სამართლის საძებნელად ქალაქში კაცი გაუშვეს. იქ კიდე, აბა უსწავლელს და უწიგნურს, ან მგელი შეჭამდა, ან მგლისფერი და გაღლეტილი პროლეტარიატის საკბილო გახდა გლეხი. კუნთმაგარი და ძვალმსხვილი გლეხობა გვარიანი ძალა აღმოჩნდა. პროლეტარიატმა თავის გლეხ ძმებთან ერთად ბოლშევიკების პარტია ხომ მოიგონეს, მერე რევოლუციაც მოახდინეს და საბჭოთა კავშირიც შექმნეს - ერთი უშველებელი, გლეხურ-მუშური ქვეყანა.

“წაგვართვით ხაშიო? ეხლა გვიყურეთ - სამწვადეც ჩვენი იქნებაო!”. ამ სამწვადის დაცვას ხო თავისი გენერალი სჭირდება, გინდა გლეხი იყავი, გინდა დიდგვაროვანი, გენერალი ხომ სულ საჭიროა?! საბჭოთა კავშირს თავისი მუშურ-გლეხური გენერლები ჰყავდა. ჰოდა, ერთხელ ერთ-ერთმა ასეთმა გენერალმა დიდი ნიჭი გამოიჩინა (ისე, რომ თავის დროზე იმ ხრუშჩოვის დაჭერაც კი დაავალეს, რომელმაც მთვრალ გაგარინს ტუჩებში აკოცა).

თავისი მტკიცე ხასიათისა და მოქნილი გონების გამო პოლკოვნიკ ხელქვეითებს შიშის ზარს სცემდა, მაგრამ, რა ექნათ ხელქვეითებს, მათაც ძალიან უყვარდათ ხაში და... რაც შეეხება ხაშის სიყვარულს, ეს კერძი ბევრს არ უყვარს, შიგნეულის ნახარში შესახედავად არ მოსწონთ, ნივრის სუნსაც ვერ იტანენ და თუკი მამაკაცურ სიუხეშეში უცნაური სიფაქიზე გაქვს შეპარული, შესაძლოა, უკულტურობადაც გაასაღო ხაშის სიყვარული, უკულტურობად კი არა, ფაქიზი სულისათვის შეუფერებელი უწმაწური ეპითეტებითაც კი შეამკო. ამ კერძს ნამდვილი მამაკაცური ცხოვრების წესი და მადა სჭირდება, რადგან როგორც ქალთაგან აპრობირებული მცნება გვაუწყებს, კაცის გულისკენ გზა კუჭზე ხომ გადის... და ერთხელ, წინა დღის ნაბახუსევმა იმ მუშურ-გლეხური გენერლის იმ ხელქვეითმა პოლკოვნიკებმა დილით ხაშის მირთმევა გადაწყვიტეს. აბა, საგანგებო დავალებებს სისხლძარღვებშევიწროებულები ხომ არ ეკვეთებოდნენ. გენერალმა არ გაგვიგოს, წუხელ ორი ჭიქის დალევის უფლება რომ მივეცით თავსო, და არაყს ვინ დაეძებს, წვეთი ხომ არ გაიკარეს, ნიორწყალიც სუულ ცოტა შეურიეს. გულს ეჭვი უღრღნიდათ, - მიხვდება ის ბემურაზი (აბა, უფრო სერიოზულ ლანძღვას გულშიც ვერ გაივლებდნენ), ისეთი ყნოსვა აქვსო.

მართლაც, მიხვდა გენერალი, ნიორი იყნოსა. მოიღრუბლა. დასცხათ პოლკოვნიკებს. ოფლმა დაასხათ. მერე ტანში გააციათ.

 - ხაში ჭამეთ? - იკითხა გენერალმა უკმეხად.

 - კიიი,- აკვნესდნენ პოლკოვნიკები.

 - არაყი დააყოლეთ? - მოგუდულად, ღრენით იკითხა გენერალმა.

 - არააა! - კვლავ ამოიკვნესეს პოლკოვნიკებმა და გული ამოაყოლეს, მაგრამ წამხდარი მხნეობა სულ ოდნავ მოემატათ. არაყი ხომ მართლა არ დაულევიათ!

 - მართლაა? - იკითხა გენერალმა და წარბებს ქვემოდან ამოხედა.

 თავები მონდომებით დააკანტურეს პოლკოვნიკებმა.

პატიების ნაპერწკალი

 გაკრთა სადღაც.

