ქარდავა დათო

უდანაშაულობის პრეზუმფცია ანუ საოლქო პროკურორი სიტყვაძუნწი კაცია

 

საოლქო პროკურორმა სქელი რქის სათვალე მოიხსნა და ასეთი რამ თქვა: დ-ძეს საქმე იყო, მოგეხსენებათ, ლიმონკა რომ შეაგდო მეზობლის სახლში.

ერთი კაცი მოკლა, ერთი დაჭრა. რამდენიწლის წინათ მოხდა ეს. მეზობელი სიგარეტითა და არყით ვაჭრობდა. ღამით მიაკითხა. იმან უთხრა, თავი დამანებე, მომწყდი აქედან, დილას მოდიო და არ მიჰყიდა, თუ ნისიად არ მისცა... მოკლედ, გაბრაზდა და ლიმონკა შეუგდო. როგორც ვთქვი, ერთი მოკვდა, ერთი დაიჭრა.

109-ე მუხლით წარიმართა უზენაეს სასამართლოში, ყოფილი 104-ე მუხლია, დამამძიმებელი გარემოებებით, გენერალურმა პროკურორმა მოაწერა ხელი...

 

* * *

კაცმა, რომელიც პირველ სართულზე ცხოვრობდა, დ-ძე გააფრთხილა, ღამით არც არაყზე და არც სიგარეტზე არ მომაკითხოო. კაი, კაიო, – დ-ძემ და ორლიტრიანი ბანკა, არყით სავსე, ეზოში ჩადგმულ დაუხურავ გარაჟში შეიტანა.

აღდგომა დღე იყო.

მაგიდა – გადაგდებული, შიგნეულობაგამოცლილი მაცივარი, სავარაუდოდ, "ორსკი-5"; სკამები – ქვები, დამტვრეული წვრილი სამშენებლო ბლოკები; სუფრა – "ოგონიოკის" ყდაზე დაყრილი წიწაკის მწნილი, ძეხვის ნაჭრები, ხელით დაგლეჯილი პური, დამტვრეული კვერცხები (შინდისფერი, ხასხასა წითელი, ოქროსფერი...), პასკის მოყვითალო ნაჭრები, ბლომად მწვანილი და პირდაპირ სუფრაზე დაყრილი მარილის პატარ-პატარა ბორცვები...

არაყი სანახევროდ შევსებული ჩაის ჭიქებით ისმევა. ცარიელ ბანკას გარაჟის კუთხეში აგდებენ. ღვინოზე გადადიან.

აღდგომაა...

ცოცხლები არიან და ქეიფობენ.

აღდგომაა.

ცოცხლები მკვდრებს ადღეგრძელებენ (ცოცხლად გაუმარჯოთო), ღვინოს სვამენ, დამტვრეული კვერცხებს ჭამის წინ კიდევ უფრო ამტვრევენ და ორ ლუკმად მიირთმევენ.

გადაუხურავ გარაჟში მღერიან. რკინის კარი ხშირ-ხშირად იღება. მოფარებულიდან ბარბაცით ბრუნდებიან, თან გზად შარვლის ღილების შებნევა არ ავიწყდებათ.

აღდგომაა – ქეიფობს ეზო...

გადაუხურავი გარაჟიდან დოლის რიტმული ცემა ისმის. ვიღაცა გარმონს, თუ აკარდეონს წელავს...

სარტყამი ინსტრუმენტის მაგივრობას ვედროს ძირი სწევს, მეორისას "სკოჩით" გაწეპილი გარმონი.

– რომ უყურებ, ტრაფეინი გარმონია, – სიგარეტს "აბიჩოკებს" დ-ძე, ცხ-ში ვითრიე, ერთი ბიძა იყო ხისფეხა, მთელი სამი თვე მაგის სახლში ვიდექით.

აი, გაწელვა იმან იცოდა, რას უბერავდა, რას მღეროდა... შიში ხო იცი რა მამაძაღლი რამაა, თან იქით მოსაწევი, აქეთ სასმელი, პრიკოლს იჭერ რა, სანამ არ მოგბეზრდება; დავაი გაწელე, უყვირი და ისიც წელავს და წელავს...

– "დადირკული" რატომაა? – ვეკითხები მე და გარმონის სკოჩიან ნაკეცებს თითს ვუკაკუნებ, – ერორი, სამი, ოთხი... – ნახვრეტებს ვითვლი.

