სუბელიანი თამარ

 

ფრაგმენტები 

 

იყო არაფერი.

 იყო ბნელი.

 იყო მიწა. მიწაში ყუთი.

 იყო ჩემი სახლი. გავარღვიე. გავთავისუფლდი.

 იშვა სიმარტოვე.

გულზე დამქაჩა, ამატირა.

 იყო სიცივე.

 იყო შიმშილი. დედის ხორცით გამოვიკვებე. ვლოკე ძვლები.

 იყო თვლემა.

 იყო უცნაური ზმანება – დატეხილი სიბნელე.

 იყო სიმყრალე.

 იყო ინსტინქტი, გამერღვია მიწა, ამოვსულიყავი დედისმიწაზე.

 იყო ნესტი.

 დავემხე.

 ვჭამდი ტალახს.

 იყო შიში – შორს სიბნელე გატყდა.

 მოვიკუჭე.

 ფეხზე რომ ავდექი, სხვა, ბლანტი სიბნელე იდგა. იკვეთებოდა უცნაური არსება. მრავალი ხელი აღეპყრო, ფეხებით დედაში ჩაემარხათ.

 და მე არსებას ვუწოდე "ხე", რათა გამერჩია ის ჩემგან, დედისა და სიბნელისგან.

 იყო ხმა –სიჩუმე დაიმსხვრა. ხეზე შემოჯდა ჩიტი.

 ხეები…

 ხეები..

 გამოვარჩიე ერთი, ვუწოდე "ვაშლი". შემოვეხვიე.

ნაყოფი მომცა.

 იშვა სიხარბე. შხვა ხეების ნაყოფიც მოვითხოვე. – ვიხილე რა მორჩილება, იშვა მედიდურობა ჩემში.

 მაგრამ მოვიდნენ სხვა კაცნი და წამიყვანეს...

 უსაშველო მზეში ვიღვიძებ.

 გარინდული ვარ.

 ვაკვირდები ნაცრის (ფერ) ზეწრებს, ჭერს.

 ზეწარზე ლაქა არის.

 პროფესორას სძინავს.

 სხვა ოთახიდან ონისეს ხმამაღალი შეძახილები ისმის.

 პროფესორას ბალიში ლურჯია. გაუმართლა.

 ნაცრის (ფერი) თეთრეული გამოლეულა.

 ონისე ამბობს, წარმოებიდან ამოიღეს, ეს დასაწყისია. დღეს ეს, ხვალ ის, ზეგ პრეზიდენტიც გადადგება და გამიშვებენო. ონისე ხომ პოლიტ პატიმარი არა და პოლიტ გიჟია.

 ყოველთვის უკმაყოფილო.

 საშუალოზე დაბალი.

 "მკურნალობის" გახანგრძლივებას აპროტესტებს. საშიშიაო ჩემთვის ამ წრის ხალხში ყოფნა, მთავრობამ შემოგზავნაო ისისნი ჩემს მოსასყიდლად.

 პროფესორას უკვე ღვიძავს,

 გარინდულია.

 ვგრძნობ, უხარია ლურჯი ბალიში და მზიანი ოთახი.

 არ შეიძლება ახლა ავდგეთ.

ექიმმა უნდა ჩამოიაროს.

 პროფესორა შუბლზე ხელს ირტყამს, ნიშნად იმისა, იგვიანებენ, გვართმევენო ძვირფასს წუთებს.

 მე და პროფესორამ ერთმანეთი იმ დილით გავიცანით, მოშიებულმა რომ გარდაცვლილი ლოლიტა შევჭამე. გივი ექიმმა, საშიში ხარო, სხვა პალატაში შემასახლა. ეგ ჭკუამცდარი მწერალი კი რომ შეჭამო, სამშობლო არ დაგივიწყებს ამ სიკეთეს.

 "სამშობლო" მორიგი ახალი სიტყვა იყო ჩემთვის. მნიშვნელობა რომ ვიკითხე, პროფესორამ სათვალე მოიხსნა…

– კიდევ არ შეჭამე ? – პალტო შემოძვრა პალატაში.

 არ ვპასუხობ.

 არც პროფესორა პასუხობს.

 გივი ექიმი წითელ წიგნაკში რაღაცას ინიშნავს.

 ოთახიდან გადის.

