სოლომანაშვილი ბესო

 კონტრაბანდისტები

 

1

 

ქათამი რომ კვერცხის დადებას დააპირებს, აკრიახდება და ამოჩემებული ადგილისკენ მიდის. იქ თუ სხვა კვერცხი არ დახვდა, ვეღარ სცნობს საბუდარს და, კაცმა რა იცის, რომელ ბუჩქთან, რომელ ზვინში მოისურვებს ჩაბუდებას. ამიტომ გლეხები ხისგან გამოთლიან ხოლმე კვერცხს, კირით თეთრად შეღებავენ და ატყუებენ ქათამს.

ნამდვილის დატოვება, არც შეიძლება; ნამდვილს, ადრე თუ გვიან, დაუკითხავად შემოხეტებული მაწანწალა ძაღლი ან მისი მსგავსი შესანსლავს; კვერცხს რომ გემოს გაუგებს, შემოგეჩვევა და მერე თვითონ ქათამზეც არ იტყვის უარს. ხისგან გამოთლილი კვერცხი კი, თუ მოტყუვდა და პირი სტაცა – კბილებს წაიმტვრევს და სათოფეზე აღარ გაგეკარება, მაგრამ მაწანწალა რისი მაწანწალაა, ყნოსვა რომ არ ჰქონდეს გავარჯიშებული, ხის კვერცხს დაყნოსავს, ჰაიჰარად ენითაც ალოკავს და მეორედ ზედაც არ დახედავს, ის კი არა, იმ ადგილისკენ არც გაიხედება.

თუ ქათამმა მაინცდამაინც დაკარგა საბუდარი, რომ აკრიახდება და სადმე მოფარებულში ჩაჯდება, მამალი უნდა მოძებნო – ის აუცილებლად სადმე იქვე იქნება კისერმოღერებით აყივლებული, თავისი უფლება მოვალეობების დასადასტურებლად. ზრდასრული ჯანმრთელი მამალი ათიოდე დედალს მაინც უნდა პატრონობდეს, თორემ სამსა და ოთხს მეტისმეტად ერევა. აფოფრილი და ძალამოზღვავებული, დედალზე წამომჯდარ-წამოფრენილი მეტისმეტი ღონით უხათქუნებს თავ-კისერში ნისკარტს და გასისხლიანებულ-დაჩაჩანაკებული კრუხი, ხომ ვერაფერ მწყემსად გამოადგება ათიოდე წიწილასაც კი. ისე, დედალი უმამლოდაც კარგად გადის იოლას, კვერცხს ისედაც დებს – ისეთივე მრგვალს, ისეთივე ნაჭუჭიანს, ისეთივე ყვითელგულას, ისეთივე გემრიელს ტაფამწვარისთვის, მაგრამ ეგ არის, იმ კვერცხიდან, წლობით რომ იჯდეს ზედ, წიწილა ვერაფრით ვერ გამოიჩეკება.

უდედლოდ მამალიც ძლებს, თუმცა უდედლო მამალი ვის რაში სჭირდება, შობამდეც კი არავინ აცლის, პირველივე შემოსული სტუმრის გასამასპინძლებლად აგდებინებენ თავს.

მამამ ხისგან კვერცხის გამოსათლელად ვერ მოიცალა და ერთი ძველი კვერცხით ატყუებდა დედალს...… და ეტყობა ამჯერადაც გაუსინჯა გემო სატყუარას დაუპატიჟებელმა სტუმარმა; ჰოდა, ისევ დაკარგა დედალმა საბუდარი და ერთ დღესაც კრიახი რომ ატეხა, მამამ თავისი საქმე შეწყვიტა და მამლის ძებნას შეუდგა, ცოტა ხნის შენდეგ გაღიმებული მობრუნდა:

– ვიპოვე – ამაყად უთხრა შვილს, – აიღე ძველი კვერცხი და ახალ საბუდარში ჩაუდე, სანამ კიდე რამე შემოეხეტება და შეჭამს, ახალი კი წამოიღე – ადგილიც მიასწავლა. თვითონ შინდის ჩაგროვება განაგრძო უშველებელ კალათში.

შინდის ხე პატარა ყვითელი ყვავილებით ყვავის ადრეულ გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე მწიფდება წვრილი, მუქი წითელი ნაყოფებით. ყველა ხეხილზე ადრე იძლევა იმედს და ყველაზე მეტად გაჩვევს ლოდინს.

ისეთი მჟავეა, მარტო გახსენებისას, თბილი ნერწყვით გევსება პირი. წვენი ჯანმრთელზე ჯანმრთელი კაცის სისხლის ფერი აქვს; ერთი ნაყოფიდან გამოსული მეორე ნაყოფსაც აიარავებს და წვენს ადენს. რაზეც ერთი წვეთი დაეცემა და ლაქად დაეტყობა, იმის ამორეცხვაზე არც უნდა იფიქრო, თითქოს ამოწვა, ისეთ კვალს ტოვებს.

