სულაკაური გიგი

ბოლანდიური ავჩარკა 

 

 

ჩემს ცუგას ძაღლური პიროვნების გაორება სჭირს, – ეს ნაღდია. მაგრამ შეიძლება გასამება ან გაოთხებაც სჭირდეს. თამამად ვაცხადებ: ჩემი ბრალია ყველაფერი...

ლეკვი ღუღუნიმ და პიკასომ გვაჩუქეს და ზაფხულის ცხელ საღამოს მე და ლუკამ წამოვიყვანეთ. უფროსები ყინულით და ტონიკით გაზავებულ ჟაცობ”-ს ვსვამდით და სხვათა შორის ჰოლანდიის, დანიის, შვედეთისა და ლუქსემბურგის საჭირბოროტო საკითხებს განვიხილავდით.

“უჯიშო ლეკვი არ გეგონოს, ძმაო”, – მიმტკიცებდა ნასვამი პიკასო, – “ჰოლანდიური ბატების მწყემსია, ბარნაბა ჰქვია და თანაც 22 აპრილსაა დაბადებული”. ლეკვი მინიატურულ, კუდიან დათუნიას ჰგავდა, სკამქვეშ იჯდა და მრგვალი, ცნობისმოყვარე თვალებით გვათვალიერებდა და გვამოწმებდა. კრიალა, სველი და შავი ცხვირიც უთრთოდა, ისუნებოდა, – აინტერესებდა, ღირდა ჩვენთან წამოსვლა, თუ არა.

ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები, განსაკუთრებით ძაღლები და თევზები. ამ პლანეტის თითქმის ყველა ჯიშის ძაღლი ვიცი, წამიკითხავს სეთონ-თომპსონის, ლონდონის, პრიშვინის, კერვუდის და ბიანკის მოთხრობები, მაგრამ ჯიში – “ჰოლანდიური ბატების მწყემსი ძაღლი” არსად შემხვედრია.

სახელი “ბარნაბა”, რა თქმა უნდა, არ მომეწონა. მახსოვს, კიდეც გავიფიქრე, ეძგვერაძე ხომ არ არის, ბარნაბა ერქვას-მეთქი. შინ მობრუნებულმა, ქაღალდის ვიწრო ზოლებზე ძაღლის ექსტრავაგანტული სახელები დავწერეთ, ქუდში ჩავყარეთ და “სპორტლოტო” გავათამაშეთ. ამოვიდა სახელი ზანზიბარი და შერჩა კიდეც ბოლომდე. ამასობაში ლეკვი ოთახში დაბაზბაზებდა, “ვანკა-ვსტანკასავით” ხან თავი წასძლევდა, ხან – ტაკო, უკან პატარ-პატარა გუბეებსაც ტოვებდა და მის სიშტერეს საზღვარი არ ჰქონდა. მალე ჩვენი იატაკი კოპლებიან ბურთს დაემსგავსა. “ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისათვის!” – ხუმრობდა რუსიკო.

ცნობილია, ფიზიკის ყველა კანონს (მიზიდულობას, წინაღობას, აჩქარებას და ა.შ.) თავისი აღმომჩენის სახელი ჰქვია. სწორედ იმ წელს აღმოვაჩინეთ მე და ზალიკო სამადაშვილმა ადამიანთა სიშტერის საზომი ერთეული – ზანზიბარი. ახლა, როცა ადამიანი წარმოუდგენელ სისულელეებს ამბობს ცოცხლად, ტელევიზიით თუ რადიოთი, მისი ზუსტი ზანზიბარი ვიცი, ხანდახან პირდაპირაც ვაცხადებ – ღმერთო ჩემო, ეს კაცი სრული ზანზიბარია-მეთქი!...

ადამიანებისგან განსხვავებით, ზანზიბარი გაიზარდა და დაჭკვიანდა. ყოვლად შურიან, ძუნწ, ეგოისტ, ბრაზიან და ცინიზმით აღსავსე არსებად ჩამოყალიბდა. უყვარს გულაღმა ძილი და ძილში სირბილი, – ჩემთვის უცნობ არსებებს დასდევს. თანაც ჟღალია, როგორც ძველი კონიაკი და ზაფხულობით კუდით ფარაონის მარაოსავით შვების მომტანი ნიავი მოაქვს ხოლმე. ერთი ეგაა, ძაღლური პიროვნების გაორება სჭირს და ისიც ჩემი ბრალია, – სანამ ლეკვი იყო, ზანზიბარს და ბაზბაზას ვეძახდი. მერე – დუდუს, ბაბაცის და გუზგუზას. თუმცა დავანებოთ ამას თავი, მის გაორებაზე ყველაზე მეტად ჯიშის შეცვლამ იმოქმედა.

