ფაროხზადი ფორუყ

 

ფრაგმენტები

 

 

მთარგმნელი – ჯანაშია თეა

 

 

ვიგრძენი, როგორ გასრულდა ჩემი ცხოვრება და ყველაზე მცირე, რაც 27 წლის ასაკში უნდა მცოდნოდა, უკვე შევიცანი. იქნებ იმიტომაც, რომ ვარდებით მოფენლი გზით არ მივლია. ამ სიყვარულმა და სასაცილო ქორწინებამ 16 წლის ასაკში ჩემი მომავალი ცხოვრების საფუძველი შეარყია და დაანგრია. მეგზური არავინ მყოლია და ყველაფერი, რაც ჩემშია, მე აღმოვაჩინე და ის, რაც არ მაქვს, მხოლოდ ის არის, რაც შემეძლო, მქონოდა.

 

ცხოვრების უაზრობამ და საკუთარი თავისადმი გაუცნობიერებლობამ უფრო შორს წამიყვანა.

 

ჩემი უბედურება მხოლოდ მოზღვავებული გრძნობების უნაყოფობა იყო.

 

 

 

 

* * *

 

 

ვგრძნობ, რაღაც დაუცხრომელი, გიჟური ვნება არსებობს ჩემში. მსურს ყველაფერში შევაღწიო და მიწის სიღრმემდე ჩავიდე. იქ არის ჩემი სიყვარული, იქ, სადაც მარცვალი ღვივდება, ფესვებს იდგამს და ლპობაში თვითონ აგრძელებს არსებობას. თითქოს ჩემი სხეულიც წარმავალი და ცვალებადია. მინდა, მის ფესვებს შევეხო და ჩემი გული, როგორც მწიფე ნაყოფი, ხის ყველა ტოტზე ჩამოვკიდო.

 

 

* * *

 

 

ყოველთვის ვცდილობ, იდუმალი და ამოუცნობი ვიყო და არავინ შეიცნოს ჩემი ტკივილიანი ცხოვრება. ვცდილობ, ადამიანი გავხდე, რადგან ჩემი არსი ჩემშია...

 

ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, ჩვენი გრძნობები ფეხქვეშ გავთელოთ, მაგრამ მას ვერსად გავექცევით და ვერც დავემალებით.

 

 

* * *

 

 

არ ვიცი, "მიღწევა" რა არის, მაგრამ ასე მგონია, რაღაც მიზანია, რომლისკენაც მთელი ჩემი არსება მიილტვის. ნეტავ, მოვკვდე და ისევ შევიცნო სიცოცხლის ძალა. ვიხილო სხვა სამყარო, ნათელი და კეთილი; სიმდაბლე და სიბილწე, ადამიანს რომ აჩრდილივით აედევნა, გაქრეს სამარადისოდ და არავინ, არავინ აღმართოს საკუთარი სახლის წინ კედლები.

 

 

* * *

 

 

ადამიანი ადვილად ეგუება ცხოვრების სასაცილო ჩვევებს და სიძნელეებსა და წინააღმდეგობებს ემორჩილება.

 

ჩემი უბედურება, მწუხარების მორევში რომ მითრევს, იმდენად საოცარია, ისიც შეუძლია, ფარისევლობის მაცდუნებელი მახისაგან დამიხსნას.

 

არ მინდა, უბრალოდ კმაყოფილი ვიყო.

 

მსურს, ჩემი ძალა და ენერგია შევიცნო...

 

ჩემი უბედურება უძლურებისა და სირცხვილის გარდა, არაფერია, ჩემი სიკეთე თვალუწვდენელი კედელია. კედელი და მზის შუქით მონუსხვა, დროის სიმცირე, სულის შემხუთავი ნაღველი და ზიზღია.

 

 

* * *

 

 

გუშინ ჰოსპიტალში, ჩემს გვერდით ნომერში ქალმა თავი მოიკლა. გამთენიისას რაღაც გაურკვეველი კვნესის თუ ტირილის ხმა მომესმა. მეგონა, ძაღლი წკავწკავებდა და გარეთ გავედი. გავიტრუნე.

