ფრანკი ანა 

ანა ფრანკის დღიური

 

ამ წიგნზე მშრალად და ჩვეულებრივი მიუდგომლობით ლაპარაკი შეუძლებელია, რადგან მეტად უჩვეულოა მისი დამწერის ბედი. ოთხკედელშუა გამოკეტილი 13 წლის გოგონა ორი წლის მანძილზე გულწრფელად აქსოვდა დღიურში საკუთარ განცდებს, ფიქრებს, იმედებს, წუხილს, შიშს, ხან ემოციის გამომწვევ, ხანაც ღიმილის მომგვრელ შთაბეჭდილებებს. ჩვეულებრივი ბავშვური უშუალობით დაწყებული დღიური, ერთსა და იმავე ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობით და ყოფითი წვრილმანებით შეზღუდულ, მძიმე, სახიფათო გარემოში, გოგონას უახლოესი მეგობარი და მესაიდუმლე გახდა. არარსებულ მეგობარს ანამ კიწი დაარქვა და მისგან ელოდა ნუგეშსა და შემწეობას. თუ სიკვდილს ვერ გაექცეოდა, ანას უნდოდა, მისი დღიური მასთან ერთად დაღუპულიყო, მაგრამ მოხდა ისე, რომ ანა დაიღუპა, დღიური კი გადარჩა.

გადარჩა მხოლოდ დღიური, კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი დროის მამხილებელი დოკუმენტი. გერმანელმა ფაშისტებმა ტოტალური სახელმწიფოს შექმნისა და მსოფლიოში გაბატონების იდეას მსხვერპლად მოუტანეს ყველაფერი ადამიანური. ფაშისტები გეგმიანად, მეთოდურად სპობდნენ არა მარტო ხალხს, არამედ კაცობრიობის ზნეობრივ მონაპოვარსაც. ეს იყო დრო, როცა ევროპაში მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სისხლი იღვრებოდა და საკონცენტრაციო ბანაკებში კრემატორიუმები ბოლავდა. სწორედ ამ თავაშვებული რბევის, ძალადობისა და მასობრივი მკვლელობის მსხვერპლი გახდა პატარა ანა.

ანას მამა, ოტო ფრანკი, დაიბადა გერმანიაში, მაინის ფრანკფურტში; უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კომერციულ საქმიანობას მიჰყო ხელი. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1933 წელს, როგორც კი გერმანიაში ფაშისტური რეჟიმი დამყარდა, ოტო ფრანკმა ოჯახი ჰოლანდიაში გადაიყვანა და ფაშისტების რისხვას განერიდა. ამსტერდამში, პრინსენგრახტზე, სახლი დაიქირავა და ფირმა გახსნა. ახლად დაწყებული ცხოვრება თითქოს მშვიდად, ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ გერმანელებმა ჰოლანდია დაიპყრეს და კვლავ დაიწყო ებრაელთა სასტიკი დევნა. ანას მამამ გერმანელების ხელში ჩავარდნას დამალვა არჩია; 1942 წლის ზაფხულში, ჰოლანდიელი თანამშრომლების დახმარებით, ფირმის შენობის უკანა ნაწილი სათანადოდ მოაწყო და, როცა მის უფროს ქალიშვილს, მარგოს, გესტაპოდან უწყება მოუვიდა, ცოლ-შვილი წინასწარ მომზადებულ «თავშესაფარში» გადახიზნა. ამავე თავშესაფარში გადმოვიდა კიდევ ერთი ოჯახი, ვან დაანი ცოლითა და ვაჟიშვილით. ბოლოს მათ «ოჯახს» მერვე წევრი, კბილის ექიმი დუსელი შეემატა. ამგვარად რვა ადამიანი იატაკქვეშ აღმოჩნდა და თავშესაფრის მკაცრ რეჟიმს დაემორჩილა.

პატარა ანა ხალისიანად, ნდობით, უდარდელად შესცქეროდა ცხოვრებას; ცელქობდა, კეკლუცობდა, ალერსსა და ყურადღებას მოითხოვდა. უეცრად ბედმა გარე სამყაროს მოსწყვიტა, ოთხ კედელში გამოკეტა, დღის სინათლე და ჰაერი მოანატრა. ამიერიდან ის მხოლოდ ქურდულად, ფარდის ჭუჭრუტანიდან უყურებდა ცხოვრების ულაზათო დინებას, ხოლო თავშესაფარში ძალაუნებურად ერთად შეყრილი ადამიანების უბადრუკობას, ანგარიშიანობას და კინკლაობას ხედავდა. ამ სულის შემხუთავ გარემოში თითქოს უნდა დამჭკნარიყო, დაჩლუნგებულიყო ჯერ კიდევ მოუმწიფებელი გონება და გრძნობა, მაგრამ მოხდა პირიქით; სწორედ აქ გაიშალა, ნაადრევად მომწიფდა და გამომჟღავნდა ანას ნიჭი.

დაუოკებელმა ცნობისმოყვარეობამ, შთაბეჭდილებათა ღრმა განცდამ, რთულმა, წინააღმდეგობებით სავსე ბუნებამ, საკუთარი თავისადმი და გარე სამყაროსადმი კრიტიკულმა დამოკიდებულებამ გაუღრმავა ანას აღქმის უნარი, ხედვას შეაჩვია და უფაქიზესი გრძნობის გადმოცემა ასწავლა.

ანა ძალზე სახიფათო და დაძაბულ მომენტებშიც კი ამჩნევს ცხოვრების სასაცილო მოვლენებს. მისი ირონია ერთსა და იმავე დროს ჯავშანიცაა და ადამიანური სისუსტისა და ყოფითი წვრილმანებისადმი შემწყნარებლობა და სიყვარულიც.

