სუბელიანი თამარ 

ქვების მოშინაურება  

 

„მას ჯერ ნათელი არ დაუმსახურებია, მხოლოდ სიმშვიდე მოიპოვა.

– ნაღვლიანი ხმით ჩაილაპარაკა ლევი მათემ“

    ბულგაკოვი

 

„ფიზიკურ შავ ხვრელში ხვდებიან სინათლის სხივები,

თუმცა არასოდეს ბრუნდებიან უკან“.

   არამხატვრულლიტერატურული სახელმძღვანელოდან

 

ლუკეს რამდენიმე თვე დასჭირდა ქაღალდის გემის ასაგებად. ჯერ ფურცლის გადაკეცვა ასწავლეს თავიდან, როგორც – ჩაცმა წინდების, ჯინსებისა და კედების, მაისურის, წამოზრდილი თმის დავარცხნა, სარკეში საკუთარ ანარეკლთან თვალის არიდება, სურნელოვანი საპონის ზიზღი. ან – მაგიდასთან დაჯდომა, თეთრი ფინჯანის ყავით გასვება, ნაღების დამატება, სიგარეტის იქვე გაბოლება. ასწავლეს, რომ ეს ყველაფერი მოსწონს. მოწონდა კიდეც ავარიამდე. შემდეგ რომ რაღაცები შეიცვალა, აღარ უარყოფდნენ სხვებიც. თუნდაც – იქამდე თვითონ მიდიოდა სამსახურში, ახლა –დედა.

დედა მუშაობს. ლუკეს კი მუშაობა აღარ ასწავლეს, აღარ მოაწონეს, აღარ მოუწონეს.

დედმამეგობრებმანაცნობებმა, რომლებსაც ლუკე მოიხსენიებდა ერთადერთი სიტყვით „სხვები“, ფურცლები აუჭრელეს იმით, რა ან ვინ მოწონდა ავარიამდე. სიებში არაფერი იყო ნათქვამი სიჩუმეზე. მაგრამ ნიშნავდა კი ფურცლებზე არ მოხვედრა არ მოწონებას? საათობით იწვა სიჩუმეში უფიქრო. სიამოვნებდა. ხუთი საათისთვის აუცილებლად უნდა დაერეკა რომელიმე „მოწონებულს“, დაერღვია მისი სიმყუდროვე და გაეწვია ღამის კლუბში, ვიღაცასთან დაჩაზე, ფილმის პრემიერაზე.

იქნებ განგებ ცდილობდნენ გამოეყვანათ ასეთ უდარდელ, ლაღ, სოცილურ ბიჭუნად? არაფერს გრძობდა ამ ადამიანებთან. იმ ქალებთან ინტიმური სიახლოვის დროსაც, რომლებიც ძმაბიჭების ხელით ჩაეწერნენ გრძელ სიაში, ვერაფერს გრძნობდა.

საუბარიც თავიდან ასწავლეს. პირველი სიტყვა „დედას“ ნაცვლად „მარი“ იყო. არავინ იცოდა ვინ იყო მარი. ამდენი გოგონა აღრიცხულიყო ფურცლებზე იგივე სახელით, მაგრამ არც ერთი არ აბრუნებდა უკან. არც ერთს არ ჰქონდა ნაცნობი სილუეტი, უღონოდ დაშვებული ხელები, ძველი წიგნების სუნი, ჩალისფერი თმა, სახეზე რომ ეყრებოდა და ზოგჯერ ქლიავისფერ თვალებსაც უფარავდა.

სიზმრებიც თავიდან ასწავლეს. როგორც წესი, უსახო ადამიანებს ხედავდა, რომლებსაც სიგარეტი გაეჩარათ პირში და წრეზე დადიოდნენ. ხელში ფურცლები ეჭირათ და ცდილობდნენ ორად გაეკეცათ... არა, არაფერი გამოდიოდათ!

საღამოების ყაყანს გარიდებოდა სურდა. პოკერის მაგიდებს, სასმელს, სენდვიცებს, სიგარეტის კვამლს, ქალების ოფლიან სხეულებს, ხმამაღალ მუსიკას. გარბოდა. ვინ შეამჩნევდა ასეთ აყალმაყალში მის არყოფნას? გადიოდა რომელიმე ხიდზე.

