სულაკაური გიგი

მოგონებების მოლეკულები

 

ჟენია

 

ევენიამ, იგივე ჟენიამ სულ ცოტა ხანი დაჰყო ჩვენს ეზოში, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, სამუდამოდ რომ გამჩროდა ტვინის ხვეულებში.

დაბალი იყო, უკისრო, დაკუნთული და არაბუნებრივად ღონიერი. კუზიანი არსებებისთვის დამახასიათებელი გრძელი, დაბერილი ვენებით შემკული ხელები ჰქონდა. წითელი, სახელო-აკეცილი “კაცური” პერანგი ეცვა ყოველთვის, პაწაწინა თვალებში კი რაღაც გამოუცნობი, ველური გამომეტყველება ედგა. დაქანებული შუბლი, ზევით აზნექილი ცხვირი და ცემენტის დასველებული პარკივით “ჩაკირული” ძუძუებიც ამშვენებდა. კიდევ ჰქონდა უჩვეულოდ ლამაზი, მძიმე, მბზინავი წაბლისფერი თმა, – ასეთი ფერი მხოლოდ ძალიან ჯიშიან, მოვლილ ცხენებს აქვთ ხოლმე...

ჟენიას ერთადერთი ნუგეში და სიხარული ჭიდაობა გახლდათ. სპორტის ამ უძველესი და ყოვლად საპატიო სახეობისადმი გიჟურ ლტოლვას განიცდიდა. ეზოში ყველას გვერეოდა, – ბეჭებზე დაგვცემდა და გულწრფელად უხაროდა. ერთხელ მოზრდილ ბიჭს დაეჭიდა, წააქცია და როცა გაიმართა, თმიდან სისხლის წვეთი ჩამოუგორდა საფეთქელზე. რამდენი წელი და საუკუნე გავიდა მას შემდეგ, მაგრამ წარმოუდგენელი სიცხადით ვხედავ იმ სურათს, ზოგჯერ შენელებულადაც წარმომიდგება ის ოხერი კადრი – სისხლის პატარა წვეთი ნელა მოგორავს თმიდან და ალისფერ კვალს ტოვებს...

მაშინაც ვიღაცას მაგონებდა, ოღონდ ვის, არ ვიცოდი. ახლა ვიცი, როცა ჟენიას ხნისა ვარ და ტოლკიენის ჯადოსნური წიგნი წავიკითხე, – ჟენია “დედალი” გნომი იყო, გიმლის დაი და გლოინის ქალიშვილი...

საწყალი ევგენია, ნეტავ სად არის ახლა?

ალბათ იქ, სადაც გიმლია და სხვა დანარჩენი გნომები...

ნადირობა

 

უცნობი როგორ მომიახლოვდა, ვერ გავიგე, ძალიან დაკავებული ვიყავი, – დიდ, ჟღალ კატას გულმოდგინედ, ბავშვური დაუნდობლობით ვუშენდი წვრილად დახვეული ქაღალდის ტყვიებს – “პულკებს”. კატამ ჩემ თვალწინ ამოირბინა ხეზე, ჩვენს აივანს გაუსწორდა და გაშეშდა, ვერც ზევით ადიოდა და ქვევითაც ვეღარ ჩადიოდა. მართალია, მეცოდებოდა, მაგრამ ზამთრისპირის იმ მოწყენილ დღეს ისე ახლოს იყო, ისე წითლად ღუოდა, რომ ცდუნებას ვეღარ გავუძელი, თან გული მეუბნებოდა, ადრე თუ გვიან კატა გონს მოეგებოდა, გულამოსკვნილ ჩხავილს თავს დაანებებდა და მიწაზე დაშვებასაც მოახერხებდა. ამიტომ ვჩქარობდი, საწყალ კატას სეტყვასავით ვაყრიდი ქაღალდის ტყვიებს, მაგრამ ვერ ვახვედრებდი, “პულკა” მჩატე იყო, ბოლო წამს ვერაგულად უხვევდა გეზიდან, მიზანს ცდებოდა. ვჩქარობდი იმიტომაც, ვიცოდი, – ამისათვის დავისჯებოდი, – ჩვენს ოჯახში ყველა სახის და მარკის, კალიბრისა და მოდელის ცხოველის წვალებას ტაბუ ჰქონდა დადებული...

