სულაკაური გიგი

ათარბეგოვის ქუჩის მონსტრები 

 

ყველაფერი უთოვლო ზამთრის, ძია ვანოსა და ათარბეგოვის ბრალია. თოვლი რომ ყოფილიყო, შინიდან ადრე გამოვიდოდი, „დარიალთან“ მარჯვნივ გავუხვევდი, გიმნაზიის ბაღში შევჩერდებოდი და გავერთობოდი კიდეც. მაგრამ არ თოვდა, შინიდან გვიან გამოვედი, ეზოში კი ძია ვანომ შემაჩერა. მეც აჩემებული ტრასის ნაცვლად, მოკლე გზით – ათარბეგოვით წავედი სკოლაში და თავის ქალას ტრავმაც მივიღე, – ვიღაც ტუტუცმა დედაკაცმა შეშის ნაპობი მოისროლა ქუჩაში.

მერე ძალიან დიდხანს მაწვალებდა ამაზე ფიქრი, ძალიან დიდხანს ვიძიებდი, დედამიწის რომელი სახელმწიფოს, რესპუბლიკის, ტომისა თუ კლანის სპორტულ თამაშებს ეკუთვნის III სართულის ფანჯრიდან მყარი საგნების სროლა. ბოლოს იმ დასკვნამდე მივედი, რომ ეს ჩვენი ეროვნული სპორტის სახეობაა. იქნებ ჩემთან ერთად თქვენც დაფიქრდეთ და დასკვნაც გამოიტანოთ: ერთხელ მეგობარი მოვინახულე საავადმყოფოში (საავადმყოფოს გვარსა და სახელს არ დავასახელებ). გარეთ გამოსულმა ჩრდილში შევისვენე, ძალას ვიკრებდი – ივლისის მზის ადუღებული ასფალტი უნდა გადამეცურა. ზუსტად ამ დროს დაიწყო შეჯიბრი სროლაში. თითქმის ყველა ფანჯრიდან სეტყვასავით წამოვიდა ჭურვები: მაწვნის ქილები, პლასტმასის ბოთლები, სიგარეტის ნამწვები და ცარიელი კოლოფები; ატმისა და ქლიავის კურკები, დაგრაგნილი რენტგენული ფოტოები, ანუ ადამიანთა ნეკნები, თავის ქალა, ხელ-ფეხი, ხერხემალი და ლავიწები. ძველ წინდებში გამოკრული მძიმე, გაურკვეველი საგნები, ერთჯერადი შპრიცები, თეფშები, ჭიქები და ჰიგიენური პაკეტები; მოფრინავდა წნევის აპარატი, „სუდნოდ“ სახელდებული ღამის ქოთანი, ფონენდოსკოპი, სკამის ფეხი და ამოღებული კბილი... ისროდნენ ყველანი: ავადმყოფები, სანიტრები, ექთნები, ექიმები, პროფესორები და დოცენტები. სროლას საერთო ყიჟინა და გამამხნევებელი შეძახილები ახლდა, მაგრამ ყველა ჭურვი ვერ აღწევდა მიზანს – მოპირდაპირე პოლიკლინიკის ყრუ კედელს. ან „გრანატა“ იყო მჩატე, ანდა მსროლელი – ძაბუნი და დავრდომილი.

„ეს მოთელვაა, ნამდვილი შეჯიბრი ნასადილევს დაიწყება, მეგობარო“, – მომიტრიალდა იქვე მდგარი უცნობი, – „შენ მერე უნდა ნახო, კრაოტებსაც ისვრიან ხოლმე“... აბა, მეტი რა გითხრათ, როგორ აგიხსნათ, მეც სწორედ ამან მაფიქრებინა, რომ ეს ჩვენი, ეროვნული სპორტის სახეობაა...

უთოვლო ზამთრის ცივი დილაა. პლანეტაზე „ცივი ომი“ მძვინვარებს, სსრკ-ის სატირულ-იუმორისტულ ჟურნალში „იმათ“ კარიკატურებს ცხვირზე, თითებსა და სხვა მგრძნობიარე ორგანოებზე ლოლუები ჰკიდიათ და სიცივით ცახცახებენ; ტერეშკოვა-ბიკოვი გაშმაგებულები დაქრიან შავ კოსმოსში, ჩვენს ეზოში ძია ვანო ფუსფუსებს და მე სკოლაში მივდივარ, – საშინელი დროა!..

