ფანჯიკიძე დალი 

ნატვრის ხის ტრაგიკული პერსონაჟი

 

საოცარია ლიტერატურული პერსონაჟის ფილმის პერსონაჟად გადაქცევის პროცესი. ლიტერატურული პერსონაჟი, თუ იგი დიდი მწერლის კალმით არის შექმნილი, იმდენი სახით შეიძლება არსებობდეს, რამდენიც ეყოლება ჭეშმარიტი მკითხველი, თუმცა ეს უკანასკნელი შეიძლება მანამდე არც აცნობიერებდეს თავის წარმოდგენაში არსებულ პერსონაჟს, სანამ იგი სცენაზე ან ეკრანზე არ მოევლინება. მაშინ იგი ან დაემთხვევა მის წარმოდგენას, ან მისთვის მიუღებელი აღმოჩნდება ხოლმე. თავის მხრივ ეკრანული ან სცენური სახე რეჟისორისა და მსახიობის ერთობლივი შრომის ნაყოფია, ფაქტიურად ისინი გვევლინებიან კრებითი მკითხველის როლში და ამა თუ იმ პერსონაჟის თავიანთ ვარიანტს გვთავაზობენ. ამ მიზნის მისაღწევად მათ უწევთ მწერლისეული აქცენტების გადანაწილება ან თავმოყრა, რათა ეკრანულმა სახემ გამოკვეთილი კონტურები შეიძინოს – გახდეს დრამატული, ტრაგიკული, კომიკური და ა.შ. ცხადია, საქმე უფრო რთულდება, როცა ლიტერატურული პერსონაჟი ერთ ყალიბში ვერ თავსდება, მაგალითად: არის ტრაგი-კომიკური, როგორც გიორგი ლეონიძის ერთ-ერთი ნოველის გმირის ფუფალას სახეა. ტრაგი-კომიკურობა მჟღავნდება ფუფალას გარეგნობაში, ჩაცმულობაში, მეტყველებაში, პერსონაჟისადმი ავტორის და ხალხის (ანუ სოფლის) დამოკიდებულებაში და მისი განსახიერება მსახიობისაგან დიდ ოსტატობას მოითხოვს. საკმარისია ერთი გაუაზრებელი ჟესტი, ერთი მცდარი მიმიკა, მიხრა-მოხრასა და მეტყველებაში ზედმეტი შტრიხის ან ინტონაციის შეტანა, რომ ფუფალას სახე სოფლის სამასხარაო ერთ ჩვეულებრივ პერსონაჟად იქცეს, როგორც მრავლად გვინახავს ქართულ სცენაზე თუ ეკრანზე. სოფელი ერთობა, დასცინის ფუფალასნაირებს, თუმცა ზოგჯერ ისინი თავს თვითონვე იმასხარავებენ, აჰყვებიან ხოლმე სოფელს მასხარაობაში (პრინციპში, ესეც ერთგვარი თავდაცვის ინსტინქტია), რადგან სოფელზე არიან დამოკიდებული და მისგან გადმოგდებულ ლუკმას სხვაგვარად ვერ მოიპოვებენ. მაგრამ არსებობს ასეთი ადამიანების სხვა კატეგორიაც: მათ აქვთ ფარული სიამაყე, ღირსება და თავმოყვარეობა, ისინი ხშირად ზნეობრივად მაღლა დგანან იმ საზოგადოებაზე, რომელიც მათ გონებასუსტად თვლის, სინამდვილეში ისინი თავს არც უყადრებენ სოფელს და სოფელიც გულის სიღრმეში მათ პატივს სცემს. ასეთი ტიპაჟია ფუფალა გენიალური ფილმის ავტორის თენგიზ აბულაძისათვის და იგი, ბუნებრივია, მსახიობისგანაც შესაბამის არატრაფარეტულ ხერხებს მოითხოვს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის თამაში ტრაგიკულისა და კომიკურის ზღვარზე, სადაც კომიზმი ნელ-ნელა უკან იხევს, ტრაგიზმი კი თანდათან გროვდება, იძაბება, მძიმდება და კულმინაციას ფინალში აღწევს. ფინალამდე დიდი და ძნელი გზაა გასავლელი და საინტერესოა, როგორ გადის ამ გზას სოფიკო ჭიაურელი.