უცნობი მუნჯი აღმოჩნდა. თმა და ულვაში კატის ბეწვისფერი – ცეცხლოვანი ჰქონდა. ცისფერი, მეტყველი თვალებით გამამხნევა და მანიშნა, – სწორ გზას ადგახარ, მეც ზუსტად შენსავით მოვიქცეოდიო. გაურკვეველი შორისდებულიც აღმოხდა (შორი, დებილი შორისდებული), როცა ტყვიამ გეზი იცვალა. შურდულია ანუ “ლაგატკა” გამომართვა და მცოდნე კაცის იერით დაათვალიერა. ჩემი “დერინჯერი” – რუსთაველი მეიარაღის ნახელავი – საბრძოლო ტექნიკის ნამდვილი შედევრი იყო, ნაკლს ვერ უპოვნიდი. მრგვალი, გამძლე საავიაციო რეზინიც ახალი ნაშოვნი მქონდა. მუნჯი კმაყოფილი დარჩა და თვითონაც სცადა ბედი – მოაჯირს იდაყვით დაეყრდნო, კატა შურდულის რქებს შორის მოაქცია და ისეთი ძალით მოზიდა რეზინი, “ყარამანიანის” ენით რომ ვთქვა, – “გოზა გოზაზე მიიყვანა”. როგორც ჩანს, კატას ცხოველურმა ინსტინქტმა უკარნახა – ამჯერად პროფესიონალ მონადირესთან ჰქონდა საქმე – სასოწარკვეთილმა ერთი ამოიხავლა და ბედს დანებდა. თუმცა ბედის უკმაყოფილო მაინცდამაინც არ უნდა ყოფილიყო, – მუნჯის “ნასრევიც” აცდა.

მუნჯს სახე გაუქვავდა, შურდული დამიბრუნა და ცბიერად გადმომხედა. მერე გაიღიმა, ჟღალ ულვაშებში მიმალული ჟღალი კბილები გამოაჩინა და ჯიბიდან თავწაჭრილი, საკმაოდ მოზრდილი ლურსმანი დააძრო. დედა, ბიჭო! ეს ნამდვილი კარტეჩი, ჟაკანი იყო, ამით საბრალო ფისუნიას კი არა, იაგუარს ჩამოიღებდი!

– ვიუიუიიიიიჰვ! – დაიყივლა მუნჯმა, – ავოეეე! ბანზაი! – თან მაჩვენა, როგორ ამოტრიალდებოდა ტყვია ჰაერში და როგორ ჩაესობოდა ბეჭებში კატას. ვაღიარებ: ძალიან ცუდად ვიქცეოდი, დაუნდობლად ვესროდი კატას ქაღალდის “პულკებს”, მაგრამ არც ისეთი გულმხეცი და პირსისხლიანი ვყოფილვარ, საბრალო არსება ხეზე მიმეჭედებინა...

ფოლადის ტყვია წუილით გაფრინდა და მოპირდაპირე ფანჯრის მინაზე აფეთქდა. შემდგომი მოვლენები როგორ განვითარდა, ვერაფერს გეტყვით, დაფეთებულმა ჩემი ოთახის ყველაზე ღრმა უღრანებს მივეცი თავი. მოგვიანებით, როცა უკან მოვბრუნდი, არც კატა დამხვდა ადგილზე და აღარც – მუნჯი...

არც ის ვიცი, ვისი სტუმრები იყვნენ, ჩვენს აივანზე აღარასდროს გამოჩენილან...