დამოუკიდებელი, კრიტიკული ხედვის უნარი დღითი დღე ღრმავდება და მიუკერძოებლობისა და სიმართლისაკენ სწრაფვას ვერც ახლო ნათესაური დამოკიდებულება ახშობს და ვერც პირველი სიყვარული. ანე გაცილებით მეტს ამჩნევს და უკეთესადაც, ვიდრე თავშესაფრის დანარჩენი მკვიდრნი, უფრო რეალურად უყურებს ცხოვრებას, მეტ უშუალობას იჩენს ადამიანებთან ურთიერთობაში და ცდილობს გაერკვეს საკუთარ გრძნობებში, ამაღლდეს, დაძლიოს შიში, გათავისუფლდეს ეჭვებისა და მერყეობისაგან, იპოვოს მტკიცე საყრდენი, ღირსეულად შეეგებოს დამცირებასა და სიკვდილს. მაგრამ რაც უფრო იზრდება გონებრივად, მით უფრო რთულდება ცხოვრება. ანა გრძნობს საკუთარ გაორებას, შინაგან წინააღმდეგობას გარე სამყაროსთან და ბოლოს იმ დასკვნამდე მიდის, რომ მათი მორიგება ან სასურველი მიმართულებით წარმართვა მის ძალ-ღონეს აღემატება. მისთვის ბევრი რამ არის ამქვეყნად ბნელით მოცული და გაუგებარი, მაგრამ ერთი რამ ყოველთვის ცხადია: ადამიანი შრომისმოყვარე, კეთილი და ფაქიზი უნდა იყოს.

ახლა ზედმეტი და ძნელიცაა იმაზე ლაპარაკი, თუ რა გზით განვითარდებოდა ანას ნიჭი და რას შესძენდა ლიტერატურას, მაგრამ ასე ნათლად გამოკვეთილი მხატვრული ალღო, მსჯელობის უნარი, მიგნებები და სათქმელის მოკლედ, ძირითად შტრიხებში გადმოცემის ნიჭი მის ასაკში ბევრ დიდ მწერალსაც არ ჰქონია. შეიძლება ამას დრომაც შეუწყო ხელი. ებრაელთა სასტიკმა დევნამ, დარბევამ, წამებამ, მთელი ერის მოსპობის საშიშროებამ, ომით გამოწვეულმა სიდუხჭირემ, ადამიანთა დაკნინებამ და ბინძური, ველური ინსტინქტების ზეიმმა იგი ძალაუნებურად მიიყვანა იმ აუცილებლობამდე, რომ თვითონ გარკვეულიყო მოვლენათა ვითარებაში, გაეაზრებინა ყველაფერი, რაც მის ირგვლივ და ქვეყანაზე ხდებოდა. ორი წლის განმავლობაში ანაამ ბევრი რამ შეიგნო, გადააფასა, უარყო და მიიღო, მაგრამ ბავშვური სიბრძნით განჭვრეტილი ცხოვრებისა და ადამიანობისათვის არასოდეს არ უღალატნია. იგი გულხელდაკრეფილი როდი ელოდა სიკვდილს; მეცადინეობდა,

შრომობდა, წერდა, გულახდილად ესაუბრებოდა უცნობ მეგობარს და ამ ადამიანური იარაღით ებრძოდა არაადამიანურ ძალადობას, რომელიც მიუხედავად სიკვდილისა, მაინც უკუაგდო და დაამარცხა.

ორი წელიწადი ელოდნენ ლტოლვილები სიკვდილს ან თავისუფლებას და ბოლოს თავისუფლებას ისევ სიკვდილმა დაასწრო.

1944 წლის 4 აგვისტოს გესტაპომ თავშესაფარი აღმოაჩინა და ყველანი დააპატიმრა. ფაშისტების რისხვა თავს დაატყდა აგრეთვე ებრაელების მფარველ ჰოლანდიელებსაც. ოტო ფრანკის თანამშრომლების და მეგობრების ელი ვოსენის, მიპ და ჰენკ ვან სანტენების თავდაუზოგავი ზრუნვა ამაო აღმოჩნდა, – მათ ვერ იხსნეს განწირულნი. კრალერი და კოოპჰოისი კი, როგორც ფირმის მმართველები, ლტოლვილებთან ერთად დააპატიმრეს. მძიმე ავადმყოფი კოოპჰოისი ციხიდან მალე გაათავისუფლეს, ხოლო კრალერი ამერსფორტის ბანაკში მოხვდა, საიდანაც გერმანიაში უპირებდნენ წაყვანას, მაგრამ გაქცევა მოახერხა და ომის დამთავრების შემდეგ ცოლ-შვილს დაუბრუნდა.

ანას შეგნებული ჰქონდა, თუ რა მძიმე ტვირთი აწვა მათ ჰოლანდიელ მეგობრებს და მათი ბედით შეწუხებული წერდა: «განა დამალვას და ამდენი საშინელების გადატანას სიკვდილი არ ჯობდა. მაშინ არც ჩვენს მფარველებს ჩავაგდებდით საფრთხეში».

