ქორწილიდან ორი კვირის მერე ჩასულა გრიშა ელენესთან. ჯერ - მე რატო არ გამაგებინეთო, მერე - რატო გაყევი ცოლად, თუ ჩემთან დადიოდიო. ბოდიშები უხდია ელენეს, არაფერი გამოსვლია. ჰუუუჰ! (ოფლი მოიწმინდა, თვალებში შემომხედა, დამნაშავესავით მიცქერდა) ეხლაც ზუსტად ისეთი შეგრძნება მაქ, როგორც მაშინ...

 ენა არ მიტრიალდება... მოკლედ, გრიშას ჭკუა დაუკარგავს, (ცხვირსახოცი მთელ სახეზე გადაიფარა და ოფლი მოიწმინდა, ღვინო მოსვა) მერე, ეტყობა, საერთოდ გადარეულა და... მოკლედ... ძალით თუ, რა ვიცი, ამას რა ქვია... მეც მიგრძვნია, აი განსაკუთრებით დაძაბული რო ხარ, ადრეც გითხარი, შუაგულ ომში ხდება ესე, სისხლები რო ისხმება აქეთ-იქით და ხორცები ცვივა. ეტყობა, დაძაბულობამ იცის და სისხლმა, ქალი კი არ გინდა, მაგრამ თავსაც ვეღარ იკავებ.

 ძველებური ბუფეტები ხო იცი, დიდები როა, ორნამენტებით, შუაში სარკით.

შუშებიც რო რაღაცნაირი, ფიგურული აქ. მზის სხივი რო მოხვდება და ცისარტყელას ფერებს რო ირეკლავს. თან იმ დროს ბროლის ჭურჭელი ძალიან მოდაში იყო და ბუფეტის თაროებში ყველაფერი ბრდღვიალებდა, დიდი ჭიქები, პატარა ჭიქები, ფეხიანი ჭიქები, მინის ყანწები - კარგი მოსართავი იყო. მიდი ბუფეტთანო- ელენემ. მივედი. მიადგი სკამიო- მივადგი. ზემოდან, მარჯვნივ, სახურავზე ხელი მოაფათურეო - მოვაფათურე, პატარა გასაღები ვიპოვე.

იღე და ჩამოდიო. ავიღე და ჩამოვედი. ქვემოთ კარი გააღეო - გავაღე, ხელი შეყავი და პატარა რკინის ყუთი გამოიღეო. შევყავი და გამოვიღე. ყუთი პატარა ბოქლომით იყო დაკეტილი. შენ აბა როგორ გემახსოვრება, მაშინ კამფეტები, ხალვა, რაღაცეები თუნუქის ყუთებით იყიდებოდა, ლამაზი ჭრელი ყუთებით, აი, საჩუქრადაც რო მიუტანდი კაცს, ისეთი ყუთებით. გახსენი ყუთიო, მითხრა.

გავხსენი. წერილები იყო შიგ. მომაწოდეო - მივაწოდე. კიდევ ფრონტის ორდენები ელაგა და ფოტოები, ვერ მოვასწარი ნახვა, არც მერე გამხსენებია, რაღა გამახსენდებოდა... აი, ეს წერილი გახსოვსო - ჩემი წერილი იყო, ზამორას თხოვნით რომ მივწერე. ორი კვირის მერე გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი და იმიტო ვიყავი ცუდადო. მერე უკვე იცი...

ყველაფერი კარგად წაუვიდათ... როგორ ვერ ვხვდებოდი, როგორ ვერ ვიგრეძენიიიი?! (შუბლზე ხელი მიიდო, თავი ჩაღუნა, დიდხანს იჯდა ასე თავჩაქინდრული. ასწია თავი, სახეზე სიბრაზე ეტყობოდა. ჯიბიდან სათვალე ამოიღო, მინების წმენდას შეუდგა, აორთქლებდა და ისევ წმენდდა, მერე სათვალე მოირგო და შემომხედა. მეცხრამეტე საუკუნის მეცნიერს დაემსგავსა, ოდნავ ჭკუიდან გადაცდენილ მეცნიერს. წინ გადმოიხარა, მწვადიანი თეფში გვერდზე გასწია, მოთავისუფლებულ ადგილას იდაყვით დაეყრდნო მაგიდას, თითები ერთად შეკრა და ცხვირწინ ამითამაშა ხელი) აი, მე იმას კი არ ვიძახი, რო წმინდანი ვარ. ერთი-ორი ისეთი მაქ გაკეთებული, საკუთარ თავთანაც რო ვერ ვიმართლებ თავს.

ხო იცი, თავი რო გინდა დაირწმუნო, იმის გამო კი არა, ამის გამო გააკეთე და ვერ ირწმუნებ. თორე სხვამ რა იცის? ადგები და რაღაცას მიუმატებ, რაღაცას მოაკლებ და მართალი ხარ... მარა, რაღაც საზღვარი უნდა გქონდეს, რაღაცას ვერ უნდა გადააბიჯო.

თუ გადააბიჯე... კი არ მჯერა, მაგრამ შეიძლება მართლა რამე არაადამიანურმა ძალებმა დაგითრიონ და მერე ეს ყველაფერი მარტო შენს გარშემო მყოფებზე კი არა, ყველაზე მოქმედებს, მთელ ქვეყანაზე მოქმედებს და მერე ისევ შენ გიბრუნდება. იმიტომ, რომ შენც ამ სამყაროს ნაწილი არა ხარ, კაცო?! და ეგრე წრეზე... დავთვერი...

(გაეცინა) ძალიან დავთვერი. ესე რო ვიწყებ ლაპარაკს, ვხვდები, რომ ძალიან დავთვერი. ააჰ! აღარ შემიძლია... წავიდეთ, აღარ მინდა, აღარ. არტააშ! (არტაშა მოგვიახლოვდა, გამიღიმა მხარზე ხელი მომითათუნა) რა იყო, არტაშ, შეგეცოდა, აღარ დავამთავრო? ძალიან მრცხვენია, ყველასი მრცხვენია. ისე, ორჯერ ვცადე ამ ამბის მოყოლა და ორჯერვე... ამ ადგილას გავიჭედე.