ბატონყმობა ძალიან დიდი ხნის გადავარდნილი იყო, მაგრამ ძია ვანო, შინდის კერკივით გამხმარი და დამჭკნარი კაცი, მაინც ეზოს მოურავად მუშაობდა. თანაც ისეთი შესაშური გულმოდგინებით ასრულებდა ნაკისრ მოვალეობას, მის შეხედვას არაფერი სჯობდა. ოღონდ ვერ გეტყვით, ვინ დაადგინა ამ თანამდებობაზე – რაიკომმა, აღმასკომმა თუ ქალაქის საბჭომ, წარმოდგენა არა მაქვს. შეიძლება სულაც თავად დაიდგინა თავი ამ საპატიო თანამდებობაზე, გასაკვირი არაფერია.

იმ დილით მოურავი სახანძრო სტენდთან ტრიალებდა. გახუნებულ, საღებავდაბერილ ადგილებს დანით ფხეკდა და თავიდან ღებავდა. მთელი ინვენტარი – ცეცხლსაქრობი, ვედრო, ლომი – დამჭკნარი სახე და ხელები უკვე შეეღება და ახლა „შემოქმედებით წვას“ განიცდიდა – ორიოდე ნაბიჯით უკან დაიხევდა, სტენდს შეათვალიერებდა და საეჭვო ადგილს წითელი საღებავის სქელ ფენას დაადებდა. მოკლედ, დაბერებულ ტომ სოიერს ჩამოჰგავდა, ოღონდ ტომს იმ ცნობილი მესერის შეთეთრებისას ათასი თაღლითური აზრი უტრიალებდა თავში, ძია ვანო კი სტენდის შეწითლებით ალალად ტკბებოდა და მთელი ძალით იხარჯებოდა.

როგორც კი შემნიშნა, თავისი ბოლქვებიანი თითით თავისკენ მიმიხმო. ცოტა არ იყოს, შევშინდი, რამე არ დამავალოს-მეთქი. მაგრამ მე არც ვაშლს შევექცეოდი და თანაც ძია ვანო ამ ყოვლად საპასუხისმგებლო საქმეს ჩემნაირ ღლაპს როგორ ანდობდა?! უბრალოდ ენა ექავებოდა და უაზრო შეკითხვები დამაყარა, – როგორ ვსწავლობ, შინ რა ამბებია, სწავლა უფრო მიყვარს თუ გავლა და ა.შ.

– შენ ბურთაობაც გეყვარება! – მითხრა დაეჭვებულმა.

– დიახ, ძია ვანო...

– ძაღლები? ძაღლები თუ გიყვარს?

– ძაღლებიც მიყვარს, ძია ვანო...

– ეე, შენ რა გესმის ძაღლებისა! იცი, რა რჯულბარსა მყამდა?! ვერც იტანდა ვერავის! აი, შენი ტოლა ბიჭები რო ბურთაობდნენ, მიეპარებოდა, ბურთს წაართმევდა, გაუხევდა, დაუფსამდა, დაუკურკლამდა და ეგრე მიუგდებდა... ეე, ხალხი ბოროტია, შვილო, გეუბნევი და დაიხსომე, მომიწამლეს მაგ დამპლებმა, მეორე ეგეთი ძაღლი აღარა მყოლია...

ძია ვანო დადუმდა, დანაღვლიანდა. ჩემი აზრით, რჯულბარსა მოაგონდა და ჩუმად გაცლა დავაპირე, მაგრამ ვინ გაგიშვა; ძია ვანომ მორიგი, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი შეკითხვა დამახალა:

– აბა, შენ თუ ჭკვიანი ბიჭი ხარ, მითხარი, ისინი იქ რატო არიან?

– ვინ ისინი, ძია ვანო?

– აი, კოსმონავტები, რა, – თან წითელი საღებავით დასვრილ ცერს ზურგს უკან ისე იშვერდა, თითქოს ტერეშკოვა-ბიკოვის ტანდემი ტატიშვილებთან იყვნენ მიწვეული დილის ჩაიზე.