დაპატიმრებული ებრაელები ციხიდან ვესტერბორკის გამანაწილებელ ბანაკში მოხვდნენ. 3 სექტემბერს ანას დედ-მამა და ვან დაანების ოჯახი ოსვენციმში გაგზავნეს, 30 ოქტომბერს კი მარგო და ანა ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ამ ბანაკში ანა შეხვდა თავის სკოლის მეგობარს ლის გოოსენს, რომლის შესახებაც 1943 წლის 27 ნოემბერს წერდა: «გუშინ საღამოს... თვალწინ ნათლად წარმომიდგა ლისი. იდგა ჩემს წინ დაკონკილი, გამხდარი, ყბებჩაცვენილი; მისი დიდი სევდიანი თვალები საყვედურით მიცქერდნენ, თითქოს მეუბნებოდნენ: – ანა, რატომ მიმატოვე, დამეხმარე, მიხსენი ამ ჯოჯოხეთიდან! – ...რატომ უნდა გადავრჩე მე, ის კი სადღაც ჩაკვდეს?». მაგრამ ანას ვარაუდი არ გამართლდა. ლისი გადარჩა და ბერგენ-ბელზენში ანასთან შეხვედრას ასე იგონებს: «ანას ძონძები ეცვა. სიბნელეშიც კი ჩანდა, როგორ გამხდარიყო. ლოყები ჩასცვენოდა, თვალები კიდევ უფრო გაფართოებოდა... ორივენი ვტიროდით, ვიდექით და ვტიროდით – ერთმანეთს ეკლიანი მავთულხლართები გვაშორებდა».

ოსვენციმში დაიღუპნენ ანას დედა, ცოლ-ქმარი ვან დაანები, პეტერი და დუსელი. 1945 წლის თებერვალში ბერგენ-ბელზენში შიმშილისაგან გარდაიცვალა მარგო, გაზაფხულის დამდეგს ანამაც დალია სული.

ლტოლვილთაგან გადარჩა მხოლოდ ანას მამა. იგი იხსნა საბჭოთა არმიამ, რომელმაც ოსვენციმი დაიკავა და ვისაც სული ედგა, მზრუნველობა არ მოაკლო. განთავისუფლების შემდეგ ოტო ფრანკი ჰოლანდიაში დაბრუნდა, მაგრამ მახლობელთაგან ცოცხალი ვეღარავინ იპოვა. დამწუხრებულს ელიმ და მიპმა ანას დღიური გადასცეს, რომელიც სახლის გაჩხრეკის შემდეგ უწესრიგოდ დაყრილ ძველ წიგნებსა და ჟურნალ-გაზეთებს შორის აღმოაჩინეს და შეინახეს.

რა იცოდა საიდუმლო პოლიციამ, რომ უყურადღებოდ მიგდებული ბავშვის რვეული მთელ მსოფლიოს ააღელვებდა. ანა ფრანკის დღიური ათჯერ გამოიცა ჰოლანდიაში, ოცზე მეტ ენაზე ითარგმნა და მსოფლიოში მილიონიანი ტირაჟით გავრცელდა. ამ დღიურის მიხედვით შექმნეს პიესები და კინოფილმები. წიგნზე მრავალი გამოკვლევა დაიწერა.

რა კუთხითაც უნდა მიუდგეთ ანას დღიურს, უმთავრესი მაინც მისი გონებრივი განვითარების პროცესი და ცხოვრებისადმი დამოკიდებულებაა. ანამ იცოდა, რომ ცხოვრებამ იგი ორი უკიდურესობის ზღვრამდე მიიყვანა – ან სიკვდილი, ან გამარჯვება; მაგრამ იცოდა ისიც, რომ ზოგჯერ წამებით სიკვდილი იგივე გამარჯვებაა, მომავლის საკეთილდღეოდ გამარჯვება. ამიტომ შერჩა მას ბოლომდე შინაგანი თავისუფლება და საკუთარი ღირსების შეგნება. აი, რას ამბობს დე ვიკი, რომელიც ანასთან ერთად ვესტერბორკის ბანაკში იყო: «ანა ფრანკსა და პეტერ ვან დაანს ყოველდღე ვხედავდი. მუდამ ერთად იყვნენ... ანას თვალები უბრწყინავდა... და ისე თავისუფლად ეჭირა თავი, ისეთი პირდაპირი გამოხედვა ჰქონდა, რომ ჩემს თავს ვეუბნებოდი: – იგი ხომ აქაც ბედნიერია!»

     ნელი ამაშუკელი

 

 

ამ წიგნის შესახებ

(გერმანული გამოცემიდან)

 

ამ შემზარავ ცხოვრებისეულ დოკუმენტში ერთ მთლიანობადაა ქცეული დევნილი ოჯახის ბედი და უჩვეულოდ ნიჭიერი და მგრძნობიარე ბავშვის სულიერი ცხოვრება. არსებობის სიმძიმემ და სიკვდილის მუდმივმა მუქარამ გაამძაფრა გოგონას სულისა და გონების განცდები და გრძნობების გამოხატვის ისეთი უნარი შესძინა, რომელმაც მისი დღიური ნაადრევად მოწიფულთა საკუთრებად აქცია. შეუძლებელია, დაივიწყო ბავშვი, რომელიც მისი ოჯახის თავშესაფრის საზარელ სხვენზე აპარულა, რათა ვარსკვლავებით მოჭედილ ზეცას უცქიროს.

საპყრობილეში, სადაც ადამიანებმა შეაგდეს, ანა ფრანკი წერს: «როდესაც ახლობლებზე ფიქრობ, ტირილი გინდება, შეიძლება მთელი დღე იტირო. ამიტომ ისღა გრჩება, რომ ღმერთს შეევედრო, სასწაული მოახდინოს და ზოგ მათგანს სიცოცხლე შეუნარჩუნოს! და მე სულითა და გულით ვლოცულობ».

 

 

დღიური

 

12 ივნისი, 1942

 

იმედი მაქვს, შემიძლია განდო შენ ყველაფერი, განდო ისე, როგორც აქამდე არავის მივნდობივარ, იმედი მაქვს, შენ ჩემი დიდი ნუგეში იქნები.

