რუსული “ობშაია სილა” ხო იცი, საერთო ძალა, შეაერთეს და “ობსილა” მიიღეს. გაიგე შენა კომუნისტების ტვინი. მარტო სუსტი ხარ, ერთად მაგრები ვართო... (ღვინო მთლიანად ავაშრეთ მაგიდიდან, არტაშაც მოგვეხმარა, გადაწმინდა და მოგვცილდა) მადლობთ, არტაშ... ისე, ვერაფრით გავიგე, ღვინის დაღვრისას მიცვალებულის გახსენება რატოა კარგი, მარა... მოდი, ეტყობა, ეგრეა, დაემთხვა... ხო ვამბობ, შემთხვევითობა არ არსებობს...

ზამორას ხსოვნისა იყოს... რა ბედი ჰქონდა - სამშობლოში მამას უკლავენ, დედა სადღაც

 ციმბირში უკვდება, ჩვიდმეტი წლის ბიჭი სუულ უპატრონოდ რჩება, სხვა

 ქვეყნისთვის ომობს, სხვა ქვეყნის ქალი მოყავს ცოლად და იქვე თვითონაც

 კლავენ, ამხელა ომებს გადარჩენილს. უპატრონოდ რჩება 12 წლის შვილი, ლამაზი ცოლი, ეეჰ! (დალია) ბოლომდე დაცალე... (თითქოს მიბრძანა. დავცალე) აი, ასეეე! გაგიგია რამე მსგავსი? მე კი საკუთარ მხრებზე მაქ აკიდებული (დაირტყა მხრებზე ხელი) და ესე დავდივარ უუკვე დაფიქრდა)... ორმოცდახუთი წელია, მააშ... შაურიანის ოდენა შემავალი ტყვია ჰქონდა მკერდში.

არ მიგიქცევია ყურადღება, როგორ უყვართ ხოლმე მოყოლა და მოსმენა ახლობლის ბოლო დღის, ბოლო წუთისა. რამდენჯერმე

 ყვებიან, რამდენჯერმე უსმენენ. მაგ დროს ვერ დაამადლებ. უნდა მოუყვე, რო

 გკითხავენ. უნდა მოუსმინო, რო გიყვებიან, თითქოს უმსუბუქებ, ან იმსუბუქებ იმ ტკივილს, ან იქნებ საკუთარ თავს აცოდებ... დილით გასულა სახლიდან და მეორე დილას უპოვიათ ზამორაც და მკვლელიც, მაშინ მართლა ადვილი იყო ვინმეს პოვნა, თან გრიშასთვის... გრიშას აუმუშავებია თავისი თანამშრომლები, - ესე მომიყვნენ.

ხევში უპოვიათ,წყალში ჩაგდებული. იქვე იარაღიც ეგდოო, გერმანული რაღაც. მაშინ კიდე ჰქონდათ ვიღაც-ვიღაცეებს. თუ გგონია, მაშინ ნაკლები ყაჩაღები იყვნენ?!... ხელში უშველებელი ესპანური დანა ჰქონია ჩაბღუჯული, იმ პადრეს უჩუქებია თავის დროზე. ვერაფრით გაახსნევინეს გახევებული თითები თურმე და ეგრევე დანით დაკრძალეს. მე კი არ მინახავს, მე ვერ ვჩერდებოდი, ერთხელაც ვერ შევხედე მკვდარ ზამორას...

 გაიგე შენა, მე რო მიცვალებულს ვერ დავხედავ... დანის გამო დაუსკვნიათ, თავს იცავდა ალბათო. ჩემთვის სულ ერთი იყო, რატო და რისთვის მოკლეს ზამორა. სასამართლოზე არ მივსულვარ... რო დამენახა, შეიძლება მომეკლა... საჩვენებელი სასამართლო მოუწყვიათ, ძარცვის მიზნითო თუ რაღაც ამდაგვარი და მაშინ ამაზე დახვრეტა იყო რა... ერთი უბედური კაცი აღმოჩნდა, უსახლკარო, კაცი კი არა, ბიჭი იყო...

 ოცი-ოცდასამი წლის იქნებოდა. რაც სასამართლო მიდიოდა, სულ თავჩაღუნული მდგარა. ზამორას დაკრძალვაზე ძალიან ცუდად გავხდი. გრიშამ იკისრა ყველაფერი... უბრძანა, სადღაც გაუშვ-გამოუშვა თავისი ხალხი... ყველაფერი ამერია მაშინ. თავს ვიტანჯავდი.

ისეთი სმა დავიწყე, კინაღამ სამსახური დავკარგე... მთელ ჩემ ხელფასს ელენეს და პატარა ზამორას ვაძლევდი... გრიშაც ძალიან ეხმარებოდა... მაღიზიანებდა გრიშას აქტიურობა და... რა გინდა, ეხმარება, ხო არ აწუხებს, მერე რა, რო ხანდახან უნდა აღნიშნოს, რა მაგარია.…ბოლოს საკუთარ თავზე გავბრაზდი, შემიჩნდა ეშმაკი, ვეღარ გავძელი... 56 წელი იყო მაშინ, ვიცოდი, ცუდი ამბები უნდა დატრიალებულიყო და ჩვენს ზურგზე უნდა გადაეტეხათ. ბავშვი, ოჯახი მოვიმიზეზე და წასვლა მოვასწარი.

