ფუენტესი კარლოს

დაუსრულებლობის ხელოვნება

 

ინგლისურიდან თარგმნა თამარ ლომიძემ

 

  1985 წლის 18 სექტემბერს ჰარვარდის უნივერსიტეტში, ბოილსტონ-ჰოლში, ჩემს მაგიდასთან ვიჯექი და იტალო კალვინოს გარდაცვალების ცნობას ვკითხულობდი. სწორედ ამ დროს “ბოსტონ გლობიდან” დამირეკეს. ვიფიქრე, კალვინოს შესახებ უნდა მკითხონ-მეთქი, მაგრამ შევცდი. საქმე მიწისძვრას ეხებოდა. თურმე კალვინოს გარდაცვალების დღე რვაბალიან (რიხტერის შკალის მიხედვით) მიწისძვრას დაენგრია მსოფლიოს უდიდესი ქალაქი, ჩემი მშობლიური მეხიკო. მექსიკის ბუნება მიდრეკილია მიწისძვრებისკენ. მიწა იძრა, როდესაც ესპანელებმა აცტეკთა დედაქალაქი ტენოჩტიტლანი (1521 წელს) დაიპყრეს. ის იძრა, როდესაც რევოლუციის ლიდერმა მადერომ 1911 წელს ცხენი შეაგელვა მეხიკოში და მიწა იძრა მაშინაც. როცა იტალო კალვინო გარდაიცვალა. ხომ არ განრისხდნენ მექსიკის ძველთაძველი ღმერთები იმ მწერალ-მეზღაპრის სიკვდილის გამო, რომელმაც ყველაზე შთამბეჭდავი წარმოსახული ინტერვიუ შეთხზა აცტეკთა უკანასკნელ იმპერატორთან, მონტესუმასთან? არ ვიცი, რამ უფრო შემზარა იმ დღეს.

     იტალომ წერილობით მაუწყა, რომ ამ სემესტრში წაიკითხავდა ლექციებს ჩარლზ ელიოტ ნორტონის შესახებ და იმედოვნებდა, რომ შევხვდებოდით. ლექციები ბოლოს იქცა “ექვს შენიშვნად მომდევნო ათასწლეულის შესახებ”, რომლებიც აღტაცებითა და წინათგრძნობის თრთოლით იკითხება. მაგრამ მირჩევნია, გავიხსენო კალვინოს მეორე წინასწარმეტყველური წიგნი – “ლიტერატურული მანქანა”, სადაც გამოჩენილი იტალიელი მწერალი მკაფიო მიჯნას ავლებს პოლიტიკასა და რომანს შორის. რომანის პოლიტიკური გამოყენებისას, – ამბობს კალვინო, – ორ შეცდომას უშვებენ. პირველ შემთხვევაში რომანი იმეორებს პოლიტიკურად უკვე მანიფესტირებულ “ჭეშმარიტებას”, მეორეში კი ლიტერატურა მიმართავს ადამიანის მარადიული გრძნობების ილუსტრირებას. ორივე შემთხვევაში (პირველი მათგანი – პოლიტიკური, მეორე კი, როგორც ჩანს, ჰუმანისტური, მაგრამ, როგორც წესი – მელოდრამატული ხასიათისაა) ლიტერატურას ეკისრება იმის გამოხატვა, რაც ჩვენთვის უკვე ცნობილია (შევნიშნავ, რომ ახლახან ძალზე ზუსტად იქნა განსაზღვრული მელოდრამის არსი: მელოშდრამა სხვა არაფერია, თუ არა იუმორისგან დაცლილი კომედია).

პოლიტიკისა და ლიტერატურის ნამდვილი მიზნები სხვაგვარია. კალვინოს თანახმად, პოლიტიკა საჭიროებს ლიტერატურას, როდესაც ლიტერატურა მხარს უჭერს იმ თვალსაზრისს, რომელსაც მხარდაჭერა სჭირდება, და სახელს არქმევს იმას, რაც ანონიმურია. ეს ხელსაყრელია ლათინური ამერიკისთვის, სადაც ლიტერატურა, დიდი ხანია, დუმს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ესპანეთი კრძალავდა რომანების წერას ან კითხვას და მეორეც, იმიტომ, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის პირველი საუკუნის (ანუ მეცხრამეტე საუკუნის) განმავლობაში დაკავებულნი ვიყავით პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული და ესთეტიკური მოდელების გადმოღებით ევროპიდან, იმ მცდარი შეხედულების კარნახით, რომ ამ გზით დაუყოვნებლივ ვიქცეოდით დემოკრატიულ და პროგრესულ საზოგადოებად. ჩვენ კი ვიქეცით, უბრალოდ, “ნესკანფეს” რესპუბლიკებად, რომლებიც მერყეობენ დიქტატურასა და ანარქიას შორის. მხოლოდ ამჟამად აღმოვაჩინეთ, რომ გვქონია გარკვეული ტრადიცია, რომელიც მოიცავს ჩვენს ევროპულსა და იბერიულ, აგრეთვე – ებრაულსა და არაბულ ფესვებს (იხ. ბორხესი). ამასთან, უნდა გამოგვევლინა ინდიელებისა (იხ, ასტურიასი) დზა ზანგების (იხ, კარპენტიერი, ამადუ და გლისანი) მემკვიდრეობაც. მხოლოდ ტრადიციის დადგენისას შეიძლება მასზე დაყრდნობა.

