ფრიში მაქს 

 

ბედნიერება

 

 

გერმანულიდან თარგმნა დალი ფანჯიკიძემ

 

“მე ისეთი ბედნიერება მეწია, ფიოდორ ივანოვიჩ, რომ ამაზე ფიქრსაც ძლივს ვბედავ, გასაოცარი, შემაძრწუნებელი ბედნიერება. ხომ ხედავთ, პირველი კლასით ვმგზავრობ, პასპორტიცა მაქვს, ტიტულიც, თავისუფალი კაცი ვარ. დღესაც ვერ გამიგია, ციმბირში როგორ არ ამოვყავი თავი. ღმერთმანი, სულ ცოტა დამაკლდა, სულ ცოტა”, ამბობს იგი და ბურნუთს ცხვირში კი არ იყრის, ჩიბუხში ტენის. ახლომახლო სამოვარ არ შიშინებს, მაგრამ ზამთარია, ბოლოს და ბოლოს ჩიბუხიც ღვივდება, მგზავრი მატარებლის ფანჯარაში იხედება და თოვსო, ამბობს. ოღონდ გარეთ რომ მიდამო მოჩანს, ის რუსეთი არაა. «ეჭვიანობისთვის არავითარი საბაბი არ მქონდა, – ისე განაგრძობს იგი, თითქოს ვინმეს სწყუროდეს მისი თავგადასავლის მოსმენა, – იოტისოდენა საბაბი არ მქონია. ნატაშა გათხოვილი იყო, მაგრამ ეს თავიდანვე ვიცოდი. იქნებ მიხაროდა კიდეც, ნატაშას რომ ქმარი ჰყავდა. თქვენ ეხლა გულში ნამდვილად იტყვით, ასე ლაპარაკი არ შეგშვენით, რაკი ნატაშა გათხოვილი ყოფილაო. მაგრამ დღეს ამას მნიშვნელობა აღარა აქვს, ფიოდორ ივანოვიჩ. მისი ქმარი ერთი წყნარი და თვინიერი კაცი გახლდათ, თქვენ წარმოიდგინეთ ჩემზე ახალგაზრდაც კი, გულმართალი და ბეჩავი კაცი. იქნებ ნატაშამ ვერ დააფასა იგი, მე კი ჩემდათავად მისი გულისთვის ცოლ-შვილი მივატოვე, განა არ ვიცოდი, რომ უზნეოდ ვიქცეოდი, მაგრამ რა მექნა, თუკი ეს სიყვარული ბედნიერებას მანიჭებდა. მიყვარდა, ფიოდორ ივანოვიჩ, ძალიან მიყვარდა ნატაშა». კუპეში არც არავინაა, ვისაც შეიძლებოდა ფიოდორ ივანოვიჩი რქმეოდა, ან ვასილ ვასილიკოვი ან ამის მსგავსი რაღაც, მაგრამ ეს ამბავი ოდესმე მაინც ხომ უნდა მოეყოლა. «იცით, ისე მეშინია, რომ იშვიათად ვიგონებ ამ ამბავს, თუმცა იშვიათად კი არა, სიმართლე თუ გნებავთ, არც არასოდეს ვიგონებ ხოლმე. მაშინ მოწიფული კაცი ვიყავი, როგორც იტყვიან, ყველასაგან პატივცემული და დაფასებული, მგონი, მიმიხვდით, ფიოდორ ივანოვიჩ, რაც მინდა გითხრათ: სულ ცოტა დამაკლდა მკვლელი გავმხდარიყავი». სხვათა შორის, არც ის ვაგონის გამცილებელია რუსი, ტალანში რომ გაიარა და კუპეში შემოიხედა. ერთი ჩვეულებრივი კონდუქტორია, ვარდისფერლოყება ახალგაზრდა კაცი, მკერდზე ჩამოკიდებული წითელი ჩანთა მუხლებზე ეხლება, პირქუში კაცი არა ჩანს, მაგრამ მოცლით არც იმას სცალია, ისევე როგორც ოდესღაც არც რუსეთის