იმ დღეებში, შენ რო ეხლა გაზეთებიდან და ტელევიზორიდან გაიგე, მე შუაგულში ვტრიალებდი, აქ ამბავი დატრიალდა?! ერთ თვეში გამომიძახეს, მიმიხვდნენ ეშმაკობას, ჩამოვედი. სამხედრო ფორმით მრცხვენოდა გამოსვლა, ისეთი თვალებით მიყურებდნენ ქუჩაში... ვინ დაგიჯერებს, რო არ გისვრია და საერთოდ აქ არ ყოფილხარ. არც კი

 ვიცი, საიდან მოიყვანეს ის ნაწილი. როგორც გამოჩნდნენ, ისე გაქრნენ, მაგრამ

 ხალხს რას გააგებინებ. ეგ ცოდვა მაინც არა მაქვს. ისე, მაგ ამბებში ბედი

 მწყალობდა.

რამდენიმე თვეში ბუდაპეშტშიც იგივე გააკეთეს. იქაც რაღაცის გამო ავცდი, აღარ მახსოვს. სუ დამნაშავე მეგონა თავი. დავიღალე, მომბეზრდა ამდენი დაძაბულობა... მოკლედ, რაღაც ოჯახური სითბო მომინდა... გენერალიტეტში ჩემი ნაცნობები იყვნენ და იქითკენ სამსახური გამიხერხეს. ექვსი წელი გავძელი, ეექვსი, მეტი ვერა, არაა, ცოტა მეტი...

ერთი-ორჯერ დამირეკა ელენემ, ერთი-ორჯერ მეც დავურეკე, ეგ იყო და ეგ... რო მკითხო, ვერც გიპასუხებ, რატო ჩამოვედი. ვერც იქ გავჩერდი, ვერც აქ ვჩერდებოდი... იქაც სულ სხვაგან ყოფნის შეგრძნება მქონდა და აქაც. გამაგიჟა ამ გრძნობამ... ეხლა შვილი იქ, მე აქ... შვილიშვილები, - უფროსი უკვე ოცისაა...

არც ერთი ჩემს ენაზე არ ლაპარაკობს, ალბათ თავის ენას დაუბრუნდნენ (ჩაიხითხითა). არადა რო შეხედავ, ისეთები არიან... (გაყუჩდა, მოიბუზა, მერე სწრაფად გაიმართა მხრებში). ჰოდა ჩამოვედიიი... მანამდე, გაზაფხულზე, დენისას შევხვდი მოსკოვში. გაგარინი რო გაფრინდა და მერე ხრუშჩოვს რო შეხვდა, სულ ოფიცრები ვიდექით საპატიო ყარაულში. ყველა რესპუბლიკიდან ვიყავით ამ საპატიო ყარაულში.

აქაური გარნიზონის მეთაურთან, იქ, მოსკოვში წარმადგინა დენისამ - აი ის კაცი, რომ გეუბნებოდითო, იქვე გყავთ, სხვაგან რას ეძებთო...

 ისიც მეუბნება, არ გინდა, მთავარ შტაბში გადმოდი, მთელ კავკასიას ჩაგაბარებთ, მეტი რა გინდაო, აქედანვე დავურეკავ, თუ თანახმა ხარო... ოღონდ ჯერ ცოტა ხნით სამხედრო კომისარიატი უნდა ჩაგაბაროთ, ჩინსაც მოგიმატებთო და... ხო იცი შენ, გაგარინის და ხრუშჩოვის ის კადრები არც უჩვენებიათ. დახურულ ჩვენებაზე ვნახე შემთხვევით... აი ესე: გაგარინი თვითმფრინავის ტრაპზე ჩამოდის. ერთი ორმოცდაათ მეტრში ტრიბუნაა მოწყობილი და ხრუშჩოვი დგას, გვერდით ვიღაცეები, უკან კიდე მე ვუდგევარ.

ზუსტად უკან ვუდგევარ ხრუშჩოვს. სპეციალურად გამაპარსინეს ულვაში. ხრუშჩოვს ყველა

 ულვაშიანი ან სტალინისტი ეგონა, ან ქართველი და... მე კიდე რუსი ვარ სუფთა ქართული გარეგნობით, არც იქით, არც აქეთ, თან სტალინისტიც ვიყავი... მოდის ეს გაგარინი იურა, ფეხი ერევა ოდნავ და თან ფეხსაცმელები აქ გახსნილი, ძირს დასთრევს შესაკრავები. მოუახლოვდა ხრუშჩოვს. ბიჭო, რას ვხედავ, ისეთი მთვრალია გაგარინი, ისეთი, ენას ვერ ატრიალებს.

ველოდებით, როგორ შეხვდება ხრუშჩოვი. ეტაკა ეს უბედური გაგარინს და შიგ ტუჩებში კოცნის, “სინოკ, სინოკ!” - ეძახის, იურა კიდე ვერ იცილებს. ბოლოს მოიცილა და, “ატსტან, სვინიაო”, ეუბნება. გაიგე, ღოროო, ეე! უამრავი კამერით იღებდნენ. არსად არ უჩვენებიათ, მარტო რამდენიმე წამი – როცა ხრუშჩოვს უახლოვდება, იმას აჩვენებდნენ. როგორ ჰკრა, იცი, ხელი? კინაღამ წაიქცა ხრუშჩოვი, უკან ორმა დავიჭირეთ. (სიცილით ყვებოდა.

უცებ მოიწყინა) იმავე ღამეს გადმომაფრინეს აქ. მეორე დღეს ელენესთანაც მივედი. საჩუქრები მქონდა ბიჭისთვის ჩამოტანილი: ჩასაცმელი, ფეხსაცმელი, რაღაცეები - მაინტერესებდა, როგორ მოუვიდოდა. მაშინ მოდაში იყო

 “ბუტილკა” შარვალი და მოკასინები... ბიჭი კი ვერ ვნახე. ვხედავ, გრიშა იქ არის. მეორეთ ვესტუმრე, გრიშაც ფეხებში მომყვა...