     აქ შეიძლება კვლავ დავიმოწმოთ კალვინოს თვალსაზრისი. მისი შეხედულებით, ლიტერატურა, როგორც ფასეულობითი მოდელი, “გვაწვდის ენის, წარმოსახვის, ხედვის, აზროვნებისა და ფაქტების კორელაციის ნორმატიულ ნიმუშებს”. კალვინოს დასკვნა მეტად ნიშანდობლივია მისთვის. “ლიტერატურა გვთავაზობს მყარ ნიადაგს და ცდილობს, ჩამოაყალიბოს ისეთი მოქნილი და დახვეწილი სისტემა, რომელიც შეიძლება ჩაენაცვლოს ნებისმიერ სხვა სისტემას”. კალვინოს წიგნში მოხსნილია აბსურდული დიქოტომია: პოლიტიკურად ანგაჟირებული ლიტერატურა ვერსუს ცოდვილი ხელოვნება ხელოვნებისათვის. ამგვარად, დიდწილად, კალვინოს დამსახურებაა, რომ ლათინურ ამერიკაში თავიდან ავირიდეთ ჭარბი სიმარტივის საფრთხე, რის შედეგადაც ლიტერატურას განვიხილავთ როგორც სოციალური და, ასევე, ესთეტიკური წინასწარჭვრეტის ექსპანსიას. გარსია მარკესის ან კორტასარის მკითხველი არა მარტო მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობს, არამედ წინასწარ განჭვრეტს კიდეც სამომავლო შესაძლებლობებს და სააშკარაოზე გამოაქვს, ჰანს რობერტ იაუსის მიხედვით, “ჩვენი ლტოლვები, მოთხოვნილებები და მიზნები”. მე კი ვიტყოდი: განა ლიტერატურა, ჩვენი პირადი პოლიტიკური მრწამსისგან დამოუკიდებლად, არ ახორციელებს ენისა და წარმოსახვის ენერგიის შენარჩუნებას (თუმცა, დიქტატორები, მაგალითად, ჰიტლერი და სტალინი, ამორ ფასეულობას დიდ მნიშვნელობას როდი ანიჭებდნენ)? განა ის არ ემსახურება ისტორიულსა და ესთეტიკურ მიზნებს, როდესაც ურთიერთთან აკავშირებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს (და ააშკარავებს, რომ ცოცხალი აწმყო ვერ იარსებებს მკვდარ წარსულთან ერთად, რომ სიახლე წარმოუდგენელია მისი წინამორბედი ტრადიციის გარეშე, ტრადიცია კი – სიახლის გარეშე, რომელიც განავითარებს ამ ტრადიციას)?

     თავის ფილოსოფიურ ზღაპრებში, ისევე, როგორც შესანიშნავ მოთხრობებში, კალვინო გვამცნობს, რომ არსებობს მავანი ჰიპოთეტური მკითხველი და ეს უკანასკნელი არა მარტო დღეს კითხულობს წიგნებს, არამედ – ხვალაც გააგრძელებს ამ საქმიანობას. ვფიქრობ, ლიტერატურის კალვინოსეული კონცეფცია ემყარება სწორედ ამ ვარაუდს. ხვალინდელ მკითხველში მწერალმა უნდა იგულისხმოს უფრო განათლებული და გათვითცნობიერებული პიროვნება, ვიდრე თვით მწერალია. ამგვარად, მწერალი ითვალისწინებს იმგვარ მკითხველს, რომელსაც მეტი ცოდნა ექნება, ვიდრე ის, რომელიც სადღეისოდ გააჩნია ნაწარმოების ავტორს და, საერთოდ, ნებისმიერ მწერალს. მკითხველს ეცოდინება ხვალინდელი დღე. ლიტერატურული ინტელექტის შესახებ ამ უკიდურესი და ფანტასტიური წარმოდგენის წყალობით კალვინომ შეძლო, შეემჩნია ჩვენი ცხოვრების მიყრუებული ნაწილი – ანუ ის ნაწილი, რომელიც აღწერას საჭიროებდა. კალვინო გახლდათ აქამდე არაღწერილი სამყაროს მწერალი, რომელმაც “კოსმიკომიკურ მოთხრობებში” ყოველ ჩვენგანს აჩვენა ხმებით აჭრელებული წყვდიადი. კალვინოს ფანტაზიები ჭარბი დახვეწილობითა და იუმორით გამოირჩევიან. მათში ასახვა ჰპოვა მწერლის დამოკიდებულებებმა სიყვარულის, წიგნების, მეგობრობის მიმართ. ნება მომეცით, უბრალოდ მივუთითო კალვინოს იუმორის გამოვლინებებზე, როდესაც ის გვიხატავს სტრუქტურალისტური რომანის წერით გატაცებულ იან ფლემინგს ან იტალიელი მწერლის მიერ ფრანგული “ახალი რომანის” ხერხების გამოყენებას ძუნძულით სირბილის დროს.