– ყველა სოფელს თავის შემოსავალი აქვს, – ამბობდა მამა, შვილთან ერთად რომ ავსებდა კალათებს, – ჩვენ სოფელს ეს – და წითელ ნაყოფებში ურევდა ხელს, – აი, მაგალითად, ხანდაკი, როცა დრო მოვა, ხანდაკელები ოჯახებით აიყრებიან, ჩრდილოეთის მთებში მიდიან, იქ ჯონჯოლს კრეფენ, იქვე ამწნილებენ და მერე აქ ჰყიდიან. აი, ეგრე მთელი ოჯახებით, ქარავნებად ეწყობიან და დიდიან-პატარიანად მიდიან.

– ჩრდილოეთის მთები ხომ ძალიან შორს არის? – ჰკითხა შვილმა.

– მაინც მიდიან – თქვა მამამ და გავსებულ კალათს წითლად დალაქავებული ნაჭერი გადააკრა.   ბიჭმა ახალი კალათის გავსება დაიწყო.

იქვე ბიჭის ძმა ჩამომჯდარიყო პატარა სამფეხა სკამზე. წვრილი, ყვითელი წნელის რტოებით კალათის მყარი კედლები უკვე ამოეყვანა და ახლა კედლიდან კედლამდე გადასულ სახელურს აწნავდა. მის ფეხემთან რამდენიმე მკვრივად მოწნული ძირი ეგდო. მუხლებს შორის მოქცეული კალათის დამთავრებას ერთი-ორი რტოს ამოქსოვაღა აკლდა.

– ჩემს ჩამოსვლამდე იქნებ მეორეც მოასწრო, – თქვა მამამ და ერთ ძირს ფეხი გაჰკრა.

მანქანა გვიან ღამით მოვიდა, მძღოლი კარგი კაცი იყო და მოჭიდავე შვილი ჰყავდა.

მძღოლის მამა ჭიდაობის დროს დოლზე უკრავდა დღესასწაულებისას. მანქანაში სხვებიც იყვნენ. იმათაც ბევრი კალათი ჰქონდათ და ყველას წითლად მოთხვრილი ნაჭრები გადაეკრა. მანქანის ძარაზე ადამიანები და კალათები ერთმანეთში არეულიყვნენ, მამამ ბიჭმა და მისმა ძმამ თავის კალათებიც შეყარეს და თვითონაც ზედ ავიდნენ.

– წადი! – დაარტყეს სახურავს ფართო გლეხური ხელი წინ მდგომებმა და მძღოლმა მანქანა დაძრა.

ამ პატარა გახუნებულ ქალაქში ელექტრონის განათება მხოლოდ მატარებლების სადგურს და გამყივანი საყვუირით აკივლებულ პოლიციის მანქანას ჰქონდა, რომელიც დროდადრო ჩაივლიდა ხოლმე ქალაქში, მოქალაქეთათვის კანონ-წესრიგის შესახსენებლად.

  ქალაქის განაპირას ჩამდინარე მდინარს მკვდრები მოჰქონდა მდინარის სათავეში ატეხილილ ომებისას. ახლაც ორი გვამია გამორიყულიო, – ამბობდნენ.

სატვირტო მანქანა სწორედ იმ ერთადერთ განათებულ სადგურთან მივიდა და სადგურის ყვითელი შენიობიდან კარგა მოშორებით გაჩერდა. მგზავრებმა ძარიდან კალათები გადმოცალეს, ყველამ მადლობა მოუხადა მძღოლს, რომელსაც მოჭიდავე შვილი ჰყავდა და, რადგან კარგი კაცი იყო, გასამრჯელოც არავისგან აუღია. ახალმოსულებმა მალვით შეიტანეს კალათები ბაქანზე.

იქ ლიანდაგების გასწვრივ ისეთივე კალათები დახვდათ ჩალაგებული. ყველა ერთნაირი და ყველა წითლად მოთხვრილი ნაჭრებით პირგადაკრული, თუმცა პატრონებს არასოდეს არ ერეოდათ თავისები სხვისაში. უფრო მფრთხალებს მოფარებულში მიეწყოთ საკუთარი ქონება. დამხვდურები მოსულებს დაუფარავი უკმაყოფილებით ხვდებოდნენ, რადგან ყოველი ახალი კალათი, მათი კალათების ფასს დასცემდა.

მატარებელი იგვიანებდა. ქალაქში ცხელოდა, სადგურში ჩაგუბებული ჰაერი თითქოს დაძველებულიყო. მამაკაცები ერთად შეკრებილიყვნენ, სიცხის გამო პერანგები ჩაეხსნათ და ბალნიანი მკერდი და მუცელი მოუჩანდა ყველას. იდგნენ და კამათობდნენ.

  ერთმა მათგანმა გაკაშკაშებულ ლამპიონს ახედა:

– შუქის ფული არ შევაგროვოთ? – იკითხა.

ყველამ შეწყვიტა კამათი, ჯიბეები მოიქექეს და საქმის წამომწყებს ქაღალდის ფულები ჩაუკუჭეს კოჟრიან ხელში.

იგი სადგურის შენობისკენ წვიდა მორიგე გამცილებელთან, რომელსაც ორიოდე დღის წინ ვაჟი დაექორწინებინა და ახლა დიდი წვეულების ნარჩენს შეექცეოდა სამსახურში.

კაცები ისევ გაცხარებით კამათობდნენ, როცა ვერცხლისფერი და ყავისფერი ვაგონებისგან აკინძულმა შემადგენლობამ ჩაიარა გრუხუნით და მათო ყაყანი დაფარა. ამასობაში შუქიც ჩაქვრა. ახლა ისინი სიბნელეში იდგნენ, სადგურის შენობასთან ანთებული ლამპიონებიღა ანათებდა მათ სახეებს მკრთალად.

