ტურგენევი  ივანე 

რუდინი

 

ივანე სერგის-ძე ტურგენევი დაიბადა 1818 წელს სოფელ სპასკოეში (ორიოლის გუბ.). მისი მშობლები მდიდარ არისტოკრატიულ წრეს ეკუთვნოდნენ. სათანადო მომზადების შემდეგ, თხუთმეტი წლის ტურგენევი შეიყვანეს მოსკოვის უნივერსიტეტში სიტყვიერების ფაკულტეტზე, ხოლო 1834 წელს იგი გადადის პეტერბურგის უნივერსიტეტში. პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ტურგენევი 1838 წ. მიემგზავრება გერმანიაში, რათა განაგრძოს სწავლა ბერლინის უნივერსიტეტში, რომელიც იმ დროს ჰეგელის ფილოსოფიის ცენტრად ითვლებოდა. 1841 წელს ღრმა ფილოლოგიური და ფილოსოფიური განათლებით აღჭურვილი ტურგენევი ბრუნდება თავის სამშობლოში. იგი დაუახლოვდება აქ ლიტერატურის მოწინავე წარმომადგენლებს და ჩაებმება სამწერლო მოღვაწეობაში. 1847 წელს პოეტ ნეკრასოვს ჟურნალში (“სოვრემენსკი”) ტურგენევი ბეჭდავს მოთხრობას “ხორი და კალინიჩი”, სადაც რეალისტურად აღწერილია ბატონ-ყმობის უღელქვეშ მოქცეული სოფლის ყოფა-ცხოვრება და გამოყვანილია რუსეთის გლეხობის ტიპები. დიდს იმედებს ამ მოთხრობაზე ტურგენევი არ ამყარებდა, მაგრამ საზოგადოებას ძალიან მოეწონა იგი, და ამ გარემოებით წახალისებულმა ახალგაზრდა მწერალმა არ დააყოვნა ასეთივე ხასიათის სხვა მოთხრობები მიეწოდებინა მკითხველისათვის. 1852 წელს ტურგენევმა შეაგროვა ყველა ეს მოთხრობები და გამოსცა ისინი ცალკე წიგნად, რომელსაც მისცა სათაურად “მონადირის ჩანაწერები”. წიგნი მალე ფრიად მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოვლენად იქცა, რადგან იგი ბატონ-ყმობის წინააღმდეგ იყო მიმართული. წიგნში კარგად გამოჩნდა, რომ ევროპულად განათლებული ტურგენევი არ თანაუგრძნობდა ბატონ-ყმობას და რუსეთის საკეთილდღეოდ საჭიროდ თვლიდა ყმების განთავისუფლებას. თავის თავად ცხადია, რომ თვითმპყრობელურ მთავრობას (იმ დროს რუსეთს მართავდა ნიკოლოზ I, საშინელი რეაქციონერი) ტურგენევის ეს ლიბერალური სულისკვეთება არ მოეწონებოდა. გაცემული იქნა სასტიკი განკარგულება, რომ ლიბერალურად მოაზროვნე მწერალი გაეძევებიათ სატახტო ქალაქიდან სოფელ სპასკოეში, საიდანაც ტურგენევი ბრუნდება პეტერბურგში მხოლოდ 1853 წელს, რათა ორი წლის შემდეგ სამუდამოდ გადასახლდეს უცხოეთში.

     საზღვარგარეთ ტურგენევი დაუახლოვდება ევროპელი ინტელიგენციის მოწინავე ფენებს და ამავე დროს განაგრძობს თავის ლიტერატურულ მოღვაწეობას. პატარ-პატარა მოთხრობების ნაცვლად ტურგენევი იწყებს დიდი ზომის სოციალურ-ფსიქოლოგიურ რომანების წერას. 1856 წელს დაიბეჭდა ტურგენევის დიდი რომანი “რუდინი”, 1859 წელს იბეჭდება რომანი “აზნაურული ბუდე”, 1860  წელს – რომანი “წინადღით”, 1862 წელს – რომანი “მამები და შვილები”, 1867 წელს – რომანი “ბოლი”, ხოლო 1877 წელს – რომანი “ყამირი”. ტურგენევის ყოველი ახალი რომანის გამოსვლა იწვევდა რუსულ საზოგადოებაში დიდს ინტერესს, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში სხვადასხვა საზოგადოებრივ მიმართულებათა შორის წარმოებული მძაფრი ლიტერატურული პოლემიკის სახეს იღებდა. ეს გარემოება გასაგებიც არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ თავის რომანებში ტურგენევმა დიდი ეპიკოსის კალმით ასახა რუსული საზოგადოებრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი  მომენტები მთელი ოცდაათი წლის მანძილზე – ორმოციანი წლებიდან ვიდრე სამოცდაათიან წლებამდე და რომანის ფურცლებზე გამოიტანა ის მტკივნეული საზოგადოებრივი საკითხები, რომლებიც რუსეთის მთელ ინტელიგენციას აღელვებდნენ. ტურგენევის უკანასკნელი შესანიშნავი ნაწარმოები იყო “ლექსები პროზით”, სადაც განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა ტურგენევის დიდი ლირიკული ნიჭი და ცხადი შეიქნა მისი მხატვრული შემოქმედების ფართო დიაპაზონი.

