სუბელიანი თამარ

მეთევზე 

 

ა.

 აშუდუ, ჩემი ქმარი, მეთევზეა. ის გათენებამდე იღვიძებს, მკერდზე მკოცნის, ჩემს დაკემსილ ტანსაცმელს იცვამს, ფეხაკრეფით გადის ქოხიდან. ზღვაში ნავით შედის. ბადეს ისვრის და მე ვხედავ ამომავალ სხივებზე ქმრის მონუსხულ სახეს. მას ეშხეფება წყლის წვეთები. ლოცულობს აშუდუ.

 

 ბ.

 ბავშვები იღვიძებენ.

ისინი თავისით იცვამენ. მე ვეხმარები ხელ-პირის დაბანაში. თიხის თასებს ცხელი რძით ვუვსებ. ბავშვები მადიანად შეექცევიან შავ პურსა და თხის რძეს.

 

 გ.

 გვიმრის მოსალოცად მივდივართ ქალები. ჩვენ ვწვებით მიწაზე, პირით ცისკენ. ხელებს ვკიდებთ ერთამეთს. წრეს ვქმნით.

დედა ლიეშო ყოველ ჩვენგანს სახეზე გვიმრას გვაფარებს. ჩვენ ვტირით და ვითხოვთ შემწეობას ზღვასთან მებრძოლ ქმრებისთვის.

 

 დ.

 დედა ლიეშო სოფლის უხუცესია. ის ზღვას გამოეყო, როგორც მიწა, 6 ღამე იბორგა და იქცა ქალად. მაგრამ ზღვამ დაწყევლა და დედა ლიეშოს არ შეუძლია იხილოს გათიადი.

 წყალმცენარეები აბია თავს და აყვავებული ვაშლის სურნელი აქვს დედა ლიეშოს.

 

 ე.

 ერთი... ორი...

ათამდე დაითვალა, არ იცის მეტი. მოდის. შენ საქათმეში იმალები. შენ კიდიხარ კიბეზე. მე ღობისკენ მივრბივარ.

 ღობესთან ისევ მე ვდგავარ. მცირე ცვლილებით. მე აშუდუს თანსაცმელს ვრეცხავ.

ჩემი ბავშვობა კი ახლა პალმებისკენ მირბის. იქაც იმალებიან.

 

 ვ.

 ვაზი სოფელში ვაჭრებმა ჩამოიტანეს. არ გაიხარა. მთელი ღამით ლოცულობდა გვიმრიანში დედა ლიეშო. ბორგავდა იმ ღამით ზღვა. ქმრები ვერ წავიდნენ სათევზაოდ.

მესამე დღეს გამოკეთდა ვაზი. რამდენიმე თვეში ნაყოფი მოგვცა და ჩვენ ვიგემეთ ტკბილი მარცვლები.

 

 ზ.

 ზარები სოფლის განაპირას ჰკიდია. როცა კვდება ვინმე, დედა რეკს ზარს, დანარჩენები ვიცინით.

 

 თ.

 თიხის თასში ჩავყვირით ქმრის სახელს ცოლები, როცა ისინი მიდიან და არ ბრუნდებიან.

 

 ი.

 იალქანი ჩვენთვის სიახლის მაცნეა. იალქნებს მოჰყვებიან ვაჭრები. მათ ჩამოაქვთ ტანსაცმელი და სამკაული. ჩვენგან კი მიაქვთ ვაშლის ღვინო.

ზოგიერთ ვაჭარს ჩვენი ქალი მიჰყავს. დედა ლიეშო მუდამ წინააღმდეგია ასეთი შეუღლების.

 

 კ.

 კაბებს ვკერავთ წვიმიან ღამეებში. ქმრები გვიან ბრუნდებიან სითეთრიდან. ქმრები ცივდებიან. ქმრები ცხელდებიან. ჩვენ კაბებს ფართე კალათებში ვაწყობთ.

ქმრებს კომბოსტოს ფურცლებს ვადებთ შუბლზე. ზოგჯერ ისინი ვერ უძლებენ მაღალ ტემპერატურას და გვტოვებენ. დედა ლიეშო ზარისკენ მიდის.

 

 ლ.

 ლილიების დღესასწაულისთვის დილიდან ვემზადებით. განთიადზე მივდივართ ზღვისკენ. ტანსაცმლიანად შევდივართ ზღვაში. კარგად რომ გათენდება, ნაპირზე გამოვდივართ.

