩამოვიდა, ჰოსპიტალი უკვე იმათ ჰქონდათ აღებული.

წამალი ვეღარ აიღო, მაინც გავიდა სანადიროდ და... წამალი რო ჰქონოდა, ვერ დაიჭერდნენ, რა! რო ჩამოასვენეს, ჩვენ ისევ გზაში ვიყავით. დაკრძალვას ვერ ჩამოვასწარით.

 ...სულ ეს ვიცი რა. თუ რამე გამახსენდა, მე თვითონ დაგირეკავ, მამაშენს ვთხოვ და მთავარი ექიმის... ან პირდაპირ დავაბარებ და გადმოგცემს რა. მამაშენი ძაან მაგარია რა, გადაგვყვა. ეგეთები ბევრნი რო იყვნენ...

კარგათ! აბა, შევხვდებით რა, შევხვდებით...

 

 7 საძმო სასაფლაო კარგი გამოგონებაა, ხალხო - I

 საფლავს ეწერა დაბადების და დაღუპვის წელი. მერე სახელი, გვარი და ფრჩხილებში - სნაიპერა. საფლავის გარშემო შემოშენებული ორი მტკაველი სიმაღლის კედელზე ჩამომსხდარიყვნენ ოთხმოცს მიღწეული ალექსანდრე და მისი 25 წლის თანამგზავრი, - მამამისის მეგობრებზე გამწყრალი ყმაწვილკაცი, მუჭში სასაფლაოდან აღებული მიწა რომ ჩაებღუჯა და თითებს შორის ფხვიერ ნამცეცებად ეპარებოდა.

 - აბა შენ რა გეგონა, ბიჭო, - დიდი ხნის შემდეგ გააგრძელა ლაპარაკი ასაკოვანმა, - მამამისიც ჩემი დასაფლავებულია, დედამისიც და თვითონ ეგეც. კიდე ერთი-ორსაც მე მივაყარე მიწა და, თუ გაბრიელმა მანამდე არ წამიყვანა, ერთსაც მივაყრი ალბათ. მამაშენს კითხე, იმანაც კარგად იცის ეს ამბები. წამო, ეხლა არტაშასთან ჩავიდეთ, იქ მოგიყვები ყველაფერს.

ეე! შენ საფლავზეც არ იყავი ნამყოფი და ბევრს ლაპარაკობ. წამო, წამო!

 გაოგნებული შესცქეროდა ყმაწვილი ალექსანდრეს.

 ალექსანდრე ჩაფიქრდა.

 - ორ წელიწადში ოთხმოცის ვიქნები, - სქელ თეთრ წვერ-ულვაშში ჩაეღიმა, - რაღა აქ გამახსენდა, რაღა სასაფლაოზე დავთვალეო. კიდე კაი, წვერი და ულვაში მოუგონა ღმერთმა კაცს. სახეზე რაც გეტყობა, ადვილად დამალავ. ალბათ ამიტომაა ულვაში ნამუსის ნიშანი - რისი გამოჩენაც არ გინდა, ადვილად მალავ.

 სასაფლაო მეტისმეტად ფილოსოფიურ ხასიათზე აყენებს კაცს. მიდიოდა ალექსანდრე საფლავებს შორის, დროდადრო ყმაწვილ თანამგზავრს გახედავდა ხოლმე და წვერ-ულვაშში ჩამალულ ღიმილს ძლივს იკავებდა. ოთხმოცი წელი, ოოთხმოცი, რამდენჯერმე გაიფიქრა, რომ კარგად ჩასწვდომოდა ასაკის მნიშვნელობას, - რამდენია?! წესით, ცოცხალი არ უნდა ვიყო, - და კვლავ ჩაეცინა, - თანამგზავრი კი უმიზეზოდ დაბრძენებული ყმაწვილის სასაცილო სიმძიმით ხან ერთ საფლავს ჩაუჯდებოდა, ხან მეორეს.

