ალექსანდრემაც დაუჯერა, მაგრამ ბოღმით აევსო გული და გადაწყვიტა,

 ადრე თუ გვიან შური ეძია არა მეგობარზე, არამედ ყველაზე: ბოლშევიკებზე, მარქსისტებზე, რევოლუციონერებზე... ცოტა ხანს დაელოდა ალექსანდრე უფროსი, სანამ არეულობა ჩაწყნარდებოდა, წავიდა თავის მამულში, სახლს სიცოცხლე დაუბრუნა, სუფთა ჰაერი ჩაისუნთქა და როდესაც შეურაცხყოფისა და ბოღმისგან გაჩენილმა სიშლეგემ გადაუარა, ისეთი სიდინჯით და ცინიკური სიმშვიდით გადაწყვიტა შური ეძია.

ერთადერთს ნანობდა - დიმიტრი უნდა მოეტყუებინა, მაგრამ პირობას დებდა, რომ ისიც ისევე გადაარჩენდა მეგობარს, როგორც თვითონ გადაარჩინეს. ერთადერთი რამ აწუხებდა, ბოლშევიკებიგან გამომათხოვრებული ხელშეუხებლობით რომ სარგებლობდა.

 

და ეს თავისნათქვამა ფილოსოფოსი არისტოკრატი იმწუთას ვერაფრით ხვდებოდა, რომ ნელ-ნელა მონაწილე ხდებოდა ბანალური ამბისა, რომლის მსგავსი უამრავი იყო იმ დროს. რა იცოდა თავადმა, რომ ასეთ ამბავს ბევრს შეთხზავდნენ მომავალში- თავის გასამართლებლად - აი, ასე და ასე მოვიქეცი და მეც ვაჟკაცი ვარო ან ლიტერატურისთვის, კინოსთვის... მაგრამ ახლა, ამწუთას, ალექსანდრე ამაზე არ ფიქრობდა, ალბათ მამაპაპეული სიამაყე უშლიდა ხელს. ვერ წარმოედგინა, რომ მისი წარმოშობის და განათლების კაცი შთამომავლებისთვის ასეთი ისტორიის გმირად დარჩებოდა. ვერ გათვალა. თუმცა ალექსანდრე იმით განსხვავდებოდა სხვებისგან, რომ მისი ამბავი ნამდვილი იყო. საუკუნეების შემდეგ კი ეს ყველაფერი ისტორიის ნაცრისფერი მტვერშით იფარება და შთამომავალთა თანაგრძნობით სავსე ირონიას თუ, პირიქით, ირონიით სავსე თანაგრძნობას იწვევს.

 ბექობზე მდგომმა გლეხმა კი აი ამწუთას ჩაიქნია ხელი, კიდევ ერთხელ ახედა

 თავადის ყინჩად წამომდგარ სახლს, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა და ქვემოთ მიმავალ ბილიკზე პირველი ნაბიჯი ჩადგა.

კიდევ ერთხელ გაექცა თვალი თავადის სახლისკენ, კიდევ ერთხელ მოიქექა გაოფლიანებული კეფა, ნაბდის ქუდი შუბლზე ჩამოიფხატა და სირბილით გვერდულად ჩაუყვა დაღმართს.

 მსუბუქად შეზარხოშებულიყო თავადი ალექსანდრე უფროსი და შვილებს ემოციურად უხსნიდა, რატომ არის ცუდი კომპრომისები, რატომ არის ბრძოლა საჭირო და ისინიც გულანთებულნი შესცქეროდნენ მამას. მზად იყვნენ, ახლავე, ამწუთასვე შებმოდნენ ნებისმიერ მტერსა და მოძალადეს. ისე აგისრულდეთ ყველაფერი როგორც მათ აუსრულდათ.

 ჯერ 16 წლის დავითს დაეჯახა შუბლში ტყვია. ტყვიამ ტვინში გაიარა და უკან, კეფაზე, თავის ქალა გალეწა, ცოტაც იფრინა და ახლად ამოჩიტული კვირტი ააწყვიტა ატმის ხეს, საიდანაც სულ ცოტა ხნის წინ გულწითელა დააფრთხო გასროლის ხმამ. ჩიტი თბილი ქვეყნებიდან ეს-ესაა მოფრენილიყო და ატმის ხის ყვავილებში მწერებზე ნადირობდა.

 ეტყობა, ყაჩაღებმა ერთი დარტყმით გადაწყვიტეს საქმის მოგვარება.

უფროსი, გიორგი, მყის გაკოჭეს, ალექსანდრეს ნაგანი დაადეს შუბლზე - აბა, სახლში შეგვიძეხი და რაც რა რამე გაქვს მოიტა, თუ არადა, დაგხოცავთ და მაინც წავიღებთო. თავადის ტვინსა და გულში ერთ წამში გაიღვიძა ყველა ვაჟკაცმა და ყველა შლეგმა თუ კი ვინმე გვარში ჰყოლია. ამ ფილოსოფოსმა კაცმა ერთ ყაჩაღს ქარქაშიდან ხანჯალი ამოართვა და ღორივით გამოსჭრა ყელი, მეორეს თავში ჩაასო და მარჯვენა თვალში გამოუყვანა ბასრი ორლესულის წვერი, ყაჩაღებმა გიორგიც მოკლეს. ალექსანდრეს გული წაუვიდა.

 თავზე დასხმულმა წყალმა გონზე მოიყვანა, თვალები გაახილა. ყაჩაღს მის წინაშე კაბაშემოხეული ბარბარე დაეჩოქებინა, ქერა თმებში ჩაჰფრენოდა და აკავებდა.

 -ოქროო, ოქრროოო!- გიჟივით გაჰკიოდა ყაჩაღი.

