სულაკაური გიგი

ნაბიჯები ნასესხებში ­ 

 

რამე უნდა მეღონა, რაღაცით მაინც უნდა გამემხნევებინა ნაწვალები ალმერა. ჩამოვხსენი ბაბუამისის პორტრეტი და ვაჩუქე. თანაც ვუთხარი, პორტრეტზე ვინც იყო გამოსახული. ალმერას სურათისთვის არც შეუხედავს, იღლიაში ამოიჩარა და გასვლისას სასხვათაშორისოდ მითხრა:

– ხო, მართლა, ზონაზე გავიგე, ალბერტას გვამი უპოვიათ. როგორც იტყვიან, გაურკვეველ ვითარებაში. ოთხი ჭრილობა ჰქონია მიყენებული დანით, ყველა სასიკვდილო... დაბრედილი იყო, რა. იმ ცხონებულ ასლანგირეის, კარგად მახსოვს, სამი ბიჭი ჰყავდა, ერთი თვითონაც, გამოვიდა ოთხი, ჰოდა, ეგრე აიღო აბაროტი. შვილების დაფიცება ადვილი არ არის, ძმაო...

– როგორ ფიქრობ, ღმერთის სწამს ეშმაკს? – მეკითხება ოქრო.

– არ ვიცი, ამაზე არ მიფიქრია. ალბათ, უფრო ეშინია, ვიდრე სწამს.

– მე მწამს...

– შენ რა, ეშმაკი გგონია თავი?

– აბა, რა ჯანდაბა ვარ, ბიჭო, როგორც მე ვიცხოვრე, ისე ყველაზე დამპალი ეშმაკიც ვერ იცხოვრებს...

შემეცოდა ოხერი ოქრო, ასეთი ადეკვატური წარმოდგენა რომ ჰქონდა საკუთარ პიროვნებაზე.

რუსეთის მივარდნილ სოფელში რაღაცის წამოსაღებად ვიყავით ჩასულები. ოღონდ რა უნდა წამოგვეღო, არ ვიცოდი, ოქროს საქმეებში არასოდეს ჩავრეულვარ. მე ჩემი გასაჭირები მადგა. უბრალოდ მთხოვა და მეც ჩვეულებისამებრ მივქარე და წამოვყევი.

ძალიან ლამაზი ადგილები იყო: უზარმაზარი, ფართო და მდორე მდინარე კბოდეებით, მდინარეზე გადგმული აბანოებით, შორი ბებერი ტყითა და რაღაცნაირი, რუსული სოფლისათვის დამახასიათებელი სევდითა და სიმშვიდით. გაშლილ ველზე ცხენები ძოვდნენ; შეიძლება არც ძოვდნენ და მე დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება. მოშორებით ჟამისაგან განაცრისფრებული ხის ულამაზესი საყდარიც მოჩანდა.

შავ, ძველებურ ხის ხატაში მიმიყვანა ოქრომ. აქ გავჩერდებით, მითხრა, შეიძლება ორი-სამი დღეც კი დავრჩეთ. სახლში დუსია და ნორა ცხოვრობდნენ – დედა-შვილი. ორივე სიჯანსაღეს და სისუფთავეს აფრქვევდა. ოთახში ცნობილი რუსული «პეჩკაც» ედგათ, დაქარგული ფარდებიც ეკიდათ და საწოლებზე ბალიშების პირამიდაც აღემართათ. ჰყავდათ ცხენი, უჯიშო ძაღლი და უამრავი ფისუნიაც.

ეზოში შესვლისთანავე უნებურად შევჩერდი, იმდენად გაკვირვებული თუ დაინტერესებული სახეები ჰქონდათ ცხოველებს და ისეთი გულმოდგინებით გვამოწმებდნენ, გვათვალიერებდნენ და სულში ჩაგვყურებდნენ, რომ შევკრთი. პირველად მაშინ მივაქციე ყურადღება ცხოველთა მზერას და მივხვდი – ანგარიშგასაწევია.

– მოდით, – გვითხრეს ქალებმა, – სახლში შემოდით.

ჩვენც შევედით და რაღაცები ამოვალაგეთ ჩანთებიდან: ძეხვი, ყველი, სიგარეტები, ლუდი და არაყი. და ოქროს, როგორც სჩვეოდა ხოლმე, მაშინვე გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა და გაუჩინარდა.

