სულაკაური გიგი
ყოველივე ამის გამო
დავიბადე შემოდგომის თბილისში. ჩემს დაბადებას რაიმე ღირსშესანიშნავი მოვლენა არ დაბედებია – არც პლანეტების პარადი იდგა, არც მზე დაბნელებულა და კომეტაც არ მოსწყვეტია ცის კაბადონს. ჩემი ზოდიაქო სასწორია და, სიმართლე უნდა ითქვას, ყოვლად გაუწონასწორებელი კაცი ვარ.
პირველი, რაც გონებაში ჩამეღვარა: – მთაწმინდა, მტკვარი, მეტეხი, მუხრანის რკინის ხიდი... საკუთარ ბინაში – წიგნებით გამოჭედილი სტელაჟი, ფანჯარასთან მიდგმული ძველებური საწერი მაგიდა, მაგიდაზე – აქვარიუმი, შიგ მოსრიალე ერთადერთი ოქროს თევზით. სტელაჟის მოპირდაპირე კედელზე მოზრდილი, ფერადი ლითოგრაფია ეკიდა. სურათზე ბრისტოლის, მარსელის თუ შანხაის პორტი იყო გამოსახული. პორტში იალქნიან გემებს ჩაეშვათ ღუზა. ეს ლითოგრაფია გაუცნობიერებლად ხეტიალის სურვილსა და რატომღაც სევდასაც იწვევდა ჩემში.
ჩემი ნამდვილი ხეტიალი კი სკოლიდან დაიწყო, რამდენიმე სკოლის გამოცვლის შემდეგ, ღუზა თბილისის ერთ-ერთ საღამოს სკოლაში ჩავუშვი და შევრჩი კიდეც ბოლომდე. ამ ხეტიალებს შორის ბიძაჩემმა, ცნობილმა მულტიპლიკატორმა, ირმა სოხაძე და მე ფილმზე მიგვიწვია. მე და ირმამ თოჯინურ ფილმში ამოვყავით თავი. ირმა მღეროდა, მე ეროვნულ ინსტრუმეტზე – სალამურზე ვუკრავდი და მგონი ბედნიერებიც კი ვიყავით. ერთი ეგ იყო, რატომღაც თმას მუქად მიღებავდნენ და გულს მიკლავდნენ. ერთხელ ვერ მოვასწარი თმის დაბანა და თმაშეღებილი, დაგვიანებით გამოვცხადდი ქართულის გაკვეთილზე. ქართულს გვასწავლიდა ვინმე თ.ს., რომელიც წარმოუდგენლად მაგონებდა ოტო სკორცენის. ჰერ ოტოს პირადად არასოდეს შევხვედრივარ, მაგრამ ფოტომსგავსება საოცრად იდენტური იყო. თ-მ დაგვიანებისთვის თმა დამაწიწკნა და, რა თქმა უნდა, თითები შავი საღებავით დაესვარა. ეჰ, თქვენ გეტყობათ, პატარა კორექტივს შევიტან მის ცნობილ გამონათქვამში – ყველანი ჩვენი გაწვალებული ბავშვობიდან მოვდივართ...
სკოლიდან კინოსტუდიას მივაშურე. ვიმუშავე დამხმარე მუშად და გამნათებლად. მერე მომბეზრდა და რომელიღაც სამშენებლო ტრესტში მოვეწყე. ოღონდ იქ რას ვაკეთებდი, აღარ მახსოვს, ძველი ამბავია.
ტრესტი კი არა, კარგად უნივერსიტეტის ხუთივე წელიც არ მახსოვს. მახსოვს ერთი – იმდენად წარჩინებული ვიყავი, რომ გადავწყვიტე, მეცნიერების ძნელად სავალ ბილიკებს არ დავდგომოდი. კარგად საქართველოს თითქმის ყოველი კუთხე მახსოვს, რომლებიც იმ ხუთი წლის მანძილზე ზურგჩანთამოკიდებულმა მოვიარე და წიგნები, რომელთა კითხვაც ყოველთვის მიყვარდა. და, როგორც ჩანს, ამ “მანკიერებას” ვერასდროს გადავეჩვევი.
უნივერსიტეტის შემდეგ, ორთვიანი რუსის ჯარის გავლით ბორჯომში ვცხოვრობდი. #2 ქარხნის დაკვეთით მეგობარ მხატვრებთან ერთად მოზაიკურ პანოებს ვასრულებდით. დღესაც დიდი ეჭვი მაქვს, რომ ის პანოები ცოცხალია, ყოველშემთხვევაში, მაშინ მეჩვენებოდა, რომ ცუდი არ იყო.
ასე ვცხოვრობდი – დღისით მოზაიკაზე ვმუშაობდი, ღამით – ვწერდი. როგორც კი დავბრუნდი, ლექსები (მამაჩემისთვის არც მიჩვენებია) ოტია პაჭკორიას მივუტანე “ცისკარში”. იმ წლებში ჟურნალის მთავარი რედაქტორი მორის ფოცხიშვილი იყო, ოტია – რედაქტორის მოადგილე. დიდ იმედებს არც ვამყარებდი, ვფიქრობდი – მოეწონებათ, – დაბეჭდავენ, არ მოეწონებათ და, რა ვქნა...
იმავე საღამოს მამამ დამირეკა და მითხრა: – მორისს ლექსები ძალიან მოეწონა... (პაუზა) მე რატომ არ წამაკითხე?!. (ისევ პაუზა. სადღაც იქ, შიგნით მხრები ავიჩეჩე).
ზუსტად ერთ კვირაში არჩილმა და ოტიამ კაფე “თბილისში” დამიბარეს. ფოიეში მელოდებოდნენ. ოტიამ სასიგნალო “ცისკარი” გამომიწოდა და რატომღაც გალაკტიონის სტრიქონით მომმართა: – პოეტო, არვინ არ ყოფილა ესრეთ ძლეული... არჩილი იღიმებოდა. მერე კაფეში დავსხედით და უამრავი “ენისელი” დავლიეთ. ერთიც იყო, როცა შევთვერით, “ბებრებმა” მაიძულეს საკუთარი ლექსები მეკითხა...
ასე გამოვიჩეკე. ვთქვი, წიგნების კითხვა ყოველთვის მიყვარდა-მეთქი. ახლა უკვე წერასაც ვყავდი ატანილი...
ეს ჩემი მოთხრობების პირველი კრებულია.
ამ მოთხრობების გამო არც შიშს განვიცდი და ძალიან გაამაყებულიც არა ვარ. მე ერთი რამე ვიცი ზუსტად – ნახევარი საუკუნე ამაოდ არ მიცხოვრია...
თქვენის ნებართვით, ფრანსუა ვიიონს დავესესხები:
“...კურთხეულ იყოს იესო ქრისტე,
ის რაც დავწერე, დავწერე, ამინ!”
შემოდგომა 2003