სულაკაური გიგი

ტრისტანას დუქნის მცირე ისტორია

 

 

ტრისტანას თავიდანვე არ მოეწონა შემოსულები.

ორნი იყვნენ, ქერა და მეორე, წარმოუდგენლად გამხდრები, აწოწილები. დაუდევრად ეცვათ, მკაცრ, თითქმის პირქუშ სახეებზე რაღაც უცნობი, შორეული სევდით დანიშნული თვალები უბრწყინავდათ. თანაც ზუსტად ისე დაიზლაზნებოდნენ, ყველაზე ძალიან რომ აღიზიანებდა ტრისტანას.

ტრისტანა ლტოლვილთა პირველივე ნაკადს შემოჰყვა თბილისში. ამ თემაზე ლაპარაკი არ უყვარდა და დაბეჯითებითაც ვერავინ იტყოდა, საიდან იყო, რომელი კუთხიდან. კილო და იერი თითქოს ქალაქური ჰქონდა, ლტოლვილისაც ბევრი არაფერი ეცხო. შემოჰყვა და ეგრევე დუქანი ჩადგა ქალაქის “პრესტიჟულ” უბანში. ოღონდ ჯერ დუქანი გაჩნდა და მერე ტრისტანა თუ პირიქით, ესეც არავინ იცოდა, არავის ახსოვდა.

დუქანი ლითონის შიფერისა იყო, გრილი, პატარა. სულ ოთხი მაგიდა და დახლი იდგა. დახლს უკან, ფარდაჩამოფარებულ კუთხეში სამზარეულო მოეწყო ტრისტანას. აქ მისი ცოლი, დევის ქალივით ვეებერთელა მაყვალა ტრიალებდა. როცა ბიჭები შემოვიდნენ, იმ წუთებში მაყვალა რაღაცას გაჰკიოდა დაკარგულ მამულებზე, რომელიღაც პარტიაზე და გამუდმებით ახსენებდა სტატუსსა და დახმარებას.

– ასე მხოლოდ სიბერის პირველი ტალღები ამკაცრებს და აბოროტებს ქართველ დედაკაცს! – თქვა შემოსვლისთანავე ქერამ და კუთხის მაგიდისკენ წავიდა.

– ორი ას-ასი ჩამოგვისხი, ჯიგარო, – შენელებული ხმით ამოღერღა მეორემ, – ბიჭო, მიაყოლებ რამეს?

შეკითხვა უპასუხოდ დარჩა. მეორემ ხურდა დახლზე დაყარა, ჭიქები ცალი ხელით წამოიღო და ამხანაგს მიუჯდა.

– თუ მეტი არაფერი გინდათ, იქნებ აქვე დაგელიათ, რა?!.

– ვაჰ? – გაიკვირვა მეორემ. – ხედავ, რა კატეგორიული და მომთხოვნი მედუქნეა, ბიჭო?! უცებ გადაგვეკრა და გავსულიყავით, არა?! იცი, რას გეტყვი, იუზგარ? მე აქ მარტო სასმელი კი არ ვიყიდე, მე ეს მაგიდაც ვიყიდე, ჰაერიც და დროც, გაიგე?!

“მორფინისტები არიან, მე ამათი დედა ვატირე!” – თავისთვის დაასკვნა ტრისტანამ და, გაიგო, ყოველშემთხვევაში, ხმა აღარ ამოუღია.

ქერამ არაყი მოსვა და ხმადაბლა შეიგინა.

– რა იყო, შხამია? – მეორემაც მოსვა, – ეგრეც ვიცოდი, რას ასხამენ, ამათი დედაც...

– ჰო, იმას გიყვებოდი, ბიჭო, მაგრად დავლიეთ, ერთიერთზე, ისე გავითიშეთ, როგორც მარიაკები უცნობ პორტში. აი, მაშინ ვუთხარი, პირდაპირი კი მიდის ლუზაში, მაგრამ მე მაინც სვოი მირჩევნია-მეთქი. ირაკლაც დამეთანხმა. ხო იცი, მაგის ბაზარი, სწორი ხარ, ძმაო-ჯან, მითხრა, როგორ ხოდზეც არ უნდა იყო, შენი მაინც შენია და ეგეთები...