 

 

 

ძმები

 

...მარტო ცხოვრობდნენ, პირველივე ბუნაგი ეკავათ საერთო აივანზე. უცოლოდ, უშვილოდ შეაბერდნენ ერთმანეთს. მათთან მისული არც სტუმარი მინახავს და, როგორც მახსოვს, ნათესავებიც არ აწუხებდნენ. ვერ იტანდნენ საბჭოთა წყობას, ვერ ურიგდებოდნენ. სამაგიეროდ, გერმანია და ჩემი ძმა უყვარდათ განსაკუთრებული სიყვარულით: – ლაშა ჩქიმ ჯიმაია, ლაშა გერმანია! – ასე ეფერებოდნენ ხოლმე. ერთხელ ლექსიკონი აჩუქეს წარწერით: – ლაშა – გერმანიას! ძმები – ჩიჩუები! და ა.შ. მართალია, ლექსიკონი ინგლისური იყო, მაგრამ ამას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, სსრკ-ს ფარგლებს გარეთ დანარჩენი ერები ხომ მხოლოდ და მხოლოდ გერმანულად მეტყველებდნენ!..

ერთს არსენა ერქვა, მეორეს – ირაკლი. არსენას ველური გრიჟა ჰქონდა, მაგრამ ოპერაციის გაკეთება-გაგონებაც არ სურდა. ბოლოს იმხელა ტრიკი გაეზარდა, რომ თეძოს და ბარძაყის ძვლები გაეღუნა და ტრიკი თავისუფლად ეკიდა მათ შორის – ჩვენში გავრცელებული გრძელფეხება ობობას მოქანქარე ტანივით...

ირაკლის ფიზიკურ მონაცემებზე და ჯანმრთელობაზე ვერაფერს ვიტყვი, მალე სხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად და ჩვენი ურთიერთობა შეწყდა. თუმცა არა, უკანასკნელად არსენა უნივერსიტეტის ბაღში ვნახე. ბაღის სიღრმეში მდგარ კაფეს დარაჯობდა. ძალიან დაბერებული, გამხდარი და მოტეხილი იყო.

– მიცანი, ძია არსენა-მეთქი, – შევეკითხე.

– გიცანიო, – თავი დაიქნია...

მაგრამ ვერ მიცნო...

რა ჰქონდა, ნეტავ, იმ კაფეს თუ სასადილოს სადარაჯო?!

 

***

ბიჭს ორი საბავშვო გერმანული წიგნი ვუყიდე. ნასადილევს ერთად დავათვალიერეთ კიდეც ის წიგნები – ბიჭი მაგიდასთან იჯდა, მე თავზე ვადექი და ისე ვათვალიერებდით. წიგნები საუკეთესო ქაღალდზე იყო დაბეჭდილი და ძალიან კარგი მხატვრის მიერ დასურათებული. ერთ გვერდზე გაშმაგებული ხარი დაეხატა მხატვარს, მეტი სიმძაფრისათვის ხარს პირიდან დუჟი სდიოდა და უკანალიდან ფუნას აფრქვევდა ვეზუვივით. უცნაურია, წამის რაღაც მეასედით სოფლის და ფუნის სუნი მეცა.

 

 

შოფრული

 

– ხომ გახსოვს, როგორ ვსწავლობდი, მერვე კლასამდე ოთხიც არ მიმიღია, – მახსენებს სკოლის ამხანაგი, – ვუნდერკინდი არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ იმდენი ჭკუა ნაღდად მქონდა, დროზე ადრე მივმხვდარიყავი – გრეჩიხის ჭამით და სუპის ხვრეპით ვერც ამირანი გავხდებოდი, ვერც იური გაგარინი გამოვიდოდი და “კუკურუზნიკადაც” ვერ გადავიქცეოდი. ბიჭო, აბა, დაფიქრდი,  შეიძლება ბავშვს უთხრა, “ჭამე და კოშკზე მაღალი გაიზრდები!” ვინ ჭამს მაგას?! ეგეთ რამეებზე თავის დროზე მეცინებოდა და “სიამოვნებით” მივირთმევდი მათლაფაში ჩასხმულ მ...ს. შეიძლება მაგიტომაც მომიწია დროზე ადრე ქუჩაში გასვლამ... პურის მანქანაზე ვზივარ, შოფერი ვარ, რა, დუშა წიომნაია, შაფიორსკაია...

