ხუროთმოძღვრება

საქართველოს წარსულში მეათე-მეთორმეტე საუკუნეებს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ეს იყო ეპოქა, რომელშიაც ქართველმა ხალხმა თავისი ისტორიული ცხოვრების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. მეათე საუკუნის ბოლოს ქართველი ხალხის, მთელი საქართველოს მოსახლეობის ცხოვრებაში, გრანდიოზული მნიშვნელობის მოვლენა მოხდა-შეიქმნა მყარი პოლიტიკური გაერთიანება-ერთიანი ქართული სახელმწიფო. ამით დასრულდა დიდი ხნის წინათ დაწყებული პროცესი აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქართველთა შერწყმა-გაერთიანებისა. წარმოიქმნა ისტორიულად ჩამოყალიბებული ერთობა-ერთიანი ქართველი ხალხი, მისი ერთიანი სახელმწიფოებრივი, სამწიგნობრო და საეკლესიო ქართული ენით. ამის უშუალო შედეგი იყო ამავე ხანებში ტერმინ ~საქართველოს~ დამკვიდრება, რაც უკვე ერთ ხალხად ჩამოყალიბებულ ქართველთა საერთო მიწა-წყალს, მათ სამშობლო აღნიშნავდა. (ნ. ბერძენიშვილი). ამ დიდი მოვლენის აქტიურ მონაწილედ ჩვენს წინაშე სამი დიდი პიროვნება წამოიმართება: ტაო-კლარჯეთის განთქმული მმართველი დავით კურაპალატი, აფხაზთა მეფის ნაცვალი ქალაქში-იოანე მარუშის ძე და გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე თუ ფარნავაზი (ძვ,წ. მეოთხე-მესამე სს) სათავეში ედგა ~ფრიად გავრცობილ~ ქართლის სამეფოს, რომელიც ქართული მიწების უმრავლესობას აერთიანებდა, ბაგრატ მესამე უკვე ერთიანი ქართველი ხალხის სახელმწიფოს-საქართველოს მეფე იყო. საქართველოს საზოგადოებრივმა წყობილებამ სავსებით ჩამოყალიბებული, გაერთიანებული ფეოდალიზმის სახე მიიღო. მაშინდელი საქართველოს მოსახლეობა ფეოდალებისა და მათზე დამოკიდებული გლეხობისაგან შედგებოდა. ფეოდალთა შიგნით ორი ფენა არსებობდა, ერთის მხრივ-მსხვილი ფეოდალები-დიდებულები და მეორეს მხრივ, საშუალო და წვრილი ფთეოდალები-აზნაურები. ფეოდალთა შინაგანი ორგანიზაცია მწყობრ იერარქიულ სტრუქტურებზე იყო დამყარებული. სიუზენერული დამოკიდებულების-პარტნიორობის-საფუძველი მიწის ფეოდალური საკუთრება იყო. გლეხობის ძირითად მასას ფეოდალის მიწაზე მიმაგრებული ყმა-გლეხები შეადგენენ. მაგრამ გლეხობის ერთი ნაწილი მეთერთმეტე საუკუნესა და მეთორმეტე საუკუნის პირველ ნახევარში ჯერ კიდევ ინარჩუნებდა პირად თავისუფლებას და საკუთარ მიწას. ცალკე წოდებრივ ჯგუფს წარმოადგენდნენ ვაჭრები.