– მე ყოველთვის მიყვარდა თქვენში ავრელიუსი მარკუს...

დუქნის ღია კარიდან ვოლვო-ს სამი კრიალა ავტობუსი მოჩანდა. ავტობუსებთან ხალხი ირეოდა, ბავშვებიც ყიჟინით და ჟრიამულით დასდევდნენ ერთმანეთს.

– ნახე, ბიჭო, აქედან ხალხი ფერად ქაღალდებში გახვეულ კანფეტებსა ჰგავს...

– ჰო, ოღონდ მოძრავ კანფეტებს, ერთი სული აქვთ, როდის ჩაუვარდებიან ლიფე-ს საახალწლო ხახაში...

– აბა, თუ მეტყვი, იუზგარ, რატომა აქვთ ჯანმრთელ, ნორმალურ კაცებს ოთხი კვერცხი და ორი ასო? – შეეკითხა მედუქნეს ქერა.

მედუქნემ მხრები აიჩეჩა.

– თემიდან გადაუხვიე, ძმაო... შენ კი, ჯიგარო, – მიუბრუნდა ტრისტანას მეორე, – მე გიკარნახებ, ოღონდ თუ გიყვარდე, არ გამცე, თორემ ეს კლიენტი ადვილადფეთქებადი ნივთიერებითაა სავსე და ცოტა არ იყოს, მეშინია, ჩვენი უსაყვარლესი დუქნის ანტურაჟი არ გამოცვალოს, – მეორემ არაყი გადაჰკრა, მერე ხელები რუპორივით მიიტანა ტუჩებთან და ხმამაღლა იყვირა, – იმიტომ, რომ ერთი საშინაოა, მეორე – საგარეო! ახლა ხომ გაიგე, იუზგარ?!

– რა მაგარი ხარ, ბიჭო! მაგრამ მეც ხომ დიადი რენე ვარ! გაიხსენე, ვინ გიწოდა თავზარდამცემი გენია...

ტრისტანა ვერ იტანდა ასეთ უაზრო საუბარს, არც ესმოდა და არც სურდა გაეგო. სად ეცალა ხუმრობისა და შარჟებისათვის, – უამრავი საქმე ჰქონდა და თავისი კლიენტებიც ჰყავდა. “ჰე, თბილისელი ბიჭები! მე თუ აქაური არა ვარ, რა, ცუდი ვარ?! მე უბრალო ხალხი მიყვარს, გაგება რო იციან, ტყლარჭი ხალხი არ მიყვარს!” – იტყოდა ხოლმე. თავის მუშტრებთან, – “ზავსეგდატი კლიენტებთან” სვამდა კიდეც, ნისიადაც აძლევდა სასმელს და “ჯიგარი ბიჭის” სახელიც ჰქონდა დავარდნილი. თუ ხანდახან ამ რანგის სტუმრები ეწვეოდნენ, ტრისტანი იძაბებოდა, ღიზიანდებოდა და სანამ “ეგეთები” მის ტერიტორიას დატოვებდნენ, თავისი ემართებოდა.

დუქანში ჩაფსმული და გაქონილი არსება შემოვიდა. შემოსასვლელშივე დაეყრდნო იდაყვით დახლს და მედუქნეს ძმაბიჭურად ჩაუკრა თვალი. ტრისტანამ ყურმომტვრეულ, დაბზარულ ყავის ჭიქაში ჩამოუსხა არაყი. მისაყოლებლად ლიმონათის ნაკლული ბოთლიც დაუდგა.

– აბა, ზდაროვათ! – ლოთმა ნელა, სვენებ-სვენებით, პროფესიონალურად დალია, – შაქარია, ტრისტან-ჯან, შაქარი, გაიხარე, ჯიგარო!..

ლოთი ერთხანს ადგილზე ყანყალებდა, მერე დარბაზს ჩაფსმული, მაგრამ ნასიამოვნები კაცის ნეტარი ღიმილით გაუღიმა და თვალები გაეყინა.