ერთხელაც ამოხედა და სევდიანი ხმით გასძახა: - აი, დავდივარ, ვუყურებ ამ თარიღებს, მეორეს პირველს ვაკლებ და ყველაზე უმცროსები თვრამეტი წლისები გამოდიან, ერთი-ორი შეიძლება უფრო პატარაც ნახო და ყველაზე უფროსი ორმოცის, ჰა-ჰა ორმოცდაათის. ერთი-ორი შეიძლება უფრო ასაკოვანიც ნახო, - და თავი ჩაჰკიდა, - ეეჰ! - ალექსანდრეზე უფრო დაბერებული კაცის დარდის ამოყოლება სცადა.

 დიდი სიამოვნებით გადაიხარხარებდა ალექსანდრე:

 - ფილოსოფია უყვარს სასაფლაოს, - მიუგო პასუხად, - და ღიმილი რომ არ შესტყობოდა, ხელი ჩამოისვა თეთრ წვერზე. მეტი აღარაფერი უთხრა, ისედაც გაღიზიანებული იყო ყმაწვილი. მამამისის მეგობრებს გაებრაზებინათ ცოტა. ალექსანდრემ დასაწყნარებლად წამოიყვანა და თვითონვე ხომ არ გაახელებდა. საფლავები - სადა აქვს ამას ნაომარი საფლავები და საძმო სასაფლაოები ნანახი, აი ესე რო გახედავ და ბოლო არ უჩანს.

 - ისე, ან რატო უნდა ნახოს?! - ხმამაღლა წამოსცდა ალექსანდრეს.

 - რაა! - იკითხა ყმაწვილმა.

 - არაფერი, ჩემთვის...

ეჰ, დავბერდი, ხშირად ველაპარაკები თავს, - გაუღიმა პასუხად.

 

 ***

 საძმო სასაფლაო კარგი გამოგონებაა, დადიხარ საფლავებს შორის და უცებ ომის მთელი ნაგავი რომანტიკულ, ია-ვარდებით მოფენილ ისტორიებს ემსგავსება. ის კი არა, იქნებ ლექსიც გათქმევინოს, თვალზე ცრემლი მოგადგეს და მხრებგაშლილი ჩამოუყვე ძეძვნარში გაწყობილ ქვის კიბეებს. თუ ახალი ნაწვიმარია, კიბეზე შეიძლება ლოკოკინა იყოს გამოგლესილი. მოერიდე, ფეხი არ დააბიჯო. საზიზღარი შეგრძნებაა, ფეხქვეშ ჯერ თხელი ნიჟარა რომ იფშხვნება და მერე ლორწოსავით ხორცი რომ იგლისება, ფუუუჰ!

 

 ***

 “ჭკვიანი ბიჭი ჩანს, გაიფიქრა ალექსანდრემ, ოღონდ სუფთაა ნამეტანი. ამას ტყეების გამოყვანას როგორ ანდობენ ნეტა? ისე, ჩემთან შედარებით... ნამდვილი ცოდვილის ყველა პირობას ვაკმაყოფილებ, ყვე-ლა პი-რო-ბას..., მარცვალ-მარცვალ დასცინა საკუთარ თავს, რატომღაც ვერ მიმეტებს თორე, აქამდე...”.

 გულზე ხელი მიიჭირა, პერანგი მოჭმუჭნა.

 - ცუდად ხო არ ხართ? - ჰკითხა თანამგზავრმა.

 - არრა. იცი, როდიდან მაქ ესე, აი შენზე ძალიან პატარა რო ვიყავი, სასწავლებელში ერთ მეკავშირე გოგოს ვაკოცე, შიფრის გადაცემას მასწავლიდა. არ ვაცალე ამოსუნთქვა და მაშინ... მაშინ გამკრა პირველად, პირველი კოცნის დროს, 15 წლის ვიყავი, აბა... “რა სისულელეებს ვყვები. რას იფიქრებს ეს ბავშვი”, გაიფიქრა და საკუთარ თავზე გაბრაზდა.

 თანამგზავრი წინ წავიდა, კიბეებს ჩაუყვა. ალექსანდრე მძიმედ მიჰყვა.

 - ხელი ხომ არ მოგაშველოთ?

 - არა, ლოკოკინები გამოდიან ხოლმე ბალახებიდან და არ მინდა ფეხი დავადგა.