 ფეხმძიმე ქალბატონს შიშისა და დაძაბულობისგან სისხლის დენა აუტყდა. მაინც მოახერხა წამოდგომა. ალექსანდრე უმცროსს რომ არ გაჰღვიძებოდა და ეტირა, ყურები და პირი აუკრა.

თავის ლოგინზე უშველებელ ბალიშებში ისე ჩამალა, რომ სუნთქვა შესძლებოდა პატარას. მერე კედლიდან შაშხანა ჩამოხსნა, აივანზე გავიდა და ესროლა ყაჩაღს, რომელსაც ელენე თმებით დაეთრია. ზუსტად იმ დროს მეორე ალექსანდრეს წყალს ასხამდა. შაშხანის ტყვიამ ყაჩაღს ერთი მტკაველის დაცილებით ჩაუარა და ბარბარეს მოშიშვლებულ მკერდზე ცერის სიმსხო სისხლიანი ხვრელი გააჩინა.

 ყაჩაღმა გოგონას ხელი გაუშვა და დედა ორი გასროლით მოკლა. წყლის შხეფებისგან გონს მოსულმა ალექსანდრემ წამის მეასედში გაოცებაც კი მოასწრო, როცა აღმოაჩინა, რომ ქვეყნის “პირველი პრეზიდენტის” ნაბოძები მოოქროვილი ნაგანი ყაჩაღებს ვერ შეემჩნიათ და ისევ თვითონ ჰქონდა. იარაღი ელვის სისწრაფით ამოიღო და ბეჭი შეუნგრია სათლით ხელში მდგომ ყაჩაღს, რომელიც გაოგნებული შესცქეროდა, ნელ-ნელა როგორ ვარდებოდა სისხლით წითლად ფეხებშეღებილ ქალი. მერე თავადმა ყვირილი გაიგო: - წააამო, გიჟები არიან! წამის შემდეგ მეასედში კი საშინელი ტკივილი იგრძნო, წამის მომდევნო მეასედში კი თვალში დაუბნელდა, რადგან ტყვიამ ალექსანდრე უფროსის ტვინში გაიარა.

 ჩაბნელდა.

 გაიქცნენ ყაჩაღები, თავისივე მოწყობილ სასაკლაოს ვერ გაუძლეს. ორმა გადარჩენილმა თითო-თითო გვამი ცხენებზე მოიგდო და გაქუსლა. ერთი ერთ-ერთის ძმა იყო, მეორე - შვილი. მესამე გვამი იქვე დატოვეს- ვერ მოასწრეს წაღება. თანაც სულ უცხო იყო, ახლად ჩამოსულიყო ჩრდილოეთის მთებიდან. კარგად არც იცნობდნენ, არც დაენანათ და არც კვალის დატოვებისა შეეშინდათ. არადა, არ ჩანდა ცუდი ვაჟკაცი, თუ, რა თქმა უნდა, ყაჩაღური საზომით განსჯიდი.

იმ დროს ადვილი იყო ყაჩაღობა. ყველაფერი კონტრრევოლუციას ჰბრალდებოდა. მის უბრწყინვალესობა თავად ალექსანდრეს ბოლო წამამდე ეგონა, რომ მაინც ბოლშევიკები გაუსწორდნენ, ეგონა, რომ ვიღაცამ გაყიდა, - მის სახლში ხომ ერთი დიდი ევროპული ქვეყნის მთავრობის წერილი ინახებოდა, მეორე აზიური ქვეყნისადმი მიწერილი, რომელიც გეოგრაფიულად უფრო ახლო იყო ალექსანდრეს სამშობლოსთან. წერილში ეწერა: თქვენ მანდ უფრო ახლო ხართ. მაგ ქვეყანაში იარაღი შეიტანეთ, სამხედრო ძალითაც დაეხმარეთ და ჩვენ მილიონებს გადაგიხდითო. ეს წერილი მხოლოდ და მხოლოდ ალექსანდრეს დამსახურება იყო, რადგან იმ ევროპული ქვეყნის პირველ პირს პირადად იცნობდა - ყმაწვილობისას, სწავლის დროს, ერთად დახეტიალებდნენ “პარიჟში” ლამაზმანებთან, აზიის ქვეყნის მონარქი კი თავის დროზე ლონდონელი მთვრალი დოკერებისთვის გამოეგლიჯა ხელიდან.

 გაბოლშევიკებულ დიმიტრის მაუზერი მოემარჯვებინა და გაფითრებული დაბორიალებდა გვამებს შორის. იქვე სოფლიდან ამოსული გლეხობა იდგა.

ქალები ტიროდნენ, კაცები ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, განსაკუთრებით ის ერთი გლეხი, რომელსაც მაინც მოუწია ამ ბექობზე ამოსვლა. კიდევ რამდენიმე ჩეკისტი მოძრაობდა ეზოში. ზუსტად იცოდნენ, რომ ეს ამბავი მათი ხელიდან არ იყო. ყველაფერს ეჭვის თვალით ათვალიერებდნენ - ყველაფერს და ყველას. ყოველი შემთხვევისათვის მაუზერებსაც ბრაზიანად ატრიალებდნენ. გამალებით დაეძებდნენ მომხდურების კვალს. ეზოში დარჩენილი ყაჩაღის გვამი ვერავინ ამოიცნო.

ეზოში მხოლოდ ჩუმ წაბუტბუტებას ან ქალის წაკვნესებას თუ გაიგებდი.

