ტურგენევი ივანე 

მოზეიმე სიყვარულის სიმღერა

 

ვუძღვნი გუსტავ ფლობერის ხსოვნას.

Wage Du zu irren und zu trumen!                                                                                               

                                                                                                                                   s c h i l l e r1 

(1 “გაბედე შეცდე და იოცნებო!”  შილერი (გერმ.).

 

აი, რა ამოვიკითხე ერთ ძველისძველ იტალიურ ხელნაწერში:

 

1

 

დაახლოებით XVI საუკუნის შუა წლებში ფერარაში (ფერარა მაშინ თავის დიდებულ ჰერცოგთა, ხელოვნებისა და პოეზიის მფარველთა ხელში ჰყვაოდა) ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა: ფაბიო და მუციო. თანატოლები და ახლო ნათესავები, ბავშვობიდანვე განუყრელი და გულითადი მეგობრები იყვნენ... ბედის მსგავსებამ კიდევ უფრო დააახლოვა ისინი. დიდგვაროვან ოჯახებს ეკუთვნოდნენ, ორივე მდიდარი, დამოუკიდებელი და უცოლო იყო, გემოვნება და მიდრეკილებანიც მსგავსი ჰქონდათ ორთავეს. მუციო მუსიკით იყო გატაცებული, ფაბიო – ფერწერით. მთელი ფერარა ამაყობდა ამ ორი მეგობრით, საჰერცოგო კარის, საზოგადოებისა და ქალაქის მშვენებით. მაგრამ გარეგნობით ისინი არ ჰგავდნენ ერთმანეთს, თუმცა ორივე მოხდენილი ჭაბუკური სილამაზით გამოირჩეოდა: ფაბიო უფრო ტანმაღალი იყო, პირთეთრი, ქერათმიანი და ცისფერთვალება, მუციო კი, პირიქით – შავგვრემანი, თმა შავი ჰქონდა და მუქთაფლისფერ თვალებში არ უკრთოდა ის მხიარული ნაპერწკალი, ტუჩებზე არ დასთამაშებდა ის ალერსიანი ღიმი, რაც ფაბიოს. მუციოს ვიწრო ქუთუთოებს ხშირი წარბები უჩრდილავდა, ფაბიოს კი ფიქალ შუბლზე ოქროსფერი, მომშვილდული წარბები გადასჭიმოდა. მუციო საუბარშიც ნაკლებ ხალისიანი იყო. ყოველივე ამით ორივე მეგობარი თანაბრად მოსწონდათ ქალებს – ტყუილად როდი იყვნენ სამაგალითონი რაინდული თავაზიანობითა და ხელგაშლილობით.

იმხანად ფერარაში ცხოვრობდა ერთი ასული, სახელად ვალერია. ის ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ქალად ითვლებოდა, თუმც იშვიათად თუ მოჰკრავდით თვალს, რადგან განმარტოებით ცხოვრობდა და სახლიდან მხოლოდ დიდი დღესასწაულებისას გამოდიოდა სასეირნოდ – ან კიდევ ეკლესიაში თუ იყო წასასვლელი. ვალერია ცხოვრობდა თავის დედასთან, კეთილშობილ, მაგრამ ხელმოკლე ქვრივთან, რომელსაც მის გარდა შვილი არ ჰყავდა. ყველას, ვისაც კი ხვდებოდა ვალერია, ის უნებლიე განცვიფრებისა და ასეთივე უნებლიე ნაზი პატივისცემის გრძნობას უღვიძებდა. ისე თავმდაბლად ეჭირა თავი, თითქოს ვერც კი გრძნობსო თავისი მშვენიერების მთელ ძალას. ზოგს ზედმეტად ფერმკრთალად ეჩვენებოდა. თითქმის მუდამ დახრილ მის თვალებში ერთგვარი მოკრძალება და შიშიც კი იხატებოდა. იშვიათად თუ გაიღიმებოდა და – ისიც ოდნავ. ვინ იცის, გაეგონა კი ვინმეს ვალერიას ხმა, თუმცა ამბობდნენ, საუცხოო ხმა აქვსო და სისხამ დილით, როცა ქალაქში ჯერ კიდევ ყოველივე თვლემს, ჩაკერილს თავის ოთახში, უყვარსო ძველი ჰანგების ქნარზე დამღერება. პირმკრთალი იყო – მაგრამ სიცოცხლით სავსე. და რომ შეხედავდა, მოხუციც კი აუცილებლად გაიფიქრებდა: “ო, ნეტავი იმ ჭაბუკს, ვისთვისაც გაიფურჩქნება ეს ჯერ კიდევ კოკორგაუშლელი, ხელუხლები და უბიწო ყვავილი!”

