სტოკერი ბრემ

მოსამართლის სახლი

 

 

თარგმანი ინგლისურიდან – ნათია ჩუბინიძე.

 

გამოცდების პერიოდი მოახლოვდა თუ არა, მალკოლმ მალკოლმსონმა გადაწყვიტა, ისეთ ადგილას განმარტოებულიყო, სადაც კითხვაში არავინ შეუშლიდა ხელს. ზღვის მომხიიბვლელობა ცოტა არ იყოს აფრთხობდა, მაგრამ არც სრული მარტოობის მომხრე იყო, ერჩივნა, რომელიმე მყუდრო ქალაქში ეპოვა თავშესაფარი. მეგობრების კომპანიაში ყოფნა არ სურდა, მათთან ერთად ისე გულიანად ვერ ჩაუჯდებოდა სამეცადინოს, ამიტომ, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ჩაალაგა თავის პატარა სამგზავრო ჩემოდანში ტანისამოსი და წიგნები, გაემგზავრა სადგურში და პირველივე უცნობ დაბამდე აიღო ბილეთი.

სამი საათის შემდეგ პატარა ქალაქ ბენჩაჩში ჩავიდა. დაბას ეტყობოდა, მყუდრო ადგილი იყო და აქ არ გაუჭირდებოდა სიმშვიდის პოვნა. ტრანსპორტიდან ჩამოვიდა თუ არა, იმწამსვე იქვე მდგარ ციცქნა სამიკიტნოს მიაშურა, რათა ღამის გათევის თადარიგი დაეჭირა, შემდეგ ახალი ადგილის გაცნობა განიზრახა და შეიტყო, რომ ეს პატარა, საბაზრო ქალაქი გახლდათ, თუმცა ბაზრობა მხოლოდ სამი კვირა გრძელდებოდა, იქაურობაც მხოლოდ ამ დროს იყო გადაჭედილი, თორემ სხვა დროს უდაბნოზე ნაკლებად იზიდავდა სტუმრებს.

მალკოლმსონმა, ცოტა სული მოითქვა თუ არა, გადაწყვიტა, ისეთი მყუდრო ბინა ეპოვნა, რომელიც მეცადინეობისთვის გამოდგებოდა, რადგან სამიკიტნო სულაც არ იყო ცოდნასმოწყურებული ახალგაზრდისათვის შესაფერი ადგილი.

ძებნისას მხოლოდ ერთი ადგილი იპოვა, რომელიც მის მოთხოვნილებებს სრულად აკმაყოფილებდა. ეს იყო ძველი, უკაცრიელი, იაკობიანური სტილის მკვიდრად ნაშენი სახლი, მასიური ფრონტონებითა და ფანჯრებით. საოცრად პატარა შენობა შემაღლებულზე იდგა და გარს აგურის მაღალი კედელი ჰქონდა შემორტყმული, ამის გამო, ერთი შეხედვით, ციხე-სიმაგრეს უფრო წააგავდა, ვიდრე ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს. საბედნიეროდ, გაირკვა, რომ ყველაფერთან ერთად სახლი ცარიელი იყო.

ჭაბუკმა სასწრაფოდ ფოსტას მიაშურა, სავაჭრო აგენტს დაუკავშირდა და განცხადება დაწერა ბინის დასაქირავებლად. ბატონი კარნფორდმა, ადგილობრივი მოსამართლემ, გულთბილმა მოხუცმა, კლიენტს თბილად გაუღიმა და უთხრა:

– მართალი გითხრათ, მიხარია, რომ ამ სახლს ქირაობთ და მოსახლეობა ასე უკაცრიელს აღარ იხილავს, ეს შენობა იმდენად დიდხანს იყო ცარიელი, აქაურებში აბსურდული ცრურწმენაც კი გაჩნდა, დასძინა მან, თანაც ეშმაკურად შეხედა ახალგაზრდას, – თქვენნაირი ბეჯითი სტუდენტის დასახლება, მჯერა, ბოლოს მოუღებს სულელურ მითქმა-მოთქმას.

მალკოლმსონმა გაიფიქრა, იქნებ მეკითხა, რა ცრურწმენაა ასეთიო, მაგრამ ჩათვალა, რომ ამას სხვებისგანაც მშვენივრად შეიტყობდა ,დადუმდა, აგენტს წინასწარ გადაუხადა სამი თვის ქირა, სანაცვლოდ კი მიიღო მოსამსახურე ქალისა კოორდინატები, რომელიც ბინას დაუსუფთავებდა და საჭმელს მოუმზადებდა.

საქმეებს რომ მორჩა, ახალგაზრდა მალკოლმსონმა ისევ სამიკიტნოს მიაშურა, იქ კი მხიარული და კეთილი დიასახლისი გამოელაპარაკა. ქალმა ჰკითხა, სად აპირებდა სტუმარი დასახლებას და პასუხი რომ მიოსმინა, განცვიფრებულმა მიუგო:

– რაო, სად აპირებთ შესვლას? იმ დაწყევლილ შენობაში, რომელსაც ყველანი მოსამართლის სახლს ვეძახით?

მალკოლმი დაინტერესდა, რამ შეაშფოთა დიასახლისი, მანაც არ დაიზარა და განუმარტა, რომ შენობა დიდი ხნის წინ ერთ გულღვარძლიან მოსამართლეს ეკუთვნოდა, რომელიც სასტიკი განაჩენების გამოტანით და საშინელი ხასიათით მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა...

თვითონ სახლთან დაკავშირებული საეჭვო ამბავი არავის ახსოვდა, მაგრამ ქალს არ ტოვებდა შეგრძნება, რომ იქ რაღაც ისე ვერ იყო. ალბათ დრინკუოთერის ბანკში შენახული მთელი თანხაც რომ მიეცა ვინმეს მისთვის, სანაცვლოდ ერთი საათიც ვერ გაჩერდებოდა წყეულ შენობაში.