 

კვირა, 14 ივნისი, 1942

 

პარასკევს დილის ექვს საათზე გამეღვიძა. ეს გასაგებიცაა, ჩემი დაბადების დღე იყო. მაგრამ ასე ადრე ადგომის უფლება არ მქონდა და სანამ შვიდს თხუთმეტი დააკლდებოდა, ცნობისმოყვარეობა უნდა დამეოკებინა. მეტ ხანს ვეღარ გავძელი. გავიქეცი სასადილო ოთახში, სადაც ჩვენი პატარა კატა, მორჰენი, ძალზე ალერსიანად შემომეგება. რვა რომ დაიწყო, მშობლებს მივაკითხე და მათთან ერთად სასტუმრო ოთახში გავედი: მინდოდა, საჩუქრები მენახა და ამომელაგებინა. ყველაზე ადრე შენ დაგინახე, ჩემო დღიურო, და ეს მართლაც საუცხოო საჩუქარი იყო. დამხვდა აგრეთვე

ვარდების თაიგული, კაქტუსი, ტყის ყაყაჩოს რამდენიმე შტო. ეს იყო ყვავილების პირველი სალამი, შემდეგ კი უფრო მეტი მომართვეს.

მამამ და დედამ რა არ მაჩუქეს, მეგობრებმაც ძალზე გამანებივრეს. სხვათა შორის მივიღე «ჩამერა ობსცურა»1, (1 ბნელი კამერა (ლათ.) ჰოლანდიაში ძალიან გავრცელებული წიგნი. (შენიშვნა ყველგან მთარგმნელისაა) თავშესაქცევი და თავსამტვრევი სათამაშოები, უამრავი სასუსნავი, გულის ქინძისთავი, იოზეფ კოჰენის «ჰოლანდიური საგები და ლეგენდები», კიდევ ერთი მშვენიერი წიგნი: «დეზის საარდადეგებო მოგზაურობა მთებში» და ფული. ამ ფულით მერე ბერძნული და რომაული საგმირო თქმულებები ვიყიდე. შესანიშნავია!

შემდეგ ლისიმ გამომიარა და სკოლაში წავედით. ჯერ მასწავლებლებსა და თანაკლასელებს კანფეტებით გავუმასპინძლდი1, (ასეთი წესია ჰოლანდიაში დაბადების დღეს) მერე სწავლას შევუდექით.

ჯერ ეს იყოს. რა მიხარია, შენ რომ გამიჩნდი!

 

ორშაბათი, 15 ივნისი, 1942

 

შაბათს, ნასადილევს, დაბადების დღის აღსანიშნავად წვეულება მქონდა. სტუმრებს ვაჩვენეთ ფილმი «შუქურის დარაჯი» (რინ-ტინ-ტინის მონაწილეობით); სურათი ჩემს მეგობარ გოგონებს ძალზე მოეწონათ. ბევრი ვიცელქეთ, უზომოდ კმაყოფილნი ვიყავით. წვეულთა შორის ბევრი გოგო და ბიჭი იყო. დედაჩემს ყოველთვის აინტერესებს, ამ ბიჭებიდან – რომელზე ვისურვებდი გათხოვებას მომავალში. ვფიქრობ, ძალზე გაუკვირდებოდა, რომ გაეგო – ეს ყმაწვილი პეტერ ვესელია, რადგანაც, როცა მასზე სიტყვას ჩამომიგდებდა, მუდამ გულუბრყვილო გამომეტყველებას ვღებულობდი. ლის გოოსენსსა და სანე ჰოუტმანს დიდი ხანია ვიცნობ და აქამდე ჩემი საუკეთესო მეგობრები იყვნენ. მაგრამ ამ ბოლო დროს ებრაელთა ლიცეუმში იოპი ვან დერ ვაალი გავიცანი. ჩვენ ხშირად ვართ ერთად და ახლა ის არის ჩემი საუკეთესო მეგობარი. ლისი ახლა სხვა გოგონასთან მეგობრობს, სანე კი სხვა სკოლაში დადის და იქა ჰყავს თავისი მეგობრები.

 

შაბათი, 20 ივნისი, 1942

 

რამდენიმე დღეა, არაფერი დამიწერია; ჯერ მინდოდა, სერიოზულად გავრკვეულიყავი დღიურის არსსა და მიზანში. უცნაური გრძნობა მაქვს, ამიერიდან დღიური უნდა ვწერო. და უცნაურია არა მხოლოდ იმიტომ, რომ დღემდე არაფერი «დამიწერია». მე მგონია, მომავალში არც მე და არც სხვას არ დაგვაინტერესებს ცამეტი წლის მოსწავლე გოგონას გულწრფელი აღსარება. თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს. მე მინდა ვწერო და, რაც მთავარია, ჩემი გულის ნადები გამოვთქვა.

«ქაღალდი ადამიანზე ამტანია». ასე ვფიქრობდი ხშირად იმ დღეებში, როცა მსუბუქი მელანქოლია შემიპყრობდა, როცა ხელებზე თავდაყრდნობილი ვიჯექი და არ ვიცოდი, რა მომეხერხებინა საკუთარი თავისთვის. ხან შინ დარჩენა მინდოდა, ხან სადმე წასვლა, მაგრამ კვლავ იმავე ადგილას ვიჯექი და ფიქრს განვაგრძობდი. დიახ, ქაღალდი ამტანია. მე არ განმიზრახავს, ოდესმე ვინმეს ვაჩვენო ეს სქელყდიანი რვეული მაღალფარდოვანი სახელწოდებით «დღიური», და თუ ვაჩვენებ, მხოლოდ მეგობარ ვაჟს ან ქალს, რადგანაც სხვებს იგი არც დააინტერესებს. და აი, მე უკვე ვთქვი, რამ მაიძულა დღიური ვწერო: მე არა მყავს მეგობარი ქალი!