 მამა ახალგაზრდა, მაღალ კაცს ესაუბრებოდა, კაცს ერთი წინა კბილი არ ჰქონდა. ბიჭი და მისი ძმა, იქვე, ბეტონის ბორდიურზე ჩამომსხდარიყვნენ, თავები ჩაეკიდათ და ფილაქანს ჩაშტერებოდნენ. მამასთან და მაღალთან ცისფერთვალება კაცი მივიდა, ხელი გაუწოდა – ჩამოართვეს, გაუღიმა, გამოელაპარაკა და წავიდა.

– ესეც მოდის? – იკითხა მამამ.

– ჰო, – უპასუხა მაღალმა კაცმა.

– ფუ! – გადააფურთხა მამამ.

ცისფერთვალება ხშირად იცვლიდა მოსაუბრეებს. ხან ერთ ჯგუფთან მიდიოდა, ხან მეორესთან.

– მოდის! – დაიძახა უცებ ვიღაცამ სადგურის შენობის მხრიდან. შორს მატარებლის შუქები გამოჩნდა. სადგურში ყველა ლამპიონი ჩაქვრა და უკუნი სიბნელე ჩამოწვა.

– ეს იმიტომ, რომ არავინ დაინახოს ჩვენი გამგზავრება, – უთხრა მამამ შვილებს, – ჩვენ ამას არ გავყვებით.

სადგურს მატარებლის შუქებიღა ანათებდა, ისიც მხოლოდ წინ – გზას. მატარებელთან კი ლანდები დაბორიალობდნენ, გაჩქარებით დარბოდნენ, ვაგონებით ტვირთს ალაგებდნენ, მხოლოდ მამაკაცების ხვნეშა ისმოდა და ჩუმი: ჩქარა, ჩქარა, ჩქარა...

– მორჩა! – დაიძახა ვიღაცამ. მატარებელი ნელა დაიძრა. გამცილებლები ბოლოს შეახტნენ დაძრული მატარებლის კიბეებს და ტამბურები ჩაკეტეს. მატარებლის ბოლო ვაგონი ჯერ არ გასცილებოდა სადგურს, რომ ყვითელ შენობასთან ისევ აინთო ლამპიონები. ბაქანზე ჩალაგებული მქრქალად განათებული კალათების რაოდენობა განახევრებულიყო.

მამაკაცების ნახევარიც აღარსად ჩანდა. მამა ისევ მაღალ კაცს ელაპარაკებოდა. ბიჭი და მისი ძმა ბეტონის ბორდიურზე ისხდნენ. მათთან ულვაშა, მხარბეჭიანი კაცი იდგა პატარა ბიჭთან ერთად.

– მოგყავს? – ჰკითხა მამა ულვაშას და ბავშვისკენ თითი გაიშვირა.

– მომყავს, – უპასუხა ულვაშამ, – თან ზღვას ნახავს, – დაამატა. მამამ აქეთ-იქეთ გაიხედა. თვალები მოჭუტა და ისევ ჰკითხა:

– ბევრი გაქვს? – ულავშამ მზერით ბნელი, ხეებში ჩაფლული ადგილისკენ მიუთითე. იქ მართლაც ბევრი კალათი იდგა.

– უჰ! – გაიკვირვა მამამ.

– სხვა გზა არა მაქვს, – თქვა ულვაშამ და იქით მიაპყრო მზერა, საიდანაც მატარებელს ელოდა ყველა. სადგურის თავში წითელი შუქი ციმციმებდა.

– შენ არ გინდა ზღვა? წამოდი, – დახედა ბეტონის ბორდიურზე მჯდარ ბიჭს მამამ.

– არა, – უპასუხა ბიჭმა.

– რა, არ გიყვარს?

– მიყვარს, – თქვა ბიჭმა, – წყალს დავლევ, – და სადგურის მოსაცდელისკენ წავიდა. ცისფერთვალება ერთ ჯგუფს მოსცილდა და მეორისკენ გაემართა.

წყლის ონკანთან მერხი იდგა. მის ერთ ბოლოში ორნი ისხდნენ. გარშემო კალათები ჰქონდათ შემოლაგებული და, როცა ბიჭი მიუახლოვდათ, გაჩუმდნენ. მერხის ბოლოში ვიღაც იწვა და ღრმა ძილით ეძინა. ბავშვი ხელებს იქნევდა და “უაააა, უაააა...” – იძახდა.

წვერგაუპარსავს ეტყობოდა, ავად იყო – ღრმად, ხრინწიანად ახველებდა, თან სურდოსგან დასველებულ ცხვირს იმშრალებდა გამუდმებით. ბავშვთან ღიმილით განაგრძობდა საუბარს, ბავშვს კი არც ესმოდა და ვერც ლაპარაკობდა.

ბიჭი სადგურის შენობას მიუახლოვდა. შენობის კუთხესთან წითელი მანქანა იდგა. ორი კაცი საბარგულს მიყრდნობოდა, პოლიციელს ესაურებოდნენ. სუფთად გაპარსულ პოლიციელს გრძელი ულვაშები დაეყენებინა, იღლიაში ყავისფერი საქაღალდე ამოეჩარა. ბიჭმა იცნო.

