სულაკაური გიგი

ფოთოლი სახეზე

 

 

რაფიკა სარდაფში მოკვდა, ელდარასთან.

უცებ მოკვდა, სკამზევე გაიპარა, იქვე გაიყინა, სადაც იჯდა.

ბიჭებმა თქვეს: კარგია ეგეთი ადვილი სიკვდილი...

მე არ ვიცი, რას ნიშნავს ადვილი და ძნელი სიკვდილები, – გამოუცდელი ვარ. მაგრამ გულში მაინც დავეთანხმე. ტანჯვა-წამებით სიცოცხლის გახანგრძლივებას ალბათ ნაღდად ჯობია.

მახომ გამოაცხადა: – ყველაფერი იმ ნაბიჭვარი ელდარას ბრალია, უფულო, არაყზე დამჯდარ რაფიკას ერთი ჭიქა არ დაალევინაო...

ელდარამ თავი დაიცვა: შემოვიდა და დაჯდა, ბიჭო, როგორც იცოდა, ჩვეულებრივად, თან ხმაც არ ამოუღია, ყოველთვის შავი იყო და იმდღევანდელი ზედმეტი სიშავისათვის ყურადღება აღარ მიმიქცევია... იჯდა თავისთვის, ქარი იყო, ჭადრის ფოთოლი შემოფრინდა, სახეზე აეფარა და ზედვე შერჩა... სახეზე ფოთოლაფარებული მოკვდა ეგ ჩემისა, მე რა უნდა მექნა, ძმაო...

ელდარას რა ბრალია, რაფოს სიკვდილიცა და სიცოცხლეც მხოლოდ და მხოლოდ რაფოს ეკუთვნოდა, სხვას არავის. მე მგონი, ეს ბედისწერაა, ასე ჰქვია.

იწვა პატარა რაფიკა პატარა კუბოში, შავი, გაუპარსავი, სახემორღვეული. თავთით არც სანთელი ენთო, არც ჭიქა ღვინო ედგა, არც წყალი და ხორბალი.

მე არ ვიცი სომხური ადათ-წესები, არა ვარ ამ საქმეში ჩახედული კაცი. მაგრამ რაფო თბილისელი იყო, ქართულად, მშობლიურად და რუსულად თავისუფლად მეტყველებდა და გადაუჭრელ პრობლემებსაც სამ ენაზე აგვარებდა ხოლმე.

წავედით მე და მაზალო, სანთელიც ვიყიდეთ, ღვინოც და თან მღვდელიც მოვუყვანეთ. რაღაცნაირად ცელქი მამაო შეგვხვდა: ჯერ იყო და თვალი ვერ გაუსწორა მიცვალებულს, რუსულად გეტყვით, რაფოს გაეხარდებოდა, – ... მერე ელვის სისწრაფით აუგო წესი და სინათლის სიჩქარით გაუჩინარდა. ეგ არაფერი, თავის დროზე მიცვალებულიც ცელქი ბიჭი გახლდათ.

ბიჭები სამზარეულოში გავედით და ჭიქა ღვინო ავწიეთ.

– ახლა ეგ უკვე რაფიკების სამოთხეშია, – ამბობს მაზალო, – პატარა ბუტკაცა აქვს ჩადგმული, სიგარეტები, ჟივაჩკები, არაყი, რამეები... თანაც ხო იცი, ნისია და ეგეთი აბსტრაქციები იქ არ მოსულა, ძმაო...

– ხო, –  ეთანხმება მახო, – აბსტრაგირება ცოცხალთა ხვედრია...

– მაგრამ მკვდარი რაფიკა მაინც ცოცხალია, ჩვენ გულებში მაინც, – გივია ცნობილი დეგენერატია.

– “უჟე ვსიო გატოვა"! – შემოვიდა ალა, რაფიკას ცოლი, ყოვლად გაურკვეველი წარმომავლობის არსება, –"ა ვოდკუ ნე პრინესლი?"...

რა ვსიო გატოვო, გავიფიქრე, მიცვალებულის დამკრძალავი კომისია უბანში შეიკრიბა და დაკრძალვის ყოველი ხარჯიც კომისიამ გაიღო...