ახსნა-განმარტების გარეშე ვერავინ გაიგებს, რატომ გრძნობს მარტოობას 13 წლის გოგონა. უცნაური ამბავია, მყავს კარგი, საყვარელი მშობლები, 16 წლის და, და თუ ყველას ჩამოვთვლით, ოცდაათამდე ნაცნობი, ანუ ეგრეთ წოდებული მეგობარი,

თაყვანისმცემლების მთელი ამალა, რომლებიც თვალებში მიყურებენ და გაკვეთილზე მანამდე ათამაშებენ სარკეს, სანამ ჩემს ღიმილს არ დაიჭერენ. მყავს ნათესავები, შესანიშნავი ბიძები და ბიცოლები. გვაქვს მშვენიერი სახლი. არაფერი მაკლია, გარდა მეგობარი ქალისა. ნაცნობებთან მხოლოდ სისულელეებით ვირთობ თავს და ყოველგვარ წვრილმანებზე ვლაქლაქებ. გული ვერავისთვის გადამიშლია. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ერთიანად შემბოჭეს. შეიძლება ეს ჩემი ნაკლია, შეიძლება მეტი ნდობით უნდა ვეკიდებოდე ადამიანებს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ასეა და მე არაფრის შეცვლა არ შემიძლია. აი, რატომ მჭირდება დღიური. მე მინდა დიდიხნის ნანატრ მეგობარს ჩემს ფანტაზიაში ხორცი შეესხას და ამიტომ დღიურში მარტო მშრალ ფაქტებს არ შევიტან, როგორც ამას ბევრი აკეთებს; მე მინდა, ეს დღიური ჩემი მეგობარი გახდეს და ამ მეგობარს ერქმევა: კიწი!

ყველას გაუჭირდებოდა გაგება, პირდაპირ რომ გამება საუბარი კიწისთან, ამიტომ მოვყვები ჩემ ბიოგრაფიას, თუმცა სრულიადაც არ მეხალისება.

როცა ჩემი მშობლები დაქორწინდნენ, მამა 36 წლისა იყო, დედა – 25-ისა. ჩემი და მარგო 1926 წელს დაიბადა მაინის ფრანკფურტში, მე კი 1929 წელს მოვევლინე ქვეყანას. ჩვენ ებრაელები ვართ და ამიტომ 1933 წელს, როგორც ემიგრანტები, ჰოლანდიაში წამოვედით, სადაც მამა სააქციო საზოგადოება «ტრავი»-ის დირექტორი გახდა. ეს ფირმა მუშაობს «კოლენ და კომპანიასთან» მჭიდრო კავშირში და ამავე ფირმის შენობაშია მოთავსებული.

სხვებივით ჩვენც არ გამოგველია სადარდებელი ცხოვრებაში, რადგანაც გერმანიაში დარჩენილი ნათესავები ვერ ასცდნენ ჰიტლერული კანონების კლანჭებს. 1938 წელს, ებრაელთა დარბევის შემდეგ, დედაჩემის ორივე ძმა ამერიკაში გაიქცა. ბებიაჩემი ჩვენთან ჩამოვიდა. მაშინ ის 73 წლისა იყო. 1940 წლიდან ჟამთა სიავემ იძალა. ჯერ ომი დაგვატყდა თავს, მერე კაპიტულაცია, გერმანელების შემოჭრა. ახლა კი დაიწყო ჩვენი საცოდაობა. დიქტატორის ბრძანებას ბრძანება მოსდევდა. განსაკუთრებით ებრაელთა მდგომარეობა გაუარესდა. ებრაელებს უნდა ეტარებინათ ყვითელი ვარსკვლავი, ჩაებარებინათ ველოსიპედები, ეკრძალებოდათ ტრამვაით მგზავრობა, ავტომობილებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. რაიმეს ყიდვა მხოლოდ სამიდან ხუთ საათამდე შეეძლოთ – ისიც მხოლოდ ებრაელთა სავაჭროებში. საღამოს რვა საათის შემდეგ არა მარტო ქუჩაში გამოსვლის, არამედ ბაღში და აივანზე გაჩერების უფლებაც აღარ ჰქონდათ. ებრაელებს აუკრძალეს თეატრსა და კინოში სიარული, ვერც სხვა გასართობ ადგილებში შედგამდნენ ფეხს. მათ ეკრძალებოდათ ცურვა, ჩოგბურთისა და ჰოკეის თამაში, საერთოდ, სპორტის ყველა სახეობა. ებრაელებს აღარ ჰქონდათ უფლება ქრისტიანებს სწვეოდნენ. ებრაელ ბავშვებს ებრაულ სკოლებში უნდა ესწავლათ. ასე მოზღვავდა განკარგულებები. ამიერიდან მთელი ჩვენი ცხოვრება ამგვარი ძალდატანების ქვეშ მოექცა. იოპი მუდამ ამბობს: ვეღარაფერი გამიბედია, სულ იმის შიში მაქვს, აკრძალული არ იყოსო. ამა წლის იანვარში ბებიკო გარდაიცვალა. არავინ იცის, რარიგ მიყვარდა და როგორ დამაკლდა. 1934 წელს მონტესორის სკოლის საბავშვო ბაღში მიმაბარეს, შემდეგ კი ამავე სკოლაში დამტოვეს. უკანასკნელ წელს ჩემი კლასის დამრიგებელი იყო სკოლის დირექტორი ქალბატონი კ... წლის დამლევს ერთმანეთს გულთბილად გამოვეთხოვეთ და ორივენი ცხარე ცრემლით ვტიროდით. 1941 წლიდან მე და მარგო ებრაელთა სკოლაში (ლიცეუმში) შევედით, მარგო მეოთხე კლასში, მე კი პირველში.