ამ საუბრის შემდეგ დიასახლისმა ბოდიში მოუხადა ვაჟს შეშფოთებისთვის და დაამატა:

– მომიტევეთ, მაგრამ, მე ვთვლი, რომ მარტო იქ ცხოვრება სახიფათოა თქვენთვის, იქ ერთი ღამეც კი არ უნდა გაათიოთ, დამიჯერეთ.

ჩანდა, ქალბატონი უითემი (ასე ერქვა სამიკიტნოს დიასახლისს), სერიოზულად შიშობდა, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი სისულელედ ჩათვალა, მალკოლმი შეძრა ქალის ნათქვამმა, მადლობა გადაუხადა გულისხმიერებისთვის და მიუგო:

– ქალბატონო, ჩემზე ნუ ინერვიულებთ, მე ისე ჩავეფლობი მათემატიკაში, სრულიადაც არ შემაწუხებს მისტიკური ცრურწმენები, ელიფსური ფუნქციები, არითმეტიკული პროგრესიები თუ ხარისხები ისედაც ჩამითრევენ თავიანთ საიდუმლოებებში.

დიასახლისი მიხვდა, ტყუილად აფრთხილებდა მამაც სტუმარს, ამიტომ შეწყვიტა ამ თემაზე საუბარი და სახლში დაბინავებისას დახმარებას დაპირდა.

საღამოს მალკოლმი იმ მოსამსახურის მოსაძებნად გაემართა, აგენტმა რომ ურჩია, შინ დაბრუნებულს კი ეზოში მისის უითემი დახვდა ბიჭებთან ერთად, ცოტა ხანში სტუდენტი კეთილი ხალხის დახმარებით მშვენივრად მოეწყო ახალ ბინაში, განსაკუთრებით კომფორტულად დიდ სასადილოში იგრძნო თავი, ამიტომ სამეცადინოდ ეს ოთახი არჩია.

ცოტა ხანში დამლაგებელი ქალი, მისის დემპსტერიც გამოჩნდა, ამიტომ სამიკიტნოს დიასახლისმა ჩათვალა, ყველაფერი რიგზეაო და უკანასკნელი რჩევა მისცა მალკოლმს:

– ბატონო, რაკი სახლი დიდია და ნესტიანი, ღამით თქვენს საწოლს შირმის ჩამოფარება არ აწყენდა, მე თქვენს ადგილას შიშისგან მოვკვდებოდი, ყოველ კუთხეში მოჩვენებას დავინახავდი...

საბრალო ქალი თავისივე სიტყვებმა უარესად დააფრთხო და ნაჩქარევად დატოვა წყეული შენობის მიმდებარე ტერიტორია.

ამ საუბარს მისის დემპსტერიც შეესწრო და ირონიულად გაეცინა, შემდეგ კი მალკოლმს მიუგო: საშიში არაფერია, სერ, ამათ სახლის სულების ეშინიათ, სახლის სულები კი ვირთხები, თაგვები, ხოჭოები და მსგავსი არსებებია, ისინი მრავლად არიან კარის ღრიჭოებში, ჭერში, ნაპრალებსა და სოროებში, გამოსვლა ღამით უყვართ, შეხედეთ ხის პანელებს, ისინი ასეულობით წელს ითვლიან, განა საოცარია მსგავსი არსებები აქ რომ სახლობდნენ? ან გგონიათ მათ თვალს ვერ მოჰკრავთ? ძალიან ცდებით, უბრალოდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ და ნუ შეშინდებით.

– მისის დემპსტერ, ცივად მიუგო მალკოლმსონმა, ყველაფერი გასაგებია, რაკი საშიში არაფერია, ვფიქრობ შემიძლია ნება დაგრთოთ, ჩემს შემდეგ აქ თქვენ იცხოვროთ, მხოლოდ ოთხი კვირა ვრჩები ქალაქში, ქირა კი სამი თვის გადავიხადე.

– გმადლობთ, სერ, მაგრამ სამწუხაროდ თქვენს წინადადებას ვერ მივიღებ, თავად გრინჰაუს თავშესაფარში მაქვს ოთახი, წესები კი იქ ისე მკაცრია, თუნდაც ერთი ღამე სხვაგან რომ გავათიო, ჩემს ადგილს მყისვე სხვა დაიკავებს, ორი თვის შემდეგ გარეთ აღმოვჩნდები, ეს კი არ მინდა.

– კარგით, ძვირფასო, მე აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მყუდროებას და მარტოობას ვეძებდი, მინდა მშვიდად ვიმეცადინო. გრინჰაუს კი, ჩანს, მართლაც ძალიან მკაცრი წესები აქვს, თვით წმინდა ანტონიც კი ვერ იქნებოდა თქვენი უფროსივით მკაცრი, თავშესაფარიც ასეთი უნდა!

მოსამსახურემ გაიცინა, როგორც ჩანს, თქვენ არაფრის გეშინიათ, ახალგაზრდავ, ასე რომ იმ სიმყუდროვეს და მარტოობას, რასაც ესწრაფვით, აქ ნამდვილად ჰპოვებთ. მე სახლს დავასუფთავებ, თქვენ კი შეგიძლიათ გაისეირნოთ.

ქალმა დალაგება დაიწყო, ჭაბუკი კი სასეირნოდ გაემართა და შინ შებინდებისას დაბრუნდა. სახლი დასუფთავებული დახვდა, ცეცხლი აგიზგიზებული, ლამფა ანთებული, მაგიდა კი გულთბილი მისის უითემის გამოგზავნილი ვახშმით გაწყობილი. აი, ეს არის ჭეშმარიტი კომფორტი, ჩაილაპარაკა გულადმა სტუდენტმა და გახარებულმა ხელები მოფშვნიტა.