არრრა... (გაბოროტებული იერით შემომხედა. არტაშას კიდევ უფრო გაბოროტებულმა ახედა) სულ რო გაგიჟდე, უნდა დავამთავრო. ეხლა თუ არ დავამთავრე, ვეღარასოდეს მოვყვები, სიკვდილის წინაც ვეღარ მოვყვები. მძიმე ვიქნები და ვეღარ ავფრინდები, ვეღარ! შენ კიდე მაგის დამშვიდებას შეეშვი. ჯეელია, გამიძლებს... (არტაშამ თავისი გამხდარი თითები მხარზე მომიჭირა) შენ ის გირჩევნია, ცივი ღვინო მოგვიტანო, ცოტა მწვანილი და...

თევზი გააქ, არტაშ, თევზი? თეთრ ღვინოს ლოქო უხდება... ლოქო ქინძძმარში. მიდი, მიდი და ბარემ მოვრჩები, ერთხელ მაინც ჩავიყვან ბოლომდე... (არტაშა წავიდა) ჰოოდა, (თითქოს გახალისდა, წარბები ასწია, თვალებში შემომხედა, სათვალის მინები დაორთქლოდა) რას ვიფიქრებდი, რო კაცს ესე მოერეოდა ბოღმა. სიცოცხლის ბოლომდე სდია ელენეს. არ ამოასუნთქა. თან ისეთ ადგილას მსახურობდა, მისი ყველა ნაბიჯი იცოდა თურმე.

ქორწილის მერე, სანამ ომი დამთავრდებოდა, ერთი სამჯერ კიდე მოუნახავს. აი იმ ამბის მერეც კი ნახა... წარმოგიდგენია?! მეგობრის ცოლი, თან ფრონტელი მეგობრის ცოლი... ალბათ ცოტა ავადაც უნდა იყო კაცი. ზამორას და ელენეს ომის მერე ყველაფერი კარგად აეწყოთ... გრიშას ჩამოსვლამდე. მერე დასწყებიათ საშინელება.

ბოლოს ზამორას რაღაც შეუმჩნევია, ეჭვიანობა დაუწყია. არასოდეს, არასოდეს მიმიცია მიზეზიო - ელენემ, - არასოდესო. ერთხელ სპეციალურად შეხვედრია გრიშას, მოკვლა უფიქრია. მართლა მქონდა გადაწყვეტილი, მომეკლაო. ოჯახი მენგრეოდა. ის კი არა, ბავშვი დამეჩაგრა, ჭორებს ასმენინებდნენ, დედაშენს გრიშა მილიციელი ხმარობსო... როგორ ვერ ვიგრძენიი, როგორ ვერ გავთვალე? მაგრამ, მეც, ეტყობა, ჩემი ბოღმა მერეოდა.

მეც ხო მიყვარდა, არა?! მეც მიყვარდა... ჰოოო! რას მიყურებ, დახურე პირი, მიყვარდა, მიყვარდა და თვითონაც კარგად იცოდა, კარგად კი არა, პირველად სულაც მე ვუთხარი, მიყვარხარ და შემხვდი-მეთქი და შემხვდა. ზამორამდე მე ვუთხარი, ფუუ! (თვალები გაუფართოვდა, საჩვენებელი თითი მკერდზე მიირტყა, არ ყვიროდა მაგრამ სიბრაზე ეტყობოდა) მერე რო გავიგე... რო დენისასაც... ზამორასაც შეხვდა, გრიშასაც შეხვდა, პატარა გოგო იყო, ომი იყო და უხაროდა და... საშინლად გამოვლანძღე... (მოეშვა, საზურგეს მიეყრდნო) ამაში გვეტყობოდა, პატარები რო ვიყავით, იმას კიდე, სულაც ჩვენზე უფროსი ეგონა თავი...

ეხლა ხანდახან მგონია, რო მთელი ჩემი გაქცევები და მთელი ქვეყნის ქალებში მიდებ-მოდება მაგ ერთი გაუმართლებელი სიყვარულის ბრალია. სიყვარულიც არსებობს და სულ ყველაფერიც არსებობს... არსებობს... და კიდე ჩვენა ვართ, ამ ყველაფერს რო ვაფუჭებთ. რა, გიკვირს, ამ ხნის კაცი რო ეგეთ რამეებს ვლაპარაკობ? მაგრამ ეგრეა. აი მაგ ჩემ გაუმართლებელ სიყვარულს გადავაყოლე ჩემი ოჯახიც, შვილებიც და... ჩემი ბოღმა რო არ მქონოდა, ჩემთვის რო არაფერი შეემჩნიათ, თავს ვიტყუებდი და რო ვერც ამოვიგდე თავიდან? მას მერე ეგეთი მზერის, ეგეთი ალერსიანი მზერის ქალი არ მინახავს.

საერთოდ აღმოსავლელი ქალების თვისებაა ეგეთი - თან სულ ახლო ხარ, ხელიც გაწვდენაზე, აი, დაიჭერ და შენია, თან ვერაფრით ვერ იჭერ და ამიტომ თავს ვერ ანებებ. რო დაანებო კიდეც, სულ იმას ფიქრობ, რომ რაღაც დააკელი: ნდომა, ჟინი, მოქცევა, თორე შენი იქნებოდა... და აი, ხო არიან ადამიანები: ვიღაცა მაღალია, ვიღაცა - დაბალი. ეტყობა, ესეც ეგრეა - ვიღაცა უფრო ბოღმიანია, ვიღაცა ცოტა სხვანაირი.

 არევია ზამორას ძილი. მოუწყენია. ეს ის დროა, ხმა რომ ვერ ამოვაღებინე.