 გენერალმა პოლკოვნიკებს თვალი თვალში გაუყარა. მათ, თავის მხრივ, ფეხები და ხელისგულები გაუოფლიანდათ. ცხელი ხაში კი ჰქონდათ ნაჭამი მაგრამ მაინც ვერ გაუძლეს გენერლის მზერას. გენერალმა თვალები ავად მოჭუტა. სული გაეყინათ პოლკოვნიკებს. წამის მეასედში ცხოვრებამ ჩაურბინათ თვალწინ. ერთს მახსოვრობის ძაფი შვიდი წლის ასაკში გაუწყდა - მაშინ, თავისი ღირსეული მამის ღირსეული ოჯახის, ღირსეულ წვეულებაზე, ღირსეული სტუმრების წინაშე სკამზე შეაყენეს და შეუძახეს, ღირსეული ბელადისადმი მიძღვნილი, ღირსეული პოეტის მიერ შეთხზული ღირსეული ოდა ღირსეულად წაეკითხა.

გულანთებულმა ხმამაღლა, გამოთქმით დაიწყო ლექსის კითხვა და იმდენად მოინდომა, იმდენად... იმდენი ენერგია ჩააქსოვა... ისე მოიკრიბა ღონე, თავს ისე დაატანა ძალა, რათა კარგად ჩაეკითხა ოდა, რომ მისმა პატარა სხეულმა ვერ გაუძლო ამდენს და ამ ღირსეული საზოგადოების ღირსეული ჰაერი გააფუჭა, საშინლად შერცხვა. წამით გაირინდა ყველა, მერე ერთბაშად ახორხოცდნენ და მქუხარე ტაშიც დასცხეს,- განსაკუთრებით ერთი სტუმრის ღაბაბიანი, სიცილისგან აჭარხლებული სახე გაახსენდა ამწუთას და თვალებში გაეყინა ატუზულ, კუანა პოლკოვნიკს. მეორეს, სკოლის საკლასო ოთახში გაუწყდა მახსოვრობის ეს ძაფი: კიტელიანი, დიდულვაშა მათემატიკის მასწავლებლისა ეშინოდა განსაკუთრებით და მაინცდამაინც ამ გაკვეთილზე აწუხებდა ყველაზე მეტად შარდის ბუშტი. აბა თავს როგორ შეირცხვენდა, ან როგორ გაბედავდა კლასიდან გასვლა ეთხოვა და ბოლომდე უძლებდა განსაცდელს, თუმცა ამის გამო ყოველთვის უჭირდა მათემატიკის გაგება და სწორედ ამ გაკვეთილზე შემოვიდა დირექტორი ვიღაც დეიდასთან ერთად, რომელმაც ალერსიანი ხმით იკითხა: აბა, ბავშვებო, ვისი მშობელია დაპატიმრებული, ...და, რა თქმა უნდა, ძალა აღარ ეყო, გონზე კლასელების ჩუმმა ქირქილმა მოიყვანა, თვითონ კი სკამისა და თვალების სისველესღა გრძნობდა. ახლაც სწორედ ისეთი სისველე იგრძნო თვალებში ქვეშაფსია პოლკოვნიკმა.

მესამეს არსად არ გასწყვეტია მახსოვრობა, რადგან უპატრონო იყო - ბავშვთა სახლიდან. უბრალოდ კუჭი აეშალა. ნახევარ ცხოვრებას დათმობდა ერთ გათხუპნულ პარაშასთან რომ აღმოჩენილიყო ამწუთას. ქვეშაფსია, ქვეშაჯვია და კუანა პოლკოვნიკები ყელში ერთნაირ სიმშრალეს გრძნობდნენ. - ჰჰ! - თქვა გენერალმა და ქვეშევრდომებს რომ ღიმილი არ შეემჩნიათ, პირის გაუღებლად, კბილებში გამოცრა:

 - თუ არაყი არ მიგიყოლებიათ, აბა, ძღნერი გიჭამიათ, - ზურგი აქცია გაოგნებულებს. გაიღიმა და ზუსტად ის ღამე გაახსენდა იმ ხრუშჩოვის (რომელმაც მთვრალ გაგარინს ტუჩებში აკოცა) აყვანის დღეს, როგორ არ აცალეს ხაშის ჭამა. ერთი პოლკოვნიკი ჰყავდა გენერალს, მაღალი, ხმელ-ხმელი.

