სულაკაური გიგი

ბელადების მარში 

 

ამას წინათ მეგობართან მივდიოდი სტუმრად და ლიფტში გავიჭედე. ჩემი ბრალი იყო: ჯერ ერთი – შუაღამისას დაუპატიჟებლად, გაფრთხილების გარეშე, მუხანათურად ვესხმოდი თავს მეგობარს და მეორეც, მთავარი – გული მიგრძნობდა, – შუქი აუცილებლად ჩაქრებოდა, მაგრამ იმდენად მეზარებოდა IX სართულზე ფეხით ათრევა, რომ ისევ ლიფტით (სადარბაზოში შესვლამდე ჩამესმა ამ ძველისძველი მექანიზმის კვნესა-ვაება და ფოლადის კბილების ღრჭიალი) გადავწყვიტე “მწვერვალის დაპყრობა”. სადღაც VII-VIII “ბანაკებს” შორის ძაბვა საბოლოოდ დაეცა და ჩემი ასვლაც “უამინდობის” გამო განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ყვირილს, ბრახუნს და წივილ-კივილს აზრი არ ჰქონდა, ვინმეს რომც გაეღო ის ოხერი გარეთა კარი, გამოსვლას მაინც ვერ მოვახერხებდი – ლიფტი ძალიან მყარად, საყვარლად და ზუსტად იყო გაჭედილი. მქონდა 12 ღერი სიგარეტი თავისი ასანთით და მდარე კონიაკის (“არაგვი”, “ივერია” თUუ “ვეძისი”) ნაკლული ბოთლი. რა უნდა მექნა? ვეწეოდი სიგარეტს და შიგადაშიგ ბოთლსაც მივმართავდი ხოლმე. კედელსმიყრდნობილი ისე ვიდექი წყვდიადში, როგორც საკუთარი უმწეობით გადაღლილი იფრითი – სულაიმან იბნ დაუდის მიერ დაბეჭდილ ჭურჭელში. თუმცა იფრითთან შედარებით ბევრად უკეთეს დღეში ვიყავი, ჩემს “ჭურჭელში” უჩინარი ღრიჭოებიდან ნაგვისა და ვირთხის სუნით გაჯერებული, მაცოცხლებელი ჰაერი იჭრებოდა.

ბოლოს და ბოლოს სიგარეტები გამომელია და ბოთლიც დაიცალა. სამაგიეროდ, ვირთხის სუნი გამძაფრდა, წყვდიადი გამკვრივდა და უკვე ხელითაც ისინჯებოდა. ვიკითხე, რა უნდა მექნა-მეთქი, ან თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე? ისევ დროსა და სივრცეში ნახტომი თუ მიშველიდა. მეც ვისკუპე, მაგრამ ვერ მოვზომე (ძალიან შორეული ნახტომი გამომივიდა) და ჩემს თანატოლ “ოქტომბრელებთან” ერთად პირდაპირ მცხეთის სადგურის მზითგანათებულ ბაქანზე აღმოვჩნდი.

სადგურის სადღესასწაულოდ მორთულ ბაქანზეც და მოსაცდელ დარბაზშიც საზეიმოდ გამოწყობილ ბავშვებს მოუყრიათ თავი. აქ არიან ოქტომბრელები, პიონერები – ალისფერი ყელსახვევებით და, რა თქმა უნდა, კომკავშირლები – ერთი სიმაღლის, სისქის, სიბრტყის, წონისა და სულისკვეთების არსებები (გამოცდილი სელექციონერის მტკიცე მარჯვენით საგანგებოდ გრანდიოზული ღონისძიებებისათვის გამოყვანილი თუ შერჩეული ჭაბუკები და ქალიშვილები). მშობელთა აქტივი და პედაგოგები ცალკე, მოშორებით დგანან, რაღაცნაირად ფუნქცია-აქტივობადაკარგულები. საზეიმო სიტუაციას შავკოსტუმიანი მკაცრი ძიები აკონტროლებენ, მკაცრ ძიებს – მეფე-ზარბაზანივით უზარმაზარი, ნესტოებბრიალა დედაკაცი, ანუ დევქალი ზედამხედველობს.