 

მერე სხვებიც მოვიდნენ და კარი შეამტვრიეს. ტახტზე უგონოდ ეგდო ტანდაბალი, ფერმკრთალი, უსახო ქალი. მას ფეხებში ჩასჭიდეს ხელი და გვამი ქვევით ჩამოათრიეს. ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. თვალში მომხვდა მისი სასაცილო, უცნაური ტანსაცმელი: გულსაბნევი, ჭუჭყიანი საცვალი, დაფლეთილი წინდები, ფერადი ქაღალდები და ფერადი ქაღალდებისგან საგულდაგულოდ გამოჭრილი თოჯინები, ზღაპრების წიგნი, სხვადასხვა აბები, იესო ქრისტეს ხატი და ავგაროზი.

 

არ ვიცი, მაგრამ ამ თვითმკვლელობამ იმდენად შემძრა, მინდოდა, საავადმყოფოში გავყოლოდი, მაგრამ ხალხი ისე უკმეხად ლაპარაკობდა უცნობ ქალზე, ვერ გავბედე, თანაგრძნობა გამომეხატა. ჩემს ოთახში შევედი და ავტირდი.

 

 

* * *

 

 

ნუთუ სასაცილოა, ადამიანი თავის სახელს ხეზე რომ ამოტვიფრავს და თავი ბედნიერი ჰგონია. ის იმდენად ეგოისტი მაინც არ არის, რომ იმ "ღირსეულ" და "პატივსაცემ" ადამიანებს დაემსგავსოს, რომლებიც ღრმა სიბერემდე ცხოვრობენ, ვიდრე თმის ერთი ღერი შერჩებათ.

 

 

* * *

 

 

თუ "სიყვარული" სიყვარული იქნება ფუჭ სიტყვებს არ ექნებათ აზრი.

 

ლონდონის ეროვნულ გალერეაში ლეონარდოს ერთ სურათს წავაწყდი, რომელიც ადრე არ მენახა. განსჯის დღეს ასახავს. ნახატი ცისფერ ფერშია გადაწყვეტილი. ადამიანივით მეტყველია და განთიადივით ნათელი.

 

მინდოდა მუხლი მომეყარა და მელოცა. საოცარია, მხოლოდ დიდი სიყვარულისა და სილამაზის განცდის წუთებში ვხდები რელიგიური.

 

 

* * *

 

 

მარტოხელა ბავშვივით ვარ. ვფიქრობ მზესუმზირას ყვავილებზე, ასე ლამაზად რომ აუყრიათ ტანი. აყვავილდნენ და თითქოს მევედრებიან: "ჩემთვის დაწერე". ზღვა ვნახე სიზმრად. ზღვის ზედაპირზე ნავები მიაპობენ ტალღებს.

 

არავინ იცის, ზღვის დასასრული სად არის. რომ შემეძლოს, ამ უსასრულობის ნაწილი გავხდე, მაშინ შევძლებდი ყველგან და ყველაფერში ვიყო, უსაზღვრო და უნაპირო გავხდე. მიწიდან ამოდის ის ძალა მე რომ მიზიდავს და მიპყრობს და ერთი სული აქვს მის სიღრმეში ჩამიტანოს.

 

ჩემთვის წინსვლა და აღმასვლა არაფერია, მხოლოდ ღრმად მინდა შევაღწიო ყველაფერში, რაც მიყვარს. მინდა ვინმემ სიყვარულში თანამიგრძნოს და თუნდაც ერთ ყვავილში შეუცვლელად განვზავდე. ასე მგონია, სწორედ ეს არის გზა უკვალოდ გაქრობის, გარდასახვისა და არარაობად ქცევისაგან თავის დასაღწევად.

 

 

* * *

 

 

ბედნიერი ვარ, რომ ჭაღარა შემომეპარა და შუბლი დაიღარა.

 

წარბებს შუა ორი დიდი ნაოჭი გამიჩნდა. აღარა ვარ გულუბრყვილო მეოცნებე. კარზე მომადგება 32 წელი და თითქოს ჩემი თავი ამოვწურე. გასრულდა ჩემი სიცოცხლე, მაგრამ საკუთარი თავი კი აღმოვაჩინე.

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ფაროხზადი ფორუყ / ფრაგმენტები