ვახშამი მიირთვა თუ არა, ლანგარი მაგიდის ბოლოსკენ გააჩოჩა, გარს წიგნები შემოიწყო, ცეცხლს შეშა დაამატა, ლამფას აუწია და სამუშაოს ჩაუჯდა. თერთმეტ საათამდე წიგნებიდან თავი არ აუღია, თერთმეტზე წამოდგა და ჩაიდანი დადგა, კოლეჯმა გვიანობამდე მუშაობასთან ერთად ჩაის სმასაც მიაჩვია. შესვენება დიდი ფუფუნება იყო სტუდენტისთვის და სასმელის მირთმევა მთელ რიტუალს წარმოადგენდა.

ხანმოკლე პაუზის შემდეგ წიგნები ისევ მოიმარჯვა, უეცრად ვირთხების ხმაური შემოესმა, სტუდენტი ჩაფიქრდა, როგორც ჩანს, ისინი მხოლოდ ახლა ახმაურდნენ, ალბათ თავიდან მღრღნელები ლამფის და ცეცხლის შუქმა დააფრთხო, მაგრამ მერე გამამაცდნენ.

მალკოლმმა ყური მიუგდო მღრღნელების საქმიან ფუსფუსს, ვირთხები ხის პანელების მიღმა წინ და უკან დარბოდნენ, ჭერში მალაყებს გადადიოდნენ, იატაკის ქვეშ რაღაცას ღრღნიდნენ და ფხაჭუნობდნენ. ჭაბუკს მისის დემპსტერის ნათქვამი გაახსენდა, ჩაეღიმა, მან ხომ გააფრთხილა, ეს ვირთხები მიაჩნია ხალხს სახლის სულებადო.

ჩაის გავლენა მალე იგრძნო ახალგაზრდა სხეულმა და გონებამ, გადაწყვიტა მორიგი საკითხის შესწავლა დაეწყო, თან ჩაიფიქრა, რომ გათენებამდე დაესრულებინა მასზე მუშაობა. თუმცა სანამ საქმეს შეუდგებოდა, უსაფრთხოების მიზნით გულდასმით მოათვალიერა ოთახი, ცალ ხელში ლამფა დაიჭირა და სახლი შემოიარა, საკვირველი იყო, რად იყო აქაურობა აქამდე ასე უკაცრიელი. შენობა მყარი იყო და ლამაზი, კარ-ფანჯრები იშვიათი ორნამენტებით შეემკოთ, კედელზე რამდენიმე სურათი ეკიდა, მაგრამ ისე იყო თითოეული მათგანი მტვრის საბურველში გახვეული, გამოსახულების გარჩევა შეუძლებელი ჩანდა. ეგ, იყო მხოლოდ, რომ სახლში უხვად იყო ბზარები და ხვრელები, რომლებიდანაც ვირთხებს ამოეყოთ ცხვირები, მათი თვალები ლამფის შუქზე ერთიორად ანათებდნენ. ადამიანის მოახლოებისას მხეცუნები დაუყოვნებლივ მიიმალნენ წრიპინით. ამას დიდად არ შეუშინებია, ერთადერთი, რის დანახვაზეც უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა, ოთახის კითხეში, ბუხრიდან მარჯვნივ აღმოჩენილი, ჭერიდან დაშვებული, მსხვილი, ყულფგამონასკვული თოკი იყო, რომელიც სახლში არსებული დიდი ზარის ენას წარმოადგენდა.

მალკოლმმა თავისი სკამი აიღო, ბუხართან მიაჩოჩა, კიდევ ერთი ჭიქა ჩაი დალია, შემდეგ კი ისევ სამუშაოს მიუბრუნდა, ცოტა ხანს ვირთხები ისევ აწუხებდნენ უწყვეტი ფუსფუსით, მაგრამ შემდეგ ისე მიეჩვია, როგორც საათის წიკწიკს ან წყლის ჩუხჩუხს ვეჩვევით ხოლმე, მთლიანად საქმეში ჩაეფლო და გარესამყაროს მოსწყდა.

უეცრად შეეშვა დაწყებული ამოცანის ამოხსნას, გარეთ გაიხედა, განთიადი მოახლოვებულიყო, პასუხი კი ჯერ ვერ ეპოვა. აღმოაჩინა, რომ ვირთხები უჩვეულოდ მიჩუმდნენ, თვითონ კი რაღაც გამოუცნობი გრძნობა დაეუფლა, მოეჩვენა, თითქოს ოთახში ვიღაც იყო. ცეცხლი მინავლებულიყო, მაგრამ ოდნავ მაინც ანათებდა იქაურობას, შეცბუნებულმა გულდასმით მიმოიხედა ირგვლივ...

ბუხრის მარჯვნივ მდგარ, მაღალ საზურგიან მუხის მოჩუქურთმებულ სკამში უზარმაზარი ვირთხა მოკალათებულიყო და ურცხვად მიშტერებოდა მალკოლმს ქვეყნიერების დამაქცევარის მზერით. ჭაბუკი გაგულისდა და წიგნი მოუქნია დაუპატიჟებელ სტუმარს, ის კი არც განძრეულა. მეორედ მოუქნია და ამჯერად საზიზღარმა არსებამ მრისხანედ დაააკვესა თეთრი, ბასრი კბილები, მისი ბოროტი თვალები ლამპის შუქის ფონზე შურისმაძიებლურად იმზირებოდნენ.