– ერთხელ და სამუდამოდ შეუშვით მაგ ცარიელ თავებში, – გრგვინავს დევქალი, – თქვენ აქ გასართობად არა ხართ მოსულები!..

ეს ბრძანება-შეგონება არა მარტო ბავშვებს, ყველას – მშობლებს, მასწავლებლებს და თვით მკაცრ ძიებსაც ეხება.

არადა, რა კარგად იწყება “ზეიმი!” გართობას და თამაშს არავინ გვიშლის, თეთრ-წითელი ტრანსპარანტები თვალსა და გულს გვიხარებს, ბელადების ვეებერთელა პორტრეტები ალერსიანად გვიღიმიან, რეპროდუქტორიდან მხიარული მარში იღვრება და ჩვენს გუნება-განწყობილებას (ლიფტისაგან განსხვავებით) თავდავიწყებით მიაქანებს ბოლო სართულისაკენ...

მაგრამ ის ავადსახსენებელი ბრძანება-შეგონება ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ყველანი სასტიკ სინამდვილეს ვუბრუნდებით.

ოქტომბრელების ავანგარდი ანუ მთავარი დამრტყმელი ძალა ანუ “საზარბაზნე ხორცი” რამდენიმე რიგად ჩაგვამწკრივეს და 3-4 საათი შეუსვენებლივ გვატარეს მზით ადუღებულ “პლაცზე”. მარშ-მანევრების მერე არაქათგამოცლილ, ენაგადმოგდებულ ბავშვებს წარმოუდგენელი, ლეგა-ყვითელი ჭაობის ყვავილების თაიგული მოგვაჩეჩეს ხელში და გვიბრძანეს, ადგილიდან ფეხი არ მოგვეცვალა. რად უნდოდა ბრძანება, ნაბიჯსაც ვერ ვდგამდით, ვის ჰქონდა განძრევის თავი – დაღლილობის, მონუმენტური შიმშილისა და სიცხისაგან სულს ვღაფავდით. ყველა სიკეთესთან ერთად, ჩვენი ქათქათა პერანგები ჭაობის სუნით გაიჟღინთა, გაიწება და რაღაც უცნობი ეთერ-ზეთების წყალობით დაიჟანგა და აჭრელდა.

V-VI საათი დათვალიერება-შემოწმებამ შეიწირა. ჯერ მკაცრმა ძიებმა დაიარეს ჩვენი რიგები და ზერელედ შეგვავლეს თვალი. ბოლო, საკონტროლო შემოწმება დედაზარბაზანმა “ჩაატარა”. მძიმედ, საკუთარი ღირსების გრძნობით მოძრაობდა რიგებს შორის, საფუძვლიანად გვამოწმებდა და თავისი მადლიანი ხელით ბავშვებს საკმაოდ უხეშად უსწორებდა ხავერდის “ბაბოჩკა” – ყელსახვევებს, შუბლზე ჩამოყრილ თმას, ბაფთებსა და ამოჩაჩულ პერანგებს. განსაკუთრებული ყურადღება და დრო სამკერდე ნიშანს, – ძოწისქიმებიან პატარა ვარსკვლავს დაეთმო, – ყველას უნდა ჰქონოდა მკერდზე მიბნეული. მეც მეკეთა ის ოხერი ვარსკვლავი, რომლის ცენტრს ბაროკოს ამურის ოქროცურვილი რელიეფი ამშვენებდა. (იმ დროს ძალიან ცუდი შეხედულებისა ვიყავი ამურების მოდგმაზე. კარგად მახსოვდა, ამ ცუდი ბიჭებიდან ერთ-ერთმა რა ცინიკურად განგმირა ბებერი პოეტი, როგორ დაასო ისარი შიგ გულში ჩვენს მშობლებს  და, რომ დიდი ხნის წინათ, ოქროს ისრით ასევე სასიკვდილოდ დაჭრა ჩვენი საყვარელი ბებიები!) ვარსკვლავბიჭუნა-ბავშვი – ძია ლენინი დაფიქრებული გასცქეროდა სამყაროს სამკერდე ნიშნიდან და დაჟინებით, გაუთავებლად და დაუფიქრებლად იმეორებდა ერთსა და იგივეს: სწავლა, სწავლა და სწავლა... ბავშვი-ბელადის სამსიტყვიანი ანდერძი ექოსავით გაისმოდა ჩემს ქანცგაწყვეტილ სხეულსა და მშიერ კუჭში და სიცოცხლის უკანასკნელ წვეთებს მართავდა.