პოლიციელს სამხრეებიც ისეთი ჰქონდა, როგორ მაშინ, რამდენიმე წლის წინათ, იღლიაში ამოჩრილი საქაღალდე და ულვაშის სიგრძეც კი. ბიჭს რატომღაც მკვდარი გაახსენდა, ქვეყნის ყველაზე დიდი მდინარეს რომ ჩამოეტანა თავის სათავეებიდან.

მოსაცდელში მწვანე კედელზე მატარებლის მისვლა-მოსვლის განრიგი ჩამოეკიდათ. განრიგის ქვემოთ, პატარა სარკმელზე, რკინის თეთრი ბადურა იყო მიკრული. სარკმლის იქით ბნელოდა. ბიჭი განრიგს მიაშტერდა. იქვე, სარკმელთან მიკრულ განცხადებას შეხედა, რომელიც ციხიდან გაქცეული პატიმარზე იტყობინებოდა.

განცხადება გაქცეულის დაჭერაში დახმარებას სთხოვდა ხალხს. განცხადების კუთხეში პატარა ფოტოსურათი ისე გაცვეთილიყო, ვერაფერს გაარკვევდი. ნაწერი პატიმარზე ამბობდა – მკლავზე ქალთევზა აქვს ამოსვირინგებულიო. სულ ქვემოთ, წითელი ასოებით, გამაფრთხილებლად ეწერა: “დამნაშავე შეიარაღებული და ძალზე საშიში”.

ბიჭმა მიკრული განცხადების ერთ აწეულ კუთხეს მოკიდა ხელი და კუთხიდან კუთხემდე გადახია. კარიდან შემოსულმა ნიავმა კუთხეებით მიკრული ორი ნაფლეთი ფრთებივით ააფრიალა. ბიჭმა უყურა, უყურა მოფარფატე ნაფლეთებს და როცა მობრუნდა, მოსაცდელის შემოსასვლელში ქალი დაინახა. ქალი ზურგით იდგა, შავ კაბაზე ჯინსის უსახელო ქურთუკი ეცვა.

გარუჯული, ახალგაზრდული მკლავები და კანჭები ჰქონდა, მაღალი იყო, მაგრამ უსაშველოდ მოუვლელი ფეხსაცმელი და თმა იმედგადაწურული შუახნის ქალისას მიუგავდა.

ბიჭი ქალს უყურებდა, მის წინ ბავშვი რომ აისვეტა.

– აუაა, უაა, – უთხრა ბავშვმა ხელების ქნევით.

– ვერ გავიგე – აიჩეჩა ბიჭმა მხრები,– აუაა, უააა, აუაა,– გაიმეორა ბავშვმა, რაღაცას ეკითხებოდა.

– ვერა, ვერ გავიგე – გაუმეორა შეწუხებულმა ბიჭმა და ძალიან მოუნდა ბავშვს დახმარებოდა. ბავშვმა ხელი ჩაიქნია და იქით წავიდა, საითაც სკამზე წამოწოლილ კაცს ეძინა.

– აუაა, უაა, – უთხრა კაცს. კაცმა თავი წამოწია. ბავშვს მიბინდული თვალებით შეხედა, მიდო თავი და მიიძინა.

ქალი მოსაცდელიდან გასულიყო, ბიჭიც გავიდა. ქალი კარებთან მიდგმულ გრძელ სკამზე იჯდა. ბიჭმა შეხედა, ხელში ოციოდე წლის, სისხლჩაქცევებისგან თვალებჩალურჯებული გოგო შერჩა.

გოგოს მართლაც გრძელი ფეხები ჰქონდა, თავი ჩაეკიდა და წარბებს ქვემოდან იცქირებოდა.   ბიჭი ბაქანს გაუყვა. გოგომ ჯინსის ქურთუკი გაიხადა, კალთაზე დაიდო და რაღაცის კეთება დაიწყო. როცა ჩაიცვა, ქურთუკს უკვე გრძელი სახელოები ჰქონდა. გოგომ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები და მოიბუზა.

– აქ რას უცდით? – გაიგონა ბიჭმა პოლიციელის ხმა. გოგო არ განძრეულა. ბიჭმა მათკენ გაიხედა და შეჩერდა.

– ახლა მატარებელი აღარ იქნება, – თქვა პოლიციელმა გოგოს მისამართით, – ახალგაზრდავ, ამოიღეთ ხმა! – გაღიზიანდა, – აბა, წამობრძანდით აქეთ! – დაიქადნა. გოგო წამოდგა და მოსაცდელში შეჰყვა მასზე ტანდაბალ პოლიციელს.

– მოდის! – დაიძახეს უცებ.

  შორს მატარებლის შუქი გამოჩნდა. სადგურში ისევ ჩაქრა ლამპიონები. “ეს იმიტომ, რომ არავინ დაინახოს...”– გაიფიქრა ბიჭმა და სიბნელეში მამამისისკენ და ძმისკენ გაიქცა. მატარებელი გაჩერდა.