 

II

 

ფაბიომ და მუციომ ვალერია პირველად დიდ სახალხო დღესასწაულზე ნახეს, რომელიც მოეწყო ფერარის ჰერცოგის, სახელგანთქმული ლუკრეცია ბორჯიას1 (1  ლუკრეცია ბორჯია – პაპ ალექსანდრე VI ქალიშვილი, სახელგანთქმული თავისი ჭკუით, სილამაზით და უზნეობით.) ვაჟის, ეროკლეს ბრძანებით, პარიზიდან ჩამოსულ დიდებულთა პატივსაცემად. ისინი ჰერცოგის მეუღლის, საფრანგეთის მეფის, ლუდოვიკო XII ასულის წვეულნი იყვნენ. ქალაქის უწარჩინებულეს ბანოვანთათვის ფერარის მთავარ მოედანზე, პალადიოს2 (2 ანდრეა პალადიო (1508-1580) – გვიანი რენესანსის ხანის ცნობილი იტალიელი არქიტექტორი) ნახატის მიხედვით აგებული ლამაზი ტრიბუნის შუაში დედის გვერდით იჯდა ვალერია. ორივეს – ფაბიოც და მუციოსაც – ის იმ დღესვე შეუყვარდათ თავდავიწყებით; და რაკი ერთმანეთს არაფერს უმალავდნენ – მალე შეიტყო თვითეულმა მათგანმა, თუ რა ხდებოდა მეგობრის გულში. ასე გადაწყვიტეს: ორთავემ სცადონ ვალერიასთან დაახლოება – და თუ ის რომელიმე მათგანს თავისი არჩევანის ღირსად სცნობს – მაშინ მეორე უდრტვინველად დაემორჩილოს ქალის ნებას. რამდენიმე კვირის შემდეგ, სამართლიანად დამსახურებული კარგი სახელის წყალობით, მოახერხეს მოხვედრილიყვნენ ქვრივის სახლში, რომლის კარიც ყველასათვის როდი იყო ღია; ქვრივმა ნება დართო ახალგაზრდებს, სწვეოდნენ ხოლმე მას. ახლა ფაბიოს და მუციოს თითქმის ყოველდღე შეეძლო ვალერია არც ერთ მათგანს არ ანიჭებდა უპირატესობას, თუმც ეტყობოდა მათთან ყოფნა სიამოვნებდა. მუციოსთან ის მუსიკით ერთობოდა, ესაუბრებოდა კი უფრო ფაბიოს: მასთან ვალერია ნაკლებ მორცხვობდა. ბოლოს მეგობრებმა გადაწყვიტეს შეეტყოთ საბოლოოდ თავიანთი ხვედრი და ვალერიას წერილი გაუგზავნეს: ქალს გადამწყვეტ პასუხს სთხოვდნენ, რომელს მოგვანდობო შენს ბედს. ეს წერილი ვალერიალ დედას უჩვენა და თან დასძინა: გათხოვებას არ ვაპირებ, მაგრამ თუ ფიქრობ, რომ უკვე დროა, ვისაც მირჩევ, იმას გავყვებიო. ცრემლი მოადგა თვალებზე დარბაისელ ქვრივს, საყვარელ პირმშოსთან განშორება რომ წარმოიდგინა; მაგრამ რა მიზეზით ეთქვა უარი საქმროებისთვის? ორივე თანაბრად ღირსად მიაჩნდა თავისი ასულის ხელისა. თუმცა გულში ფაბიოს აძლევდა უპირატესობას და, რაკი ფიქრობდა, ვალერიასაც კი უფრო მოსწონსო, მასზე მიუთითა. მეორე დღესვე შეიტყო ფაბიომ თავისი ბედნიერების ამბავი; მუციოს კი ისღა დარჩენოდა, რომ შეესრულებინა თავისი სიტყვა – და ბედს დამორჩილებოდა.

ასეც მოიქცა; მაგრამ არ შეეძლო მოწმე ყოფილიყო თავისი მეგობრის, თავისი მეტოქის ზეიმისა. სასწრაფოდ გაყიდა ქონების უმეტესი ნაწილი და შორეულ მოგზაურობაში გაემართა, აღმოსავლეთისაკენ. გამოთხოვებისას ფაბიოს აღუთქვა: არ დავბრუნდები, ვიდრე გატაცების უკანასკნელი კვალიც არ გაქრებაო ჩემში. უმძიმდა ფაბიოს ბავშვობისა და სიჭაბუკის მეგობართან განშორება... მაგრამ მოახლოებული ნეტარების სასიხარულო მოლოდინმა მალე შტანთქა ყველა სხვა გრძნობა – და ფაბიო მთელი არსებით მიეცა კეთილად დაგვირგვინებული სიყვარულის სიამეთ.

მალე ისინი დაქორწინდნენ – და მხოლოდ მაშინ გაიგო ფაბიომ მთელი ფასი იმ საუნჯისა, რომლის ფლობაც არგუნა ბედმა. ფერარის მახლობლად ფაბიოს მშვენიერი ვილა ჰქონდა, ჩრდილოვანი ბაღით გარშემორტყმული; იქ გადავიდა საცხოვრებლად ცოლითა და სიდედრით. ნეტარი დრო დაუდგათ მაშინ. ერთად ცხოვრებამ ახალ, წარმტაც ფერებში გამოავლინა ვალერიას სრულქმნილი ბუნება. ფაბიო შესანიშნავი მხატვარი დადგა; ახლა ის უბრალო მოყვარეული კი აღარ იყო – ნამდვილი ოსტატი.