მალკოლმსონი განცვიფრდა, ცეცხლის საჩხრეკს დასტაცა ხელი და სასწრაფოდ სცადა ვირთხის მოკვლა, მან კი ამჯერად იკადრა, ელვისუსწრაფესად ისკუპა სკამიდან და სანამ საჩხრეკი მისწვდებოდა, ზარის უჩვეულო ენას ააცოცდა. ორიოდე წამში საშინელი არსება ჭერში გაუჩინარდა, მის გაუჩინარებას კი დანარჩენი ვირთხების ხელახალი ახმაურება მოჰყვა.

მალკოლმსონი გადაიღალა, მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო და რაკი მამალის ყივილმა დილის მოახლოება ამცნო, დასაძინებლად დაწვა.

დილით ოთახის დასალაგებლად მოსულ მისის დემპსტერს ახალგაზრდა მდგმური ისევ ლოგონში დახვდა მაგრად ჩაძინებული, ქალმა მისი გაღვიძებაც სცადა, მაგრამ ვერ შეძლო და თავი დაანება. მალკოლმმა მხოლოდ მაშინ გაიღვიძა, როცა ფუსფუსა დამხმარემ საუზმე გაუმზადა და შირმის გასწორებას შეუდგა. გამოსაფხიზლებლად ჭაბუკს ერთი ჭიქა ჩაი და გემრიელი სენდვიჩიც ეყო, მიირთვა თუ არა, წიგნები აიღო და სასეირნოთ გაემართა დილის სუფთა ჰაერზე, თან მისის დემპსტერი გააფრთხილა, სადილობამდე არ მოვალო.

გარეთ გამოსულმა თელიანში მყუდროდ მოიკალათა და წამოღებულ სახელმძღვანელოებში ჩაეფლო, შემდეგ კი გადაწყვიტა, ცოტა დაესვენა, მისის უითემი მოენახულებინა და წინა დღეს გამოგზავნილი სანოვაგისთვის მადლობა გადაეხადა.

კეთილი დიასახლისი გულთბილად დახვდა თავის სამიკიტნოში და გაბადრული სახით მოიკითხა, მაგრამ ცოტა უკეთ დააკვირდა თუ არა სტუმარს, თავი სინანულით გადაიქნია და შეშფოთებულმა მიმართა:

– სერ, გთხოვთ, მეტისმეტს ნუ იზამთ, ძალიან ფერმკრთალი ხართ, არ შეიძლება ტვინი ასე ძალიან დაძაბოთ, ეცადეთ, არ გადაიღალოთ. ღამე როგორ გაატარეთ? იმედი მაქვს ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, მისის დემპსტერმა ახლახანს მაცნობა, დილით რომ მივედი ღრმად ეძინაო.

– დიახ, ღიმილით მიოგო მალკოლმმა, ყველაფერი რიგზე იყო, თუ ვირთხების შემაწუხებელ ხმაურს არ ჩავთვლით, ისე, ღამით ერთი ბებერი ეშმაკი მესტუმრა, დიდად რომ არ მეპიტნავა მისი დანახვა, ცეცხლსაჩხრეკი ვესროლე და შეშინებული აძვრა ზარის ენაზე, იქიდან კი სად გაუჩინარდა, თვალი ვეღარ მივადევნე.

– ღმერთო, ჩემო, ბებერი ეშმაკი გესტუმრათ? ფრთხილად იყავით, სერ, თქვენ ხუმრობთ, მაგრამ ვგრძნობ, სასაცილო არაფერია, მეორედ აღარ გაიმეოროთ ეგ სიტყვები.

– რას გულისხმობთ? ვერაფერს ვხვდები, ცოტა არ იყოს შეცბუნებულმა ჰკითხა ახალგაზრდამ.

– ბებერ ეშმაკზე, ბებერ ეშმაკზე მოგახსენებთ, ხუმრობით ამ სიტყვების წარმოთქმა არ შეიძლება, ჩემო ბატონო, ახალგაზრდებს ხშირად გიყვართ ისეთ რამეზე ხუმრობა, რისი წარმოდგენაც, ჩვენ, უფროსებს, შიშით აგვაკანკალებს ხოლმე.

– ო, მაპატიეთ, თბილად გაუღიმა სტუდენტმა, არ მინდოდა ცუდად გამომსვლოდა, მაგრამ წუხანდელმა ღამის სტუმარმა, ძველ სკამში რომ დამხვდა ჩასკუპებული, მართლაც ბებერი ეშმაკი მომაგონა... ამ სიტყვებზე მალკოლმს ისევ სიცილი აუვარდა, შემდეგ კი დიასახლისს კიდევ ერთხელ მოუბოდიშა, გულისხმიერებისთვის მადლობა გადაუხადა, დაემშვიდობა და შინ დაბრუნდა.

საღამოს ვირთხები, წინანდელზე ადრე ახმაურდნენ, მალკოლმსონის დაბრუნებამ მხოლოდ ოდნავ შეანელა მათი ფუსფუსი, მაგრამ მეცადინეობა რომ დაიწყო, გაორმაგებული ძალით შეუდგნენ წრიპინს, ფხაჭუნს, ღრღნას და წინ და უკან სირბილს. ზოგი ჭუჭრუტანიდან მათი არასიმპათიური ცხვირები მოსჩანდა, ზოგანაც თვალები ანათებდა, ერთმა ორმა თავხედმა ოთახში შერბენაც გაბედა, მაგრამ ჭაბუკმა, მაგიდაზე დაიწყო ბრახუნი და დააფრთხო, ისინიც ფართხაფურთხით მიაწყდნენ სოროებს.

ღამე თანდათან ძალებს იკრებდა ფანჯრებს მიღმა, მალკოლმ მალკოლმსონი კი რაც უფრო მეტად ხმაურობდნან ვირთხები, მით უფრო მეტად ეფლობოდა თავის სამუშაოში.