– მალე მოვალ, არ მოიწყინო, – მერე უცნაურად შეხედა ქალებს და გაეცინა, – ძალიან ნუ გათამამდები, იცოდე, ყველა წვენს ამოგწრუპავენ...

წავიდა ოქრო და სამი დღე არ გამოჩენილა. შევრჩი ქალებს, მათ ცხოველებსა და «სოლნიშკოს». ვერაფრით დავადგინე, რა აზრი ძევს ამ მოფერებაში...

«მზე აპოლონი მისდევდეს დაფნას...» თითქმის გამუდმებით ვიწექი ხან ერთთან, ხანაც – მეორესთან და ოქროს ველოდებოდი. სხვა რა უნდა მექნა, სოფლის ღირსშესანიშნაობებს ხომ არ დავათვალიერებდი?! გულში ოქროს ვაგინებდი და გულზე ვსკდებოდი, – ჩემს გეგმებში არ შედიოდა ღვთისგან მივიწყებულ ხუტორში ცხოვრება.

ქალები მივლიდნენ, ბოლომდე მემსახურებოდნენ და ცხენებივით სვამდნენ. ჩვენი მიტანილი სასმელი იმავე ღამეს გათავდა და თავიანთი მღვრიე, მაგარი «სამოგონი» გამოიტანეს. ისიც თვითონ დალიეს, მე არა ვარ რახის ტრფიალი და მოყვარული. თანაც ოქროზე დაბოღმილს არავითარი ზეიმი და ქალები არ მაღელვებდა და არ მჭირდებოდა, მაგრამ თავს ნაღდად ვერ შევირცხვენდი.

ოქრო სამი დღის მერე ვიღაც რუს ბიჭებთან ერთად მოვიდა. ტალახში ამოსვრილი ოთხკარიანი «უაზი» ლამის სახლში შემოაგუგუნეს. შოფრის გარდა ყველა მთვრალი, ამღვრეული და აფორიაქებული იყო.

– ჩქარა, ბიჭო, წავედით, ვერ ავაწყვე რაღაცები. ჩქარა, დაანებე ამ ოხერ ჩანთებს თავი, დროზე უნდა გავასწროთ...

– რა მოხდა, ბიჭო?

– მერე, სხვა დროს, მანქანაში გეტყვი...

ვერც მანქანაში და ვერც სხვა დროს გავიგე, რა მოხდა. სოფლიდან კი «გავასწარით», მაგრამ ტრასაზე გაგვაჩერეს ძაღლებმა, 700 მანქანა ჩაგვიყენეს, ავტომატიანი ბრგე ბიჭები დაიზლაზნებოდნენ, პოლიციელები, ხელების გადაგრეხა და პირქვე გაწოლა, ვიღაც ტიპები. მოკლედ, როგორც ფილმებშია ხოლმე, – თავი გამოუსწორებელი «პრესტუპნიკი» მეგონა.

წინ მჯდომი ჩვენიანი აბსოლუტურად მოეშვა და დამშვიდდა, ყველაფრის ხალისი და ინტერესი დაკარგა.

– დავიბრიდე, ძმაო, არაფერი აღარ მიშველის! – ოქროც გარეგნულად მშვიდი იყო, მაგრამ ხომ ვიცოდი, რაც ხდებოდა მასში, – იარაღების ტრიალს და სროლას ვერ ავტეხთ და ოკლაჰომას ვერ მოვაწყობთ, აბსურდია. ეჰ, რაც არი, არი, ეტყობა, ასე უნდა მომხდარიყო...

რამდენიმე ხანში ლაპარაკის, შეურაცხყოფების და ამბის გარკვევის მერე შოფერი და მე იქვე დაგვტოვეს. ოქრო და კიდევ სამნი წაიყვანეს, საით წაიყვანეს, ისიც არ ვიცოდი. რა უნდა მექნა? არავითარი დიდი «კავშირები» და ნაცნობობა არ მყავდა. დავბრუნდი თბილისში და იმავე საღამოს მაგულიც მოვიდა ჩემთან.