მერე წავედი და... ერთ ღამეს გაუღვიძია ელენეს და არ არის თურმე სახლში ზამორა. იმ წუთას მიგრძნო გულმა, პირდაპირ გრიშას სახლისკენ გავიქეცი, აღარც მახსოვს, როგორ მივედიო. ზამორას სახლიდან გრიშამდე შორი იყო. სირბილით მისვლა კარგა ჯანმრთელ კაცსაც გაუჭირდებოდა. არ დახვედრია არავინ. კარი ღია ყოფილა.

გატეხილი სკამი და დალეწილი ჭურჭელი დამხვდაო. მოტრიალებულა და გაქცეულა. არც კი ვიცოდი, სად მივრბოდი. აი ესე, ტანი თვითონ მიმარბენინებდა სადღაცო... გაიგე შენა?! მისტიკის, წინათგრძნობის და რაღაც ეგეთი ამბების, ხო გითხარი, არასოდეს არ მჯეროდა... მაგრამ რაღა იქით წაიყვანა ეს ქალი ტანმა? ან რაღაცა მაინც დამიმალა, კიდე უფრო საშინელი, სიკვდილის წინაც რომ ვერ ეტყვი კაცს. ზამორას სიკვდილის მერე სხვა რამე მომიყვა, ეხლა კიდე სხვას მიყვებოდა.

ჰოდა, იქნებ... ან არ ვიცი... ეტყობა, მართლა რაღაც ძალა ერია ამ ყველაფერში... ცხოვრებაში იმ ადგილას არ ვყოფილვარო. რომელ ადგილზე მითხრა, იცი? მაშინ ეგ ადგილი გარეუბნად ითვლებოდა, ფაბრიკა როა, დანგრეული. აი ის, რა ქვია, კაცო, ფუუჰ!... ხო იცი, ეხლა სულ პატარ-პატარა ბოზები გროვდებიან მანდ (ჩაიხითხითა).

ადრე ეგეთს სად ნახავდი. პირველად რო ვნახე ამდენი ქუჩაში გამოყრილი, გადავირიე, ამ ხნის და ამდენის მნახველი (ხმამაღლა გაიცინა)... ჰოდა, ადრე მანდ კაი გვარიანი მდინარე ჩადიოდა, სახელოსნოები იყო, დიდი სატვირთო მანქანების სახელოსნოები. ბავშვობაში ჩვენი ბავშვთა სახლის მასწავლებელს დავყავდით. თავადი იყო, უცნაური გვარი ჰქონდა, ეხლა აღარც შემხვედრია ეგ გვარი. იმ კაცს დავყავდით იქ, ვითომ ხელობას ისწავლიანო. ყველაფერი მაზუთიანი იყო ამ სახელოსნოებთან.

ერთხელ პეპელა დავიჭირე, უშველებელი ფრთები ჰქონდა, რაღაცნაირი მოყავისფრო. თითებზე ყავისფერი ლაქები დამეტყო. დავსუნე - მაზუთია. გაიგე შენა, პეპლებიც კი მაზუთიანები იყვნენ, ჰეეე! მერე ჩვენებმა, ერთი-ორმა მართლა ისწავლა ხელობა... სამი მეტრის სისქის ბეტონი იყო დასხმული და სახელოსნოები იყო მოწყობილი. ჯართით იყო იქაურობა სავსე, რაღაცნაირი, რკინის და ნავთის სუნი ტრიალებდა. ერთი გრძელი ბეტონის კიბე ჩადიოდა ზემოდან, ეკალბარდიანი ბუჩქების შუაში.

ნაწვიმარზე ლოკოკინები გამოდიოდნენ ხოლმე და სიბნელეში, ფეხქვეშ ჯერ ჩხაკანით ილეწებოდნენ და მერე საზიზღრად იგლისებოდნენ ფეხსაცმლის ლანჩაზე. ერთხელ ფეხშიშველმა გავჭყლიტე და... ბოდიში სუფრასთან და, კუჭი ამოვიბრუნე რწყევით, ეხლაც რო მახსენდება...

უჰ! საშინელებაა... სამოციანებში ეგ ადგილი ბულდოზერებით მიასწორ-მოასწორეს და ერთ წელიწადში ფაბრიკა ააშენეს. მაგრები იყვნენ კომუნისტები. მანამდე კიდე, ერთი ათი წელი მეტისმეტად უპატრონო და საეჭვო ადგილი იყო.

ეხლაც ხო ეგრეა. ქალაქის ცენტრი ხოა, მაინც ეგრეა. ადრე გარეუბანი მაინც ერქვა. ჰოდა, წარმოიდგინე, გონს რო მოსულა, აი, იქ დგას თურმე ეს სიფრიფანა ქალი დილის ექვს საათზე... ამას რო მიყვებოდა, ისეთი ტირილი აუვარდა, გარეთ გავედი და მამაშენს დავუძახე, შემოდი, დამაწყნარებელი მიეცი-მეთქი. გარეთ ალბათ ხუთ წუთში ხუთი ღერი პაპიროსი მოვწიე. აი, ეხლა რო მკითხო, იმ წუთებში რამდენმა ბუზმა ჩაიფრინა, რამდენმა და რა ფერის მანქანამ ჩაიარა ქუჩაში, გეტყვი.

ისიც კი მახსოვს, ვიღაცა გაჰკიოდა, კაცი იყო, ყვავილების გამყიდველი: იები, იებიო. მე თვითონ რას ვგრძნობდი, ეგ არ მახსოვს. ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდი საშინელება უნდა მომესმინა. გაგება არც მინდოდა, მაგრამ არც წამესვლებოდა სადმე. ხუთ წუთში გამოვიდა მამაშენი, შედიო, ოღონდ არაფერზე შეეპასუხო, იჯექი და ისე უსმინე, არაფერი შეგეტყოსო. რომ შევედი, იღიმოდა ელენე, რაო, შეგაშინეო? რა მეპასუხა. დაჯდომა არ მაცალა, ისე გააგრძელა მოყოლა.