ვალერიას დედა სიხარულით ცას ეწეოდა და ღმერთს მადლს სწირავდა, ბედნიერი წყვილის შემყურე. შეუმჩნევლად განვლო ოთხმა წელმა, ნეტარი სიზმარივით. ერთი რამ აკლდა ახალგაზრდა ცოლ-ქმარს; ერთი რამ აწუხებდათ: შვილი არ ჰყავდათ... მაგრამ იმედს არ კარგავდნენ. მეოთხე წლის დამლევს მათ მართლაც დიდი, ამჯერად ნამდვილი უბედურება დაატყდათ თავს: რამდენიმე დღის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ვალერიას დედა.

ბევრი ცრემლი დაღვარა ვალერიამ; დიდხანს ვერ შერიგებოდა თავის დანაკარგს. მაგრამ განვლო კიდევ ერთმა წელმა, ცხოვრებამ თავისი გაიტანა, ჩადგა წინანდელ კალაპოტში. და აი, ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს, ყველასათვის მოულოდნელად, ფერარაში დაბრუნდა მუციო.

 

III

 

ხუთმა წელმა განვლო მას შემდეგ, რაც მუციო ფერარიდან წავიდა. ამ ხნის განმავლობაში არავინ იცოდა მისი ამბავი; ყოველგვარი ხმა მიწყდა მის შესახებ, თითქოს მიწამ პირი უყოო. როცა ფაბიო თავის მეგობარს ფერარის ერთ-ერთ ქუჩაზე შეხვდა, კინაღამ შეჰყვირა, ჯერ მოულოდნელობისა, მერე კი სიხარულისაგან – და მაშინვე მიიწვია თავის ვილაში. იქ ბაღში ფაბიოს განცალკევებული, ფართო პავილიონი ჰქონდა; მან ეს პავილიონი შესთავაზა მეგობარს საცხოვრებლად. მუციო ხალისით დათანხმდა და იმ დღესვე გადავიდა იქ. თან მსახური ახლდა, მუნჯი მალაელი; მუნჯი კი იყო, მაგრამ ყურთ როდი აკლდა; მეტყველი თვალები კი მის დიდ საზრიანობას მოწმობდა... ენა მალაელს ამოჭრილი ჰქონდა. მუციომ თან ჩამოიტანა ხანგრძლივი მოგზაურობისას დაგროვილი ნაირ-ნაირი ძვირფასეულობით სავსე რამდენიმე ათეული სკივრი. ვალერიას გაეხარდა მუციოს დაბრუნება; მუციოც მეგობრული სიხარულით, მაგრამ მშვიდად მიესალმა ქალს: ყველაფერში ეტყობოდა, რომ შეესრულებინა ფაბიოსთვის მიცემული სიტყვა. დღის განმავლობაში მუციომ მოასწრო პავილიონში დაბინავება; მალაელის დახმარებით ამოალაგა ჩამოტანილი იშვიათობანი: ნოხები, აბრეშუმის ქსოვილები, ხავერდისა და ფარჩის ტანსაცმელი, მომინანქრებული ფიალები, ლანგრები და თასები, მარგალიტითა და ფირუზით მოოჭვილი ვერცხლისა და ოქროს ნივთები, ქარვისა და სპილოს ძვლის მოჩუქურთმებული ყუთები, თლილი სურები, ნაირ-ნაირი სანელებელი და საკმეველი, ნადირთა ტყავები, უცხო ფრინველთა ფრთები და მრავალი სხვა საგანი, რომელთა მარტო დანიშნულებაც კი გამოუცნობი და იდუმალებით მოცული ჩანდა. ამ განძეულში ერთი ძვირფასი მარგალიტის გულქანდაც ერია, რომელიც სპარსეთის შაჰისაგან მიეღო მუციოს რაღაც დიდი და საიდუმლო სამსახურის გაწევისთვის; მან ვალერიას ნებართვა სთხოვა: ჩემი ხელით შეგაბამო ყელზე ამ გულქანდას. ქალს გულქანდა მძიმე და უცნაურად თბილი ეჩვენა... თითქოს მიეკონაო ყელს. საღამო ჟამს, ნასადილებს, ვილის ტერასაზე, დაფნისა და ოლეანდრების ჩრდილში. მუციო მასპინძლებს თავის თავგადასავალს უამბობდა. მოუთხრობდა შორეულ ქვეყნებზე, ცადაწვდილ მთებზე, უწყლო უდაბნოებსა და ზღვის სადარ მდინარეებზე, მოგზაურობისას რომ ენახა; ლაპარაკობდა უზარმაზარ შენობებსა და ტაძრებზე, ათასწლოვან ხეებსა, ნაირფერ ყვავილებსა და ფრინველებზე. ასახელებდა გაცნობილ ქალაქებსა და ხალხებს... რაღაც