უეცრად ხმაური ისევ შეწყდა, უცნაური სიჩუმე ჩამოდგა და მუხის ძველ, ჩუქურთმებიან სკამზე ისევ ამოიზარდა, ბოროტი, ბებერი ვირთხა, სამარისებურმა სიჩუმემ სტუდენტიც მოწყვიტა წიგნებს და ღამის სტუმარი იხილა თუ არა, ხელი უახლოეს საგანს, ლოგარითმებით გამოტენილ სქელ წიგნს სტაცა.

ვირთხა არც კი განძრეულა, როცა ბიჭმა ეს სქელი წიგნი ესროლა მაგრამ ააცილა, მხოლოდ ბრაზით დააკვესა კბილები. წინა ღამის სცენა ზუსტად გამეორდა, ოთახი ამ დროს საკმაოდ ჩაბნელდა, ლამფის ალმა დაბლა დაიწია, ცეცხლი კი მიინავლა.

ძველი სახლის მამაცი მდგმური ადგა, ლამფას აუწია და ჩაი მიირთვა, შემდეგ კი სიგარეტს მოუკიდა და სწორედ იმ სკამზე ჩამოჯდა, რომელიც ასე უყვარდა მის ბებერ ვირთხას, ერთხანს ცეცხლის ალს უმზირა, შემდეგ მეორე ლამფაც აანთო და ბუხრის მარჯვნივ დადგა, გარს წიგნები ისე შემოილაგა, ადვილად რომ ესროლა საზარელი მღრღნელისთვის, ზარის მსხვილ ენას კი ხელი დაავლო და ადგილი მაგიდაზე, მიუჩინა, სურდა, კარგად დაენახა, სად მიიმალებოდა იდუმალი სტუმარი. სხვათა შორის, თოკი საკმაოდ მსხვილი იყო და უნებურად გაიფიქრა, ამით კაცის ჩამოხრჩობაც კი შეიძლებაო.

ასე მომზადებული მალკოლმი ისევ შეუდგა მუშაობას და სტუმარმაც იმ ღამეს მეორედ იკადრა გამოჩენა.

ამჯერად ვირთხის ,,მობრძანებას  არა მხოლოდ სამარისებური სიჩუმე, არამედ თოკის ოდნავი რხევაც უძღოდა წინ, ლამპის შუქიც შეირხა. ჭაბუკი არ განძრეულა, მხოლოდ წინ დაწყობილ წიგნებს შეხედა, მერე ისევ ზარის ენაზე გადაიტანა მზერა და დაინახა, როგორ ჩახტა მუხის მაღალსაზურგიან სკამში ბოროტი მღრღნელი. ჯერ ერთი წიგნი მოუქნია საზიზღარ ცხოველს, მაგრამ ააცილა, მერე მეორე, ისიც უშედეგოდ, მესამე მოხვდა და საშინელი წრიპინით გაუჩინარდა ბუხრის კედელზე ჩამოკიდებული ძველი სურათებიდან ერთ-ერთის უკან. წიგნი ისეთი ძალით იყო მოქნეული, ლამფაც შეირყა, მხოლოდ იმიტომ არ გადაბრუნდა, რომ ძალიან მძიმე იყო, მეორე ლამფა რომ არა, მალკოლმი ალბათ ვერ დაინახავდა, სად გაუჩინარდა მისი ღამის სტუმარი.

შეფიქრიანებულმა აკრიფა მიმოფანტული წიგნები, სურათიც შეათვალიერა, მესამე იყო ბუხრიდან, დაიმახსოვრა და გადაწყვიტა, მეორე დღეს ენახა სორო. მერე აკრეფილ წიგნებს გადაავლო თვალი, ერთი ,,კონუსური სეგმენტი  იყო, მეორე - ,,ციკლოიდური რხევა , ბოლოს მესამეს დახედა, იმას, მსხვერპლს რომ მოარტყა და შეშფოთდა, ეს ხომ ბიბლია იყო, სწორედ ის ბიბლია, დედამ რომ ჩაუდო ჩანთაში...

შეშფოთებულმა მუშაობა განაგრძო, ვირთხები ისევ ახმაურდნენ, მათი წრიპინი ხელს საერთოდ არ უშლიდა, პირიქით, მიეჩვია კიდეც, ოღონდ სწავლას გული ვეღარ დაუდო, ასე რომ, დასაძინებლად გაემზადა, მით უმეტეს, განთიადი მოახლოვებულიყო... ღამით შფოთავდა, სიზმარიც უამრავი ნახა, მაგრამ ვერ დაიმახსოვრა, დილით კი, მისის დემპსტერის ნაბიჯების ხმამ გააღვიძა და თავდაპირველად ვერც კი მიხვდა სად იმყოფებოდა. ცოტა რომ გამოფხიზლდა, დამხმარე ქალს შეევედრა, ბუხრიდან მესამე სურათი ისე გაეწმინდა, რომ დაენახა მასზე ვინ იყო გამოსახული.

შუადღისას მალკოლმსონმა გვარიანად იმუშავა ბუნების წიაღში, ხეების ჩრდილში, დღემ სწრაფად გაიარა, ამოცანებიც წარმატებით ამიხსნა და წინა დღეების ხალისი კვლავ დაუბრუნდა, ამიტომ გადაწყვიტა ისევ წასულიყო სამიკიტნოში და კეთილი მისის უითემი მოენახულებინა.

სტუმრად მისულს ციცქნა მისაღებში უცნობი დახვდა, დიასახლისმა მალკოლმს იგი ექიმ თორნჰილად გააცნო. ყველანი ჩაის მიუსხდნენ და რაკი ექიმმა სასწრაფოდ კითხვები დააყარა, სტუდენტი მიხვდა, ამ ადიამიანის სამიკიტნოში გამოჩენა შემთხვევითი არ იყო, ჩანდა კეთილი ქალი მისმა ჯანმრთელობამ დააეჭვა და შეაშფოთა.