ისე ხარბად ყვებოდა, მივხვდი, რომ დიდხანს ვეღარ გაატანდა. (გაჩერდა, ამოიოხრა. არა ღრმად ამოისუნთქა, ჰაერი დააგროვა ფილტვებში, თითქოს წყალში დიდი ხნით ჩასაყვინთად ემზადებოდა) ჰოდა, ამ ხევის პირას გაჩერებულა და ქვემოდან ხმები, გრიშას და ზამორას ხმები გაუგია. კიბეებზე სირბილით ჩაურბენია და უცებ გასროლის ხმა... გაიგე, გასროლის... ისაო, ომში დაბომბვის დროს არ დავყრუებულვარ ეგრეო - ელენემ. ისეთი საცოდავი იყო, ამას რო მიყვებოდა...

ცრელები მოსდიოდა, მარტო თვალებით ტიროდა, თვალებით კი არა, - საცრემლე პარკუჭებით. ხმა ჩვეულებრივი ჰქონდა, თითქოს რამე ისეთს ყვებოდა, უბრალოს. კიბეებზე რო ჩაურბენია, ფეხით ლოკოკინა გავჭყლიტეო, მითხრა. აიო, ყურში მიდგას ნიჟარის გატეხვის ხმაო. გაიგე, ლოკოკინა იმანაც გაჭყლიტა, ეგ მახსოვს მარტოო და მერე დავინახე, ზამორა უკან-უკან როგორ წავიდა და წყალში გადავარდაო. ხელში იმ ესპანელის ნაჩუქარი, გახსნილი დანა სჭერია. აი ესე, (ხელები ასწია, მკლავები გაშალა და აიქნია, წამით ჰაერში გაირინდა და დაუშვა) ფრთებივით აუქნევია ხელები და გადავარდნილა ზამორა წყალში.

იცი, რა მითხრა... კინოდარბაზში, კინოფირი რო წყდება, გინახიაო? ეგრე გამიწყდა ყველაფერიო. მარტო ის ახსოვდა, თავი რომ აუწევია, გრიშას მჭიდროდ შემოეხვია ხელები და ერთი და იგივე, ოღონდ გაუგებარ სიტყვებს ეუბნებოდა თურმე.

 მერე მთხოვა, წამოჯდომაში მომეხმარეო. ბალიში გავუსწორე. წამოწევისას სიცილი დაიწყო, მხარზე ხელი მომარტყა... ჰუუუჰ! (შუბლიდან ცხვირსახოცით ოფლი მოიწმინდა) მერე, იცი, რა ვქენიო, არ ვიცი, საიდან მომაფიქრდა, რატო, რა ხდებოდა, ვერ გავიგეო, დღემდე არ ვიცი, იმწუთას რატო ჩავიდინე ესეთი რამე, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე რომ გაუმწარდება სიცოცხლე, ეგ კი ნამდვილად ვიციო.

იცი, რა უთქვამს? აი, ეხლა რო ვიხსენებ...

 იმ წუთში ქალმა რამდენი რამე დააკავშირა ერთმანეთთან, რა გააკეთა, სად რა გადააბა, რა ხდებოდა იმ დროს იმის ტვინში ერთდროულად. წამებში იფიქრა, რო შვილი მარტო უნდა გაეზარდა, რო კაცმა ძმაკაცი მოკლა და ყველაფერზე ხელის მომწერი იქნებოდა, თან მკვლელობის მოწმე - ისიც არ მიეყოლებინა. ამას მოაბა, რო გრიშას შვილი არ ჰყავდა, თან წარმოიდგინა, გრიშასაც რა არეული ექნებოდა ტვინი. აღმოსავლელი ქალების ინსტინქტს ვაბრალებ და ვერაფერ სხვა ახსნას ვერ ვპოულობ. იცი, რა უთქვამს, შვილს მიმიხედე და ხმას არ ამოვიღებ, მაინც შენი შვილია და დანარჩენი შენ იციო. გაიგე შენა, სად წავიდა ქალის გონება, თან რა დროს.

გაიგე შენა, რა დღეში ჩააგდო კაცი, რომელმაც ერთი წუთის წინ ადამიანი მოკლა, თან თავისი ძმაკაცი, უცებ იმასაც იგებს, რო შვილი ჰყავს, თან იმ ქალისგან, ვის გამოც ეს კაცი მოკლა, ამას დაუმატე აღმოსავლელი ქალი თავისი... აი, რა დავარქვა, აი... (თითები გაატკაცუნა, ზემოთ აიხედა, დაფიქრდა) აი, თან მართლა სასწაულია აღმოსავლელი ქალი, რო ჩაგახვევს და დაგატრიალებს, შეგიდარებია, როგორ... (გაჩუმდა, გაეღიმა, გაყუჩდა, ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა. ბოლოს გადაწყვიტა) შეგიდარებია სხვასთან (ისევ გაჩერდა, ნერწყვი გადაყლაპა, ღვინო მოსვა) როგორ ათავებს აღმოსავლელი ქალი? (ძლივს ამოღერღა) აი, მაგ ენერგიაში დევს ყველაფერი და ეს ენერგია სადღაც ხო უნდა წაიღოს? ჰოდა, ვინც ყველაზე ახლობელი ჰყავს, ვისზეც ყველაზე დიდი უფლება აქვს, იმას აცლის მთელ ენერგიას, აბა რა ქნას. ამას ვერ შეცვლი, სისხლის ბრალია, სისხლის. ელენესაც კიდე ერთადერთი და ყველაზე ძვირფასი - შვილი დარჩა და...