თავისდაუნებურად რიდით ექცეოდა ხელქვეითს და ვერაფრით ხვდებოდა, საიდან უჩნდებოდა მოწიწების ეს გრძნობა,- შეიძლება გარეგნობის გამო, შეიძლება იმ მოულოდნელად გამოვლენილი განათლების გამო, რაც ცოტა იშვიათი იყო მის ხელქვეითებს შორის, შეიძლება მოხდენილი და ღირსეული ქცევის გამო, ესეც ძალზე იშვიათი იყო მის სალდაფონებს შორის. მოკლედ, ვერ ხვდებოდა, რატომ, მაგრამ ყველაფერს პატიებდა შეეძლო მისთვის. პოლკოვნიკი გრძნობდა ამას, თუმცა არასოდეს სარგებლობდა და ეს კიდევ უფრო დიდ მორიდებას იწვევდა. ერთ დილას პოლკოვნიკი სამსახურში ხაშნაჭამი მოვიდა. არაყიც დაეყოლებინა. ბოდიში მოუხადა გენერალს, ძალიან მიყვარს ხაში და თავი ვერ შევიკავეო, უარყოთ აბა რა ფასი აქ, სუუულ ცოტა დავაყოლეო. ვინ უნდა ყოფილიყო, რომ სამსახურში (თან ასეთ სამსახურში) ოდნავ ნასვამობა ეპატიებინა გენერალს, მაგრამ ახლა თვალი დახუჭა, ის კი არა, თვითონაც ისე მოუნდა ხაში, ისე მოუნდა, ტანშიც კი გააჟრჟოლა, პირი ნერწყვით აევსო და კუჭში საშინელი, ტკივილამდე მისული სიცარიელე იგრძნო.

პოლკოვნიკს გახედა, ჩაახველა.

 - ისა, სად ჭამე, კაი ხაში იყო? - ჰკითხა და იქვე მდგომ დანარჩენ პოლკოვნიკებსაც გახედა. მაშინ ჯერ ახალი მიღებული ჰქონდათ პოლკოვნიკობა ქვეშაჯვიას და კუანას, ნელ-ნელა ეჩვეოდნენ დამატებულ ვარსკვლავებს სამხრეებზე.

 - კიიი, - ფრთხილად უპასუხა ხაშნაჭამმა პოლკოვნიკმა.

 - გვაქ ეხლა რამე საქმე? - იკითხა გენერალმა.

 - არაა,- თვალებში ნაპარწკლები გაუჩნდათ პოლკოვნიკებს, - არა, ისეთი არაფერი.

 - ესე ხო არ მივალთ.

თუ ტელეფონი აქვთ, დაურეკეთ და თან მანქანასაც გამოუძახეთ, - ვეღარ მოერია თავს გენერალი.

 ოთახის კუთხეში ხუთი ტელეფონი იდგა: ორი თეთრი, ერთი ლურჯი, ერთი შავი და ერთიც წითელი. თეთრებზე მთავრობის წევრები რეკავდნენ - სამსახურებრივი იყო; ლურჯზე - ოჯახის წევრები; შავი - საიდუმლო ოპერაციებისთვის იყო და იმისთვის, რაც არც მთავრობას უნდა სცოდნოდა, არც ოჯახს, არც მეგობრებს და არც არავის; წითელი კი იშვიათზე იშვიათად რეკავდა. ზარი ჩვეულებრივი ჰქონდა, მაგრამ მაინც შემზარავად ისმოდა. ამ ტელეფონზე სუუუულ პირველი კაცი რეკავდა ხოლმე.

 ხაშნაჭამი პოლკოვნიკი შავ ტელეფონს ეტაკა, ნომერი აკრიფა, ორი წუთი ილაპარაკა და გენერლისკენ შებრუნდა.

 - სანამ მივალთ, ყველაფერი მზად იქნება. გველოდებიან, - და მორიდებით გაიღიმა.

 - შენ კიდე შეჭამ? - ჰკითხა გენერალმა.

 - ისააა...

- დაიბნა პოლკოვნიკი.

 - შეჭამ, შეჭამ, წავედიით! - ხმამაღლა თქვა გენერალმა და ოთხივე კარისკენ დაიძრა. ჯერ პოლკოვნიკები გავიდნენ და ის იყო გენერალი კარის ზურგს უკან მოკეტვას აპირებდა, რომ ტელეფონის ზარის შემზარავი ხმა გაისმა. ოთხივე გაირინდა, მერე თავები შერგეს კარში. გენერალმა კოპები შეყარა. თვალებგაფართოებულ პოლკოვნიკებს თვალებგაფართოებულმა შეხედა, ოთახში შებრუნდა და კარი ცხვირწინ მიუხურა ხელქვეითებს.

 გენერალმა ცივად აიღო ტელეფონის ყურმილი, ზუსტად ერთი წუთი უსმენდა და მხოლოდ ერთ სიტყვას იძახდა:“დიახ, დიახ...” ყურმილი დადო, სავარძელში ჩაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.

 “არ გეყოთ ხო გადატრიალებები და რევოლიუციები, არ გეყოთ, ხო?!... ჩუმი რევოლიუცია, ჩუმი რევოლიუცია, ადვილი სათქმელია ხო?! რევოლიუცია კი არა ის, თქვენც ეხლა ლენინები და ტროცკები არ იყოთ...”, ფიქრობდა გენერალი, აბა, ამას ხმამაღლა სად იტყოდა, თუმცა იმისთვის მაინც მიეღწია, რომ ასეთების გაფიქრება საკუთარ თავთან მაინც გაებედა. წამოდგა, მხრებში გაიშალა, საბრძოლო მდგომარეობა მიიღო და უკვე სპეცოპერაციის შესაბამისად, ხმაში “ფოლადით” და რუსულად იღრიალა: ”შემოდით!”

