სულაკაური გიგი

მე და ჩემი ლიზა

 

ჩანთა მძიმეა. კარგად დანაყრებულ ეგზოტიკურ მოლუსკს ჰგავს. სავსე ფერდებზე ლურჯი და წითელი მსხვილი ასოებით აწერია: სოЎუზ-აპოლო. ეს ჩემი და ლიზას კოსმიური სახელია.

ჩანთა ლიზასია. მე უნდა ავიტანო ვაგონში.

ჩანთაში ლიზას შმოტკების გარდა ჟანას და მანგოს ნივთებიც აწყვია. დრეი კამერადენ სამოგზაუროდ ოკას, ვოლგის თუ მდ. ნილოსის სათავისკენ მიდის, ზუსტი მარშრუტი ჯერ არ დაუდგენიათ.

ჩანთის თრევის არავითარი სურვილი არა მაქვს. ისიც მეყოფა, მთელი საათით ადრე რომ მომიყვანეს და გამგზავრების ამაღელვებელ სპექტაკლს დამასწრეს... მეც რა მომარბენინებდა, მაგრამ გოგოებო, ვერაფრით შეგაჩერეთ. ისე ხართ აგზნებულები, აღფრთოვანებულები და საკუთარი “მარშით” გატაცებულები, ისე ჭყლოპინებთ და ჟივჟივებთ, რომ გასაკვირი არ იქნება, გული ამიჩუყდეს და თვალთაგან ცრემლიც კი წამსკდეს (ჩემთვის ნაცნობია თქვენი ეს საოცნებო, რომანტიული განწყობა, ეს “სადღაც” გამგზავრებით გამოწვეული აღტაცება, სტარტის ეიფორია. ჩემს ტვინშიც ხშირად გამართულა ამგვარი ოცნების კენტავრების დოღი, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, რასაც ჩამოვსულვარ, ვისზეც მაყუთი დამიდია, სწორედ იმას გავუწბილებივარ).

მე არა ვარ ამგვარი სცენებისთვის მოწოდებული, სუსტი გული მაქვს და დაგლეჯილი ნერვები. ამიტომ ლიზას თვალს ვუკრავ, მალე მოვალ, ვეუბნები გოგოებს და სადგურის ბუფეტისკენ მივდივარ. ლიზამ იცის, რომ აღარ მივბრუნდები, მაგრამ არაფერს ამბობს. ვგრძნობ მის მზერას კეფაზე, ზურგზე, კიდევ სხვაგან და არ ვტრიალდები. რა გინდა, ლიზა? ხომ ისედაც ნათელია ყველაფერი? მე შენ გუშინ საფუძვლიანად დაგემშვიდობე, ჟანა და მანგო არ მაღელვებენ და, როგორც ვთქვი, არა მსურს მათი ლიფები, ტრუსიკები და სხვა სასარგებლო ნივთები ვათრიო...

 თუ გინდა, დავრჩებით!..