დიმიტრის ტვინი ელვის სისწრაფით იაზრებდა სხვადასხვა მოვლენებს, ფაქტებს, ერთმანეთთან აჯერებდა და ცდილობდა, მკვლელების ვინაობა გამოეცნო - ნუთუ ბოლშევიკები იყვნენ და ვერ გაიგო, დაუმალეს, ვინაიდან იცოდნენ მისი და ალექსანდრეს მეგობრობის ამბავი? ვითომ საიდუმლო ოპერაცია ჩაატარეს? თუ ასეა, გაიგებს, მიწიდან ამოთხრის, შუბლს გაუხვრეტს და პირველი მტერი გახდება მათი. თუ ასე არ არის, მაშინ ყაჩაღები ყოფილან. მაგრამ სახლიდან რომ არაფერია წაღებული? საგონებელში იყო დიმიტრი ჩავარდნილი და არ იცოდა, რომ დროდადრო სწორედ მის ზურგსუკან აღმოჩნდებოდა ხოლმე ერთი წვერგაბურძგნული გლეხი, რომელმაც თითქმის ზუსტად იცოდა, ვინ ჩაიდინა ეს ამბები, მაგრამ შიშით ვერაფერს ამბობდა.

 ერთი წლის და სამი თვის ალექსანდრე უმცროსს კი მშვიდად ეძინა, სოფლიდან სროლისა და წივილ-კივილის ხმაზე ამოსული გლეხები საშინელი სურათის მნახველები გახდნენ. აივანზე ცხვირ-პირახვეული პატარა თავადიშვილი, ალექსანდრე უმცროსი გამოტანტალებულიყო და აყვავებული ატმების ძირას დასვენებული მშობლებისა და და-ძმების გვამებს დასცქეროდა.

 ალექსანდრე უფროსის ავეჯი სოფლის კლუბსა და რევკომის შენობაში გადაიტანეს, წიგნები - ბიბლიოთეკაში.

ის საიდუმლო წერილი დაახლოებით ოცი წლის შემდეგ ერთმა ჭკუაარეულმა ისტორიის მასწავლებელმა იპოვა, წაიკითხა და სამშობლოს სიყვარულის ნიადაგზე კიდევ უფრო აურია. დაარბენინებდა ამ წერილს ყველგან და ხმამაღლა გაჰკიოდა, აი, ხომ ვამბობდი, თავისუფლება ერთ ნაბიჯზე იყოო. დაიჭირეს და საგიჟეთში ჩასვეს. წერილი სად გაქრა, აღარავის ახსოვდა. მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ გაახსენდათ ჩეკისტებს და იმ აღმოსავლური მთავრობის წარმომადგენლებს მსუბუქი დიპლომატიური საუბრისას ცხვირ-პირზე ააფარეს - ასე იყავით განწყობილი ჩვენ მიმართ და ახლა ადვილად ვეღარ გენდობით, ცოტა ჩვენს პირობებზე წამოდითო; დრო იყო შეცვლილი, იმ წერილის გახმაურება არავის აძლევდა ხელს, ამიტომ აღმოსავლური ქვეყნის მთავრობამ ცოტა დათმო. სხვათა შორის, ამ საუბარს “მისი უბრწყინვალესობა” თავადი ალექსანდრე უმცროსიც ესწრებოდა. ის კი არა, სწორედ მას მოუვიდა მსუბუქი დიპლომატიური შანტაჟის იდეა, თუმცა არც კი იცოდა, რომ ეს წერილი მისი უბრწყინვალესობა თავად ალექსანდრე უფროსის მონაპოვარი იყო და ბედის ბორბალი სხვაგვარად რომ დატრიალებულიყო, ქვეყნისა და მისი ოჯახის ისტორია სულ სხვანაირად განვითარდებოდა.

 მანამადე კი წლინახევრის ალექსანდრე უმცროსი მამის მეგობარმა, გაბოლშევიკებულ-გაჩეკისტებულმა აზნაურმა დიმიტრიმ წაიყვანა. თვითონ სამი შვილი ჰყავდა და მეოთხეც მიუმატა. და როცა პატარა ალექსანდრე უმცროსი შვიდი წლის გახდა, დიმიტრის ცხოვრებაში უცნაური ამბავი მოხდა, უფრო სწორად ერთი კონტრევოლუციური ისტორიის ძიებისას სუუულ შემთხვევით ბოლშევიკების ნაკვალევი თავისი ძუძუმტის, ალექსანდრეს ამბავშიც აღმოაჩინა. ვერაფრით დაიჯერა, მაგრამ ჩუმად გაჰყვა საეჭვო საქმეს. რაც უფრო უღრმავდებოდა, ეჭვი მართლდებოდა. ღამეები აღარ ეძინა დიმიტრის. ნელ-ნელა ბოლშევიკების დაუძინებელი მტერი ხდებოდა.

სიფრთხილეს თავი არ ასტკივაო და პატარა ალექსანდრეს გვარი გამოუცვალა. სახელი ალექსანდრე უბრალო ალექსიდ უქცია. შვიდი წლის ბრწყინვალე თავადი ალექსანდრე უმცროსი ალექსი ალექსანდრიშვილად დაწერა, ცოტას მაინც დავუტოვებ მამამისისასო. მაგრამ მერე იძულებული გახდა უცნაური გვარი ალექსანდრიშვილი რუსულ ალექსანდროვად ექცია. არც ნამდვილ წარმომავლობაზე უყვებოდა ბავშვს, ვაითუ სადმე წამოსცდესო, რადგან ჩეკისტებს და ბოლშევიკებს აღარ ენდობოდა. სხვათა შორის, აღარც მას ენდობოდნენ და შორიდან აკვირდებოდნენ, რატომ დაძვრებოდა და იძიებდა 6 წლის წინანდელ ამბავს. ერთხელაც ერთ მყუდრო კაბინეტში დაიბარეს და ურჩიეს, რომ ალექსანდრე უმცროსის ოჯახის ამბის გამო არ გაერთულებინა ცხოვრება.