არსად თავს არ ანებებდა ბიჭს. ქუჩაში, ჩხუბშიც კი მიჰყვებოდა. მერე ის ამბავი მომხდარა, პატარა ზამორას ფული რო წაუგია თამაშში. ზამორას მერე გრიშა თურმე ცდილობდა, ბიჭისთვის მიეხედა. თან არ ვასუნთქებდიო გრიშას, თან თვითონ ვახვეწინებდი, ბავშვს მივხედავო - ელენემ. (ჩაფიქრდა, პირდაპირ თვალებში მიცქერდა, თითქოს ჩემს პასუხს ელოდა) აწამებდა ელენე გრიშას, თან ახლო არ აკარებდა ბავშვს, თან სულ ახსენებდა, არც ბოლომდე ეუბნებოდა, მართლა იმისი იყო თუ არა და არც უარყოფდა. ჰა, როგორი ქალური შურისძიებაა?!

 აბა, წარმოიდგინე, კაცს ორი ცოლი ჰყავდა და შვილი არც ერთისგან.

იმ ორჯერაც უცნაურად დაქორწინდა. კაციშვილმა ვერ გაიგო. გაურკვეველი წარმომავლობის ქალები იყვნენ. ერთი მგზავრობისას, მატარებელში გაეცნო, ერთ კუპეში მოხვედრილიყვნენ. ნახევარ წელიწადში გასცილდა. სამი თვის შემდეგ რაღაც საქმეში გასული ვიღაც მოწმე მოიყვანა ცოლად. გარეგნობით მართლა კარგი ქალი იყო.

პირველი ერთადერთხელ, შემთხვევით ვნახე, მეორეს უფრო ვიცნობდი. ერთი წელი ჰყავდა და იმასაც გაეყარა. თითქოს ეს მეორე ფეხმძიმედაც იყო. არ ვიცი, ცოტა გაურკვეველი და საეჭვო იყო ყველაფერი. შეემოწმებინა გრიშას ამ ამბავში თავი - თვითონ ჯანმრთელი იყო... და აი, ამ დროს ეუბნებიან, ეს ბავშვი შენიაო და საკუთარ თავსაც ვერ უმხელს, რომ შვილი ჰყავს... ჰოდა, მერე ჯარში გავუშვი პატარა ზამორა.

 გრიშას არაფერი უთხრაო, პირობა ჩამომართვა ელენემ და მეორე დღეს, დილით გარდაიცვალა.

კინოსა ჰგავს, არა? აი, მოთხრობას - ვიღაცა რო დაჯდება და რო მოიფიქრებს, როგორ დაწეროს... მთელი ღამე ფეხით მოვიარე ქალაქი. დროდადრო გრიშასთან მისვლას და მოკვლას ვაპირებდი, მაგრამ პირობა მივეცი-მეთქი, თავს ვიმშვიდებდი. ვერ შევუსრულე. ელენეს დაკრძალვაზე, ზამორას საფლავზე რო ჩაიჩოქა გრიშამ... დღემდე ვერ აღვიდგინე, როგორ მოხდა... გრიშას ვესროლე...

იქნებ მართლა გულით გლოვობდა... რა ვიცი, მაგრამ, რა იყო, იცი, ასეთ დროს რო ნერვიულობდა, თავისდაუნებურად კაბურიდან პისტოლეტს ამოიღებდა, ვაზნებს ამოყრიდა და თვლას იწყებდა ხოლმე - ომის დროიდან შევამჩნიე. ოპერაციაზე წასვლის წინ აკეთებდა ასე. მამშვიდებსო, მითხრა მაშინ. მე კიდე ავიტეხე, შევცქერივარ: აბა, თუ იზამს, ესე იგი, მართლა განიცდის-მეთქი. ეტყობა, სიგიჟე მქონდა დაწყებული უკვე. თითქოს ამას უნდა გადაეწყვიტა ყველაფერი, დათვლიდა თუ არა ვაზნებს.

მივშტერებივარ კაბურას, აბა, თუ ამოიღებს, აბა, თუ დათვლის?! არ დათვალა... საკუთარი იარაღის გასროლის ხმამ მომიყვანა გონზე. ორივე გაგვაგდეს სამსახურიდან. ზურგში, გულის ქვემოთ დამიჭრია. თვითონ მთავრობაში არ აწყობდათ ამის გახმაურება. როგორია, მსოფლიოში ყველაზე კარგი ქვეყნის მილიციის პოლკოვნიკს მისმა მეგობარმა და თანაფრონტელმა სამხედრო პოლკოვნიკმა ესროლა. იქ დამთავრდა ჩვენი წინსვლა.

ცოტა ხანი ისეთ საქმეზე ვიმუშავე... აი, არტაშამ იცის, მერე ჩემი ნაცნობი დამეხმარა და ის გენერალი კიდე, ჩემი ძველი უფროსი. აღმადგინეს... მოკლედ, მე ისევ ცოლშვილს დავუბრუნდი. იქ გასაიდუმლოებულ სამსახურში ვმუშაობდი. ერთი კი გაუკეთებია გრიშას: ის ბიჭი, რომელიც ზამორას მკვლელობითვის დააჭერინა, გაუშვებინებია. საწყალი ბიჭი სამი წელი იჯდა, მერე დაეხმარა კიდეც, ცოტა ჩვენმა მეგობრებმაც დააძალეს და...

აბა, მე იმის მერე აღარც მინახავს, შორიდან ვიგებ ამბებს. ცოტა მეცოდება კიდეც, თან ძალიან სტკივაო - მამაშენმა, მაგრამ მისვლას მაინც ვერ ვახერხებ. გადავწყვეტ და... მერე რაღაცა მაკავებს, ვერ მივდივარ, ვერა! (მოულოდნელად ხმის ტონს აუწია, თანდათან ყვირილში გადავიდა, ერთ წამში ისეთი შლეგი გარეგნობა გაუხდა, კაცი იფიქრებდა გაგიჟდაო, თან გულზე ხელს იჭერდა, თეთრი პერანგი, მკერდზე გულის მხარეს დაჭმუჭმვნოდა) ააარტაშ! (იღრიალა)... დიდი, აი ის, ჩვენ რითაც ვსვამთ, ის წამოიღე. ოღონდ მანდედანვე სავსე იყოს, გაიგეეე! არტააააშშ! (არტაშა რამდენიმე წუთში მოვიდა. ხელში ვარდისფერი ღვინით სავსე, უშველებელი მინის ყანწი ეკავა.