ოჰ! გუთენ თაგ, ლიზა! კიდევ ერთხელ მოგესალმები. შენმა ნასროლმა ისარმა მარცხენა ფილტვის გავლით ღვიძლი დამიზიანა. მეტკინა? არა, პირიქით, ყურადღება მესიამოვნა. ოღონდ ცოტა გული დამწყდა, არ ვიცოდი, მეგობრებთან ერთად კარვებისა და ტურბაზების პოდიუმზე თუ აპირებდი გამოსვლას. გეკითხათ მაინც, აგიხსნიდით, კვალზე დაგაყენებდით, მაგის მეტი რა მინახავს ჩემს ხეტიალში?! გინდა გითხრა, რას იზამთ და როგორ იმოძრავებთ? დილით უსახელო გორაკს დაიპყრობთ ან უცნობ ნანგრევებს დაათვალიერებთ. ამ ნანგრევების ერთადერთი ღირსება და ისტორიული ღირებულება, ზუსტად თქვენნაირი ტურისტების წარწერები და შედარებით მყუდრო ადგილას დატოვებული ბლოკნოტის დაჭმუჭნული ფურცლები და სხვა სიკეთეებია. საღამოს დაღლილები, მაგრამ კმაყოფილები დაბრუნდებით ბანაკში. მდინარის პირას ცეცხლს დაანთებთ და “ტუშონკით” ივახშმებთ. მართალია, “ზავტრაკ ტურისტა” უხეში და ველად გაჭრილი ადამიანების ხვედრია, მაგრამ ლიზა, კოცონთან დარწმუნდებით, რომ ამის მსგავსი კერძი თქვენს დღეში არ გიჭამიათ. აბა, წარმოიდგინე: ნავახშმევი, მოთენთილები და კმაყოფილები უსხედხართ კოცონს. ყველანი ერთსულოვნად იგერიებთ ნასუქი, ნავარჯიშევი კოღოების ურდოს და ამ დროს ინსტრუქტორი  ტურბაზებისა და კარვების ლომი  გულშიჩამწვდომი, იდუმალი ხმით მოგმართავს, კი არ გეუბნება, თითქოს გეფერება, გეალერსება და თანაც იმდენი სითბო, ზრუნვა და სიკეთეა მის ხმაში, რომ შენ ასეთი განსაკუთრებული ყურადღებით გაკვირვებული და ნასიამოვნები, უსაზღვრო მადლიერების გრძნობით აღივსები მის მიმართ. დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები, ლიზა, ეს კაცი პირველივე წუთებიდან მოგხიბლავს და მოგაჯადოებს. ის რკინისაა, არ იღლება, მზე არა სწვავს, ნისლი, გრიგალი, საერთოდ, ბუნებრივი მოვლენები მასზე არ მოქმედებს. კოკისპირული წვიმის ქვეშ მოყოლილი, ისეთივე მშრალია, როგორც წვიმის დაწყებამდე იყო  თითქოს წყლის მოლეკულებს შორის იარა და იმოძრავა. რაც მთავარია, მთელი ორი კვირის მანძილზე ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვია, რომ მოკლა, არ გამოიცვლის, –დაგინებული აქვს. და მაინც, ყველაზე საინტერესო მისი ვიწრო და მრავლისმნახველი, მუხლებზე, ინტიმურ ადგილას და საჯდომზე გამობერილი რეიტუზის შარვალია. შარვლის ერთადერთი უკანა ჯიბე, მარადიულად რაღაცითაა გატენილი და ოდნავ ქვევით დაქაჩული. დიდი, შავი ფოლაქით “დაბეჭდილი” ჯიბე ისეთ საიდუმლოს მალავს, რომლის გახსნა-ამოცნობა უბრალო მოკვდავს არასოდეს უწერია. არ დაგავიწყდეს, ეს უვერტЎურაა, ლიზა, ყველაფერი ახლა იწყება. ახლა გიტარამომარჯვებული ვინმე ფელიქსი გამოდის არენაზე. ფელიქსი –ტურისტული კოცონების ტრუბადური, მენესტრელი და გუსლЎარი. გიტარა კვნესის, ფელიქსი გულსაკლავ ბალადას მღერის დაღუპული კაცის სიყვარულზე, განშორებაზე, შორეულ გზებსა და დაკარგულ წლებზე. ამასობაში, ინსტრუქტორი ცეცხლოვანი წყლით სავსე მათარას ჩამოატარებს წრეზე. თამამად, ლიზა, 2-3 მოზრდილი ყლუპი ამ ჯადოსნური ნექტარისა საკმარისია, რომ გაქრეს დრო, მეხსიერება და მოთენთილობა. რჩება მხოლოდ “შორეულ გზებზე” გაქროლებული აწმყო, რომელიც სისხლს გიდუღებს და მთელ არსებას ტკბილად გიფეთქებს. გრძნობები –პროტუბერანცებია, კოცონი ინავლება, სველ “ბატინკებს” ორთქლი ასდის, სისხლი კი ბრუნავს და საფეთქლებს აწყდება და ალისფერ ორთქლად იფრქვევა ნესტოებიდან. აი, აქ გელის ხიფათი, ლიზა, რადგან ჯერ მზერას იგრძნობ, ხოლო მერე ინსტრუქტორის თვალებსაც გადაეყრები და მიხვდები კიდეც, რომ “ის” იპოვნე  კაცი, ინსტრუქტორი, მეომარი და პოეტი და, რომელმაც უკანა ჯიბის საიდუმლო მხოლოდ შენ უნდა გაგიმხილოს. Lეტ იტ ბლეედ, ლიზა, ახლა უკვე იცი, როგორც ჩნდებიან ამ პლანეტაზე კანონიერი თუ უკანონო ბავშვები.