 ოთახში პოლკოვნიკები შემოლაგდნენ და გაიჭიმნენ.

 გენერალმა ომახიანად და რუსულადვე გააგრძელა:

 - ამხანაგებო, პარტიას აქვს უმაღლესი ამოცანები და მის განსახორციელებლად ყველა ძალის მობილიზებაა საჭირო.

გვევალება ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის, ამხანაგ ხრუშჩოვის განეიტრალება. ჩვენ რევოლიუციური მნიშვნელობის ამოცანის გადაწყვეტა დაგვაკისრეს, უახლოეს წუთებში მივიღებთ ახალ ინსტრუქციას, გამოცხადებულია ნომერ პირველი სამხედრო მზადყოფნა.

 გენერალი გაჩუმდა, რამდენიმე წამში კვლავ გაისმა შემზარავი ზარი. მაგრამ გენერალმა მაინც მოასწრო გაფიქრება: ”როგორ მინდოდა ხაში. ფუუჰ, დაგიჯვით რევოლიუციაზე”.

 ჩუმი რევოლუციიდან მესამე დილას, ექვს საათზე, მაინც მოახერხეს ნიორწყლით გატენილი ხაშის დიდი მათლაფებით მირთმევა და ზედ ასი გრამი არაყიც დააყოლეს - ეკუთვნოდათ რევოლიუციაგადატანილებს. ჰოდა, სწორედ ეს დილა გაახსენდა ახლა გენერალს, ნელა, ზანტად შემობრუნდა, წარბებს ქვემოდან, პირდაპირ თვალებში შეხედა ქვეშაჯვიას. იმავე წუთს შეეკრა აშლილი კუჭი პოლკოვნიკს, სისხლი გაეყინა.

 - ალექსანდრე ალექსანდროვი ეხლა სად არის?- იკითხა გენერალმა.

 - ალექსანდრე?...

ისა, რომელი?- ენა დაება პოლკოვნიკს.

 - ალექსანდრე ალექსანდროვი-მეთქი!

 15 ძველი სახლის სხვენის მოჩვენებები - III.…

 - ბიჭო, გაიგე შენა, სამი წლის მერე გაახსენდა არტაშას ხაშის გემო. მე აქ იმ დროს არტაშას ვეხმარებოდი მომარაგებაში. გულამოვარდნილი შემოდის ერთი, იმეებიდან რა, ხრუშჩოვის აყვანაში ვინც ვიყავით. იქიდან ორნი ძღნერისა და არყის ამბავშიც იყვნენ. ერთს საერთოდ ბავშვთა სახლიდან ვიცნობდით, ჩვენებური იყო. საწყალი მერე ავღანეთში მოკლეს, ქაბულში ყველაზე რთულ ზონას ხელმძღვანელობდა. ჰოდა, ეგ შემოდის, მეუბნება, ალექსი, ნახე, ვინ მოგიყვანეო, ჩვენი გენერალია, ჩქარა, ბიჭო, ხაში უნდა და იქნებ შენს ამბავზეც დაელაპარაკოო.

აუჰ! გული გამისკდა. ვეცი ამას, აბა მიდი, არტაშ, ხო მზად არის ხაში, ხო არაფერი დაგიკლია, წუხელ ხო არ ჩაგეძინა, ცუდად ხო არ ხარშე-მეთქი.

 არტაშას თავისი მშვიდი, შემპარავი სიცილით გაეცინა.

 - გავაგრძელო, ალექსიჯან?- იკითხა და პასუხს არ დალოდებია, ისე გააგრძელა: - სამი წლის მერე ისევ ჩემი ხაშის გემო ახსომს. თითონ გენერალს ახსომს! მარტო ეს რას ნიშნამს?! რო იციან, ხო იცი, რძიანი ხაში და ესაო და ისაო, ხაში გავაკეთე, უუუჰ! თეთრი აქ მოგდებული, ეს ხრტილი და ამბავი რო იხარშება, მართლა რძესავით ხდება. ჰოდა, ეგრევე, როგორც სამი წლის წინ, პირველად რო იყო, ისევ ისე მეკითხება, რძით არიო? მე ვეუბნები, რას ამბობთ, უფროსო, ხაშში რძე როგორ შეიძლება, ისე უნდა მოიხარშოს, რძესავით რო იყოს, თორე ეგ არ დაიჯეროთ-მეთქი. ესე იგი, ნახევარი საათი ხმას არ იღებს, ჭამს და ჭამს. აწევს ჭიქას შემოგვხედამს, ერთ ყლუპ არაყს მიარტყამს, წვენს მიაყოლებს, ჩლიქს ნიორწყალს მოასხამს, გამოკბეჩამს, გააგრძელებს.