მატარებელში ეცალათ იმ ადამიანებს, ლამის მთელ რომანებს რომ ისმენდნენ ხოლმე. ახალგაზრდა კონდუქტორი კუპედან გავიდა თუ არა, მგზავრმა განაგრძო: „არა, მართლა გაინტერესებთ ჩემი ამბავი?» მანმადე ვაგონ-რესტორანში იყო. იქ ყველა ან თავის თეფშს ჩასჩერებია ან განგებ გარიდებს თვალს, დანახარჯს რომ გადაიხდიან, მაშინ იქნებ დაგიკრან, მაგრამ უკვე გვიანღაა უთხრა: „მე ერთი ავადმყოფი კაცი ვარ... ცუდი კაცი ვარ... საზიზღარი ვარ... მგონი, ღვიძლი უნდა მტკიოდეს»... მერედა, ვის აინტერესებს შენი ამბავი? «ღმერთმანი, ცული უკვე აღმართული მქონდა და ნატაშაც ჩემ წინ იჯდა. მინდოდა შეშასავით გამეპო შუაზე. არა, მე კი არ მინდოდა, ცულს უნდოდა, ფიოდორ ივანოვიჩ, მე რომ ხელში მეჭირა, იმ ცულს უნდოდა გაეპო შუაზე». ეს არც ვაგონ-რესტორანში თქმულა და არც კუპეში, სადაც შემდეგ ვიღაც კაცი ამოვიდა, სალამი ძლივს გაიმეტა და გაზეთში ჩარგო თავი. ის კაცი ალბათ ჰუბახერია გვარად, ან შეიძლება ფოგელზანგერი იყოს, მოკლედ, აქაური იქნება და ეს ამბავიც რუსეთში კი არ ხდება, სადაც ის საშინელი ამბავი გადახდა თავს, არამედ გრაუბიუნდენში. «გინახავთ ბივიოს მიდამოები?» ამმის თქმა შეიძლება, თუნდაც იმ მეორე კაცმა გაიკვირვოს, საიდან ვნახავდიო. როგორც ვთქვით, აქ სამოვარ არ შიშინებს, მხოლოდ მისი ჩიბუხის ქშუტუნი ისმის. «მშვენიერი ჩიბუხია, არა?» ამბობს იგი. ის კაცი, სახეზე გაზეთი რომ აუფარებია, ნამდვილად არ უნდა იყოს ურიგო ადამიანი, ყოველ შემთხვევაში, პალტო კარგი აცვია და ძვირდასსარჩულიანიც. «მე ერთი ავადმყოფი კაცი ვარ, თუმცა ავადმყოფი კი არა, ერთი სასაცილო კაცი ვარ და მეტი არაფერი». ამას გარეთ ამბობს, მატარებლის ტალანში. «სხვათა შორის, ამას წინ მოგატყუეთ, ფიოდორ ივანოვიჩ, ალბათ მიმიხვდით კიდეც: ცოლ-შვილი მისი გულისთვის არ მიმიტოვებია, რა სისულელეა, ჩემი გულისთვის მივატოვე. განა მერე ნატაშაც არ მივატოვე და ვასაც? თქვენ ახლა უსინდისო კაცი გგონივართ, ფიოდორ ივანოვიჩ, მაგრამ სწორედ პირიქით უნდა იფიქროთ. მის ფრჩხილადაც არ ვღირდი, ამჯერად ჩემს პირველ ცოლზე მოგახსენებთ, არასოდეს მიცემია, ღმერთია მოწმე, მაგრამ რომ მივატოვე, ნამდვილად ღვთის წყალობა იყო მისთვის. დღეს ამას ყველა აღიარებს. არც ერთის ღირსი არ ვიყავი. ერთ მშვენიერ დღეს, ვხვდებოდი, ჩემს ხელში როგორ იტანჯებოდნენ, ხომ გესმით, ადრე თუ გვიან ვხვდებოდი-მეთქი, მერე დაიწყებდა ჩვეულებრივი მითქმა-მოთქმა. ამიომაც