– ასე აშუშებს ადამიანს შენი სასმელი, იუზგარ?..

– ამის პიანი საზერცანიებიღა გვაკლდა, ბიჭო...

– ეე, იცით, ეგ რა ბიჭი იყო?!. – ვეღარ მოითმინა ტრისტანამ, – თავის დროზე მაგარ მაყუთსაც შოულობდა და მაგრათაც გრიმიტობდა... ამ ცხოვრების დედა ვატირე!..

– თქვენ რა, ერთად გაიზარდეთ, იუზგარ? გადაეცი, აქ არ მოვიდეს, რამე არ ამკიდოს...

– მიდი, ერთი ბოთლი ჩემი ჯიბიდან გაუკეთე და უთხარი, წავიდეს, ამ ბოლო დროს სტრანნათ ნიპრიატნი არომატები დაცურავენ ჰაერში.

ბოთლის ხსენებაზე ლოთი ერთ წამში გამოფხიზლდა. ტრისტანას არაყი ჩამოართვა, ბიჭებს წირპლიანი თვალები შეანათა და გაუჩინარდა.

ცოტა ხანში დუქანში ძაღლმა შემოიხედა. დიდი ინტერესით დაყნოსა ჰაერი და კორპუსის მეოთხედი მოკრძალებით შემოდგა დარბაზში.

– მოდი, ცუგა, – დაუყვავა ქერამ, – ერთი ჭიქა დაგვილიე...

– გადი, ძაღლო, გარეთ! – კივილით გამოვარდა მაყვალა, – კარგით, რა, ყველაფრის გამასხრება არ გამიგია მე, თქვენ დალევთ და წახვალთ, ერთი მეც მკითხეთ, რესტორანში რა უნდა ძაღლს?!

– რესტორანი, ეს ხმამაღლა ჟღერს! – არტისტულად წარმოთქვა მეორემ.

– ჰო, ძაღლი ტახტის ქვეშ ან კარადის თავზე უნდა იყოს შემოდებული, ხედავ, ძმაო, როგორ განვავრცე ძველი სიბრძნე...

– წადი, ქალო, საქმეს მიხედე! – გაკიცხა ცოლი ტრისტანამ, – აქაურობას უშენოდაც კარგად მოვუვლი.

ბიჭებმა ას-ასიც აიღეს. ქერამ ჯიბიდან საოკეანო ლაინერივით დიდი, მძიმე და ძალიან ლამაზი დანა დააძრო.

– ზედ ბროდვეიზე მაქვს ნაყიდი, ძმაო... შენი რა უყავი?

– ჰო, მახსოვს, ამ ტისაკებით არ შემოგვეჭრა გივიას და ვაჟას დიდადპატივსაცემი გვამები?!. ეჰ, ჩემი რახანია, ლევანასთან ერთადაა ზღვაზე...

ბიჭები უცებ გაჩუმდნენ, ცალკ-ცალკე ფიქრებში წავიდნენ. ქერა დანას გახსნიდა და იმწამსვე ისევ დაკეცავდა, მერე ისევ გახსნიდა და მაშინვე დაკეცავდა. ასე მდუმარედ ისხდნენ და ეწეოდნენ. ქერა დანას ატკაცუნებდა, მეორე კი მარცხენა ხელს უცნაურად ამოძრავებდა ჰაერში, თითქოს ვიღაცას ემუქრებოდა თუ ეკამათებოდა.

“ვაჰ, გიჟები არიან, შობელძაღლები! აი, მაგიტო არ მევასება ეგეთი ხალხი”, – ტრისტანამ დახლის დიდი, ბრტყელი, შავტარა დანისკენ გააპარა თვალი, – “ეშმაკს არა ძინავს, კაცო!..”