ჯერჯერობით ჩვენ ოთხს არა გვიშავს რა. და აი მოვატანე დღევანდელ დღემდე და რიცხვამდე.

 

შაბათი, 20 ივნისი, 1942

 

ძვირფასო კიწი!

ახლავე უნდა დავიწყო. ირგვლივ საოცარი სიჩუმეა. დედა და მამა შინ არ არიან, მარგო მეგობართან წავიდა პინგ-პონგის სათამაშოდ. ბოლო დროს მეც დიდი სიამოვნებით ვთამაშობ პინგ-პონგს. რადგანაც ჩვენ, პინგ-პონგისტებს, ძალიან გვიყვარს ნაყინის ჭამა, განსაკუთრებით ზაფხულობით, თამაში ჩვეულებრივ ებრაელთათვის ერთ-ერთ ხელმისაწვდომ კაფეში, «დელფში» ან «ოაზისში» გასეირნებით თავდება. იმის დარდი არ გვაწუხებს, სავსე გვაქვს საფულე თუ ცარიელი. საკონდიტროები მუდამ გაჭედილია ხალხით. მათ შორის ყოველთვის მოიძებნება რომელიმე კეთილისმყოფელი ჩვენი ნაცნობებიდან ან თაყვანისმცემელი, და იმდენ ნაყინს გვთავაზობენ ხოლმე, რომ ერთ კვირასაც ვერ მოერევი.

წარმომიდგენია, როგორ გიკვირს, ჩემს ასაკში რომ თაყვანისმცემლებზე ვლაპარაკობ. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლაში ეს გარდაუვალი სენია. როგორც კი რომელიმე ბიჭი უფლებას მთხოვს, ველოსიპედით სახლამდე გამაცილოს, მე უკვე ვიცი, რომ ხსენებულ ბიჭს თავდავიწყებით ვუყვარვარ და თვალს ვერ მაშორებს. მცირე ხნის შემდეგ სიყვარული უნელდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა არაფრად ვაგდებ შეყვარებულის გამოხედვას და მხიარულად ვატრიალებ პედალებს. ზოგჯერ თუ ვინმე ძალიან მიწყალებს გულს, ველოსიპედზე ოდნავ შევტორტმანდები, ჩანთა მივარდება, და ზრდილობიანი ყმაწვილი იძულებულია ველოსიპედიდან ჩამოხტეს. სანამ ჩანთას მომაწვდიდეს, გონზეც მოდის. ასეთი თაყვანისმცემლები ყოვლად უცოდველებია, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ჰაეროვან კოცნას მიგზავნიან და თავს მაბეზრებენ. ჩემთან ამგვარი რამ არ გადის. მაშინვე ჩამოვხტები ველოსიპედიდან და წარბშეკრული ვუცხადებ, რომ მის გვერდით ყოფნა არ მსურს, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფილი ვარ და ვურჩევ შინ წაბრძანდეს.

ასე, ჩემო კიწი! ჩვენს მეგობრობას საფუძველი ჩაეყარა! ხვალამდე!

 

 

კვირა, 21 ივნისი, 1942

 

ძვირფასო კიწი!

მთელ ჩვენს კლასს ციებ-ცხელება სჭირს: პედაგოგიური საბჭო კარზე მოგვადგა. ნახევარმა კლასმა სანაძლეო დადო – ვის გადაიყვანენ და ვინ დარჩება. მე და მიპ დე იონგი სიცილით ვკვდებით ჩვენი ორი მეზობლის შემყურე, რომელთაც ნაძლევში მთელი ჯიბის ფული წააგეს. «გადაგიყვანენ, დაგტოვებენ, ხო, არა...» ასე გრძელდება დილიდან საღამომდე. ჩვენი მეზობლები ვერც მიპის მავედრებელმა მზერამ მოიყვანა გონს და ვერც ჩემმა ენერგიულმა აღმზრდელობითმა ღონისძიებებმა. მე რომ მკითხონ, ნახევარი კლასი დასატოვებელია, ისეთი ზარმაცები არიან. მართალია, მასწავლებლები ყოვლად ჭირვეული ხალხია, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ ჩვენდა სასიკეთოდ არიან ჭირვეულნი.

მე კარგი ურთიერთობა მაქვს ყველა მასწავლებელთან. სულ ცხრა მასწავლებელი გვყავს, შვიდი კაცი და ორი ქალი. ბატონი კეპლერი, მოხუცი მათემატიკის მასწავლებელი, ერთ დროს ძალიან გაბრაზებული იყო ჩემზე, რადგან განუწყვეტლივ ვყბედობდი. მან არაერთხელ გამაფრთხილა და ბოლოს დამსაჯა – დამავალა, დამეწერა თხზულება თემაზე «ყბედი». ჰმ, ყბედი! აბა რას დაწერ ამაზე? მაგრამ დიდად არ შემიწუხებია თავი. დავალებების რვეული ჩანთაში შევინახე და ვცადე პირზე კლიტე დამედო. საღამოს, როცა სხვა გაკვეთილებს მოვრჩი, კეპლერის დავალება მომაგონდა. ავტოკალამს ვღრღნიდი და ვფიქრობდი, რა დამეწერა.