ქალაქებში მრავლად იყვნენ ხელოსნები, ფეოდალურად დამოკიდებულ გლეხთა და ხელოსანთა შრომა იყო ქართული ფეოდალური საზოგადოების ეკონომიკური საფუძველი. სახელმწიფოს სათავეში ბაგრატიონთა სამეფო დინასტია იდგა. მეფის ხელისუფლება მემკვიდრეობით გადადიოდა მამიდან უფროს შვილზე და თვითმპყრობელურ ხასიათს ატარებდა. მეფის გვერდით არსებობდა უმაღლესი საერო და სასულიერო ფეოდალთა წარმომადგენლობითი ორგანო-დარბაზი. მას სათათბირო უფლება ჰქონდა. სახელმწიფოს, მეფე მართავდა ~ხელმწიფის კარის~ (ცენტრალური დაწესებულება) უმაღლეს მოხელეთა, უხუცეს ვაზირთა ~საქვეყნოდ გამრიგე~ (პროვინციების მმართველი) მოხელეების (ერისთავების) მეშვეობით. ეს უკანასკნელნი ყოველნაირად ცდილობდნენ, ერისთავობა თავიანთ საგვარეულო სამემკვიდრეო სახელად ექციათ, ამისათვის ისინი ხშირად გამოდიოდნენ მეფის ცენტრალური ხელისუფლების წინააღმდეგ. ბაგრატ მესამე (978-114) და მისი უახლოესი მემკვიდრეები-გიორგი პირველი (1014-1027), ბაგრატ მესამე (1027-1072) და გიორგი მეორე (1072-1089) თითქმის მთელი პირველი საუკუნის განმავლობაში შეუპოვრად ებრძოდნენ შინაგან მტრებს თუ უცხოელ დამპყრობლებს სახელმწიფოს ერთიანობის შესანარჩუნებლად. მეთერთმეტე საუკუნეში რთული იყო საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ვითარება. მეზობელ დიდ სახელმწიფოებს არ სურდათ მათ გვერდით ყოფილიყო ერთიანი და ძლიერი საქართველო. განსაკუთრებით მწვავე და ხანგრძლივი იყო საქართველოს ბრძოლა ბიზანტიის წინააღმდეგ. პოლიტიკურად გაძლიერებული და დაწინაურებული საქართველო (~ახალ ბიზანტიად გამზადებული~ საქართველო) ტოლს არ უდებდა ბიზანტიის იმპერიას და მას პირველობაში ეცილებოდა. საქართველო შეუპოვრად იბრძოდა აგრეთვე თურქ-სელჩუკების წინაამღდეგ, რომლებიც განსაკუთრეაბით ინტენსიურად არბევდნენ ქვეყანას პირველი ს-ის 60-იანი წლებიდან (~დიდი თურქობა~ 1080 წ.). პირველი ს-ის ბოლოსა და მეორე ს-ის დასაწყისში, ქართველი ხალხის წინააღმდეგობის გაძლიერებისა და ჯვაროსნული ომების დროს თურქ-სელჩუკთა ძალების სამხრეთისაკენ წარმართვის შედეგად, საქართველო თანდათან თავისუფლდება მათი ბატონობისაგან. მეთორმეტე საუკუნის პირველ მეოთხედში მნიშვნელოვანი წარმატებები იქნა მოპოვებული ცენტრალიზებული სახელმწიფოს განმტკიცებისა და უცხო დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში დავით აღმაშენებელმა (1089-1125), რომელიც ეყრდნობოდა ქვეყნის ერთიანობით დაინტერესებულ სოციალურ ფენებს-საშუალოდ წვრილ აზნაურებს, ქალაქების მოსახლეობის ვაჭარ-ხელოსნურ ფენას და თავისუფალ მდაბიურ-მოლაშქრეებს, გაატარა მთელი რიგი მნიშვნელოვანი გარდაქმნები ეკონომიკის, სახელმწიფო წყობილების, სამხედრო საქმის, ეკლესიის, სასამართლო დაწესებულებასა და სხვადასხვა სფეროში. ეს ღონისძიებანი მიზნად ისახავს სამ ძირითად ამოცანას5 სახელმწიფოს შინაგანი ერთიანობის განმტკიცებას, მმართველობის ცენტრალიზაციას და ქვეყნის საგარეო უშიშროების უზრუნველყოფას. საგარეო პოლიტიკაში მოპოვებული წარმატებებიდან ეპოქალური მნიშვნელობა ჰქონდა დიდგორის ბრძოლას (1121 წ. 12 აგვისტო) და