მაგული გამოცვლილიყო, ჩამოყალიბებული ქალის არომატს აფრქვევდა. სიმართლე რომ ვთქვა და გულზე ხელი დავიდო, მაგული არ მჭირდებოდა და მისმა მოსვლამ გამაღიზიანა. რუსეთში დავიღალე, დასვენება მინდოდა. სახლში ბევრი საქმე მქონდა მოსაგვარებელი, პლუს მთელი ხლამის გაყიდვასაც ვაპირებდი, – ჩემი კაპიტალი საფუძვლიან შევსებას მოითხოვდა.

– შეიძლება?

– მარტო ხარ?

– ჰო, აბა, კიდევ ვინ უნდა იყოს?

– რა ვიცი, ნოვე, შურა... შემოდი.

მერე პირდაპირ საქმეზე გადავედი:

– მაგული, მოდი, გულახდილად ვუთხრათ ერთმანეთს, რას ვიზამთ, რამდენ ხანს აპირებ დარჩენას...

– მე დიდხანს არ ვაპირებ შენთან დარჩენას, ჩემი გეგმები მაქვს...

– ჩემს გეგმებზე არ გიფიქრია? რას იტყვი? იქნებ მეცა მაქვს ჩემი გეგმები?

– წავიდე, შაკო? – გაიღიმა.

– გითხარი, წადი-მეთქი?! არა, იცხოვრე და მერე ვნახოთ... სახლს იცნობ, ზედა, პატარა ოთახში დაბინავდი და ეგ ჩანთაც აიტანე... ფრთხილად ადი, საფეხურები ძალიან ძველი და მორყეულია. მერე ვივახშმოთ, – ძეხვი, ყველი, ჩაი, რა ვიცი... ხო, სუფრა დიდ ოთახში გააწყვე, მიდი, მიდი... – ეგრევე დავიწყე გოგოს გამოყენება. უკვე იმასაც ვფიქრობდი, ძალიანაც კარგი, რომ მოვიდა, აქეთ-იქით სარბენად მაგულიზე უკეთესს ვის ვიშოვიდი...

– მე ახლა მარიანა მქვია, – მითხრა ვახშმობისას.

– რითი სჯობია, გოგო, მარიანა მაგულის.

– რა ვიცი, მე მგონი, უკეთ ჟღერს... უფრო არასოფლურად...

– ჰო, შენ იცი... თუ ეგრე გირჩევნია, მარიანა იყოს, ჩემთვის სულერთია... მომიყევი, როგორ ცხოვრობდი, რას შვრებოდი...

– ჩვეულებრივად, თავიდან ჩვეულებრივად... უკვე ქალიშვილი ვიყავი და ვფიქრობდი, ალბათ, შურა გამათხოვებს, გზაზე დამაყენებს-მეთქი, მეტი რა უნდა მნდომებოდა?! ნებისმიერი ჯანსაღი გოგო ფიქრობს ასე...

– მერე? არ გაგათხოვა?

– მერე ნოემ დამადგა თვალი. სანამ პატარა ვიყავი, მუხლებზე დამისვამდა ხოლმე, თმაზე მეფერებოდა. როცა წამოვიზარდე, გვერდიდან არ მიცილებდა, ხელს მკიდებდა, ყველგან მკიდებდა...

– მიეცი?

– ჰო... აბა, რა მექნა, წყალში ხომ არ გადავვარდებოდი?

– შურამ იცოდა თქვენი ამბავი?

– აბა, რა, შურამ ყველაფერი იცოდა, მაგრამ თვალს ხუჭავდა... ნოე სახლში ღმერთი იყო...

– იყო?

– ჰო, როცა გამოვიქეცი, დავწყევლე ის სახლი... ერთ თვეში ორივე მოკვდა.

– რატომ გამოიქეცი, ლამაზი გოგო სოფელშიც გათხოვდება და ქალაქშიც, რაღა შურას ელოდებოდი, შენვე გეპოვა კაცი...

– იმიტომ, რომ ნოეს ბიჭმაც იგივე დამიპირა... ერთად გავიზარდეთ, მაგას როგორ ვიკადრებდი?!

«იტყუება, ყველაფერს იტყუება, ერთი სიტყვაც არ მჯერა...»

მეტი არაფერი გვითქვამს, ჩუმად ვვახშმობდით, მე ჩემსას ვფიქრობდი, ის – თავისას. რაღა თქმა უნდა, სუფრის ალაგებაც მარიანას მივანდე, როგორც მახსოვდა ეხერხებოდა სუფრასთან დაკავშირებული საქმეები.