ვერაფრით მოვერიე თავს, აღარ გამიწია გულმა იქითკენ... სინდისის ქენჯნა დღემდე მკლავს ამის გამო... ერთხელ კომისარიატში კაბინეტში ვზივარ. იღება კარი, შემოდის პატარა ბიჭი, ჰა-ჰა თექვსმეტი წლის. ნაცნობი სახე აქ. გადავირიე. ერთი სული მაქ ვკითხო, რა გვარი ხარ-მეთქი.

ზამორაო, რო მიპასუხოს, ხო გული გამისკდება... არადა, ვიცი, რო პატარა ზამორაა - გავს. გაგიჟდები - დიდი ლურჯი თვალები და შავი თმა, შუბლზე ჩამოყრილი ქოჩორი... ოთხი წელია, არ მინახავს. გაზრდილა, საულვაშე ამობიბინებია... დედამისს გამოეშვა. ქუჩაში, უბანში ბიჭები გადაკიდებოდნენ, ეთამაშა, წაეგო და...

ჯარში წასვლა უნდოდა, უნდოდა აქედან გაეცილებინა. დენისას დავურეკე. თავის ნაწილში წაიყვანა დენისამ პატარა ზამორა... მერე რაც მოხდა, ელენემ გამაგებინა. არეულ-დარეულად მიყვებოდა. მხოლოდ იმას მივხვდი, რომ შველას მთხოვდა. ზამორას შვილი დენისას შვილს კლავს.

 რა გინდათ, რას

 მერჩით, ხალხო?! (თავი ხელებში ჩარგო) იმავე საღამოს ჩავფრინდი...

 წარმოგიდგენია, დენისას სადარბაზოში ავრბივარ და სროლის ხმა მესმის ერთი, მეორე და ქალის როგორი კივილი, იცი, აი ეხლაც ყურში მიდგას... ერთადერთი რა მახსოვს, იცი, აი სისხლის გუბეებში, იატაკზე, ფეხი რომ მეწებებოდა და მიცურავდა... და ისა: დენისა პირქვე ეგდო, რძალი პირაღმა, ცოლი არ დამინახავს, სადღაც კიოდა... მეტი არაფერი, მეტი საერთოდ არაფერი, მაგრამ საავადმყოფო მახსოვს კარგად. არ ვიცი, როგორ ვახერხებდი... დენისას ბიჭი ჩემი გადარჩენილია...

ცერის სიმსხო ჭრილობა ჰქონდა - გადამტვრეული ბოთლი გამოუსვა პატარა ზამორამ ყელში, ესპანური სისხლი გაუგიჟდა ეტყობა... თან ყველაზე საშინელი შუშით მიყენებული ჭრილობაა. ჩვენ ნასწავლი გვაქ ყველაფერი: რა დროს, როგორი ჭრილობა როგორ უნდა მიაყენო... ისე, შეიძლება დენისას ბიჭის ამბავმა მიშველა, თორე, ალბათ რამე დამემართებოდა. რავი, მთელი ცხოვრება გულის

 გახეთქვის მეშინია და არ მაღირსა... აი, ეხლაც მიჭერს... (მკერდზე, მარცხენა მხარეს ხელი მოივლო, ჩაიცინა, მერე ხმამაღალი სიცილი მოაყოლა, უფრო ჭკუაარეულს დაემსგავსა, ვიდრე გულმტკივანს) ჰოდა, მოკლედ, გავუძელი.

ვერც პატარა ზამორას ვერ ვუშველე. ვერავის ვერ ვუშველე. დენისაც, ელენეც... გრიშაც მოკვდება მალე, ალბათ მეც. სნაიპერა... რა ერქვა ნამდვილი სახელი? რა ერქვა ნამდვილი სახელი? (დაჟინებით მომაშტერდა, მზერა აერია, დავიბენი) არც შენ იცი, კაცო, იმის “საქმეში” არ ჩაგიხედავს? მოიცა, საფლავზე რა ეწერა, ჰა, ღმერთო, გამახსენე, რა ერქვა? ღმერთო... (სკამის საზურგეზე გადაწოლილი, დიდხანს იჯდა ჩუმად) სასამართლოზეც ვიყავი.

საჩვენებელი მოაწყეს. მაშინ პირველად შევაგინე

 კომუნისტებს. მანამადე მჯეროდა. ეხლაც იქნებ კიდე მჯერა…რა ვიცი... არ ვიცი... ხმა არ ამოუღია სასამართლოზე, სულ ყველაფერზე თავს უქნევდა, ადვოკატიც და პროკურორიც იმას ამტყუნებდა... სისულელე იყო ყველაფერი.

აქეთ აღარც ჩამოვსულვარ... ელენესი მრცხვენოდა. დენისამ რო თავი მოიკლა, აბა, მე აქ მთავარ შტაბში ვიღა გამიშვებდა. ისევ ცოლ-შვილი ვარჩიე. ორმოცდახუთი წლის ასაკში სიმშვიდე გინდა კაცს, სიმყუდროვე. ვეღარც იმისთვის ხარ მზად (წინ გადმოიწია და ჩამჩურჩულა) ყველგან შეყო ... (ჩაიხითხითა) არც ფიზიკურად და აღარც გული გიშვებს.

ჩვენ, სამხედროებს, ყველგან გახსნილი გვქონდა გზა, მაღალი ხელფასი და სადაც გინდა, რაც გინდა, ის აკეთე... მთავარია, შენი ზღვარი იცოდე... ჯერ თავს ვიკავებდი, ნამუსი არ მიშვებდა... მერე მივხვდი, ამ ქვეყნის გამოსწორების დრო არ იყო... და არც არასოდეს იქნება. რევოლუციები და გადატრიალებები

 არაფერს არ ცვლის... ესეთი ცუდები, ისეთებით იცვლებიან, მეტი არაფერი...

 იმ ხალხის დედა ვატირე, ვისაც გადატრიალება და რევოლუცია სჭირდება...