მაგრამ მე ხმამაღლა, მთელი სადგურის გასაგონად არ გავყვირი ამას. ხედავ ლიზა, როგორ გიფრთხილდები? არ მინდა, ეს ოხერი, ჩემმა ნასროლმა ისარმა ფილტვების გავლით გული დაგიზიანოს. მე ხომ ვიცი, რომ მამაშენი –მოხეტიალე რაინდი არ გახსოვს და არასოდეს გინახავს. ისიც ვიცი  თქვენს საოჯახო არქივს ფოტოსურათიც რომ არ შემოუნახავს. ეგ კი არა, ჩემთან სიტყვა მამაც არ გიხსენებია. “ის კაცი”, “იმ კაცმა”, “იმ კაცს”, ასე აბრუნებ ხოლმე ამ არსებით სახელს...

ლიზა დედასთან ერთად ცხოვრობს. ერთხელ მითხრა, დედაჩემს ორლესული ენა აქვსო. მე შევუსწორე,  ალბათ გინდოდა გეთქვა ორკაპა-მეთქი, მაგრამ დაბეჯითებით გამიმეორა, დამარცვლით: ორ-ლე-სუ-ლი! მეც დავეთანხმე, სხვა რა გზა მქონდა, კამათს ხომ არ დავიწყებდი ჭეშმარიტების დასადგენად. დედამისი მხოლოდ ერთხელ ვნახე და აღარ მინდა, ოდესმე კიდევ ვიხილო. მე თუ რამე გამეგება ღვინის, არყის ან პორტვეინისა, დედაკაცი მძვინვარე “პახმელიაზე” უნდა ყოფილიყო. პატარა და დალეული, მიწაზე დაშვებული ციყვივით სწრაფად და უცნაურად მოძრაობდა, სანამ მომიახლოვდებოდა, უმწიფარი მანდარინი შეაწყვიტა ხეს, ნაყოფი თითებით დასრისა და პირში ჩაიწურა. მერე უცნაურად წაიმღერა –“სტუმრები, სტუმრები, ბიჭები, კაცები” და ჩემ წინ გაჩნდა.

 მე დახურული სივრცის შიში მაქვს, კლაუსტროფობია. როცა ტუალეტში შევდივარ, კარს ყოველთვის ღიას ვტოვებ ხოლმე. –ისე მოულოდნელად, ყოველგვარი პროლოგის გარეშე დამაჯახა ეს, რომ დავიბენი და წავილუღლუღე, –ჰოო, გასაგებია-მეთქი...

 რა არის გასაგები? შენ ეგ კი არ უნდა გეთქვა...

აბა, რა უნდა მეთქვა, ქალბატონო?

 ჩემო ბიჭო, შენ უნდა გეთქვა, ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროსო! ლიზა, ჩემო მზეთუნახავო, საუბრის რა მეთოდები აქვს შენს მეგობარს, ასე როგორ შეიძლება...

დამავიწყდა მეთქვა, – ლიზას ნამდვილი სახელია  მზეო, შენ ჩადი, მე ამოვალ! (აი, სადამდე მივყავართ ეგოიზმს) ოღონდ ამ სახელს ხალხში არ ამხელს. როგორც თვითონ მითხრა, საკუთარ სრულფასოვნებას უფრთხილდება. მძიმე წაბლისფერი თმა, მელიას ეშმაკური თვალები და დაჭორფლილი სხეული აქვს. ყველგან ჭორფლი აქვს, მხრებზეც, ძუძუებზეც და ბაყვებზეც.

ეს ჭორფლიანი ალქაჯი გიამ გამაცნო. იმ დღეს დილიდან წვიმდა. ჩვენ “პირამიდაში” ვისხედით, ზღვას ვუყურებდით და კონიაკს ვსვამდით. ბოლოს გელამ, ბოდიში, გიამ (ხედავთ, ისე დავთვერით, რომ ერთმანეთის სახელებიც აგვერია) საიდანღაც ვიეტნამური ხვლიკიანი არაყი მოიტანა. სპირტში ჩაშვებულ ხვლიკს ნეტარი, ოდნავ სევდიანი ღიმილი დასთამაშებდა ბაგეზე. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე სასტიკად დავთვერი და მგონი სუფრასთან წავუძინე კიდეც. გვიან ღამით უცხო საწოლში გამეღვიძა. ლიზასთან ერთად ვიწექი, ენა სასაზე მქონდა მიწებებული და გაღიმებული ხვლიკის გარდა არაფერი მახსოვდა.