 

აბასას 1001 ღამე

 

აბასა თბილისელი ქურთია.

და ისეთი შავია, როგორც ნამდვილი ზანგი.

აბასა გიჟია.

აი, აბასას დაბადების ზუსტი ისტორია:

– მამაჩემი ცნობილი თაღლითი იყო, – ასე დაიწყო ამბის თხრობა აბასამ, – ისე გააბრუა ბრძანებელი, ისეთი ტყუილები უთხრა, ისე შეაყვარა თავი...

– ვინ მბრძანებელი, აბას?

– იყო, რა, ერთი... ჰო, ეს გრანიტივით მაგარი კაცი ბრძანებელმა ჰარემის მცველად დანიშნა. იცი, რას ნიშნავს, ჰარემის მთავარი მცველი? არ იცი! მოკლედ, რა, ხო ხვდები, რაც ხდებოდა, – იქით ბრძანებელი, აქეთ – მამაჩემი... ტაინა დვუხ აკეანავ, რა... ეე, ჭკვიან კაცს უთქვამს, მუდმივი არაფერია ქვეყანაზეო და ეს საიდუმლოც გასკდა, შპიონმა თქვა: – ჰარემის მცველი საჭურისი არა ყოფილაო! აბა, გამსკდარი საიდუმლო,  რაღა საიდუმლოა, ძმა! სასახლეში ყველამ გაიგო ეს ამბავი... მამაჩემს, ღმერთმა აცხონოს, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, მაგრამ საწყალმა კიდევ ერთხელ მოატყუა ბრძანებელი, უთხრა, შენი ცოლებიდან ერთ-ერთს ჩემგან შვილი ეყოლებაო... ესა თქვა და, როგორც ჭკვიანი კაცი იტყვის, პირში თევზივით წყალი ჩაიგუბა, გაზითაც ვერ ამოგლიჯეს პირიდან იმ ქალის სახელი. ბრძანებელი ეჭვიანი კაცი იყო, გაგიჟდა და თავისი მეფური ცაციათი და ბრიტვასავით ბებუთით წააჭრა “პირადობის მოწმობა” მამაჩემს. წააჭრა და თავის ცოლებსაც დაერია, ერთ ღამეში დაბრიდა 364 ანგელოზივით ქალი. მარტო ჩინეთის იმპერატორის გოგოსთვის არ უხლია ხელი, აბა, რას იფიქრებდა, რო დედაჩემი (მაშინ 14 წლის იყო) ასეთი ბოზი იქნებოდა! შენ ხო მამაჩემი არ გინახავს?! მოკლედ, რა, კაკრაზ ჩინეთის იმპერატორის გოგოსთან ჩამსახა მამაჩემმა, მის საშოში, მისი ძუძუების ქვეშ... აბა, რაღას გიყვები, ისე ადრე მოვედი ამ ცოდვილ მიწაზე, ისე ვგავდი მამაჩემს, რო ძიძამ ჩემივე უსაფრთხოებისთვის აქეთ გამომგზავნა... მოვა დრო, მე მოვკლავ დედაჩემ როზას და ავალ ბრძანებლის ტახტზე...

– რამდენი წლისა ხარ, აბას?

– დაბადებიდან გაინტერესებს თუ მერე?.. ზუსტად 364 წლის და 12 თვისა ვარ...

 

...ნეტავ დედაშენსო!..

 

კატერები რატომღაც მაშინ მოადგებოდნენ ნაპირს, როცა ძლიერი ზღვაური უბერავდა, წყალი მუქდებოდა და ერთმანეთზე დაყრილი ტალღები თეთრ ქაფს იკრავდნენ შუბლზე.

