ჯანიკაშვილი ბასა
ფინალი
პიესა ერთ მოქმედებად
მოქმედი პირნი:
ზურიკო – ბებერი შვილთაშვილი
ზურიკოს დიდი ბაბუა – პატარა ბიჭი
ზურიკოს დიდი ბებია – პატარა გოგო
ზურიკოს ბაბუა – ახალგაზრდა ბიჭი
ზურიკოს ბებია – ახალგაზრდა გოგო
ზურიკოს მამა – მოხუცი კაცი
ზურიკოს დედა – მოხუცი ქალი
ციური – ზურიკოს მეგობარი
ასაკით და შესახედაობით, ოჯახის წევრები ბებერ ზურიკოზე პატარები არიან, მსვლელობის განმავლობაში ზურიკოს ასაკი და გარეგნობა მცირდება, სხვებისა კი უცვლელი რჩება. მხოლოდ ციურია გამონაკლისი, მისი ზრდა ნორმალურია. ამ ოჯახში ისე აცვიათ, როგორც მაგალითად დიდ ბაბუას და ბებიას შეეფერება და ა.შ.
სურათი პირველი
საღამო ხანია. ოჯახი მრგვალ მაგიდას უზის და სამოვარიდან ჩაის მიირთმევს.
ზურიკო – მე რომ დავიბადე... მე რომ დავიბადე...
დიდი ბაბუა – ჩვენ ყველანი ველოდით ზურიკოს დაბადებას.
დიდი ბებია – ჩემი შვილიშვილი – ზურიკოს დედა – რომ წაიყვანეს სამშობიაროში, იმწუთასვე ვიფიქრე, ზურიკო დაიბადება-მეთქი.
დიდი ბაბუა – მეც ასე ვიფიქრე.
დიდი ბებია – ნუ იცი შენ, თუთიყუშივით ყველაფრის გამეორება.
დიდი ბაბუა – ჯერ ეს ერთი, ზურიკოს დედა სამშობიაროში არ წაუყვანიათ.
დიდი ბებია – ვიცი, შენზე უკეთ ვიცი!
დიდი ბებია ენას გამოუყოფს დიდ ბაბუას. დიდი ბაბუა თმებში მოქაჩავს დიდ ბებიას. დიდი ბებია პანღურს უთავაზებს დიდ ბაბუას. მათ ბებია და ბაბუა გააშველებთ.
ბებია – ვინ დაიწყო?
ბაბუა – მორჩით ახლა, გეყოფათ!
დიდი ბაბუა – (დიდ ბებიაზე) იმან დაიწყო!
დიდი ბებია – (დიდ ბაბუაზე) არა, თვითონ დაიწყო! დებილო!
დიდი ბაბუა – დებილიც ხარ და მეტიც!
დიდი ბებია – დებილისგან მესმის!
დიდი ბაბუა – თუ დაგარტყი, გაგაფრენ ამერიკაში!
დიდი ბებია – აბა მიდი!
ბებია – კარგით ახლა, როგორ იქცევით?!
ბაბუა – ხომ ხედავთ, ზურიკოს დედ-მამა ისვენებს, ეცით პატივი, რა დაგემართათ, ხალხი არა ხართ?!
დიდ ბაბუას თავში წამოარტყამს. დიდი ბაბუა ატირდება.
დიდი ბებია – ეგრე გინდა (ენას გამოუყოფს) ბეე!
დიდი ბაბუა ბებიას ხელიდან დაუსხლტება და დიდ ბებიას გაეკიდება.
ბებია – (ბაბუას) რატომ ურტყამ?!
ბაბუა – აბა, არ დავარტყა?
ბებია – ამდენი დარტყმით ზურიკოს დიდ ბაბუას ტვინი აქვს შერყეული. ხომ გითხრეს თავში არ დაარტყაო?***
ბაბუა – მაშინ ადექი და შენ თვითონ მიხედე მაგათ!