     1880 წელს ტურგენევი ჩამოდის მოსკოვში, რათა მონაწილეობა მიიღოს პუშკინის ძეგლის გახსნის  ეროვნულ ზეიმში. იგი გამოდის იქ მშვენიერი სიტყვით პუშკინის შემოქმედების შესახებ და აღფრთოვანებაში მოიყვანს დამსწრე საზოგადოებას, რომელმაც მხურვალე ოვაცია მოუწყო თავის საყვარელ მხცოვან მწერალს. დიდი ხანი ამის შემდეგ ტურგენევს არ უცხოვრია. იგი გარდაიცვალა 1883 წელს პარიზის მახლობლად, დაბა ბუჟივალში, საკუთარ აგარაკზე, ხოლო მისი ნეშტი გადმოიტანეს რუსეთში და დიდი ტრიუმფით დაასაფლავეს პეტერბურგში ვოლკოვის სასაფლაოზე.

     ტურგენევს მრავალი პირველხარისხოვანი ნაწარმოები დარჩა. მათ შორის ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადრებოა რომანი “რუდინი”, რომელიც ტურგენევის საუკეთესო თხზულებათა რიცხვს ეკუთვნის. დიდი რუსი კრიტიკოსი, ნ. კ. მიხაილოვსკის აზრით, რომანი “რუდინი” არის “არაჩვეულებრივად მშვენიერი ნაწარმოები” და იგი “თითქმის ყველაზე უკეთესი თხზულებაა ტურგენევის სხვა ქმნილებათა შორის”. ამ რომანის შექმნით ტურგენევი აგრძელებდა რუსული ლიტერატურის იმ დიდ რეალისტურ ტრადიციას, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში პუშკინმა და გოგოლმა დაამყარეს. “რუდინი” რეალისტური სტილით არის დაწერილი. იგი არის დიდი სოციალურ-ფსიქოლოგიური რომანი, სადაც მწერალი გვაძლევს ორმოციანი წლების რუსული საზოგადოებრივი ცხოვრების ფართო სურათს.

     უნდა ითქვას, რომ ეს იყო ძალიან მძიმე ეპოქა რუსეთის ისტორიისა. 14 დეკემბრის რევოლუციონური გამოსვლის დამარცხებას მოჰყვა ნიკოლოზ პირველის სუსხიანი რეჟიმი. თვითმპყრობელობის დესპოტიზმი გაძლიერდა, ბატონყმობის უღელი კი აუტანელი შეიქნა. საზოგადოებრივ ინიციატივას ყოველგვარი გასაქანი მოესპო. ცენზურამ მძიმე ბორკილი დაადგა აზროვნებას. პროგრესული იდეების მატარებელი ინტელიგენცია ცხოვრების გარეშე იქნა დაყენებული: მეფის თვითმპყრობელურ მთავრობას ეს ინტელიგენცია არ ესაჭიროებოდა, ვინაიდან თვითმპყრობელური მთავრობისათვის საჭირო იყვნენ მხოლოდ მუნჯი შემსრულებლები მისი განკარგულებებისა, იშვიათ შემთხვევაში კი ამ განკარგულებათა მეხოტბეები; რაც შეეხება საზოგადოებას, იგი არ იყო საკმაოდ ღონიერი იმისათვის, რათა მოწინავე ინტელიგენციის მოღვაწეობისათვის მტკიცე დასაყრდენად გამომდგარიყო. ასეთ პირობათა გამო ინტელიგენციის მდგომარეობა ნიკოლოზ პირველის რუსეთში ტრაგიკულ ელფერს იღებდა. ერთის მხრივ, ეს ინტელიგენცია გამსჭვალული იყო ხალხისადმი სიყვარულით და მხოლოდ იმაზე ოცნებობდა, თუ როგორ მოეტანა ამ ხალხისათვის სარგებლობა. მაგრამ, მეორეს მხრით, ინტელიგენციის წინაშე აღმართული იყო თვითმპყრობელობის მაღალი კედელი, რომელიც ამ ინტელიგენციას სთიშავდა ხალხისაგან და არ აძლევდა მას საშუალებას ჩაბმულიყო ხალხის ცხოვრებაში და მტკიცე კავშირი დაემყარებინა მასებთან. ინტელიგენტი რაღაც ხელოვნური იზოლაციაში იყო მოქცეული. იგი საზოგადოების მეტხორცად იყო მთავრობის მიერ გამოცხადებული, და არსაიდან არ ჩანდა ის ძალა, რომელიც ბოლოს მოუღებდა ამ მდგომარეობას, ვინაიდან დამონებული ხალხი საღათას ძილით იყო შეპყრობილი. ინტელიგენციის ეს დიდი ტრაგედია არის სწორედ ასახული ტურგენევის “რუდინში”.