ვსეირნობდით ერთხელ მე და ზანზიბარი და უკანა ეზოში ადგილობრივი ყმაწვილების პატარა რაზმს გადავეყარეთ. პიონერებივით იდგნენ ერთ ხაზზე და სიგარეტს ეწეოდნენ. როცა გავუსწორდით, ზანზიბარის ჯიშით დაინტერესდნენ. “ეს არის ბოლანდიური ავჩარკა”, – ვუპასუხე, ნაგაზი შეგნებულად არ მითქვამს, ყურადღება მიმიქცევია, საქმეში ჩაუხედავი კაცისთვის ნაგაზი რატომღაც არასწორ ასოციაციას იწვევს, – ქოფაკთან იგივდება. ავჩარკას მიმართ კი რიდითა და პატივისცემით იმსჭვალებიან ხოლმე.

“ბოდიშით, ბოლანდია რა ქვეყანაა?” – შემეკითხა ყველაზე მაღალი.

“ბოლანდია კუნძული-სახელმწიფოა ატლანტიკის ოკეანეში”, – ვეხუმრები, – “ბოლივიასა და ჰოლანდიის ზუსტად შუა გზაზე მდებარეობს. ბოლანდიაც იმიტომ ჰქვია, რომ იქ ბოლივიელები და ჰოლანდიელები ცხოვრობენ, 50/50-ზე და ძალიან უჭირთ – კუნძულზე მარტო ბანანი, ქოქოსი და მანგო ხარობს. ძაღლებსაც და კატებსაც მანგოს აჭმევენ, მანგო კი, მოგეხსენებათ, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე მოქმედებს და ცხოველებიც ჟღალები გამოდიან... რიჟები, მარტივად რომ გითხრათ... ერთადერთი, რითაც ბოლანდიელებს სული უდგათ, ძაღლია, რომელიც ძალიან ძვირი ღირს. ამ ძაღლებს ბოლანდიელები ყიდიან, მერე ნავაჭრი ფულით მაკდონალდში მიდიან და ბიგმაკს და შემწვარ კარტოფილს კოკა-კოლას აყოლებენ...”

“რაღაც არ ეტყობა, ძვირი რომ ღირდეს, ბიძაჩემო, არც ავჩარკას ჰგავს, ავჩარკა დიდი უნდა იყოს, კავკასკივით”, – მითხრა ონანა ღვთაებას შევედრებულმა, თვალებამოღამებულმა დაბალმა.

“ბოდიშით, შენ რამდენი გადაიხადე?” – მაღალი ძალიან ზრდილობიანი იყო.

“მე არაფერი გადამიხდია, შარშან კასაბლანკაში ერთ ბოლანდიელს დავეხმარე და გასაყიდად ჩამოყვანილი ლეკვი მაჩუქა...”

“რაში დაეხმარე, ბიძაჩემო?!”

“რა შენი საქმეა!” – შეუტია მაღალმა, – “ბოდიშით, კასაბლანკა სადღაა, ხომ ვერ მეტყვი?”

“სპარსეთის ყურეშია, ძმისწულო...”

“ომობდი, ბიძაჩემო, ვაენი ხარ?”

“არა, სი-ენ-ენ-ის სპეციალური კორესპონდენტი ვარ საქართველოში და ცხელ წერტილებში მგზავნიან ხოლმე... აბა, კარგად იყავით!” – დავემშვიდობე და წამოვედი. მერე მოვტრიალდი და დავუძახე: – “ბოდიშს მრავლობითი არა აქვს, ბიჭებო!..”

“აჰა, ბიძაჩემიც გავხდი!” – მეცინებოდა და ძალიან მწყდებოდა გული, მათ სიზანზიბრეს ხომ საზღვარი არ ჰქონდა. 

ზანზიბარი უსმენდა ჩვენს საუბარს და მისი გულის, ტვინის და საფშვინველის სიღრმეები რადიკალურად იცვლებოდა. მხოლოდ მეორე დღეს შევნიშნე, რომ ჩემმა ხუმრობით ნათქვამმა სიტყვამ, ჯიშის შეცვლამ, ზანზიბარის ძაღლური პიროვნების გაორება გამოიწვია. ახლა ხან ბატების მწყემსია, ხან – ბოლანდიური ავჩარკა... მაგრამ ზანზიბარი ცდება და ვერც მე ვუხსნი, რომ ბოლანდია არ არის ავსტრალია, შოტლანდია და, მითუმეტეს, – მთათუშეთი. კუნძულზე ცხვარს არ წველიან, არცა კრეჭენ და, სანთლითაც რომ ეძებო, მწყემსის ბინასაც ვერსად გადაეყრები. იქ ხომ მარტო ბანანი, ქოქოსი და მანგო ხარობს...

პოსტ.სკრიპტუმ. შარშან მანანა დუმბაძე დაბრუნდა ჰოლანდიიდან, დანიიდან, შვედეთიდან თუ ლუქსემბურგიდან. გახარებულმა ასე მითხრა: – იცი, გიგი, ყველა ეზოში ორი თუ არა, თითო ზანზიბარი მაინც დარბოდა...

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / სულაკაური გიგი / ბოლანდიური ავჩარკა