აბორიალდნენ ლანდები. ბიჭი კალათებთან მივარდა. მამამისი და მისი ძმა თავის წილ ტვირთს მიათრევდნენ. მამა მატარებელში ახტა. გამცილებელი ჩუმად იძახდა: “თქვენ იქით... თქვენ აქეთ...” სიბნელეში მისი ფართოდ გახელილი თვალები ციმციმებდა. ბიჭი და მისი ძმა კალათებს აწვდიდნენ მამას.

ტვირთაკიდებული მამაკაცბი აქეთ-იქეთ დარბოდნენ. “ჩქარა” – ჩურჩულებდა გამცილებელი. “მოიცადეთ, ცოტა დარჩა” – ამბობდნენ მამაკაცები. “მომეხმარე” – იძახდნენ ქშენით. ბიჭმა, თავის კალათები რომ ატვირთა, ახლა სხვებს მიეხმარა. “უჰჰ, რა მძიმეა” – ამოიხვნეშა, ღრმად ჩაისუნთქა, სხეულის ყველა კუნთი ერთბაშად ისე დაძაბა, თითქოს გაწურვას უპირებსო, სუნთქვა შეიკრა და კალათი მატარებლის ტამბურში ააგდო. “მოვერიე” – გაიფიქრა ბიჭმა.

“მარტოს რამ აგაწევინა?” – უთხრა ვიღაცამ და მატარებლის კიბეზე შეხტა. “ეგ არაფერი” – გაეპასუხა კიბეზე მდგომ სილუეტს. მატარებელი დაიძრა. “მალე ჩამოვალ ”– გამოსძახა მამამ ვაგონის ფანჯრიდან.

სადგურზე ლამპიონები აანთეს. ბაქანზე აღარავინ იყო – აღარც ადამიანები, აღარც კალათები. გაზეთების ჯიხურის გვერდით, მერხზე ისევ ეძინა ვიღაცას. დასალევი წყლის შადრევანი ჩვეულებრივად ჩხრიალებდა. ბავშვის კი აღარ იძახდა “აუააა... უაააა...”.

– წავედით? – ჰკითხა ძმამ ბიჭს.

– წავედით, – უპასუხა და, როცა ბაქნიდან ლიანდაგზე უნდა გადაერბინა, წელთან, სადაც თუირკმელებია, საშინელი ტკივილი იგრძნო. ცივმა ოფლმა დაასხა.

– უხხხ! – გამოსცრა კბილებში.

– რა მოხდა? – ჰკითხა შეშინებულმა ძმამ.

– არ ვიცი, არაფერი, – ბიჭმა წელზე ხელი მიიჭირა და ნელა, ჯიხურთან ახლოს, მერხამდე მივიდა. მძიმედ დაეშვა მძინარეს გვერდით. “მოდიოდნენ და მერე... მოდიოდნენ და მერე...” – წაიბუტბუტა ძილში მძინარემ. ტკივილი ჩაუყუჩდა, მალე წამოდგა.

– წავედით, – უთხრა ძმას და, რადგან მანქანა, რომლის მძღოლი ძალიან კარგი კაცი იყო, უკვე წასულიყო, ფეხით მოუხდათ შინ დაბრუნება. წელი ყრუდ სტკიოდა და ნელა მიდიოდა. გზად ქვეყნის ყველაზე დიდ მდინარეზე გაკიდებულ საცალფეხო ხიდზე უნდა გაევლოთ. ბიჭი ჩუმად მიუყვებოდა უსწორმასწოროდ, გარდიგარდმო დაკრულ ხის ლარტყებს. მისი ძმა მდნარეს გადაჰყურებდა ხიდიდან.

– ეს რა არი, მკვდარია? – იკითხა ბიჭის ძმამ შემკრთალი ხმით. ბიჭმა მდინარეს გადახედა და დააკვირდა.

– არა, კუნძია, კუნძი მოაქვს, – უპასუხა მოგუდულად. ცოტა ხანი ისევ ჩუმად მიდიოდნენ.

– ზღვასაც მოაქვს ნეტა მკვდრები? – იკითხა ისევ ბიჭის ძმამ.

– ალბათ, ზღვა ხომ უფრო დიდია, – კვლავ მოგუდული ხმით თქვა ბიჭმა. ხიდის ბოლოს რომ მიუახლოვდნენ, ბიჭის ძმამ კიდევ ერთხელ გადახედა მდინარეს, წამით გაჩერდა და:

– ისე, ნეტა, რამდენი მდინარე ჩაეტევა ერთ ზღვაში?

გოგო მთელი ღამე არ გამოსულა სადგურის შენობიდან. იმ ღამით, პოლიციის ოთახში, მას ხუთმა კაცმა დასდო პატივი. პირველობა, რა თქმა უნდა, პოლიციელს ეკუთვნოდა.

მეორე ყველაზე მძიმე ტანისა იყო, ზანტად მოძრაობდა და ოფლი ღვარად გასდიოდა. მესამე თუ მეოთხე კაცს, ზუსტად აღარ ახსოვს გოგოს, ემჩნეოდა, რომ პირველად იყო ქალთან. თავიდან ცივი ხელები ჰქონდა და მუხლები უკანკალებდა. შემდეგ კი გაშმაგებით ეხეთქებოდა მის მუცელს, თითქოს გაქცევას აპირებდა, სადღაც უსამართლოდ დატყვევებული. მერე მკვდარი, უსიზმრო ძილით ეძინა თვალებჩალურჯებულ გოგოს. დილით, მზის ამოსვლამდე, ისევ გააღვიძეს. ახლა მხოლოდ სამნი იყვნენ. პოლიციელი არ ჩანდა, ერთი სრულიად უცნობი იყო. როცა გათენდა და გარეთ გამოვიდა, ტანში ამტვრევდა. უკან პოლიციელი გამოჰყვა.