     ეს რომანი დაიწერა 1855 წელს, ხოლო დაიბეჭდა 1856 წელს. ტურგენევი გვევლინება იქ რუსული ლიტერატურული რეალიზმის გამგრძელებლად. დიდი რეალისტი კალმით აგვიწერს იგი ორმოციანი წლების რუსულ საზოგადოებას, მის მთვლემარე ყოფა-ცხოვრებას და გონებრივ უძრაობას. ამ საზოგადოებას უპირისპირდება დიმიტრი რუდინი, რომელიც რომანის ცენტრალური ფიგურაა და რომლის ფსიქოლოგიის გახსნა შეადგენს ავტორის მთავარ მიზანს.

     რუდინი ორმოციანი წლების რუსული ინტელიგენციის ტიპიური წარმომადგენელია. ამ მხატვრული სახის გამოკვეთით ტურგენევი ახასიათებდა თავად-აზნაურულ ინტელიგენციას, აფასებდა მის ღირსება-ნაკლოვანებას და აძლევდა თანამედროვე ინტელიგენციას მისი გონებრივი ცხოვრების ცოცხალ სურათს.

     დიმიტრი რუდინი ფართო ევროპული განათლებით აღჭურვილი კაცი იყო. იგი სწავლობდა ჯერ მოსკოვის უნივერსიტეტში, შემდეგ კი აგრძელებდა სწავლას ბერლინისა და ჰეიდელბერგის უნივერსიტეტებში, საიდანაც იგი ბრუნდება რუსეთში (პუშკინის ვლადიმირ ლენსკის მზგავსად) გერმანული იდეალისტური ფილოსოფიით და გერმანული რომანტიკული პოეზიით გატაცებული. განსაკუთრებით ძლიერი გავლენა მოუხდენია რუდინზე ჰეგელის ფილოსოფიას, რომელსაც დატყვევებული ჰყავდა ორმოციანი წლების რუსეთში ინტელიგენციის საუკეთესო ნაწილი. ამ ინტელიგენციის ერთი მეთაურთაგანი, სახელგანთქმული სტანკევიჩი, რომლის გარშემო თავს იყრიდა მოსკოვის უნივერსიტეტის მოწინავე სტუდენტების წრე, წარმოდგენილია ტურგენევის რომანში სტუდენტი პოკორსკის ფრიად სიმპათიური სახით. ხოლო რაც შეეხება თვითონ რუდინს, მისი პროტოტიპი იყო სტანკევიჩის მეგობარი მიხეილ ბაკუნინი, რომელმაც შემდეგ დიდი როლი ითამაშა დასავლეთ ევროპის მუშათა მოძრაობის ისტორიაში. “რუდინის სახით მე წარმოვადგინე ბაკუნინის საკმაოდ სწორი პორტრეტიო”, ამბობდა თვითონ ტურგენევი. რა თქმა უნდა, ეს ისე კი არ უნდა გავიგოთ, თითქო რუდინის სახე იყოს  ბაკუნინის ფოტოგრაფიული სურათი. გერცენი, რომელიც ტურგენევზე ნაკლებად როდი იცნობდა ბაკუნინს, ამბობდა, რომ რუდინი არ გავს ბაკუნინსო. როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე მხატვრულ შემოქმედებაში, რუდინის სახის შექმნისას ტურგენევმა ალბათ გამოუყენა მასალად ის შთაბეჭდილება, რომელიც მოახდინა მასზე ბაკუნინმა, მაგრამ შემდეგ თავისუფლად გადაამუშავა ეს შტაბეჭდილება საკუთარი პოეტური ალღოს შესაფერად.