მხრები ავიჩეჩე, რაც არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხნა.

– ღჯცვბხტცრჯტ ჯგკჯლჯნდჯჰტყბტ^ რც-გტ-ჰბ-ვტყნ! – იდუმალი ხმით დამარცვლა ძია ვანომ, მერე ჩემს გაკვირვებულ თვალებს შეხვდა და დააყოლა, – ეე, შენ ჯერ ბალღი ხარ, რას გაიგებ, წადი, წადი, სკოლაში არ დაგაგვიანდეს, თორე დედა გაგიწყრება! – თან ბებრულად, მაზალოდ ხითხითებდა.

მივდიოდი ათარბეგოვით და ვფიქრობდი, მონსტრების რომელ გვარსა და სახეობას ეკუთვნოდა ძია ვანო. ტრაქტორიძიასათვის ძალიან ჩია ჩანდა, არც ბუა ეთქმოდა, ბუა მკაცრი, ბოროტი და დაუნდობელია, ბავშვებისა და პოეტების ხორცი უყვარს, კაციჭამიაა... ალბათ გუდიანი კაცია-მეთქი, დავას¬კვენი ბოლოს. ყველაზე თავქარიანი და მსუბუქი ყოფაქცევისა გუდიანი კაცი მეგონა.

....................

ჩემ გარდა ქუჩაში ტატიშვილების სეტერი და თავგადახოტრილი, ჯანიანი ბერიკაცი მოძრაობდნენ. ბერიკაცს რკინის საწოლის ჟანგიანი ბადე გაედო ბეჭებზე. რაღა თქმა უნდა, შეშის ნაპობი სამიდან ყველაზე იღბლიანს, ანუ მე მერგო. ხომ უნდა გამემართლებინა ჩვენში გავრცელებული ცნობილი გამონათქვამი, – ყველაფერი ამას უნდა დაემართოსო! კიდევ კარგი, სქელი ქუდი მეხურა და ოდნავ გამკრა, თორემ შეშის ნაპობი პირდაპირ რომ მომხვედროდა, უეჭველად შუაზე გამაპობდა. თუმცა, ჩემს გასათიშად ის გაკრულიც სრულიად საკმარისი აღმოჩნდა... როცა ამოვყვინთე, ჟანგიან ბადეზე ვიწექი, გული მერეოდა, ცალი თვალით როგორც წყალქვეშ, ისე ვხედავდი და ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა გარდასულ მოვლენებზე. ბერიკაცი რატომღაც ერთ ადგილზე ხტოდა, მუშტებს ცას უშენდა და ხაფი ხმით გაჰყვიროდა რაღაცას კეთილ ხალხზე, სისხლზე, რძესა და ძუძუებზე.

რა უნდა, რამ გადარია-მეთქი, არეულად ვფიქრობდი. ასეთი გამძვინვარებული ბერიკაცი მანამდე არ მენახა. თანაც ყოველი მისი ამოძახილი ჩემს მაჯისცემას ემთხვეოდა, დუღდა, სკდებოდა და საშინელი ხმაურით მაწყდებოდა შუბლისა და კეფის ჯებირებზე. მეტი აღარაფერი მახსოვს, – ისევ ჩავყვინთე...

...............

თვალდახუჭული ვწევარ საწოლში. მუქ იისფერ ბინდში წითელი, მწვანე და ცისფერი ლაქები და წერტილები ჩნდებიან და მაშინვე უჩინარდებიან – გაუთავებლად მეორდება ერთი და იგივე. ოთახში დედაჩემი და უცნობი ქალი ხმადაბლა საუბრობენ.

„ანგელოზივით სძინავს... ღმერთო, ეს რა დამემართა!... ალბათ ძალიან ცელქია, არა?..“ – უცნობი ხმა, როგორც მერე გავიგე, ტუტუც დედაკაცს ეკუთვნის.

„ალბათ, – გაურკვევლად პასუხობს დედაჩემი, – მაგრამ იცით, უფრო ცნობისმოყვარეა, ვიდრე ცელქი, აბა, ამის ადგილზე სხვა ვინ ისკუპებდა და შეუშვერდა თავს იმხელა კუნძს“...