დაახლოებით 10 საათი სრულდებოდა. კაბინეტში ვიწექი, ტინიანოვის «ვაზირ მუხტარის სიკვდილს» ვკითხულობდი და ძალიან არ მომწონდა. რატომ არ მომწონდა, ეს უკვე ჩემი საქმეა, თავს არ მოგაბეზრებთ. კედელზე დაკიდებული საათის წიკწიკიც მიშლიდა ნერვებს. საათები ალექსანდრეს მონომანია, არა – ყველაზე დიდი სიგიჟე გახლდათ – ყიდულობდა აბსოლუტურად ყველანაირ საათს – ანტიკვარულსაც და იაფფასიანსაც. სახლი დროის აღმნიშვნელი მანქანებით იყო გაძეძგილი და არც ერთი არ მუშაობდა; ამ ოხერი კაბინეტის საათის გარდა, რომელსაც მაჯის სამაჯურიანი საათის ფორმა ჰქონდა, იყო ოქროსფერი და ოქროსავე ასოებით ციტიზენ ეწერა. კითხვას თავი დავანებე, იმას ვფიქრობდი, ამ მდუმარე, არამექანიკურმა მექანიზმმა რატომ ამოიდგა ენა და ხმაურით დაიწყო მუშაობა...

უცებ შევკრთი, შევშინდი კიდეც – ჩემ გვერდით ღამის პერანგში გამოწყობილი მაგული დავინახე. როგორ მომიახლოვდა, ვერ გავიგე. საწოლში წამოვიწიე და თვალებში მივაშტერდი, ველოდებოდი, რას მეტყოდა, მერე მე თვითონ შევუტიე:

– მაგული, აქ რა გინდა, რას აკეთებ, გოგო?

– მე ახლა მარიანა მქვია!

– კარგი, მარიანა, აქ რას აკეთებ?!

– შაკო, მართლა გინდოდა იმის ნახვა... მაშინ რომ მთხოვე...

– რა გთხოვე, მარიანა, აღარ მახსოვს.

– აი... – გაეცინა, – ვარდის კოკრების ნახვა...

– რახან გთხოვე, ალბათ, მინდოდა.

– ახლაც გინდა?

– რა გინდა, მარიანა, ჩემგან და ჩემნაირ მახინჯთან... ლამაზი გოგო ხარ, გათხოვდები, წადი, შენი ბედი იპოვე...

– შენ მახინჯი არა ხარ, შაკო, შენ სახიჩარი ხარ...

– ერთი გამაგებინე, სად ისწავლე ეს სიტყვა?! – ნერვები მომეშალა.

– ახლაც გინდა თუ არა...

– რატომაც არა...

მარიანამ უცებ გადაიძრო ღამის პერანგი. ალბათ ნავარჯიშევი თუ იყო ეს ოხერი, ძალიან ეფექტურად გამოუვიდა. ფეხები მხრების სიგანეზე გადგა და ხელები მკერდზე მიიფარა, ნელ-ნელა ჩამოაცურა და ისე გაშალა, თითქოს გაკვირვებას გამოხატავსო. ძალიან მოვიხიბლე და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, შეტრიალდა და ოთახიდან გავარდა. ზურგი და ტაკოც ეშხიანი და ლამაზი ჰქონდა. გვიან ღამით დაბრუნდა და შემომიწვა. უკვე ვთვლემდი და შუქიც ჩამქრალი მქონდა. მარიანა: ღონიერი ფეხები და მკვრივი მკერდი, მოქნილი წელი და დრეკადი ნეკნები; გლუვი ბოქვენი და ალმოდებული პატარა ბუდე და ატომური ენერგია. გაკვირვებისაგან საწოლში წამოვიწეოდი და ვაკვირდებოდი, ვათვალიერებდი. ყოველთვის ერთი სოფლელი, ფლეგმატური და მორცხვი გოგო მახსოვდა... აღარ განვავრცობ, არ არის საჭირო...