– "დირკები"? აუ, ეგ რა გამახსენე, შენ რა მაგარი ვიღაცა ხარ... "ტეპლავოზა" გახსოვს? აცხონოს მაგის სული, რა გიჟი იყო, ხო გახსოვს... – დ-ძე ჭიქას ხრის და ღვინოს ნაფხვენებად ქცეულ პასკაზე ასხამს, – მაგის ამბავი იყო...

და დ-ძე ამბავს იხსენებს.

* * *

იმ ღამეს დაგვცხეს რა, გემახსოვრება, ძალიან მოშნად რომ დაგვიშინეს რუსებმა, აქაც ვლასტი რომ გადაყირავდა და ეგენი ჩვენი ძმები არიანო, რომ გაახურეს, ის ჩემისაც რომ გამოაგდეს ციხიდან, ხო გახსოვს... მოკლედ, ასეთი ამბებია და ვბრუნდებით რა, აიყარეთო, გვითხრეს და ჩვენც ავიკარით ჩვენი შინელ-კიტელი და გაზ-66-ის "კუზაოზე" ვლაგდებით. "ტეპლავოზაც" უკვე ასულია, ისე მეძახის, მოაქ, რაღაც უნდა გითხრაო...

თქვი შეჩემა, რა გინდა-მეთქი, ქვემოდან ვუყვირი. იმას კიდე, ხო გახსოვს რა სასაცილო სიფათი ჰქონდა, მგონია, მეკაიფება და ვაგზავნი ერთ ადგილზე. ვა, არ მეშვება, მოდი, გინთუ არა, ყურში უნდა გითხრაო. მივედი და რას მეუბნება: იცი, ეს ჩვენი ხაზეინი რომ უკრავდა ხოლრა ინსტრუმენტია? რაა-მეთქი. ანტიკვარია, მაგას ფასი არა აქვს, ჩემი ასეო და ჩემი ისეო...

ვაა-მეთქი, გავიფიქრე გულში და სახლისაკენ მივტრიალდი. რასა ვხედავ: ჩვენი ხაზეინი და ხაზეიკა ფანჯრის იქიდან ერთმანეთზე თავებმიდებულები (რუსულ ზღაპრებში რომაა ხოლმე ისე) ნაღვლიაარ გვიცქერენ? აი, თქვე აფერისტო შობელძაღლებო-მეთქი და მივბრუნდი, კარს წიხლი ვკარი და "ზალაში" შევაბოტე – ინსტრუმენტი იქ მეგულებოდა. სერვანტის თავზე აღარ დევს, არც – კამოდ– შკაფში.

ფეხის ხმაზე მივბრუნდი.

 

ხაზეინს "ჩაუცვამს" ეს ჩემი ანტიკვარული აკარდეონი და მშვიდი სახით მიყურებს.

ამას ეძებდი? თავისებური კილოთი მეკითხება.

ხო-მეთქი, ვპასუხობ.

– მე კიდევ ვიფიქრე, წასვლის წინ, ბიჭებისათვის დავუკრავ-მეთქი...

მუზიკა მინდა ახლა მე? ჰე, დროზე, დავაი, მოიხსენი-მეთქი, შევუძახე...

ვერ მოგცემ, შენი ჭირიმეო, ამბობს ეს ჩემისა და თან კანკალებს. შ-ს მაგივრად ს-ს ამბობს, ჭ-ს მაგივრად წ-ს და თვალები უწყლიანდება.

მომცემ კი არა, მეტს არ იზამ? ვღრიალებ მე... აბა, როგორ, ავტომატიანი კაცის გაბრაზებას რა უნდა.

ყველაფერი წაიღეო, მეხვეწება, ტელევიზორი, ხალიჩა, საკერავი მაშინკა... ოღონდ ამას ნუ წამართმევო...

ვაა, საღოლ "ტეპლავოზ", გულში ვფიქრობ, ეტყობა მართლა მაგარი ვეშია-მეთქი.

ის ჩემისა კიდევ არ ჩერდება, წუწუნს აგრძელებს...

ეეე! რეებს უბერავ, ვაწყვეტინებ, გითხარი, რომ უნდა წავიღო? ზნაჩიტ წავიღებ-მეთქი.

თან "აკაემს" ჩაჭიდებული ხელისგული მიოფლიანდება, მეფხანება და მიხარია – ფული იცის, გეცოდინება.