დავხეტიალობდი ბევრს. ახლა კი ვიცი, რომ პირიქით უნდა მექნა. რად უნდა მქენჯნიდეს სინდისი! ქალები უფრო ბედნიერად გრძნობენ თავს, მე რომ მივატოვებდი, ყოველ შემთხვევაში, უფრო უბედურად მაინც არა. თუმცა არც ამდენი ყოფილან, ფიოდორ ივანოვიჩ, ისე კი არ გამიგოთ... ახლა, მგონი, ბილში უნდა ვიყოთ», დასძენს იგი და იქვე ასწორებს, ბინშიო. ისევ თოვს. დღეს მატარებლები უწინდებურად დიდხანს აღარ ჩერდებიან სადგურებზე. მგზავრები ძირს ჩასვლას ვეღარ ასწრებენ, რომ ცხელი წყალი ამოიტანონ, ვაგონ-რესტორანში კი ჩაი აღარა აქვთ, მხოლოდ მენიუს თუ მოგართმევენ. «ეჭვიანობისთვის არავითარი საბაბი არ მქონდა, – განაგრძობს იგი, – ისინი ძმები იყვნენ. არ ვიცი, იმ ღამეს რამ მომიარა. ყველანი მოთხილამურეთა ქოხში ვიყავით. ძალიან ციოდა და იგი თავის ძმებს გლინტვაინს უმზადებდა. თან მთელი საღამო მხოლოდ თავის ძმებს ელაპარაკებოდა და ძმებიც მხოლოდ მას მიმართავდნენ, რადგან მე მათი ოჯახის წევრი არ ვიყავი. ეს ამბავი ძალიან სასაცილო მეჩვენებოდა, უფრო სწორად, ვცდილობდი, სასაცილო მომჩვენებოდა, ფიოდორ ივანოვიჩ, მაგრამ მე პატივმოყვარე კაცი ვარ, ნამდვილად ვერ მოვითმენდი, ნატაშა თავის ძმებთან უფრო ახლოს ყოფილიყო, ვიდრე ჩემთან. ხარბი კაცი ვყოფილვარ, არა? მთვრალი არ ვიყავი, მთვრალი საიდან ვიქნებოდი, როცა იგი გლინტვაინს მარტო თავის ძმებს უმზადებდა. გლინტვაინზე გული სულ არ მიმდიოდა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა მხიარულება იქნებოდა ჩვენს ქოხში. მე ხმას არ ვიღებდი, რადგან ისინი მხოლოდ ფრანგულად ლაპარაკობდნენ, აბა თქვენ თვითონ თქვით, რა სასაცილო იქნებოდა, ყველაფერს ესეც რომ ზედ დაემატებოდა. უეცრად შემძულდა ნატაშა, შორიდან ვაკვირდებოდი და სავსებით ფხიზელს მძულდა. ყოველ შემთხვევაში, მეგონა მაინც, რომ მძულდა. სინამდვილეში მიყვარდა, მაგრამ მისი ჯილაგი მძულდა. დიახ, ჯილაგი! ჯილაგი, მე თუ მკითხავთ, ყოველთვის ამაზრზენი და ვულგარული რამ არის, აი ისეთი, მისი ამოჟუჟვა რომ მოგინდება... დასაძინებლად რომ დავწექით, ამ აზრმა მაშინ გამიელვა თავში. ყველანი გვერდი-გვერდ მივლაგდით, ნატაშა, მისი ძმები და მე. უფრო სწორად, ნატაშა თავის ძმებს შორის იწვა, მე კი მის ძმას მივუწექი გვერდით. ციოდა. მთელი ის გრძელი საღამო ღუმელს შეშას ვუკეთებდი, ის კი გლინტვაინს თავის ძმებს უმზადებდა. ისინი უკვე ხვრინავდნენ, მე რომ ბრაზმა ამიტანა, ვიგრძენი, როგორ ერთბაშად გადამხადა საბანი სიბრაზემ, თითქოს გარედან ჩამასო ბრჭყალები და სიბნელეში ზეზე წამომაგდო... გითხარით თუ არა, მის უფროს ძმას ოფიცრის ჩინი რომ ჰქონდა? ის უფრო მოისულელებდა, მაგრამ ნატაშა ჭკუას არასოდეს არ დაარიგებდა... უმცროსი კი მოცეკვავე იყო, ქორეოგრაფი თუ რაღაც ამის მსგავსი, მოკლედ, არტისტი გახლდათ. ნატაშა უფრო იმას შესციციცნებდა თვალებში და მაშინ პირველად მივხვდი, მე ვინ ვიყავი: ნატაშას საყვარელი... იქნებ ნატაშამ სიბნელეში მკითხა კიდეც, შეუძლოდ ხომ არა ხარო, ჩურჩულით შემეკითხებოდა, რომ მის ძმებს ხვრინვა გაეგრძელებინათ. მე არ გამიგონია. განათლება მიღებული მაქვს, უმაღლესში მისწავლია, მაგრამ მაინც ერთი პრიმიტიული კაცი ვიყავი და ასეთი დავრჩები ბოლომდე. ნატაშა კი ამას არ მიჯერებდა. არც მისი ძმები მიჯერებდნენ, რომლებმაც მხოლოდ ის იცოდნენ, რომ ნატაშა მიყვარდა... უკვე გითხარით, ზამთარი იდგა და ღამე იყო-მეთქი. მე კი სად გადავკარგულიყავი, არ ვიცოდი. ღრმა თოვლში მინდოდა გასვლა. მინდოდა გავყინულიყავი, ხომ გესმით, ისინი რომ ქოხში ხვრინავდნენ, მე გაყინვა მინდოდა», ამბობს იგი და ჩერდება, რადგან ამ დროს ვიღაცამ გამოიარა ვიწრო ტალანში. «ფიოდორ ივანოვიჩ, გწამთ ღმერთი?» კითხულობდა იგი, ოღონდ პასუხს არ ელოდება. «ახლა სულელური მკვლელობის გამო თხუთმეტი წლით ციმბირში ვიქნებოდი გადაკარგული. მაშინ ალბათ მეც ვიწამებდი ღმერთს, ამისთვის ბევრი კი არაფერია საჭირო. თუმცა რა ვიცი, იქნებ ღმერთის ნაცვლად შეწყალება მეწამებინა, ფიოდორ ივანოვიჩ. ახლა კი ბედნიერება მწამს მხოლოდ», ამბობს იგი და ჩიბუხს ჩიჩქნის, ის კაცი კი, გვარად ფოგელზანგერი ან ბერლოხერი, ან რაღაც ამის მსგავსი რომ შეიძლებოდა ყოფილიყო, ამ დროს პორტფელს დაავლებს ხელს და კუპედან ისე გადის, თავსაც არ უქნევს. «კეთილი და პატიოსანი, – ამბობს იგი, როცა ხელახლა შემოდის რბილ კუპეში, – იმას მოგახსენებდით, მინდოდა გავყინულიყავ-მეთქი. საკუთარი თავი მძულდა, ფიოდორ ივანოვიჩ, სირცხვილი მწვავდა. გარეთ ისე არ ციოდა, რომ გავყინულიყავი, ყინვამ მხოლოდ შემაწუხა, ვარსკვლავიანი ღამე იდგა. წარმოვიდგინე დილით ჩემი გაშეშებული გვამი თოვლში... ეს განზრახვა სასაცილო და სულმდაბლური ხომ იყო და იყო, მაგრამ განუხორციელებელიც გახლდათ – რა გამყინავდა, სიცივისაგან მხოლოდ ვძაგძაგებდი, როცა აღმოსავლეთით მთების თავზე ცა შევარდისფერდა. ნატაშას ეძინა, ჩემი განზრახვისა