ერთი დიდი მათლაფა შეჭამა. გაჩერდა. ჩუმათ არი რა, ზუსტად ისე, როგორც სამი წლის წინ, ზუუსტად. ამას, ალექსის, ვატყობ, ფერი აღარა აქ. იმას, მეორეს, ტუჩები მოუკვნეტნია. ამან, გენერალმა ამომხედა. ერთი სიტყვა თქვა, კიდეო და მათლაფა მომაწოდა.

ალექსიმ ისეთი ამოიოხრა, რო გენერალს გაეცინა. მიხედა. მე მათლაფა გამოვართვი, როგორ გეკადრებათ, - ახალში-მეთქი, ვითომ კულტურულად რა. არაო, ამაშიო. ისე თქვა, აი, ხო იცი რა, ორ სიტყვაში რო მიხვდები, გენერალი რატოა. იმ წუთში თაგვათ ვიქეცი. ავდექი, მივდივარ, ყური უკან მაქ.

ალექსის ეკითხება, რა, შენ ისევ აქ მუშაობო?

 - აღმადგინა, - გაეღიმა ალექსანდრეს, - გრიშაზეც ვთხოვე. უარი მითხრა. ესეთებმა ბოღმის ჩადება იციან, არ ივიწყებენ არაფერს. აქაურობა კიდე გრიშამ მისცა არტაშას, მააშ! ჩვენ მივაწექით, მე, მამაშენი და კიდე აი ის, აქ რო გენერალი მოგვიყვანა. აბა ეგრე სად არი? უდანაშაულო ბიჭს თავისი მკვლელობა შეატენო და ეგრე მიაგდო... ვალებს ადრე თუ გვიან ეშმაკსაც კი აბრუნებინებენ. ამის მამას და პაპასაც - არტაშასი - მეფის დროს აქვე, ესეთივე სახაშე დუქანი ჰქონიათ.

ამის კეთება იცოდა ამ საწყალმა და... ალექსანდრემ არტაშას მხარზე გაჰკრა, - გაგვიმართლა რა, ამისმა ხაშმა საქმე დამიბრუნა. აი ესე. ეხლა კიდე შენ გაჭმევს და პატარა ზამორაც აქ მოდიოდა ხოლმე, მერე სმას თავი დაანება და... ეეჰ! მოდი, გრიშას ხსოვნა იყოს, გრიშასი, ეეჰ!

 დავიბენი.

 - მააშ, გრიშამ დააჭერინა არტაშა. ამ საცოდავს, ამას აბრალებდნენ ზამორას მკვლელობას, იმიტო, რო იმ დღეს, დილით ადრე, ხაშის დროს რა, სახაშეში გარბოდა მამამისის მისახმარებლად და ვიღაცას დაენახა.

მამაშენიც არტაშამ გაგვაცნო,- გამიღიმა ალექსანდრემ, - მიდი, მიდი, გაგიცივდება, - მითხრა და არაყი გადაჰკრა, - უუუჰ! რა გაჭრა?! აი რასა ვარ, იცი, დაკვირვებული, კაი ხაშს რო შეჭამ, თითქოს უარყოთ გათრობს, ხო იცი, გთენთავს ალბათ, არა?- ჰე, ბიჭო, რას მიყურებ.

მამაშენიც იჯდა. აბა, შენ რა, გეგონა, რო ციხის საავადმყოფოში მუშაობდა? ელენეც ჩვენ მივუყვანეთ... არა, არა გრიშამ მიუყვანა...

 გაოგნებული შევცქეროდი მამაჩემს.

 - ეგრე ნუ მიყურებ, მამა, ცუდი არაფერი მიქნია, - მითხრა და გაეცინა მამაჩემს, - და არც ამასავით მაბრალებდნენ რამეს. რევოლუციონერობა მოვინდომე და გამჭედეს კომუნისტებმა. აი ამისთანებმა დამიჭირეს მაშინ, - თითი ალექსანდრესკენ გაიშვირა და ორივემ გაიცინა, - ისე, შეიძლება მართლა... ჰა, შე ბემურაზო, ხომ გითქვამს, შეიძლება საკუთარი ძმა დაიჭირო და არ გახსოვდესო, ჰა, ჰა?! - მხარზე წაარტყა ხელი ალექსანდრეს მამაჩემმა.

 - ააა, არ გინდა.

მაშინ მე იქით ვიყავი. ჩრდილოეთში ვიჭერდი ხალხს, რუსეთში. თან თქვენნაირ ლაწირაკებს კი არ დავდევდი, ცინგლიანებო თქვენა, - ალექსანდრემ ფაშვის ნაჭერი გაღეჭა, - ეეჰ! ძალიან დავბერდი. კბილი აღარ მიჭრის. ისე, მამაშენი რო არ ყოფილიყო, არატაშასაც მივაყოლებდით ამ სადღეგრძელოში, ხო იცი. ციხის საავადმყოფოში ამუშავებდნენ მამაშენს. ექიმობას სწავლობდა იმ დროს, რო დაიჭირეს და...