ზღაპრული იერი დაჰკრავდა მარტო ამ სახლებსაც. მთელ აღმოსავლეთს იცნობდა მუციო. მან მოიარა სპარსეთი და არაბეთი, სადაც ცხენები ყველა სხვა არსებაზე ლამაზნი და კეთილშობილნი არიან, მიაღწია ინდოეთის შუაგულს, სადაც კაცთა მოდგმა ბუ,ბერაზ მცენარეთა მსგავსია. მივიდა ჩინეთისა და ტიბეტის საზღვრებამდე, სადაც ცოცხალი ღმერთი, დალაი-ლამა, ვიწროთვალება, მდუმარე ადამიანის სახით ბინადრობს დედამიწაზე. საოცარი რამ იყო მუციოს ნაამბობი! მოჯადოებულებივით უსმენდნენ ფაბიო და ვალერია.სახის ნაკვთები მუციოს თითქმის არ შესცვლოდა: ბავშვობიდანვე შავგვრემანი სახე მცხუნვარე მზეს კიდევ უფრო დაეწვა და გაეშავებინა, თვალები წინანდელზე უფრო ჩაღრმავებოდა – ეს იყო და ეს; მაგრამ სულ სხვა იყო ახლა ამ სახის გამომეტყველება: დაძაბულსა და ზვიადს, გამოცოცხლება მაშინაც არ ეტყობოდა, როცა მუციო იგონებდა იმ საფრთხეს, ღამე, ვეფხვთა ღმუილით გაყრუებულ ტყეებში რომ ჩავარდნილა, ან კიდევ დღისით, უკაცრიელ გზებზე რომ ხიფათს გადაჰყრია, სადაც მგზავრებს ურჯუკები ჩასაფრებიან, რათა დაახრჩონ და რკინის ქალღმერთს მიუტანონ მსხვერპლად. მუციოს ახლა ხმაც უფრო დახშული და მშვიდი ჰქონდა; ხელებისა და მთელი ტანაის მოძრაობას დაჰკარგოდათ იტალიელთა მოდგმისთვის ჩვეული სითამამე. თავისი მსახურის, მონურად მორჩილი და მკვირცხლი მალაელის დახმარებით, მუციომ თავის მასპინძლებს რამდენიმე ოინი უჩვენა, რომლებიც მას ინდოელმა ბრამინებმა შეასწავლეს. ასე, მაგალითად, წინასწარ ფარდა ჩამოიფარა და უეცრად გამოჩნდა ჰაერში ფეხმორთხმული, თითის წვერებით შვეულად აღმართულ ბამბუკის ჯოხს ეყრდნობოდა ოდნავ. ამან ძალზე გააკვირვა ფაბიო; ვალერია შეშინდა კიდეც... “ჯადოქარი ხომ არ არის?” – გაიფიქრა ქალმა. ხოლო როცა მუციომ პატარა ფლეიტას ჩაჰბერა და თავდახურული კალათიდან სტვენით გამოიწვია მოთვინიერებული გველები, როცა ჭრელი ქსოვილიდან ნესტრის რხევით ამოჰყვეს მუქი, პატარა ბრტყელი თავები, ვალერიას თავზარი დაეცა და სთხოვა სასწრაფოდ დაემალა ეს საზარელი ქვემძრომები. ვახშამზე მუციო თავის მასპინძლებს შირაზის ღვინით გაუმასპინძლდა. საოცრად სურნელოვანი და სქელი, მომწვანო-ოქროსფერი ეს სასმელი, მრგვალი, მაღალყელიანი ბოთლიდან იასპის პაწია ფიალებში დასხმული, იდუმალად ბრწყინავდა. გემოთი ევროპულ ღვინოებს არ ჰგავდა; ძალზე ტკბილი იყო და სურნელოვანი, და სვენებ-სვენებით შესმისას მთელს სხეულს საამო მოთელთილობას ჰგვრიდა. მუციომ თითო-თითო ფიალა შეასვა ფაბიოს და ვალერიას და თვითონაც დალია. ვალერიას ფიალას თითქოს რაღაც ჩასჩურჩულა, თითებით ფრთხილად შეარხია. ქალმა ეს შენიშნა და, რაკი საერთოდ მუციოს მოქმედებასა და საქციელში რაღაც უცხო და უჩვეულო რამ გამოსჭვიოდა, ესღა გაიფიქრა: “ინდოეთში რაიმე ახალი სარწმუნოება ხომ არ მიიღო, ან იქნებ ასეთი ჩვევებია იქ?” ხანმოკლე დუმილის შემდეგ ჰკითხა: განაგრძობდიო მოგზაურობისას მუსიკაში მეცადინეობას? პასუხად მუციომ მალაელს თავისი ინდური ვიოლინო მოატანინა. ის ახლანდელს წააგავდა, ოღონდ ნაცვლად ოთხი სიმისა, სამი ჰქონდა და მოცისფრო გველის ტყავი ეკრა გარედან, ნახევარწრისებური ბამბუკის წვრილი ქამანის ბოლოზე კი წვერწამახული ალმასი ელავდა.