ბებია – (დიდ ბაბუას და ბებიას, რომლებიც მაგიდის გარშემო ერთმანეთს დასდევენ) გეყოფათ ახლა!
დიდი ბაბუა და ბებია ჩერდებიან. დიდი ბაბუა ტირილს იწყებს და ზურიკოს დედასთან მიდის.
დიდი ბაბუა – ზურიკოს ბაბუამ თავში დამარტყააა!
ბებია – (ბაბუას) ეს გინდოდა?
ბაბუა – მე ვარ დამნაშავე, გამაგიჟებთ ყველანი! წავალ სახლიდან და მერე ნახეთ. აღარ მინდა!
მამა – სად მიდიხარ მამა, მოდი აქ!
ბაბუა – აბა რა, მე ვარ მარტო დამნაშავე?
დიდი ბაბუა – (ტირილით ახლა ზურიკოს მამასთან გადაინაცვლებს) თავში დამარტყააა!
დიდი ბებია – ეგრე გინდა! (ენას გამოუყოფს)
დიდი ბაბუა დიდ ბებიას დაიჭერს და თმებში ჩააფრინდება. დიდი ბებია წაიქცევა და ტირილს დაიწყებს.
ბაბუა – აი, ახლაც მე ვარ?
ბებია – შენ დაიწყე ყველაფერი. არ იცი, როგორ მოექცე ამხელა ხალხს?
ბაბუა – გაკმინდე ხმა! (თავში წამოარტყამს)
ბებია გაბრაზდება და ბაბუას წიხლს ჩაარტყამს. ბაბუა ყვირილს მორთავს. მამა გაბრაზებული მივარდება ბებიას.
ბებია ტირილს იწყებს.
მამა – შეიძლება ერთი ჭიქა ჩაი წყნარად დავლიო ამ სახლში?
დედა – ძვირფასო, მგონი დაიწყო, აჰჰ!
დიდი ბებია – ე-ე რას შვება?
დიდი ბაბუა – არ უყურო. (თვალებზე ხელს აფარებს)
დიდი ბებია – გასწი ხელი!
დიდი ბაბუა – არ უყურო!
ბებია – არა, არ შეხედოთ, მოდით აქ! (ცდილობს კალთას ამოაფაროს)
ბაბუა – ნუ უყურებ. (ბებიას ეფარება)
მამა – (ყველას ერთად ეფარება) ნუ უყურებთ.
დედა – რას მომჩერებიხართ, ვერ ხედავთ ზურიკო დაიბადა, აჰჰ!
ზურიკო – (ღრმა მოხუცი) მე მგონი, მეტის გაგრძელება არ ღირს. ასე დავიბადე მე. სწორედ ამას გეუბნებოდით, მე რომ დავიბადე, იმავე დღეს ქვეყანას ციური მოევლინა.
სურათი მეორე
სცენის სიღრმეში ზურიკოს დედა და მამა ლოგინზე წვანან და სძინავთ. მარჯვნივ ზურიკოს დიდი ბებია და დიდი ბაბუა ტელევიზორში ნახატ ფილმს უცქერენ.
ისმის “აბა დამაცადეს” მუსიკა. მარცხნივ ზურიკოს ბებია და ბაბუა მეცადინეობენ. ზურიკო და მეზობელი ციური მაგიდის ქვეშ სხედან. წესით და რიგით პატარა გოგონა ციური – ზურიკოსავით ბაღში დადის. ორივე სადაცაა სკოლაში შევა. განსხვავება მათ შორის მხოლოდ ისაა, რომ ზურიკო მოხუცია, ციური კი ბავშვი.
დიდი ბებია – «აბა დამაცადე» დაიწყო!
დიდი ბაბუა – მე მგელი ვარ, შენ კიდევ კურდღელი.
დიდი ბებია – მგელი ბოროტია და არაფერი გამოსდის.
დიდი ბაბუა – მე გამომივა.
დიდი ბებია – ახალი სერიაა. რა კარგია!