ხო იცი, ციხეში ყველამ ყველაფერი იცის. ყველამ იცოდა, ეს რო დამნაშავე არ იყო და ძაან გადაყვა მამაშენი. ეს უბედური ჯერ ისეთი ნაცემი იყო... მერე ჭლექი. მამაშენს პოლიტიკური ამბები ჰქონდა და პატივს სცემდნენ, წამალსაც აძლევდნენ და ცოტა თავისუფლებასაც. არტაშა რო გამოვაშვებინეთ, - არ გამოვალ, მინამ ამასაც არ გამოიყვანთო და მამაშენიც გამოვაყვანინეთ. დიდი ხანი ვიყავით ერთად აქ.

ალექსანდრემ კიდევ ერთხელ გადახუხა არაყი, მამაჩემმაც გადაჰკრა, არტაშამ ტუჩები დაადო ჭიქას, არ დაულევია. მეც მივაყოლე.

 - ეს ადგილი, ხო გითხარი, გრიშამ გვიყიდა, ვითომ სახელმწიფოსი იყო. ისე... სამსახურებიდან რომ გაგვყარეს, ვალის ამბავში გადავახდევინეთ და არტაშას ჩავაბარეთ. თან პატრონობს, თან ცოტა ამისიც არის და... აბა, რა გეგონა? მაშინაც იყო საკუთარი რესტორნები, მთავარია, პატრონი გყოლოდა. მერე კიდე ის გენერალი...

იმის მერე თვე არ გავიდოდა, რო არ შემოსულიყო. წინა ღამეს დარეკავდა და დილის ექვს საათზე ხან ვისთან ერთად მოვიდოდა, ხან ვისთან. აქ ერთი-ორი ისეთია ნამყოფი... ფეხის წვერებზე დავდიოდით, მაააშ! მოკლედ, ყველა არტაშას ხაშმა გადაგვარჩინა... ეხლა ჭამე. თუ გინდა, მეორეც დაიმატე, არაყიც მიაყოლე, თორე, ხო გახსოვს, გენერალმა რა თქვა და... უნდა დავკეტოთ, მიცვალებულია გასაპატიოსნებელი.

 მამაჩემმა ჭიქა ასწია:

 - აბა, ღმერთმა შეუნდოს იმასაც და ჩვენც.

 ყველამ დავლიეთ.

 - გაგიმარჯოთ!- ვთქვი მე.

 - ეხლა, არა? ჰაა,- გაეცინა ალექსანდრეს, - აბა რო გვიწყალებ გულს, თქვენზე მაგრები ვართო?!

 - დაანებე ბავშვს თავი, - შეუღრინა მამაჩემმა.

 - კაი, კაი, ოღონდ მერე ნუ წაიწუწუნებ, რა თაობააო და რაღაცეები... ძალიან ბიჭი გყავს.

 - იმდენი, ამას რა ვუთხარი, - ჩაიბურდღუნა მამაჩემმა.

 მშობელ მამას მშობელი დედა ნამდვილად არ უნდა შეაგინო. ის კი არა, გულშიც არ უნდა გაივლო. ყველა შვილს თავისი მამა ჰყავს და პირიქით, ყველა მამა თავის შვილს იმსახურებს. შეიძლება სულ სხვაგვარადაც იყოს, - ყველა მამას თავისი შვილი ჰყავდეს და ყველა შვილი თავის მამას იმსახურებდეს.

 16 საძმო სასაფლაო კარგი გამოგონებაა, ხალხო! - II

 მე იქ არავინ მიცნობდა. მეზობლებს ოთახის შუაში, ტახტზე დაესვენებინათ მიცვალებული და ზედ თეთრი ზეწარი გადაეფარებინათ.

 ოთახში სიბერის, ჭუჭყის და ანტიკვარული ნივთების სუნი ტრიალებდა.

საერთო დერეფნიდან შარდის და კატების სუნი შემოდიოდა. გარდასული სიმდიდრის ნარჩენები უფრო ამძიმებდა გარემოს. კედელზე ნახატი შევნიშნე: ვერცხლისფერი თუნგი, თუნგში - მოსხმარტალე თევზები, ნანადირევი: მწყერი და კურდღელი, თავთავების ოქროსფერი შეკვრა და კიდევ ბუნების რამდენიმე უცნობი ნაყოფი. მამაჩემს ვანიშნე ნახატზე. გაკვირვებით შეხედა. მამაჩემმა ალექსანდრეს მხარი გაჰკრა და ნახატისკენ მიუთითა მზერით. ალექსანდრემ ნახატს შეხედა, მერე სათვალე ჩამოიწია და ისე დააკვირდა.