 *11 გლეხებისთვის არავის სცალია, არავის!- II

 გაბოლშევიკებული აზნაური დიმიტრი ცდილობდა, შებღალული რწმენითა და შეურაცხყოფით გაფუჭებული ხასიათი არავის შეემჩნია, განსაკუთრებით შვილობილს. ბოლო დროს უცნაური თვისება დასჩემდა: როცა პატარა ალექსის ელაპარაკებოდა, თვალებში ვერ უყურებდა. ერთხელ, სასწავლებლიდან მამობილის სახლში დაბრუნებული ალექსი ალექსანდროვი, “ყოფილი ბრწყინვალე თავადი” ალექსანდრე უმცროსი, საშინელი სურათის მხილველი გახდა. მამობილის სახლს ცეცხლი ეკიდა. მეზობლები აქეთ-იქიდან წყალს ასხამდნენ. ქუჩის მოპირდაპირე მხარეს, პირდაპირ ტროტუარზე ხუთი დანახშირებული გვამი ესვენა.

სიდიდის მიხედვით მიხვდა ალექსი-ალექსანდრე, რომ ერთი მამობილი იყო, ერთი - დედობილი, სამი კი მათი შვილები. უკვე მეორედ მოუკლეს ალექსანდრეს და-ძმა. უპატრონო თავადი ალექსანდრე უმცროსი პირდაპირ ბავშვთა სახლში ჩააბარეს. ორი კვირა ხმა არ ამოუღია ბიჭს, ორი კვირა არ უჭამია და წყალსაც ისე ცოტას სვამდა, ძლივს გადაარჩინეს.

ორი წელი დაყო ბავშვთა სახლში და, თერთმეტი წლისა, სამხედრო სკოლაში გაამწესეს, სადაც, მის გარდა ასამდე უპატრონო ბიჭი სწავლობდა. სასწავლებელში ალექსის მაგივრად რუსულის მიხედვით ალექსეი ჩაუწერეს. ალექსეი ალექსანდროვ! - დაიბღავლებდა ხოლმე სასწავლებლის კომისარი რუსულად და ვერაფრით ვერ ხვდებოდა ალექსანდრე უმცროსი, რატომ გაჰყვა სიცოცხლის ბოლომდე უხერხულობა ამ გვარის ხსენებისას, სადღაც გულში საჩოთირო შეგრძნება და “სხვის ტაფაში შიშხინის” განცდა.

 სასწავლებელში ნელ-ნელა ყველაზე ძლიერები და გავლენიანები დაიმეგობრა.

ეს ისე თავისთავად ხდებოდა, ვერც თვითონ ამჩნევდა და ვერც სხვები, რატომ იწვევდა ამოუცნობ პატივისცემას ფიზიკურად ერთობ სუსტი ალექსეი-ალექსი-ალექსანდრე უმცროსი, მაგალითად, გენერლის შვილი, რომელსაც მამაც ცოცხალი ჰყავდა, დედაც და მშვენიერ ოჯახშიც იზრდებოდა, მაგრამ მაინც იქ სწავლობდა, რადგან მამამისი პატრონობდა ამ სამხედრო სკოლას. ბოროტი ენები ამბობდნენ, იქ მისი მეორე შვილიც იზრდება, რომელიც ვიღაც ქალს გაუჩენია მისგან, მაგრამ ვერ ამხელსო. ან კიდევ ყველაზე სასტიკი, ძლიერი და ვაჟკაცური გრიშა, რომელიც თითქმის ამ სასწავლებელში გაჩნდა. სასწავლებელში ათი-თერთმეტი წლიდან იღებდნენ ყმაწვილებს, ის კი ხუთი წლისა მოიყვანეს. მასაც ცოცხალი ჰყავდა მშობლები. ამბობდნენ, მამა გამოჩენილი ბოლშევიკი იყო, რომელიც თავისი მექალთანეობით იყო ცნობილი და თუკი ქალი ბოლომდე დაჰყვებოდა მის ერთობ უცნაურ ახირებებს, ბედსაც სწევდაო. იმასაც ამბობდნენ, ასეთი შვილები უამრავი ჰყავდაო.

და გრიშას დედას დაყოლისა თუ ჩაყოლის ისეთი ნიჭი გამოეჩინა, რომ ერთი მეგობარი ქვეყნის ელჩისთვის გაეცნო და ცოლადაც მიეთხოვებინა. ამიტომ პატარა გრიშასთვის ვერავის მოეცალა და ეს მოუცლელობა უკვე რვა წელი იყო, გრძელდებოდა. იქნებ ამის გამოც იყო გაავებული და სასტიკი ცამეტი წლის გრიშა.

 მოგვიანებით მათთან ესპანელი ბიჭი მიიყვანეს. ალექსეი-ალექსი-ალექსანდრეს პირველად მაშინ მოუვიდა ჩხუბი გრიშასთან. ამ ბიჭზეც მოდიოდა ამბები სამხედრო სკოლაში. ზოგი ამბობდა, მამამისი თვით ფრანკო ბაამონდეს დაესხა თავს და ძლივს გამოექცა გენერალსო, ზოგმა თქვა, ტორეადორი იყო და ფრანკო ბაამონდეს საყვარელი ხარი განგმირა არენაზეო. ზოგიც სხვა ამბებს ყვებოდა, მაგრამ ყველაფერი ფრაკოს გარშემო ტრიალებდა.