– ეხლა საით? – ჰკითხა.  გოგომ მხრები აიჩეჩა.

– აჰა, გამომართვი, – უთხრა პოლიციელმა და ჯინსის ქურთულის ჯიბეში ორი თუმნიანი ჩაუკუჭა. გოგოს არაფერი უთქვამს – არც მადლობა, არც ნახვამდის.

პოლიციელი მოსაცდელი შებრუნდა. სადგურში მატარებელი შემოჩაქჩაქდა. ოციოდე დღის შემდეგ პოლიციელი, რომელსაც გაპარსული სახე და გრძელი ულვაში ჰქონდა, თეთრხალათიანი კაცის წინ მუხლამდე შარვალჩაჩაული იდგა. თეთრხალათიანს მზერა დაეძაბა და მუცელსქვემოთ აკვირდებოდა. ერთხელ სათვალე მოიხსნა, ისევ დახედა და ჩაფიქრებული, სკამის საზურგეზე გადაწვა. სათვალე მაგიდაზე დადო, პოლიციელს ახედა.

– აჰააა!? – თქვა და ვიღაცას დაუძახა ისე, თვალი არ მოუცილებია მის წინ მდგომისთვის. ოთახში ზონზროხა ქალი შემოვიდა. ისიც თეთრ ხალათში გამოწყობილიყო. პოლიციელმა სასწრაფოდ აიწია შარვალი. ქალისკენ ზურგით დადგა და ხვანჯრის შეკვრას შეუდგა.

– სისხლი, – უთხრა თეთრხალათიანმა კაცმა თეთრხალათიან ქალს. ზონზროხა ქალმა, ჭანჭრობის კოღოსავით ხარბად ამოსწოვა მკლავიდა სისხლი პოლიციელს. შპრიციდან პატარა მინის კოლბაში გადაასხა, ფურცელზე რამდენიმე ასო დაწერა, გაიღიმა და ოთახიდან გავიდა.

– როგორ თქვი, რამდენი ხნის წინ იყავით? – იკითხა თეთრხალათიანმა.

– სად? ჰოო, ოცი დღის წინ, – უპასუხა პოლიციელმა შეშინებული ხმით.

– აჰა! – თქვა თეთრხალათიანმა და დასძინა, – ცოლი გყავთ?

– არა, – გაუდიდდა თვალები პოლიციელს.

– კარგია! თქვენს გარდა კიდე ვინმე ხომ არ იყო? – გულგრილად იკითხა ექიმმა.

– კი, ექვსნი ვიყავით, – დაირცხვინა პოლიცილმა.

– ცუდია, ყველა უნდა მოიყვანოთ. ცოლი ჰყავს რომელიმეს? – განსაკუთრებით ეს ამბავიც არ შეუცხადებია ექიმს.

– ორს. რა მჭირს ექიმო? – ვეღარ მოითმინ პოლიციელმა.

– უჰ! ცოლებიც უნდა მოიყვანონ. თვითონ იმას თუ იცნობთ?

– ვის?

– ქალს, ვისთანაც... – რატომღაც გაღიზიანდა ექიმი.

– არა, სულ არა.

– აბა, ეგრე შეიძლება? – უკმაყოფილოდ თქვა ექიმმა, – გარეთ დამელოდეთ, – და როცა პოლიციელი ოთახიდან გავიდა, წამლის სხვადასხვა ფერის კოლოფებით და ბოთლებით გატენილი მაცივრიდან ერთი ბოთლი ლუდი გამოიღო, გახსნა, პირზე მოიყუდა და ნაბახუსევ, გამომშრალ სხეულში ერთი ამოსუნთქვით გადაცალა. ტუჩები მოიმშრალა. ბოთლი მაცივრის უკან, სანაგვე ვედროსთან მიდგა, – უუჰჰჰ! – ამოიხვნეშა, კარი გააღო და დერეფანში გაიხედა.

პოლიციელი ბოლთას სცემდა. ექიმმა დერეფნი გადაკვეთა და მოპირდაპირე ოთახში შევიდა.

დიდი ხნის შემდეგ, ისევ გადმოკვეთა დერეფანი და თავის ოთახში დაბრუნდა. პოლიციელი, ამჯერად გულხელდაკრეფით იდგა, კედელზე გაკრულ უამრავ თვალსაჩინოებას გულმოდგინედ ეცნობოდა და შიგადაშიგ ოხრავდა. ექიმმა რომ გამოიარა, ხელები ჩამოუშვა, მავედრებელი თვალებით შეხედა და, რადგან ყურადღება არ მიაქციეს, უიმედოდ დაჯდა სკამზე. რამდენიმე წუთის შემდეგ, დერეფანი ზონზროხა ქალმა გადაჭრა. პოლიციელი სკამიდან აიწია. ქალმა დაინახა და მხოლოდ თავი გააქნია.