სახეზე გაოგნება შეეტყო. ტაში შემოჰკრა, ნახატს მისწვდა, ჩამოიღო, ხელი დაადო ზედაპირზე, ღრმად ჩაისუნთქა ჰაერი, მერე ამოისუნთქა და გაეღიმა:

 - არაა, ის ხეზე იყო, ხის დაფაზე დახატული. ეს ტილოა, ჰეჰ!

 გამომხედა, მერე მამაჩემს გახედა:

 - ისე, რა სახლი ჰქონდა, გახსოვს?! ეეჰ!

 მთელი ღამე იქ ვტრიალებდი. გათენებისას, წავალ-მეთქი, ვთხოვე მამაჩემს. კარგიო. წამოვედი. შემთვრალი, გაბუჟებული ტვინით ვფიქრობდი და ქუჩას მივუყვებოდი.

შემაწუხებლად იკბინებოდა დილის სუსხი.

 ხო ვამბობ, საძმო სასაფლაო კარგი გამოგონებაა-მეთქი. აქ ყველაფერი რომანტიკულად და ლამაზად გამოიყურება. აი, ბატონო, სამშობლო და მისთვის შეწირული გმირები... როგორია? აი, ქალები ძაძებში და კაცები, თვალთან ცრემლით, ვაჟკაცურად რომ იკავებენ თავს, სამშობლოზე დაგროვილი დარდისგან გმინვა არ ამოუშვან გულიდან... ესეც ხომ კარგია?

 შეწირულთა მკერდზე დაყრილი მიწა. სავალდებულოა, ერთი მუჭა მაინც მიაყარო.

დანარჩენს მესაფლავე იზამს.

 გინახავთ, როგორ აყრიან მიწას თავის ნაქნარს ძაღლები?

 ზემოდან დაყრილი მიწის ქვეშ, აღარც თუთიის კუბო ჩანს, აღარც კუბოს შიგნით თავწაგლეჯილი ან, უკეთეს შემთხვევაში, ხელ-ფეხწაწყვეტილი გვამი. შესაძლოა, ისიც არ ესვენოს, ვისაც დასტირიან ჭირისუფლები. თუმცა ამას რაღა მნიშვნელობა აქვს. ომის ხორცის საკეპი მანქანა ყველანაირ საზარბაზნე ხორცს განურჩევლად ურევს ერთმანეთში; ყველაფერი ეს ზემოდან არ ჩანს, ჩანს მხოლოდ სამშობლოს მიწა, რომელსაც პატარა ტომსიკით სხვაგან გაქცევისას თან წაიღებ. აბა, ამ ქვეყანაში ცხოვრების დედაც ვატირე... ეგრე არ არი?! მოგისმენიათ თუთიის კუბოზე სახურავის დაჭედების ხმა?

 ტაქსი გავაჩერე.

ბოღმიანი ბარიტონით ვუთხარი, საით მინდოდა. ალიონით შევარდისფრებული ქალაქი ჩუმად გავიარე. როცა გაჩერება ვთხოვე, მძღოლმა სევდიანი მზერა მომაგება.

 - მეგობარი იყო? - მკითხა და საფლავს გახედა.

 მეც სევდანარევად ჩავიღიმე პასუხად.

 საფლავს ეწერა დაბადების და დაღუპვის წელი, მერე სახელი, გვარი და ფრჩხილებში - სნაიპერა. წადი-მეთქი, ავუქნიე მძღოლს დამძიმებული ხელი და ნასვამმა ის ცნობილი ცრემლები გადმოვყარე, ამ ადგილებში რომ აწვებათ მგმინავი სამშობლოს სიყვარულით გულგანგმირულ მამაკაცებს. მარტო დავრჩი სასაფლაოზე.

და როცა მანქანის ძრავას ხმა ღამის სიჩუმეში მიიკარგა, საფლავს მოვცილდი.

ძეძვნარში ჩავუყევი ქვის კიბეს, ხელში მიწა მქონდა მობღუჯული და ვგრძნობდი, როგორ იპარებოდა თითებშუა ფხვიერ ნამცეცებად. შარვლის ტოტები ძეძვნარზე ასხმულმა გარიჟრაჟის ნამმა დამისველა. “ზამორა”, გამიელვა თავში და, აუუუ! სახელი არ წამიკითხავს, სახელი! მკვეთრად შევბრუნდი, უკან ასვლა დავაპირე და...