ჩავიხედოთ პირველწყაროში და ვნახოთ, როგორ აღწერს ფუფალას პირველ გამოჩენას გიორგი ლეონიძე: «გზაზე გამოჩნდა მარტოდ-მარტო ბერიქალა, შესაფერისად ეცვა სხვა და სხვა მხიარული, ჭყეტელა ნაჭრებისაგან შეკერილი კაბა. ცალი ხელით მოძველო ქოლგა ეჭირა, მეორეთი ჭრელი ბოხჩა. ძველმოდური შავი თათმანი ეცვა ხელთ და ადამის ხნის დაგლეჯილი მაღალქუსლიანი ჩაღილული ყელიანი ფეხსაცმელი, მომტვრეული, შუაზე გადაჩეხილი ქუსლი ძალზე აწვალებდა. მოქანცული, შეოფლიანებული გმინავდა შეწუხებული ცალკე სიცხით, ცალკე უხერხული ფეხსაცმლით, ცალკე თავისი მწარე ბედით!»

ეკრანული ფუფალა მხოლოდ ჩაცმულობითა და «აღჭურვილობით» ჰგავს ლიტერატურულ პროტოტიპს. იგი არც მოქანცულია და არც ოფლშია გახვითქული, პირიქით, სოფიკო ჭიაურელის ფუფალა გრაციოზულად მოირხევა მტვრიან ბილიკზე, ღიღინებს კიდეც, სასაცილოა მისი ჩაცმულობა, დახეული ქოლგა, ქუსლმოქცეული ფეხსაცმელი, მაგრამ ჩვენდა გასაკვირად, იგი გამოჩენისთანავე თანაგრძნობას იწვევს, ამის მიზეზი კი ისაა, რომ მსახიობი ასხივებს ერთ მთავარ თვისებას – სიამაყეს, იგი ამ სიამაყეს შინაგანად ატარებს, ესაა სოფიკოს პოზიცია ამ პიროვნებისადმი, დიახ, ფუფალა მისთვის პიროვნებაა და მე მგონი, აქ ძევს ამ როლის სწორად მონახული გასაღები. სოფიკოს არსად, არანაირ სიტუაციაში არ ავიწყდება ეს და ამიტომაა, რომ ნორმალურ მაყურებელს მის დანახვაზე არ ეცინება, პირიქით, გული ეკუმშება მაშინაც, როცა ფუფალა ბალახებში ზის, ფერუმარილს ითხიპნის სახეზე, მერე კი კიტრიპარია ბიჭისაგან მიწოდებულ კიტრს ჭამს და მაშინაც, როცა თავისავე გამოგონილ საქმროებზე ხმამაღლა მეოცნებე თვალდახუჭულ ფუფალას ხეზე გადმომდგარი ონავარი ბიჭუნა ჭავლს ზედ სახეზე მიუშვებს: ესაა სოფლის უხეში ხუმრობა, რომელიც ღიმილს მოგვგვრიდა, ჩვენს წინაშე სხვა ფუფალა რომ ყოფილიყო.

წყაროსთან თავშეყრილი ქალები უბოროტო დაცინვით ხვდებიან ფუფალას. როგორია ფუფალას რეაქცია? იგი აუჩქარებლად, გრაციოზულად ჯდება, თავის განუყრელ ბოხჩას გვერდით დაიდებს, ფაქიზად კეცავს დაგლეჯილ ქოლგას, კაბას ისწორებს და ხედავ, რა დახვეწილია მისი ყოველი მოძრაობა, რა ღირსეულად იფერებს ქათინაურებს: «მართლაც ლამაზი ვიყავი, ალქალას, ოქროქალას, თვალჟუჟუნას მეძახდნენ», – ამბობს ფუფალა, ვითომ წარსულს იხსენებს, მაგრამ ახლაც ლამაზი ჰგონია თავი. განა ამას არ მოწმობს ის სცენა, ფუფალა ჯიბის სარკეში რომ იცქირება და სახეს ფერუმარილით იხატავს?! სოფიკო ჭიაურელი არსად არ გამოდის როლიდან – მის ყოველ ჟესტს, მიხრა-მოხრას, ლაპარაკის მანერას განსაზღვრავს ის შინაგანი პოზიცია, რაც მას აქვს ამ პერსონაჟისადმი შემუშავებული.