დიდი ბაბუა – არაფერი არ არის კარგი, ეს ნანახი მაქვს.
დიდი ბებია – შენ ყველაფერი ნანახი გაქვს.
დიდი ბაბუა – შენნაირი დებილი კი არა ვარ!
დიდი ბებია – დებილიც ხარ და მეტიც.
დიდი ბაბუა – აი, ახლა მგელი კურდღელს დაიჭერს და შეჭამს. მერე რას იტყვი?
დიდი ბებია – ვაიმე! არა! (შიშისგან თვალებს ხუჭავს)
დიდი ბაბუა – (ტელევიზორზე გულმოსული) ვახ ჩემი! გაიქცა?!
დიდი ბებია – ხომ გეუბნებოდი, ვერ დაიჭერსო?
დიდი ბაბუა – მერე რა, ახლა მაინც დაიჭერს.
დიდი ბებია – ვერა, ვერ დაიჭერს!
დიდი ბაბუა – დაიჭერს!
დიდი ბებია – ვერა!
დიდი ბაბუა – კი-რა!
დიდი ბებია – ვე-რა!
დიდი ბაბუა – კი-რა!
ოთახის მეორე კუთხეში.
ბებია – მოსვენება არ არის ამათგან.
ბაბუა – ნუ მიშლი ნერვებს.
ბებია – რა უნდა გითხრა. იმდენი ურტყი, სულ გამოთაყვანდნენ.
ბაბუა – თითს არ დავაკარებ აწი, თუ დაჭკვიანდებიან.
ბებია – კარგი დროსია. ზურიკო სად არის?
ბაბუა – არ ვიცი.
ბებია – ზურიკო!
ბაბუა – აქ იქნება სადმე. მადროვე, ვიმეცადინო.
ბებია – მე უსაქმური გგონივარ? ზურიკო!
ზურიკო – (მაგიდიდან) აქ ვარ, ბებია!
ბებია – ჰო, კარგი, ბებია შემოგევლოს.
ბაბუა – დაწყნარდი?
ბებია – უფ, ნეტა შენ არ იცოდე!
ბაბუა – მაცალე.
ოთახის შუაგულიდან
ზურიკო – რა კარგია, რომ ყველას დავემალეთ?
ციური – ზურიკო, შენ ხომ ამდენი წლის ხარ?
(თითებით აჩვენებს)
ზურიკო – ჰო, ციური, მაგდენის ვარ. ეგ იცი რამდენია?
ციური – არა.
ზურიკო – ეგ ექვსი წელია.
ციური – წელია კი არა, თითია.
ზურიკო – ჰო, ციური, თითია.
ციური – შენ რამდენი თითის ხარ?
ზურიკო – მეც შენხელა ვარ.
ციური – მერე, შენც თუ ექვსი თითის ხარ, ასეთი ბებერი რატომ ხარ?
ზურიკო – არ ვიცი, ასეთი დავიბადე.
ციური – არ გეშინია?
ზურიკო – არ ვიცი. ასეთი ვარ და რა ვქნა?
ციური – მე არ მეშინია, რომ ექვსი წლის ვარ და პატარა ვარ, შენ კიდევ გეშინია, რომ ექვსი წლის ხარ და ბებერი ხარ.
ზურიკო – რა ჩემი ბრალია?
ციური – მეცოდები, ზურიკო.
ზურიკო – ჰო, მართლა?
ციური – ჰო. რატომ მოიწყინე?
ზურიკო – არ ვიცი.
ციური – არ მოიწყინო, რა, ზურიკო?
ზურიკო – ეეეჰ...
ციური – გინდა გაკოცო?
ზურიკო – (მხრებს იჩეჩავს)
ციური – აი... (ლოყაზე კოცნის)
ზურიკო – მადლობა, ციური. იცი, ჩემი ყველას ეშინია. მე ძალიან ჭკვიანი ვარ, ასე ამბობენ. მე კიდევ სულ პირიქით მგონია. უბრალოდ ასე რომ ვარ, არც დიდები მეამხანაგებიან და არც პატარები.