     თავისი პროტოტიპის მზგავსად რუდინს ფილოსოფიური განათლება აქვს მიღებული. მას გადაკითხული აქვს ევროპის ვრცელი ფილოსოფიური ლიტერატურა და შესწავლილი აქვს მრავალი ფილოსოფიური თეორია. შეიძლება ითქვას, რომ იგი არის ფილოსოფიურად კარგად განსწავლული პიროვნება, თუმცა ეს კიდევ არ ნიშნავს, რომ რუდინი იყოს ფილოსოფოსი, როგორც ამას ზოგჯერ შეცდომით ამტკიცებენ. ფილოსოფოსი ეწოდება მოაზროვნეს, ე. ი. ისეთ კაცს, რომელიც ქმნის ახალ-ახალ აზრებს მარად ცვალებად და ყოველთვის კონკრეტულ სინამდვილის შესაფერისად. რაც შეეხება რუდინს, მას, როგორც ეს მრავალჯერ არის რომანში აღნიშნული, აკლია საკუთარი აზრის შედგენის უნარი: “მისი აზრები იბადებოდნენ არა მისივე თავში, ამ აზრებს რუდინი სხვებისაგან სესხულობდაო”, ამბობს ლეჟნევი, რომელიც რომანში რეზონერის როლს ასრულებს და ავტორის შეხედულებას გამოსთქვამს. ცხადია, რომ კაცს, რომელიც სხვებისაგან სესხულობს აზრებს და თავისი საკუთარი აზრი არ გააჩნია, არ შეიძლება არც მოაზროვნის და არც ფილოსოფოსის სახელი ეწოდოს. ამიტომ ყველაფერი, რაც ფილოსოფოსისა და მოაზროვნის სპეციფიკურ ნიშანს შეადგენს, რუდინის არსებიდან გამორიცხულია ავტორის მიერ, და ამ მხრივ რომანი ფრიად საყურადღებო პერსპექტივებს შლის მკვლევარის წინაშე, ვინაიდან ტურგენევი მშვენივრად იყო ჩახედული ფილოსოფიის ბუნებაში და მას კარგად ესმოდა ფილოსოფოსის რაობა.

     ფილოსოფოსის ტიპი რომანში მოცემულია არა რუდინის, არამედ პოკორსკის სახით, რომლის მოდელად, როგორც ითქვა, ტურგენევს გამოუყენებია სტანკევიჩი. რომანში რუდინი და პოკორსკი უპირისპირდებიან ერთმანეთს, როგორც ანტიპოდები. თუ პოკორსკის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ იგი არის მოაზროვნე ფილოსოფოსის ტიპი, რუდინის შესახებ უნდა ითქვას, რომ იგი არის მჭევრმეტყველი ორატორის ტიპი. რომანში ძალიან გარკვეულად და ნათლად არის წარმოდგენილი რუდინის ორატორული არსება. ახოვანი ფიგურა, სასიამოვნო ხმა და დედანი მეტყველება აძლევდნენ რუდინს ორატორისათვის საჭირო თვისებებს. რუდინი იყო დიდი  ზომის ორატორი. არასოდეს არ ეძებდა იგი გაჭირვებულად სიტყვებს თავისი მეხსიერების ბნელ კუნჭულებში. “სიტყვები თავისუფლად ადგებოდნენ ხოლმე რუდინის ბაგეს, და თითოეული სიტყვა თითქო პირდაპირ სულიდან ამოდიოდა და რწმენის ცეცხლით იყო მოკიდებული. რუდინს დაუფლებული ჰქონდა თითქმის უმაღლესი საიდუმლოება – მჭევრმეტყველების მუსიკა. მას ეხერხებოდა გულის ზოგიერთ სიმებზე ისე ჩამოეკრა, რომ ყველა სიმი იწყებდა თრთოლვას და ბუნდოვნად ჟრერას ზოგს მსმენელს იქნებ არც კი ესმოდა, თუ რის შესახებ იყო ლაპარაკი, მაგრამ მისი მკერდი ღრმად იწყებდა სუნთქვას, მისი თვალების წინაშე იხსნებოდა რაღაც ფარდა და შორს სადღაც ნათელი სხივი აინთებოდა”.