ხშირად მიფიქრია, რა საოცარი მეტამორფოზა განიცადა, რა სახის კატაკლიზმები გაიარა დიდმა ბელადმა. როგორ შეძლო და მოახერხა ვარსკვლავბიჭუნამ, ბრტყელთავიან ურჩხულად გადაქცევა. სანამ პატარა ვიყავი, გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ამურბელადი ჯადოქარი იყო. მაგრამ, წამოვიზარდე და მივხვდი: ძია ლენინის საბოლოო ჰაბიტუსის ჩამოყალიბება-დადგენას, რაზლივში, კოცონთან გატარებულმა ღამეებმა მოუმართეს ხელი.

ცოტა ხანში ჩემი შემოწმების დროც დადგა. მე ლიანდაგებთან ახლოს, განაპირა რიგის თავში ვიდექი (ალბათ სიმაღლის გამო, თორემ რამე სხვა “დამსახურება” არა მქონია). დევქალმა ჯერ ნესტოებსა და ყურებში ჩამხედა. მერე სათითაოდ გადათვალა ჩემი კბილები, როცა საბოლოოდ დარწმუნდა, რომ კავკასიურ რასას ვეკუთვნოდი (მაშინ 32 კბილი მქონდა), ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და უცნაურად დამაკვირდა. აი, აქ კი გავსწორდი წელში: თმა მოკლედ მქონდა შეკრეჭილი, ვარსკვლავიც მეკეთა, რაც მთავარია, და რითაც ძალიან ვამაყობდი, ფეხზე ახალთახალი ჩინური კედები დოუბლე-სწალლოწ მეცვა. (ბევრი ბავშვი შავი, კრიალა და ჭრაჭუნა, “სპეცზაკაზი – მოკასინით” იყო მოსული. ამ ფეხსაცმელს თბილისელი სომხები კერავდნენ და დიდი წარმატებითაც სარგებლობდა ბავშვთა გარკვეულ წრეებში. ზუსტად ასეთი მოდელის ფეხსაცმელზე უთხრა ჩემმა ერთმა შურით გულგასიებულმა თანაკლასელმა მეორეს: “ბალღო, შენ მაგ ტუფლებს ჭრაჭუნი არ დაუკარგოო...”).

დევქალი არ მცილდებოდა, თავზე მადგა და ძალიან საეჭვოდ მათვალიერებდა. შევატყე, რაღაც არ მოეწონა, მაგრამ რა, ვერ მივხვდი. თუმცა იმან უფრო მომიკლა გული, რასაც მივხვდი: იქ შეკრებილი ყოველი ბავშვი ფრიადოსანი, ათოსანი, წარჩინებული მოსწავლე იყო. თვითონ მე ფრიადოსანი არასოდეს ვყოფილვარ და მიკვირდა, როგორ, საიდან, რა მანქანებით აღმოვჩნდი მათ შორის. “ესენი ლექსსაც იტყვიან, იმღერებენ და თუ გაჭირდა, იცეკვებენ კიდეც-მეთქი”, ვფიქრობდი დაღონებული.