ქალები მივდივართ სახლებისკენ, რათა ქოხებიდან ყველაფერი გამოვიტანოთ. ქმრები ხეებზე ადიან და იქ რჩებიან შებინდებამდე. ბავშვები მიწაზე სხდებიან.

 შებინდებისას გუბურისკენ მივდვართ მდუმარედ. წრეზე ვწვებით, ისე როგორც გვიმრიანში ლოცვისას ქალები. დედა ლიეშოს ცალ-ცალკე გავყავართ ყველა. სხვები მდუმარედ ვწევართ.

 დედა ლიეშო ჩვენ თვალებში დიდხანს გვიყურებს.

ეძებს თითქოს. პოულობს და სახლში გვიშვებს. ჩვენ ვბრუნდებით მხნედ ან მოტეხილი. და შემდეგი წელიც ასეთია.

 

 მ.

 მამა.

 

 ნ.

 ნავი მიაპობს მცირე ტალღებს. აშუდუს ბადეს მოჰყვებიან მსუქანი თევზები. ნავზე ეცემიან.

ფართხალებენ. მონუსხულია აშუდუ. რამდენიმე თევზს წყალში აბრუნებს. იტოვებს მხოლოდ დღიურ ლუკმას. ლოცულობს აშუდუ. მადლობას უხდის ზღვას. მე გვიმრიანში ვწევარ, პირით ცისკენ.

 

 ო.

 ოთახის კედლებზე ძაფზე ასხმული წიწაკა კიდია.

კუთხეში ყრია ნიორისა და ხახვის თავები. მეორე კუთხეში ჩვენ ვიძინებთ. კართან დევს სკივრი, რომელშიც ვინახავთ სამოსსა და მცირეოდენ ფულს. ქაღალდის ფულზე გამოსახულია ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტი. მას სახეზე აწერია, როგორ სურს მოდრიკოს ჩვენი სოფელი, მოაქციოს ბანკებისა და საფონდო ბირჟების მარწუხებში. გაგვხადოს თეთრ პერანგსა და ახალ ფეხსაცმელში გამოწკეპილ კლერკებად.

 

 პ.

 პეპლები სიზმრებში შემოდიან.

 

მხრებზე გვეჭიდებიან და მიგვაფრენენ. პეპლები მიგვაფრენენ ქალაქებისკენ. სადაც ადამიანებმა დაივიწყეს თავისუფლება. სადაც დაივიწყეს ერთმანეთი. სადაც საშოში იკლავენ ბავშვებს. სადაც ჯერ რუდუნებით აგებენ ტაძრებს, მერე ამსხვრევენ. სადაც ყალბი იოჰან ლაროშები გინებით მისდევენ ყვითელ ავტობუსებს, აქოშინებული მიდიან სამსახურში, ბანკის ფოიეში დგებიან და გულლმოდგინედ ყიდიან კარგად შეფუთულ განავალს.

 

 ჟ.

 ჟამგბადი ფასიანი გახდა! – ყვირიან სიზმრებში.

 

გადაიხადეთ წამში ცენტი და ისუნთქეთ.

 

 რ.

 რელსებს აგებენ. მუშები მოვიდნენ. რელსებს აგებენ. დაგვაბრუნეთ სიზმრებიდან. დაგვაბრუნეთ...

 დედა ლიეშო. დედა ლიეშო.

 

 ს.

 სახლები ცარიელია.

ჩვენ გვიმრიანში ვწევართ. სახით მიწისკენ. ქმრები არ წასულან სათევზაოდ. მიწაზე წევს დედა ლიეშოც. რელსებს აგებენ. მუშები მოვიდნენ. რელსებს აგებენ.

ჩვენკენ გზას უხსნიან მატარებელს. ვინ იცის რამდენ ფულს მოიტანენ ვაგონები. როგორ გვიყიდიან ჩვენ, ქმრებსა და შვილებს. როგორ გაგვხლეჩენ. გაგვხდიან ქედმაღალს და ქედმოდრეკილს. ვლოცულობთ. მიწას ვკოცნით სახეალეწილი.

 

 ტ.

 ტყეს კაფენ.

 

წააქციეს ჩვენი ხეები. ანგელოსები წაგვართვესო, ტირის დედა ლიეშო. ჩამოიქცევაო ცა. ვინღა დაიჭერსო. ვინღა ილოცებსო ადამიანისთვის.

 

 უ.