აღმოჩნდა, რომ ბატონი თორნჰილი სპეციალურად მოეწვიათ მის გასასინჯად, მან სტუდენტს რამდენიმე დარიგება მისცა. პირველ რიგში, სთხოვა, ზედმეტად არ გადაღლილიყო სწავლით და შეეზღუდა ჩაის სმა, რადგან იგი კიდევ უფრო აღაგზნებდა მის ისედაც დაძაბულ წარმოსახვას.

ახალგაზრდას გაეცინა ექიმის სიტყვებზე, მაგრამ პირობა მისცა, რომ მის მითითებებს შეასრულებდა.

ხანმოკლე პაუზის შემდეგ მკურნალმა ჰკითხა, რა გადახდა თავს მოსამართლის ძველი სახლის მდგმურს ორი დღის მანძილზე. მალკოლმმა დაწვრილებით მოუთხრო თავს გადახდენილი ამბავი, ისიც დაინტერესდა, იცოდა თუ არა, რას წარმოადგენდა ადრე ის თოკი, რომელიც ზარის ენის ფუნქციას ასრულებდა ახლა მოსამართლის სახლში.

მალკოლმმა მიუგი, არ ვიციო და ექიმმაც განუმარტა, რომ სწორედ ამ თოკზე ჩამოხრჩობით სჯიდა ხოლმე ბოროტი მსაჯული სიკვდილმისჯილებს.

ორი მამაკაცის საუბარს ფონად გასდევდა კეთილი მისის უითემის წამოკივლებები და გულყრები, ექიმის გულახდილობამ კი ქალი ისეთ დღეში ჩააგდო, რომ ძლივს მოაბრუნეს.

ბეჯითი სტუდენტი შეფიქრიანებული დაბრუნდა სახლში, თორნჰოლი კი ვეერ გადაურჩა გონზე მოსული დიასახლისის რისხვას.

ქალი ბრაზობდა, ბიჭს სიმართლე რად უთხარიო, ექიმმა კი განუმარტა, რომ ახალგაზრდა ძალიან გადაღლილი ჩანდა და ნერვები ვერ ჰქონდა წესრიგში, ამიტომ სცადა მისი ყურადღების კონცენტრაცია სწორედ ამ ზარის ენაზე მოეხდინა, რათა საშიშროების შემთხვევაში მას სწორედ ამ ზარს რეკვით ემცნო დაბისთვის მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. მერე ისიც დასძინა, რომ იმ ღამეს ყურადღებით იქნებოდა, რადგან შესაძლო იყო ქალაქს განგაშის ზარების ხმა გაეგონა მოსამართლის დაწყევლილი სახლიდან, ისიც კი თქვა, მინდოდა შემეთავაზებინა, ამაღამ მასთან დავრჩენილიყავი, მაგრამ ამას, განწყობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მალკოლმი შეურაცხყოფად მიიღებდაო.

ამასობაში მალკლოლმი შინ მივიდა და ღმოაჩინა რომ მისვლა ცოტათი შეაგვიანდა, რადგან მისის დემპსტერი წასული დახვდა, ქალს მართლაც ძალიან ეშინოდა გრინჰაუს თავშესაფარში ადგილის დაკარგვის.

სამაგიეროდ სახლში ყველაფერი წესრიგში იყო, ბუხარი გუზგუზებდა, ლამფის ალი ცეკვავდა სიბნელეში, მაგიდაზე კი ვახშამი ეწყო.

ვირთხების ხმა ჯერ არ ისმოდა, ჩანდა ელოდებოდნენ, როდის მოკალათდებოდა მდგმური სამეცადინოდ, საღამო კი აპრილის კვალობაზე საოცრად ცივი იყო.

ჭაბუკი წიგნებს ჩაუჯდა თუ არა, მღრღნელები ახმაურდნენ. ისე მიეჩვია მათ ხმაურს, სიამოვნებდა კიდეც, რადგან იცოდა, სიჩუმე ბებერი, ბოროტი ვირთხის გამოჩენას მოასწავებდა, ერთი საათი წაიმუშავა, მერე კი გული ვერ დაუდო წიგნებს, თან ექიმის რჩევაც გაახსენდა. იგრძნო, რომ ბატონი თორნჰილი არ ცდებოდა, ამასობაში გარეთ ქარი ამოვარდა, რომელიც ცოტა ხანში გრიგალში გადაიზარდა და ბოლოს ჭექა-ქუხილიც დაიწყო. ძველი სახლი ერთი შეხედვით თითქოს მყარი ჩანდა, მაგრამ ძლიერი ქარისგან რყევა დაიწყო. სახურავიდან დაშვებული ზარის ენაც კი მოძრაობდა დროდადრო და ხმაურით ეხეთქებოდა მუხის იატაკს.

მალკოლმს გაახსენდა, როგორ უთხრა ექიმმა, ამ თოკით ჯალათი მოსამართლის მიერ სასიკვდილო განაჩენგამოტანილებს სჯიდა ხოლმეო, ადგა, ბუხარს მიუახლოვდა, ხელი შეავლო საშინელი მკვლელობების უტყვ მოწმეს... კარგა ხანს უცქირა, დაინტერესდა, ვინ იყვნენ ამ თოკის მსხვერპლნი, ან რად გაუჩნდა უცნაური სურვილი სახლის პატრონს, შინ შეენახა ეს საზარელი რელიქვია.