არაფერი იცოდა, ამ ვარსკვლავიან ცის ქვეშ არც არავინ იცოდა, რა სასაცილო დღეში ჩავიგდე თავი. მე ვიცოდი მხოლოდ!.. სცლს ბრუგში ვართ, მგონი, – დასძენს იგი და ფანჯარაში იხედება, – ან ბრუგში ვიქნებით, ან ბადენში». ასეთ მანძილებს ეპიკური არ ეთქმის. «მგონი, თავი შეგაწყნეთ, ფიოდორ ივანოვიჩ, მაგრამ თქვენ პირველი ხართ, ვისაც ჩემს თავგადასავალს ვუყვები... როცა, ბოლოს და ბოლოს, ქოხში შევბრუნდი, სავსებით გონს ვიყავი მოსული. შეგნებულად და გულცივად გადავწყვიტე, ჩუმად ამეღო ჩემი თხილამურები და ამ დილაადრიან ხეობაში მხოლოდ იმისთვის ჩავსულიყავი, რომ ნატაშასთვის იქიდან მიმეწერა წერილი. სიმართლე თუ გნებათ, არც ნატაშას ფრჩხილად ვღირდი. მოკლედ, ჩემთან ისიც ანგელოზიიყო!.. არ ვიცი, ფიოდორ ივანოვიჩ, გამოგიცდიათ თუ არა, რა საშინელებაა, როცა გრძნობ, რა სასაცილო ხარ და რა დამცირებული. ამის შეგრძნება უფრო შემაძრწუნებელია, ვიდრე თოვლში გატარებული ვარსკვლავიანი ღამე. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი შეგრძნება მქონდა, როცა ჩემს თავთით მესმოდა ძმების ხვრინვა. განა რა დამიშავა ან ოფიცერმა ან არტისტმა? და გლინტვაინით გაუმასპინძლდა ორივეს, მე კი იმდენი ფრანგული მაინც ვიცოდი, რომ მათი საუბარი გამეგო... მოკლედ, ცულს ხელი წამოვავლე და შეშის დაპობას შევუდექი. ასე სასაცილო დღეში ჩავარდნილმა თოვლში ორი საათი რომ გავატარე, ყინვამ ძვალ-რბილში გამატანა და გავითოშე. აქამდე მათ ვუნთებდი ცეცხლს, ახლა კი ჩემთვის უნდა დამენთო. შეშის ნაჭერს რომ ცულს ჩაასობ და კუნძს დაჰკრავ, რა თქმა უნდა, ჭახანი გაუდის. ჰოდა, იმათი ჯილაგის ხვრინვა შეწყდა. ახლა მიხაროდა კიდეც, რომ ვძაგძაგებდი, რადგან ეს უფლებას მაძლევდა შეშა დამეპო, თუმცა ჩემისთანა უგერგილო კაცს შეიძლებოდა თავისთვის დაეშავებინა კიდეც რამე. წესით, ჩემი უგერგილობა სიცილის მომგვრელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქ სასაცილო არა იყო რა, ფიოდორ ივანოვიჩ. ამ დროს ნატაშა ჩამოვიდა ძირს და მკითხა, ღვთის გულისათვის მითხარი, რას აკეთებო. ვუპასუხე, გლინტვაინს ვამზადებ-მეთქი. ნამძინარევი ნატაშა ისე ლამაზი აღარ იყო, როგორც იმ საღამოს და ამიტომაც დავუზუსტე, ჩემთვის ვიმზადებ გლინტვაინს-მეთქი. თან შემრცხვა. ახლა მის ჭკუას აღარ იკითხავთ, ფიოდორ ივანოვიჩ, მის ქალურ ჭკუას აღარ იკითხავთ? თქვენ ხომ არ იცნობთ ნატაშას. ჩვენ უკვე სამი წელი იყო გვიყვარდა