სულაკაური გიგი

მამია გადაშენდა

 

დეკემბრის ბნელი, მრუმე დილა გათენდა. საშინლად ყინავდა გარეთ, – ყინვა ჩანდა. მამია უზმოზე ეწეოდა სიგარეტს და ფანჯრიდან გასცქეროდა დაბალ ცას. უფრო სწორად, ცა მამიას თვალების გავლით მღვრიე, ყინულოვან ნაკადად იღვრებოდა მის არსებაში და მთელ სხეულს ურყევდა და უწეწავდა.

აგერ უკვე მეშვიდე წელი იწურებოდა, რაც იგი გაღიმებული არ უნახავთ. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ერთხელ ქუჩაში მამიას სილა გააწნეს. ყველაზე უცნაური ის იყო, – მან ვერ დაინახა, ვისგან მოხვდა. მის გვერდით არავინ მდგარა, გამვლელები ჩვეულებრივად მიდი-მოდიოდნენ და მანქანებიც ჩვეულებრივად დაქროდნენ ტრასებზე.

“რატომ მე, რაღა მაინცდამაინც მე მომხვდა”, – ფიქრობდა მამია. გული გასკდომაზე ჰქონდა და ბოღმა ახრჩობდა, – არ იცოდა ვისზე ეძია შური.

მერე დრო გავიდა. მამიას შვილი შეეძინა. თავზარდამცემი იყო მისი გაჩენა, – მამისთვის შემოწნული სილა ბავშვს ეტყობოდა სახეზე.

სასოწარკვეთილმა მამიამ ბავშვი ექიმს მიუყვანა. ექიმმა უცნაურად შეხედა მამა-შვილს, რატომღაც გაიღიმა და თქვა:

“ნუ ღელავთ, ისეთი არაფერია, ქორწინებამდე გაუვლის...”

“რომ არ გაუაროს?!” – წამოიყვირა მამიამ.

ექიმმა მხრები აიჩეჩა.

“დავიღუპე!” – გაიფიქრა მაშინ მამიამ.

უცნაური ისიც იყო, – დედა საგანგაშოს ვერაფერს ატყობდა პირმშოს. მამიას კი ყოველღამე ეღვიძებოდა და ლოგინში წამომჯდარს სახე აკანკალებულ ხელებში ჰქონდა ჩარგული. ერთი-ორჯერ მეუღლემ თვალი გაახილა და ძილ-ღვიძილში შეეკითხა:

“მამია, გტკივა რამე, კაცო?! რა მოხდა, მამია?..”

“არაფერია, არაფერი, დაიძინე...” – მამია უხმოდ ტიროდა.

ამ ბნელი დილით მამია განსაკუთრებული სიმძაფრით გრძნობდა კაეშნის შემოტევას. იგი მოთმინებით დაელოდა, ვიდრე შვილი ისაუზმებდა, მერე ხელი ჩასჭიდა და სკოლაში წაიყვანა. მამია ვერ ხვდებოდა, რა დაემართა, ასე მწარედ რატომ იტანჯებოდა ამ დილით და, უეცრად შედგა, მოულოდნელად დარწმუნდა, მთელი არსებით შეიგრძნო, რომ მასში მოკვდა პოეტი და აღმოცენდა მიზანთროპი. მამიას თავზარი დაეცა, მუხლში ჩატყდა და რომ არ წაქცეულიყო, შვილს დაეყრდნო. მერე გაოფლილი სახე სახელოთი ჩამოიწმინდა და მხრებჩამოყრილმა, ფეხათრევით განაგრძო გზა.

ერთი კვირის თავზე ზუსტად იგივე გრძნობა დაეუფლა. გუმანმა უთხრა, – რაღაც კიდევ უნდა მომხდარიყო და ძალიან შეშინდა. შინ მარტო იყო, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა და მფეთქავ საფეთქლებს თითებით ისრესდა. იმ რაღაცის მოლოდინში ადგილს ვერ პოულობდა, ნერვიულად დადიოდა ოთახებში, საგნებს ეჯახებოდა. და ისიც უხმაუროდ, მძიმედ, წვეთი-წვეთ და თანდათან მოვიდა. მამია რატომღაც დაცხრა, მერე დაიჭმუჭნა, დაიშრიტა, დაცარიელდა და მიხვდა, რომ გადაშენდა.

აჰა, იგი ნელა დგება სკამიდან, დათრგუნული, გაპარტახებული, განადგურებული. ნელი ნაბიჯით მიდის კარისკენ. ნელა, ძალიან ნელა იღება კარი. ერთი ნაბიჯიც და ის უკვე კიბის თავში დგას. ნელა ეშვება საფეხურებით ქვევით და გრძნობს, როგორ ეპარება ყინვა სხეულში. ქვევიდან ვიღაც დინჯად, დარბაისლურად ამოდის. ეს მისი კარის მეზობელი, ბატონი მამიაა. ბატონი მამია ჩერდება და ამბობს:

– სეხნიას გაუმარჯოს! რა ყინვაა?! რატომა ხარ, ბიჭო, ასე გაფითრებული?!

მამია ხმას არ იღებს, თავჩაქინდრულია, მისთვის უკვე ყველაფერი სულერთია. მაშინ ბატონი მამია მხრებში ხელს ავლებს და ანჯღრევს:

– რა იყო, შვილო?! მითხარი, რა მოხდა, ბიჭო?! – უკვე მთელი ხმით ყვირის უფროსი მამია.

მამია ნელა სწევს თავს მაღლა და ტანჯულ მზერას მიაპყრობს უფროს მამიას:

– მე გადავშენდი, ბატონო მამია...

გარეთ თბილისში ყინვა არაადამიანურად მატულობს, მამია ქუჩაში გადის და მაშინვე უჩინარდება ნამქერში.

თბილისში ღამეა და ყინავს, საშინლად ყინავს.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სულაკაური გიგი / მამია გადაშენდა