 “რას მიბედავს”, გაუელვა თავში, “ამ ლაწირაკის წონა ვარსკვლავები მაქ მხრებზე”. კვლავ გაეღიმა.

 ორიოდე ნაბიჯით მოსცილდნენ საფლავს, გაჩერდნენ, უკან გახედეს სასაფლაოებს. - გინახავს, როგორ აყრიან ძაღლები თავის ნაქნარს მიწას? - ჰკითხა თანამგზავრს ალექსანდრემ.

 ენერგიულად ჩაუყვნენ კიბეებს.

 - შენ ნამყოფი ხარ არტაშასთან? - ჰკითხა ახალგაზრდას.

 - არა.

 - ვაჰ, რა კაცია ეს მამაშენი, როგორ არ გაგაცნო. წამო... ლექსებსა წერს არტაშა, ოღონდ არავის აკითხებს, ცოტა ლოთი იყო, ეხლა დაწყნარდა, კაი პურს გვაჭმევს...

ლექსებს არ წაგვიკითხავს... მე და შენაც დავილაპარაკოთ. ამას ტყეების გამოყვანას როგორ ანდობენ ნეტა?

 

 8 აჩემებული სადღეგრძელო - I

 - აი ესე, იდგა ორი ნაბიჯის დაცილებაზე ჩვენ სამისგან. გვერდზე დენისა ედგა. უხაროდა დენისას, მაგრამ რა უხაროდა, თვითონაც არ იცოდა: ლამაზი ქალი რომ გვაჩვენა, ჩვენი გადარეული თვალები რომ დაინახა, თუ?... არ ვიცი... (აქ ღრმად ამოიოხრა ალექსანდრემ და გააგრძელა) დაასხი...

 

(მესამედ გავავსე ჭიქა) ეს კაი ჭიქები აქ არტაშას, კაი ზომაა... (ჭიქა ასწია) თან რა ასაკში ვიყავით, გვეგონა, მთებს გადავაბრუნებდით, ვაბრუნებდით კიდეც... აი, წარმოიდგინე, შენ რო სნაიპერაზე ყვები... იქით გადადიოდაო და უსაფრდებოდაო... მამამისი რას შვრებოდა, იცი? ესპანური და ფრანგული შველოდა, თან შავგვრემანი იყო და ლურჯთვალება, ცოტა გერმანულიც იცოდა. ძალით ვარდებოდა ტყვედ, მერე ჩვენ შევდიოდით შიგნით და... (გაჩუმდა, სადღაც შორს გაუყვა მოგონებას, წიწაკის მწნილი აიღო, ჩაკბიჩა, სახე დაემანჭა ერთი ყლუპი ღვინო მოსვა და პირში გამოივლო) ...რას ვამბობდი? ჰო...

აი ესე, ზამორა ტყვედ ჩაბარდებოდა და მერე ნელ-ნელა კიდევ ორნი შევდიოდით: ან მე და დენისა, ან მე და გრიშა, ან... მოკლეთ, ერთი გარეთ რჩებოდა.… ერთ კვირაში მთელი ნაწილი იქნებოდა თუ ტყვეების ბანაკი, დედას... (უხამსად შეიგინა, აქეთ-იქით გაიხედა, მოშორებით ქალს მოჰკრა თვალი) ბოდიში, უუჰ!... არადა, ჩვენ შორის ყველაზე უფროსი, გრიშა, სულ ოცი წლის იყო. ყველაზე პატარა, ზამმორა - თვრამეტის. მე და დენისა ცხრამეტისები ვიყავით. მაშინ კაცები გვეგონა თავი.

ისე, რით აღარ ვიყავით კაცები? რაც ჩვენ გადავიტანეთ! ძალიან მალე გავიზარდეთ, ალბათ სიკვდილის თვალებში ყურებამ იცის. გრიშა, ოცდაათი წლის, სულ თეთრი იყო. მეც რა, ორმოცის ვიყავი აი ესე, მეტი არც მომმატებია ჭაღარა და ნაოჭები. ჰეჰ! რა ქალივით ავლაპარაკდი? (ჩაეცინა) შენ კი ბრაზდები, მაგრამ მაშინ მართლა სხვა დრო იყო. ისე, რა მწვადს წვამს არა არტაშა? თქვი რამე! (ჭიქა მომიჭახუნა და შემომხედა, მომისმინა, გაეღიმა) ... მაგარი ხარ. გაუმარჯოოოს! არტაშ, გაგიმარჯოოს! აი ამ ჯეელმა შენი სადღეგრძელო თქვა, მააშ.