დიდი ალუმინის რუპორი ხრინწიანი ხმით იწვევდა დამსვენებლებს – "ნა უვლეკატელნუიუ მარსკუიუ პრაგულკუ." რაღა თქმა უნდა, 50-60-იანი წლების ყოვლად მახინჯი სოც-საესტრადო სიმღერებიც სჭექდა, ამ სიმღერებსაც მაგიურად უნდა მიეზიდა და დაეტყვევებინა ზღვის უნახავი ადამიანი. რაში სჭირდებოდა რუპორი, ესტრადა და მოსაწვევები, ისედაც ერთი ზედახორა იდგა, –  ყველას უნდოდა კატერის ბუფეტამდე პირველს მიეღწია – ჩეხური ლუდი და არაყი ეგულებოდათ, – № 1 სატყუარა დედამიწაზე. სამაგიეროდ ზუსტად ათ წუთში “ბარაშკებზე” მოხტუნავე კატერზე, ქიმს გადაკიდებული, სიმღერებით გამხნევებული უკლებლივ ყველა დამსვენებელი ერთსულოვნად არწყევდა ზღვაში სიმწრით, ოფლით და ომით მოპოვებულ ლუდს, არაყსა თუ სიცოცხლეს. ნაპირზე ლურჯები, მწვანე და ყოვლად ყვითლები ბრუნდებოდნენ, აღარც კუჭი ჰქონდათ, აღარც ღვიძლი და ელენთა. მაგრამ რად გინდა, მეორე დღეს იგივე შემართებით, წარმოუდგენელი სიჯიუტით და შეუპოვრობით მიიწევდნენ ზღვაში სასეირნოდ...

ამას არაფერი ეტყობოდა – ოდნავ ურევდა კრიალა “ბასანოჟკებში” წაყოფილ ფეხს, სახე მშვიდი ჰქონდა, საკუთარი ღირსების გრძნობა – ბოლომდე განვითარებული. ტრაპზე პირველი დაეშვა, დანარჩენ მგზავრებს ისე მოუძღოდა, როგორც ჰერმესი გარდაცვლილთა სულებს. თანაც ისეთი ბრგე და მუტრუკი იყო, თვით მკაცრი, ზნეობრივად მდგრადი ქართველი მანდილოსნების მზერაც დაიმსახურა. ასეთებზე ამბობენ ჩვენში: – ნეტავი დედაშენსო! “ნეტავ დედაშენსო”-მ კი შარვალი და პერანგი გაიხადა და სატინის შავი, ფართხუნა, საბჭოური ნიფხვისამარა წარმოგვიდგა. ერთ რამედ ღირდა მისი ყურება: – მობი დიკივით ქათქათებდა, ხოლო ნიფხვის ტოტებს ბრიზი უფრიალებდა. ჯერ სივრცეს გაუშტერა თვალი – ეტყობა, ძალიან მოსწონდა შავი ზღვის ჰორიზონტები. მერე ქვეყნის მპყრობელივით მიმოიხედა ირგვლივ, დაამთქნარა, რაღაც ჰანგებიც გამოახდინა და უცებ პ?ედესტალიდან გადმოგდებულ ქანდაკებასავით დაენარცხა ქვიშას. დაენარცხა და იმწამსვე საღათას სტაბილური ძილით დაიძინა მზის გულზე.

ორიოდე საათში მძინარე მუტრუკი გასივდა და მისტიურად იცვალა ფერი – ალუბლის ნაყენში ჩაღვრილი მზის შუქივით აკიაფდა. სწორედ მაშინ დაადგა თავს ადგილობრივი ბიჭების სამკაციანი რაზმი.

“ჯერ არ არის მზად!” – თქვა ერთმა.

“ჰო”, – დაეთანხმა მეორე, – “თვალები პლასტმასის თეთრი კაკლებივით უნდა გადმოუცვივდეს...”