საათს, მობილურს, საფულეს იქ ტოვებდა. თავქვე ეშვებოდა. ტალღებს მიაპობდა. მერე უკან მობრუნება და ნივთების მოგროვება ხდებოდა საჭირო, თუ ისევ იქ დახვდებოდა. ხიდზე ასული შეკრთებოდა, მაინც გამოყოლოდა ერთერთი მოწონებული, ნივთებისთვის ეპატრონა, დალოდებოდა. ტაქსისსაც უცერებდა, სახლში უშვებდა.

ლუკეს მეხსიერება იმ შავ ხვრელს ჰგავდა, რომელშიც უგზოუკვლოდ იკარგებოდნენ დედა, ნათესავები, მეგობრები, ბედუინები სიზმრებიდან, რომლებსაც სახეები არ ჰქონდათ, მარი.

ან თვითონ ლუკე იყო შავი ხვრელი, რომელიც იზიდავდა და შთანთაქავდა ყველაფერს. თუმცა ათვისება ან გაცემა, დაბრუნება არაფრის შეეძლო, მხოლოდ შიგნით ჩაკარგვა.

თანდათან მუშაობაც ასწავლეს. სტუდიაში დააბრუნეს, ფოტოაპარატთან. წინ ღამის კლუბებიდან ამოტივტივებული გადღაბნილი მანეკენები დაუყენეს, რომლებიც წრეზე დამდგარიყვნენ, პირში სიგარეტი გაეჩარათ.

ზღვა „მოწონებულთა რიგებში“ აღმოჩნდა. გათენებამდე გადიოდა ნაპირზე, იხდიდა, წვებოდა ქვებზე და ელოდა მზესთან შერწყმას. უსმენდა ტალრების ხმაურს, რომელსაც თანდათან ერწყომოდა ადამიანთა ხმები. ესეც სიამოვნებდა.

არჩევდა ადგილებს, სადაც ძირითადად ბავშვები გამოყავდათ. კენჭებს აგროვებდნენ, ან აქა–იქ დაყრილ შავ ქვიშაში თამაშობდნენ. ლუკემაც იმ დროს მოიშინაურა პირველი ქვები – მწვანე, რომელსაც შერეოდა ნახევრადგამჭვირვალე ფორთოხლისფერი, თეთრი, ფესვებივით რომ ჩაზრდოდა წითელი და უბრალო ბრტყელი ქვა. ჯიბით წაიღო სასტუმროში და წყლით სავსე თიხის თასში დააბინავა.

აგვისტოში ქალაქში ბანერები დაკიდეს, სადაც პირშისიგარეტგაჩრილი გაოფლილი სხეულები წრეზე იდგნენ და ეჭირათ ორად გაკეცილი ფურცლები. ლუკესგან დაინფიცირდა საზოგადოება, სიყალბე გადაედო. ახლა ტრასაზე იწვნენ და ეწეოდნენ მარიხუანას, ან სხეულით ტკბობას ეძლეოდნენ, აფურთხებდნენ, აგინებდნენ და ცემდნენ ერთმანეთს.

ხარხარებდნენ. ჭკუიდან იშლებოდა ქალაქი.

ყველაფერს ლუკეს მეხსიერებაში შთანთქმა ეწერა და მოხდა კიდეც ასე. დარჩა მხოლოდ ზღვა, აქა–იქ ბავშვების ხმაურით (რომელიც თითქოს ფირფიტაზე ჩაეწერათ და ატრიალებდნენ), სიზმრები და მოშინაურებული ქვები.

სიზმრად იმ ბანერებს ხედავდა ლუკე. გაოფლიანებულ სხეულებს ეჭირათ ფურცლები. ნაწერების გარჩევა სცადა – „მოწონებულთა სიები“ აღმოჩნდა.

მერე სინქრონულად ამოძრავდა ყველა სხეული, ქაღალდის გემი ააგო და ლუკესთან მიაცურა.

ადამიანებს გადაგვეშალა მისამართები. წერილები, უადრესატო – სურვილებით, საყვედურებით სავსე, დიდჩანთიანმა ბიჭმა მტკვარში გაუშვა, როგორც გემები. ახლა ეს ბიჭია ყოველი ჩვენი გემის კაპიტანი, ყოველი ჩვენი დაწერილი სიტყვის გამგე.

