მაინც ახერხებდა ზამორა შეძვრომას... მოკლედ, ელენემ გააგიჟა ეს თვრამეტი წლის ბიჭი, სამივეს გაგვიღიმა და ხელი ჩამოგვართვა, თბილი, პატარა ხელი ჰქონდა... და

 ალერსიანი. მაშინვე შევატყვე, რაღაც ეტაკა გრიშას, მოგვცილდა და თითქოს

 გაიბუტა, შორიდან დაუწყო ელენეს ცქერა. არადა, ეხლა რომ ვფიქრობ, სულ

 ზამორა უყვარდა... ალბათ... (ასწია თავი, თვალებში შემომხედა) ალბათ...

ჰოდა, რას ვამბობდი!? ომი, ხო იცი, როგორია, მაშინ ქალები ბევრნი იყვნენ: სანიტრები, მედდები, მეკავშირეები, მზარეულები, თან სულ ნარჩევი... (თვალები აუციმციმდა, გაეღიმა, სახეზე სიამოვნების გრძნობა დაეტყო, სკამის საზურგეზე გადაწვა, დამშვიდდა. მე ჭიქები შევავსე) აბა, თუ იმას დალევ, რაც ვიფიქრე... (მომისმინა, გაეღიმა) ყოჩაღ! ქალებს გაუმარჯოს, ქალებს! ჰეჰ! (ნელა, ჩაგემოვნებით მიირთვა ღვინო)... თან ყველას მოვწონდით - ძაან თავზეხელაღებულები ვიყავით. თან სამხრეთელები. ომის რომანტიკის დედა ვატირე, მაგრამ...

რამ გადაგვრია ეს ოთხივე ამ ერთ ქალზე... (ხასიათი გაუფუჭდა, თავი ჩაღუნა, ღვინო დაისხა, დალია)

 ან ელენეს ჰქონდა რაღაც ისეთი... პირველად გრიშას შეეტყო... საერთოდ, გრიშა ხშირად კარგავდა ჭკუას. უშნო თვისება ჰქონდა, ამპარტავნული, სუყველას მედიდურად უყურებდა ან სულაც თამაშობდა... ან სიხარბე და შური, მოკლედ, არ ვიცი, აუცილებლად სხვისი ქალისთვის უნდა დაედგა თვალი, ან სხვისი საქმისთვის. ვერაფრით წარმოედგინა, იქვე მის გვერდზე ვინმე უკეთესად ყოფილიყო.

თავიდან ყურადღებას არ ვაქცევდით. მერე და მერე აუტანელი გახდა... სულ ვიღაცას ეჯიბრებოდა. თუ შენს ჯობნას ვერ მოახერხებდა, იმას მაინც იზამდა, საქმე აგრეოდა. მაგრამ აი, პირველი შეხვედრისას უცნაური, მიმზიდველი თავხედობით გამახსოვრებდა თავს. აუცილებლად წამოეგებოდი. ხასიათის გამოვლენას ნელ-ნელა იწყებდა.

გრიშას კიდე ერთი თვისება ჰქონდა - პატრონების მოძებნის. ცოტა მოეფერებოდა, ცოტა ითავხედებდა, ცოტა... თუ სჭირდებოდა, არც მეგობარი იცოდა, არც ახლობელი... ერთხელ, ჯერ ომის დროს, ჩემზეც კი უთქვამს, მაგას არ ენდოთო. რაღაცა მიზეზი მოუგონია, არ მახსოვს. ეს ჩამრჩა გულში. ისე თავისუფლად გაგწირავდა ვინმესთან, მერე, ვიხუმრეო, იტყოდა.

მაგრამ პატარა ხინჯს ხომ ტოვებდა?! ეგ კი არა, ჩვენ ოთხს შორისაც ისეთს დაატრიალებდა ხოლმე. ერთხელ დამიმარტოვა, შენი ძმა ვარ და რაღაც მინდა გითხრა. ბიჭები შენზე ამბობენ, რო... შევუკურთხე, თუ ჩემი ძმა ხარ, შენვე მიხედე-მეთქი. ერთხელ დენისა გამებუტა უმიზეზოდ. მერე გავარკვიე, გრიშას უყბედია რაღაც. აი ესე, უცებ მოიგონებდა, დაარეხვებდა- დავიძაბებოდით.

მერე იცინოდა. ზამორა ვერ უგებდა მხოლოდ - ელენეზე ეთქვა რაღაცეები და... ვერ ვიგებ ეგეთ ხუმრობასო, აცახცახებულმა დაუყვირა ფრანგულ- რუსულ-ესპანურად.

რო ნერვიულობდა, ყველა ენა ერთმანეთში ერეოდა. იმან კიდე აქეთ დაადო ვალი - ძმები არა ვართ, რა გჭირსო. შეგვაჩვია ესეთ სისულელეებს. ხო თითქოს ყურადღებას არ ვაქცევდით, მაგრამ ერთი-ორჯერ წინ დაგვხვდა.

 ბოლოს ისეთი ჩაიდინა... ომის მერე 5 წელია გასული, ჯერ ერთად ვმუშაობთ მე, ზამორა და გრიშა, სამხედრო დანაშაულებს ვიძიებთ, უფრო სწორედ, თუ ომის დროს ვინმემ რამე დააშავა - იმას. იმ დროიდან გამოყოლილი საქმე დაგვავალეს გამოსაძიებლად. მაშინ ჩვენი უფროსი იყო, ხრუშჩოვი რო აიყვანა გენერალმა, - ის. მერე ძაან გამომადგა - მაგასაც მოგიყვები... მაშინ პოლკოვნიკი იყო ჯერ. სერიოზული ჩეკისტი...