...და მიხვდა დიმიტრი, რომ ალექსანდრე უფროსის ოჯახის სამარადჟამო ვალში ჩავარდა. გაავდა. შესძულდა საკუთარი თავი, შეზიზღდა. აზრი დაკარგა ყველაფერმა, რისთვისაც იბრძოდა, რისთვისაც იცხოვრა, რისთვისაც დაკარგა მამის და ძმების მამობა და ძმობა, რომლებიც ახლა შორეულ ამერიკაში იყვნენ გადახვეწილები. საგვარეულო ვენახების ადგილას კი ბოლშევიკებს კომბოსტო, ჭარხალი და სიმინდი მოჰყავდათ. ხასიათი გაუფუჭდა. იმდენი ქნა, სანამ იმავე მყუდრო კაბინეტში მისი და მისი ოჯახის გაქრობა არ გადაწყდა.

ამ დროისთვის ალექსი ალექსანდროვი უკვე სკოლაში დადიოდა, 10 წლისა იყო და განათლებისადმი წყურვილით ერთიათად მაღლა იდგა ბოლშევიკების სხვა ნაშიერებზე.

 10 აჩემებული სადღეგრძელო - II

 მაადლობთ, არტაშ, მადლობთ. რა მალე მოიტანე მწვადი. აბა, ვინ გამოგვიგზავნა? (არტაშას გაშვერილ თითს გააყოლა მზერა) უზრდელობაა, ბიჭო, ჩამოწიე თითი... რაა, მაგატი შეკვეთილი მოგვიტანე? არა გცხვენია ბიჭი, წადი ეხლა ჩვენგან ღვინო მიართვი! (მომხედა, დამნაშავესავით გაიღიმა) არტაშ, წავაკითხო ამ ჯეელს შენი ლექსები? კაი, არ წავაკითხებ... იმათ ჩემგან ორი ბოთლი კაი ღვინო მიართვი... ვაჰ! შენ რა გინდა, კაცო, მიართვი რა! (არტაშას მზერა მიაყოლა, გამომხედა, ჭიქა ასწია, მომიჭახუნა და დალია) დაგღალე? ჰოდა, სად ვიყავი, რა მითხარი?... “იო ტე კიერო, იო ტე კიერო”, უყვარდა ელენეს ზამორა...

აა, ჰო, მართალი ხარ, - რო დაგვშალეს... ჰოდა, დენისა პირველი გადაიყვანეს, მალე ჩინი მოუმატეს და ერთ დიდ სამხედრო ნაწილს ჩაუყენეს მეთაურად, აღარც გამოგვხმაურებია. მარტო ჩემთან ჰქონდა კავშირი, ისიც იშვიათად. ერთი-ორჯერ ელენეს მოსწერა წერილი და დაგვეკარგა. შორიდან გვესმოდა მისი ნაწილის გმირობები. ამბობდნენ, ერთადერთი ნაწილი იყო, ყველაზე ნაკლები დანაკარგით ბერლინამდე რო ჩავიდაო. თან იქვე, ფრონტზე, შტაბში გოგონა გაიცნო და დაოჯახდა.

პატარა ქორწილი გადაუხდიათ, ორმოცდაორის დასაწყისში ბიჭი ეყოლათ. თან გენერალი მამა და... არ გასჭირვებიათ თავის გატანა. მერე მე ჩავედი იმასთან, იქით საქმეები მქონდა და დენისა მმასპინძლობდა, სულ ბოლოს პატარა ზამორას გამო ჩავედი, საშინელება რო დაატრიალა, შენთვისაც ხო აქვს მოყოლილი. ერთი თვე იმის ბიჭს მე ვადექი საავადმყოფოში თავზე... სასწაულით გადარჩა... გადანაგლეჯი ნაჭრილობევი დარჩა ყელიდან ნიკაპამდე.

აი, ცერის სიმსხო... (ცერი ასწია ზემოთ, უშველებელი ცერი ჰქონდა, ძლიერი, თითქოს ცალკე იყო ხელის მტევნისგან) დანარჩენები სადაზვერვო ნაწილებში გადაგვანაწილეს. ზამორა შემთხვევას არ უშვებდა, ელენე ენახა. აბა, წარმოიდგინე, ბედი თუ არ არის. ამხელა ომში, სამი წლის...

თითქმის ოთხი... განმავლობაში რამდენჯერ გადაგვიყვან-გადმოგვიყვანეს და ზამორა და ელენე თითქმის სულ ერთმანეთის სიახლოვეს ხვდებოდნენ.

მაშინ უკვე კიევი გვქონდა აღებული. მე ლვოვში გადამისროლეს. ერთხელ წერილი მომივიდა: აქა და აქა ვართ, ხელს ვაწერთ და თუ მეთაურობა გამოგიშვებს, მოწმედ წამოდიო. თან გამიხარდა და თან... ქორწილი იყო ისეთი, ისეთი... მშვიდობიანობისას თუ მენახოს, უნამუსო ვიყო... იმ დროს უკვე მაგრა ვაწვებოდით გერმანელებს, ორმოცდაოთხის დასაწყისი იყო, ძალიან ვაწვებოდით...

ყოველდღე ახალ ქალაქს ვიღებდით და ხალისიც იყო... ქორწილის მერე სამ დღეში ზამორას ნაწილი სხვაგან გადაისროლეს... გრიშა სამხედრო მილიციაში წავიდა,…მილიციაში კი არა, ჩეკისტების ნაწილში... იცი, რას ნიშნავს ჩეკა... “ჩრეზვიჩაინაია კომისსია” - განსაკუთრებული კომისიაო. გესმის, ომის დროს რას ნიშნავს განსაკუთრებული კომისია? ყველაფერი იციან, სუულ ყველაფერი, ყველაფერს აკონტროლებენ. ეს მოსწონდა ზუსტად, ყველაფრის კონტროლი.

