სუბელიანი თამარ

ამბოხი 

 

 როცა უკანასკნელ წერტილს დავსვამ,

ან აღარ დავსვამ,

რადგან ახლა, როგორც არასდროს,

ვიცი, რომ არ არსებობს დასასრული,

რომ 2009 წლის 19 ნოემბრის ქარიშხლიანი ღამეც უსასრულოა,

რადგან 20 ნოემბერი მოსდევს,

სხვა სათაურ და ამინდმორგებული გაგრძელება,

რომ მეც და შენც, თუკი მართლა არ ვარსებობთ,

მაინც გავგრძელდებით ,

რადგან

გიმეორებ აქამდე უამრავი ადამიანისთვის ნათქვამ ფრაზას,

ხდება არა მარტო ის, რაც რეალურად,

არამედ ყოველი ჩვენი ფიქრი, ტყუილიც კი,

ან კი ვინ დააადგინა, რა არის რეალობა,

და გაავლო ზღვარი მასა და ფანტაზიას შორის,

იქნებ მე და შენ არ ვარსებობთ,

იქნებ ჩვენი სხეულები ხელით სიგრძენაზომი,

იქნებ ეს კედლები ზურგმიმყრდნობელი,

იქნებ ეს კარები თვალწინმიხურული,

იქნებ ეს ვაზები კედლებშენარცხებული,

იქნებ განთიადები ვერნახული,

იქნებ სიზმრები ახსნამიბმული,

იქნებ

დაღლაც,

შიშიც

და სიკვდილიც არარეალურია.

უცებ ვწყვეტთ, რომ მოკვდა ვიღაც და ვიჯერებთ,

ჩვენ ვტირით,

ის კი ყვირის, რომ აქ არის, ჩვენთან,

რომ აქ არის.

აი, რატომ ვერ ეგუებიან ერთნი ჩვენს განაჩენს.

აი, რატომ ვხედავ შენს ხესამოფარებულ სხეულს,

ან გხედავ სხვა ბავშვებთან მოთამაშეს,

რატომ მჯერა, რომ ყოველი ზურგი შენი მმალავია,

რომ ყოველმა თავსაფარმა შეინახა შენი ჭაღარა თმები,

რომ გავახელ თვალებს და შენ ისევ გვერდით იჯდები.

აი, რატომ ვერ ვეგუები ფრაზას –

როგორ ხარ, თამარ?

რადგან ხშირად არ ვარ

არ ვარ

საერთოდ არ ვარ.

და განცდა იმისა, რომ გამიფიქრეს, მიასკეცდება.

 

აი, რატომ მეზიზღება ხშირად ყველა.

და უფრო მეტად საკუთარი თავი.

რადგან ვიღებ სასტიკ განაჩენს,

რომ მოკვდა ბავშვი,

ან ავღანეთში დაიღუპა ამდენი და ამდენი,

რომ ტერორისტებმა, რომელიც ისევ ჩვენ ვიყავით,

აგვიფეთქეს გრძელები, მოკლეები,

სახელ-გვარებ ჩაცმული,

და საიდენტიფიკაციო კოდმირტყმული ადამიანები.

აი, რატომ ვერ ვიტან დოგმებს,

რადგან ვერ ვპოულობ ზღვარს საკუთარ ჭკუათმყოფობასა და სიგიჟეს შორის.

რადგან ხშირად შემიძლია მოვიდე და ზურგში ჩაგარტყა დანა,

ან შენთან დავწვე,

რადგან შემიძლია ამოვხოცო შვილები ჩემი

ანუ არ დავბადო

ანუ არ მოვიდე.

რადგან შემიძლია შევწყდე,

მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი,

არ არსებობს დასასრული.

როცა უკანასკნელ წერტილს დავსვამ,

ან აღარ დავსვამ,

უკვე გამოტანილი მექნება განაჩენი,

რომ ატომურმა აფეთქებამ ყველა შეგიწირათ

და მარტო დავრჩი.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სუბელიანი თამარ / ამბოხი