ერთმანეთი და ყოველთვის ვფიქრობდი, ერთი უჭკუო, გულუბრყვილო და უეშმაკო ქალია-მეთქი, მაგრამ ახლა, დილის ხუთ საათზე მისმა ჭკუამ გამაღიზიანა, დამეკარგე აქედან, გლინტვაინს ვიმზადებ-მეთქი, დავუყვირე. ნატაშას ეგონა, კარგად მიცნობდა, თორემ იმ კუნძზე არ ჩამოჯდებოდა. ისე ჩამოჯდა, ვითომ ის კუნძი ჩამოსაჯდომად ყოფილიყო იქ მიგდებული. ნატაშას ცისფერი კომბინეზონი ეცვა და ასე იჯდა, თმაგაშლილი და ძილის სითბოგამოყოლილი. ძმები ჩემმა ხათქახუთქმა გამოაღვიძა და რა თქმა უნდა, ყურს გვიგდებდნენ, ნატაშამ მითხრა: ქუ ესტ-ცე ქუე ტუ ფაის?1 (1 რას აკეთებ? (ფრანგ).). ერთხელ კიდევ გავუმეორე, გლინტვაინს ვიმზადებ-მეთქი, ხომ ხვდებით, რა კილოთი ვეტყოდი ამას. არ ვიცი, ნატაშამ პასუხი ოხუნჯობად ჩამითვალა თუ სხვების უპატივცემლობად, მარტო თავის ძმების უპატივცემლობად კი არა, დამავიწყდა მეთქვა, რომ ქოხში სხვებიც იყვნენ, მათი ქალიშვილები და ვაჟიშვილები და რა ვიცი, კიდევ ვინ არა – მთელ იმათ ჯილაგს იქ მოეყარა თავი. აქედან დამეკარგე-მეთქი, გავუმეორე და ცული მოვიღერე. შეშის დასაპობად მოვიღერე, ნაფოტების ჩასაცლელად», დასძენს იგი და კვლავ ჩიბუხს ჩიჩქნის. ვითომ აღარ უნდა ხმა ამოიღოს, მაგრამ გაჩუმებაც რომ აღარ შეუძლია? ახლა შლირენში ვართო, ამბობს და ფანჯარაში იხედება. «ფიოდორ ივანოვიჩ, სავარძელი თუ გისვრიათ ოდესმე ქუჩაში? იცით, მას მერე უკეთესი კი არ გავმხდარვარ, ახლა რასაც გიყვებით, ეს უკვე ვასასთან შემემთხვა. ამჯერად ეჭვიანობის საბაბი მქონდა და დავთვერი, პირუტყვივით გავილეშე, ის სავარძლები რკინისა იყო, ჩემმა მძვინვარებამ რომ აიტაცა, ტერასიდან ქუჩაში გადაუშვა და მკვლელად გახდომას გადამარჩინ, ფიოდორ ივანოვიჩ. როგორ ახსნით ამას? – ერთხანს დუმს, სანამ ისევ გაღვივდებოდეს ჩიბუხი. – თქვენ ნამდვილად გწამთ ღმერთი, ფიოდორ ივანოვიჩ, თორემ ჩემზე არ გაგეცინებოდათ, გულზე ხელი დაიდეთ და ისე მითხარით, გეცოდებით, როგორც სულელ და ზერელე კაცს შეიცოდებენ, არა? სამაგიეროდ მე არ მეცოდება ჩემი თავი. არ იფიქროთ, სიგიჟემ მოუარაო, იმ წუთში მშვენივრად ვიცოდი, სასაცილო რომ ვიყავი, ნატაშა აქ არაფერ შუაში იყო, მე მხოლოდ ცულს ვეღარ ვიმაგრებდი ხელში, ნატაშა კი ჩემ წინ იჯდა და მიყურებდა. ასე მეგონა, მის სახელსაც კი ვეღარ წარმოვთქვამდი, მის საყვარელ სახელს, მხოლოდ ეს სიტყვები მედგა ყურში: ქუ ესტ-ცე ქუე ტუ ფაის? შემდეგ ცული კუნძში ჩაესო, ნატაშა იქვე იდგა, ის