ერთხელ პირდაპირაც კი მითხრა: ადამიანები თოჯინებივით უნდა ათამაშო, თოჯინებივით, თორე გაგთელავენო. რა სისულელეა! ვის ათამაშებ, ვინ გკითხავს? ომშიც კი არაფერი ხდება გაუთვალისწინებელად. ყველაფერს ის თვლის, ის. (თითი მაღლა ასწია, თვალები ჩაუსისხლიანდა) თანდათან მივხვდი, რომ შემთხვევით ქვეყანაზე არაფერი ხდება.

 შეიძლება იმ წუთში იყოს მოულოდნელი - სულსწრაფები ვართ ადამიანები. იმ

 წუთში გვინდა ყველაფერი. აბა ცოტა ჩაუფიქრდი, დააკვირდი.

არ დაგეზაროს! მიხვდები, რო ყველაზე შემთხვევითი ამბავი, ყველაზე მკაცრ კანონებს ემორჩილება. აი, წარმოიდგინე რააა... აი ეს თეფში რო დგას აქ, ესეც კი ღმერთისგან არის.… შენ ეხლა მე მთვრალი გგონივარ და... იმას კი არ ვამბობ, რო არტაშას ხილვა ჰქონდა, მაინცდამაინც ეს თეფში იყიდე და აქ დადგიო. კაპიკიც არ გადაუხდია. აბა მაგ თეფშის პირს დახედე, რა აწერია? “ინტურისტ”... იცი, რა არის “ინტურისტ”? რუსულად ნიშნავს “ინასტრანნი ტურისტს”.

 უცხოელი ტურისტიო. აბა ტურისტი რისია, უცხოელი და “ინასტრანნი” თუ არ არის. ამას რა აღნიშვნა უნდა. ტურისტი როგორ უნდა გაყო? ან ფულიანი, ან უფულო. ერთი კარგ სასტუმროში ცხოვრობს, მეორე - ცუდში. ეგ არის და ეგ. ან რა, შიდა ტურისტები არ არსებობდნენ? რო

 დააჯდებოდა რუსული ოჯახი სამთვლიან მოტოციკლს, მთელ ქვეყანას

 შემოივლიდა.

მთელი წელი აგროვებდა ფულს კაპიკ-კაპიკ. ცოტას შეჭამდა,

 ცოტას ჩაიცმევდა, ცოტა ცუდად იცხოვრებდა, სულ არ მოწევდა, მაგრამ

 ზაფხულში, ამ დალოცვილ მზის ქვეყანაში,ზღვაზე მაინც ჩამოვიდოდა იმ

 დალოცვილი თოვლის ქვეყნიდან... მოდი ეხლა ამ ქვეყნისა დავლიოთ, ცოტა

 გავგრილდები და მერე... (თვითონ დაასხა და მომიჭახუნა. დავლიეთ, დადგა ჭიქა და იმავე წამს გააგრძელა) მაგრამ უცხოელი ტურისტი სხვა იყო, ესე იგი, ის, ვინც ჩვენიანი არ იყო. პოლიტიკურად რა! იმისთვის სხვა სიკეთეები უნდა ეჩვენებინათ: აი, როგორი კარგი ქვეყანა გვაქო.... ეხლა მთავარი ის არი, ეს თეფში აქ როგორ მოხვდა! ეს ამხელა გადარეული ქვეყანა რო დაიშალა, საკუთარი და უცხოელი ტურისტი აღარავინ გაარჩია.

მთავარია, ფული იყოს და ვიღას უნდა ესეთი თეფშები - ყველა სიკეთე თვითონ მოვა, თვითონ! სირცხვილიც კი იყო ამ თეფშების გამოჩენა... სამარცხვინო წარსულის ფაქტებივით იცილებდნენ. იაფად კი არა, საჩუქრად იძლეოდნენ... აბა ეხლა არტაშას დუქანს შეხედე! მიხვდი, რატოა ეს თეფში აქ და არა სადმე ისეთ რესტორანში, სადაც ფულის პატრონი შედის? (თითი კვლავ მაღლა

 ასწია) აბა ეხლა ამ თეფშის აქ მოხვედრის ისტორიას უკან გაყევი! მიხვალ ადამ

 და ევას ედემიდან გამოკინწისკვრებამდე... ყველაფერში მთელი სამყაროს ისტორია დევს, მთელი სამყაროსი. კარგად თუ ჩაუკვირდი, ყველაფერს თავისი მიზეზი აქ. ეხლა მე რო აქ დედის გინება ავტეხო, არ იტყვი, არაფერი მიზეზი არ ჰქონდა, ისე გვაგინაო? აბა, თუ იმას დაუფიქრდები, რო სიმთვრალის დროს უმიზეზოდ კი არ ვჩხუბობ, რაღაც უთქმელი ბოღმა მაქ და იმიტომ? თუ იმას ჩაუკირკიტებ, საიდან მაქ ეს უთქმელი ბოღმა?...

აი, წავიდა ისევ უკან - ადამ და ევას გამოკინწისკვრებამდე. აჰა... მიმიხვდი?... აუჰ, რა ვილაპარაკე! (გაჩერდა, ღვინო მოსვა, პირში გამოივლო. ნაწილ-ნაწილ გადაყლაპა, ჯერ გამოხედვით მკითხა, გავაგრძელოო? ყურადღებად ვიქეცი) გავაგრძელო? (გაიღიმა) ჰოდა, ქორწილის მერე, ერთი-ორი კვირა გავიდა და ზამორასგან ფრანგულად ნაწერი წერილი მომივიდა. ისე კარგად კი გადავრჩით. რატომღაც ვერავინ აღმოაჩინა ფრანგულად რო ეწერა, თორემ ნამდვილად ჩეკისტები მოჰყვებოდნენ ამ წერილს - ფრანგი შპიონები ხო

 არ არიანო.