რაღაცის დაწერა და სტრიქონების აჭრელება ყველას შეუძლია, მაგრამ დიდი ხელოვნებაა, მონახო დამაჯერებელი საბუთი ყბედობის სასარგებლოდ. ვფიქრობდი, დიდხანს ვფიქრობდი და უეცრად გონება გამინათდა. მოცემული სამი გვერდი სულმოუთქმელად გავავსე, საქმე გაიჩარხა. საბუთად ის მოვიყვანე, რომ ყბედობა ქალური თვისებაა, მაგრამ მე, ცხადია, შევეცდები თავი შევიკავო, რომ დედაჩემიც ჩემსავით ბევრს ლაპარაკობს და რომ მემკვიდრეობით გადმოცემული თვისებების აღმოფხვრა, სამწუხაროდ, თითქმის შეუძლებელია.

ბატონ კეპლერს გაეცინა ჩემს ახსნა-განმარტებაზე. მაგრამ როცა გაკვეთილზე ისევ გავაბი ლაქლაქი, მეორე თხზულების დაწერა დამავალა: «გამოუსწორებელი ლაქლაქა». ეს დავალებაც შევასრულე და ორ გაკვეთილზე სანიმუშოდ ვიქცეოდი. მესამეზე კვლავ მეტისმეტი მომივიდა: და აი, ანემ ისევ მიიღო სასჯელი – თხზულება: «ყი, ყი, ყი, ფროილაინ ყიყინა». მთელმა კლასმა გადაიხარხარა. მეც გამეცინა, თუმცა ჩემი შემოქმედებითი ნიჭი ლაქლაქთან დაკავშირებული თხზულებების წერაში ამოწურულად მიმაჩნდა. უნდა მეპოვა რაიმე ახალი, ორიგინალური. ჩემმა მეგობარმა სანემ, შესანიშნავმა პოეტმა, ლექსის დაწერა მირჩია და დახმარებაც აღმითქვა. მე აღფრთოვანებული ვიყავი. კეპლერს უნდოდა აბუჩად ავეგდე, მაგრამ მე მას ორმაგად, სამმაგად გადავუხდი სამაგიეროს, თავად გავხდი სასაცილოდ.

ლექსი დაიწერა და დიდი წარმატება ხვდა წილად. გავლექსე დედა ბატის, მამა გედისა და სამი ჭუკის ამბავი; მამამ ჭუკები ბევრი ყიყინის გამო სასიკვდილოდ დაკორტნა. საბედნიეროდ, კეპლერი მიმიხვდა ხუმრობას და ლექსი ხმამაღლა წაიკითხა კომენტარებით ჩვენთანაც და სხვა კლასებშიც. მას შემდეგ თავისუფლად შემიძლია ვილაქლაქო. კეპლერი აღარ მსჯის, მაგრამ ხშირად დამცინის ამის გამო.

ანა

 

 

ოთხშაბათი, 24 ივნისი, 1942

 

ძვირფასო კიწი!

აუტანელი სიცხეა, ყველა ქშინავს და ოფლად იღვრება. მე კი ამ პაპანაქებაში სულ ფეხით დავდივარ. მხოლოდ ახლა დავრწმუნდი, თუ რა სასიამოვნო რამაა ტრამვაი, განსაკუთრებით კი ღია ვაგონები. მაგრამ ეს სიამოვნება ებრაელებისათვის აღარ არსებობს. რა გაეწყობა, საკუთარი ფეხებითაც იოლად გავალთ. გუშინ შუადღისას, შესვენებაზე, კბილის ექიმთან უნდა წავსულიყავი, იან-ლიუკენსტრაატზე. ჩვენი სკოლიდან საკმაოდ შორსაა. გზა ქალაქის ბაღს მიჰყვება. ისე დავიღალე, რომ ბოლო გაკვეთილებზე კინაღამ ჩამეძინა. კიდევ კარგი, კეთილი ადამიანები ბევრია ქვეყნად, წყალს მაინც მოგაწვდიან. კბილის ექიმის ასისტენტი ქალი ებრაელებისადმი თანაგრძნობითაა განწყობილი.

ჩვენ უფლება გვაქვს ვისარგებლოთ მხოლოდ ერთადერთი ტრანსპორტით, პატარა ნავით, რომელიც იოზეფიზრაელსკადესთან დგას. როგორც კი ვთხოვეთ მენავეს, მაშინვე მეორე ნაპირზე გადაგვიყვანა. რა ჰოლანდიელების ბრალია, ებრაელები რომ ასეთ დღეში ვართ. ნეტავ სკოლაში სიარული არ მჭირდებოდეს! სააღდგომო არდადეგებზე ველოსიპედი მომპარეს, დედაჩემის ველოსიპედი კი მამამ ნაცნობებს მიაბარა შესანახად. საბედნიეროდ არდადეგები ახლოვდება, კიდევ ერთი კვირაც და აღარაფერი მიჭირს.

გუშინ დილით ისეთი რამ მოხდა, რაც ძალიან მესიამოვნა. როცა იმ ადგილს ჩავუარე, სადაც ჩვეულებრივ ველოსიპედი მედგა, ვიღაცამ დამიძახა. მოვტრიალდი და დავინახე სიმპათიური ყმაწვილი, რომელსაც წინა საღამოს ჩემი სკოლის ამხანაგთან, ევასთან, შევხვდი. ყმაწვილი ოდნავ დარცხვენილი ჩანდა, თავისი გვარი

და სახელი მითხრა: ჰარი გოლდბერგი. ცოტა არ იყოს გამიკვირდა, ვერ გამეგო, რა უნდოდა. მალე ყველაფერი გაირკვა. სკოლამდე სურდა გავეცილებინე. «თუ გზა აქეთ გაქვს, წამოდი», ვუპასუხე მე და გვერდით გავყევი. ჰარი უკვე 16 წლისაა და შესანიშნავად ყვება ათასგვარ ამბებს. ამ დილით ისევ მელოდებოდა, ამიერიდან, ალბათ, ასე გაგრძელდება.