ზღვაზე გათენებამდე გადიოდა ლუკე, იხდიდა, წვებოდა ქვებზე და ელოდა მზესთან შერწყმას, უსმენდა ტალღების ხმაურს, რომელსაც თანდათან ადამიანების ხმა ერწყმოდა. ესეც სიამოვნებდა, თუმცა ხვდებოდა, ვიღაცას ჩაეწერა ისინი ფირფიტაზე და ატრიალებდა. ახსენებდა რაღაცას.

როდის მოიშინაურა პირველი ქვები?

ახალი არსება ქვისგან შექმნა ლუკემ, თუმცა რადგან თავად იყო შავი ხვრელი და მხოლოდ შთანთქმა შეეძლო, დაბრუნება – არაფრის, ქვებს სიცოცხლე ვერ უბოძა. ლუკე არ იყო ღმერთი, რადგან მასში ვერაფერს იპოვიდი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ღვთის შექმნილი ყველაფერი შთაენთქა.

 

***

ჩაცმა წინდების, ჯინსების, მაისურის, კედების თავიდან უნდა ისწავლოს. თვალები ახლა გაახილა და პირველ სიტყვას ეძებს. დედა? მეგობრები? არც ერთი ახსოვს.

მაგიდასთან დაჯდომაც, ფინჯანის ყავით ავსება და ნაღების დამატება. სიგარეტის იქვე გაბოლება ახალი ჩვევაა.

დღეიდან შეეჩვიონ. საშუალება მისცენ გამოიმუშავოს ახალი ჩვევები! გაიჩინოს დამოკიდებულება ადამიანების, ნივთების, მოვლენების მიმართ! აირჩიოს ახალი პროფესია! ეზიზღება ეს ძველი წიგნების სუნი მთელს სხეულზე რომ მოდებია! დღეს სტუდიაში წავა, გადაღებებზე, ხელებს უღონოდ ჩამოყრის, თმასაც ჩამოიშლის.

შემდეგ კადრში სხვებთან ერთად ჩადგება წრეში, ხელში ფურცლით, პირში სიგარეტით. ონკანს მოუშვებენ. წყლის ხმას სხეულს ააყოლებს, წრეზე ივლიან ხელ–ფეხის გრეხვით. ოთახი წყლით გაივსება და ისინი, როგორც ქალთევზები, ისევ წრეზე ივლიან.

 

***

ლუკე არ იყო ღმერთი სანამ კიდევ არსებობდა ზღვა, ქვები, სიზმრები და თვითონ.

შიმშილი იგრძნო ლუკემ. ზღვა შეჭამა. მაინც შიოდა. გაახსენდა, რომ დიდ ჩანთაში ადამიანების ბოლო წერილები ედო, სავსე ოცნებებითა და ბოღმით. ესეც შეჭამა. ახლა სიზმრები გაუფართოვდა და ვეღარ გაარკვია, სად იყო რეალობა, რადგან ორივე სამყაროში დიდი დოზით იყო სიგიჟე. მიხვდა ლუკე, სიზმრების მოსპობის ერთადერთი გზა, თვითმკვლელობა იყო.

 მაგრამ რა იქნებოდა მერე? გაიღვიძებდა ისევ პალატაში და მოუხმობდა ვინმეს? დედას. მარის. თუ საკუთარ თავს?

იმ დღეს იშვა ასათასობით ბავშვი და კომიდან გამოვიდა ათასობით ზრდასრული. ქალაქში ახალი ბანერები გაიკრა, სადაც დიდჩანთიანი ბიჭი, წყალში უშვებდა ქაღალდის გემებს. მიუხედავად იმისა, რომ გვიანი შემოდგომა იყო, ზღვაზე უამრავი ბავშვი გავიდა, აქა–იქ დაყრილ შავ ქვიშაში ითამაშა და კენჭებიც მოაგროვა. ეს იყო უკანასკნელი ზმანება.

ლუკე რომელიმე კონკრეტულ დასკვნამდე არ მისულა.

ვენებზე სამართებელი დაისვა და სინათლის უკანასკნელი ტალღა შთანთქა.

ახალი ღმერთი ქვისგან შეიქმნა და ეწოდა ლუკე („უსინათლო“).

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სუბელიანი თამარ / ქვების მოშინაურება