რაღაცეებს კიდევ ვუყვირი, ვემუქრები რა. თან "ტეპლავოზასი" მიკვირს. საღოლ გითხარი ტეპლავოზ, საღოლ-მეთქი, გულში ვფიქრობ. მაგარი ჩათლახი ვინმეა რა, ეს აკარდეონის ამბავი საიდანღა გაჩიმაგ შობელძაღლმა-მეთქი.

მაგრამ ეს ჩვენი ცალფეხა "ხაზეინი" რომ არ ინძრევა? საცოდავად იბუზედა ტირილს აპირებს რა...

ჰაა, მომცემ თუ გადაგატარო, შენი დედა-მეთქი... სისხლი თავში მასხამს და "ზატვორს" ვაჩხაკუნებ.

მე ამ ამბავში ვარ, თავს ვიგიჟებ და იმან კიდევ შეხვევა არ დამიწყო? შვილოო, მეუბნება, ეს გარმონი ჩემმა უფროსმა ძმამ, 41-ში, ფრონტზე რომ მიდიოდა, მაშინ დამიტოვაო. აი, დაკვრა იმან იცოდაო და ეგეთები...

ვაჩერებ და ვეუბნები, ბიძა, სულ ფეხებზე მკიდია მაგ გარმონის ისტორიაც და გეოგრაფიაც-მეთქი, ინსტრუმენტი მაიტა, ტყუილად თავი არ მომაკვლევინო...

ის ნაბოზარი კი თავის ძმასა და გარმონზე დაწყებულ ზღაპარს აგრძელებს: ესე იგი, ძმა მეუბნებაო, ახურებს რა, მე ფრონტიდან ჩამომსვლელი არა ვარ და ამ გარმონს მიმიხედეო, მაგ გარმონში ჩემი სულია, თუ კარგად მიაყურადებ, მიხვდები, რომ ჩემი ხმა აქვსო და სულ ეგეთები...

ამასობაში ბიძა, ეს ჩემისა, ნელ-ნელა ზლუქუნზე არ გადადის? თან არ ჩერდება, მოყოლას აგრძელებს: მაშინ სულ პატარა ვიყავი, სიზმარივით მახსოვს ჩემი უფროსი ძმის სახეო, ქერჩთან დაიკარგა, მამაჩერომ კვდებოდა, ამ გარმონს შვილის სახელს უძახდა, კოცნიდა, ეფერებოდა და რამეო...

სულ ეგეთებს ახურებდა. ბოლოს გულამომჯდარმა ამოიხროტინა: ნუ წამართმევ, ნუ წაიყვან ჩემი ძმის სულსო... თან პატარა ბავშვივით ტირის, ცრემლები სულ ღაპა-ღუპით ჩამოსდის ამ ხეიბარ მამაძაღლს. აუ, ვფიქამ ბოზმა ან ნაღდად დააჟუილა, ან ვეში მართლა ძაან ძვირია და აფერისტობს-მეთქი...

არ ვიცი, როგორ მოვიქცე, დავიბენი რა.

ავტომატი მიშვერილი მაქვს და ვდგავარ სირივით. მექანიკურად ისევ ვახურებ: არ მაინტერესებს, დავაი, დავაი, დროზე-მეთქი...

მე ამ დღეში ვარ და უცბათ ის ჩემისა გარმონს ხელებს უშვებს და გარმონიც საზარელი ხმით ორივე მხარეს იწელება. ამასობაში ოთახში კივილით ხაზეიკა არ შემორბის? კივის, წივის და თან ჩემი ფიზიონომიის დასახიჩრებას ცდილობს, ნამდვილი მხეცია რა, თანაც არ ველოდი ტო... ცალი ხელით ვიგერიებ, თან ვიგინები, მაგრამ ის დედა მო.ნული მაინც მომწვდა, ფრჩხილებით მკორტნის. მარცხენა თვალი სისხლით მევსება, ამ დროს ეტყობა კივილის ხმამ ბაითიდანაც გააღწია – კარში "ტეპლავოზა" გაიჩითა. გამიტყდა ასე გაბანძებული რომ დამინახა, თან სისხლი უკვე ბუშლატზე მეწვეთება, იმ ბოზმა ქალმაც ლამისაა თვალები ამომთხაროს... ვსიო, დაგენძრათ, თქვენი დედა-მეთქი, ვიღრიალე და პრიკლადი პირდაპირ ჯიქნებში ვაჯახე.