 ჰოდა, სამივეს დაგვიძახა, თქვენი ამბავი რო ვიცი, ადვილად მიხედავთ ამ საქმესო, ოღონდ, იცოდეთ, ზემოდან ისეთმა კაცმა დამავალა, მე ხო ვერ მიტანს და, თუ ეს ამბავი არ გამოვა, ყველას ერთად გაგვაციმბირებენო. ერთი გენერალი ახსენა, რუსი. ცოტა ვერ იყო ის გენერალი თავის ჭკუაზე. ეს ჩვენი დასცინოდა ხოლმე, ის კიდე გადაეკიდა. რთული საქმეა გასახსნელად, ჰგონია, ვერ მოვახერხებ და მტენის, თქვენზე კარგად ამ ამბავს ვერავინ გაუგებსო. ზამორას შეხედა- გახსოვს ისევ ესპანურიო? ზამორას გაეცინა, უშველებელი ლექსი წაუკითხა ესპანურად, - გინდათ, ფრანგულადაც წავიკითხავო. (ხმამაღლა გაიცინა, თვალები მოუწყლიანდა) დავბერდი.

(ამოიოხრა, ცოტა ხნით გაჩუმდა) გაინტერესებს? საქმე ნახატებით ვაჭრობას ეხებოდა. ნაომარი ქვეყნების მუზეუმებიდან გამოტანილ ნახატებს ყიდდა ვიღაცა. მერე გამოჩნდა, რო დიდი ორგანიზაცია იყო და მთელი სისტემა ჰქონდათ აწყობილი. ხო იცი, ყველა სერიოზული ორგანიზაციის ღირსების ამბავია, რო კედლებზე ცნობილი მხატვრების ნახატები უნდა ეკიდოს, - საელჩოები, სამინისტროები და რაღაც ესეთები. იყო ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც ამ საქმეზე მუშაობდნენ. მაშინ ყველა დაწესებულებას თავისი პარტორგანიზაციის მდივანი ჰყავდა, რომელიც ზრუნავდა ორგანიზაციის იდეურ მოწყობაზე. ეს ექსპერტები ამ ხალხს ეკვრებოდნენ და შუამავლად დგებოდნენ - საბჭოთა კავშირის ცნობილ მხატვრებს უკვეთავდნენ გაკომუნისტებული ქვეყნების ორგანიზაციები ნახატებს და, პირიქით, საბჭოთა კავშირის ორგანიზაციები - კომუნისტური ევროპის მხატვრებს.

მაშინ ყველაზე რთული საზღვარზე გადასვლა იყო. ამიტომ შექმნეს სისტემა, რო აბსოლუტურად კანონიერად და ოფიციალურად გადასულ-გადმოსულიყო ნებისმიერი ნახატი. დავუშვათ, შეკვეთილი იყო ათი ნახატი. რომელიმე მხატვარი დახატავდა ცხრა თავის ნატურმორტს და მეათეს - ცნობილი ნახატის ასლს. ამაში უხდიდნენ ათი ნახატის ფულს. მხატვარს რა უნდოდა? - აიღებდა ამ ფულს და ხელს აწერდა დოკუმენტს. ეგ იყო და ეგ.

ეს ექსპერტები საზღვარზე გადატანის წინ ორიგინალს ზემოდან გადააჭიმავდნენ ასლს. მხატვარმა არ იცოდა ნახატის ნახატზე გადაკვრის ამბავი. ორიგინალი ათი იმდენი ღირდა, რაც ყველა ამ მხატვრის ერთად აღებული ასი ნახატი. საზღვარზე გადასატანად საბუთებისთვის ნახატების ფოტოებს იღებდნენ. იქაც ყველაფერი წესრიგში იყო. მთავარი იყო, საბჭოთა კავშირის საზღვარს გადასცილებოდა. იქით უფრო თავისუფალი იყო ყველაფერი.

ეს შედევრები ერთ ცალკე პარტიად ლაგდებოდა. ნახატების არც რაოდენობა იცვლებოდა, არც მხატვრები, არც დასახელება. უბრალოდ, სადღაც ას ნახატში ათი სად და როგორ ნაწილდებოდა, აღარავინ არკვევდა. ეს ორგანიზაციები თავის შეკვეთილ ნახატებს იღებდნენ და ექსპერტები - მილიონერებისგან ფულს. მორჩა ამბავი.

 გასკდა იქიდან, რო ერთმა ახალგაზრდა იდეურმა მებაჟემ ერთი მხატვრის ნახატების შეკვრაში აღმოაჩინა, რომ კომუნისტ მხატვარს ჯვარცმა დაეხატა. კომკავშირელმა ერთი ამბავი ატეხა და ამას მოჰყვა დიდი ვაიუშველებელი.

ამ ხმაურით ჩეკა დაინტერესდა. ეს კომკავშირელი დააწყნარეს, - მადლობა პირად საქმეში. ის მხატვარი დასაჯეს, - გაფრთხილება პირად საქმეში, რომ აღარასოდეს დახატავდა ჯვარცმას. ფული აღებული ჰქონდა და როგორ იტყოდა, რომ თავისი დახატული არ იყო. ჩეკისტები მიხვდნენ და ასლის ქვემოთ ნამდვილი აღმოაჩინეს - მართლა ყველა ტვინგარეცხილი კი არ იყო. მიხვდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე, შეუჩიჩხინეს ამ მხატვარს, საიდან გქონდა ნახატიო, ეხლავე მიგვიყვანე იმ ხალხთანო. იმან კიდე - პაპაჩემის დანატოვარი იყო, მე ასლი მქონდა დახატული და იმათ ორივე იყიდეს, არც ვიცოდი, ვისი ნახატი იყო და არც ის, იმ ხალხს რაში სჭირდებოდაო.