პოლიციელი კვლავ სკამზე დაეშვა. ქალი ექიმის ოთახში შევიდა. ექიმმა ოთახიდან გამოსზახა, წამოხტა და თითქმის სირბილით მივიდა კარამდე. შიგნით მაინც მორიდებულად შეაბიჯა.

– დაჯექით, – მიუთითა ექიმმა.

– უჰ! უუუჰ! – ქალმა შეხედა და ფილტვების სიღრმიდან წამოსული ოხვრით ამოიოხრა.

– რთულად არის საქმე, – ექიმმა პატარა ფურცელი ააფრიალა ხელით, სათვალე მოიხსნა და მაგიდაზე დააკაკუნა.

– უუუჰ! უჰ! – ისევ ამოიოხრა ქალმა, შეწუხებული სახით შეხედა პოლიციელს და დოინჯშემორტყმული გავიდა ოთახიდან. პოლიციელი მთელი სიმძიმით დაეხეთქა სკამზე და ის დღე დაწყევლა, როცა ქალს შეხვდა. იმ დღეს კი, უფრო ზუსტად, იმ ღამეს, თითქმის ცარიელი ვაგონით სამნი მგზავრობდნენ.

ვაგონში სიცხისაგან ბუზებიც მოთენთილიყვნენ და არ ბზუოდნენ. პაპიროსის კვამლი ერთ ადგილას, ვაგონის შუაში ჩამდგარიყო და სამი მგზავრი კვამლის მორევში ცურავდა. მათი საუბარი ყრუდ ისმოდა, თითქოს ბგერებიც ნელა მოძრაობდნენ. გადმოსაწევ მაგიდაზე ერთი ბოთლი არაყი, პური, ყველი და პომიდორი იდო. მგზავრები მაგიდას შემოსხდომოდნენ და ხისგან გამოთლილი პატარა ჭიქით, რიგრიგობით ყლურწავდნენ არაყს, ხოლო კალათები, რომლებზედაც წითლად მოთხვრილი თეთრი ნაჭრები იყო გადაკრული, არსად ჩანდა. გამცილებელს ისინი საიმედოდ დაემალა, რათა საბაჟოს მოხელეებს არ ეპოვნათ და, თუ მაინც იპოვნიდნენ, გასამრჯელო იმდენი იყო, რომ იმ აბეზარ მოხელეებსაც ადვილად გაისტუმრებდა. მაგიდასთან, ხმისამოუღებლად ილუკმებოდნენ მამა, მაღალი ახალგაზრდა, რომელსაც ერთი წინა კბილი აკლდა და ცისფერთვალება, რომელსაც ყველა ერიდებოდა.

– აუააა! – გაისმა ვაგონში, – უააა! – მიუახლოვდა ხმა თანამეინახეებს და მათ მაგიდასთან ბავშვი მივიდა, – აუაა! – თქვა ბავშვმა.

ძალიან უნდოდა, რაიმე გაეგებინებინა მამაკაცებისათვის, მაგრამ მათ დაღლილ თვალებთან ვერაფერი გაეხერხებინა. ბავშვმა ჯიბიდან ბანქოს დასტა ამოიღო და ლამაზი ვარდივით გადაშალა, შემდეგ ჰაერში აყარა, მძივივით გაამწკრივა და, მოქნილი მოძრაობით, კოხტა დასტად დაიწყო ხელის გულზე. კიდევ რამდენიმე ფოკუსი გააკეთა. ერთხელ დასტა აჩეჩა, ერთი ფურცელი ამოარჩია და სამივეს აჩვენა, ისევ აჩეჩა და ის ერთი ფურცელი ცისფერთვალებას ამოუღო ჯიბიდან. სამივეს გაეცინა.

– ეხლა წადი, – ხელი აუქნია მაღალმა ბავშვს. ბავშვმა კიდევ აჩეჩა ბანქოს დასტა.

მაღალმა ისევ ანიშნა, წადიო. მაშინ ბავშვი თითონ დაწვდა ყველს, ნაჭერ პურს, პომიდორს და მხოლოდ შემდეგ წავიდა. მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს.

– მოიცა! – დაუძახა მამამ ბავშვს. ბავშვს არ ესმოდა. მამა წამოდგა, გაჰყვა, მოაბრუნა, ჯიბიდან დაჭმუჭნული ქაღალდის ფული ამოიღო და ხელში ჩაუდო. ზურგიდან მაღალი და ცისფერთვალება წამოადგნენ. თითო ქაღალდის ფული მათაც გაუწოდეს.

– აუააა! – თქვა ბავშვმა, გაიცინა და გაიქცა.

ღამის გათევა მაგიდასთან მოუწევდათ მამაკაცებს, რადგან იმ ლეიბებსა და თხელ საბნებში, რომლებიც გამცილებელს უნდა მიეცა მათთვის, საბაჟოს მოხელეთა თვალის ასახვევად, კალათები იყო გახვეული. სანამ მამა, მაღალი ახალგაზრდა და ცისფერთვალება უძილო, მომქანცველი, საბაჟოს მოხელეების გამოჩენას დაყურადებული ღამისთვის ემზადებოდნენ, ბიჭმა და მისმა ძმამ ქვეყნის ყველაზე დიდ მდინარეზე გაკიდებულ ხიდზე გადაიარეს, სოფელში შევიდნენ და პირდაპირ პურის მცხობელებს მიაკითხეს. ყვეაფერი თეთრი იყო მცხობელებთან, ჭუჭყიც კი. მხოლოდ პურები იყო მოყავისფრო წითელი. გამყიდველობა დიდძუძუებიანი ქალისთვის მიენდოთ. ქალს სიცხისან მკერდზე ხალათი შემოეღეღა, ძუძუებსშორის ღარი ფქვილით ამოვსებოდა და შიგ ოფლის თეთრივე წვეთები მიუცურვდა წანწკარით.