ფიქრებიდან სასოწარკვეთილმა კივილმა გამომიყვანა.

– კეტები! კეტები! – გაჰკიოდა დევქალი და ნესტოებს ჩემს კედებს უმიზნებდა.

“როზგები! როზგები!” – ასე ჩამესმოდა მისი ყივილი-მოწოდება. დაზაფრულმა ისიც კი წარმოვიდგინე, როგორ გადამიგრიხა და გამიკავა ხელები ორმა ძიამ, მესამემ კედები გამხადა, ხოლო გამძვინვარებულმა დედაზარბაზანმა შიშველ ფეხისგულებზე “კეტები” დამიშინა. როცა ცემით გული იჯერა, ძიებს თვალი უყო, იმათაც ბევრი დრო არ დაუკარგავთ, მაშინვე ლიანდაგებზე (იქვე არ ვიყავი?!) ჯვარედინად მიმაბეს და იმავე წამს ჩამომდგარმა მატარებელმა ზედ გულზე გადამიარა:

– რა-რარარა-რარა-რა!...

ვიდრე ძიები ლიანდაგისკენ მიმათრევდნენ, ადგილობრივი გოგო-ბიჭების მრავალრიცხოვან პარტიზანს მოვკარი თვალი. სადგურის გადაღმა ჩრდილში ნებივრად წამოწოლილები დამცინავად უყურებდნენ დამნაშავის სიკვდილით დასჯას. ზოგიერთი მათგანი ჩემკენ თითსაც იშვერდა და გულიანადაც ხითხითებდა.

“აი, ნახავ”, ვიმხნევებდი თავს, “სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!” ოღონდ რა სიმართლე გაიმარჯვებდა ან რა შუაში იყო საერთოდ სიმართლე, წარმოდგენა არ მქონდა. საკუთარი საცოდაობით გულდათუთქულს, თავზე უფრო მეტად კედები მეცოდებოდა (იმ დღეს ჩავიცვი პირველად). ვიცოდი, უეჭველად გამხდიდნენ და წამებით ამოხდიდნენ გაუცვეთავ სულს, დევქალი კი სიკვდილის წინ ბოლო სურვილსაც “ამისრულებდა” და აუცილებლად მოკასინებს ჩამაცვამდა.

– მოდის! მოდის! – დაიძახეს ზუსტად ამ დროს ისეთი ხმით, როგორც დიდი ხნით ზღვაში ნათრევ მეზღვაურებს აღმოხდებათ ხოლმე – “მიწა!..”

და ისიც გამოჩნდა – მწვანე, მოგუგუნე, ელექტრონით გამძღარი, გაკრიალებული და მოვლილი სასწაული. ხსნა, რომელიც ნელა, გამაღიზიანებლად ნელა შემოდიოდა მცხეთის სადგურში.

მივხვდი, რომ გადავრჩი, გასაცოდავებულმა და თვალზეცრემლმომდგარმა უკანასკნელი ღონე მოვიკრიბე და ამოვიხავლე: – შეჩერდი, წამო, შენ მშვენიერი ხარ-მეთქი!..

ვაგონების ფართოდ გაღებულ ყველა კარში მღიმარი მზეთუნახავი-გამცილებელი იდგა. მანამდე ასეთ მზეთუნახავებს მხოლოდ ზღაპრებსა და ფილმებში თუ გადავყრივარ. ვინღა არ იყო: მერლინ მონრო, სოფი ლორენი, კ. კარდინალე, ბ.ბ., ელიზაბეტ ტ., ლუჩია ბოზე, ჟაკლინ ბიზე და კიდევ უამრავი სხვა მზეთუნახავი, სახელები აღარ მახსოვს. ესღა გვაკლდა ფეხზე დგომით ჩამომწყდარ ბავშვებს! ვიდრე პირდაღებულები, გაშტერებულები  და ვნება-ემოციადაცლილები შევყურებდით ამ ღვთაებრივ ქმნილებებს, ვაგონ-რესტორნის ღია ფანჯრებიდან სიგარის კვამლითა და ნაირ-ნაირი კერძების სუნით შეზავებული მძიმე ოხშივარი გამოიზლაზნა და ჩვენს შორის ღირსეულად დაიმკვიდრა ადგილი. ამან სულ მოგვიღო ბოლო – შიმშილმა ახალი, ატომური ენერგიის ძალით იფეთქა, სამუდამოდ ჩაგვიხშო ყოველგვარი ინტელექტი და მხოლოდ რომელიღაც გადაშენებული რეპტილიის ერთადერთი ინსტიქტი დაგვინარჩუნა.

