სუბელიანი თამარ

კედელი 

 

 ვარიაცია 1

–  Hey you, standing in the road  Always doing what you-re told,  Can you help me?

 – მე და სოფი გრიოტტო ერთად ვცხოვრობთ. სოფი გრიოტტო ეს მე ვარ.

– სიგარეტს ვუკიდებ.

 – აქ მოწევა არ შეიძლება. – ვაქრობ.

 – ვმუშაობ სუპერმარკეტში, ღამის ცვლაში, გაზიანი სასმელების განყოფილებაში. განათლება არ მიმიღია. არ ვყოფილვარ დაოჯახებული. არ ვსვამ და მიდრეკილი არ ვარ ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი. შობის დღეებში სანტას ვეხმარები ნაძვების გაყიდვაში, რადგან საშინლად მეშინია მარტოობის და ზამთრის გრძელ ღამეებში სიმწრისგან მიწას ვჭამ.

შეიძლება მოვწიო ?

 – არა.

 – 16 წლის ასაკში გამაუპატიურეს კლასელმა ბიჭებმა და დავორსულდი. მაშინ წამოვედი სახლიდან. დავსახლდი კლიშის ბულვარზე, ზანგების უბანში. გავაჩინე გოგონა – ჟიზელი, რომელიც ნახევარი წლის წინ სოციალურმა სამსახურმა წამართვა. იმ საღამოს დამეწყო ხილვები.

 სარკმელთან ვიდექი, როდესაც ალვის ხე მოწყდა მიწას და ჩემკენ წამოვიდა. მან ჩაამსხვია შუშები და გარეთ გამომიყვანა.

დიდხანს მივდიოდით და აღმოვჩნდით სანაპიროზე. მეთევზე უკვე გასულიყო ზღვაში, მძიმედ ისროდა ბადეს. დააკვირდიო, მიჩურჩულა ხემ. ბადეს ამოყვნენ დახოცილი ბავშვები, მათში ერია ჩემი გოგონაც.

 დილით ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, იუწყებოდნენ, რომ ავიაკატასტროფაში დაიღუპა 3 წლის ჟიზელი.

 იატაკზე ეყარა შუშის ნამსხვრევები და კლიშის ბულვარს უკვირდა, სად გაქრაო ალვის ხე.

 მეორე ხილვა ერთი კვირის შემდეგ მქონდა , ვკითხულობდი გაზეთს, როდესაც სიტყვები წამოიმართნენ ფურცლიდან და მაგიდაზე დაეწყვნენ შემდეგი მიმდევრობით : „ მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთა შეუნდევ“.

ეს სიტყვები დღემდე იკითხება ჩემს მაგიდაზე.

 მესამე ხილვა ისევ სახლში მქონდა. სამზარეულოსა და საძინებლის გამყოფი კედელი ჩამოიშალა. სამზარეულს ადგილას ხრიოკი ადგილი იყო. ბავშვები ჩაემარხათ ფეხებით. ისინი სატვირთოებით მოჰყავდათ. მუშათა ბრიგადები ხდიდნენ ბავშვებს და მუხლებამდე ფლობდნენ მიწაში.

მე ყოველ მუშას ჩავხედე თვალებში და ამოვიკითხე – ისინი მონები იყვნენ, რადგან მოქმედებდნენ მექანიკურად, მოქმედებდნენ სხვათა ბრძანებით.

 მეოთხე ხილვა ჟიზელის სასაფლაოზე მქონდა. მიწა მოიხარა, დააღო პირი და ამოანთხია შეუთვისებელი ადამიანები. მე მათში ამოვიცანი მექანიკური მუშები.

 იმ ბავშვებს მიწაში გაედგათ ფესვები და ხეებად გაზრდილიყვნენ. მე ყურს ვუგდებდი დაჩოქებულ ხეებს, ჩურჩულებდნენ : „მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთა შეუნდევ“.

 მე შემეშინდა და გამოვიქეცი. – სიგარეტს ვუკიდებ, ისინი არაფერს ამბობენ.

 – მერე მოხვედით და წამომიყვანეთ.

მე თქვენში ამოვიცანი მექანიკური მუშები.

 

 

 ვარიაცია 2:

 

Hey you, dont help them to bury the light

 Don-t give in without a fight.

 – მე და სოფი გრიოტტო ერთად ვცხოვრობთ. სოფი გრიოტტო ჩემს კატას ჰქვია. – სიგარეტს ვუკიდებ.

 – აქ მოწევა არ შეიძლება. – ვაქრობ.

 – ბოტანიკოსი ვარ. ორანჟერეაში ვმუშაობ. საშინლად მეშინია მარტოობის და ზამთრის გრძელ ღამეებში სიმწრისგან მიწას ვჭამ. ვიყავი გათხოვილი.

ქმარი გამექცა ჩემი სიბერწის გამო. მიდრეკილი ვარ ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი. ნარკოლოგიურიდან ორჯერ გამოვიქეცი.

 პირველი ხილვა კაიფში მქონდა. სარკეში ჩავიხედე, გაფართოებული მქონდა გუგები, სიღრმეში ცურავდნენ ამბრიონები. ამ ჩანასახებს აგროვებდნენ და მიჰყავდათ სატვირთოებით. მუშები სინათლეს მარხავდნენ ღრმად.

მაგრამ ემბრიონები ღვივდებოდნენ და ამოდიოდნენ ხეებად.

 იმ დღეს სოფი გრიოტტომ პირველად შეძლო პარალელური სამყაროდან გადმობიჯება. ახლა ჩემ გვერდით ცხოვრობს. და ზამთრის გრძელ ღამეებში, როდესაც მარტოობისგან გატანჯული მიწას ვჭამ, ჩურჩულებს : „მოძულეთა და მაჭირვებელთა ჩუენთა შეუნდევ“. მე მეზიზღება სოფი გრიოტტო,მეზიზღება მისი დიდსულოვნება, მეზიზღება მისი ბრძოლისუნარანობა და მიკვირს, როგორ შეიძლება, არ დანებდე და იბრძოლო სიტყვით.

 ყოველ ღამით ჩვენში მოდიან ხეები, მოაბიჯებენ გაფართოებულ გუგებში, ემბრიონების სასაფლაოზე. – სიგარეტს ვუკიდებ. სარკმელთნ ვდგავარ და ვუყურებ, როგორ მიდიან ისინი კედელს იქით, შედიან სუპერმარკეტებში, ყიდულობენ გაზიან სასმელებს და მიაქვთ სახლში.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სუბელიანი თამარ / კედელი