ნახატი მუზეუმში დაიკიდა. ჩვენმა პოლკოვნიკმა ამ მხატვარზე თვალთვალი დააწესა და დაგვიძახა. ეტყობა ჩვენი ომისდროინდელი ოპერაციები გაიხსენა. დავაჯექით კუდზე იმ მხატვარს. იყო თავისთვის საწყლათ, არაფერს აკეთებდა. მაშინ ჭკუა ისეთ მამაძაღლობებზე მქონდა გადაწყობილი. დავუჯექი ზამორას და გრიშას და მოვხაზეთ გეგმა: ჯერ მხატვარი უნდა შეგვეშინებინა კონფისკაციით - ეს რა უკანონო შეკვეთები შეგისრულებიაო.

სავარაუდოდ, რო შეშინდებოდა, კომპენსაციისთვის იმ ხალხს მიადგებოდა. ის ხალხი ადრე თუ გვიან თავისთავად ნახატს მოიკითხავდა, მერე იმ ხალხში ზამორა შეძვრებოდა, როგორც ესპანელი ან ფრანგი კოლექციონერი, ვითომ სხვა საქმეებზე ჩამოსული, მე - ნახევრად განათლებული ანტიკვარიატის კონტრაბანდისტი. მართლაც, რაღაც მახსოვდა ჩემი ბავშვობის განათლებიდან ამ საქმეში, თან ცოტა ფრანგულიც მახსოვდა და, თუ მეცოდინებოდა, ზამორა რას ილაპარაკებდა შეხვედრებზე, თარჯიმნადაც გამოვდგებოდი. გრიშა თავისი პატარა ჯგუფით დაზღვევაზე უნდა ყოფილიყო და თავიდან დაშინებაც გრიშას უნდა ჩაეტარებინა. ცოტა არ მოეწონა თავისი როლი - შავი მუშა ვარო?! ზამორა გაბრაზდა, მე ხუმრობით ვუპასუხე და დავიწყეთ. პატარა შეშინება დაჭირდა იმ მხატვარს, მერე ჩვეულებრივ ინფორმატორად აქციეს ჩეკაში სხვა საქმეებზე. ცუდი რამეები ჩაადენინეს.

სამაგიეროდ, თუ სადმე ლენინი და წითელი დროშა უნდა დახატულიყო, სულ იმას უკვეთეს და დიდი ფული აკეთებინეს. ვიცნობდი - ლაპარაკადაც არ ღირს, ისეთი არაკაცი იყო.

 ზუსტად ჩვენს გეგმას მიჰყვებოდა მოვლენები. თითქოს იცოდნენ, რა გვქონდა დაგეგმილი და ისე იქცეოდნენ. ყველაფერს უფროსთან ვათანხმებდით და ანგარიშს ვაბარებდით... და როცა გადაწყდა სუულ მთავარზე გასვლა, როცა ყველას ნდობაში შევედით... დიდი ხანი მოუნდა ამ ამბავს - სამი-ოთხი თვე.

 ეტყობოდა, სერიოზული ტვინები მუშაობდნენ. ისეთი გასაიდუმლოებული იყო სისტემა, ერთმანეთს ორი კონტაქტორიც კი არ იცნობდა კარგათ, მესამე კაცზე ხო ლაპარაკი არ იყო. აბა, არ გინდა, მთელი აღმოსავლეთ ევროპის ესეთი კონტრაბანდა აკონტროლო?! ეჭვი მაქ, რომელიმე ევროპული ქვეყნის სპეცსამსახურები აკონტროლებდნენ.

ამ დროს ის გენერალი გვაწვება, ჩვენ რა, ჩვენ უფროსს, - თუ ვერ ერევით საქმეს, ოფიციალური პატაკი დაწერეთო, თორეო... ცოტა დაიძაბა კიდეც სიტუაცია. ზამორამ, როგორც ყოველთვის, უმნიშვნელო ამბიდან გამოქაჩა რაღაცა - ერთ მხატვართან აღმოაჩინა მადრიდის ხედი. იმ მხატვარს სხვადასხვა ქალაქების პეიზაჟები ჰქონდა შეკვეთილი - სტილისტურადაც არჩევდნენ, ვისთვის რა შეეკვეთათ - ჰოდა, ზამორამ გამოკითხა, მადრიდი როგორ მოგეწონათო.

მხატვარი ბოდიალობდა. მიხვდა ზამორა, არ იყო იმის დახტული და ამასაც მოვაჯექით კუდზე. ცოტა დავამუშავეთ, ჰო რას იღიმები, ეგრე ქვია რა, პატარას წაარტყამ და... არა ძაან ცუდად არ ვიქცეოდით. (გაეცინა) ამაში გრიშა იყო მაგარი, ჯერ შეაშინებდა, მერე მოეფერებოდა, ისევ შეაშინებდა... მაგრამ ვეღარ გაუძლო ზურგში თამაშს და... როცა ყველაზე მთავარი უნდა გაგვეცნო, როცა იმათაც დაიჯერეს, რომ მართლა კონკურენტი კონტრაბანდისტები ვიყავით და საქმის გარჩევა მოინდომეს, გრიშამ არავის არ ჰკითხა, ისე ჩაატარა ოპერაცია.

 მივედით შეხვედრაზე. ჯერ, ვისაც ვიცნობდით, ისინი მოვიდნენ. ჩვენ სულ თეთრები გვაცვია, - ვიპრანჭებით რა. ისინი გვეუბნებიან, ხუთ წუთში ყველა აქ იქნებაო, ანუ ისინი, ვინც აქ აკონტროლებდნენ ამ კონტრაბანდას. დაჭერას არ ვაპირებთ, დავალებული გვაქვს, რაც შეიძლება მეტი ნახატი ამოვიღოთ. არაფერი არ უნდა იეჭვონ, თორე წყალში გვეყრება ამდენი ამბავი. საერთაშორისო სკანდალიც კი გვინდოდა აგვეტეხა, აი კაპიტალისტები რას კადრულობენო.