თვალებში სიმშვიდე ეტყობოდა, ღიმილი არ მოუცილებია ტუჩებიდან) არ გამაჩუმო, არტაშ, (არც აპირებდა გაჩუმებას არტაშა) შენებურად არ გამაჩუმო, გაიგეეე! შენ კიდე ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით. რა მჭირს, ბიჭო, შენი შესაცოდი! არ გეცოდებიი? ვიცი, ეგეც ვიცი, იქით გვაბრალებთ ყველაფერს, მე რო შენ გისმენ, მამაშენს როგორ ელაპარაკები... ჰა, არტაშ, არი მამამისი ეგეთი ლაპარაკის ღირსი? თქვი, ბიჭო! რა არი, ეგ ღიმილი მიხატული ხო არა გაქ, ჰა, არტაშ?! შენ რა, მართალი ხო არ გგონია, შვილები მამების ცოდვებზე პასუხს არ აგებენო!აგებენ, აგებენ! ჩვენ თქვენთვის და თქვენ ჩვენთვის, - ერთი სისხლია, სამყაროსთვის ერთი გადაწიტებაა შენსა და ჩემს ასაკს შორის მანძილი. შენ რო იზამ, ჩემი ბრალია, მე რო ვიზამ - შენი. თქვენ ხო არ გგონიათ, რაც ჩვენ გავაკეთეთ, თქვენი ბრალი არ არი, ან რასაც თქვენ იზამთ, ჩვენი ბრალი არ იქნება? ერთი სისხლი აკეთებს, ერთი სისხლი, გაიგეე, გაიგეე თუ არაა! (ფეხზე ადგა, თვალები უცებ ჩაუსისხლიანდა, შეშლილს ჰგავდა წითელი ღვინით სავსე მინის უშველებელი ყანწით ხელში. შეგეშინდებოდა კაცს) აუუჰ! ძლივს არ ვთქვი ბოლომდე, ძლივს! (უცებ გაჩუმდა, თვალები გაუშტერდა და ჩუმად ჩურჩულით დაიწყო. ახლა მართლა გიჟს ჰგავდა) არრა, ყველაფერი არ მითქვამს...

არრრა... იცი, რა თქვა ელენემ ბოლოს? (ჩურჩულებდა, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა) იცი, რა თქვა? იმიტომ გამიმწარა ცხოვრება, იმიტომ იყო ბოღმიანი, იმიტომო, რო... აიიი (ჩემკენ გადმოიხარა, ცხვირწინ ნეკა თითი გამიშალა, მერე ისევ მოკეცა, თვალებში სიბრაზე ჩაუდგა, დაჯდა) მაშინ ელენემაც ესე მაჩვენა, აიიი, ამხელა ჰქონდაოო, პატარა ბიჭებს რო აქვთ, იმხელაო. ამაზე უსკდებოდა გული, გაიგე, კაცს, სად... რაში ჰქონდა სიგიჟე და ბოღმა (ტუჩებზე თითი მიიდო, ისევ გიჟივით იცქირებოდა, ამოიოხრა) უუუჰ! (დიდხანს იჯდა ჩუმად, ძალიან დიდხანს, მერე ასწია ერთი ჭიქა ღვინო და სულმოუთქმელად დალია. მეორე ხელში ყანწი ჰქონდა ჩაბღუჯული, ერთი წვეთიც არ დაუღვრია ყანწიდან) ეხლა თავისუფლად მოვკვდები, სულ თავისუფლად. დიდი ზამორა არ არი, პატარა ზამორა არ არი, ელენე არ არი, დენისა არ არი, გრიშა კვდება...

არა, არტაშ, არ მინდა! არტაშ, რამდენი წელია ერთმანეთს ვიცნობთ, (უცებ დამშვიდდა) თითქმის ორმოცზე მეტი, ხო? აი, პირველად რო გნახე, მაიცა, (ჩაფიქრდა, ყანწი მარჯვენაში დაიჭირა, მარცხენა ხელის თითებით გადათვლა დაიწყო) ორმოცდასამი წელია და აქედან ოცდათვრამეტი წელი ამ ყანწის აწევისას ამას მეუბნები. არ გბეზრდება, არტაშ, ჰა? ხანდახან მგონია, რო სადაც იყავი, იქ უნდა დაგვეტოვებინე, ჰაა! ხო არ გეწყინა, შე... შე... მოკლედ, ამ სასმისით ოცდათვრამეტი წელია, ხან რა სადღეგრძელოს ავიტეხავთ და ვსვამთ, ხან რას. ეხლა გამომელია, ბიჭო, მე კი არა, სუყველას გამოგველია. ეტყობა, ცხოვრებამ დაგვღალა. ერთმანეთმაც.

არ გინდა, სამოცი წელი გაუძლო ერთი და იგივე ხალხს? აჰა, სულ ახალ საუკუნეს ვიწყებ და ვუძლებ, სულ ახალ საუკუნეს! ჰოდა, მოდი, გაძლებას გაუმარჯოს, გაიგე?! არტაშ, ვინც მოვა, ყველამ გაძლებისა დალიოს. აი ეგრე მინდა მე! ჯერ კიდე ბევრნი ვართ დარჩენილები. რა მოხდა, რო ყველა დავიხოცეთ. (ისევ აყვირდა. დუქანში მალულად შეაცქერდნენ. არტაშა უხერხულობას ვერ მალავდა, კლიენტებს მობოდიშების იერით უცქერდა) რა იყო, არტაშ, ცუდად ხო არ ვიქცევი? ეგ არაფერია. მეც გამიძელით ცოტა ხანს და...