პრიკლადიანი ავტომატი მაგრა მევასებოდა, უფრო კაცური და მოშნია რა. მოკლედ, პოლზე ეზღნერთება ეს ქალი და ჰაერის ჩაბრუნება უჭირს, ფეხებს აფართხადა წამოდგომა უნდა... ეს გარმონიანი ბიძა კი თავჩაღუნული დგას და ხმას არ იღებს. გადმოშლილი გარმონი მუხლებამდე დასთრევს. ქალი ნელ-ნელა აზრზე მოდის, ჟივუჩია რა, თვალებს ფსიხივით ატრიალებს და ქართულად არ იწყებს მოთქმას? აუ, იწყევლება, მაგრამ რას იწყევლება... თან იცი რას მეუბნება? მალე ყველას დედა მოგე.ნებათო, ჩემი ბიჭები ყველაფერს სისხლად გარწყევინებენო, აი, როგორც იმ თქვენს ნუგზარას და ვაჟას, ყველას სათითაოდ თავებს დაგაჭრიანო... ლამის ჭკუიდან ავიწიო, ვინ შენი ბიჭები-მეთქი, ვღრიალებ, რა ჰქვიათ-მეთქი.

ესა და ეს არ გაგიგიაო, მეუბნება და თან ბოზურად მიცინის. ტვინში მირტყამს, ესე იგი რა გამოდის, ის თესლები, სასაფლაოსთან ჩვენ გავროშებს თავები რომ დააჭრეს, ჩვენი ხაზეიკას შვილები ყოფილან... აკი, მარტოხელა სტურუშკები ვართო, მე თქვენი...

"ტეპლავოზამ" ვეღარ მოითმინა, ხო გახსოვს რა გიჟიც იყო, ამათი პიდარასტი დედაცო და დაუშვა...

დაუშვა და მეც დავუშვი.

თავიდან ყურადღება არ მიმიქცევია, აზრზე მოდი, თურმე პრედახრანიტელი ოჩერედზე დამიყენებია. მერე, აკაემი ხო იცი რაცაა... ვუყურებ და გული მტკივა: ეს ჩემი ანტიკვარული აკარდეონი საცერად არ ვაქციე? მოკლედ, იმან ქალი გააგორა, მე კიდევ ესა. გარმონი ავაგლიჯე და გარეთ გამოვედი...

ორი-სამი დღის შემდეგ "ტეპლავოზამ" სახლში გამომიარა. ნაცნობ ანტიკვარშიკს უნდა ავადგეთ.

ებრაელი ყოფილა, ვიღაც ბებერი შეცვეთილი. "ტეპლავოზასთვის" უთქვამს, ანტიკვარული აკარდეონი მიშოვე და მაყუთის გადამხდელი ვარო. თურმე, მასეთ რაღაცეებში: სკრიპკებში, ზურნებში და სხვა ბარახლოში დიდ ფულს იხდის. რომ მივედით, გამომართვა იმ ცხონებულმა (რა ტიპი იყო ხო გახსოვს...) ყუთი (ყუთში გვიგდია რა ეს ჩვენი ტავარი) და მეუბნება: შენ აქ დამიცადე, მე ავალ, დავებაზრები და მერე დაგიძახებო. ძმა იყო, ათასი წელი მაგას არ ვენდობოდი?! მოკლედ, ამოიჩარა იღლიაში ეს ჩვენი ანტიკვარული აკარდეონი თუ გარმონი და შევარდა პადიეზდში. ახლა, მე მგონია, რომ დიდი ხანი შერჩება ებრაელთან. ვფიქრობ, სანამ ის ბებერი ახვარი შეაფასებს, ამას იზამს, იმას იზამს, მემო.ნავს ეს ნახვრეტები რატომ აქვსო, მერე ფასზე წავა ჭიდაობა და ეგეთი რაღაცეები...