 უცებ გარედან სროლა გვესმის - ორი მანქანა არის ალყაში.

მანქანებიდან ორი კაცია გადმოსული, დაძაბულები არიან, იარაღებით დგანან. გარშემო გრიშას მთელი ჯგუფია კბილებამდე შეიარაღებული. ერთ მანქანაში იმალებიან ახალგაზრდა ქალი და კაცი, მეორეში - ორი ხნიერი კაცი. ჩვენთან ვინც არიან, ისინი გვეუბნებიან, გავიქცეთო. უკვე არაფრის გაკეთება აღარ შეიძლებოდა. მე და ზამორამ იარაღი გავაძრეთ და ისინიც ავიყვანეთ.

 მერე გრიშა გვეუბნებოდა, მოვიდნენ, რაღაცა იეჭვეს და წასვლა რო დააპირეს, სხვა გზა არ მქონდაო.

მანამდე ისეთი პატივით მიიყვანა და ისეთი მილოცვები მიიღო იმ რუსი გენერლისგან, ცუდი ეჭვები გაგვიჩნდა. პირდაპირ არავინ არ გვითხრა, მაგრამ გაკითხვა-გამოკითხვით გავიგეთ,- როგორც ჩანს, იმ გენერალს დაკავშირებია გრიშა და უწუწუნია, იმიტო იწელება დრო, რომ გაუბედავად მუშაობენ, რისკს ვერ წევენო. ჰოდა, აყვანილი ხალხი პირდაპირ იმასთან მიიყვანა. გადაირია ჩვენი უფროსი, გრიშას ჩინი მოუმატეს და გადაიყვანეს მილიციაში დიდ პოსტზე. ის ხალხი დიპლომატიური კორპუსიდან აღმოჩნდა, ადვილად დაიძვრინეს თავი. დაიკარგა ამ კონტრაბანდის მთელი არხი. რაც აღმოაჩინეს, იქიდან ჩვენ მხოლოდ ფოტოებიღა გვაჩვენეს.

იმ ფოტოებში ვნახე იმ მეჩვიდმეტე საუკუნის ჰოლანდიელის ნახატის ფოტო. უცებ გული შემიქანდა. რო დავხედე, ჩემი მამობილის სახლში ჩამწვარ ნახატს ჰგავდა. ჩავაკვირდი და სხვა აღმოჩნდა, ოღონდ იგივე მხატვრის - ვერცხლისფერი ჯამი, ჯამში - მოსხმარტალე თევზები, ნანადირევი: მწყერი და კურდღელი, ოქროსფერი თავთავების შეკვრა და კიდევ რამდენიმე უცნობი ნაყოფი.

 ნახატის დოკუმენტებზე აშკარად ეწერა “დერევო, მასლო” - ხე და ზეთიო, ფოტოზე ჩანდა, რო ტილოზე ნახატიდან იყო გადაღებული. ეტყობა ხეზე გადააკრეს ტილოზე დახატული ასლი და ისე გაიტანეს. ესე დაიკარგა ბევრი ნახატი. მარტო ფოტოებითღა არკვევდნენ, რომელი სად და როდის შეიძლებოდა გაეტანათ.

 რაღას ვიზამდით.

ის რუსი გენერალი საბოლოოდ მაინც ამ ისტორიას გადაჰყვა. ბევრი სიბრიყვე უთქვამს ამ ამბებზე კიდე უფრო ზემოთ. ერთი-ორ ჭკვიანს მოუსმენია და... გააციმბირეს. გრიშას შერჩა ჩინი და თანამდებობა. ჩვენ კაი შიში ვჭამეთ, გვეგონა, გაგვაციმბირებდნენ არა, მაგრამ ჩამოგვაქვეითებდნენ მაინც. გადავრჩით.

 ამის გამო ვერიდებოდით მე და ზამორა, ვცდილობდით, ერთად არ გვემუშავა. პირველად, მაშინ თექვსმეტისები ვიყავით, თავისი ხასიათი სასწავლებელში გამოავლინა. ერთი სანიტარი იყო, ქალი, რა ერქვა, აღარ მახსოვს. მთელი კურსანტები იმაზე ვკაცდებოდით. სხვას რომ მისცა, გადაირია, ისეთ დღეში ჩააგდო... გალოთდა ეს უბედური ქალი, მერე გააგდეს... მაშინ სასაცილოდ არ გვყოფნიდა.

ეტყობა, მართლა სჭირდა რაღაც... ან... ან, მოკლედ, არ ვიცი, (ჩაეცინა, დამცინავად ჩაეცინა) სისულელეა. (დააყოლა) თან რას ვფიქრობ, იცი... შური ისე ხო არ ვარდება საიდანღაც, რაღაცის გამო უნდა დაიბადოს... შეიძლება გონებრივი დარღვევაა... კლინიკაში უნდა ჩაკეტო და ხალხში არ გაუშვა, რო არავის ავნოს...

 მაგრამ ეს შური ვერ გავიგეთ, საიდან მოდიოდა, თავის დროზე მივმხვდარიყავით, იქნებ გაგვეგო, გვეპატიებინა... ეხლა ნეტა რა აზრი აქ ამის ლაპარაკს. ისე აეწყო, როგორც ხშირად ხდება - შეიკრა ცნობილი სასიყვარულო მრავალკუთხედი. თავიდან სასაცილოდ არ გვყოფნიდა... დენისამ ჩრდილოური ცივი გონება გამოიჩინა და ადვილად გადგა გვერდზე... ალბათ ასე უფრო ადვილი იყო მისთვის... გულში რა უტრიალებდა? ...