 ურმებს ვტვირთავთ აუცილებელი ნივთებით. ურმებს ვტვირთავთ სამოსით, ჭურჭლითა და რამოდენიმე დღის საკმარისი საკვებით. სოფელი ავიყარეთ.

მივდივართ. მივდივართ ქალები. ქმრები. ბავშვები. მივდივართ დედა ლიეშოსთან ერთდ. ვტოვებთ ქოხებს, ჩვენს ხეებს. ჩვენს სალოცავს.

 

 ფ.

 ფოთლები ცვივა ხეებს.

ჩვენ მივდივართ წინ და წინ. მუშები მოგვდევენ. მოგვდევენ რელსები. ცივილიზაცია მოგვდევს, რათა გვშთანთქოს. ჩვენ გავურბივართ რეკლამებს, ცვალებად ვალუტის კურსებს, ჭარბ მობილურ კომუნიკაციებს, ვირტუალურ სივრცეს.

 

 ქ.

 ქვებში ვბრუნდებით.

 

 ღ.

 ღამით დგება აშუდუ.

მკერდზე მკოცნის. ჩემს დაკემსილ ტანსაცმელს იცვამს. ფეხაკრეფით გადის ქვებიდან. სხვა მამაკაცებთან ერთად მიდის ზღვისკენ.

 

 ყ.

 ყორნები სხედან გამხმარ ხეებზე. უკაცურია აქურობა. არ ხარობს არც ბალახი. არც ყვავილი.

მხოლოდ გვიმრა ამოსულა. მოსალოცად მივდივართ ქალები. ჩვენ ვწვებით მიწაზე, პირით ცისკენ. ხელებს ვკიდებთ ერთამეთს. წრეს ვქმნით. დედა ლიეშო ყოველ ჩვენგანს სახეზე გვიმრას გვაფარებს. ჩვენ ვტირით და ვითხოვთ შემწეობას ზღვასთან მებრძოლ ქმრებისთვის.

 

 შ.

 შიში მოაქვს რელსებს.

შიშმა გვაპატარავებს.

 

ქურდულად ვიყურებით უკან ნაბიჯების ხმაზე. შიში მოაქვთ რელსებს და შიში ჩვენი საწოლების ქვეშ ძვრება. მე ვიხსენებ როგორ დაბრუნდა დაღლილი იოჰან ლაროშ სახლში, კარადაზე აძვრა და თვალყური ადევნა ოთახში შემოსულ შიშს, რომელმაც პირველად საწოლის ქვეშ შეიხედა.

 

 ჩ.

 ჩაი... სადღაც იოჰან ლაროშ და შენ ფინჯან ჩაის სვამთ და იგონებთ როგორ იღვიძებდით. იცვამდით. დედა თიხის თასებს ცხელი რძით გივსებდათ.

მერე შენ საქათმეში იმალებოდი. ის ეკიდა კიბეზე.

 

 ც.

 ცა ხელით გვიჭირავს. მათ წააქციეს ყველა ხე და ჩვენ შვილებს ვიცავთ.

 

 ძ.

 ძონძებში ვახვევთ ქაღალდის ფულს, რომელზეც გამოსახულია ამერიკის ერთ-ერთი პრეზიდენტი. ჩვენ ვიცით, დაგვეწევიან რელსები და ეს ფული გამოგვადგება.

 

 წ.

 წეროებს მიჰყავთ გუდაში გახვეული ჩვენი ბავშვები, რომლებსაც გადავჭერით ვენები, რათა არ ეცხოვრათ მონებად.

 

 ჭ.

 ჭორფლიან მკერდზე მკოცნის აშუდუ.

 

 ხ.

 ხალხი დიდ ქალაქებში დროშებით დარბის.

ხალხი გაჰყვირის ფუტურო ლოზუნგებს. ხალხი რუდუნებით აშენებს ტაძრებს და მერე ანგრევს.

 

 ჯ.

 ჯვარი ვაზისგან აკეთებს დედა ლიეშო, საკუთარი თმით კრავს და გვეუბნება ვირწმუნოთ გამოტოვებული სიტყვა. დედა ლიეშო ელის განთიადს.

 

ჰ.

 ჰაერს მიაპობს ნავი. აშუდუ ბადეს ისვრის. მე ცხადად ვხედავ მის მონუსხულ სახეს.

 მას ეშხეფება წყლის წვეთები. ლოცულობს აშუდუ.

 მე და იოჰან ლაროშ ჩაის ვსვამთ დროშებიან ქალაქში.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სუბელიანი თამარ / მეთევზე