 მე მაშინებს შენი შარვლის ღილები.  მითხრა მაშინ ლიზამ.

 არაფერია, ზოგჯერ მეც მაშინებს ხოლმე, დავამშვიდე ჩემი ჭკუით, თან ვცდილობდი გამეხსენებინა, როგორ აღმოვჩნდი ამ ოთახში.

 შენ რა, ღამის გათევასაც აქ აპირებ?

არა, ლიზა, ღმერთმანი, არაფერს ვაპირებდი, ჩემთვის ვეგდე ლოგინის ჩემს კუთვნილ მხარეზე, მაგრამ შენი სიტყვებით შთაგონებულმა, ფრთებშესხმულმა და გულგამაგრებულმა, თუ გახსოვს, ღამეც გავათიე და კიდევ სხვა “რამეებიც” პირნათლად და დაუზარებლად შევასრულე.

ლიზა მხურვალე სნეგუროჩკაა, ლიზა ფიფქიაა, მე შვიდი ჯუჯა ვარ და ჩემი 28 კიდურით და სხვა უამრავი მოწყობილობით აღჭურვილი, ყოველდღე მივდივარ ლიზასთან (ღმერთო, რამდენს უძლებს ადამიანი) გამოსამშვიდობებლად. უფრო სწორად, დღემდე მივდიოდი... მომავალ შეხვედრამდე ლიზა, ყვავილებს დაბრუნებისას დაგახვედრებ...

რესტორანში გრილა, ახლადმოხალული ყავის და თამბაქოს სუნი დგას. შორეულ კუთხეში ფერმიხდილი ედიკა ზის და ჭიქით წყალი უდგას. წყალს პატარ-პატარა ყლუპებით სვამს  გვალვიან ხახას მაცოცხლებელ ნამს უგზავნის.

 უმი წყლის დედა ვატირე!  მესალმება ედიკა.

ედიკა შეფ-პოვარ ომარას მეგობრად მუშაობს ამ რესტორანში. ორივე ჩემი ძველისძველი ძმაკაცია. სანამ აქ გადმოვიდოდა, ომარა კოხტა, ძალიან მყუდრო კაფეში მუშაობდა. გლიცინიებში ჩაქსოვილ კაფეს ფასადის კედელი სქელი, ორგანული მინისა ჰქონდა და, “სათოფურებით” ზღვაზე გადიოდა. მინის კედელზე ბრჭყალები იყო გახსნილი და გამოსახული  “.....”

– უნდოდა ნაპირი დაერქმია,  საიდუმლოდ გამანდო ედიკამ, მაგრამ ნება არ მისცეს, სიტყვას სხვა დატვირთვა ეძლევა და შეიძლება დაგიჭირონო, ასე აუხსნეს იმ ბოზებმა. “ბერეგის” გამო ვინ დაიჭერდა ბარმენ ომარას, თუ ძმა ხარ, გამოჩიჩქნეს, მოაშორეს იქაურობას ეს დედალი, ძალიან კი დაგვწყდა გული...

ომარას შემწვარი მწყერი და გრაფინით ადესა შემოაქვს. მე არ მიყვარს ეს ღვინო და ომარას პირდაპირ ვეუბნები, შენს ადესას ნაღვინევ დოქში გამოვლებული წყლის ფერი, გემო და სურნელი აქვს, ამას მე ვერ დავლევ!

 ვერც მე,  მხარს მიბამს ედიკა,  ომარ, შამპანური მოგვართვი, თუ შეიძლება!

 ბაღდათის ღვინოა, ბიჭო!  იცავს ადესას ომარა,  მწყერი და შამპანური არ გამიგია მე!

 ბიჭო,  ედიკა თვალებს ჭუტავს და რატომღაც წყლის კუს ემსგავსება,  შენ არ იყავი, გუშინ ხაშზე 5 ბოთლი შამპანური რომ ჩაითქიშინე? ხაშზე თუ გაგიგია, ახლა ერთხელ მწყერზეც გაიგე, რა...