უკვე ყველა ხვდებოდა, ელენე და ზამორა რომ... (ორივე ხელის საჩვენებელი თითები ერთმანეთს გაუსვ-გამოუსვა) აბა როდის იყო, ქალი, თან ჩვენ დროს, თან პირველად ნანახ კაცს ასეთ რამეს ეტყოდა, მე თქვენ გიცნობთო... თან ქალს ხო ეტყობა, კაცსაც, (ჩაეღიმა) ვის მიმართ როგორ არის განწყობილი.…

 გადაეკიდა ზამორას გრიშა, დაუწყო დაცინვა. რამდენჯერმე შევლაპარაკდით ამის გამო. შენ ზამორას დამცველად ვინ მოგაგზავნაო, რა გააწყალე გული, როგორი მეგობარიც შენ ხარ, ისეთი ვარ მეც და მოვრიგდებითო. შემრცხვა, მართლა რა თავს ვიდებ, ვიზე რითი ვარ უკეთესი-მეთქი, მაგრამ ეგრე ვიყავი გაზრდილი და... თან ომი იყო, აღარ ვამახვილებდი ყურადღებას, ქალის გამო კიდე, ომში კაცების ჩხუბი, ხო იცი, როგორია.

(ჩაიცინა) ვერაფრით ვერ ვიგებ, როგორ შეიძლება, ბოღმამ ესე აჯობოს კაცს. ათასი მიზეზი არსებობს, აი... აი... სულელური, სერიოზული მაგრამ მაინც ვერ ვიგებ. მაინცდამაინც პირველი უნდა ყოფილიყო? ან ომში პირველობის დედა ვატირე... ჰა, ჰა, პირველი მოგკლან. თან სიმთვრალეში ავლენდა - გიჟდებოდა, ვეღარ ვაჩერებდით.

ხო იცი, სიმთვრალეში გადმოდის, სიფხიზლეში რის დამალვასაც ახერხებ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ ერთმანეთს ზამორა და ელენე, მით უფრო აგრესიული ხდებოდა გრიშა, კი ცდილობდა, თავი შეეკავებინა... სადღაც სოფელში რუსული სამაგონი ეშოვა, დამთვრალიყო და საველე ჰოსპიტალში ელენესთან მისულიყო, რითი მჯობია ზამორა, რა აქვს ჩემზე უკეთესი, მითხარიო. მერე გაექაჩა, გასალახად თუ, რა ვიცი. გაიგე შენა, ვინ ხარ, რა გინდა, გიჟი ხარ?! ამის გამო დიდი ჩხუბი მოგვივიდა, თითქოს ერთმანეთს ვაშველებდით და თან ყველა დაუნდობლად ვიქნევდით მუშტებს, თან ერთმანეთს ათას სისულელეს ვუხსენებდით, შენ რა გითქვია ჩემზე და შენ რა გიქნია ჩემს ზურგს უკანო.

ომი... ომი ეძახე შენ და...

კი ამოვხეთქეთ მთელი ბოღმა. სულ სისხლში ვიყავით ამოთხვრილები, აღარც ელენეს კივილი გვაჩერებდა, არაფერი... სიმართლე ის იყო, რო ელენეს გამო დავერიეთ ერთმანეთს. სულ რო ერთმანეთი და საკუთარი თავი ვატყუოთ, ეგრე იყო. მაშინ კი პატარები ვიყავით, მაგრამ ეს ჩხუბი მერე ვერც ერთმა ხუმრობითაც ვერ გავიხსენეთ, ეტყობა, გვრცხვენოდა, არა, გვრცხვენია, იმიტო, რო... იმიტო რო დღესაც, დღეს რაღა... სულ გულში გვაქ ის მიზეზი.

ეს ტუჩი მაშინ გადამისკდა, ულვაშები იმიტომ მოვუშვი, მერე წვერიც... მთელმა გარნიზონმა გაიგო. დაგვშალეს. ზოგი სად მოგვისროლეს, ზოგი სად... ეტყობა, ძველებს იმიტომაც არ აჰყავდათ ქალები გემზე. დენისას მამა ჩეკისტი იყო, გენერალი... იმან გადაგვარჩინა დახვრეტას თუ არა, გადასახლებას მაინც.

ის კი არა, მანამდე, ერთი და იგივე საქმისთვის ის უფრო მაღალ ჯილდოზე წარადგინეს, ვიდრე ჩვენ,- გაგიჟდა მაშინ დენისა, უნდოდა, უარი ეთქვა. ჯილდოზე უარის თქმა და ყველას დახვრეტა ერთი იყო, პირდაპირ სამშობლოს ღალატს გამოგიწერდნენ... (გაჩუმდა, ჩაფიქრდა. ისევ სადღაც შოორს წავიდა) რას ვამბობდი? დაასხი, დაასხი და მეორე ტოლჩა უფრო დინჯად დავცალოთ... არტაშ, ღვინოოო! (დავასხი) მოდი, გრიშას გაუმარჯოს... ცუდად არის და იმიტო, ძალიან ცუდად არის, მამაშენი მკურნალობს, რაღა მკურნალობს, მკურნალობდა, უკვე მორფზე ჰყავს გადაყვანილი. უსაშინლესი ტკივილები სცოდნია.

ტვინში აქვსო წასული... ეეეჰ! წესით, არ უნდა ვსვამდე, მაგრამ... კვდება. რატო მიყურებ ეგრე... (ჩაეცინა) მოგიყვები, მოგიყვები... ცოტას კიდე დავლევ და... აბა ამას ფხიზელს რა მალაპარაკებს (არტაშამ დაცლილი დოქი აიღო და სავსე დადგა.