ალექსეი-ალექსანდრე თვითონაც ვერ მიმხვდარიყო, რა ეწეოდა ამ შავგვრემანი ცისფერთვალება ბიჭისკენ, რომელიც ყველასათვის გაუგებარ ესპანურ ენაზე ლაპარაკობდა. არც ერთი სიტყვა არ იცოდა არც რუსული, არც ქართული. იცოდა ცოტა ფრანგული და გერმანული. ალექსანდრეს ფრანგული, რომელიც ალექსანდრეს რაღაც მანქანებით შეესწავლა და, რომელიც სულ მალე დაივიწყა, რადგან სხვა ენები იმ ქვეყანაში აღარავის სჭირდებოდა - აღარც ფრანგები ჩამოდიოდნენ და აღარც ვინმეს უშვებდნენ იქით - ესპანელი ბიჭისთვის ფრანგული ახალ სამყაროსთან შეგუების ერთადერთი იარაღი აღმოჩნდა.

 უპატრონო ბავშვების გასამხედროებულ სკოლაში მგლური კანონები ჩვეულებრივი საქმე იყო და მეთაურობაც მოხერხებულად იყენებდა ამ დაუწერელ კანონებს. თავის გასამართლებელიც ჰქონდათ - აბა ჯარისკაცი, როგორ უნდა გაიზარდოსო, თავის დაცვა ხომ უნდა ისწავლოსო, მაგარი კუნთები და გაქნილი გონება ომში ხომ მთავარიაო. ცოტა უშიშრობაც დაამატეთ, ცოტა გარეგნობა და...

ესპანელს არც მაგარი კუნთები ჰქონდა, არც გაქნილი გონება, ჭკუას ჯერ ვერაფერში იყენებდა, რადგან ჯერ არავის არ ესმოდა მისი. მაგრამ აი გარეგნობა... ორმოცი წლის ევგენია სანიტარმა ისეთი ამოიგმინა ესპანელი რომ დაინახა, გვერდზე მყოფ კაცებს ტანში ჟრუანტელმა დაუარა.

 ისე, პირველი განხეთქილების ვაშლი ეს ერთი უბრალო სანიტარი აღმოჩნდა, რომელსაც ჭკნობა გვარიანად შეჰპარვოდა, მაგრამ ორმოცი წლის ქალისთვის დამახასიათებელი მომატებული წონისგან აღმგზნებად შევსებულიყო და ძალზე მიმზიდველად გამოიყურებოდა ქარცეცხლიანი რევოლუციის მიერ უპატრონოდ დატოვებული ბიჭებისთვის. ბიჭებს ნერვები საკმაოდ გაჰფუჭებოდათ და იმას, რაც მათ ცხოვრებამ მოაკლო, აგრესიულად მოითხოვდნენ იქ, სადაც გასდიოდათ. ევგენია სანიტარს კი მთლად დიდი აგრესიის მიხარჯვა არ სჭირდებოდა. იგი იმ ასაკში იყო, როცა ქალები ხვდებიან, რა ტყუილად ამბობდნენ ახალგაზრდობაში მოფერებაზე უარს, რომ ისედაც ბევრი დაკარგეს.

ევგენიას მაინცდამაინც არც ახალგაზრდობაში შეუკავებია თავი, მაგრამ სურვილი მეტისმეტად მომატებოდა. აბა, ამდენი ვნებაარეული ბიჭის გვერდით ასე მშვიდად რა გააძლებინებდა. მოკლედ, პირველად გრიშას დაბადების დღეზე... უპატრონო ბავშვთა სამხედრო სასწავლებელში ზუსტად არავინ იცოდა თავისი დაბადების თარიღი. დაბადების დღედ ის დღე ეთვლებოდათ, როცა პირველად გამოჩნდნენ ამ სახლში. აქ ასეთი წესი ჰქონდათ: იმას, ვინც თექვსმეტი წლისა ხდებოდა, ოფიცრები პატარა ზეიმს უწყობდნენ. სვამდნენ მხოლოდ უფროსები და უმცროსებიდან იუბილარს ას გრამს ასმევდნენ.

ერთმა ჭიქამ შეათრო გრიშა. გარეთ გავიდა ჰაერის ჩასაყლაპად, იქ კი ევგენია სანიტარი, ისიც ოდნავ შემთვრალი, კედლის ძირას ჩამჯდარიყო, ხელი ფეხებს შორის ჩაეცურებინა, ღრმად სუნთქავდა და დროდადრო კვნესას ამოაყოლებდა ხოლმე. ნაბიჯების ხმაზე შეჩერდა, შეკრთა, თავზე წამომდგარი გრიშა დაინახა, გაუღიმა და დამტვრეული ქართულით უთხრა, მოდი ჩემთან, დაბადების დღე მოგილოცოო.

 გრიშა ყველას მოუყვა, როგორ იცოდა დაბადების დღის მოლოცვა ევგენია სანიტარმა და შემთხვევას არ უშვებდა, კურსანტების წინ არ დაეცინა ქალისთვის, არ გაეხალისებინა თავისი კბილა ბიჭები, რომლებსაც ამ დროს ფეხებშუა უხურდათ და თვალები უსისხლიანდებოდათ.

 ალექსანდრეს დაბადების დღეზე გრიშა უკვე უფროსებში ითვლებოდა, ამიტომ დალია და ევგენია ჩვეულებისამებრ ამოიჩემა, გახალისდა და ყველა ახალისა. შემთვრალი ევგენია გარეთ გავარდა, იქ კი გრიშას მეგობარი, კეთილი და ჭკვიანი ალექსანდრე ხეს მიჰყუდებოდა, ვარსკვლავებს შესცქეროდა და ცდილობდა, ცაზე თექვსმეტი ყველაზე მანათობელი ვარსკვლავი ეპოვა. ასი გრამი არაყი ვარსკვლავებს ერთმანეთში ურევდა და მეათედ თუ მეთერთმეტედ რომ დაიწყო ვარსკვლავების თვლა, კარებში მტირალი სანიტარი გამოჩნდა, რომელიც ქვითინით მიუახლოვდა ალექსანდრეს, კისერზე ჩამოეკიდა, მხარზე თავი დაადო და გულამოსკვნილი შეევედრა, ეთხოვა თავისი მეგობარი გრიშასთვის, რომ საწყალი ევგენიასთვის თავი დაენებებინა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა, თავს მოიკლავდა... და რაც უფრო გულამოსკვნით ტიროდა სანიტარი, მით უფრო ეკვროდა ალექსანდრეს, მას კი თავისთავად, უნდოდა თუ არ უნდოდა, თავში მამაკაცური აზრები აეშალა, ოფლმა დაასხა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ევგენიას სუულ ოდნავ მოშვებული, მაგრამ გვარიანად დაბურცული მკერდი მიეჭყლიტა მხარზე.