ზამორა მწერდა, ელიჩკა არ ჩანს და ჩემი ქართულით იქნებ ვერ

 გავაგებინო და იქნებ შენც მისწერო, დამიკავშირდეს, სად დაიკარგა, რა სჭირსო. იმდენი კი იცოდა ქართული და რუსული, რომ გაეგებინებინა, მაგრამ შეყვარებული კაცის ამბავი ხო იცი, ეტყობა, ცოტა ეშინოდა კიდეც, ერიდებოდა. მივწერე. მალე ელენესგან მომივიდა წერილი: ვერ ვიყავი კარგად, საველე ჰოსპიტალი დაგვიბომბეს და პატარა კანტუზია მქონდაო. დამშვიდდით, ზამორას უკვე მივწერე და ახლა ყველაფერი კარგად არისო.... დავმშვიდდი... (ერთბაშად გამოფხიზლდა, თითქოს წვეთი არ დაელიოს) დავმშვიდდი...

მაგრამ... მაგრამ ხო იცი, ეშმაკი თუ შეგიძვრა, რა ოხერია... ფიქრი, ხო იცი, როგორია, თავისით მოდის, დაგიტოვებს თავში რაღაც სისულელეს და გაფრინდება. მერე შეიძლება მთელი ცხოვრება ამ სისულელით იცხოვრო... და თურმე ესეც არ ყოფილა შემთხვევითი... ნახევარ წელიწადში ომი დამთავრდა... თან, რაც ყველაზე მთავარია...

(ფართოდ გაიცინა)

 ჭიქები შეავსე! რააც ყველაზე მთავარია... პატარა ზამორა გაჩნდა, აი ეეგ, შენი ძმაკაცი... წარმოიდგინე, ომში სამხედრო მედდას ესპანელი ქმრისაგან საბჭოთა ჯარში ოფიციალური ქორწილის და მთელი ამბების მერე უჩნდება ბავშვი... მაშინ ესეთ რამეებს დიდ სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. კინაღამ სტალინი დაარქვეს. ელენე საშინლად გაბრაზებული იყო, დედ-მამას აღარც ეკითხებოდნენ, - წითელი ევროპა დავარქვათო, ან ისო... თავისუფალი ევროპაო.

(გადაიხარხარა) რაღაც სიტყვების შეერთება სდომებიათ. ძალიან ბევრი ეგეთი ხდებოდა იმ დროს... მოკლედ, ელენე ბავშვით ჯერ იქვე ზურგში გადაიყვანეს, ჰოსპიტალში ერთი ოთახი მისცეს. ომის დამთავრებისთანავე ერთი ზეიმი კიდე მოაწყვეს და აქ ბინაც დაახვედრეს - ოროთახიანი, მოწყობილი, სუფთა. ოღონდ ერთი ხუთი წელი პარტიისთვის სულ მადლობა ახდევინეს ელენეს და ზამორას... აბა რა იქნებოდა,

 გმირი ესპანელი ხალხის გმირი შვილის ცოლ-შვილით საჩვენებელი ამბავი

 მოაწყვეს მთელი არაკომუნისტური მსოფლიოსთვის და კიდე, სადაც ამათი

 ჯარები შედიოდა, იმათ დასანახად.

ყველა გაზეთში ელენეს, ზამორას და ბავშვის ფოტო იყო.

ყველა რადიოში ბავშვის ტირილი ისმოდა. ზამორას ამისთვის ჯილდოც კი მისცეს.…წარმოიდგინე რა, ომში ბავშვის გაკეთებისთვის კაცი დააჯილდოეს ... (ხმამაღლა ხალისიანად გადაიხარხარა) ერთხელ 9 მაისს მივედი. 9 მაისს ყოველთვის ერთად ვხვდებით ნაფრონტალები. მაშინ საზეიმო ფორმასაც ვიცვამდით და ვდღესასწაულობდით. არადა, მართლა სადღესასწაულო დღეა რა! ჰოდა, კვდებიან სიცილით ის და ელენე - ჩაუცვია მუნდირი ზამორას, აუსხია ეს ჯინჯილ-მედალ-ჯილდოები და ერთი ცალი შარვლის ხვანჯარზე აქ დაკიდებული, ეს ამას უფრო ეკუთვნის, მკერდი რა შუაშიაო...

 დენისამ დაგვკარგა.

ომი რომ დამთავრდა, გრიშა სამი წლის შემდეგ ჩამოვიდა. ბერლინში რაღაც სამუშაოებზე დაეტოვებინათ. არაფერს ამბობდა. რო ჰკითხავდი, წარბებს ზემოთ აქაჩავდა, - ყვე-ლა-ფეეერს... - გიპასუხებდა დამარცვლით და ირონიულად ჩაიცინებდა. გამომიჩნდა ეგეც რუხი კარდინალი. (აიმრიზა, სახეზე გაღიზიანება შეეტყო) ბევრჯერ ვცადეთ აღგვედგინა ურთიერთობა.

კაი ხანს ერთად ვიმუშავეთ. საბოლოოდ მხატვრების საქმის მერე დავცილდით. ერთი-ორჯერ ერთად დავლიეთ. რო დათვრა, უმიზეზოდ აგვიხირდა, იარაღის ქნევა დაიწყო, მეო, ესა ვარ და ისაო, რასაც მინდა, იმას ვუზამ, ვისაც მინდაო. ჩემთან ახლოს იყავით და ნურაფრის გეშინიათო. მერე უაზრო თავის მართლება დაიწყო. მას მერე ესეთ, ვითომ უაზრო ლაპარაკს ბევრად დიდ ყურადღებას ვაქცევ, ვიდრე ვითომ ნაფიქრალს, ეგრე დამჩემდა...