ასე ვცხოვრობდით, მაგრამ რაღაც არ მომწონდა ამ ქალში და რა, ვერ დავადგინე, ვერ გავიგე. რაღაც დრომდე ვერ გავიგე. მერე მოულოდნელად და ჯადოსნურად ნივთებმა იწყეს სახლიდან გაუჩინარება. ჯერ ორი ვერცხლის შანდალი გაქრა, რომელსაც ძველისძველი მინიატიურა მიჰყვა და ბოლოს დედაჩემის ხატი, რის გამოც კინაღამ გავაფრინე. მარიანა გუგულივით იყო, ნებისმიერ ჩემს მითითებას და სურვილს ასრულებდა, აბა, მასზე როგორ ვიფიქრებდი რამეს.

«საქმე» სრულიად შემთხვევით «გაიხსნა». შინ საღამოს დავბრუნდი და პროდუქტი მივიტანე. ადრეც ვთქვი, ჩემს სახლში ყველაფერი ჭრიალებს, ძველია, ხისაა. ბებერი ვარცლი თუ ძველი ვარცლი – მგონი, ასე უწოდებდნენ პირატები თავიანთ კარაველებს. შინ ხმაურითა და სტვენით შევედი, პროდუქტი სამზარეულოში გავიტანე და ჩაიდანი დავადგი. მერე წინკარში ფეხსაცმელები გავიხადე და სანდლები ჩავიცვი. როგორ ვერ გაიგო მარიანამ ჩემი დაბრუნება, არ ვიცი, ყველა ნიშნით და წესით უნდა გაეგო.

ჩემს ოთახში იჯდა, პირდაპირ იატაკზე, წინ ჩემი სანდალოზის ყუთი ედგა და შიგ გულმოდგინედ ფათურობდა. ოდნავ შეკრთა, როცა დამინახა, სხვა რეაქცია არა ჰქონია. ერთი თალია გავიფიქრე, წიხლებით შევდგები-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე, თვალებით მძიმე საგანს დავუწყე ძებნა, მინდოდა, თავი გამეჭეჭყა ამ ბაყაყისათვის ან კიდევ უარესი საშინელება მომეხდინა...

– აქ რას აკეთებ, შენი დედა... ჩემი ოჯახის ნივთებს როგორ ჰკიდებ ხელს, შე ნოვეს ნაბოზარო?! – სრული გიჟი ვიყავი.

– მე კლეპტომანია მჭირს, ავადა ვარ, შაკო, – ისე მშვიდად მითხრა, რომ ჩემდა მოულოდნელად დავცხრი და მოვეშვი:

– აქედან გაეთრიე!

მარიანაც გაეთრა და ზედა ოთახში ჩაიკეტა. სანამ მე თვითონ არ დავუძახე, აღარ გამოჩენილა, შუქიც კი არ აუნთია. თუმცა შუქი იმ საღამოს ისედაც ჩაქრა და მხოლოდ მაშინ მოვიდა, როცა ყველაფერი დამთავრებული იყო.

მე სანთელი ავანთე და კიბეს მივუახლოვდი. კიბე ოდნავ უხვევდა და ზევით სულ ცოტათი ვიწროვდებოდა. დიდი, მოჩუქურთმებული ბურთებით დამშვენებული მასიური ხის მოაჯირი ჰქონდა, თუმცა საფეხურები არაფრად უვარგოდა, – იმდენჯერ შეაწუხეს ზევით-ქვევით სირბილით თუ სიარულით. მე მარცხენა იდაყვით ბურთს დავეყრდენი, მარჯვენათი სანთელი ზევით ავწიე და მარიანას დავუძახე, ჩამოდი, სალაპარაკო მაქვს-მეთქი. მოულოდნელად უცნაური რამე შევნიშნე – ჩრდილს უკან კი არ ვისროდი, არამედ წინ საფეხურებზეც ვაფენდი და კედელზეც.

ზედა ოთახის კარი ფრთხილად გაიღო. კიბეც თითქმის იქვე იწყებოდა და მე რაღაცნაირად მივხვდი, რომელი საფეხურიც ჩაუტყდებოდა მარიანას. ქალი ხმაურით დაგორდა, ორი წარმოუდგენელი სალტო გააკეთა, ჩემს ჩრდილში გაიარა და ზედ ფეხებზე დამეცა.

გავიწიე.

მარიანა ფეხშიშველი იყო, ცხვირიდან სისხლი სდიოდა და მე გვერდულად ამომყურებდა.