ხმა არ ამოუღია. როგორც ფეხაკრეფით მოგვიახლოვდა, ისევე მოგვცილდა)…ამისი ეგ მიყვარს რა, ზუსტად ხვდება, სუფრასთან რა ხასიათზე არიან... (გააყოლა არტაშას მზერა, სითბო ჩაუდგა თვალებში) წაკითხული გაქ არტაშას ლექსები? ერთხელ წამაკითხა. ვეტყვი და, თუ ნება დამრთო, წაგაკითხებ. ესეთები ხო იცი... ლექსს დაწერს - დაწვამს, დაწერს - დაწვამს... შენ არ წერ ლექსებს? არც მე დამიწერია...

ფრონტზე ვცადე. აი, მაიცა... ელენეეე! (ხელი მაღლა ასწია და გამოთქმით დაიწყო კითხვა) ელენეეე, შენ ხარ ისეთი... (გაეცინა) აღარ მახსოვს. ზამორა წერდა, ესპანურად წერდა და უკითხავდა თურმე. თვითონ ელენემ მითხრა, მაჩვენა კიდეც ზამორას ესპანური ლექსები. ვერც მე წავიკითხე, ვერც იმან.

ძალიან ლამაზი მოსასმენი იყოო, სიკვდილის წინ მითხრა ელენემ. იცი, ესპანურად “იო ტე კიერო“ რას ნიშნავსო... თურმე, “მე შენ მიყვარხარ” ყოფილა. ნახე, რა კარგად ჟღერს: “იო ტე კიერო”. მე ცოტა ფრანგული ვიცოდი. დამავიწყდა. იცი, როგორ ვისწავლე? ორი წიგნი ჰქონდა ჩემს მამობილ დიმიტრის.

მაჩუქა - გაუფრთხილდი და მერე მოგიყვები ამ წიგნებზეო. ერთი იყო ფრანგულ-რუსული ლექსიკონი, მეორე - “სამი მუშკეტერი” ფრანგულად, მეგობარს ეჩუქებინა დიმიტრისთვის. პირველ გვერდზე ეწერა:

 “ჩემს ძმას, აზნაურ დიმიტრის

 საითაც უნდა ვიყოთ, ერთად უნდა ვიყოთ. დედაშენის ძუძუ მაქვს ნაწოვი.

 ყოველთვის შენი ძმა, ალექსანდრე

 1921წ. მარტი.

 გაზაფხული მაინც მოდის ამ ქვეყანაში. ახედე ზემოთ ჩემს სახლს, როგორ ყვავის ატმები”.

 არც კი ვიცი, ესე რატო მახსოვს ეს მიძღვნა, ალბათ ხშირად რო ვკითხულობდი. იმ ლექსიკონით და წიგნით ფრანგული ვისწავლე, ერთი ოცჯერ მაინც მაქვს “სამი მუშკეტერი” წაკითხული. დიმიტრის უხაროდა, ამ წიგნებით რო მხედავდა. წაიკითხე, წაიკითხე, ეგ ისეთი კაცის დატოვებულია, რო ხშირად უნდა წაიკითხოო, - მეუბნებოდა. ძმაკაცობასაც დღესაც მაგ თვალით ვუყურებ. მერე თავს გავაყანყალებ და მახსენდება, რეები მაქ ნანახი და მეცინება... მაინც რას ნიშნავს ბავშვობაში ტვინში ჩაჭედილი აზრი.

დიმიტრიმაც ეგრე გამზარდა, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, კაცი არ გაყიდოო. ისე ბრაზიანად მეტყოდა, ძმობაზე ძვირფასი არაფერიაო, რო ცოტას ვშინდებოდი კიდეც. მაშინ ძალიან პატარა ბიჭი ვიყავი და მაინც დამამახსოვრდა. ამ მეგობრობა-ძმობა-გატანაზე მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობდა, ხანდახან ისე ემოციურად, რო მთელი ოჯახი შეშინებული შევცქეროდით. ეტყობა, მაინც ბოლშევიკური შემართება იყო... ჰეჰ, ბოლშევიკური... (სახეზე ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა) ორივე წიგნი იმ სახლში დაიწვა.

ძალიან დამენანა. სამოცდაათი წელი გავიდა, მეტი, და მახსოვს. წარმოგიდგენია? იმ სახლიდან ადამიანების შემდეგ ეს წიგნები და კიდე ის ნახატი დამამახსოვრდა, ხო მოგიყევი, მეჩვიდმეტე საუკუნის ჰოლანდიელის (საჩვენებელი თითი მაღლა ასწია) ნატურმორტი იყო: ვერცხლის თუნგში გამხმარი ყვავილები, ნანადირევი მწყრები, მინის ჭურჭელში მოლივლივე წყალი. ამ მხატვარს ყველგან ვცნობდი, მარტო ამას არა - სხვებსაც. ეხლა გადავიწყებული კი მაქ, მაგრამ თავის დროზე გავპრანჭულვარ კიდეც კუდრაჭა მოჭკვიანო ქალებთან (ჩაიხითხითა), ისეთი სიტყვებით რო ლაპარაკობენ, ხო იცი, ნახევარს რო ვერ გაიგებ, თან სულ თეთრჩოხიან რაინდს ელოდებიან. სამხედრო შტურმს ვერ უძლებენ ოღონდ, მალე დანებება იციან. (ისევ ჩაიხითხითა)

 

 9 გლეხებისთვის არავის სცალია, არავის! - I

 - ნეტა ვინმემ აიაროს ამ აღმართზე, გავატანდი ამბავსა, ან სხვას როგორ ვუთხრა, არადა, რო მართლა მოჰკლან, ეე! ცოდუა, კარგი კაცია, ავიდე, ავიდე...

არაა, უუუჰ! ნეტა ვინმემ გამაიაროს, ჰა!