თბილისის განთავისუფლებას (1122 წ.) ამით დამთავრდა ქართული მიწების ერთ სახელმწიფოში გაერთიანების ორსაუკუნოვანი პროცესი. თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლა თანდათანობით ობიექტურად გადაიზარდა მათი ბატონობისაგან ამიერკავკასიის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. ბუნებრივია, ამაში ქართველებს აქტიურ დახმარებას უწევდნენ ამიერკავკისიის ხალხები-სომხები და ალაბანელები. დროთა განმავლობაში საქართველოს სამეფო მრავალეროვან სახელმწიფოდ გადაიქცა. მისი საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაიჭიმა. ქართველთა ჰეგემონობით დაიწყო საერთოკავკასიური სახელმწიფოს მშენებლობა (თურქ-სელჩუკთა ბატონობისაგან განთავისუფლებული და შემოერთებული იქნა ანისი და შირვანი), რასაც წარმატების სერიოზული პერსპექტივები ჰქონდა. კავკასიის ხალხთა-~თარგამოსიანთა~ გაერთიანება დავით აღმაშენებლის ჩანაფიქრით უნდა მომხდარიყო სავსებით მშვიდობიანი გზით. მათი საერთო ეთნიკური წარმომავლობის ქართულმა პოლიტიკურმა აზროვნებამ შექმნა ლეონტი მროველის კონცეფცია კავკასიის ხალხთა საერთო წინაპრის-თარგამოსის შესახებ, გარეშე მტრების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მდიდარი გამოცდილების, სამეფო-ეკონომიკური და პოლიტიკურ-კულტურული ინტერესების თანდამთხვევის საფუძველზე. კავკასიის ფარგლებში, ქართველ მეფეთა მეცადინეობით, ჩნდება საერთაშორისო კომპლექსი (ზ. ავალიშვილი), რომელსაც ანგარიშს უწევდა მაშინდელი მსოფლიო. შემდეგ საუკუნეებში, სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ამ კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

დავით აღმაშენებლის მემკვიდრეების: დემეტრე პირველის (1125-1156), განსაკუთრებით, გიორგი მესამის (1156-1184) დროს ცენტრალურმა ხელისუფლებამ თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში ახალი მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა. ხოლო ამ წარმატებებმა მიჯნას თამარის მეფობაში (1184-1213) მიაღწია. საქართველო გადაიქცა კავკასიის უძლიერეს სახელმწიფოდ და მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთ წამყვან პოლიტიკურ ერთეულად. ეკონომიკის თვალსაზრისით, ამ დროს განვითარდა ხელოსნობა. განსაკუთრებით აღმავლობას მიაღწია სოფლის მეურნეობამ. გაფართოვდა სახნავ-სათესი ფართობები. გაყვანილი იქნა სარწყავი არხები. მემინდვრეობასთან ერთად ფართოდ გავრცელდა მევენახეობა-მებაღეობა. მოჰყავდათ ბრინჯი, სელი, ბამბა, განვითარებული იყო მეაბრეშუმეობაც. სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგი იყო მესაქონლეობა. საოჯახო მეურნეობაში ჰყავდათ ცხენი, ძროხა, ხარ-კამეჩი, ცხვარი, თხა, ღორი და სხვა. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა მეთევზეობას, მეფუტკრეობას. სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა ნადირობასაც. ნელა მაგრამ ცვლილებებს განიცდის სასოფლო სამეურნეო იარაღი. ხდება, ქართული სახვნელი საშუალების ~ერქვანის~ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, იქმნება ~დიდი ქართული გუთანი~. მეათე-მეთორმეტე სს-ები საქალაქო ცხოვრების აღმავლობა-განვითარების ხანაცაა. სოფლის მეურნეობისა და ხელოსნობის განვითარება ხელს უწყობს ახალი ქალაქების დაარსებას, ქალაქებში მოსახლეობის გამრავლებას. ამ დროს მნიშვნელოვანი ქალაქები იყო5 თბილისი, ქუთაისი, რუსთავი (ბოსტან-ქალაქი), გორი, დმანისი, თელავი, ცხუმი, ჟინვალი, არტანუჯი, ახალქალაქი, ახალციხე, სამშვილდე, ხუნანი და სხვა. გაიყვანეს გზები, აშენდა ხიდები. სასტუმრო ფუნდუკები, ქარვასლები, სამეფო ხელისუფლება საგანგებო ღონისძიებებს ატარებდა მძარცველთაგან ვაჭართა დასაცავად. შენდებოდა თავდაცვითი ნაგებობები. საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიასთან, ირანთან, ეგვიპტესთან და რუსეთთან. მეთერთმეტე-მეცამეტე საუკუნეების საქართველოში მიმოქცევაში იყო ქართული მონეტებიც და უცხოური ფული. ამ პერიოდში დავით აღმაშენებლის მიერ ფინანსებში გატარებული იქნა მნიშვნელოვანი რეფორმა. სახელმწიფოს შემოსავლის უმთავრესი წყარო მოსახლეობაზე დაკისრებული გადასახადები იყო, რომელიც იკრიფებოდა

სურსათით და ფულად. დიდი შემოსავალი შემოდიოდა ყმადნაფიც და ვასალი ქვეყნებიდან. მეთერთმეტე-მეცამეტე სს-ის საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 5 000 000 შეადგენდა. თბილისში 100000-მდე, ხოლო ქუთაისში 20 000-მდე მცხოვრები იყო. მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა ქართულ კულტურაში. ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება ცხოველმყოფელ გავლენას ახდენდა კულტურულ შემოქმედებაზე. ისტორიული საქართველოს ყველა კუთხეში მწერლობის, სამოქალაქო ურთიერთობის, საეკლესიო მღვდელთმსახურების ერთადერთი ენა იყო ქართული ენა. იგი ამ პერიოდში ჩრ. კავკასიაში, ჩერქეზეთსა და ალან-ოსებშიც იწყებს გავრცელებას, სადაც ქრისტიანობა საქართველოდან შედიოდა. ამ პერიოდში საქართველოს პოლიტიკურ გაერთიანებას ქართული სამყაროს საეკლესიო-კულტურული გაერთიანება უსწრებდა წინ. ყოველივე ამან განაპირობა მშობლიური ენის დიდი მნიშვნელობის შეძენა-შემუშავება. მეთერთმეტე საუკუნეში დაიწერა ქართული ენის საგალობელი იოანე ზოსიმეს მიერ-~ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, რომელშიც ავტორი ქართულ ენას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მსოფლიო ენათა შორის. ქართული ორიგინალური მწერლობის ცალკე დარგს წარმოადგენდა სასულიერო პოეზია, ანუ ჰიმნოგრაფია, ლექსად დაწერილი ჰიმნები, რომელთაც ეკლესიაში სიმღერით ასრულებდნენ. ამ დროინდელი ქართული ჰიმნოგრაფიის ცნობილი წარმომადგენლები არიან5 მიქაელ მოდრეკილი, იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, იოანე ზოსიმე. ამ ხანებში ჩვენში საერო მხატვრული ლიტერატურაც არსებობდა, როგორც ნათარგმნები, ასევე ორგინალური. საერო მწერლობის მნიშვნელოვანი ძეგლია მოსე ხონელის საგმირო-სარაინდო რომანი ~ამირან-დარეჯანიანი~. ამ დროს დაიწერა დიდი ღირსების მქონე ჩახრუხაძის მხატვრული ნაწარმოები ~თამარიანი~. იოანე შავთელის ~აბდულმესია~ და სხვა. ეპოქის კულტურული შემოქმედების მიზანია გენიალური შოთა