მოკლედ, კედელს მივეყუდე, პალტოს საყელო ავიწიე, სიგარეტიც გავაჩაღე და ველოდები. ორი ნაფასი არ მაქვს დარტყმული და პადიეზდიდან ეს ჩემისა "ტეპლავოზა" არ გამოდის? ჩვენს ტრაფეინი ინსტრუმენტს ასვალტზე პივის ცარიელი იაშიკივით აგდებს, ზედ ჯდება და სიცილით კვდება, თან ხველება ახრჩობს. ვიფიქრე, იმ ბებერმა ოღრაშმა პლანი ხომ არ მოაწევინა-მეთქი, მაგრამ არ გავს დაბოლილს, არადა იცინის, იცინის იმის დედა ვატირე. ნელ-ნელა მეც ვიქოქები, ყუთზე ვუჯდები და ერთად გახევამდე ვიცინით, თან ვეკითხები, რა გაცინებს, გამო.ლევდი შე ჩემა-მეთქი? ის კიდევ ხელისგულებს მთელი ძალით მუხლებზე იტყაპუნებს, თავს გიჟივით აქნევს და ძლივს გასაგონად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ამ"აუ, აუ, აღარ შემიძლია ჩემი, ჰა, ჰა, ჰა... თურმე, თურმე, შემშლია ჩემი დედა... ვააჰ, უუუ, აააკარდეკი არ ჰქონია ფასი, აუ, აუ, აუ, ამ ჩემისამ მითხრა, აკარდეონი ვის რად უნდა, თანაც "კრასნი აკტიაბრში" გაკეთებულიო... აკარდეონი კი არა, მე არღანი გითხარიო, გაიგე?..

ჰა, ჰა, ჰა, ჩემი დედა, აკარდეონი და არღანი ერთმანეთში ამერია... რას გაუგებ ამ მუზიკანტებსა და ებრაელებს მე მაგათი..."

მაინც რა იყო, ალბათ, ეგრე გულიანად მას მერე აღარ მიცინია. მერე ეგ ცხონებული "ტეპლავოზაც" გააკოტრიალეს აფ-ში, ხსოვნა იყოს, მაგის სულს ვენაცვალე... სადღა ნახავ ახლა კაი ბიჭებს, გაბოზდა ქვეყანა...

* * *

ვიღაც მანჯღრევს. თავს ვწევ და დაუმთავრებელი გარაჟიდან ვარსკვლავებიან ცას ვხედავ. მერე უაზროდ აქეთ-იქით ვიყურები. ჩვენი მაგიდის კიდე წითლადაა შეღებილი, ქვემოთაც ქვიშას აქა-იქ მუქი ლაქები ამჩნევია.

– რა ხდება? – ვკითხულობ.

– არაფერი...

 

– მპასუხობს დ-ძე, – ამათი მალალიტრაჟკა ამბავი ხომ იცი, დათვრნენ და დასცხეს ერთმანეთს...

– დაცხეს?

– ხო რა, იოსებამ ბესიკას ლამფა ესროლა, იმ ჩემისამ კი სალიარკით სავსე ლეიკა გლიჯა თავში... მაგათი სისხლებია რა...

– რატომ? – სლოკინით ვკითხულობ.

– აბა, რა ვი, ხო იცი რა იაზვა ვინმეები არიან, სიტყვას არ შეარჩენენ ერთმანეთს, არც ახალი წელი იციან, არც აღდგომა...

– აბა, აბა, ეგენი ვინა ყოფილან...

– მაიცა, შენ რა გრუსტნი დაიჭირე... შენ რა გგონია, მაგათ ჩავაშხამებინებ აღდგომის პლაზდნიკს?! ახლა იცი რას გეტყვი, ეგ კვერცხები აკრიფე, ერთ-ორ პასკას ბაბუშკაც გამოაცხობდა და დავაი, ჩემთან ავლაგდეთ...

ფეხები ძლივს გავმართე. გარაჟიდან ბარბაცით გამოვედით. ღამის ორი-სამი საათი იქნება.

– ეეე, სასმელი რო არა გვაქვს?! – გამახსენდა მე.

– აუ, საღოლ, კინაღამ არ დაგვავიწყდა?.. მაიტა, მანდ სადღაც ორლიტრიანი ბანკა უნდა ეგდოს. მეზობლები გვიცოცხლოს ღმერთმა...

 

* * *

დანარჩენი ყველაფერი ისე იყო, როგორც საოლქო პროკურორმა მოჰყვა.

 

გვერდის მისამართი : ბიბლიოთეკა / პროზა / ქარდავა დათო / უდანაშაულობის პრეზუმფცია ანუ საოლქო პროკურორი სიტყვაძუნწი კაცია