შეშის ნაჭერი კი, გაპობას რომ ვუპირებდი, ჯერ ისევ ხელში მეჭირა – სულ ეს იყო, ფიოდორ ივანოვიჩ, ეს იყო ბედნიერება!» ამბობს იგი და თვალს არ აცილებს ფანჯარას, ფანჯარაში კი მიჰქრიან რომელიღაც სადგურის ყვითელი სინათლეები. «ალტშტეტენი გავიარეთ უკვე», ამბობს გულგრილად; ნელ-ნელა ახლოვდება დრო, როცა მგზავრმა პალტო და ბარგი უნდა ჩამოიღოს, ბევრი კი არაფერია, პატარა პაკეტში სუნამო უდევს ცოლისათვის. პალტოზე თითქმის ყოველთვის აწყვეტილი აქვს საკიდი და პალტოსაც ბარგისთვის განკუთვნილ ბადეზე დებს ხოლმე. კუპეში მიხედ-მოიხედა, ჩემი პალტო სად არისო და თავისდა გასაოცრად ფიოდორ ივანოვიჩი დაინახა – ზის სწორედ მისი პალტოს ქვეშ და ბაგეზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი დასთამაშებს: «მამილო, მაშ ეს არის არა, მთელი შენი თავგადასავალი?» ტალანი უკვე ხალხით გაიჭედა. «არა, ფიოდორ ივანოვიჩ», ასევე დამცინვად პასუხობს მგზავრი დაპ ალტოს აღარ ეპოტინება. ფიოდორ ივანოვიჩი ტანმორჩილი კაცია, ჯერ მოხუცი არ ეთქმის, მაგრამ ხუჭუჭა თმა ნაადრევად გასჭაღარავებია, თვალები კი უჩვეულოდ უბრწყინავს. ზის, აცვია გაცვეთილი, მაგრამ აშკარად კარგი მკერავის ნახელავი კრაველის საყელოიანი პალტო, ბეწვის ქუიდ ახურავს, პალტოს ღილები რომ შეიხსნა, ხიფთანი და ამოქარგული რუსული ხალათი გამოუჩნდა. «მე პოზდნიშევი ვარ გვარად, – ისე ამბობს, თითქოს სავალდებულო იყოს მისი გვარის ცოდნა და შემდეგ დასძენს: – ნება მიბოძეთ ჩაი შემოგთავაზოთ, ოღონდ იცოდეთ ძალიან მაგარია». ჩაი ამის წინა სადგურზე მოუდუღებია და მართლაც ლუდივით მუქია. «პოზდნიშევი», იმეორებს იგი მწარედ, ჩახლეჩილი ხმით. «მთლიანად რატომ არ ჰყვები შენს თავგადასავალს, თუკი ხედავ, რომ ვიღაც გისმენს?» ამ დროს ფეხები გრძნობენ, როგორ ამუხრუჭებენ ნელ-ნელა მატარებელს. «კარგი, თქვენ მოგიყვებით», ისე ეუბნება მგზავრი, თითქოს არ ესმოდეს, კონდუქტორი როგორ გაიძახის ყველას გასაგონად: ციურიხი, მთავარი სადგური, დაცალეთ ვაგონები! მგზავრი ერთი წუთით დუმს, სახეს ისრესს და იწყებს: «რაკი მოყოლაზე მიდგა საქმე, ყველაფერი თავიდან უნდა გიამბოთ. უნდა მოგიყვეთ, სად დავიბადე, სად გავიზარდე, ვინ იყვნენ ჩემი მეგობრები, რა მისწავლია და სხვა მისთანანი, მოკლედ, ყველაფერი უნდა გიამბოთ, რამაც ჩემს უბადრულ თავგადასავლამდე მიმიყვანა...»

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ფრიში მაქს / ბედნიერება