ალა ნაბოზარია!

მაგრამ ალა ფეხებზე მკიდია, უნანიკაც, ალასა და რაფიკას მხოლოდშობილი ვაჟიშვილი.

– უნანიკ, მიდი, იმ გოიმს ის თეთრი კაშნე შეაწერე, ნაგლათ! თუ რამე, მერე პლეტი იყიდე, – რაფიკა ასე ასწავლიდა ვაჟიშვილს ქუჩაზე მოძრაობის წესებს.

უნანიკაც მიდიოდა და აწერავდა. ან ვერ აწერავდა, გოიმებს შორის ხშირად “ყვერებიანი ბიჭები” ეძრობოდნენ და მაშინ უნანიკა სასწრაფოდ ითესებოდა, არენაზე კი რაფიკა გამოჩნდებოდა ხოლმე. მე არ მახსოვს არც ერთი შემთხვევა, გოიმს კაშნე შერჩენოდეს კისერზე. რაფიუსი კაშნეების დიდოსტატი იყო, ოღონდ რად უნდოდა ამდენი კაშნე, ყიდდა თუ ფეხსაცმელებს იპრიალებდა, ნაღდად არ ვიცი. რაც არ ვიცი, არ ვიცი...

– ალა, – ამბობს მაზალო, – მი ვინო ბრალი...

– მაშინ, სიდი ი პეი ეგ გარშოკის სოკი, – ალა ჭირისუფალია და თავს ნებას აძლევს გაინავარდოს, – უნანიკ, ჩვენი ვოდკუ პრინესი, აი, ჩტო ვ მალენკომ გრაფინკე"...

ნაშა ვოდკა პირველივე ჭიქის მერე წარმოუდგენელ მეტამორფოზას იწვევს მადამ ალაში.

–"ბოლშე ვსეხ მნე მალენკიე პებიატა ნრავიტსია"! – ამ ფრაზისთანავე ყველაფერი ნათელია, – უკვე სრული გიჟია.

– რაფიკა? – ეკითხება მახო.

– "რაფიკ ვ იაშიკე"! – პასუხობს ალა და იმწამსვე კივილს იწყებს, – "მოი რაფიკ, ვაიმე, ჩტო მნე დელატ"..

– წავედით! –ვამბობ.

– მოიცადე, – მეუბნება მაზალო, – ვნახოთ...

– რა უნდა ვნახოთ ბიჭო, მთვრალი ალაღა მაკლდა სრული ბედნიერებისათვის, გენიალურ გოგოებს ვეღარ ვუძლებ, გიჟი ალას ცქერის დედა ვატირე...

– "ია ნე გიჟი, ია პროსტა ტაკაია", – ალა კნავის და იცრემლება.

– უნანიკ, წაიყვანე დედაშენი და მამაშენს მიუწვინე გვერდში, თორე მაგრა გავბრაზდები, – გივიაც მთვრალია, “ბანკებით” სვამდა ღვინოს ეგ ჩემისა.

– "პაშლი ალა-ჯან"...

– ნეტ! – გაჰკივის ალა, – ხვალ პახარონი, დაიტე დაპლაკაც...

– დავრთოთ ნება, ბოლომდე რო გაითიშოს? – კითხულობს მახო.

– ერთი ამის...

– დაგვირთავს და ეგაა...

წამოვედით.

მერე მარტო მოვდიოდი. მეცოდებოდა ეგ ოხერი და თან მეცინებოდა. თვალწინ მედგა დიდი ხნის წინ ნანახი სურათი: ტროტუარზე ჩაცუცქული ერთი ციცქნა, შავი რაფიკა როგორ ტუქსავდა მის წინ მდგარ ორ თავჩაქინდრულ ვირგლას. ძალიან მწარედ ტუქსავდა და თან დანის წვერით ფრჩხილებს ისუფთავებდა...

დაკრძალვაზე ჩემი და მაზალოს გარდა არც ერთი უბნელი არ მოსულა.

ერთიც იყო, – ქარი არ ჩანდა, რომ ფოთოლი მოეტანა და სახეზე აეფარებინა რაფიკასათვის.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სულაკაური გიგი / ფოთოლი სახეზე