ტრისტანა ბიჭებს აკვირდებოდა და თავისდაუნებურად აღმოაჩინა, რომ ორივეს დაღლილი, კაცური სახე ჰქონდა, ხელებიც კაცური ჰქონდათ, – დიდი და მძიმე. რაღაცით თითქოს ჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს და არც ჰგავდნენ. მეორეს მოზრდილი, შინდისფერი ნაიარევი აჩნდა შუბლზე. ამ აღმოჩენამ რატომღაც ორმაგად გააბრაზა და გაანერვიულა მედუქნე. “სიმაღლეში და სიგამხდრეში ეჯიბრებიან ერთმანეთს, ამათი მორფინისტი დედა ვატირე!..” თვალი ისევ დახლის დანისკენ გაექცა, მეტიც, დანა ფრთხილად მისწია თავისკენ. ერთი თალია ისიც გადაწყვიტა, რაღაც მწარე, გესლიანი ეთქვა ბიჭებისთვის, მაგრამ საღმა, ქვეცნობიერმა ტრისტანამ უკარნახა, – ამ წუთას ბიჭების პროვოცირება, მათი გაღიზიანება ნაღდად არ შეიძლებოდა...

– იცი, რა უნდა გითხრა, იუზგარ, – ქერას არ გამოპარვია ტრისტანას მოძრაობა და სულიერი რხევები, – ერთი კაცი იყო, მისტერ როკუელ კენტი, რომელმაც ბრძანა, რომ ძაღლებსა და ადამიანებს შორის მხოლოდ ქვეშაჯვიები იკბინებიანო... მე დავეთანხმე, შენ რას იტყვი, იუზგარ?

– მე რა ვიცი, რა გინდათ ჩემგან?! – წამოიყვირა ტრისტანამ.

– ხედავ, რა ნერვიულია, ბიჭო?! შენ, იუზგარ, აუცილებლად ნევროპათოლოგს უნდა ეჩვენო...

ფარდიდან გაავებულმა მაყვალამ გამოიხედა. თვალების ბრიალით და წარმოუდგენელი სიბოროტით და ზიზღით შეხედა შემოსულებს.

– ქალბატონო! – გაიხარა ქერამ, – რა კარგ დროს გამოიხედეთ, სწორედ ახლა ვეუბნებოდი თქვენს მეგობარს, ფსიქიატრს უნდა ეჩვენო-მეთქი, თორემ ამას რომ ნერვებმა უმტყუნოს, რაღა მეშველება, ხომ უნდა გამისკდეს გული, დავიბრიდები და ეგ არი...

– რას მიყურებ, დევის ქალო, – ისევ ნელა ამოღერღა მეორემ, – ხუმრობა არ გესმით...

– დამპლები, გათახსირებულები! – დაისისინა მაყვალამ, – ვაი, მაყვალა? ვის ემსახურები, შე უბედურო?!.

მაყვალას არ დასცალდა მადრიგალის დამთავრება. დუქანში კიდევ ორნი, ახალგაზრდა ქალი და კაცი შემოვიდნენ. ხაჭაპური და ლიმონათი შეუკვეთეს. სანამ მაგიდას მოუჯდებოდა, კაცი უცნაურად დააკვირდა ბიჭებს, საერთო სალამი თქვა და მერეღა დაჯდა.

– სადაური კაცი ხარ, ძმაო? – ქერა ისევ დანას ატკაცუნებდა.

– აქაური ვარ...

– არა, ვერ გამიგე, საიდანა ხარ...

– რა იყო, ეგეთი შავი ვარ? – გაეცინა კაცს, – თბილისელი ბერძენი ვარ, სამშობლოში მივდიიივართ, – წაიმღერა.

– ბიჭებო, ნუ შეაწუხებთ, რა, – ჩაერია ტრისტანა, – ამხელა გზაზე დგანან, ამდენი სანერვიულოა...

– შენ ვინა გკითხავს, ბიჭო! – შეუღრინა მეორემ, – რაღაც არა მგონია, ეს კაცი შეწუხდეს ასეთ უბრალო შეკითხვებზე, ხომ გაქვს შენი საქმე?! ჰოდა, მიხედე, შენ საქმეში ჩაყავი ცხვირი, ჩვენ ჩვენი დაგვანებე!..