კალვინოს ნაწარმოებებში გაერთიანებულია, აგრეთვე, სილამაზე და ლიტერატურული წარმოსახვის საზღვრები. ის ფარული ღიმილით ცდილობდა შეექმნა იმ სამყაროს ლიტერატურული ხატი, რომელიც თვით ეძიებს თავის ხატს. კალვინოს ხელოვნება სხვა არაფერია, თუ არა კითხვის, პაროდიის, დანაწევრების და, უპირველეს ყოვლისა, დაუსრულებლობის ხელოვნება. მას სურდა, წიგნის ფარგლებში მოექცია სამყაროს წაუკითხავი, მაგრამ არა წაუკითხვადი ნაწილი. ეს იყო, ერთი შეხედვით, უცენტრო და უპიროვნო სამყარო, მაგრამ კალვინომ იცოდა, რომ ჯერ არდაწერილი ყოველთვის აღემატება უკვე დაწერილს. ამიტომ მის მიერ დაწერილი ყოველი გვერდი თითქოს ვიბრირებს და წარმოქმნის იმის ილუზიას, რომ მკითხველი კითხულობს იმას, რაც ჯერ არ დაწერილა. ესაა კალვინოს საბოძვარი ყოველი ჩვენგანის მიმართ. მკითხველი გაეცნობა მომავალს. ის, თქვენ და მე კი – ვერა.

     რათა მკითხველს იმედები არ გაუცრუოს, კალვინო სთავაზობს მას თვითქმნადი წიგნის ფრაგმენტებს და მოუწოდებს შემოქმედებითი მუშაობისკენ. მისი ნაწარმოებები სავსეა ელიფსისებით, ენიგმებით, კითხვებით (რომელთა დანიშნულებაა, ჩაგვრთოს წიგნის, როგორც სამყაროს, შექმნაში). კალვინოს იუმორი იცავს მას საკუთარი ქმნილების დასრულების საფრთხისგან. საბოლოოდ დასრულებული წიგნი, ამბობს ის, იქნებოდა ხელშეუვალი და, ამიტომ, წაუკითხვადი წიგნი. დასრულებულ ანუ ხელშეუვალ წიგნში არ დაისმის არავითარი შეკითხვები, მასში გაცემულია ყველა პასუხი. ამგვარად, კალვინო უპირატესობას ანიჭებს დაუსრულებელ წიგნს, რომლის შესანიშნავი ნიმუშია “თუ ზამთრის ღამით ყარიბი...”. “ოპერა აპესტა”-ში კალვინო საშუალებას არ გვაძლევს გავიგოთ, როგორ დასრულდება წიგნი და გვთავაზობს კიდევ უფრო სასიამოვნო შესაძლებლობას, წარმოვიდგინოთ, როგორ არ დასრულდება ის, ესე იგი, როგორ შეავსებს წიგნი თავისთავს და როგორ კორელირებს თავისთავთან, მკითხველთან და სხვა წიგნებთან. ამ დროს ნაწარმოები წარმოქმნის მოულოდნელ კონსტელაციებს მნიშვნელობასთან: დაუსრულებლობის ხელოვნება. მკითხველს, რომელმაც იცის მომავალი, სთავაზობს (პატივისცემის ნიშნად) წიგნს, როგორც უწყვეტ მოვლენას (და არა როგორც დადგენილ ან დასრულებულ ფაქტს).

იტალო კალვინო გვინარჩუნებს სიცოცხლის ხალისს და ახორციელებს ამას უჩვეულო სიანცის გრძნობით, იუმორით. ყოველივე ეს იძლევა სულიერი სიჯანსაღის გარანტიას იმ სამყაროში, რომელიც შემზარავია და გვზარავს კიდეც.

 

 

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ფუენტესი კარლოს / დაუსრულებლობის ხელოვნება