“ამას რაღა გააღვიძებს...” – მესამეს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მეც ძალიან მაინტერესებდა, რატომ ვერ გაიღვიძებდა მძინარე ადამიანი, მაგრამ ამ დროს პლაჟზე სირენების კივილით შემოიჭრა სასწრაფო დახმარების ორი “რაფი”, ხეების თავზე კი უზარმაზარი ხაკისფერი ვერტმფრენი აგუგუნდა. თუ არ ვცდები, (კარგად არ მახსოვს) ზღვაში სამხედრო კატარღებს და წყალქვეშა ნავის კუზსაც მოვკარი თვალი. ისეთი გუგუნ-გრიალი, ყიჟინა და ჟრიამული ატყდა, იერიქონის საყვირები მოგენატრებოდათ. ექიმები ბუზებივით ეხვეოდნენ გავარვარებულ მუტრუკს, ერთსულოვნად ყაყანებდნენ და ერთმანეთს ისე ახტებოდნენ, თითქოს “გრძელ ვირს” თამაშობენო. თეთრ ხალათებს შორის ნაკვერჩხალივით იელვებდა ხოლმე ალისფერი სხეული – ლამაზი სანახავი იყო... დიდება მარჯვე სანიტრებს! მაგრად იყოჩაღეს, – ექიმებიც და დამწვარიც წიხლებით შეჭედეს და დაანაწილეს “რაფ”-ებში. დიდება შოფერსაც! შემობრუნებისთვის დრო რომ არ დაუკარგავს, – მანქანა პირდაპირ უკუსვლით გააქანა რაიონული ცენტრისაკენ, საიდანაც დაზარალებული ნახევრადშემწვარ მოზვერივით გადაუგზავნეს თბილისში თურმანიძეებს...

რამდენიმე დღეში გულუბრყვილო დამსვენებლებმა ყველა ცნობისწადილი დაიკმაყოფილეს: “ნეტავ დედაშენსო” ხელმწიფის ტოლა კაცი აღმოჩნდა, რუსეთის ერთ-ერთი დაუსაბამო ოლქის გენერალი, მარშალი თუ ადმირალი. იმ ლამაზ ფერს კი, რომელიც მან ჩვენს პლაჟზე ღირსეულად დაიმსახურა, მსოფლიო სამხატვრო საბჭომ (გაითვალისწინა რა დაზარალებულის წარმომავლობა) ტიოინდიგო ?იარკო-როზოვაია უწოდა...

 

ალგეთის ლეკვები

 

მარნეულში ვართ, იხსნება მერაბ ბერძენიშვილის ძეგლი – “კიდევაც დაიზრდებიან”. საზეიმო განწყობა სუფევს, უამრავი ხალხია თავმოყრილი. ვინღა არ არის მოსული – ცკ, ალკკ, “შემოქმედებითი და ტექნიკური ინტელიგენცია”, სოც. შრომის გმირები, “დამკვრელი” მუშები – ფეიქრები, ზეინკლები, ხარატები თუ ჩარხმშენებლები. აქ არიან სიტყვები, წინადადებები და უზარმაზარი ტექსტები. მოსულია ადგილობრივი მოსახლეობა...

ძეგლი გაიხსნა – უღრმესი მადლობა მერაბ ბერძენიშვილს! “კიდევაც დაიზრდებიან” მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას დაამშვენებდა!

ჩვენს უკან იქაური ჭრელი დედაკაცები დგანან. როცა ქანდაკებას საბურველი მოაცილეს, საკმაოდ გაღიზიანებულებმა, მკაცრად წამოიძახეს: – ეტი დეტი კაკოი ნაციონალნოსტი?!

როგორც ჩანს, ჭრელ თავსაფრებს გულით სურდათ, – მერაბ ბერძენიშვილს წინდაცვეთილი ალგეთის ლეკვები დაედგა მარნეულში... რას იზამ, ზოგჯერ არ გიმართლებს ხოლმე, რომ გაგიმართლოს, ალგეთის ნაპირებზე უნდა იყო მოყვანილი...

 

***

“პლეხანოვზე” ვნახე ორი რუსის “მეძავი” – ნამთვრალევი, ბინძური და გაუბედურებული ქალები. ერთი ხნიერი იყო, ერთიც – ახალგაზრდა.

ახალგაზრდა: – "მამა, პაშლი რაბოტაც"...

ხნიერი: – (კვნესის, დასიებულ ფეხებზე ვენები ასკდება) "ნე მაგუ, ია სტარაია"...