 ტყის პირას მდგარი გლეხი შეწუხებული გასცქეროდა აღმართს, აღმართის იქით გასავლელ ტყეს და კიდევ ასავლელ პატარა ბექობს, რომლის თავზეც მისი უბრწყინვალესობა თავად ალექსანდრეს სახლი ყინჩად გადმოჰყურებდა თავადის თავის ყოფილ სამფლობელოს. გლეხობა ახლაც ბატონად თვლიდა, მაგრამ ალექსანდრეს ევროპაში მიეღო განათლება და ცდილობდა, თავისუფლება ეგრძნო ხალხს. ისე კი, ამაყობდა თავისი წარმოშობით და გლეხების ქედმოდრეკილი პატივისცემაც სიამოვნებდა.

 - არაა, კარგი კაცია. მაგის მოკვლა როგორ იქნება, -

 კვლავ ხმამაღლა თქვა გლეხმა და აღმართს აუყვა. მალე დაიღალა, დიდი ხნის დაუბანელი თავი გაუოფლიანდა. ნაბდის ქუდი მოიხადა, რომელიც ზამთარ-ზაფხულ ეხურა და შავი ჭუჭყით ამოვსებული ფრჩხილებით მოიქექა კეფა, - არრაა, ტყუილი იქნება, მეც რა ავიტეხე, მოჰკლამენ, მოჰკლამენ! იქნება რამე საქმეზე ლაპარაკობდნენ, მე კიდე მომეჩვენა, თან კიდე დამიღამდება. მგელი, ტურა, - დაეზარა გლეხს გზის გაგრძელება, - ტყეში რო რამე მომივიდეს, ჩემ ცოლ-შვილს ვიღა მიხედამს, ალექსანდრეს ოჯახი არაა?! მააშ! ეგენი ცოტა რო ფიქრობდნენ ჩვენზე...

ყველა თავის მუცელს ივსებს, გლეხისთვინ არავინ არ არი, - შეეცოდა გლეხს თავისი ო

 ჯახი და უკან გაბრუნდა. ისევ გაჩერდა. გაახსენდა, როგორ ჩამოუტანა ალექსანდრე უფროსმა საიდანღაც შორიდან მისი ნაბოლარასთვის კუჭის წამალი და ისევ აღმართისკენ წავიდა.

იარა, იარა, ტყეს მიადგა. დასცხა, დაიღალა. წარმოიდგინა, კიდევ რამდენი ჰქონდა გასავლელი.

 - არა, ნამდვილად მომეჩვენა! ეგრე ადვილად რო ჰკლამდნენ ეგეთ ხალხსა! მომეჩვენებოდა მა რა, თან მე რო შემხვდნენ ის ყაჩაღები? ყაჩაღები არა ისა, - შემობრუნდა და სახლისკენ დაეშვა.

საჯინიბოში ღამით მოსმენილ ალექსანდრეს გასაძარცვად ხუთიოდე უცნობის სამზადისი ახსენებდა... ერთი ეცნო კიდეც. მიაცხრო ფიქრი. ცოტა სიცხე, ცოტა შიმშილი, ცოტა სიზარმაცე და... თან დაღმართის ჩარბენა ხომ ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე აღმართის ავლა, მით უმეტეს, თუ ამაში არაფერი ყრია

 ალექსანდრეს გენეალოგია და ისტორია ევროპის ზოგიერთ არისტოკრატიულ გვარს თავში წაჰკრავდა. რუსეთის იმპერიაში კი, სადაც მაინცდამაინც არ ეხატებოდათ გულზე დამორჩილებულ ქვეყნებში ღირსების გამოვლენა, დააფასეს მისი ამაყი და გოროზი ხასიათი და ალექსანდრეს გვარს “უბრწყინვალესის” წოდება უბოძეს. გოროზობამ და სიამაყემ ააშენებინა სახლი განმარტოებულ მაღალ ბექობზე ალექსანდრეს პაპის პაპას - სურდა, მთელი არემარისთვის ეცქირა და მთელი მამული ხელისგულზე ჰქონოდა.

აი ამ ბექობზე ასვლა დაეზარა წვერგაბურძგნილ გლეხს და ალექსანდრეს ოჯახის ბედი გადაწყვიტა. და შეიძლება, არა მარტო მისი ოჯახის ბედი.

 ალექსანდრე უმცროსი მესამე ვაჟი იყო ოჯახში. მამამ თავისი სახელი დაარქვა

 . ალექსანდრე უმცროსს კიდევ ჰყავდა ორი ძმა: თვრამეტი წლის გიორგი, თექვსმეტი წლის დავითი და ცამეტი წლის და, ბარბარე. ოჯახი ორ თვეში კიდევ ელოდა მატებას. ქალბატონი მეხუთე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ცოტა შეუძლოდ გრძნობდა თავს.

ექიმმა უთხრა, უნდა იწვეო და იწვა.

 ალექსანდრე უფროსის ოჯახში მაშინდელი დროისთვის ჩვეულებრივი ამბავი მოხდა.

 ალექსანდრე დიდი ინტელექტისა და განათლების მქონე კაცი იყო და ვიდრე ქვეყანას დამოუკიდებელი ერქვა, მთავრობაშიც ედგა ფეხი და ევროპაშიც დიდი პატივით იღებდნენ. იგი თავისი ქვეყნის უდიდეს დანიშნულებაზე ლაპარაკობდა ევროპის სახელმწიფოთა პირველ თუ არა, მეორე პირებთან და, წარმოიდგინეთ, საკმაოდ კარგ შედეგებს აღწევდა. ეს ფილოსოფოსი და პაციფისტი კაცი წარმატებულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა - იარაღს იძენდა სამშობლოსთვის. მოხდენილად დაჰქონდა თვით ნოე ჟორდანიას - ქვეყნის პირველი პრეზიდენტის (ყოველ შემთხვევაში, ასე ეწერა შემდგომში ქვეყნის მთავრობის ემიგრაციაში გარდაცვლილი მეთაურის საფლავს და ალექსანდრესაც ასე მოსწონდა მისი ხსენება) ნაჩუქარი ოქროთი მოვარაყებული ნაგანი და ასევე წარმატებით მსჯელობდა მშვიდობასა და ომზე. საუბარში დიდი ფილოსოფოსების და მწერლების გამონათქვამებს თითქმის დემაგოგიურად იყენებდა და მსუბუქი ირონიით აზავებდა. ალექსანდრეს მოხდენილი შეჭაღარავებული წვერი ჰქონდა, ტანად ხმელ-ხმელი იყო, მხრებგანიერი, ვიწრო წელით.