ორი პური იყიდეს. მათი სიმხურვალისაგან ხელები ეწვოდათ და ამიტომ რიგ-რიგობით მიჰქონდათ. ბოლოს ბიჭმა პერანგი გაიხადა, შიგ პურები გაახვია და გახურებულ ხელისგულებს შვება მისცა. შიშველ სხეულზე საღამოს ნიავმა დაურბინა. დროდადრო ხორკლებს აყრიდა ტანზე. ცხელი პურის სურნელი შიმშილის გრძნობას უღიზიანებდა და შინ მისვლამდე ერთი პური შემოეჭამათ. შინ კი, წყალი გაათბეს, შიგ პომიდორი ჩაჭრეს, მარილი ჩააყარეს, წითელ წვენში ცხელი პური ჩააწეს და ხმისამოუღებლად შეჭამეს. ბიჭს წელი ისევ სტკიოდა. სტკიოდა ყრუდ, თირკმელებთან.

– კიდე გტკივა? – ჰკითხა ძმამ.

– რა ვიცი, – უპასუხა სუსტი ხმით.

ბიჭს დილაუთენია გაეღვიძა. საბნის ქვეშ წამოყეყელავებული სარცხვინელი გაისწორა და დაამთქნარა. ფეხსალაგში გასვლა უნდოდა, მაგრამ წამოდგომა ეზარებოდა. ბიჭის ძმა ოთახის ბოლოში მდგარ რკინის საწოლში იწვა. საწოლის თავებს, ოთხივე კუთხეში, ვერცხლისფერი, დილის მზის სხივზე ალიცლიცებული ლითონის ლომისთავები ედგა. ბიჭის ძმა ცხვირს აცემინებდა. ცემინებისგან ცხვირი და ქუთუთოები გასიებოდა და გაწითლებოდა: “თოთხმეტი” – თქვა ბიჭის ძმამ და დააცემინა.

– ეეეჰ! ავდგე, ვეღარ მოვითმენ, – გადაწყვიტა ფეხსალაგში წასვლა ბიჭმა, საბანი გადაიხადა და წამოდგა, – უხხხხხ! – იყვირა უცებ, წელზე ხელი იტაცა და სუნთქვა შეეკრა.

– რა მოგ... – შეშფოთებული ხმით უნდოდა ეკითხა ძმას, მაგრამ, ისევ დააცემინა, – ცხრამეტი, – თქვა, – რა მოგივიდა? – დაამატა. ისევ დააცემინა, – ოცი, – მიათვალა.

– მეტკინა, – უპასუხა ბიჭმა და გაახსენდა, რომ მთელი ღამე ჩუმი, თითქოს დილისთვის ჩასაფრებული ტკივილი აწუხებდა. ხელმეორედ სცადა წამოდგომა, მაგრამ საშინელი ტკივილისაგან გულშეწუხებული, საწოლზე მიესვენა.

2

 საშინელი ტკივილისაგან გულშეწუხებული ბიჭი გაუნძრევლად იწვა დიდი, ხმაურიანი ქალაქის საავადმყოფოს ერთ ატარა ოთახში. მხოლოდ მედიცინის დის შემოსვლას იგებდა, რომელსაც, სხვა წამლებთან ერთად, ტკივილგამაყუჩებელი აბებიც მოჰქონდა და, როდესაც ტკივილი მთლად დაუამდა, თანაც, აღარც გამთანგავი სიცხე ახვევდა თავბრუს, გაბედა და ნელი, ფრთხილი მოძრაობით საწოლზე წამოჯდა. მეზობელს, რომელიც გვერდით საწოლში მშვიდად იწვა, გაუბედავად მიესალმა. “გა-ა-უ-მარჯოს” – ძლივს ამოთქვა მეზობელმა და ხელი ოდნავ ასწია, რომ ფერდის პატარა ჭრილობაში ჩადმულ გამჭვირვალე პატარა მილს არ შეხებოდა. მილიდან ყვითელი სითხე წვეთავდა და საწოლის ქვეშ მდგარ ქილას ავსებდა. “სტკივა” – გაიფიქრა ბიჭმა. თვითონაც მოისინჯა წელი, მაგრამ ტკივილი აღარ უგრძვნია. ნელა წამოდგა და საავადმყოფოს ზოლიანი ხალათი ჩაიცვა.

გაიარა. ფანჯრის რაფას დაეყრდნო. გარეთ, მაღალი ქვის გალავნით გარშემორტყმული შენობა ჩანდა, პატარა ბაღით. “ზზზუნგ!” – ბზუილით ეხეთქებოდა ბუზი ფანჯრის მინას. ბიჭი ფანჯარას მოსცილდა და კარისკენ წავიდა. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სოლომანაშვილი ბესო / კონტრაბანდისტები