პირველად მუციომ რამდენიმე სევდიანი, მისი თქმით, ხალხური სიმღერა დაუკრა, რაც იტალიელის ყურისთვის უცნაურად და როგორღაც ველურად ჟღერდა; ლითონის სიმები სუსტსა და შესაბრალის ბგერას გამოსცემდნენ. მაგრამ როცა მუციომ უკანასკნელი სიმღერა დაიწყო – ეს ბგერა უეცრად გაძლიერდა, ათრთოლდა ძალუმად და ხმიერად; ვნებიამი მელოდია დაირხა ლაღად მოქნეული ქამანის ქვეშ, დაირხა და ლამაზად დაიკლაკნა, როგორც ის გველი, რომლის ტყავიც ეკრა ვიოლინოს გარედან; და ისეთი ცეცხლით გალაღებული სიხარულით ბრწყინავდა და იწვოდა ეს მელოდია, რომ ფაბიოს და ვალერიას გული შეეკუმშათ და ცრემლები მოადგათ თვალებზე... მუციო კი, ვიოლინოზე თავდახრილი, წარბებშეკრული, ღაწვებგაფითრებული, კიდევ უფრო დაძაბული და ზვიადი ჩანდა, ხოლო ქამანის ბოლოზე მოელვარე ალმასი სხივიან ნაპერწკლებს აბნევდა, თითქოს ისიც ანთებულიაო იმ გრძნეული ჰანგის ცეცხლით. მუციომ დაკვრა დაამთავრა; ვიოლინო ისევ ნიკაპქვეშ ეკავა, ხელი, რომელშიც ქამანი ეჭირა, ჩამოუვარდა. “რა არის ეს? რა დაუკარი?” – წამოიძახა ფაბიომ. ვალერიას სიტყვაც არ დასცდენია, მაგრამ, ეტყობოდა, მთელი არსებით გაიმეორა ქმრის შეკითხვა. მუციომ ვიოლინო მაგიდაზე დადო, თავი ოდნავ გააქნია და თავაზიანი ღიმილით წარმოთქვა: “ეს? ეს მელოდია... მე ერთხელ კუნძულ ცეილონზე მოვისმინე. ამ სიმღერას იქ, ხალხში, ბედნიერი, გამარჯვებული სიყვარულის სიმღერას ეძახიან”. – “გაიმეორე”, – წაიჩურჩულა ფაბიომ. “არა; ამის გამეორება არ შეიძლება, – უპასუხა მუციომ, – უკვე გვიანაა. სენიორა ვალერიას მოსვენება სჭირდება; ჩემი წასვლის დროც არის... დავიღალე”. მთელი დღის განმავლობაში მუციო ვალერიას უბრალოდ მოწიწებით ეპყრობოდა, როგორც დიდი ხნის მეგობარი; მაგრამ წასვლისას მაგრად ჩამოართვა ხელი, ხელის გულზე თითები დააჭირა – და ისე შეხედა სახეში, რომ თუმც ვალერიას მაღლა არ აუხედავს, მაინც იგრძნო ის დაჟინებული მზერა უეცრად ალეწილ თავის ღაწვებზე. მუციოსთვის არაფერი უთქვამს, ხელი კი გამოგლიჯა, და როცა მუციოს განშორდა, შეხედა კარს, საიდანაც ის გავიდა. გაახსენდა, წინათაც რომ ეშინოდა მუციოსი... ახლაც საგონებელში ჩავარდა. მუციო თავის პავილიონში წავიდა; ცოლ-ქმარი საძინებელი ოთახისკენ გაემართა.

 

IV

 

დიდხანს არ დაეძინა ვალერიას. საამო მოდუნებას გრძნობდა მთელ ტანში; ოდნავ თავის უბრუოდა... ალბათ იმ უცნაური ღვინისგან, როგორც თვითონ ფიქრობდა, ან იქნებ მუციოს ნაამბობმა, მისმა ვიოლინომ ააფირიაქა ასე... განთიადისას, როგორც იქნა, ჩაეძინა და უჩვეულო სიზმარი ნახა.

მოეჩვენა, თითქოს შედის დაბალთაღიან ფართო ოთახში... ასეთი ოთახი არასდროს ენახა... მთელი კედლები მოფენილია “ოქროს ბალახით” მოხატული პატარ-პატარა ცისფერი შორენკეცებით; წვრილი, თლილი ალებასტრის სვეტები შებჯენიან მარმარილოს თაღს; თაღი და სვეტები ნახევრად გამჭვირვალეა... მკრთალი ვარდისფერი სინათლე ყოველი მხრიდან ატანს ოთახში და ყველა საგანს ერთფეროვანსა და იდუმალ შუქს ჰფენს; სარკესავით გლუვი იატაკის შუა, ვიწრო ნოხზე, ფარჩის ბალიშები აწყვია. კუთხეებში ოდნავ შესამჩნევად ბოლავენ საზარელი მხეცების გამომსახველი მაღალი მუჯამარები; ფანჯრები არსად არის; ხავერდჩამოფარებული მდუმარე კარი შავად მოჩანს კედლის ღრმულში. უეცრად ეს ფარდა ნელ-ნელა იწევა... შემოდის მუციო, თავის დაკვრით ესალმება, მოსახვევად შლის ხელებს, იცინის... მისი მაგარი მკლავები ვალერიას ტანს შემოეჭდო; მუციოს მშრალმა ტუჩებმა მთლად დასწვეს ქალი... ვალერია გულაღმა ეცემა ბალიშებზე...