– ხომ გითხარი, კიბე დამპალია, ფრთხილად იყავი, მარიანა... მშვიდობით, შენ მართლაც ვერ გაჩერდი ჩემთან დიდხანს...

გადავაბიჯე და «მის» ოთახში ავედი. დიდი ძებნა არ დამჭირვებია, საწოლის ქვეშ შეცურებულ ჩანთაში ეწყო ჩვრებში გამოხვეული ჩემი ნივთები. არ ვიცი, ვის დასცინოდა საბრალო ქალი, ხატი წითელ ტრუსიკში გაეხვია. ჩემი «ბრაუნინგიც» კი იქ იყო და ალექსანდრეს მონეტების კოლექციაც, რომელიც მე საერთოდ აღარ მახსოვდა.

მერე იყვნენ ექიმები და ძაღლები, მღვდელი – წესის აგებით, სამდღიანი «ტრაური» და წვიმიანი დაკრძალვა დიღმის სასაფლაოზე.

პირში ცინიზმის გემოს ვგრძნობდი, მაგრამ რა მექნა, არანაირი წვენი და კევი ამ გემოს არ თუ ვერ გამიქარვებდა. თანაც მგონი ყველაფერი ფეხებზეც მეკიდა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ სევდა მომეძალა...

საავადმყოფოდან წამოსული კაფეში შევედი და კიევური კატლეტი და რაღაც წვენი შევუკვეთე. ისევ ბედკრულ ოქროზე ვფიქრობდი, – როგორი გამოცვლილი გამომეცხადა, ძალიან დაღლილი და 4 წელიწადში დაბერებული კაცი, თვალებში შუქჩამქრალი და თანაც მაგრად მოსუქებული.

ფული, საკმაოდ დიდი თანხა მთხოვა.

– რა იყო, ბიჭო, ეგეთი ნოყიერია ბალანდა? – გავეხუმრე.

მხრები აიჩეჩა, ფული გამომართვა და წავიდა.

– პირველივე მოთხოვნამდე, – ასე მითხრა.

ამ შეხვედრიდან ბევრი თვე გავიდა და მეც უამრავი სისულელე ჩავიდინე. გავყიდე გასაყიდი და არ მეყო. ვიცოდი, ოქრო საავადმყოფოში იწვა და მივადექი, სხვა გზა არ მქონდა. და რა დამხვდა? არაფერი!

«სახლს გავყიდი, აბა, რა ვქნა, ის დიანა ფულს ვერ დამიბრუნებს და არც გამოვართმევ. ეს დღესავით ნათელია. დრო მაქვს და მოსაგვარებელს მოვაგვარებ. იმის დედაც ვატირე, მერე ვნახოთ...»

კაფეში დიდხანს შევრჩი, – სასმელიც დავლიე და ქარის ჩადგომასაც დაველოდე. ქარი მართლაც ჩადგა და გვიან შინისაკენ მიმავალს მსიამოვნებდა სიგრილე, რომელიც ქარმა ქალაქს დაუტოვა.

მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩის კუთხეში ბიჭები დგანან, რაღა ბიჭები, კაცები არიან. მაღალი ჭაღარას გამოსვლაა:

– მე, ძმაო, თბილისელი ქეში ვარ, მგონი ამით ყველაფერი ვთქვი. შენ გახსოვს ყვარლის მოსაწევი? ულო გახსოვს? ჩიჩა, ჟორიკა, სიომა?.. – ჰოდა, ნუ ატრაკებ, ძმაო...

გავერიდე.

შიშის გამო კი არა, ამ თაობის თბილისელი ბიჭები სერიოზული ხალხია, უმიზეზოდ თითს არავის დააკარებენ, პირიქით, მოეფერებიან კიდეც. მე ჩემს თავთან მინდოდა ყოფნა, მეჩვენებოდა, რომ ერთად დიდი ხანია არა ვყოფილვართ, მარტო არ დავრჩენილვართ. უეჭველად სასმელის ბრალი იყო, კარგა ბლომად დავლიე. მარტო არა ვსვამ ხოლმე. არც სენტიმენტალური ვარ, მაგრამ, ეტყობა, ოქრო გულზე მომხვდა, 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სულაკაური გიგი / ნაბიჯები ნასესხებში