(მომხედა, ფეხზე ადგა) შენ კიდე მამაშენთან ლაპარაკი ისწავლე. ხო არ გგონია, სხვისი შვილი რო ყოფილიყავი, მოგიყვებოდი. ეს ცხოვრება სულ ესეთი ამბებით არის სავსე. იქნებ არ გჯერა, ბიჭო? შენ რა გგონია, მთელი მსოფლიო ესეთ პატარ-პატარა ბოღმებზე დგას, გაიგე? ბოღმა ამოძრავებს სამყაროს, სიყვარული კი არა- აუსრულებელი სიყვარული. გაიგე, ბიჭო?! აჰა, ხო დამრგვალდა ოცად, აჰა, და ხო არაფერი შეცვლილა!? იმიტომ მიდის ყველაფერი ესე ჯოჯოხეთისკენ, თორე ყველა რო თავის სიყვარულს... ეეეჰ!... რა პატარა ბიჭივით ვლაპარაკობ.

ხო არ გგონია, რო დავთვერი, ჰა, ჰა? (მთვრალს მართლა არ ჰგავდა. ყანწი პირზე მოიყუდა და ეს წითელი ღვინო ჩაგემოვნებით, დინჯად დალია. თეთრ წვერზე, შინდისფერი ზოლები მიუყვებოდა და თეთრ პერანგზე წითელ მზეებად ეტყეპებოდა - ერთი ორი, სამი. მთელი პერანგი წითელ ლაქად ექცა, ბოლო წვეთამდე ჩაცალა ყანწი, ამოისუნთქა, არტაშას გაუწოდა, ხელით მოიწმინდა წვერ-ულვაში, ჩასისხლიანებული თვალებით შემომხედა. პეტარდებგარჭობილ ხარს ჰგავდა. სკამზე დაეშვა, მიყურა რამდენიმე წამს და გაიცინა) ჰეჰ, უუუჰ!

 

 13 ძველი სახლის სხვენის მოჩვენებები - II…

 ოთახში სიწყნარე იყო.

სქელი ფარდებიდან ძლივს აღწევდა ახლად ამოწვერილი მზის სხივები.

წითელი დისკო მოლურჯო ცაზე სისხლის ლაქასავით გადღაბნილიყო. ოთახში ორ მამაკაცს ეძინა. ერთი სულ ახალგაზრდა იყო, მეორე - ძალზე ასაკოვანი, თეთრი წვერი ჰქონდა და სახეზე ფერი დაჰკარგვოდა. ახალგაზრდა მშვიდად სუნთქავდა, ხნიერს საერთოდ არ ემჩნეოდა, რომ სუნთქავდა. ოთახის კარი ახალგაზრდაზე ბევრად უფროსმა და ხნიერზე ბევრად უმცროსმა მამაკაცმა გააღო. დილის სინათლე მძინარეების სახეებს ცისფრად ანათებდა. შემოსული ცოტა ხანს მძინარეებს დააცქერდა, მერე ხნიერთან მივიდა და დააკვირდა, ყური მიუგდო.

 - ალექსი, ალექსანდრეეე!- შეანჯღრია კაცი. მძინარეს პასუხი არ გაუცია.

 - ალექსიი!- ხმამაღლა გაიმეორა კაცმა. ხმაში შეშფოთება შეეტყო.

 გვერდით საწოლში ახალგაზრდას გაეღვიძა. თავი წამოსწია, ამოიხვნეშა.

 - ვაუჰ! თავი მტკივა, - შემოსულს შეხედა, რომელიც გვერდით მწოლარესთან დახრილიყო, მისი მაჯა თითებს შორის მოექცია. ახალგაზრდა ელდანაკრავივით წამოხტა.

 - რა ხდება?!

 - აა, აარაფერი, - გამოხედა შემოსულმა.

 - აარ მოვკვდები, არააა,- გაეღვიძა ხნიერს.

 - შენ რა მოგკლავს. ადექით, ცოტა ლუდი დავლიოთ და ცოტაც შესანდობარი ვთქვათ.

 ხნიერი საწოლში წამოჯდა.

 - ძალიან იწვალა?- იკითხა და შემოსულს მიაშტერდა.

 - ვიინ?- იკითხა ახალგაზრდამ.

 - გრიშა მოკვდა. წუხელ მოკვდა ღამის სამ საათზე.

ადექით, ადექით.

 - რომელი საათია?- იკითხა ახალგაზრდამ.

 - ხაშის დროა, - უპასუხა შემოსულმა და ორივეს იქვე იატაკზე დაყრილი ტანსაცმელი გადაუყარა,- რა იყო, რამდენი დალიეთ, გახსოვთ, როგორ მოხვედით?

 ახალგაზრდა და ხნიერი ტანსაცმელს იცვამდნენ. ერთმანთს გადახედეს და უნიათოდ გაეღიმათ.

 - არტაშამ მოგიტანათ. კაი, ეს დაბერდა და ჭკუა არა აქ, შენ ხო ხარ ახალგაზრდა და ცინცხალი გონების პატრონი?!

 ხნიერს თავისი თეთრი, წითლად დალაქავებული პერანგი ეჭირა და დასცქეროდა.

 - არააა, ჩემთვის დალევა არ შეიძლება, მორჩა. მერე გაჩერდა, - აი ეხლა გრიშას შესანდობარს დავლევ და მართლა მორჩა. აა, გეგონათ, მე გავასწრებდი? ისე, გული მართლა ყურს მიწევს, ხო იცი, ტყუილად არ შეგშინებიათ, - შემოსულს გახედა,- ხედავ, როგორ ვუყვარვარ? - ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაიბურდღუნა, ჩაეცინა.

 

 ***

 ისევ არტაშას დუქანში შევედით, ნამთვრალევი ტვინებითვის შვება რომ მიგვეცა. მე და ალექსანდრეს თავი გვისკდებოდა ტკივილისგან. ალექსანდრე ამბობდა, არტაშა უნდა დავსაჯო, ცუდი ღვინო გვასვაო.