ამ ფიქრებში იყო გართული, რომ უეცრად კიდევ ერთი უცნაურობა შენიშნა, ამჯერად ზარის ენა ისე ათრთოლდა, თითქოს მის შიგნით რაღაც მოძრაობსო... გაიხედა და ისევ უზარმაზარი, ბოროტი ვირთხა შენიშნა, ის ამჯერად სკამზე აღარ იჯდა, უბრალოდ ერთი მრისხანე მზერა შეავლო მდგმურს, თოკისკენ გაიწია, ბიჭმა ხელი უშვა ზარის ენას, ისიც სწრაფად აცოცდა მასზე და გაუჩინარდა. მისი გაუჩინარებისთანავე დანარჩენმა ვირთხებმა ისევ დაიწყეს წრიპინი.

სტუდენტს გაახსენდა, რომ ვერ მოახერხა ვირთხის სამალავის დღისით ნახვა, ამიტომ მეორე ლამფაც აანთო და ბუხრის მარჯვნივ ჩამოკიდებული მეხამე სურათი შეათვალიერა. შეხედა თუ არა სურათს, ისე დაფრთხა, რომ უკან გახტა, ლამფა კინაღამ ხელიდან გაუვარდა, მუხლები აუკანკალდა, შუბლზე კი ცივი ოფლის მსხვილი წვეთები დაასხდა, თუმცა თავის ხელში აყვანა მალე შეძლო, ახლა უკვე უფრო თამამად მიუახლოვდა კარგად გაწმენდილ ძველ სურათს.

მხატვარს მასზე მეწამულ მანტიასა და ქუდში გამოწყობილი მოსამართლე გამოესახა. მსაჯულს მკაცრი, უმოწყალო, ცბიერი გამოხედვა ჰქონდა. სახეს მგრძნობიარე პირი და ღაჟღაჟა, კეხიანი, ნისკარტისებური ცხვირი უმშვენებდა, მთლიანობაში კი საკმაოდ ფერმკრთალი იყო. თვალები უჩვეულოდ უბრწყინავდა,ნახატი უჩვეულო ძალით იზიდავდა მნახველს.

მალკოლმს გააჟრიალა, რადგან მოსამართლის თვალებში ღამეული სტუმრის, ბოროტი ვირთხის მზერა შენიშნა, საუბედუროდ, სწორედ ამ დროს სახლში ვირთხების ჩოჩქოლიც შეწყდა, მათი მიჩუმება კი ცუდად ჰქონდა დაცდილი. მიუხედავად ამისა, მაინც გააგრძელა ნახატის გამოკვლევა.

მოსამართლე სურათზე სწორედ იმ სკამზე იჯდა, რომელზეც საზიზღარი, უცნაური სტუმარი იყო ხოლმე წამოსკუპებული. ხელმარჯვნივ ბუხარი ეხატა, მის კუთხეში კი ჭერიდან დაშვებული, დაგორგლილი, მსხვილი ზარის ენა, თუ ჯალათის იარაღი მოსჩანდა.

მალკოლმს კიდევ ერთხელ დაეუფლა საშინელი წინათგრძნობა, მიიხედა მუხის ძველი, მოჩუქურთმებული სკამისკენ, ისევ შეხტა, ლამფა კი ამჯერად ნამდვილად გაუვარდა ხელიდან...

მოსამართლის სავარძელში კვლავ ვირთხა ჩაბრძანებულიყო, თვალებში წუსტად დაუნდობელი მსაჯულის მზერა ედგა და ღვარძლიანი გამომეტყველებით აკვირდებოდა მალკოლმ მალკოლმსონს.

დავარდნილი ლამფა არ გატყდა, ზეთი გადმოიღვარა და ჩაქრა, აალება კი ვერ მოასწრო, სამაგიეროდ ოთახი ერთიორად ჩაბნელდა. მძიმე ნივთის იატაკზე დაცემამ ჭაბუკი გამოაფხიზლა.

ღმერთო ჩემო, გაიფიქრა მალკოლმმა, ასე თუ განვაგრძე, მართლა გავგიჟდები, ჩანს, ნერვები ცუდ დღეში მაქვს, არადა ვერაფერს ვგრძნობ, პირიქით, თითქოს ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ.

ადგა, ბრენდი გადაკრა და ისევ წიგნებს ჩაუჯდა. ერთი საათის განმავლობაში ისე იყო ჩაფლული სამუშაოში, არაფერი გაუგია, მერე კი ისევ უცნაურმა სიჩუმემ მოწყვიტა წიგნებს... გარეთ ქარი არ ცხრებოდა, პირიქით, უფრო და უფრო უმატებდა ღრიალს, წვიმის მსხვილი წვეთები კი სეტყვის მარცვლებივით რახუნობდა სახურავზე, ისეთი თავსხმა იყო, ჭერშიც კი გამოჟონა... ცეცხლი მიინავლა, მხოლოდ სუსტადღა ბჟუტავდა, ჭაბუკმა სმენა გაიმახვილა და სუსტი წრიპინი მოესმა მხოლოდ. ეს წრიპინი ოთახის კუთხიდან მოდიოდა, იმ ადგილიდან, სადაც თოკი ეშვებოდა.

მალკოლმმა გაიფიქრა, ალბათ თოკი ეხახუნება იატაკს და იმის ხმააო, მაგრამ შეხედა თუ არა უცნაურ რელიქვიას, გახევდა. ახლა ზარის ენაზე აცოცებულიყო საძაგელი ცხოველი და გამალებით ღრღნიდა, სულ ცოტაღა დარჩენოდა საქმის დასრულებამდე, ორიოდე წამიც და ბოროტმა მღრღნელმა საბრალო სტუდენტს გარესამყაროსთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა მოუჭრა... გაბრაზებულმა ისევ წიგნი მოუქნია უცნაურ ვირთხას, კარგად კი დაუმიზნა, მაგრამ ის სწრაფად გაუჩინარდა რომელიღაც ხვრელში...