ხო იცი, მე აქ ცუდ კაცს არ ჩამოგიყვან, ბარაქა, ბარაქა! (ჭიქა მოიყუდა და დალია)! დენისამ ერთ ოპერაციაზე წასვლამდე გვითხრა, თუ სუფთად გამოხვალთ, თქვენებურ გოგოს გაგაცნობთო. მერე, წლების შემდეგ, სტუმრად ჩავედი. უკვე გენერალი იყო და კარგი ოჯახი ჰყავდა. ერთგული, შვილიც გაზრდოდა. დავლიეთ და მთვრალმა მითხრა, მაშინვე მივხვდი, დაკარგული რომ მყავდაო. სადღეგრძელო ჰქონდა აჩემებული, “ზა პოტერიანნუიუ ლიუბოვ”. (მინის დოქი ასწია, დაასხა, ჯერ თავის ჭიქაში, მერე ჩემსაში, მომიჭახუნა, ცხვირსახოცი ამოიღო, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, ჭიქა

 დადგა, აიღო) ...

მოდი, მოდი... (და სწრაფად თქვა, თითქოს უფრო თავისთვის) ...დავლიოთ ჩვენც “ზა პოტერიანნუიუ ლიუბოვ”. (ნელა, დაგემოვებით დალია, თან ორჯერ-სამჯერ გამომხედა) ჰოდა, წარმოიდგინე, სულ ახალი გამოსულები ვართ ოპერაციიდან, ისევ დენთის და სისხლის სუნი გვიტრიალებს ცხვირში და ამ დროს... არასოდეს გიგრძნია სისხლის დუღილი? მაგარ საქმეს რო გააკეთებ და აგზნებული რომ ხარ, ბოდიში შენთან და (გაიხედ-გამოიხედა, ჩემკენ გადმოიწია და ჩურჩულით თქვა) ...აი, უმიზეზოთ რო გიდგება,... (ჩემდაუნებურად მეც უხერხულად მოვათვალიერე დარბაზი, შემატყო) სამხედრო ცხოვრებამ მიმაჩვია ესეთ ლაპარაკს. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვა. (და ისევ მიმოიხედა) ჰოდა, აი ამ დროს მოიყვანა ამ გამგელებულ ბიჭებთან დენისამ ელენე...

ჩრდილოელი კაცი იყო დენისა, აბა რა იცოდა სამხრეთული სისხლი რისი ჩამდენია... ჩემი გამოცდილებით, ყველაზე იდუმალები, ვნებიანი და სახიფათოები

 მწვანეთვალება ქალები არიან, (ჩაახველა და წვერზე ხელი ჩამოისვა, ღვინო დაასხა და ჩაიცინა) თან სამხედრო ფორმაში ქალი ძალიან, ძაალიან მიმზიდველია. სამხედრო ფორმა ხო თითონაც ხაკისფერია, არა? რაღაცნაირი მომწვანო... (გაიხედ-გამოიხედა, თავის ტანსაცმელზე დაიხედა, ვერაფერი ვერ ამოარჩია) არა, ეგეთ ფერს ვერსად ნახავ, აი ისეთი, ჭაობისფერი, არა უფრო...…მოკლედ, არ ვიცი... უყურებს ზამორას, არ აცილებს ამ თავის მწვანე თვალებს, თქვენ გიცნობთო, უთხრა. გადაირია ზამორა, საიდანო. ზამორას ფოტოები ხო გაკრული ჰქონდათ გერმანელებს, დიდი წითელი ასოებით ზედ ეწერა, ეს არის და ეგრევე მოკალითო. 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სოლომანაშვილი ბესო / ზ ა მ ო რ ა