 

ევგენიამ მამაკაცის სუნი იგრძნო. ასეთ დროს მის სხეულში დაუოკებელი ინსტინქტები იღვიძებდა ხოლმე და ტირილისგან აცახცახებულმა ალექსანდრესაც მიულოცა დაბადების დღე, თან განუწყვეტლივ ამბობდა: - ხომ ეტყვი, ხომ ეტყვი... და ალექსანდრეც გაუჩერებლად პასუხობდა: - აუცილებლად, აუცილებლად... სულ ბოლოს მხოლოდ გაწელილი ორი ხმოვანი და ერთი თანხმოვანი დარჩა: ააააუუუუუცცცც...

 სასიამოვნო დაღლილობით დაცლილი ალექსანდრეს მხარზე მშვიდად ჩამოედო თავი ევგენიას. ჭაბუკი მკერდთან სუსტმა ტკივილმა შეაწუხა, ზუსტად ისეთმა, რამდენიმე თვის წინ რადისტი გოგოს კოცნისას რომ იგრძნო. ხელით პერანგი მოიჭმუჭნა გულთან და დაივიწყა.

 

 - ხომ ეტყვი? - კვლავ ჰკითხა ალექსანდრეს სანიტარმა.

 - რას გერჩის, რატომ დაგცინის? - კითხვა შეუბრუნა ხუთი წუთის წინ დაკაცებულმა ბიჭმა.

 - იმიტომ რომ, იმიტომ რომ... - ევგენიას სულელურად გაეცინა. ალექსანდრემ გაკვირვება ვერ დამალა. - არრაა, ვერ გეტყვი, მომკლავს.

 - მაინც? - ჩაეკითხა ალექსანდრე.

 ევგენიამ კვლავ სულელურად გადაიკისკისა, ალექსანდრეს ცხვირწინ ნეკა თითი გაშალა, მერე ისევ მოკეცა. თვალებში შიში ჩაუდგა.

 - არა, არა! - კვლავ ცრემლები გადმოყარა სანიტარმა და ბიჭს მიეკრა.

 ალექსანდრეს ხელმეორედ აეშალა მამაკაცური აზრები.

 ცოტა ხანში ევგენია ესპანეთიდან ჩამოყვანილ ბიჭს გადაეკიდა.

დაიბნა ბიჭი - ჯერ ეს დედაკაცი, მერე ჩხუბი გრიშასთან, რომელსაც ყველა ერიდებოდა, თავისი მეგობრებიც კი. ოღონდ მიზეზი ვერაფრით გაიგო, რატო აუხირდა, ეს ტანმაღალი დაკუნთული ბიჭი და ალექსანდრე რომ არა, - ერთადერთი მთელი ქვეყნიდან, რომელიც მისთვის გასაგებ ენაზე ახერხებდა ლაპარაკს, - აუცილებლად გაიქცეოდა.

 თანდათან ყველაფერი მიწყნარდა.

 მხოლოდ გრიშა დასცინოდა ევგენიას, ხანდახან აშინებდა კიდეც. ბოლოს ევგენია გალოთდა და სამსახურიდან გააგდეს.

 ...და მალე დაიწყო ომი.

 12 აჩემებული სადღეგრძელო... და დათვალე-მეთქი მჭიდში ვაზნები! - III

 - ის გახსოვს, ვისია? “მშვიდობისა გეშინოდეთ, ხალხო...” აი ეგრე მომივიდა მაშინ. ომში არ გამჭირვებია ისე, როგორც იმ დროს... (გაჩუმდა. ჭაღარა წვერის წვალება და დუქნის კლიენტებს თვალიერება დაიწყო ალექსანდრემ.

 

მე ყლუპი ღვინო მოვსვი, თითქოს ამან გამოაფხიზლა) აღარ მახსოვს, რამდენი მისცეს პატარა ზამორას. აქეთ ჩამოსვლის სურვილი არც გამჩენია. ისევ იქ დავრჩი, განსაკუთრებულ დავალებებზე მგზავნიდნენ. მარტო ჩინეთის საზღვარზე ორჯერ ვიყავი. აუუჰ! რა გაიხსენებს ეხლა... გასაიდუმლოებული ოპერაციები იყო. ოპერაციაზე გასვლის წინ რაღაც წამალს გვიკეთებდნენ - შეიძლება საკუთარ ქალაქში საკუთარი ძმა მოგეკლა და არ გცოდნოდა...

სამოცდარვაში ჩეხოსლოვაკიის ამბებს ელენემ ამაცილა - ელენეს სიკვდილმა. დეპეშა მივიღე. თვითონ მიგზავნიდა, თუ ჩამომისწრებ, კარგი იქნებაო. მამაშენი მაშინ გავიცანი. სულ ახლად გამოჩეკილი ონკოლოგი იყო... ის დეპეშა მამაშენისთვის გამოეგზავნინებინა. ძალიან კარგი კაცია მამაშენი, ძალიან...