რესტორანში კბილის ექიმი რაფაილ იზრაილოვიჩი და მისი ქალიშვილი რაისა შემოვიდნენ. რაფაილოვნამ 20 წლით ახალგაზრდა იზრაილოვიჩის სახე, ნულოვანი ძუძუები და უზარმაზრი უკანალიც შემოაგუგუნა დარბაზში. მსოფლიო ჩემპიონატი რომ იმართებოდეს კოზლების სიდიდეში, რაისა უეჭველად ჩემპიონი იქნებოდა. გაამაყებული იზრაილოვიჩი იტყოდა:  ეს რაისას ოქროს მედალია, ლონდონის ტრაკების შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა, ან ეს თასი  “ოქროს დუნდული”  კასაბლანკაში გადასცეს ჩემს რაისას, როგორც საუკეთესო ტრაკის მქონე სპორტსმენს. ეჰ, სამწუხაროდ, ასეთი შეჯიბრი არ იმართება და უთასოდ და უმედლებოდ დარჩენილი მამა-შვილი, ვატყობ, ვერ არიან გუნებაზე.

 ახლა მაგათ ყავა უნდათ,  ოხრავს ომარა,  რა ვქნა, ქსენია გასულია, სხვა ვინ მოუდუღებს? წადი, ბიჭო, მწყერი წაუღე,  ეუბნება ედიკას,  ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაანძრიე ხელი...

რა გინდა, ომარ, მე მოვადუღებ, არ მეზარება,  ვატყუებ ომარას, ძალიანაც მეზარება, მაგრამ ვდგები და სამზარეულოსკენ მივდივარ.

 მაშინ შამპანურიც გამოაყოლე, არაყიც, რაც გინდა წამოიღე  ნებას მრთავს ომარა. ომარა არც ძუნწია და არც  ზარმაცი. ომარა წარმოუდგენლად მსუქანია. სანამ აქედან სამზარეულოში გავა და უკან მობრუნდება, ცხრაპირი ოფლი უნდა ჩამოიწუროს სახიდან და 10 წყვილი ხალათი გამოიცვალოს. შევდივარ შენს მდგომარეობაში, ომარ...

სამზარეულოში ბუღი დგას  კერაზე ალუმინის ორი დიდი, ბებერი ქვაბი თუხთუხებს. უკანა კარი ღიაა და ეზოს მონაკვეთი, ერთმანეთზე შეყრილი მუყაოს ყუთები და ფარდულის ყრუ კედელი მოჩანს. კედელზე წერია: –ძალიან მიყვარხარ, კუსკი! წარწერის თავზე ვეებერთელა, ისარგაყრილი გულიც მიუხატავს არტისტს. წარწერაც და ნახატიც ინგლისური წითელით არის შესრულებული, ოღონდ საღებავი ზედმეტი მოსვლია სიყვარულის ალით დათუთქულ ოსტატს  გული სისხლისგან იცლება...

 რაისა ძალიან ახლოდან ან ძალიან შორიდანაა კარგი,  მესმის ედიკას ხმა,  ამას წინათ უწეოტე-ში გავისეირნეთ და მივხვდი  “სრედნი” პლანს ვერ ქაჩავს რაისა.

 მწყერი შეჭამეს თუ წიხლი გვიკრეს ძღვენზე?  ომარას არ აინტერესებს რაისას დისტანციები.

 მწყერიც შეჭამეს და მწყერის კვერცხიც მიაყოლეს...

 მაშინ ჩვენი კვერცხებიც წაუღე, მადლია, ბიჭო...

 ჩვენი კვერცხები შენ თვითონ წაუღე!..

ამეტანა ის ოხერი ჩანთა ვაგონში, რა მოხდებოდა, ღირსებას ხომ არ შემირყევდა? ამეტანა და მერე წამოვსულიყავი. მანამდე გამომესწრო, ვიდრე კედლებზე მიხატული ყველა გული სისხლისგან დაიცლება, ტვინი გამაგრდება, გაიყინება და გალურჯებული ტუჩებიდან მკვდრული ღიმილი გამოჟონავს. გაშტერებული ვუყურებ ფარდულის კედელზე ისარგაყრილ გულსა და წარწერას და ვხვდები, ორგანულ მინაზე გამოსახული, გაფერმკრთალებული ბრჭყალები ჩვენი ძველი, აუხდენელი ოცნებებისთვის იყო გახსნილი...

მერე გარეთ გავდივარ და ვხედავ ლიზას, რომელიც შუა ეზოში დგას და უცნაურად იღიმება.

 დავრჩი,  ამბობს მშვიდად,  დედამ მეზობელი გამომიგზავნა, ის კაცი დაბრუნდა მოულოდნელად... წამომყევი, რა, მელოდებიან...

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სულაკაური გიგი / მე და ჩემი ლიზა