ევროპელ ქალებს... დიდგვაროვან ევროპელ ქალებს ელეთმელეთი მოსდიოდათ მის დანახვაზე. ერთმა უიმედო სიყვარულის ნიშნად მეჩვიდმეტე საუკუნის გენიალური ჰოლანდიელის ნახატი აჩუქა - ვერცხლისფერ თუნგში აუსრულებელი სიყვარულისაგან გამხმარი ყვავილები, მონადირებული მწყრები და მინის ჭურჭელში მოლივლივე ანკარა წყალი. როგორც ყველა უიმედოდ შეყვარებულ ქალს სჩვევია, ყველა დეტალს თავისთვის მნიშვნელოვანი აზრი მიანიჭა, მაგრამ ვერაფერს მიაღწია ღირსეულ კავკასიელთან.

 შვილებიც ასეთები ჰყავდა ბრწყინვალე თავადს.

 ბოლშევიკები რომ შევიდნენ დედაქალაქში, წვერი ერთ დღეში თითქმის სულ გაუთეთრდა. წითლები ყველას დაერივნენ.

ვინც მოასწრო, გაიქცა, ვინც ვერა, ან გაანადგურეს, ან მიეყიდა და მერე მაინც მოუღეს ბოლო. ალექსანდრე არ მიეყიდა. იგი ბავშვობის მეგობარმა, ბოლშევიკებს მიკედლებულმა დიმიტრიმ გადაარჩინა. ალექსანდრეს მისი დედის ძუძუ ჰქონდა ნაწოვი.

 დიმიტრი თავადი არ იყო, მაგრამ წარჩინებულ აზნაურთა საგვარეულოდან ბრძანდებოდა. საფუძვლიანი განათლება ჰქონდა მიღებული და ოჯახიც საკმაო სიმდიდრეს ფლობდა. ჯერ კიდევ რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის დროს მისი მამა და ბიძები ქართლის ღვინის მარნების პატრონები იყვნენ.

ქართლში ხომ შედარებით მსუბუქი ბუნებაა ვაზისთვის, არც ძალიან ატკბობს ყურძენს და არც მეტისმეტად აწყალებს და ამიტომ მშვენიერი სუფრის ღვინოები გამოდის. ის კი არა, მეცხრამეტე საუკუნის შუისკენ ფრანგები ჩამოსულიყვნენ და აზნაურიშვილ დიმიტრის პაპის, ნუგზარისთვის, ეთქვათ: მთელ ევროპაში ფრანგულ “შამპანის” ჯიშთან ყველაზე ახლოს თავისი თვისებებით შენს ვენახებში მოყვანილი ყურძენი დგასო. გაამაყებული დადიოდა ოჯახის უფროსი ნუგზარი, გრძნობდა, რა დიდ საქმეს უმზადებდა თავის სამ შვილს და მათ შვილებს, თუმცა, ერთ-ერთი შვილიშვილი პეტერბურგში მარქსისტებს აჰყოლოდა და ხან მენშევიკებთან იყო, ხან სოციალისტებთან, ხან ვისთან, ხან ვისთან. ბოლოს ბოლშევიკებთან ჩაუშვა ღუზა. თავის ძუძუმტეს, თავად ალექსანდრეს, გულანთებული ეკამათებოდა ხოლმე, - ვიცი, ბატონო, რა ხალხიც არის ეს ბოლშევიკები, მაგრამ ძალა და ახალი სისხლი მათშია და უნდა გამოვიყენოთ, ჯობია, ისევ ჩემნაირი ჰუმანისტები იყვნენ მათ შორის, ვიდრე გაუთლელი გლეხები და მუშებიო. კაცმა არ იცის, მართლა ასე ფიქრობდა თუ განსხვავებული თვალსაზრისის მქონე მეგობრის თავიდან მოსაცილებლად ამბობდა, მაგრამ ფაქტი იყო: პოლიტიკური კამათის დროს ხშირად უნახავთ იარაღზე ხელგაკრული დიმიტრი და მისი ძუძუმტე ალექსანდრე.

 ყველაფრის მიუხედავად დიმიტრი ძალიან უფრთხილდებოდა ალექსანდრეს

 ოჯახს.

მაშინ, როცა რუსები ბოლშევიკების სახელით ხელმეორედ შემოჯლიგინდნენ საქართველოში, პირველი, რაც გააკეთა, ალექსანდრესთან მივიდა და უთხრა, ცოტა ხნით ქალაქს გასცილდიო. გაფიცხდა მაშინ თავადი, იუკადრისა გაქცევა. გაბოლშევიკმა აზნაერმა დაარღვია ისტორიის მიმდინარეობის კანონზომიერება და თავად ალექსანდრე უფროსს რევკომში უშუამდგომლა. რევკომელებმა ყოფილი ხელისუფლების ყოფილი მთავრობის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კაცს სთხოვეს, ოღონდ შენ ქალაქიდან გადი, სადმე შორს, თუნდაც შენს მამულში ჩუმად ჩაიკეტე და თმის ღერი არ შეგერხევათ არც შენ და არც შენს ოჯახსო.

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სოლომანაშვილი ბესო / ზ ა მ ო რ ა