 ... და უცებ ფეხქვეშ ამაზრზენი “ჩცჩხრაჭყკ!” გაისმა და იმავე წამს ვიგრძენი, როგორ გამეგლისა ფეხსაცმლის ძირზე ლორწოვანი მასა. თითქოს ფეხიდან სხეულში რაღაც ცხიმოვანი, სლიპინა და გაგლესილი შეცურდა, პირდაპირ ყვერებთან აიარა, მუცელში დატრიალდა, ვიგრძენი, როგორ გაჩერდა სასაზე და ენასთან, ტვინში ავიდა და მუცლიდან შიგანი ამოიყოლა... დავბრმავდი, მთელი შიგნეული - კუჭიან-გულიან-ფილტვიანად - სასაში მომექცა და გარეთ გადმოვიდა. კიბეს როგორ დავეყრდენი, აღარ მახსოვს, მთელი სხეულით ვარწყევდი და ის სლიპინა და ცხიმოვანი და გაგლესილი და ლორწოვანი თავს არ მანებებდა - ამოდიოდა და ისევ მუცელში მიბრუნდებოდა...

თვალები ცრემლით მქონდა სავსე. სინათლე შიგნით ისე იჭრებოდა, რომ ყველაფერს ერთმანეთში ურევდა და თვალებზე დიდი ჭრელი მბზინავი ლიბრი მეფინებოდა.

 ნელ-ნელა ჯერ ქალაქის დაბრეცილი ანარეკლი დამიბრუნდა თვალში. მალე ეს ანარეკლიც გასწორდა. უსაშველოდ დაღლილი და ცარიელი ვიყავი. ყველა კუნთი მტკიოდა, განსაკუთრებით ბარძაყები და ბარძაყების შესაყარი, სადღაც ყვერების ძირში.

 ლოკოკინას კი ყვერები არ ჰქონდა. ეს მოლუსკთა რიგის ჰერმაფროდიტი ლოკოკინა იყო. ბუნებამ თვითგამრავლების ნიჭი და ერთი სპირალური ნიჟარა მისცა, რომელშიც დროდადრო იმალებოდა პატარა ფეხები, თავი და თავზე - სამყაროს აღსაქმელი ორი საცეცი.

ახლა მხოლოდ თავის ნახევარი და საცეცები გადარჩენოდა, რომლის ბოლოებში ჩასმული გაკვირვებული თვალები გარემოს ათვალიერებდნენ. თავს დამტყდარი უბედურების აღქმაში საშინელი ტკივილი უშლიდა ხელს. ცოტაც და... მისი სხეულის ლორწოვან ნარჩენებს მზე გაახმობდა და მზერაც ჩაუკვდებოდა. ის არ ეყოფოდა, რომ მისი წარმოშობის ევოლუცია გაურკვეველია, ახლა კიდევ საიდანღაც გამოვეხეტე მუჭში სამშობლოსმიწაჩაბღუჯული ვიღაც ლაწირაკი და ვერ შევამჩნიე. ჰოდა, “ჩცჩხრაჭყკ”! არადა, ნაწვიმარზე ხომ მხოლოდ იმიტომ გამობობღდა, რომ ნესტიან ქვაზე აღმოჩენილიყო და ბუნებისგან ნაბოძები თვითგამრავლების ნიჭი საქმედ ექცია. აბა საიდან უნდა სცოდნოდა, რომ ზუსტად აქ გადაკვეთდა ერთმანეთს სამყაროს ქარცეცხლი და ვიღაც ცხვირმოუხოცავის ვნებები.

 17 ცხოვრება თეატრია, ძმაო! - II

 ამბობენ, სამყარო ბანალურ ისტორიებზე და პატარ-პატარა ბოღმებზე დგასო.

ბოღმა ამოძრავებს სამყაროს, ბოღმა, სიყვარული კი არა - აუსრულებელი სიყვარული. იმიტომ მიდის ყველაფერი ასე ჯოჯოხეთისკენ, თორემ ყველა რომ თავის სიყვარულს უფრთხილდებოდეს... ცხოველებსაც კი აქვთ ტკივილის გახსენების ნიჭი.

 ძალზე მარტივად მოჩანს ყველაფერი - ერთი ვიღაც მეორეზე ბრაზდება და ომებიც დროის გაუთავებელ წრეზე მოძრაობს, ისე, როგორც გაზაფხულის პირას მზემონატრებული ატმის ხის ყვავილები ამოსკდებიან ხოლმე ტოტებზე და გამოუცდელობისგან ყოყლოჩინობენ - ჩვენ ისევ მოვედით და, ნახეთ, რა ლამაზები ვართო, სანამ გაზაფხულის დაგვიანებული ყინვა, ხანდახან მაისშიც რომ დაერევა ხოლმე ბუნებას, არ მოუკლავთ პრანჭვა-გრეხის სურვილს. მერე კი, ზუსტად ერთ წლის შემდეგ, ისევ გაცოცხლების ჟინი მოუვლით და ისევ იმავე შეცდომას იმეორებენ, მერე კი ისევ...

 1993-2007

 ოჩამჩირე-“პენმარათონი”-თბილისი.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სოლომანაშვილი ბესო / ზ ა მ ო რ ა