წყაროს ეპიზოდში ფუფალას სახეს კიდევ ერთი უსიტყვო სცენა მატებს შთამბეჭდაობას: იგი მარიტას უყურებს, არაფერს ამბობს, არც აღტაცების სიტყვები აღმოხდება, არც რაიმე ჟესტით ამძაფრებს სიტუაციას, აქ მხოლოდ სოფიკოს მეტყველი თვალები «თამაშობს» – მარიტასკენ მიმართულ მზერაში ერთდროულად გამოსჭვივის სიკეთე, ნაღველი, აღტაცება, სინანულიც თავისი გახუნებული ქალობის გამო, მარიტასადმი სიბრალულიც და წინათგრძნობაც, რომ ეს ღვთიური სილამაზე დასაღუპადაა განწირული. იგივე ნაღველი უდგას ფუფალას თვალებში, როცა ეკლესიიდან გამოსულ ჯვარდაწერილ მარიტას უყურებს.

ფუფალა ექიმბაშობს კიდეც, მისი კომიკური რეცეპტი: «ყვავი მოხარშე, ისე რომ ორთქლი არ გამოუვიდეს, მისი წვენი დალიე! მორიელის სისხლი გაახმე და მიიღე! მუხის ხის წყალი, მიმინოს ქონი აურიე ირმის ქონში, მტრედის გული ვარდის წყალში ჩააგდე!» თავშეკავებული, სერიოზული, გროტესკს მოკლებული გადმოცემის გამო კვლავ სიბრალულსა და თანაგრძნობას იწვევს, ხოლო მისი «პაციენტის» ქმრის ბუზღუნის გამგონე, ეგ ქალი გააგდე, აქედან მოაშორეო, გაიხსენეთ, რა მორჩილად და ფაქიზად დებს პირისკენ წაღებულ ლუკმას, როგორ უჩუმრად დგება, რა გულნატკენია, რა შეურაცხყოფილი, როგორ მიდის... მისი ყოველი ნაბიჯიდან მარტოსულობისა და მიუსაფრობის გარდა ისევ და ისევ შინაგანი სიამაყე გამოსჭვივის და ყველაფერ ამას ტრაგიკული ფინალისაკენ მივყავართ.

«ნატვრის ხის» ფინალი, სადაც ერთ ფოკუსში იყრის თავს ყოველი პერსონაჟის გავლილი გზა, სადაც საბოლოოდ იკვეთება ფილმის ძირითადი იდეა, არაერთი ბრწყინვალე ეპიზოდითაა გაჯერებული და მითუმეტეს ფასეულია, რომ სოფიკო ჭიაურელის ფინალური სცენა მათ ფონზე გამოირჩევა. აქ ფუფალას ტრაგიზმი კულმინაციას აღწევს, ფილმის სცენარის ავტორებს, რეზო ინანიშვილსა და თენგიზ აბულაძეს, ფინალში მართებულად გამოუტანიათ და სიტყვიერი მასალის სწორი მონტაჟით გაუმძაფრებიათ სულ სხვა გარემოში ჩართული სცენა. ნაწარმოებში იგი მშვიდ გარემოში, წყაროსთან სალაღობოდ თავმოყრილი ქალების თვალწინ თამაშდება. ფუფალა იქ ევედრება ერთ-ერთ გლეხის ქალს სიკვდილის შემდეგ დაიტიროს იგი, ფინალში კი საოცრად დაძაბულ სიტუაციაში, სადაც არამიწიერი გუგუნი ისმის და სახეგაქვავებული ადამიანები ვირზე უკუღმა შესმულ მარიტას მიაცილებენ, ტალახში გართხმული ფუფალა ერთ ასეთივე გულქვა გლეხის ქალს ფეხებზე ეხვევა და ევედრება: «ერთი უმფარველო გოგო ვარ, ხომ გამიკითხავ, როცა მოვკვდები... სიტყვა მომეცი, რომ ჩემზე თმას გაიშლი, ჩემზე შავს ჩაიცვამ, ჩემს კუბოზე დაახლი თავს!» ტრაგიზმს აძლიერებს გლეხის ქალის პოზა, რომელიც ცდილობს თავი დააღწიოს მის მკლავებს, იმიტომ რომ თანაგრძნობის უნარი არ გააჩნია.

ფინალური სცენით იკვრება ფუფალას ეკრანული სახე, დასტურდება მთელი ფილმის მანძილზე წვეთ-წვეთად ნაგროვები ტრაგიკულობის შეგრძნება, რომელსაც სოფიკო ჭიაურელი დიდი მსახიობისათვის დამახასიათებელი ძალითა და ოსტატობით უსვამს საბოლოო წერტილს, მაყურებელს კი უჩნდება რწმენა, რომ ფუფალას სახით ქართულ კინოს კიდევ ერთი შედევრი შეემატა.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ფანჯიკიძე დალი / ნატვრის ხის ტრაგიკული პერსონაჟი