ძლივს, საშინელი კვნესით, გაეღვიძა ვალერიას. ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულა, სად არის და რა ემართება. წამოიწია საწოლიდან, მიმოიხედა... ჟრუანტელი უვლის მთელ ტანში... მის გვერდით ფაბიო წევს, სძინავს; ფანჯრიდან სავსე და ნათელი მთვარის შუქი იჭრება, და ამ შუქზე ფაბიოს სახეს მკვდრის ფერი ადევს... ეს სახე მიცვალებულისაზე უფრო ნაღვლიანია. ვალერიამ ქმარი გააღვიძა – და ფაბიომ შეხედა თუ არა ქალს, – რა დაგემართაო? – შეჰყვირა. “მე ვნახე... მე საშინელი სიზმარი ვნახე”, – ჯერ ისევ ცახცახით წაიჩურჩულა ვალერიამ.

მაგრამ იმ წამსვე პავილიონის მხრიდან ძლიერი ჰანგი მოისმა, და ორივემ, – ფაბიომ და ვალერიამ, – იცნეს მელოდია, რომელიც მუციომ დაუკრა და რომელსაც გამარჯვებული, მოზეიმე სიყვარულის სიმღერა უწოდა. ფაბიომ გაოცებით შეხედა ვალერიას... ქალმა თვალები დახუჭა, მიბრუნდა – და ორივემ სულგანაბულმა მოუსმინა სიმღერას ბოლომდე. როცა უკანასკნელი ბგერა მიწყდა, მთვარე ღრუბელს მიეფარა, ოთახში უცებ ჩამობნელდა... ცოლ-ქმარმა უსიტყვოდ დაუშვა ბალიშზე თავი, – და ვერც ერთმა მათგანმა ვერ შენიშნა, როდის ჩაეძია მეორეს.

 

V

 

მეორე დღეს მუციო საუზმობისას მოვიდა; კმაყოფილი ჩანდა. მხიარულად მიესალმა ვალერიას. ქალმა დაბნეულად უპასუხა – თვალში შეავლო მუციოს – და შიშმა აიტანა ამ კმაყოფილი, მხიარული სახის და გამსჭვალავი, ცნობისმოყვარე თვალების დანახვაზე. ის იყო მუციომ კვლავ დაიწყო თხრობა... მაგრამ ფაბიომ პირველ სიტყვაზევე შეაწყვეტინა.

– როგორც ჩანს, ვერ დაიძინე ახალ ადგილზე? მე და ვალერიას გვესმოდა, როგორ უკრავდი გუშინდელ სიმღერას.

– ჰოო? მისმენდით? – წარმოთქვა მუციომ. – მართალია, სწორედ იმას ვუკრავდი, მანამდე კი მეძინა და თანაც უცნაური სიზმარი ვნახე.

ვალერია შეკრთა.

– რა სიზმარი? – ჰკითხა ფაბიომ.

– მეზმანა, – უპასუხა მუციომ და თან ვალერიას მიაჩერდა დაჟინებით, – თითქოს შევდივარ აღმოსავლურად მორთულ, თაღიან ფართო ოთახში. თაღს თლილი სვეტები შებჯენოდა, კედლები შორენკეცებით იყო მოფენილი და თუმც არსად იყო არც ფანჯარა, არც სანთელი, მთელი ოთახი ვარდისფერი შუქით იყო მოხული, თითქოს სულ ერთიანად გამჭვირვალე ქვისგანააო ნაგები. კუთხეებში ჩინური მუჯამარები ბოლავდა; იატაკზე, ვიწრო ხალიჩის გასწვრივ, ფარჩის ბალიშები ეწყო. მე ფარდაჩამოფარებული კარიდან შევედი, ხოლო მოპირდაპირე კარი შემოაღო ქალმა, რომელიც ოდესღაც მიყვარდა. და ის იმდენად მშვენიერი მეჩვენა, რომ კვლავ მომედო წინანდელი სიყვარულის ალი...

მუციო მრავალმნიშვნელოვნად გაჩუმდა. ვალერია უძრავად იჯდა, თანდათან ფერი მისდიოდა... სუნთქვაც გაუხშირდა.

– მაშინ, – განაგრძო მუციომ, – გამოეღვიძა და დავუკარი ის სიმღერა.

– მერედა, ვინ იყო ის ქალი? – იკითხა ფაბიომ.

– ვინ იყო? ერთი ინდოელის ცოლი. მე მას ქალაქ დელში შევხვდი... ის უკვე ცოცხალი აღარ არის. გარდაიცვალა.

– ქმარი? – ჰკითხა ფაბიომ, თვითონაც არ იცოდა რად კითხულობდა ამას.

– ამბობენ, ქმარიც გარდაიცვალაო.

– საოცარია! – შენიშნა ფაბიომ. – ჩემმა ცოლმაც ნახა წუხელ უცნაური სიზმარი. – მუციომ დაჟინებით შეხედა ვალერიას, – რომელიც მე არ მიამბო, – დაუმატა ფაბიომ.

მაშინ კი ვალერია ადგა და ოთახიდან გავიდა. საუზმის შემდეგ მუციოც წავიდა, ფერარაში საქმეები მაქვს და საღამომდე ვერ დავბრუნდებიო.