     მიუხედავად თავისი ფილოსოფიური სწავლა-განათლებისა და მჭევრმეტყველების დიდი ნიჭისა, რუდინი ვერ პოულობს რუსეთში თავისი მოღვაწეობისათვის საჭირო ასპარეზს, და მისი მჭევრმეტყველური სიტყვა ვერ იქცევა საქმედ. დღეს ჩვენთვის ცხადია, რომ სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო ბატონ-ყმობისა და თვითმპყრობელობის მძიმე უღლისქვეშ მოქცეულ ქვეყანაში, სადაც ყოველი კეთილშობილი სიტყვა, ყოველი მაღალი მისწრაფება, რომელიც დაკანონებულ შაბლონს არ ეთანხმებოდა, სასტიკ დევნას განიცდიდა. ამაოდ ეძებს რუდინი ნიკოლოზ მეფის რუსეთში ისეთ კუთხეს, სადაც მას შეეძლო დამკვიდრება და პრაქტიკულად სასარგებლო მუშაობის წარმოება. ბოლოს ის მიდის იმ სასოწარკვეთილ დასკვნამდე, რომ მართლაც ზედმეტი კაცი ყოფილა რუსეთისათვის, როგორც ამას ფიქრობდნენ მის შესახებ ფილისტერები.

     შეპყრობილი ამ მწარე შეგნებით რუდინი იღებს გადაწყვეტილებას მოშორდეს თავის სამშობლოს, რომელსაც მისთვის წამების მეტი თითქმის არაფერი მოუცია. იგი მიემგზავრება საფრანგეთში და ათავსებს იქ თავის უბედო ცხოვრებას პარიზის ბარიკადებზე.

     ტურგენევი დიდი თანაგრძნობით ეკიდება თავის გმირს. მას ებრალება რუდინი, როგორც რუსეთის მძიმე სოციალ-პოლიტიკურ პირობათა მსხვერპლი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ ვრცლად და ნათლად ამ სოციალ-პოლიტიკურ პირობათა უკუღმართობის შესახებ წერა ნიკოლოზ პირველის რუსეთში ტურგენევს აღარ შეეძლო. მეორეს მხრით, როგორც რეალისტური ხელოვნების დიდი ოსტატი, ტურგენევი სრულიად არ ფიქრობდა რუდინის სახით მოეცა რაღაც განყენებული და უსიცოცხლო იდეალი, და ამიტომ მას არ დაუმალავს ის ნაკლოვანებანი, რომელნიც ორმოციანი წლების თავად-აზნაურულ ინტელიგენციას ნამდვილად ახასიათებდნენ. როგორც ამ თავად-აზნაურული ინტელიგენციის რეალისტური ტიპი, რუდინი იყო გრიბოედოვის ალექსანდრე ჩაცკის, პუშკინის ევგენი ონეგინის, ლერმონტოვის გრიგოლ პეჩორინის და გერცენის ვოლდემარ ბელტოვის ღვიძლი ძმა. გასაგებია აქედან, რომ მასაც ეტყობა ის მერყეობა და ნებისყოფის სისუსტე, რომელიც ნიკოლოზ დობროლუბოვის მიერ მოცემულ სწორი დიაგნოზის მებატონური ყოფის ლოგიკურ შედეგს წარმოადგენდა. დიდი დამაჯერებლობით არის ტურგენევის რომანში ნაჩვენები, რომ რუდინს არ ქონდა ძალა შეერიგებია თავისი ყოფა თავის რწმენასთან და სრული თანხმობა დაემყარებია თავის სიტყვასა და თავის საქმეს შორის. მართალია, რუდინს დიდი სარგებლობა მოჰქონდა საზოგადოებისათვის სიტყვის იმ იშვიათი ნიჭით, რომელიც მას ახასიათებდა, მაგრამ საზოგადოებრივი ცხოვრების უკუღმართ პირობათა გამო იგი ვერსად ვერ პოულობს მტკიცე ნიადაგს და ობლად დაეხეტება თავის სამშობლო ქვეყანაში, რათა ბოლოს, სავსებით გაუბედურებულმა, შორეულ საფრანგეთში იპოვნოს თავისი საფლავი. ამრიგად, ბატონყმურ-თვითმპყრობელურ რუსეთისათვის, რომელიც უმეცრებისა და უსინათლობის წყვდიადში იყო ჩაძირული, ევროპულად განათლებული და მჭევრმეტყველების ნიჭით უხვად დაჯილდოებული რუდინი “ზედმეტი” ადამიანი აღმოჩნდა, ისე როგორც “ზედმეტი” ადამიანები იყვნენ მისთვის ჩაცკი, ონეგინი, პეჩორინი და ბელტოვი. მაგრამ ჩვენი დროსი მკითხველისათვის ცხადზე უცხადესია, რომ ნამდვილად ზედმეტი იყო არა რუდინი, არამედ ისინი, ვინც მას ზედმეტად აქცევდა რუსეთისათვის, რადგან მათ შემოაქვთ ის მისწრაფება უკეთესისაკენ, ის ლტოლვა მომავლისაკენ, ურომლისოდაც საზოგადოებრივი ცხოვრება გუბდება, ხოლო მთელი საზოგადოება იქცევა აყროლებულ ჭაობად, სადაც სხვადასხვა ჯურის ქვემძრომნი დანავარდობენ. ამაშია რუდინის სახის ზოგად-საკაცობრიო მნიშვნელობა, რომელიც აქცევს ტურგენევის რომანს მსოფლიო ლიტერატურის კლასიკურ ქმნილებად.