ციური – მე ხომ გეამხანაგები?
ზურიკო – ჰო, შენ ჩემი ამხანაგი ხარ. ციური, იცი რა..?
ციური – რა?
ზურიკო – არ გამიბრაზდები, რომ გკითხო?
ციური – არა, ზურიკო.
ზურიკო – აბა, დედა დაიფიცე.
ციური – დედას გეფიცები.
ზურიკო – ნიჩურიკები არ იყოს.
ციური – აი, არ იყოს.
ზურიკო – კარგი, გეტყვი. ციური, ფეხებს შუა რა გაქვს?
ციური – არ ვიცი.
ზურიკო – გინდა ვნახოთ?
ციური – მრცხვენია.
ზურიკო – ნუ გრცხვენია. ღამღამობით ბებია და ბაბუა რომ ტიტვლები არიან, რაც ფეხებს შუა აქვთ, ერთმანეთს ანახებენ, ხან ბებია ათვალიერებს ხან ბაბუა. ეგ რომ სირცხვილი იყოს, ხომ არ ანახებდნენ?
ციური – არა.
ზურიკო – მაშინ მანახე.
ციური – ჯერ შენ მანახე.
ზურიკო – კარგი, ოღონდ არ დაგვინახონ.
ციური – ჩვენ ახლა დავიმალებით.
ზურიკო – ისე, რომ არავინ დაგვინახოს.
ოთახის მარცხენა კუთხიდან
ბებია – მე და ზურიკოს ბაბუა, სტუდენტები ვართ. ჩვენ ვმეცადინეობთ.
ბაბუა – ვმეცადინეობთ, თუ ვმაცადინეობთ?
ბებია – ვმეცადინეობთ.
ბაბუა – ვმაცადინეობთ და არა ვმეცადინეობთ.
ბებია – ფუძე არის მეცადინეობა. მეც-ადინეობა.
ბაბუა – «ადინეობა» რა ჯანდაბაა?!
ბებია – რა მნიშვნელობა აქვს?
ბაბუა – მე და ზურიკოს ბებია ვმაცადინეობთ. ჩვენ –
ვმა-ცადინეობთ!
ოთახის სიღრმიდან
მამა – მე და ზურიკოს დედას გვძინავს. ზურიკოს დედამ მე ბიჭი მაჩუქა. ო-ო, ეს იყო დიდი ხნის წინ! ახლა კი, როგორც არ უნდა ეცადო, არაფერი გამოგვდის...
დედა – ჩვენ ბევრს ვცდილობთ, მაგრამ, როგორც ზურიკოს მამამ გითხრათ, არაფერი გამოგვდის.
მამა – ერთხელაც იქნება, გამოგვივა, არა?
დედა – ჩვენს შორის სრული თანხმობაა. ჩვენ იდეალური ცოლ-ქმარი ვართ. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი, არა?!
მამა – ჰო!
დედა – რა კარგია, რომ არ ვჩხუბობთ. ზურიკოს დიდი და პატარა ბებიები და ბაბუები სულ ჩხუბობენ. ჩვენ კი არა. არა?
მამა – ჰო!
დედა – ჰო!
მამა – ასეა თუ ისე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვცდით, არა?
დედა – ჰო! ჰო! ჰო!
მამა – მე და ზურიკოს დედას გვძინავს!
ოთახის მარჯვენა კუთხიდან
დიდი ბებია – მე და ზურიკოს დიდი ბაბუა «აბა დამაცადეს» ვუყურებთ.
დიდი ბაბუა – დიდი მიხვედრა უნდა ამას.
დიდი ბებია – ჩვენ სულ ვჩხუბობთ და არასდროს ვიძინებთ.
დიდი ბაბუა – რა კარგია, რომ ეს მულტფილმი არ მთავრდება.