 

VI

 

რამდენიმე კვირის წინ, ვიდრე მუციო დაბრუნდებოდა, ფაბიომ დაიწყო ვალერიას პორტრეტი, სადაც სურდა წმინდა ცეცილიას ატრიბუტებით გამოეხატა. ფაბიო საგრძნობლად დაოსტატდა თავის ხელოვნებაში; ფერარაში მას სახელგანთქმული ლუინი1 (1 ბერნარდო ლუინი (დაახლ. 1480–1532) – ცნობილი იტალიელი მხატვარი, ლეონარდო და ვინჩის მიმდევარი). ეწვია, ლეონარდო და ვინჩის მოსწავლე; საკუთარი რჩევითაც დაეხმარა და თავისი დიდი მასწავლებლის დარიგებანიც გადასცა. პორტრეტი თითქმის მზად იყო; კიდევ რამდენიმე შტრიხი – და ფაბიოს სამართლიანად შეეძლო ეამაყა თავისი ნაწარმოებით. გაისტუმრა თუ არა მუციო ფერარაში, ფაბიო თავისი სტუდიისაკენ გაემართა, სადაც მას ჩვეულებრივ ვალერია ელოდებოდა; მაგრამ ქალი იქ არ დახვდა. დაუძახა – არავინ უპასუხა. ფაბიოს იდუმალი მღელვარება დაეუფლა; დაუწყო ვალერიას ძებნა. სახლში ვერ ნახა. მაშინ ფაბიო ბაღში გაიქცა – და იქ, ერთ-ერთ მივარდნილ ხეივანში, დაინახა ვალერია. ქალი თავჩაღუნული იჯდა სკამზე; ხელები ჯვარედინად დაეწყო მუხლებზე, ხოლო მის უკან, კვიპაროსის მუქ სიმწვანეში მარმარილოს სატირი მოჩანდა, ტუჩებთან სალამური მიეტანა და სახე ნიშნისმომგები ღიმილით დაღმეჭოდა. ვალერიას გაეხარდა ქმრის დანახვა – და მის შეშფოთებულ კითხვებზე უპასუხა: ოდნავ თავი მტკივა, მაგრამ არა უშავს, მზადა ვარ სეანსზე წამოსასვლელადო. ფაბიომ ვალერია სტუდიაში მიიყვანა, დასვა, აიღო ფუნჯი; მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ იქნა და ვერ მოახერხა სახის იმგვარად დამთავრება, როგორც თვითონ სიურდა.  და განა იმიტომ, რომ ვალერიას სახე ოდნავ ფერმიხდილი და მოღლილი ჩანდა... არა; მაგრამ ის სუფთა, სპეტაკ გამომეტყველებას, რომელიც ასე მოსწონდა ფაბიოს ამ სახეში და რამაც აფიქრებინა ვალერია წმინდა ცეცილიას სახით წარმოედგინა, დღეს ვეღარ პოულობდა. ბოლოს ფაბიომ დააგდო ფუნჯი, ცოლს უთხრა, განწყობაზე არა ვარ და შენთვისაც ურიგო არ იქნება, რომ მოისვენო, გეტყობა, შეუძლოდა ხარო – და სურათიანი მოლბერტი პირით კედლისკენ მიაბრუნდა. ვალერიაც დაეთანხმა, მოსველება მჭირდებაო, კვლავ შესჩივლა თავის ტკივილი და საწოლი ოთახისკენ გაეშურა.

ფაბიო სტუდიაში დარჩა. მასში უცნაურს, მისთვისაც გამოუცნობ შეშფოთებას დაესადგურებინა. მის ჭერქვეშ მუციოს ყოფნა, რომელიც თვითონვე მიიწვია, ფაბიოს აწუხებდა და იმიტომ კი არა, რომ ეჭვიანობდა... განა შეიძლებოდა ვალერიაში ეჭვი შეჰპარვოდა! – მაგრამ თავის მეგობარში ის წინანდელ ამხანაგს ვეღარ ცნობდა. ყოველივე ის უცხო და უცნაური, რაც მუციომ თან ჩამოიტანა შორეული ქვეყნებიდან – და რაც, ეტყობოდა, სისხლსა და ხორცში ჰქონდა გამჯდარი, – მაგიური ფანდები, სიმღერები, უცნაური სასმელები, ეს მუნჯი მალაელი, თვით უცხო სურნელებაც, რომელსაც მუციოს ტანსაცმელი, თმა და სუნთქვა გამოსცემდა, – ყოველივე ეს ფაბიოს რაღაც უნდობლობის, შიშის მსგავს გრძნობასაც კი უნერგავდა. ან ეს მალაელი სუფრაზე მომსახურების დროს ასე უსიამო ცნობისმოყვარეობით რად უცქერის ფაბიოს? ვინმეს შეიძლებოდა კიდეც ეფიქრა, იტალიური ესმისო. მუციო ამბობდა, ენის დაკარგვით მალაელმა უდიდესი მსხვერპლი გაიღო – სამაგიეროდ ახლა დიდ ძალას ფლობსო. რა ძალას? ან როგორ შეძლო ენის ფასად მისი შეძენა? ყოველივე ეს ძალზე უცნაურია! ძალზე გაუგებარი! ფაბიო შევიდა ცოლთან, საწოლ ოთახში. ვალერია ტანგაუხდელი იწვა ლოგინზე, მაგრამ არ ეძინა. ქმრის ფეხის ხმის გაგონებაზე შეკრთა, მერე ისევე, როგორც ბაღში, კვლავ გაეხარდა ფაბიოს დანახვა. ფაბიო საწოლთან ჩამოჯდა, აიღო ვალერიას ხელი და ჰკითხა: რა უჩვეულო სიზმარმა შეგაშინა წინა ღამით? ან ხომ არ ჰგავდა ის მუციოს ნაამბობ სიზმარსო? ვალერია გაწითლდა და აჩქარებით უპასუხა: “ო, არა! არა! მე ვნახე... საშინელი ურჩხული, რომელიც ჩემს გაგლეჯას ლამობდა”. – “ურჩხული? ადამიანის სახით?” – ჰკითხა ფაბიომ. “არა, მხეცის... მხეცის!” – ვალერია მიბრუნდა და ალეწილი სახე ბალიშებში ჩამალა. ცოტა ხანს კიდევ ეჭირა ფაბიოს ცოლის ხელი. შემდეგ უხმოდ მიიტანა ტუჩებთან – და გავიდა.