         პროფ. ს. დანელია

 

 

 

 

 

 

 რუდინი

 

   I

 

ზაფხულის წყნარი დილა იყო. მზე უკვე საკმაოდ მაღლა იდგა მოწმენდილ ცაზე, მაგრამ ცვარი მინდორში ჯერ კიდევ ბრწყინავდა; ახლად გამოღვიძებულ ველებიდან სურნელოვანი სიგრილე მოჰქონდა, ხოლო ჯერ კიდევ ნესტიან და მდუმარე ტყეში მხიარულად ჭიკჭიკებდნენ ადრეული ფრინველები. დაქანებული ბორცვის თხემზე, რომლის ფერდობი დაფარული იყო ახლად აყვავებული ჭვავით, პატარა სოფელი მოსჩანდა. ამ სოფლისაკენ ვიწრო ბილიკით მიდიოდა ახალგაზრდა ქალი; მას თეთრმარმაში ეცვა, ჭილის რგვალი ქუდი ეხურა და ხელში ქოლგა ეჭირა. მოსამსახურე ბიჭი შორი-ახლო მიჰყვებოდა.

აუჩქარებლივ მიდიოდა, თითქო სეირნობით ტკბებაო. ირგვლივ, მაღალ, მობიბინე ჭვავზე, ხან მომწვანო-ვერცხლისფერი, ხანავ მოწითანო ციმციმით, რბოდნენ ნაზად მოშრიალე ტალღები; ცისიერში ტოროლები მღეროდნენ. ახალგაზრდა ქალი მიდიოდა თავის საკუთარ სოფლიდან, რომელიც მხოლოდ ერთი ვერსით იყო დაშორებული იმ სოფელს, საითაც ახლა მიემართებოდა. ეს იყო ალექსანდრა პავლოვნა ლიპინა. ქვრივი იყო, უშვილო და საკმაოდ მდიდარი; მასთან ცხოვრობდა ძმა, სამსახურიდან გადამდგარი შტაბ-როტმისტრი სერგეი პავლოვიჩ ვოლინცევი. იგი უცოლო იყო და დის მამულს განაგებდა.

ალექსანდრა პავლოვნამ მიაღწია სოფელს, შეჩერდა განაპირა, ერთობ დახავსებულ და დაბალ ქოხთან, მიიხმო მოსამსახურე ბიჭი და უბრძანა, შესულიყო ქოხში და გამოეკითხა დიასახლისის ჯანმრთელობა. ბიჭი მალე დაბრუნდა; მას მოჰყვა მიხრწნილი თეთრწვერა მოხუცი.

     – როგორაა? – შეეკითხა ალექსანდრა პავლოვნა.

     – ჯერ კიდევ ცოცხალია... – ჩაილაპარაკა მოხუცმა.

     – შესვლა შეიძლება?

     – რატომაც არა? შეიძლება.