 პროფესორა წერს.

 ონისე და კლიმენტი ჭადრაკს თამაშობენ.

 ცისანა დგას. ასაკს ვერ შეატყობ. შვილიშვილებიც ჰყოლია. აქ შვილმა მოიყვანა, ღამით იღვიძებდა, დანებს ლესავდა.

შევშინდიო, – შვილმა იმართლა თავი.

 ცისანას უთქმელი თვალები აქვს.

 ჩვენ ყველას ასეთი თვალები გვაქვს.

 ჩვენ თოჯინებს ვგავართ, ჩალისტანიანს, ღილისთვალიანს.

 ღიმილიც კი ქინძისთავებით დაგვიმაგრეს.

 ამ ხუთ დასაქოქ თოჯინას – მე, პროფესორას, ონისეს, კლიმენტისა და ცისანას – რაღაც მექანიზმი მოგვეშალა და წარმოებიდან ამოგვიღეს.

 ღმერთი არსებობსო? – კითხულობს ცისანა.

 ღმერთი არ არსებობს! – შესძახებს ონისე.

 ღმერთმა დაგვივიწყა! – ამბობს კლიმენტი.

 ღმერთმა მიგვატოვა! – ქვითინებს ცისანა.

 პროფესორა არაფერს ამბობს.

 მე არაფერს ვამბობ.

 მე არ ვიცი არსებობს თუ არა ღმერთი.

 ცისანამ იცის – ღმერთი მხცოვანია,

 ღრუბლებში ცხოვრობს.

 სამფენოვანია, ვითარცა მზე.

 მე არ მესმის ამ ფრაზის მნიშვნელობა.

 გამოშიგნული სიტყვები მგონია.

 პროფესორა ამბობს: ჩვენ უნდა ვეძიოთ ღმერთი. ღმერთი ძიებაა.

 ონისე ყურადღებას არ გვაქცევს, კლიმენტი ამბობს: ვიკვლიოთ უნდა ?

 პროფესორა ამბობს: ვეძიოთ მხლოდ. ჩვენი მრწამსი გზაა.

 ონისე ოხუნჯობს: შარაგზა ?

 პროფესორა ამბობს: გზა, რომელსაც მანძილი არ აქვს.

 ცისანა კითხულობს: უსასრულოა ?

 პროფესორა ამბობს: კი და არა. ეს გზა თავისთავში წერტილია და წრფე.

 ონისე ამბობს: ეს მათემატიკაშიც რა მყარად ყოფილა! ჭიგნებსაც ას ეწერ, პატივცემულო ?

 კლიმენტი ხმას იმაღლებს: შენ რა გიკეთებია ამ ცხოვრებაში , ონისე ბატონო ? წერაზე უკეთესს რას გააკეთებს კაცი?

 ონისე ამბობს: მე სამშობლოსთვის ვიბრძვი. ეგ ? დევს ცნობიერი ცხოვრების მანძილზე მაგიდასთან და ჯღაბნის! ჯღაბნის! რა სარგებლობა მოაქვს კაცობრიობისთვის მის შიზოიდურ მოთხრობებს ? ბევრი ზღაპარი შეთხზა ქართველმა ხალხმა, ბატონებო! ახალი ზღაპრების გარეშეც გაიზრდებიან თაობები ? ახლა საქმეა საჭირო! მახვილით უნდა განვგმიროთ მტერი!

 კლიმენტი ამბობს: კალმით ბრძოლა ჯობს!

 ვიღაც ამბობს: კალმით ხელში დაეცი ფურცლის ველზე…

 კართან გივი ექიმის გვერდით პატარა გოგონა დგას.

 მზისფერი თმით…

 ყველა ვაკვირდებით.

 გივი ექიმი ამბობს: ეს თამარია, ახალი მდგმური.

 გივი ექიმი ჩვენ მდგმურებს გვიწოდებს. მე ხშირად ვფიქრობ –

 მაშ, სად არის სახლი?

 და მახსენდება, სახლი ჩემი იყო დედა, რომელმაც მშვა და შევჭამე.

 თამარი ცარიელ საწოლზე ჯდება.

 სიჩუმე ჩერდება წუთით ამ ოთახის სადგურზე.

 ონისე ამბობს: ეს ცისანა არის.