– ჰო, მე არა ვწუხდები, ჯიგარო, – ბერძენი იღიმებოდა, კარგ გუნებაზე იყო.

– ბერძნული იცი, ძმაო? – ქერამ, როგორც იქნა, დაკეცა დანა.

– ჩემნაირი ბერძნული ყველა თბილისელმა იცის...

– ესე იგი, არ იცი... ათენში მიდიხართ?

– არა, სალონიკში. ეს გოგო ჩემი ცოლია, ამის ნათესავებთან მივდივართ. ამან კიდე, ქართული არ იცის... ეე, სად წავა, ადრე თუ გვიან ისწავლის, მა რას იზამს...

ქალი შავგვრემანი იყო, გამხდარი, მაყვალისთვალება. ისიც იღიმებოდა და ბიჭებს ყოველგვარი რიდის გარეშე უყურებდა თვალებში.

– თქვენი ისტორია თუ იცი? – შეეკითხა მეორე, – აი, არგონავტები, მენელაოსი, ზევსის ტაძარი... არისტოტელე...

– მე ონასისი ვიცი...

– ეგეც საქმეა, ძმაო...

ტრისტანამ თეფშები, ჭიქები და ქაღალდის ხელსაწმენდში გახვეული დანა-ჩანგალი გამოიტანა. ლიმონათი და ხაჭაპურებიც მიაწოდა ცოლ-ქმარს. ქალმა წვრილად დაჭრა თავისი ულუფა და ისე შეექცა.

– ხაჭაპური ხელით უნდა, დაიკო...

– მაინც ვერ გაიგებს, რა უთხარი, – შემოტრიალდა ბერძენი, – გაუშვი, როგორც უნდა, ისე ჭამოს... თქვენ სადაურები ხართ, ბიჭებო?

– ამის არ ვიცი, მე კარენოი ამპლანეტელი ვარ, ყველას გაგვიმარჯოს! – ქერამ არაყი გადაკრა, – ხომ არ დალევ, ძმაო..

– არა, ძამიკო, გზაზე ვართ, რამე, დიდი მადლობა! – დაკუნთული ხელები ასწია ბერძენმა.

– იარაღი თუ გიყვარს, ძმაო? – შემპარავად შეეკითხა მეორე.

– იარაღი? ხელოსანი კაცი ვარ, იარაღი როგორ არ მიყვარს...

– მაშინ, რახან იარაღიც გიყვარს და თანაც მიდიხარ, ამ დანას გაჩუქებ, აქაურობას მაინც გაგახსენებს. აჰა, შენია, გამომართვი!..

– სულ კი არ მივდივარ, კაცო, ერთ თვეში უკან დავბრუნდები, – აღელდა ბერძენი.

– ეგ უკვე ჩემი საქმე აღარ არის. მე მოგეცი, შენ როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ახლა არ დამიწყო, შენი სახელი მაჩუქე, ძმაო, და ეგეთები.

– არ დაგიწყებ, – გაეცინა ბერძენს და დანა შეინახა, – დიდი მადლობა!

სიჩუმე ჩამოვარდა. ბერძნებმა ისაუზმეს, ბიჭებს დაემშვიდობნენ და გარეთ გავიდნენ.

– საიდანღაც მეცნობა ეს კაცი, – თქვა მეორემ და ჩაფიქრდა, – არა, ვერ ვიხსენებ...

– დათო, ვერ მიცანი, დათო?! – გაისმა გარედან ბერძენის ძახილი, – ზღვაზე ერთად “ვისვენებდით” ბიჭო, კანტუზია გქონდა, თბილისში მე წამოგიყვანე...

– მოიცადე! ერთი წუთით მომიცადე! – მთელი ხმით დაუყვირა მეორემ და გარეთ გავარდა.

ტრისტანა დაიბნა, დახლს გადმოეყუდა და გაოცებული თვალი გააყოლა გაქცეულს. და, რა თქმა უნდა, ვერ გაიგო ქერას ნათქვამი:

– ორი ას-ასიც ჩამოყარე, იუზგარ!.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სულაკაური გიგი / ტრისტანას დუქნის მცირე ისტორია