 გულს ვერ ვერეოდით... დრო ხო ვითომ ყველაფრის მკურნალია, მაგრამ, როდის იყო, მძიმე ავადმყოფობას შველოდა... აბა რას ვიფიქრებდი, რომ როდისმე გრიშას ვესროდი. ეეეჰ! რას მიყურებ, რაას?(ხმაში სიბრაზე დაეტყო) გული მაინც ყოველთვის უფრო სანდოა... მოდი, დაასხი და გულს გაუმარჯოს. ისე, არც მარტო გულით ცხოვრება ღირს!(რაც უფრო სვამდა

 უფრო ფხიზლდებოდა. დალია, დადგა) ერთხელ ზამორასთან მივედი, საჩუქრები მივუტანე, და ისა, ფორთოხალი.

ფორთოხალი სულ მიმქონდა, პატარა ბავშვივით უხაროდა ფორთოხლის დანახვა... თურმე ესპანეთიდან რომ ჩამოიყვანეს, სადღაც ციმბირში გაუშვიათ, ბანაკში. იქ კიდე დედამისი ერთ ოფიცერს მოსწონებია და ძალიან ეხმარებოდა, კარგად ექცეოდა თურმე დედა-შვილს. ფორთოხალი მიჰქონდა შუა ციმბირში დროდადრო. ეტყობა, ნერვები, ნოსტალგია, დარდი და... უბრალო ფილტვების ანთებამ გადაიყოლა ქალი. იმ ოფიცრისთვის სიკვდილის წინ უთხოვია, ბავშვი იქ წაიყვანე, საიდანაც ეგ ფორთოხლები მოგაქვს, იქ გაძლებს მარტო, სხვაგან მოკვდებაო.

ის ოფიცერი ქართველი ყოფილა, აქეთ გამოუგზავნია ზამორა, სამხედრო სასწავლებელში. ფორთოხალი ახსენებდა ბავშვობას, დედას, მამას - ყველაფერს. უხასიათოდ დამხვდნენ. რაღაც შეცვლილები მეჩვენნენ და ვერ გავიგე...

 ცოტა რო შევთვერით... ზამორა ესპანურ წესზე აკეთებდა არაყივით დასალევს, გემრიელი იყო, გადაირეოდი. ზამორას მამა ხარის ყვერების მწვადს აყოლებდა თურმე, რიტუალივით ჰქონია.

აქ ვიღაც მოხუცი ესპანელი შეხვდა და იმას ესწავლებინა დამზადება. იცოდა, რო მიყვარდა და ერთი ჭიქა რომ ჰქონოდა, მე მასმევდა... ჰოდა, შევთვერით და უფრო დაჟინებული გავხდი. ვითომ ჰაერზე გავიდეთ- მეთქი და ჩავეკითხე, რაღაც არ მომწონხარ- მეთქი... ჰო, რა ვიციო, ეტყობა, ასაკია თუ რა არი, უმიზეზოდ ვდარდობ ათას სისულელეზეო. არადა, რა ასაკი, შენ რა გგონია, რამდენისები ვიყავით ამ დროს? ჰა-ჰა, ოცდაათს ცოტა გაცილებულები, შეიძლება არც კი. ოჯახში რამე ხო არ ხდება-მეთქი?...

ააარაო,- ელდანაკრავივით თქვა. ძალიან კარგად მახსოვს ... (ჩაფიქრდა) აი ცოტა უფრო რომ მივწოლოდი, აი სულ ცოოტა რა... რა ვიცი, არ ჩავთვალე საჭიროდ... რა ვიცი... ზამორამ მკითხა, გრიშას ხო არ ნახულობო? რუსულ-ქართულად ლაპარაკობდა. ძალიან ლამაზი მოსასმენი იყო.

რა იყო- მეთქი? არაფერი, არაფერიო. გონებით ვერა, გულმა ისევ რაღაც... აი, ხო იცი, ტვინთან რო არ გინდა მიიტანო და გული რო გღრღნის... მერე კიდე მკითხა და უკვე გავბრაზდი, თუ მეუბნები, მითხარი, თუ არა და... რაღაც მიპასუხა ესპანურად, თან თავი ჩაღუნა,მავიწყდება ესპანური მგონიო... ამის მერე თვე გავიდა, მეეტი ალბათ. სამსახურისა

 და ხაკისფერის მეტი არაფერი მინახავს, სახლში თითქმის არ ვყოფილვარ.

ხო

 იცი, როგორ ხდება - ათასი საქმე, გაუთავებელი სამხედრო მანევრები. მთელ

 მსოფლიოს ვაგებინებდით, რა ღონივრები ვიყავით. მაშინ ესე კი არ იყო, ეხლა

 როა. ერთი პატარა იაღლიში დაა... კარგად იყავიიი, ციმბირს დაგატოვებინებდნენ. თან ყველასგან სამხედრო და შრომით გმირობას თხოულობდნენ. ჰეე-ჰ! (ჩაიცინა) ჰეე-ჰ! (ჩაიცინა ისევ) მაგრები არიან რუსი ოფიცრები.

დალევენ ორ ჭიქას და თავის ფილოსოფიას აყალიბებენ. აი, “ვაინა - ეტო ხუინია, გლავნოე - მანიოვრი” ხო გაგიგია, მაშინდელი მოგონილია. ეეეე! ომმა აზარტი იცის, ცუდი აზარტი. შეყვარებულს რო ქალი გესიზმრება, ისე გესიზმრება... ჰოდა, ჩვენც ვერთობოდით ამ ომობანათი, ვიხსენებდით, ვტრაბახობდით, რა ვიცი... ერთხელ დენისა შემხვდა ამ მანევრებზე. თავისი ბიჭი ჰყავდა ჩამოყვანილი, თხუთმეტისა იყო იმ დროს.