.......................

ჩემი გულუბრყვილო თანაკლასელები ჯგუფებად, რაზმებად და წარჩინების მიხედვით დაყოფილები მოდიან და საჩუქრად პინგ-პონგის ბურთები მოაქვთ.

– ქუჩა სავსეა მოულოდნელობებით, – ბრძნულად ვუხსნი ამხანაგებს, – დამიჯერეთ, მთელი ერთკვირიანი გამოცდილებით ვიცი, რასაც გეუბნებით... – სიტყვებს ნელა, გაჭირვებით წარმოვთქვამ, მინდა, კარგად შეიგნოს ყველამ, რომ ტრავმირებულ ადამიანთან აქვთ საქმე.

– გელამ თქვა, თავი ისე შეეჭეჭყა, პინგ-პონგის ბურთი თავისუფლად ეტევაო, – რაღაცნაირი შურით და სინანულით ამბობს თენგო და კიდევ ერთ ბურთს მაწვდის.

– დებილი ხარ, ბიჭო? თქვენ ჩემი თავი კონსერვის ქილა ხომ არ გგონიათ?..

გელას წყალობით პირველივე დღეებში 307 ახალთახალი და რამდენიმე ნახმარი ბურთი დამიგროვდა. ეჰ, ბურთებს ვინღა ჩიოდა, 10000-მა ყოვლად აბსტრაქტულმა სატკივარმა დაიბუდა ჩემს არსებაში. ვიწექი ლოგინში და ბურთებზე ფერადი ფანქრებით ვხატავდი თვალის ფსკერის გაბაცებას, ქალას შიდა წნევებს და 9998 დარჩენილ უცხო და უცხო საკვირველებას. სხვა გზა არც მქონდა, ყველაფერი მეკრძალებოდა, – წიგნების კითხვა, ტელევიზორი, სიარულზე და „ბურთაობაზე“ ხომ კრინტიც არ უნდა დამეძრა, მაგრამ ფილმების ნახვას შიგადაშიგ მაინც ვახერხებდი, ოღონდ მაშინდელი ფილმები ომზე, უცხოელ ბოროტ ჯაშუშებსა და მამაც საბჭოთა მზვერავებზე იყო, არ გვქონდა ფართო არჩევანი.

ძნელი ზამთარი გავათრიე. ბოლოს, როგორც იქნა, გაზაფხულდა და ადგომის ნებაც მომცეს. მაისის ერთ წვიმიან დღეს ჩვენი აივნიდან კონსერვატორიის სახურავზე გადავძვერი და ყველა ჩემი ბურთი საწვიმარ მილში ჩავუშვი. თავიდან მილი გაიჭედა, მერე მთელ სიგრძეზე გაიბერა, დაიქუხა და ქვემეხივით დაუშინა გაფერადებული ბომბები ქვაფენილს. თავი პირატთა კანონიერი იზრაილ ჰენდზი მეგონა, თანაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ბურთებზე დახატული ყველა სატკივარი წვიმის წყალს გავატანე, შინ ბოლომდე გალუმპული და ნასიამოვნები დავბრუნდი. იმავე საღამოს მაღალი სიცხე მომცა და ალბათ ზედმეტად შთამბეჭდავი დღით შთაგონებულს რატომღაც რუსულ-გერმანულად მაბოდებდა: „ახტუნგ“, – ვიძახდი თურმე, – „რუკი ვერხ, პადლეც!... აუსვაის!... აგონ, – პლიი!..“

მეორე დილით მამაჩემის კაბინეტში საოჯახო და საექიმო კონსილიუმი შეიკრიბა. სამწუხაროდ, დაწვრილებით ვერ გაგაცნობთ ამ მეტად საინტერესო შეხვედრის ნიუანსებს, – აღარ მახსოვს, თანაც, მგონია, მიზეზზე უფრო განაჩენია მთავარი:

„ზღვაზე მიდიხართ“, – მითხრა იმავე საღამოს მამამ, – „დიდი ხნით მიდიხართ, ასეა საჭირო...“

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სულაკაური გიგი / ათარბეგოვის ქუჩის მონსტრები