გული მისკდება, უხეშად რო ელაპარაკები... ჩემიც ეგრე მელაპარაკება ხოლმე... რუსულად ოღონდ. (გაეღიმა) ელენე მართლა კვდებოდა. ძალიან ცუდად იყო. მამაშენმა - მალე ვეღარ ილაპარაკებსო. ზოგჯერ გონებაც ერეოდა, ხანდახან ისე ალაპარაკდებოდა, მეგონა, ჰა და ჰა, ფეხზე ადგება-მეთქი.

პირდაპირ აეროპორტიდან მივედი. ვერაფერი გავიგე, ეწყინა თუ გაუხარდა. ძალიან დავიძაბე. გრიშა რო მოვიკითხე, უცებ გამოცოცხლდა - ჯერ არა, ჯერ არაფერი გააგებინო, არ გამოჩნდესო. ჩემი ხელი აიღო და ჩაიხუტა. კინაღამ ავბღავლდი. მოკლედ, ყოველდღე მივდიოდი.

გრიშასაც ვნახულობდი. ცოტა ცივად კი ვხვდებოდით, მაგრამ... მეორე თუ მესამე შეხვედრაზე, არ ვიცი, მგონი, მომეჩვენა - სიკვდილი მაინც მაცალეო, როგორ უთხრა ელენემ გრიშას. ძლივს გამაჩერა მამაშენმა. ეს ორი სიტყვა ჩამეჭედა ტვინში და ვერ ვიხსენებ, მართლა იქ მომესმა თუ არა... მეოთხე თუ მეხუთე დღე იყო, მამაშენი მირეკავს, სასწრაფოდ მოდიო. ვიფიქრე, დამთავრდა.

მივედი. მშვენივრად გამოიყურება... მოდიო, ხელი დამიქნია, მიღიმოდა, გამხიარულებული იყო... უცნაური რამე დამემართა - შიშის გრძნობამ ამიტანა. ამდენის მნახველმა კაცმა კინაღამ კანკალი დავიწყე. გარეთ გავედი, რამე არ დამემართოს-მეთქი. გარეთ მამაშენი დამხვდა.

პაპიროსს პაპიროსზე ეწეოდა, უნიათოდ გაიღიმა. აი, ეგეთი გაღიმება ეგეთ დროს ხო არ დაგავიწყდება. ეხლაც თვალებში მიდგას. გუშინ ძალიან ცუდად იყოო - მამაშენმა. მდგომარეობიდან, რომ გამოუყვანია, პირდაპირ მე ვუკითხივარ... შევბრუნდი... დიდხანს თავთან ჩუმად ვეჯექი, ჩამოეკიდებოდა დიდი ცრემლი ყვრიმალზე, მოწყდებოდა ცრემლი, გაიჟღინთებოდა ბალიში, მერე ნელ-ნელა ახალი გაიზრდებოდა და დაეკიდებოდა ყვრიმალზე.

ხელი ხან უთბებოდა, ხან უცივდებოდა, კანი გათხელებოდა, თითების ძვლებს და მყესებს ვგრძნობდი, ტანში ეხლაც ჟრუანტელი მივლის.... აი, ესე ვეჯექი და…ველოდებოდი... (ამოიოხრა, მერე კიდევ და უფრო ღრმად, მკერდზე, გულთან დაიდო ხელი და დაისრისა, ისევ ამოიოხრა, სახე დაემანჭა) უუუ! როგორ არ მისკდება ეს ოხერი. დაასხი, დაასხი, იქნებ მიშველოს... (დავასხი. არტაშამ მოგვაკითხა) არა, არტაშ, გვაქვს... (მოყოლა გააგრძელა.

თავს არ აბრუნებდა ჩემკენ. ცხვირსახოცი ამოიღო ჯიბიდან, ცხვირი მოიხოცა და თვალები მოიწმინდა. რომ მობრუნდა, თვალები ჩასწითლებოდა. გაიღიმა) ძალიან ბევრი მაქ სალაპარაკოო, - დიდი ხნის შემდეგ მითხრა ელენემ... და მერე კიდე დიდი ხნის შემდეგ მკითხა, შენ გახსოვს ის მოხუცი ესპანელი, ენრიკომ რო იპოვა, საწყალი, კარგი კაცი იყოო... ეტყობა, მართალი იყო ის ესპანელიო... მართლა ძნელია ცოდვების თან წაღება, ამ ერთხელაც მაპატიე, გამიძელი, ხო ვიცი, რამდენი მოითმინე, ხო ვიცი, შენც როგორ გიყვარდი, ამ ერთხელაც მომისმინე, ამ ერთხელაც მოითმინე, თორე გასკდება გულიო.

ეტყობა, სულიც არსებობს და საიქიოც და დამძიმებულს ნუ გამიშვებ ზეცაში, გამიჭირდება აფრენაო, მე მღვდელს ვერაფერს ვერ ვეტყვი და ისევ შენ უნდა ითავო, შენზე ახლობელი მე არ მყავსო... როგორ მახსოვს, იცი, აი თითქოს ნახევარი საათის წინ მომხდარიყოს. იმ ოთახის, წამლების, რაღაცნაირი, ელენესგან წამოსული სუნი ახლაც მცემს. ძალიან ძნელია, ძააალიან... სხვა დროს არ შევუშინებივარ, პირველად მაშინ შემაშინა გულის ტკივილმა. ხო იცი, ემოციების ამბავი, საკუთარ თავს ვაგინე, - რა დროს შენი გულია-მეთქი. თან ვეხვეწებოდი, ოღონდ ეხლა გამაძლებინე-მეთქი...

თორე, მაგ დროს გულის სიღრმეში, მგონი, საკუთარი თავი უფრო გეცოდება... უუუუჰ! (ღრმად ამოიოხრა) სულ თავიდან დავიწყებო, მთხოვა ელენემ და სულ ბოლოდან დაიწყო.