     ალექსანდრა პავლოვნა ქოხში შევიდა. იქ სივიწროვეც იყო, დახშული ჰაერიც და კვამლიც იდგა... საწოლზე ვიღაც შეირხა და აკვნესდა. ალექსანდრა პავლოვნამ მიმოიხედა და სიბნელეში თვალი მოჰკრა დედაბრის ყვითელ და დანაოჭებულ სახეს; დედაბერს უჯრედოვანი თავსაფრით ჰქონდა თავი შეხვეული; მკერდამდის მძიმე არმიაკი გადაეფარებინათ და გაჭირვებით სუნთქავდა, გამხდარ ხელებს ძლივს ასავსავებდა.

     ალექსანდრა პავლოვნა მიუახლოვდა დედაბერს, თითები შეახო მის გახურებულ შუბლს და ჰკითხა:

     – როგორა გრძნობ თავს, მატრონა?

     – ო–ოჰ! ამოიკვნესა დედაბერმა და ალექსანდრა პავლოვნას შეაშტერდა. – ცუდად, ცუდად, გენაცვალე! მოაღწია სიკვდილის საათმა, ჩემო კეთილო!

     – ღმერთი მოწყალეა, მატრონა, იქნებ მორჩე. დალიე თუ არა წამალი, მე რომ გამოგიგზავნე?

     დედაბერი  მწუხარედ აკვნესდა და არ უპასუხნია. შეკითხვა არ გაუგონია.

     – დალია, – ჩაილაპარაკა კართან შეჩერებულმა მოხუცმა.

     ალექსანდრა პავლოვნამ ახლა მას მიმართა:

     – შენს გარდა ამასთან სხვა არავინ არის? – შეეკითხა იგი.

     – არის გოგო, მაგისი შვილიშვილი, მაგრამ აქ არა დგება. სულ გარბის, დაუდგრომელია. დედაბრისათვის წყლის მიწოდებაც ეზარება. მე კი მოვხუცდი, სადღა შემიძლია!

     – ხომ არ გადმოვიყვანოთ ჩემთან საავადმყოფოში?

     – არა! რა საჭიროა საავადმყოფო. სულერთია, მაინც მოკვდება. საკმაოდ იცხოვრა, ჩანს, ასე სწადია უფალს. საწოლიდან ვეღარ ჩამოდის. სადღა შეუძლია საავადმყოფოში წასვლა! ასწევენ და სულსაც განუტევებს.

     – ოჰ, – აკვნესდა ავადმყოფი, – ლამაზო ქალბატონო, ჩემს ობოლს უნუგეშოდ ნუ დასტოვებ; ჩვენი ბატონები შორს იმყოფებიან, შენ კი...

     დედაბერი დადუმდა. ძალა აღარ შესწევდა.

     – ნუ გეშინია, – ჩაილაპარაკა ალექსანდრა პავლოვნამ, – ყველაფერი გაკეთდება. აი ჩაი და შაქარი მოგიტანე. თუ მოგესურვოს, დალიე... სამოვარი ხომ გაქვთ? – დაუმატა და მოხუცს შეხედა.

     – სამოვარი? სამოვარი არა გვაქვს, მაგრამ შოვნა შეიძლება.

     – მაშ იშოვნე, თუ არა, ჩემსას გამოგიგზავნი. უბრძანე შვილიშვილს, ავადმყოფს არ მოშორდეს. უთხარი, სირცხვილია-თქო.

     მოხუცმა არა უპასუხა-რა, ხოლო ჩაი და შაქარი ორივე ხელით ჩამოართვა.

     – მაშ, მშვიდობით, მატრონა! – ჩაილაპარაკა ალექსანდრა პავლოვნამ. – კიდევ გნახავ, გულს ნუ გაიტეხ, წამალი თავის დროზე მიიღე...

     დედაბერმა თავი წამოსწია და ალექსანდრა პავლოვნასაკენ წამოიმართა.

     – მიბოძეთ ხელი, ქალბატონო, – ჩაილუღლუღა მან.

     ალექსანდრა პავლოვნამ ხელი არ გაუწოდა, დაიხარა და შუბლზე აკოცა.

     – ხომ გესმის, – უთხრა მან წასვლისას მოხუცს: – წამალი აუცილებლად მიაღებინე ისე, როგორც წერია... ჩაიც დაალევინე...

     მოხუცმა კვლავ არაფერი უპასუხა-რა, მხოლოდ თავი დაუკრა.