დიდი ბებია – ჩვენ სულ ვჩხუბობთ, არა?
დიდი ბაბუა – იმაში მაინც შევთანხმდეთ, რომ ჩვენ სულ ვჩხუბობთ.
დიდი ბებია – არ ვჩხუბობთ, იმიტომ რომ ვჩხუბობთ.
დიდი ბაბუა – იცი, მე ზურიკო მეცოდება.
დიდი ბებია – მეც მეცოდება.
დიდი ბაბუა – დაიჩაგრა ბიჭი. ასეთი არაფერი მინახავს, დაიბადო ბებერი და გაახალგაზრდავდე.
დიდი ბებია – დაპატარავდე.
დიდი ბაბუა – დაპატარავდე...
დიდი ბებია – აი, ჩვენ ახლაც არ ვჩხუბობთ.
დიდი ბაბუა – იმიტომ, რომ ჩვენ ზურიკო გვიყვარს.
დიდი ბებია – იცი, სულ მარტოა.
დიდი ბაბუა – რა გიკვირს? ჩვენს ოჯახს ასეთი ჯიში აქვს. ბებერი იბადები და მერე პატარავდები.
დიდი ბებია – მაგრამ ის სულ მარტოა.
ზურიკო და ციური მაგიდიდან გამოძვრებიან
ზურიკო – ჩაი ადუღდა, ყველანი მაგიდასთან. ციური, იცი, შენ ახლა წადი, იმიტომ, რომ ჩვენი ოჯახის წევრი არა ხარ.
ციური – კარგი, მე წავალ, ნახვამდის, ზურიკო.
ციური გადის. ამასობაში ოჯახი მაგიდის გარშემო შეიკრიბა.
დიდი ბაბუა – ჩვენ ყველანი ველოდით ზურიკოს სკოლაში წასვლას.
დიდი ბებია – ზურიკოს დედამ ზურიკო რომ სკოლაში წაიყვანა, ჩვენ მაშინ დავიხოცეთ.
დიდი ბაბუა – ვინ ჩვენ?
დიდი ბებია – მე და შენ.
დიდი ბაბუა – არაფერიც. ჯერ შენ მოკვდი და მერე მე. არა, მე არ მოვმკვდარვარ. მარტო შენ მოკვდი.
დიდი ბებია – არაფერიც! ჩვენ ორივე ერთდროულად მოვკვდით. შენ აღარ გახსოვს!
დიდი ბაბუა – რეებს მიედ-მოედები, შე დებილო?!
დიდი ბებია – დებილი თავი გაბია! უკვდავები ხომ არა ვართ, შვილთაშვილი სკოლაში წავიდა. აღარ უნდა მომკვდარიყავით?
დიდი ბაბუა – მე რომ ჯერ სიკვდილი არ მინდა?***
დიდი ბებია – არც მე მინდა.
დიდი ბაბუა – აი, ხომ ხედავ, არც ამაზე არ ვჩხუბობთ. ჩვენ სიკვდილი ჯერ არ გვინდა.
დიდი ბებია – იქნებ ვთხოვოთ ზურიკოს და ცოტა კიდევ გვაცალოს მულტფილმების ყურება? (მღერის «აბა დამაცადეს» მელოდიას) ტა ნა ნა ნა ტა ნა ნა ნა...
დიდი ბაბუა – (სიმღერაში აჰყვება) ტა ნა ნა ნა ტა... ამ ბოლო დროს ჩვენ სულ უფრო ცოტას ვჩხუბობთ.
ზურიკო, იქნებ არ წახვიდე სკოლაში და ჩვენც არ მოვკვდებით?
დიდი ბებია – ჰა, ზურიკო?
დედა – ზურიკო, შენ სკოლაში უნდა დაიწყო სიარული. აბა წავედით.
დიდი ბაბუა – სულ შენი ბრალია! (თმებში ხელს ჩაავლებს. დიდი ბებია ტირილს იწყებს)