დროს და ამბებს ერთმანეთში ურევდა. შენ ხომ არ გგონია, გონება მერევა, დაწყებას ვერ ვახერხებო... ეხლა, წარმოიდგინე შენ, საიდან დაიწყო - ყველას გხვდებოდითო... მომწონდა, ყველას რო გიყვარდითო... ეხლა რო ვფიქრობ, რა...

აბა რა იქნებოდა, - ოღონდ ვინმეს პატარა სითბო გამოემეტებინა და... დამშეული, წუნკალი ძაღლი რო ლუკმას მოიტაცებს, ეგრე ვიყავით უპატრონო ბავშვები... მაშინ ძალიან ბევრნი ვიყავით... სუფრასთან რო დასვა უპატრონო და უთხრა: ხვალაც, ზეგაც და სუ გექნებაო, გაძღება და ერთ ნაჭერს მაინც თან გაიყოლებს. შიმშილის შიშმა იცის. სითბოსაც ეგრე ვექცეოდით. სულ გშია ამ ბავშვთა სახლში, სულ.

თან სულ გცივა. ზაფხულშიც კი გცივა, გაიგე?! ფეხსაცმელი ან სულ გიჭერს, ან სულ დიდი გაქ. მე კიდე სხვებთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა მქონდა. ბავშვთა სახლში 9 წლისა მიმიყვანეს. მამაჩემის მეგობარი რო მზრდიდა, დიმიტრი, ხო ნათქვამი მაქვს. კაი კაცი იყო: მასწავლა, ჩამაცვა, შემინახა. ის რო ცოცხალი ყოფილიყო...

ჩემ მშობლებზე მიყვებოდა. პაპაჩემის პაპა ჩამოსულა საქართველოში. პაპაჩემს რუსობისა უკვე აღარაფერი ეტყობოდა თურმე. რო გაიზრდები, მერე მოგიყვები ყველაფერსო - მპირდებოდა. ვერ მოასწრო. როგორ მახსოვს, იცი, ხუთი დანახშირებული ადამიანი ქუჩაში... აი, მე ხო ვიცი ჩემზე ყველაფერი, არა? მაინც ისეთი გრძნობა მაქ, რო სხვა ვარ, სხვა სახელი მაქ, სხვაგან ვარ და აბა, წარმოიდგინე დანარჩენი ბავშვები, რამხელა ტვირთი ჰქონდათ.

არაფერი მოსაგონარი, მარტო კოშმარები ესიზმრებოდათ: ან ვიღაც სცემს, ან ახალი ფეხსაცმელი აქ და ვერ იცვამს, იმიტო რო, თავისას მიუჩვეველია - სულ ნასხვისარი აცვია. მე ეს სულ ორი წელი განვიცადე. სამხედრო სასწავლებელში რო მიმაბარეს, იქ ჩავიცვი ჩემი ზომა... ისე, კოშმარები მეც კაი ხანს მაწუხებდა: დიდი ეზო, სოფელი, აყვავებული ხეები, ბევრი ხალხი და ბალახზე დასვენებული გასისხლიანებული მკვდრები. ხანდახან ეხლაც მესიზმრება. მაშინ ძალიან მეშინოდა. ჩემს მამობილს მოვუყევი ერთხელ, ყვირილით რომ გავაღვიძე მთელი სახლი.

იტირა. ჩემზე მეტად დასაწყნარებელი გახდა. ეეჰ, ის რო ცოცხალი ყოფილიყო... აბა, პატრონი ჩვენ არ გვყავდა და საზარბაზნედ კაი ახალგაზრდა ხორცს რა სჯობია. სულ მშიერი რო ხარ და სულ ტანსაცმელზე ოცნებობ და უცებ აღარც მშიერი ხარ, კაი ფეხსაცმელი და ტანსაცმელიც სუ გაქვს, კაი ჩექმა, სითბო, რას არ გააკეთებ.

 გრიშა ძალიან პატარა დაეტოვებინათ სასწავლებელში... ესე ადვილია ლაპარაკი...

როგორია, რო იცი, რო მოგიშორეს... დენისა კიდე, ერთადერთი, ვისაც პატრონი ჰყავდა, მამამისსაც ხო დენისა ერქვა... (ჩაიცინა) ეტყობა, ცოტა აფრენდნენ, საგვარეულოში ყველა გენერალი იყოს და ყველას დენისა ერქვას, როგორია... რაღაცეებს კი ჭორაობდნენ. მე არ მჯერა.

 ელენეც ხო ბავშვთა სახლიდან იყო. ჩვენ კიდე, ჩვენნაირი რომ შეგვხვდებოდა...

ცალკე დაჯგუფებასავით გვქონდა, ერთმანეთს ვპატრონობდით... ისე, ყველა ჩვენი მტერი იყო. არავინ გენდობა, როცა უპატრონო ხარ... ყველას ბედზე მოგვისწრო ომმა... (თავი დახარა, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მერე გამომხედა და გააგრძელა) ჰოდა, ელენე მეუბნება, ყველას გხვდებოდითო, აი, რაღაცნაირად მსიამოვნებდა ყველასთან ურთიერთობა, განა ყველაფერი გრიშას ბრალიაო, იმიტო აღარ სჯეროდა გრიშას, რომ ზამორა მართლა მიყვარდაო... დღემდე არ სჯერა, მგონი... (ჩაახველა) გაიგე შენა, აი ის სითბო სულ უნდოდა და უნდოდა.

თან ქალი, თან ესე გაზრდილი, დახარბებული იყო სითბოს, ყველანაირ სითბოს. სადაც მოიხელთებდა, დასაკარგად აღარ ემეტებოდა. ეგ იყო ალბათ. 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სოლომანაშვილი ბესო / ზ ა მ ო რ ა