     თავისუფლად ამოისუნთქა ალექსანდრა პავლოვნამ, სუფთა ჰაერზე რომ გავიდა. ქოლგა გაშალა და შინისაკენ წასვლა დააპირა, რომ უეცრად ქოხის კუთხიდან დაბალი, მსუბუქი სადოღე ეტლით გამოვიდა ოცდაათი წლის კაცი, რომელსაც ძველი, რუხი კალომიანკის პალტო ეცვა და ასეთივე ქუდი ეხურა. დაინახა თუ არა ალექსანდრა პავლოვნა, ცხენი მაშინვე შეაჩერა და სახე მისკენ მიიბრუნა. ეს სახე, ფართო, ფერმკრთალი, უღიმღამო, ნაცრისფერი თვალები და მოთეთრო ულვაშები მისი ტანისამოსის ფერს ეხამებოდა.

     – გამარჯობათ, – ჩაილაპარაკა მან ზანტი ღიმილით: – ნება მიბოძეთ გავიგო, რას აკეთებთ აქ?

     – ავადმყოფი ვინახულე... თქვენ საიდან, მიხაილო მიხაილიჩ?

     კაცმა, რომელსაც მიხაილო მიხაილიჩი ერქვა, ქალს თვალებში შეხედა და კვლავ ჩაიცინა.

     – კარგად შვრებით, – განაგრძო მან: – ავადმყოფს რომ ნახულობთ, მაგრამ უკეთესი არ იქნებოდა, საავადმყოფოში რომ გადაგეყვანათ?

     – მეტისმეტად დასუსტებულია, მისი დაძვრა არ შეიძლება.

     – საავადმყოფოს გაუქმებას ხომ არ აპირებთ?

     – გაუქმებას? რატომ?

     – ისე.

     – საოცარი აზრია! რატომ მოგივიდათ ეგ თავში?

     – თქვენ ხომ ლასუნსკაიასთან ნაცნობობა გაქვთ და, მგონი, მისი გავლენის ქვეშაც იმყოფებით. მისი სიტყვით-კი საავადმყოფოები, სასწავლებლები – ყველაფერი ეს ფუჭია, ამაოდ გამოგონებული. ქველმოქმედება პიროვნული უნდა იყოს, განათლებაც: ყოველივე ეს სულის საქმეა... მგონი, ასე ამბობს ის, ნეტავი მაცოდინა, ვის ხმაზე მღერის?

     ალექსანდრა პავლოვნას გაეცინა.

     – დარია მიხაილოვნა ჭკვიანი ქალია, მე ძალიან მიყვარს ის და პატივს ვცემ; მაგრამ მასაც შეუძლია შეცდეს, და ყოველი მისი სიტყვა როდი მწამს.

     – და საუცხოვოდაც იქცევით, – სთქვა მიხაილო მიხაილიჩმა ისე, რომ ეტლიდან არ ჩამოსულა: – იმიტომ რომ მას საკმაოდ არც თვითონ სწამს თავისი სიტყვები. მე კი დიდად მოხარული ვარ, რომ თქვენ შეგხვდით.

     – რატომ?

     – კარგი კითხვაა! თითქო მუდამ სასიამოვნო არ იყოს თქვენთან შეხვედრა! დღეს ისევე ქორფა და მშვენიერი ხართ, როგორც ეს დილა.

     ალექსანდრა პავლოვნა კვლავ გაეცინა.

     – რა გაცინებთ?

     – როგორ თუ რა? რომ შეგეძლოთ და დაგენახათ, თუ რა უსიცოცხლო და ცივი გამომეტყველებით წარმოსთქვით თქვენი ქათინაური! მიკვირს, რატომ არ დაგამთქნარათ უკანასკნელი სიტყვისას.

     – ცივი გამომეტყველებით... თქვენ სულ ცეცხლი გსურთ, ცეცხლი კი არაფრად არ ვარგა. აენთება, კვამლს დააყენებს და ჩაქრება.

     – და გაათბობს, – დაუმატა ალექსანდრა პავლოვნამ.

     – დიახ... კიდევაც დასწვავს.

     – მერე რა, რომ დასწვავს! არც ეგაა უბედურება. მაინც უკეთესია, ვიდრე...

     – ნეტა მომასწრო, რას იტყვით, როცა კარგად დაიწვებით, თუნდაც ერთხელ, – წყენით შეაწყვეტინა სიტყვა მიხაილო მიხაილიჩმა და ცხენს სადავეები დაუტლაშუნა. – მშვიდობით! 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ტურგენევი ივანე / რუდინი