რუსთაველის ~ვეფხისტყაოსანი~. მეათე-მეთორმეტე სს-ში განსაკუთრებით დაწინაურდა ქართული საისტორიო მწერლობა. ამ დროს დაიწერა უცნობი ავტორის ~მატიანე ქართლისაი~, სუმბატ დავითისძის ბაგრატიონთა გვარის ისტორია, ლეონტი მროველის ~მეფეთა ცხოვრება~, ჯუანშერის ~ვახტანგ გორგასლის ისტორია~. ქართული კულტურის განვითარებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ კულტურის ცენტრებს, ქართულ ეკლესია-მონასტრებს. იქ მხოლოდ წირვა-ლოცვა როდის სრულდებოდა. ეს მონასტრები იმთავითვე სწავლა-აღზრდისა და სასწავლო სამეცნიერო ცენტრებს წარმოადგენდნენ. აქ ხდებოდა ხელნაწერთა გადაწერა-გამრავლება, მოხატვა-შემკობა, ლიტერატურის თარგმნა სირიულიდან, არაბულიდან, ბერძნულიდან. აქ ზრდიდნენ მომავალ თაობას, რაც მთავარია აქვე იქმნებოდა ორიგინალური ქართული მწერლობა. ამ ცენტრებში ითარგმნებოდა საღვთისმეტყველო, ფილოსოფიური, საბუნებისმეტყველო თხზულებანი. უცხოეთის ქართულ სავანეებს შორის ყველაზე დიდი დამსახურება ათონს (მდებარეობდა საბერძნეთში ქალკედონის ნახევარკუნძულზე) ჰქონდა. იგი საუკუნის დასასრულს დაარსა ცნობილმა მოღვაწემ იოანე მთაწმინდელმა. აქვე მოღვაწეობდნენ5 იოანეს შვილი, ექვთიმე, გიორგი მთაწმინდელი, გიორგი ხუცესმონაზონი, მათ თავიანთი ორიგინალური თუ ნათარგმნი თხზულებებით უაღრესად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ქართული კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში. მეთერთმეტე ს-ში დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიაზე, სოფელ პეტრიწონთან, ქარველმა დიდაზნაურმა, ბიზანტიის საინპერატორო კარის დიდმა მოხელემ, გრიგოლ ბაკურიანის ძემ, დაარსა მონასტერი. განათლების საქმე იმდროინდელ საქართველოში მაღალ დონეზე იდგა. ქრისტიანულ მოძღვრებასთან ერთად ასწავლიდნენ მათემატიკას, ისტორიას, მუსიკას (გალობა) და სხვა საგნებს. მეათე ს-ში შედგენილი იქნა შატბერდის კრებული. დიდი ყურადღება ექცეოდა ფილოსოფიას, სამართალმცოდნეობას, მედიცინას, ამ დროს მოღვაწეობდნენ განთქმული ფილოსოფოსები: ეფრემ მცირე, იოანე პეტრიწი. მეათე-მეთორმეტე სს ქართული ხელოვნების ისტორიაში ახალი შემოქმედებითი ძიების ხანაა. აშენდა ყველაზე დიდი კათედრალები5 ბაგრატის ტაძარი (ქუთაისში), სვეტიცხოველი (მცხეთაში), ალავერდი (კახეთში). შედარებით მცირე ზომის ეკლესიები: სამთავრო, სამთავისი, მანგლისი, ნიკორწმინდა, ხცისი, სავანე, გელათი, იკორთა, ბეთანია, ყინწვისი. კლდეში ნაკვეთი ქალაქი ~ვარძია~. მეათე-მეთორმეტე სს-ის ქართული ხელოვნების ზოგად სურათს მნიშვნელოვნად ამდიდრებს მონუმენტური მხატვრობისა და ქანდაკების ნიმუშები. ეკლესიათა ქვის კანკელები, ხის კარები. ოქროსაგან ნაჭედი საუკეთესო ნივთები - ბექა და ბეშქენ ოპიზართა შემოქმედება მსოფლიოს საგანძურშია

შესული. ამ ეპოქის ქართულმა კულტურამ განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწია. მას ახასიათებს მრავალი ისეთი თვისება, რაც შემდეგ ევროპულ რენესანს დაედო საფუძვლად.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / არქიტექტურა და ხუროთმოძღვრება / უავტორო / ხუროთმოძღვრება