სუბელიანი თამარ

მკვდარი თევზი 

 

“მარგარიტო დუარტე ავტორის მომლოდინეა

 პერსონაჟი იყო, რომლის მსგავსსაც მწერლები

 მთელი ცხოვრება ველით ხოლმე და მე მხოლოდ

 იმიტომ არ აღმოვჩნდი მისი ავტორი, რომ ვერ

 შევძელი ამ უცნაური ამბის ფინალის განჭვრეტა”

 

        მარკესი

 

 ეძღვება გვანცა გრემელაშვილს

 1.

 იმ დილით ზეცას სიცილი წასკდა.

 ჩვენ სოკოები დავხურეთ.

 ეზოში მივყარეთ.

 გავიქეცით.

 სიცილით ივსებოდა სივრცე. დაწესებულ საზღვრებს აწყდებოდა.

 ხარხარებდნენ ბებია ანეტას აივნები. ხელებით ეჭირათ მუცელი.

 ფეხშიშველა მივრბოდით.

ცხელ ქვიშაში კოჭებამდე ვეფლობოდით.

 ზღვის ნაცვლად დამპალი წყალი დაგვიხვდა.

 იისფერი თევზები გამორიყულიყვნენ ნაპირზე. სულს ღაფავდნენ.

 ატირდა ოდეტი.

 ორ ხელში მოიქცია გუბურა და თევზები. შესვა.

 აღარ იყო ზღვა.

 მზე მიწად ჩამოდიოდა.

 დაკარგული სეზონი იდგა.

 

 2.

 ქალაქში დაგვაბრუნეს.

 ბებია ანეტა აღარ გვწერდა.

წეროებს კი ისევ მოჰქონდათ ამანათები.

 ვხსნიდით გუდებს -

 ვიღებდით რეზინობანას ამბებს,

 ქოლგების სეზონს,

 ლოყაწითელა ატმებს.

 ყრუდ ისმოდა ვიოლინოს ხმა. ეს დეას ჯერუწაფელი სიმი ამსხვრევდა სიჩუმეს.

 ბუხართან იჯდა უთქმელი მამა.

 წვიმდა და ჰაერში ადამიანის სუნი იდგა.

 სარკმლის ღრიჭოებში ლპებოდა მზე. ჩვენ ჭრელ საბნებში ვიმალებოდით.

 ვჩურჩულებდით.

 აქ მოგონებები წყდებოდა. წეროები კი ჰაერს მიაპობდნენ, მიფრინავდნენ ქვეყნისკენ სადაც აღარ იყო ზღვა.

 

 3.

 ატირდა ოდეტი.

 ორ ხელში მოიქცია გუბურა და თევზები. შესვა.

 ცხრა თვე თვალებით ატარა იისფერი თევზები.

 გაფერმკრთალდა. ძველ როიალში ჩასახლდა, ნესტმა თუ შეჭამა მისი ჯანმრთელი იერი.

 სცენის სუნი ჩაუდგა თვალებში.

 იშვიათად თუ წამოდგებოდა კუთხიდან.

ძველ როიალში აცოცხლებდა კოჭლ მაკნატუნას. ცეკვავდა ოდეტი ყვითელი პეპლების ქარში.

 თოვლის რიტუალზე ვსტუმრობდით ოდეტს. ჩვენი ტანსაცმლის ნაგლეჯს ნატვრას შევუთქვამდით და მაჯაზე, კოჭებზე ვაბამდით.

 4.

ჩვენ მუყაოს კორპუსები გავიხადეთ, სოკოები ჩავიცვით.

 ხეებთან დავსახლდით. ისინი გაშლილი ხელისგულით გვაწვდიდნენ სიტყვას. გაჭირვებით ვყლაპავდით.

 5.

 მკვდარი თევზები შობა ოდეტმა.

 სამი დღე იგლოვა.

 თვალები გაითხარა და დამარხა ემბრიონები.

6.

ქოლგების სეზონი დაიწყო.

 რძე წასკდა ზეცას.

 ჩვენ ჭრელ საბნებში შევიმალეთ. ვჩურჩულებდით და ვუთვალთვალებდით, როგორ ლპებოდნენ სარკმლის ღრიჭოებში მოგონებები.

 ბებია ანეტამ სამზარეულოში ფუსფუსი განაგრძო. საღამოობით კომშის ღვეზელითა და ჩაით გვიმასპინძლდებოდა.

 ჩვენ ლიმონის კიდეზე ვსხდებოდით. ფეხებს ვაქანავებდით.

 დინებას მივყვებოდით მკვდარი თევზები. ნაპირზე გვრიყავდა დამპალი წყალი.

 ტიროდა ოდეტი.

 ხელებში გვიქცევდა. გვსვამდა.

 

 7.

 

დაკარგული სეზონი დაიწყო.

 ხეებში მზეა, ოდეტ.

ჩვენ ვართ..

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სუბელიანი თამარ / მკვდარი თევზი