საზარელი ღამე იყო, დაიტანჯა მამაცი მალკოლმსონი, მაგრამ წინ კიდევ უფრო მეტი საშინელება ელოდა...

ღამის აბეზარი სტუმარი მოიშორა თუ არა თავიდან, ინსტიქტურად სურათს შეხედა, შეხედა და ელდა ეცა... ნახატზე პირი დაეღო უზარმაზარ სიცარიელეს. ყველაფერი ისე ეხატა მასზე, როგორც უწინ, მხოლოდ ერთი განსხვავებით, სავარძელში ჩაბრძანებული მსაჯული სურათიდან გამქრალიყო...

საცოდავ მდგმურს ციებიანივით ცახცახი აუვარდა, ძალა გამოეცალა, სრულიად გამოიფიტა, ადგილიდან ფეხიც ვეღარ დაძრა, თავი ძლივს მიაბრუნა ბუხრის მარჯვნივ, მუხის მიჩუქურთმებულ სკამს შეხედა და გაშრა...

სავარძელში სწორედ ის მოსამართლე იჯდა, სურათიდან რომ გამქრალიყო, ტანისამოსიც იგივე ეცვა, პირზე გამარჯვების ღიმილი გადაჰფენოდა, ბოროტი მზერით უცქერდა მსხვერპლს, მერე მიუახლოვდა, ქუდი მოიხადა და დამცინავად მიესალმა...

საბრალო მალკოლმს ჟრუანტელმა დაუარა, ყურებში რაღაც სიმღერა ჩაესმა, რამაც გააქრო ქარიშხლის ღრიალი, ძალა მოიკრიბა და წამოდგა, მაგრამ ნაბიჯი ვერ გადადგა, მსაჯულის სეხეზე კი კიდევ ერთხელ აღიბეჭდა გამარჯვებული მზერა. ამასობაში საათმა დარეკა, შუაღამე დადგა, მსაჯულმა ქუდი ისევ დაიხურა...

ცოტა ხანში ბოროტი აჩრდილი ისევ წამოდგა, გადაჭრილი თოკი ხელში აიღო, კარგა ხანს უცქირა, მისი მზერით დატკბა, მაგიდის მეორე მხარეს, პირისპირ დაუდგა მალკოლმს. აჩრდილს მზერა მომნუსხველი ჰქონდა, ბიჭმა კი მაინც სცადა თავის დაეღწევა და გაქცევა სცადა, მოსამართლემ კი თოკი მოუქნია, თუმცა ააცილა და ყუფი ბრახუნით დაეცა იატაკზე...

ასე რამდენჯერმა განმეორდა, მაგრამ ბოროტი სული მარცხს არ შეუშინდა, პირიქით, ისე ეთამაშებოდა მსხვერპლს, როგორც კატა ეთამაშება ხოლმე თაგვს, სანამ შესაჭმელად გაიმეტებს...

საბრალო მალკოლმმა მეორე ლამფის შუქზე იმის დანახვაც მოასწრო, როგორ ადევნებდნენ თვალს სოროებიდან გამომძვრალი ვირთხები მათ პაექრობას, ეს საზარელი მღრღნელები ჭერიდან დაშვებულ თოკის გადანაჭერზეც კი ისხდნენ, ოთახის ყოველი კუთხე ახლა მათ დაეპყროთ...

ვირთხების სიმძიმემ შეარხია ზარზე გამობმული თოკი, ჯერ სუსტად, მერე უფრო ძლიერად და ზარმაც რეკვა დაიწყო...

ამ ხმამ მოსამართლე გამოაფხიზლა, თამაშს შეეშვა და ისევ მომნუსხველი მზერით სცადა მსხვერპლის გაშეშება, სახეზე აღარ ჰქონდა ტრიუმფით აღსავსე გამომეტყველება, ამჯერად თვალებში რისხვა ედგა. მისი სატანისებური თვალები ახლა უკვე აალებული ნაკვერცხალივით ანათებდნენ... გარეთ მეხის ჩამოვარდნის ხმა გაისმა, ამ ხმაზე მსაჯული უფრო მიუახლოვდა საბრალო ჭაბუკს და საბოლოოდ მოიქნია თოკი... მალკოლმი გვამივით გაქვავდა, ყელზე ყულფი ჩამოეცვა, ბოროტმა სულმა კი მოუჭირა და მოუჭირა მარყუჟს...

საბრალო სტუდენტის უძრავი სხეული ბოროტმა მოსამართლემ ხელში აიყვანა, ერთი გადაავლო თვალი ვირთხებს და მზერით სოროებში შეაბრუნა, შემდეგ კი გადაღრღნილ ზარის ენას მიუახლოვდა, გადააბა ის ნაწილი, რომელიც უბედურ ყმაწვილს ყელზე ჰქონდა შემოხვეული, თოკის ქვეშ მდგარი პატარა სკამი წააქცია და გაუჩინარდა...

ამასობაში ზარის ხმა კიდევ უფრო გაძლიერდა და, როცა შეშფოთებული ხალხის ბრბო სახლს მიუახლოვდა, ყველაფერი დამთავრებულიყო. ყველაზე მამაცებმა კარი შეამტვრიეს, ოთახში შევარდნენ და წინ საზარელი სურათი გადაეშალათ...

ზარის თოკზე მალკოლმ მალკოლმსონის უსულო სხეული ეკიდა, ბუხრიდან მესამე სურათზე კი მეწამულ მანტიაში გამოწყობილ მსაჯულს სახეზე ღვარძლიანი ღიმილი გადაჰფენოდა...

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სტოკერი ბრემ / მოსამართლის სახლი