 თამარი დგება. წრეს არტყამს.

 ონისე ამბობს: ეს კლიმენტი არის.

 თამარი კლიმენტისთან მიდის.

წრეს არტყამს.

 ონისე ამბობს: ეს "შენ" არის.

 თამარი მოდის. ის ჩემ წინ დგას. წრეს არ მარტყამს.

 თამარის თვალებიდან მოცურავენ წითელი პეპლები.

 იცინის თამარი.

 მე დღეს პირველად ვხედავ ჭარხლების ხარხარს ( იქ გამოშიგნულ სიტყვებად მივიჩნიე, გალაკტიონთან).

 თამარი ამბობს: ეს დედის კუბოში დაიბადა.

 იცინის.

 კედლები იბერებიან, ხარხარებენ.

 პროფესორას ბალიშზე მეტად ფერადია ახლა ოთახი.

 – ეს იოსება არის, ჩემი იოსება! – პროფესორაზე უთითებს თამარი.

 თრიალებს… ტრიალებს.

 ჩერდება.

 თამარი ამბობს: სალამი, ონისე,. არსებობს ღმერთი. პრეზიდენტი კი თიბათვემდე არ გადადგება.

 სარკმელთან ვდგავარ.

 თეთრ ხეებს გავყურებ.

 შხვებს სძინავთ.

 მეც უნდა მეძინოს.

წამალი არ მივიღე.

 ვნანობ. სიბნელესთან ჭიდილი მიჭირს.

 თოვს.

 მინდა გარეთ გავიდე და ნიღბიან ხეებს მოვეხვიო.

 ისინი დედაში არიან ჩამარხული, უამრავი ხელით კიცა უჭირავთ. ადამიანებს იცავენო თითქოს, რომ ღმერთი მიწაზე არ ჩამოწვეს, არ გათელოს ადამიანები.

 იოსება ამბობს, არ გაგვთელავსო მოწყალე უფალი.

 ან იქნებ ხეები ანგელოზები არიან ?

 ჩვენ ხომ ყველას გვყავს ჩვენი ხე.

 თამარი ამბობს, ჩემი ხე ფორთოხალი არისო.

 ვფიქრობ, მზის ალვა არის ჩემი…

 იოსებას ჰყავს ხე – ტირიფი.

ოღონდ კი არტ ირის, ფიქრობსო ტირიფი, – თამარი ამბობს.

 ბოლო დროს იშვიათად ვარღვევთ სიჩუმეს.

 თამარმა თან ფერები მოიტანა. მაგრამ მძიმე,

 ფიქრიანი ფერები.

 ერთ საღამოს თქვა, ყველაზე მეტად ფერი დედა არისო.

 მნახველები იშვიათად მოდიან ჩვენთან.

 მნახველები კლიმენტისთან მოდიან.

 მოდის ცოლი. წუწუნებს. თირის.

მიდის. – თვის პირველ ორშაბათს.

 მოდის ძმა. წუწუნებს. თირის. მიდის. – თვის მეორე ორშაბათს.

 მოდიან ქალიშვილი და სიძე. ჭუწუნებენ.

ტირიან. მიდიან. – თვის მესამე ორშაბათს.

 თითქოს საყვედურობენ, აქ კარგად ხარ, პრობლემები ჩვენ გვაქვსო მხოლოდ.

 თვის მეოთხე ორშაბათს არავინ მოდის.

 ცისანა კითხულობს: შენთან რატომ არავინ მოდის, თამარ ?

 არ გვპასუხობს.

 თებერვალი უსიტყვოდ გალია.

 ჭერს უყურებს.

 თამარს ნაცრის (ფერი) ტომარა არ აცვია.

 ყოველ დილით გივი ექიმს ფორთოხლები მოაქვს მასთან.

 თებერვლის ბოლო ღამით მიდის თამარი – ყოველდღიური ნაცარი ბრუნდება ჩვენში.

 მე ვკითხულობ. პროფესორა წერს. ონისე და კლიმენტი ჭადრაკს თამშობენ. ჩისანა სარკმელთან დგას.

 გვეშინია ვიკითხოთ, სად გაქრა თამარი.

 გვეშინია თვალებში ჩავხედოთ ერთმანეთს და სიცარიელე ვიპოვნოთ.

 ჩვენ არ ვფიქრობთ.