“გაიღიმეთ, გაიღიმეთ, თქვენი...” – სისინით გვამხნევებდნენ გაღიმებული მკაცრი ძიები და ფერდებში შეუმჩნევლად მუჯლუგუნებს გვთავაზობდნენ. გამხნევებულებმა კბილები დავკრიჭეთ (ანუ გავიღიმეთ), ყვავილები მოვიმარჯვეთ და ბელადების შესახვედრად წავლასლასდით. ჩვენი საცოდაობით ქვაც დადნებოდა, – მხიარული, მოკისკისე და ჯანმრთელი ბავშვების ნაცვლად, სერგეევიჩსა და ფ.კ. რუსს უპეებამოღამებული, აბოჟირებული და დამშეული, ზებუნებრივი ძალით გაცოცხლებული ნორჩი მუმიების ბრბო მივეახლეთ.

ნ.ს. ხრუშჩოვი და ფ.რ. კასტრო გაღიმებულები გველოდებოდნენ. მაძღრები იყვნენ, დასვენებულები, ნორჩებთან ჩახუტებაღა აკლდათ ჩემანალებს. სერგეევიჩს იდეალურად გასუფთავებული, მრგვალი და მომღიმარი “სახალადეცე” თავი ედგა მხრებზე. (სხეულის დანარჩენი ნაწილი ბავშვებში და ყვავილებში არ ჩანდა). კასტრო მაღალი, ახალგაზრდა ვაჟკაცი იყო, სამხედრო კიტელი ეცვა და თავზეც სამხედრო ბერეტი თუ გრძელკეპიანი ქუდი (შეიძლება ორივე ერთად) ეხურა.

– Hholla, amigo! გამარჯობა! – დამიძახა ფ.რ. კასტრომ და სიგარიანი ხელი დამიქნია.

– Mmai buenos! გაგიმარჯოს! – ძლივსძლივობით ამოვღერღე და ყვავილები (რომლებიც უკვე ტონანახევარს იწონიდა) გავუწოდე.

– Qke muCaCo mas lindo i mas kuapo! – ჩაერთო საუბარში ნ. ს. ხრუშჩოვი, – მუჩა სუერტე! – წარმატებას გისურვებ...

– სპასობა, ნიკიტა სერგეევიჩ, – უკვე თვალთ მიბნელდება.

– Qkue tal, amigo? – როგორ არის საქმე, ძმაო? – ფიდელს ხმაში შეშფოთება ეტყობა.

– Mmalo, hombre, malo! – ცუდად! – ვჩურჩულებ და გონება მებინდება.

– გზა, გზა მომეცით! – ყვირის ფ.კ. რუსი, – ბავშვი შიმშილით გვებრიდება! მერე ხელში ავყავარ და ვაგონ-რესტორნისკენ უზარმაზარი ნახტომებით მიმაქროლებს...

ასეთი მემახსოვრება იგი მე ყოველთვის – განახლებული კუბის ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე, პირშისიგარაგაჩრილი კეთილი ბელადი, რომელსაც ერთ ხელში ანანასის ნაყოფი უჭირავს, მეორეში კი – (სამეფო კვერთხივით) ქათმის ბარკალი...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სულაკაური გიგი / ბელადების მარში