ანა

 

 

სამშაბათი, 30 ივნისი, 1942

 

ძვირფასო კიწი!

დღემდე ვერ მოვიცალე შენთვის, მთელი ხუთშაბათი ნაცნობებთან გავატარე. პარასკევს სტუმრები გვყავდა და ასე გრძელდება აქამდე. მე და ჰარი ამ ერთ კვირაში დავუახლოვდით ერთმანეთს. მან ბევრი რამ მიამბო თავის თავზე. თურმე მარტო ჩამოსულა ჰოლანდიაში ბებიასთან და ბაბუასთან, მშობლები კი ბელგიაში ჰყავს. ადრე ჰარი ერთ გოგონასთან, ფანისთან, დადიოდა. მე ვიცნობ ფანის. თვინიერებისა და მოწყენილობის განსახიერებაა. მაგრამ მას შემდეგ რაც მე გამიცნო, ჰარი მიხვდა, რომ ფანის გვერდით ლამის ჩაეძინოს. ეტყობა მე გამოვაცოცხლე. არასოდეს არ იცი, ვის რაში გამოადგები!

შაბათს იოპიმ ჩემთან გაათია ღამე, კვირას კი ლისისთან წავიდა. საშინლად მოწყენილი ვიყავი.

საღამოს ჰარი უნდა მოსულიყო. ექვსზე დამირეკა.

– ჰარი გოლდბერგი გახლავართ, თუ შეიძლება სთხოვეთ ანას.

– ანა ვარ, ჰარი.

– საღამო მშვიდობისა, ანა, როგორ ხარ?

–გმადლობთ, კარგად.

– სამწუხაროდ, ამ საღამოს ვერ მოვალ, მაგრამ შენთან სალაპარაკო მაქვს. შეგიძლია ათ წუთში დაბლა ჩამოხვიდე?

– კარგი, ჩამოვალ.

ტანსაცმელი სწრაფად გამოვიცვალე და თმა გავისწორე. შემდეგ კი ფანჯარასთან ვიდექი და ვღელავდი. ბოლოს ჰარი მოვიდა: მოხდა საოცარი რამ – კიბე კისრისტეხით არ ჩამირბენია, მშვიდად ვიდექი და ველოდი, როდის დარეკავდა ზარს. ხოლო როცა ზარის ხმა გავიგონე, დაბლა ჩავედი. ჰარი ისე შემოვარდა სახლში, რომ კარის გაღება არც კი მაცალა.

– მომისმინე, ბებიაჩემს მიაჩნია, რომ შენ ჩემთან შედარებით ბავშვი ხარ. მეუბნება, ლურსებთან უნდა იაროო. ეტყობა მიხვდა, რომ ფანისთან ურთიერთობა აღარ მინდა.

– რატომ, განა შენ და ფანიმ იჩხუბეთ?

– არა, პირიქით, მაგრამ ვუთხარი, რომ ერთმანეთისათვის შეუფერებლები ვართ და ხშირად შენთან ყოფნა არ მინდა, ვუთხარი ისიც, რომ შეგიძლია თავისუფლად იარო ჩვენთან სტუმრად და ზოგჯერ მე გესტუმრები-მეთქი. გარდა ამისა, მე მეგონა, ფანი სხვა ყმაწვილებთანაც მეგობრობს, მაგრამ ჩემი ვარაუდი არ გამართლდა და ახლა ბიძაჩემი მეუბნება: ბოდიში მოუხადეო. მე კი არ მინდა, ამიტომ გადავწყვიტე, სულ აღარ შევხვდე. ბებიაჩემი მაინც მთხოვს ფანისთან ვიარო და არა შენთან, მაგრამ მათთან ლოლიავისათვის არ მცალია. მოხუცებს ზოგჯერ დრომოჭმული შეხედულებები აქვთ. მართალია, მე დამოკიდებული ვარ ბებიაზე, მაგრამ რამდენადმე ისიც არის დამოკიდებული ჩემზე. ოთხშაბათობით თავისუფალი ვარ, ბებიას და ბაბუას ჰგონიათ, ხელობას ვსწავლობ, მე კი სიონისტთა კრებებზე

დავდივარ. ჩვენ სიონისტები არა ვართ, მაგრამ მაინტერესებდა გამეგო, რას წარმოადგენენ სიონისტები. ბოლო დროს რაღაც არ მომწონან და აღარც ვივლი მათთან. ასე რომ, შეგვიძლია ოთხშაბათს და შაბათს დღისითაც შევხვდეთ ერთმანეთს და საღამოსაც, კვირას კი ნაშუადღევს, შეიძლება უფრო ხშირადაც.

– მისმინე, ჰარი, თუ შენს ბებიას და ბაბუას ჩვენი შეხვედრა არ სურთ, შენ არ უნდა ეურჩებოდე მათ!

– სიყვარულს წინ ვერავინ აღუდგება!

ჩვენ წიგნების მაღაზიას გავცდით და ქუჩის კუთხესთან გავუხვიეთ, იქ დავინახე პეტერ ვესელი ვიღაც ორ ბიჭთან ერთად. არდადეგების შემდეგ არ მენახა და ძალზე გამეხარდა. მე და ჰარიმ რამდენჯერმე შემოვიარეთ მთელი კვარტალი. ბოლოს შევთანხმდით, ხვალ საღამოს შვიდს რომ ხუთი წუთი დააკლდება, მის სახლთან დაველოდები. 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ფრანკი ანა / ანა ფრანკის დღიური