 მექანიკურად ვიმეორებთ ჩვენში ჩადებულ მოქმედებებს.

 მოგვმართესო თითქოს ასე – ვსაუბრობთ, ვსაუზმობთ, ვკამათობთ, ვიღებთ წამლებს – ისე როგორც დაიგეგმა.

 და ჩვენი მხოლოდ შიშია – უსასრულოდ ასე არ გაგრძელდეს.

 საათის ისრები იწყებენ სწრაფ მოძრაობას, როცა ტელევიზორს რთავს ონისე და ჩვენ რეკლამაში შევდივართ.

ღოგორ შეუძლია ხელის საპონს ოჯახი ბედნიერად აქციოს? ნუ იღიმითო, ყვირის კლიმენტი. მე მიწებებულ მზეზე ავდივარ. ჩხელია მზე, ფეხისგულებს მწვავს. აქედან რა პატარა ჩანს დედამიწა. ამ ბებერ ბურთზე როგორ ვეტევით ჩვენ რვანი? კლიმენტი ისევ ყვირის, ნუ იღიმითო. ჩისანა ქინძისთავებს ხსნის სახიდან რელამის გმირებს. ტუჩები ქვემოთ ებრიცებათ.

სიყალბის სისხლი ეღვრებათ პირიდან. ამ სითხეს თან დახეული დროშები, ვერნაშობი ბავშვები, ეკლესიის ნანგრევები და გვამები მოყვება.

 ადამიანიაო მხოლოდ არაცოცხალი, ბუტბუტებს იოსება.

 სად არისო თქვენი ღმერთი! ონისე ტირის.

 ჩისანა ემბრიონებს აგროვებს. გარბიან.

 გვამები ინერციით დააბიჯებენ. ყიდიან. ანგრევენ. ღალატობენ. თვალთმაქცობენ.

 შეშლილი სახით დგანან ხეები.

ყვირიან ძარღვების დაწყვეტამდე. ანგელოზები წყდებიან დედას, ხელში აყავთ ადამიანი, საყვედურობენ, როგორ წაბილწეთო თქვენი სხეული. თირიან ხეები, ცრემლებით ფეხებს ბანენ გადაგვარებულ ადამიანებს, ჯვრებით ეცემიან ხეები. უბრუნდებიან დედას.

 გვამები ინერციით დააბიჯებენ.

 ოდესღაც მათში ჩადებულ გეგმას ზედმიწევნით ასრულებენ – ლოცულობენ, ზრუნავენ ერთმანეთზე, უყვართ, სწუხან, იტანჯებიან – მექანიკურად.

 და იფიტება დედა, რადგან ადამიანები ხელოვნური არიან, მალფუჭებად პროდუქტად იქცნენ.

 და კვდება მამა, რადგან უყვართ მხოლოდ ფანატიკურად ან თვალთმაქცურად.

 გვამები ინერციით დააბიჯებენ.

 საათის ისრები ანელებენ სვლას.

 დატეხილ სიბნელეში თამარი გვწერს.

 დედის კუბოში დავიბადე.

 გავიხადე მიწა.

 ვიცხოვრე ფსიქიატრიულის კედლებში.

 ვეძიე თავისუფლება უმანძილო გზაზე.

 როცა ვირწმუნე, რომ მამა ძიება იყო, საწყისს დავუბრუნდი.

 ახლა უსასრულო სიბნელეში ვარ.

 ამბობენ მხატვარი დაისჯება უსულო ადამიანების შექმნისთვის, მსახიობი – სხვისი სულის მორგებისთვისო. ლიტერატორი კი სულს ძერწავს თურმე... მაგრამ მხოლოდ მწერალი როდი კმარა.

ჩვენ, პერსონაჟებმა უნდა ვივარგოთ, მკითხველში განვსხეულდეთ.

 ჩალისტანიანო თოჯინავ, როცა გადამშლი და მკითხულობ, სიბნელე ტყდება. იკვეთება იოსებას აყვავებული ხე, რომელიც ფრთაგამოსხმულ ანგელოზს წააგავს.

 იქნებ რომელიმე ღილისთვალებამ ფორთოხლის ხეც დარგოთ, ჩემი სახელი, თამარი დაარქვათ...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სუბელიანი თამარ / ფრაგმენტები