ნაღვლიანად გაატარა ის დღე ცოლ-ქმარმა. თითქოს რაღაც ავის მომასწავებელი შავი ღრუბელი ჩამოწვაო მათს თავზე... მაგრამ რა იყო, – ვერ გაეგოთ. ერთად ყოფნა სურდათ – თითქოს საფრთხე ემუქრებათო. ლაპარაკი უნდოდათ – და ვერაფერი ეთქვათ ერთმანეთისათვის. ფაბიომ სცადა პორტრეტზე მუშაობა, სცადა არიოსტოს1 (ლუდოვიკო არიოსტო (1474–1533) – გვიანი რენესანსის ხანის უდიდესი იტალიელი პოეტი) წაკითხვა, რომლის პოემაც ახლახან გამოსულიყო ფერარაში და უკვე მთელი იტალია მასზე ლაპარაკობდა. მაგრამ არაფერი გამოსდიოდა... გვიან საღამოს, ვახშმობისას, დაბრუნდა მუციო.

 

VII

 

დამშვიდებული და კმაყოფილი ჩანდა – მაგრამ თხრობით ბევრი არაფერი უამბნია. უმეტესად ფაბიოს ეკითხებოდა ძველი საერთო ნაცნობების, გერმანული ლაშქრობისა და იმპერატორ კარლოსის შესახებ. ახალი პაპის სანახავად რომში გამგზავრების სურვილი გამოთქვა. კვლავ შესთავაზა ვალერიას შირაზის ღვინო – და, მისი უარის პასუხად, თითქმის თავისთვის, ჩაილაპარაკა: “ახლა უკვე საჭირო აღარ არის”. ფაბიო ცოლთან ერთად დაბრუნდა საწოლ ოთახში. მალე დაეძინა... და როცა ერთი საათის შემდეგ გამოეღვიძა, დარწმუნდა, რომ არავინ იზიარებდა მის სარეცელს: ვალერია არსად ჩანდა. ფაბიომ სწრაფად წამოიწია და იმწამსვე დაინახა ცოლი, ღამის სამოსში, ბაღიდან ოთახში შემოდიოდა. მთვარე კაშკაშებდა, თუმცა ცოტა ხნის წინ წამოეწვიმა. ვალერია საწოლს მიუახლოვდა; თვალები დახუჭული ჰქონდა და უმოძრაო სახეზე იდუმალი შიში აღბეჭდოდა. წინგაწვდილი ხელებით მოსინჯა საწოლი და სწრაფად, ხმაამოუღებლივ ჩაწვა. ფაბიოს შეკითხვაზე ქალმა არ უპასუხა; ეტყობოდა, ეძინა. ფაბიომ ხელი შეახო – და მის ტანსაცმელსა და თმაზე წვიმის წვეთები იგრძნო, შიშველ ფეხისგულებზე კი – ქვიშა. მაშინ ფაბიო წამოხტა და ნახევრად ღია კარიდან ბაღში გაიჭრა. ბადრი მთვარის თვალისმომჭრელი შუქი მოჰფენოდა არემარეს. ფაბიომ მიმოიხედა – და ბილიკზე ორი წყვილი ფეხის ნაკვალები შენიშნა – ერთი წყბილი შიშველი იყო; ეს კვალი სახლსა და პავილიონს შუა მდებარე ჟასმინების ტალავრისკენ მიდიოდა. ფაბიო გაოცებული შეჩერდა – და აი, უეცრად კვლავ გაისმა ის ჰანგი, რომელიც წინა ღამით მოისმინა! ფაბიო შეკრთა და პავილიონში შევარდა... შუა ოთახში მუციო დგას და ვიოლინოზე უკრავს. ფაბიო მიიჭრა მასთან. 

 

1 2
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ტურგენევი ივანე / მოზეიმე სიყვარულის სიმღერა