ბავშვმა კაი ოფიცერზე კარგად იცოდა სატანკო დივიზიის ტაქტიკა. თვითონ ხო გიჟი იყო, ბიჭიც გააგიჟა... სულ ვეუბნებოდი, ეგრე არ შეიძლება-მეთქი. რა ვიცი... (უცებ

 ხმამაღლა უხამსად შეიგინა, დუქნის კლიენტებმა გამოგვხედეს, ყურადღება არ

 მიუქცევია) მოკლედ... (გაჩერდა, დიდხანს იჯდა გაყუჩებული. ღვინო დაისხა, დალია, ერთხელ ასწია თავი, ლაპარაკის გაგრძელება სცადა, ისევ გაჩუმდა.

ხუთ წუთში შეეტყო ასაკი, ძლივს ამოთქვა ორი სიტყვა. ჭიქიდან ერთი ყლუპი ღვინო მოსვა) ვა, რო არც მათრობს?!... და ისა... (ისევ გაჩუმდა, ღვინო მოსვა, ცხვირსახოცით შუბლიდან ოფლი მოიწმინდა)... შუა მანევრებზე გამაგებინეს, გამათავისუფლეს, ელენე დამხვდა... აი, გინახია, გაგიჟებული ქალი, ოღონდ ხმას რო ვერ იღებს. ფერი ჰქონდა - შავი.

თვალებს უაზროდ აცეცებდა. დამინახა - დაიღმუვლა. ღმუის და ღმუის, მორჩა. ბიჭია ისეთი საცოდავი, ისეთი, ხმას ვერ იღებს და შუა ოთახში დასვენებული ზამორა, გადაფარებული ზეწარი და იქვე ერთი მოხუცი კაცი, თავისთვის ბუტბუტებს. იცი, მაგ დროს რაღაც ისეთს რო აქცევ ყურადღებას... ჰოდა ეს კაცი ბუტბუტებს, რა ენაზე - ვერ ვიგებ. გადავირიე, თითქოს სხვა არაფერი მქონდა საფიქრალი.

ვუსმენ, გავარკვიო, რა ენაზეა. იგრძნო კაცმა - ესპანელი ვარო, ლოცვებიაო. მერე გავიგე, პადრე ყოფილა, კათოლიკე. ესპანეთიდან დაბომბვის მერე ფაშისტებს გამოჰქცეოდა... სახელიც კი

 მახსოვდა, მოიცა, - მარიო, მარია... არა, “შ” ერია, “შ” - არა “ხ”, ხავიერ... ხავიერ...

მარია ხავიერ, ხავიერ მარია ხიმა...(ჩაფიქრდა, შუბლზე არათითი, შუა თითი და საჩვენებელი მიიჭირა, ნეკი სახიდან შორს გაწია, ცერი ყვრიმალს მიაბჯინა, უცებ სახე გაებადრა და იყვირა) ხესუს მარია ხიმენესი!- გამახსენდა.

მაგარი ვარ, კიდე მუშაობს ეს ბებერი ტვინი! ხესუს მარია ხიმენესი... ყოფილი სამხედრო პოლკოვნიკი, ზამორებივით გამოქცეული, - ელენემ მითხრა. დიდი ზამორაც სცნობია თურმე, საიდან - აღარ მახსოვს. აი საღოოოლ, უუ! კაი ცივია ... (დაორთქლილ მინის დოქს ხელი მიადო, დასველებული თითები ერთმანეთზე შეიმშრალა, ჭურჭელს სამი გამჭვირვალე ზოლი დაეტყო და წვეთებად ჩამოუყვა მინას. არტაშას ახედა და გაუღიმა, ხელი ზურგზე მსუბუქად მიარტყა) დაასხი, რა?! (დავასხი.

მოყოლა

 განაგრძო) დამტვრეული ქართულით ლაპარაკობდა. იმან ასწავლა ზამორას იმ

 ესპანური არყის დამზადება. დიიდი შავი ქუდი ეხურა, ფართხუნა ლაბადა ეცვა, ჭუჭყის თუ შმორის სუნი უდიოდა ოდნავ. სომხურ ეკლესიასთან მათხოვრობდა. ზამორას მკვლელობის მერე ერთი წელი არ გასულა, შიმშილით გარდაიცვალა. აბა მაშინ ვის უნდოდა იმისი ესპანური და კათოლიკური ლოცვა... თურმე ზამორა ეხმარებოდა ხან საჭმლით, ხან ფულით...

 და კიდე ორი მეზობლი ქალი იდგა იქვე, იცრემლებოდნენ. ჰა, ხო არ დაიძაბე? ჯერ სადა ხარ,… თუ ონსილა გაქ, მომისმინე, რო წამოხტები და გვეჩხუბები... (გაბრაზებით აიქნია ხელი და ჭიქას მოარტყა, თავისი ასაკისთვის შეუფერებლად მკვირცხლად მოარიდა ფეხები დაღვრილ ღვინის წვეთებს. ხელსახოცი დავაფინე ასაშრობად) უუუჰ, მაპატიე! ისე, იცი, ონსილა რა სიტყვაა? (ამომხედა. მიხვდა, არ ვიცოდი) ხო ისე ჟღერს არა, თითქოს აღმოსავლურია - სპარსული ან არაბული. არადა, რუსულია, თან ონსილა კი არა, ობსილა. ის ხო გითხარი, სახელებს აკოწიწებდნენ-მეთქი, სიტყვებს კიდე იგონებდნენ. 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სოლომანაშვილი ბესო / ზ ა მ ო რ ა