 

ბაძა

 

ჩაიარა ილიას იუბილემ, უღიმღამოდ, კომკავშირის დონეზე... ვერავითარი ზეიმი ვერ ვიგრძენი. ამ დღეს ანდრო ბუაჩიძე, ირაკლი სამსონაძე, თამაზ ბაძაღუა და მე ვერ მოვხვდით ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში (ეტყობა, ასე იყო საჭირო!).

წავედით მარტყოფში, ჩემთან. სოფელში ციოდა, ბუხარში ცეცხლი დავანთეთ და შემოვუსხედით. გვქონდა: მწვადი, მწნილი, ყველი, ღვინო და არაყი. მეზობელმა ხილიც შემოგვიტანა. ბაძამ არ დალია, საჭეს უჯდა. იმ დროს საერთოდ აღარ სვამდა, გამალებული მუშაობდა, – “თითქოს რაღაცის მოსწრება სურდა”. სწორედ იმ ღამეს იყო: შინ მომიყვანა თავისი მანქანით, სადარბაზომდე ფეხით მომაცილა და უცნაურად მომეფერა, როგორც უმცროსს, – ისე. უცნაურია, არასოდეს მიუცია თავისთვის ამის ნება, ჩემზე ბევრად პატარა იყო...

 

***

“ბაბო გენაცვალოს” – მითხრა მათხოვარმა, – “დიდხანს იცოცხლე!” – დღეს 10 თეთრი ღირს ტკბილი სიტყვით ჩემი ტკბილი სიცოცხლის გახანგრძლივება...

 

 

უცნაური ხალხი

 

– ამას რას აკეთებ? – შეეკითხა პატარა უფლისწული.

– ვსვამ, – პირქუშად უპასუხა ლოთმა.

– რატომ?

– რომ დავივიწყო.

– რა უნდა დაივიწყო? – პატარა უფლისწულს შეეცოდა ლოთი.

– მინდა დავივიწყო, რომ მრცხვენია, – გამოტყდა ლოთი.

– რისა გრცხვენია? – პატარა უფლისწულს ძალიან უნდოდა ლოთს დახმარებოდა.

– მრცხვენია, რომ ვსვამ, – აუხსნა ლოთმა და ხმა აღარ ამოუღია.

“ჰო, უფროსები ძალიან, ძალიან უცნაური ხალხია”, – ფიქრობდა გზაში პატარა უფლისწული.

ეგზიუპერი, “პატარა უფლისწული”

სვამდა ვაჟა-ფშაველა, ფიროსმანი, გალაკტიონი, სვამდა ოტია...

სვამდა ჯონ სილვერი, სვამდა ულენშპიგელი, სვამდა მინდია...

სვამდნენ მეფეები, პოეტები და მღვდელმთავრები...

სვამდნენ რეალური ადამიანები და გამოგონილი პერსონაჟები და მე მეკითხებიან:

“რატომ სვამ?!”

ღმერთმა შეუნდოთ! რადგან ამის პასუხი მე არ გამაჩნია და (ალბათ) არც არსებობს...

 

ქანთრი  მიუზიკ

 

ძალიან მიყვარს რუსული და ამერიკული ლიტერატურა, კლასიკურიც და თანამედროვეც. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ფოლკლორსაც დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ამ ბოლო დროს ამერიკული “ქანთრი” ისევე მაღიზიანებს, როგორც რუსული “ჩიკა-ჩიკა”...

 

ძეგლები

 

უნივერსიტეტში მისვლის პირველსავე დღეს საგანგებოდ დავათვალიერე ჩვენი გამოჩენილი მეცნიერების ქანდაკებები. ჩემდა გასაკვირად, ამ ძეგლების პორტრეტები არავითარ “სიბრძნეს” არ ასხივებდნენ. პირიქით, ზუსტად ისეთები იყვნენ, როგორც ყველაზე პროზაული, მიწიერი ფიქრის დროს არის ხოლმე ადამიანი. მახსოვს, მაშინ გავიფიქრე, პორტრეტული მსგავსება პოეზია იქნებოდა, კოშმარი რომ არ იყოს მეთქი...

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სულაკაური გიგი / მოგონებების მოლეკულები