მე ვუმტკიცებდი, ცუდი კი არ გვასვა, სხვადასხვა ავურიეთ, აბა, ის წითელი ლაქები პერანგზე საიდან გაჩნდა-მეთქი.

 ადრიანი დილა იდგა. ნამთვრალევზე ისედაც ტანში გვაჟრიალებდა და დილის სიცივე მთლიანად გვიღებდა ბოლოს. მაინც გაზაფხული იყო, თუნდაც უკვე გვიანი, თუნდაც სამხრეთული ქალაქისთვის დამახასიათებლად თბილი და ჭრელი.

 არტაშამ სახლში დაყენებული ხილის არაყი დაგვიდგა ბროლის ძველებური ვიწროყელიანი ჭურჭლით. თხლად დაჭრილი, მოხარშული ღორის ხორცი, ჯონჯოლი, ზეთისხილი და ლუდი მოგვიტანა. ხუთ წუთში დიდი მათლაფებით ცხელი ხაში და დიდი ჯამით ნიორწყალი მოაყოლა.

 

 14 ოდა ხაშს, ანუ რევოლიუციათა ცეცხლოვან გზებზე

 რაც გინდათ ისა თქვით: სპარსულიაო, ინდოელებს ჰქონდათო, ხაში მაინც მარტო ქართული, ჰა-ჰა კავკასიური, მოვლენაა. ისტორიასაც ყვებიან, როგორ მოევლინა ეს კერძი სამყაროს, ანუ ქართველ ნაბახუსევთა მთელ თავატკიებულ, ორგანიზმგამომშრალ, გულაჩქარებულ, სისხლძარღვებშევიწროებულ არმიას. თურმე, როდესაც ქართველი თავადაზნაურობა დიდ ნადიმებს მართავდა და უგემრიელესი ქართული კერძების დასამზადებლად უამრავი საკლავი იკვლებოდა, შიგნეული, რა თქმა უნდა, აღარავის სჭირდებოდა და ყმა გლეხობას ჩუქნიდნენ.

საქონლის შიგნეული, ჩლიქები და კანჭეულობა ძნელი გასასუფთავებელია, რამდენჯერმე გამდინარე წყალში უნდა გარეცხო პირსახოცივით ფაშვი, თორემ შეიძლება ნეხვიც გაჰყვეს. კანჭები თუ კარგად არ გაფხიკე და გატრუსე, როგორია, ჭამის დროს ბალანი რო მოგხვდება სასაზე და ენაზე. ხარშვითაც დიდხანს იხარშება შიგნეული, იმიტომ რომ სულ ხრტილი და ძარღვია და აბა ამდენ შრომას და დროის ხარჯვას დაელოდებოდა მოუთმენელი და თავისნათქვამა ქართველი თავადაზნაურობა?!

 წელში გამწყდარი გლეხობა მოჰკიდებდა ხელს ამ გადაყრილ შიგნეულობას - ნეხვში ხელის რევას, ფიზიკურ შრომას და სიკეთის დიდხანს ლოდინს კი იყო მიჩვეული, ოღონდ მოშიებულ შვილებს რამე ეჭამათ - მთელი ღამე რეცხავდნენ, მერე მთელი ღამე ხარშავდნენ. დილისთვის გამზადებულ, საქონლის ჟელატინით ჭარბად გაზავებულ კერძს ბლომად ნიორწყალს მოასხამდნენ, რადგან მარილი მაშინ ძალზე ძნელი საშოვნი იყო და დილას შვილებისთვის ნოყიერი საჭმელი მზად იყო. შემდგომში მედიცინამ აღმოაჩინა, რომ ხაშს თურმე უდიდესი სამკურნალო მნიშვნელობაც ჰქონია. ძვალს ამაგრებსო და, გლეხობასაც ხომ გლეხური სამუშაოებისთვის ძვალმსხვილი და ძვალმაგარი შვილები სჭირდებოდა.

 ამ დროს რას აკეთებდა თავადი? მთელი ღამე ღრეობდა, უგემრიელეს კერძებს საუკეთესო ღვინოს აყოლებდა, და პირიქით.

დილით კი, ამდენი ღრეობისა და სმისგან თავატკიებული, ცუდ ხასიათზე იღვიძებდა, ვერც ძილს იბრუნებდა. ერთხელაც, დაეხეტებოდა აქეთ-იქით თავის მამულში და რა დაინახა? გლეხის ეზოში ცეცხლზე შემდგარ უშველებელ ქვაბს ოხშივარი ასდიოდა და ცხელ-ცხელ წვენს ხვრეპდნენ გლეხები და ზედ, თავადების საქეიფო ღვინისთვის დაწურული ყურძნის ჭაჭისგან გამოხდილ არაყს აყოლებდნენ.

 უუუჰ!აი არაყი კი მიშველისო-უდიერად მიჰკრა ფეხი კარს და ეზოში შევიდა

 მიიპატიჟეს მაგიდასთან, ხისგან გამოთლილი კოვზი მიაწოდეს, ხისავე ჯამში ჩაუსხეს წვნიანი… მოხვრიპა და, ჰოი საოცრებავ, კაცობრიობა უდიდესი აღმოჩენის წინაშე დადგა...

 საღამოს რომ ჰკითხეს, სად იყავიო, იმდენი იტრაბახა, რომ დაუჯერეს და მცირე ჭოჭმანის შემდეგ დანარჩენებმაც სცადეს ხაშის გასინჯვა. და ეს რა ჰქონიათ გლეხებსო - ამის შემდეგ, რაც საქონელი დაკლეს, ხო ყველაფრის სამწვადე და კარგი ხორცი კვლავ თვითონ მიირთვეს და აღარც შიგნეულობა დაუთმეს გლეხობას. მაგრამ გარეცხვა, ბალნის მოცილება და მოხარშვა ისევ მათ დაუტოვეს. გაბრაზდნენ გლეხები. 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სოლომანაშვილი ბესო / ზ ა მ ო რ ა